ნიკოლო მაკიაველი მისი თანამედროვეობის ანტიისტორიული ტენდენციის შესახებ

„მე არ შემიძლია არ მიკვირდეს და არ ვწუხდე, როდესაც ვხედავ, რა დიდი პატივისცემით სარგებლობს წარსული და რაოდენ ხშირად (ბევრ სხვა მაგალითზე რომ აღარა ვთქვა რა) მამასისხლად იძენენ ძველ ქანდაკებათა ნამსხვრევებს, რათა გული იჯერონ მათი ფლობით, სახლები შეიმკონ და მათი მიბაძვის საშუალება მისცენ ხელოვანთ, რომელნიც თავდაუზოგავად ცდილობენ თავიანთ ქმნილებებში გამოიყენონ ისინი, ხოლო, მეორე მხრივ, როცა ვრწმუნდები, რომ დიადი საგმირო საქმენი, ჩადენილნი, როგორც გვიმოწმებს ისტორია, ძველი სახელმწიფოებისა და რესპუბლიკების მეფეების, ბელადების, მოქალაქეების, კანონმდებლებისა და სამშობლოსათვის თავდადებულ სხვა პირთა მიერ, – უმალ განცვიფრებას იწვევენ, ვიდრე მიბაძვის სურვილს; მეტიც, ყველა გაურბის და თავს არიდებს მათ, ვინაიდან ძველი სიქველის ნიშანწყალიც აღარსად დარჩა. 

ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ მოქალაქეთა შორის ატეხილი დავიდარაბისა თუ ცილობის, ისევე როგორც ავადმყოფობის დროს, ყველა მიმართავს წინაპართა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა თუ სამკურნალო საშუალებებს, ხოლო რაც შეეხება რესპუბლიკების წყობილებას, სახელმწიფოს მართვასა თუ მისი თვითმყოფობის შენარჩუნებას, ლაშქრის წვრთნასა თუ საომარ ხელოვნებას, ქვეშევრდომთა განკითხვას თუ გასამართლებას და სახელმწიფო ძალაუფლების განმტკიცების სხვადასხვა საშუალებას – არ არსებობს არც სამთავრო, არც რესპუბლიკა, არც წინამძღოლი, არც მოქალაქე, რაიმე ანგარიშს რომ უწევდეს წინაპართა მაგალითს.

ჩემი აზრით, ამის მიზეზია არა იმდენად საყოველთაო სიძაბუნე, გამოწვეული აღზრდის ახლანდელი სისტემით, ანდა ის ზიანი, რაც პატივმოყვარულმა მცონარებამ მიაყენა არაერთ ქრისტიანულ სახელმწიფოსა თუ ქალაქს, რამდენადაც ის, რომ დაიკარგა ისტორიის ჭეშმარიტი გაგება და აღარავის შესწევს იმის უნარი, რომ მისი კითხვისას გაიცნობიეროს ისტორიული მოვლენების აზრი და სული. ამის გამოა, რომ მკითხველთა უმრავლესობას სიამოვნებას ანიჭებს მხოლოდ იმ შემთხვევების მრავალფეროვნება, რომლებზედაც მოგვითხრობს ისტორია და არავინ არ ფიქრობს მიბაძოს მათ, ვინაიდან მიბაძვას არა მარტო ძნელ საქმედ, არამედ, საერთოდ, შეუძლებლად თვლიან, თითქოს მთლიანად შეცვლილიყოს ადამიანების, ცის, მზისა თუ სტიქიონების მოძრაობა, ბუნება და ძალმოსილება, თითქოს ისინი სულ სხვაგვარნი გამხდარიყვნენ“.

ნიკოლო მაკიაველი -„მსჯელობანი“, წ. I, შესავალი.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში