ირაკლი ჩარკვიანი - ძველი სათამაშოები

„დარიკო ვარ, გლეხის ქალი!“ - ჩაიღიღინა დიდედას დანახვაზე მეეზოვე ბაღდასარამ. მონაყოლიდან ვიცოდი, რომ ერთ თოვლიან დღეს (ამ სიტყვებით იწყებდა დიდედა ყველა ამბის თხრობას), დედაჩემს რძე გაუშრა და მას შემდეგ ბაღდასარას ცოლი მაწოვებდა ძუძუს. სწორედ იმ მსუქანი, მარადმწუხარე ქალის სახე წარმომედგინა, როცა დედაზე ვფიქრობდი.

კარგა ხანი იყო გასული, რაც ჩემი მშობლები ალჟირში მუშაობდნენ. ოროთახიან ბინაში კი, რომელიც საბურთალოს რაიონში მივიღეთ, მე, დიდედა და ძაღლი ვცხოვრობდით. პაწაწკინტელა შავი ლეკვი თვისაც არ იქნებოდა, როცა მადლენ მორეტიმ მოგვიყვანა. „მანი, შენ დღეიდან აქ იცხოვრებ!“ ჩასჩურჩულა წითელ ნაჭერში გახვეულ, ტაქსას ჯიშის ნახევრადმძინარე ლეკვს მადლენამ. „დარიკო ვარ, გლეხის ქალი! ნუთუ დიდედაც გლეხია?“, ვფიქრობდი, როცა ეზოდან გავედით. გლეხები ხომ ის ქალები იყვნენ, ვისაც ტრაქტორები დაყავდათ და ტელევიზიით გამოდიოდნენ. რაც მთავარია, მედლები ეკიდათ, დიდედას კი არც ერთი მედალი არ ჰქონდა. ის არც გლეხის ქალს ჰგავდა და არც მეზობელ ბებიებს. მათ შორის ყველაზე მაღალი იყო, გლეხებისაგან განსხვავებით ტრაქტორი არ ჰქონდა და ტელევიზიითაც არ გამოჰყავდათ. „ჩვენ ხომ თავადები ვართ?“ - შევეკითხე, როცა მანქანებით გადაჭედილ ქუჩას მივუახლოვდით. „მერე რა!“ - მიპასუხა მისთვის ჩვეული, დაბნეული გამომეტყველებით. „რა იცი, იქნებ ბაღდასარაც თავადია თავის ქვეყანაში!“ - მომიგო ხმამაღლა და შუქნიშანთან შეჩერდა. არც ერთმა არ ვიცოდით წითელზე უნდა გადაგვეჭრა ქუჩა თუ მწვანეზე.

ოცდათერთმეტ დეკემბერს ძველმანებში გახვეულ ნაძვის ხეს საკუჭნაოდან გამოვათრევდით, ოთახის კუთხეში მაგიდაზე დავდგამდით და დღის განმავლობაში ნაირფერი სათამაშოებით ვრთავდით. ყოველი ახალი წლის დამდეგს დიდედა „ნაძვისხეობანას“ მიხდიდა. თვითონ პატიჟებდა ეზოელ ბავშვებს, რადგან მე მეტისმეტად მორცხვი ვიყავი. საკუთარ დაბადების დღეს მერჩივნა საახალწლო „ნაძვისხეობანა“. მადლენა ფორტეპიანოზე უკრავდა, დიდედა კი თოვლის ბაბუას ანსახიერებდა. ვიღაც მსახიობის მიერ ნაჩუქარ წვერს მიიმაგრებდა, თეთრ მოსასხამს მოიხურავდა და საახალწლო საჩუქრებს გვირიგებდა ხოლმე. როცა მადლენას საყვარელ იტალიურ სიმღერას ფორტეპიანოს თანხლებით ვასრულებდი, დიდედა შუშხუნებს ანთებდა. „ახალი წელი მოვიდა!“ - იტყოდა ხოლმე მხიარულად. იდუმალების გრძნობა მეუფლებოდა, როცა დიდედა ლათინური ასოებით მოხატულ ძველისძველ ყუთს ოქროსფერ ძაფებს შეხსნიდა და ნაძვის ხის ნაირფერი სათამაშოების ამოლაგებას იწყებდა საწოლზე. ფრთხილად ამოჰქონდა წვიმის ბრჭყვიალა ნაწნავები და ყუთში ნადები, გაყვითლებული ბამბა. დიდხანს ვასწორებდით ხოლმე ჩვენი პატარა ნაძვის ხის გაჯიუტებულ, ერთიმეორეს ჩაჭიდებულ ტოტებს.

იმ დღესაც ნაძვის ხის სათამაშოების ამოლაგებას ვაპირებდით და ლათინური ასოებით მოხატული ყუთი კარადიდან საწოლზე ჩამოვდგით. როცა დიდედამ ოქროსფერი ძაფები შეხსნა, მოულოდნელად საწოლზე ძაღლი ამოხტა. ეტყობა იეჭვიანა, რადგან ბებიაჩემი საოცარი გულმოდგინებით, თითქოს ეფერებაო, ისე წმენდდა კარადიდან გადმოღებულ, დამტვერილ ყუთს. ჩვენმა ეჭვიანმა ძაღლმა ყუთი გადმოაყირავა და სათამაშოები იატაკზე მოფანტა. „ჩემი საყვარელი ფრანგული სათამაშოები!“ - წარმოთქვა დიდედამ ენისბორძიკით და მეგონა, ატირდებოდა. ნაძვის ხის სათამაშოებთან დაჩოქილი, თვალს ვერ აშორებდა წვიმის ვერცხლისფერ ნაწნავებში გაბლანდულ ნაირფერ ნამსხვრევებს. „აღარც ესენი!“, - თქვა თვალცრემლიანმა და ძაღლს გახედა, რომელიც მაგიდის ქვეშ დაიმალა. გრძნობდა, რომ რაღაც გამოუსწორებელი ჩაიდინა და დიდედას ყოველ მოძრაობას მაგიდის ქვეშიდან ადევნებდა თვალს. გარდა იმისა, რომ ჩვენი ტაქსა ვერაფრის დიდებით ვერ მივაჩვიეთ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების ეზოში დაკმაყოფილებას, ის თან ძალზედ ავი გამოდგა და განურჩევლად კბენდა ყველას. დიდედას ბევრ ხანდაზმულ ნაცნობსაც უკბინა, მათ შორის მადლენ მორეტის, რომელიც ამბობდა: „თქვენი გაგიჟებულია, მე ჯიშიანი და ანგელოზივით მშვიდი ლეკვი მოგიყვანეთო“. „პენსიას ხუთში ავიღებ, მანამდე ნაძვის ხის სათამაშოები ხომ უნდა ვიყიდოთ?“ - მითხრა და ტელეფონთან მივიდა. ხმა არ გამიცია და ყურები თითებით დავიცე, როცა ვიღაცას დაურეკა. ძალიან საბრალო გამომეტყველება ჰქონდა, ფულს რომ სესხულობდა და მისი მავედრებელი ხმის გაგონება არ მსიამოვნებდა. ეტყობოდა, ფულის სესხებაზე უარი უთხრეს და დანაღვლიანებულმა წითელი ჩანთიდან ამოღებული თეთრი პარიკი თავზე ჩამოიცვა, წვერ-ულვაში მოირგო. შიშისაგან გამაჟრჟოლა, დიდედა მოხუც კაცს დაემსგავსა.

ნათლიაშვილები სოლოლაკში ცხოვრობდნენ. იქ, სადაც დიდედა დაიბადა და მთელი ბავშვობა გაეტარებინა. როცა სახლიდან გავედით, საკუთარ თავზე განაწყენებულ მანის მაგიდის ქვეშიდან არც კი გამოუხედავს. შუქნიშნის ფერი, როგორც ყოველთვის, აგვერია და ძლივს გადავჭერით მანქანებით სავსე ქუჩა. „მოიცა, მოიცა!“ - ჩაილაპარაკა დიდედამ და ხელჩანთაში ქექვა დაიწყო. „რაღაც დამრჩა, დამრჩა!“ - გაიძახოდა ხმამაღლა და მხოლოდ ორიოდე წუთის შემდეგ მოაგონდა, რომ თბლი წინდების ჩაცმა დავიწყებოდა. „უკან დაბრუნება ცუდის მომასწავებელია!“ - მითხრა დაბნეულმა. დღემდე თვალწინ მიდგას და ადამიანებისადმი სიყვარულით მასაზრდოებს მისი ნათელი და მხიარული სახე.

ტროლეიბუსში ბერეტიანი კაცი მოგვესალმა და დიდედას გვერდით ჩამოჯდა. ისინი მთელი გზის მანძილზე ლაპარაკობდნენ, მე კი ჩვენ დანაღვლიანებულ ძაღლზე ვფიქრობდი და მოხუცი კაცის ცრემლიან თვალებს ვაკვირდებოდი. კაცს დიდედასავით ყავისფრად ჰქონდა შეღებილი წარბები და თმა. მისი სწორი ცხვირი ორ უშველებელ სათვალეს იტევდა. როცა ტროლეიბუსი გაჩერდა, მოხუცი ფეხზე წამოდგა და მისი თვალიდან დაგორებული ცრემლი სათვალის შუშას დაეკიდა. ტროლეიბუსიდან ერთად ჩავედით და მოხუცმა დიდედას ხელკავი გამოსდო. კაცი ხმამაღლა ლაპარაკობდა, პურის მაღაზიასთან კი ხელები გაშალა და თავის ქიცინით გამოგვეთხოვა. „ორევუარ, სანდრო!“ - მიაძახა დიდედამ. „ვინ იყო?“ - შევეკითხე, როცა კუთხეს გავცდით და აღმართს ავუყევით. „გამოჩენილი სანდრო ამბოკელია! ფრანგი ცოლი შეირთო და პარიზში ცხოვრობდა. ჯერ მსახიობობა უნდოდა, მერე ტაპიორად მუშაობდა. იცი ვინ იყვნენ ტაპიორები? ვინც მუნჯური ფილმების დროს პიანინოზე უკრავდნენ. ფრანგმა ცოლმა მალე მიატოვა და საბრალო სანდრო უკაპიკოდ დარჩა მისთვის უცხო ქალაქში. ბოლოს ვირთხებთან სარდაფებში ეძინა თურმე. ომის შემდეგ პატიება ითხოვა და თბილისში დააბრუნეს, მერე აქაურობით არ იყო კმაყოფილი. დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი!“, - წარმოთქვა დიდედამ და სადარბაზოს ხის კარს მიყუდებულმა ამოიხვნეშა.

სიარულით დაღლილიყო და კარს მიყუდებულს იქნებ ის დრო აგონდებოდა, როცა პარიზიდან ახლადჩამოსული სანდრო პოპულარულ პიროვნებად ითვლებოდა. მადლენ მორეტისთანაც ხშირად დადიოდა სტუმრად. ლამაზმანი სანდრო აღფრთოვანებით იგონებდა პარიზის ქუჩებს, დეტალურად აღწერდა ყველაფერს, რაც იქაურ კაბარეებში შემთხვეოდა. ყველამ იცოდა, რომ უმოწყალოდ ტყუოდა, რომ არც დიდი რეჟისორები პატიჟებდნენ რესტორან „მაქსიმში“ და არც ფრანგი კინომსახიობი ქალები იკლავდნენ მის გამო თავს, მაგრამ მაინც სიამოვნებით უსმენდნენ მარტოდმარტო დარჩენილი კაცის გაფრანგულებულ სიტყვებს. სანდროს მსმენელების უმრავლესობა ქალები იყვნენ, ამიტომ მურაბიანი კოვზების წკარუნით, ირონიული ღიმილით ეთანხმებოდნენ თავიანთ „ჟიგოლოს“. სანდრომ თვითონ შეირქვა ეს მეტსახელი.

არ ვიცი, იგონებდა თუ არა „იმ დროს“ დიდედა. შეიძლება, აღარც კი ახსოვდა ის ბედნიერი დღეები, ან უბრალოდ არაფერზე არ ფიქრობდა იმ წუთას. სახელოზე დავეკიდე.


- წარბები შეღებილი ჰქონდა? - გამიღიმა, - ის ახალგაზრდობაში სილამაზით გამოირჩეოდა, ამიტომ დღემდე ასე უფრთხილდება და წარბებს იღებავს, რა არის ამაში ცუდი?

- ბაბუაც ხომ ლამაზი იყო, იღებავდა წარბებს?

- ბაბუა ახალგაზრდა დაიღუპა! - მითხრა დიდედამ და სადარბაზოს მოშორდა, რომლის კარზე ცხვირჩამოტეხილი ლომის ქვეშ, ვიღაცას ამოეკაწრა: „ყველა ცირკში მივდივართ, სულ ყველა!“

- „მადლენას ვესესხებოდი, მაგრამ ათში აქვს პენსია!“ - იმართლებდა თავს ბებიაჩემი, როცა აღმართი კიბით შეიცვალა, - ერთი-ორი მეგობარიღა შემომრჩა, თორემ მინასთან არაფრის დიდებით არ მივიდოდი ფულის სასესხებლად. შენ გაირბინ-გამოირბინე, ცოტა ხნით ჩამოვჯდები, თორემ გული! - მითხრა და ხელი მკერდზე მიიდო.

„გული სტკივა!“ - გამიელვა თავში. ჩემდაუნებურად მოვკარი თვალი შიშველს. მკერდის ნაცვლად უშველებელი ნაწიბური გასდევდა გულის გასწვრივ. „იქნებ გულიც ამოჭრეს იმ საშინელი ოპერაციის დროს?“ - ვფიქრობდი დიდედას შემყურე. ყველაფერი ჩემ დაბადებამდე მოხდა და მეც ვტყუოდი, თითქმის არაფერი არ ვიცოდი ნაჭრისგან შეკერილი, ბამბით დატენილი ბურთების შესახებ, რომლებსაც დიდედა ლეიბის ქვეშ მალავდა.

გრძელი და ლამაზი ფეხები მუხლებში მოეკეცა. ქვის საფეხურზე ჩამომჯდარს ხელები მუხლის თავებზე ეწყო და გაჭაღარავებული თმა, რომელსაც კბილის ჯაგრისით იღებავდა, კისერზე ჩამოშლოდა. ძალიან მიყვარდა მისი იერი, აღორძინების ხანის მხატვრის ტილოს მაგონებდა.

ბოლო დროს ჩემს საყვარელ დიდედას ყველაფერი ავიწყდებოდა იმის გარდა, რომ სახლში მშიერი ძაღლი ელოდებოდა. ძაღლის გამო ყოველდღე გასტრონომში დადიოდა და მანის საყვარელი ძეხვი მოჰქონდა. გაზქურაზე უყურადღებოდ მიტოვებული, გამურული ჩაიდნები, ერთმანეთის მიყოლებით, ფანჯრის რაფაზე ეწყო, მერე ბაღდასარას ცოლი მოვიდა და ჩაიდნები წაიღო. „რად უნდა გამურული, უვარგისი ჩაიდნები?“ - ვკითხე დიდედას. „ჯართში აბარებს!“ - მიპასუხა დაბნეული სახით. ეტყობოდა ჩემსავით ბუნდოვნად წარმოედგინა, რას ნიშნავდა სიტყვა „ჯართი“.

მას შემდეგ, რაც „ნაძვისხეობანას“ მიხდიდნენ, არც ერთხელ არ უთოვია ახალწლის ღამეს და მხოლოდ ძველი ყუთიდან ამოღებული, გაყვითლებული ბამბა იყო ჩვენი თოვლი. თუკი დიდედა რამეს მიყვებოდა, მარად ასე იწყებდა: „იმ თოვლიან დღეს!“. ცუდი თუ კარგი, ყველაფერი თოვლიან დღეს მომხდარიყო თითქოს. დიდედას თქმისა არ იყოს, იმ დღესაც თოვდა, როცა მადლენამ შავი ლეკვი მოგვიყვანა, მშვენივრად მახსოვს, რომ არც წამოუთოვია, მაგრამ დიდედა ყველას ასე უყვებოდა: „ერთ თოვლიან დილას, შემოდის მადლენა და ბორდოსფერ ნაჭერში გახვეული მანი უჭირავს ხელში. რა პაწაწკინტელა და ღვთაებრივი იყო ეს ვამპირი მაშინ“.

ახალ წლამდე ჯერ კიდევ ადრე იყო და დიდედას ხელჩაკიდებული მივუყვებოდი აღმართს. როგორც იქნა მუხის კარს მივადექით, რომელზეც მოოქროვილი ასოებით ეწერა: „მ. ნათლიაშვილი“. კარი შუახნის ქალმა გაგვიღო. ერთ-ერთი ოთახიდან მაგიდის ლამპის შუქი გამოდიოდა და საბეჭდი მანქანის ჩხაკუნი ისმოდა. „ვინ მოვიდა?“ - იკითხა ლამპით განათებული ოთახიდან კაცმა. „მე ვარ, ანგელინა!“ - წარმოსთქვა დიდედამ და ხელით მანიშნა შემოსასვლელში დავლოდებოდი.

მოსაცდელი ოთახის კედლები სხვადასხვა ზომის ნოხებით იყო მორთული. იმდენი რამე ეკიდა ჩემს გარშემო, რომ თვალები ამიჭრელდა და კედლების ფერიც კი ვერ გავარჩიე. ამასობაში, ოთახის კარი მიიხურა და საუბარი, რომელიც მანამდე მესმოდა, სიჩუმედ იქცა. მოუვლელმა, თითქოსდა შარდით აყროლებულმა იატაკმა ჩვენი ბრაზიანი ტაქსა მომაგონა. მიხურული კარის იქიდან რამდენიმე წინადადება შემომესმა, მაგრამ ვერც ერთი ვერ დავუკავშირე ერთიმეორეს. კართან ატუზული ვცდილობდი წარმომედგინა, რა ჯიშის ძაღლი ჰყავდა სახლის პატრონს, რადგან შინაური ცხოველის სუნს აშკარად ვგრძნობდი, ის კი არ ჩანდა.

დამტვერილი წიგნებითა და უამრავი საქაღალდეებით სავსე მაგიდის კუთხეში ძველისძველი გამოშვების „ზინგერის“ ფირმის საბეჭდ მანქანასთან თეთრთმიანი მოხუცი იჯდა. ადგილზე გაქვავებული, ორივე ხელით საბეჭდი მანქანის კიდეებს ტყვიამფრქვევივით ჩასჭიდებოდა. ადგილიდან არ დაძრულა, როცა ოთახში დიდედა შევიდა. ქალის დანახვაზე კიდევ უფრო მოეფარა ერთიმეორეზე დაწყობილ წიგნების ბარიკადებს .„მე ვარ, მინა!“ - უთხრა დიდედამ და მისი ხმის გაგონებაზე მოხუცმა თეთრი წარბები აამოძრავა. ორიოდე წუთი ხმისამოუღებლად, ეჭვის თვალით აკვირდებოდა ქალს, როგორც მტრის ჯაშუშს, შიშით და უნდობლობით მიშტერებოდა. „არ მომეკარო!“ - წამოიძახა მოულოდნელად ხრინწიანი ხმით მოხუცმა, რაზეც ქალი დაიბნა და მაგიდისკენ ნაბიჯი გადადგა.

- მე ვარ, მინა, ანგელინა.
- აქ როგორ გაბედე მოსვლა?
- მინა, ანგელინა ვარ, ანგელინა.
- ვიცი ვინცა ხარ, გაეთრიე აქედან!
- დამშვიდდი, ვიღაცაში გეშლები.
- გაეთრიე ჩემი სახლიდან! მკვლელი ხარ!
- რა დაგიშავე? - შენ ამოხადე თინიკოს სული. შენ არ უთენებდი ღამეებს? ტიროდი, ბღაოდი, საჭმელი მიგქონდა საავადმყოფოში, ხომ? და ცოტ-ცოტას თანდათან უყრიდი. უგემური თეთრი ფხვნილია, გეგონა ვერავინ შეიტყობდა? მე ხომ ექიმი ვარ!.. მთელი სიცოცხლე გშურდა მისი. ო, როგორ ელოდი, სანამ ლოგინად ჩავარდნილს ნახავდი. იხელთე დრო, მოწამლე. ის ხომ იცოცხლებდა, შენ რომ არა... ყველაფერი შევიტყვე. მე ხომ ექიმი ვარ!
- ექიმი?
- შე მკვლელო! - წამოიძახა კაცმა და ფეხზე წამოდგომა სცადა.
- მინა, დამშვიდდი. ოცი წელი გავიდა...
- რა მნიშვნელობა აქვს, ხომ უყრიდი საწამლავს საჭმელში, გამოტყდი?
- რა საწამლავს? - აქვითინდა დიდედა.
- ექსპერტიზამ დაადგინა.
- რა?
- რომ შენ მოკალი თინა. ახლაც ჩანთაში გედება ის თეთრი ფხვნილი, თოვლივით ქათქათაა, არა? ჩემს მოსაკლავად მოხვედი, შე კახპა! ვიცი, გამოძიებას გზაკვალი რომ აუბნიო. მომეცი ჩანთა! - დაიღრიალა კაცმა და ფეხზე წამოდგა.
- დამშვიდდი, დამშვიდდი, მინა! - ევედრებოდა შეშინებული ქალი გონაშლილ მოხუცს და როგორც იქნა კარის სახელურს მისწვდა.

„მკვლელო, მკვლელო“, ღრიალებდა მინა და დიდედას ყავარჯენს უქნევდა... ყვირილზე ოთახში შევვარდი, თვალდახუჭული დავეკიდე კაცის ხელს და მთელი ძალით მოვუჭირე კბილები მის გაძვალტყავებულ მაჯას. ჯერ ხმამაღლა, მერე ყრუდ ჩამესმოდა ღრიალი.

თვალსისხლიანი, თმააწეწილი თოვლის ბაბუა მელანდებოდა, სანამ გონს მოვიდოდი. როცა თვალები გავახილე, ლამაზად მორთული ნაძვის ხე და მადლენ მორეტის სანდომიანი, ნაოჭებში ჩაფლული ღიმილი დავინახე.

„დიდედა!“ - წამოვიძახე საბოლოოდ გონს მოსულმა. „ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არის.

 დიდედას შეეშინდა, ძალიან შეეშინდა და საავადმყოფოში დააწვინეს. მალე მორჩება, აი, ნახავ!“ - მითხრა მადლენამ, მე კი თეთრთმიანი ნათლიაშვილი მომაგონდა, რომელიც სრულებით არ ჰგავდა ჩვენს პარიკჩამოცმულ კეთილ თოვლის ბაბუას.

„დიდედასთან წავიდეთ!“ - ვთხოვე მადლენას, რომელმაც ნაძვის ხეს შემოხვეული ელექტრონათურები ჩართო და გვერდით ჩამომიჯდა. „თუ საავადმყოფოში შეგვიშვეს, ახალ წელს დიდედასთან ერთად შევხვდებით!“ - მითხრა აკანკალებული ხმით და საახალწლო მაგიდიდან გოზინაყი მომაწოდა.

ყოველთვის უგემურ და ქვასავით მაგარ გოზინაყს აკეთებდა. დიდედას თქმისა არ იყოს, მადლენას მხოლოდ გვარი ჰქონდა იტალიური, სინამდვილეში კი ერთი სოლოლაკელი გოგონა იყო.

„დიდედასთან მინდა!“ - შევევედრე ატირებული, როცა ქალმა თავისი ახალგაზრდობის, ნაძვის ხეების, კარნავალების მოგონებების მოყოლა დაიწყო. „ჯერ ადრეა. თერთმეტისთვის. გეფიცები, ერთად შევხვდებით ახალ წელს, ყველაფერს წამოვიღებ!“ შამპანურის ბოთლზეც კი მანიშნა, რომელიც მისი საახალწლო მაგიდის შუაგულში იდგა.

„შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ და მინდა რაღაც გთხოვო. ნურავის გაანდობ, რაც მოხდა. დედასაც და მამასაც კი. რა საჭიროა ვინმემ იცოდეს გიჟი მინას შესახებ.

ის ხომ ხალისიანი და კარგი მეგობარი იყო. თუ შეგეკითხებიან, უპასუხე, რომ შენ და ბებია ყინულზე დაეცით, მეტი არაფერი არ მომხდარა, ხომ გესმის? მე ხომ მანი გაჩუქე, ხომ გიყვარს დიდედა?“ - შემეკითხა თვალცრემლიანი მადლენა და გულში ჩამეკრო.

„ზოგი ვერ იტანს სიბერეს, ჩვენ ხომ ძალიან მოხუცები ვართ!“ - სლუკუნებდა ქალი და მექანიკურად გოზინაყს მაწვდიდა. „მალე აღარ ვიქნებით და ვის რაში დასჭირდება იმის ცოდნა, რომ მინა სიბერეში გაგიჟდა, სანდრომ წარბების ღებვა დაიწყო, თუმცა ვის მოვაგონდებით, სისულელეა რაც დარჩება, დამსხვრეული სათამაშოები?! რომლებსაც დღე და ღამ ათოვს, ათოვს უთავბოლოდ, განუწყვეტლივ“. - ატირდა მადლენა და ცრემლები ცხვირსახოცით შეიშრო...

ჩართული ტელევიზორიდან დიქტორის ხალისიანი ხმა ისმოდა, საახალწლო ინტერვიუებს იღებდა გამოჩენილი პიროვნებებისაგან. ყველა ერთხმად გაიძახოდა, რომ ახალი წელი მეტ ბედნიერებას მოუტანდა ადამიანებს. თერთმეტის ნახევარზე მადლენამ თავისი გაქუცული ქურქი ჩაიცვა, გამჭვირვალე პარკში რამდენიმე ნამცხვარი და გოზინაყი ჩააწყო. შამპანურის წამოღება დაავიწყდა, დიდედასავით გულმავიწყო იყო. ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, გამოხედვითაც კი. მადლენაც თვალებით სადღაც სივრცეში ეძებდა ხოლმე პასუხს დასმულ კითხვაზე. ვერცხლისფერი შუქით განათებულ გრძელ დერეფანში წამლების სუნი იდგა.

საავადმყოფო პალატაში დიდედას გარდა ორი ქალი იწვა და მომეჩვენა, ორთავენი ბაღდასარას ცოლს ჩამოჰგავდნენ. მადლენამ ნამცხვრები და გოზინაყი გაუწოდა ფსიქიურად დაავადებულ ქალებს“, როგორც მერე ხუმრობდა მამა...

დიდედა გაუნძრევლად იწვა. სადღაც გამქრალიყო მისი გამოხედვისათვის დამახასიათებელი მხიარულება. ჭერს შესცქეროდა. ძლივს გამიღიმა და ცივი ხელით შემეხო.

- „ახალი წელი, ოც წუთში ახალი წელია!“ - გაისმა დერეფნიდან მედდების შეძახილები.

დიდედა ჩუმად იწვა.

„დღეს მაინც მოვა თოვლი!“ - წარმოთქვა ძლივსგასაგონი ხმით.

როცა დედაჩემი და მამაჩემი ალჟირიდან ჩამოვიდნენ, დიდედა საავადმყოფოდან გამოწერეს.

მამა მხოლოდ ერთი თვე იყო ჩვენთან. დედა კი სამუდამოდ თბილისში დარჩა და უკვე მას გადავყავდი მანქანებით გადატვირთულ ქუჩაზე. მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოწერეს, დიდედა თმას აღარ იღებავდა და, როგორც „ნაძვისხეობანებზე“, თითქოს თეთრ პარიკჩამოცმული დადიოდა. მადლენ მორეტი დედაჩემის ჩამოსვლის შემდეგ რატომღაც აღარ მოდიოდა სტუმრად. ძაღლი, ოთახიდან ოთახში მოწყენილი დააბიჯებდა და ის ძეხვიც აღარ ახარებდა, რომელსაც უკვე დედაჩემი ყიდულობდა მახლობელ გასტრონომში.

საავადმყოფოს შემდეგ დიდედა სახლიდან იშვიათად გამოდიოდა და ისიც მხოლოდ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში, საიდანაც ცოცხებს ეზიდებოდა. ერთი წლის განმავლობაში მისი ოთახი სხვადასხვანაირი ცოცხებით აივსო. დედა ყველას უყვებოდა, რომ დიდედა საათობით იკეტებოდა ოთახში, დღეში ათჯერ ჰგვიდა იატაკს და პატარა აივანს, რომელიც მანქანებით გადატვირთულ ქუჩას გადაჰყურებს. ერთხელ დიდედამ მთელი სერიოზულობით მოგვიყვა, რომ ტროლეიბუსში ვიღაც სოლიდური შესახედაობის კაცმა საწამლავი, თეთრი ფხვნილი დააყარა კალთაზე. დედაჩემი დიდხანს იცინოდა. მას შემდეგ ყველას ეჭვის თვალით უყურებდა დიდედა. თავის საყვარელ შავ ტაქსასაც კი, თითქოს პატარა მანი სხვებთან ერთად საყოველთაო შეთქმულების მონაწილედ ქცეულიყო. აღარავის ენდობოდა. მხოლოდ მე მიშვებდა, რატომღაც თავის ოთახში. მის მარად მომღიმარ თვალებში ეჭვმა და შიშმა დაისადგურა. სიცივეს და უნდობლობას ასხივებდა მისი სახე.

მადლენას ნდობაც კი დაკარგა. „იმათ მხარეზეა!“ - მითხრა ყურში, როცა თავისი ცოცხებით სავსე ოთახში შემიპატიჟა, „მხოლოდ შენ გეუბნები, მოწამვლას მიპირებენ!“ - წარმოსთქვა ჩურჩულით და ხელით მანიშნა, კარი დაკეტილია, ვერავინ მოგვისმენსო. „ხომ ხედავ, დღე არ გავა, ის თოვლის ფიფქივით ფაფუკი საწამლავი აივანზე არ ჩამომიყარონ!“ - მეუბნებოდა აკანკალებული ხმით. არასოდეს დამავიწყდება მისი ეჭვისაგან ნაწამები, გაფითრებული სახე, როცა ცოცხით ხელში აივანზე გასასვლელ კარს მიუახლოვდა და უჩინარი საწამლავის გამოგვას შეუდგა. „ვინ რას გვერჩის, დიდედ, ნუ გეშინია, კიდევ თხუთმეტი დღე და ახალი წელი მოვა, სტუმრებს, მადლენას დავპატიჟებთ!“ „არ მიხსენო მადლენა!“ - მომიგო უეცარი ზიზღით და გამოგვა განაგრძო. მისი ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, როცა ცოცხი კედელს მიაყუდა, მომიახლოვდა და აღელვებულმა ჩამჩურჩულა: „მთავარია იმდენი არ ჩამიყარონ ის თეთრი ფხვნილი, რომ გახვეტა ვერ შევძლო, გესმის?..“ მისმა სიტყვებმა ცოტა ხნით დამაფიქრა და თოვლით დაფარული თბილისის ქუჩები, ბაღები, სახურავები წარმოვიდგინე.

ოცდათერთმეტ დეკემბერს მე და დედამ ნაძვის ხის სათამაშოების ამოლაგება დავიწყეთ. ძველმანებში შეფუთული ნაძვის ხე საკუჭნაოდან გამოვათრიეთ და მაგიდაზე დავდგით. „დიდედას მოეწონება, არა?“ - ვკითხე დედას, როცა ალჟირიდან ჩამოტანილი ნაირფერადი სათამაშოები ერთიმეორეს მიყოლებით ამომქონდა ყუთიდან. დედამ პასუხად მხოლოდ გამიღიმა და ნაძვის ხის წვერზე ოქროსფერი ვარსკვლავი დაამაგრა... შვიდ საათზე ყველაფერი მზად იყო, დიდედას ოთახიდან კი ჩამიჩუმიც არ ისმოდა. „ალბათ ჩაეძინა!“ - მითხრა დედამ. „იქნებ აღარ ახსოვს, რომ დღეს ოცდათერთმეტია?“ - ვფიქრობდი, როცა ალჟირიდან ჩამოტანილ თეთრ რეიტუზს ვიცვამდი.

დედამ მთხოვა, თერთმეტისთვის შინ დავბრუნებულიყავი. უნდოდა ერთად შევხვედროდით ახალ წელს. ვიცოდი, რომ ჩვეული სტუმრები არ გვეყოლებოდა, რადგან დედას არც მადლენ მორეტი უყვარდა და, ალბათ, ის იტალიური სიმღერაც არ მოეწონებოდა მადლენას აკომპანემენტის თანხლებით რომ ვასრულებდი. მეზობელს, ვისთანაც „ნაძვისხეობანაზე“ ვიყავი დაპატიჟებული, ოთარიკო ერქვა და მოპირდაპირე, ახალ სახლში ცხოვრობდა.

იმ დღეს პირველად ვნახე იმხელა ნაძვის ხე. უამრავი სათამაშოებით, წვიმის ვერცხლისფერი მძივებით, ქათქათა ბამბისგან დაწნული ფიფქებით მორთული. უშველებელი, ცოცხალი ნაძვი, ეტყობოდა, რომელიღაც ტყიდან საბარგო მანქანით მოეზიდათ პატარა ოთარიკოსთვის. წარმოვიდგინე, რამდენი ყუთი სათმაშო დასჭირდებოდა იმხელა ნაძვის მორთვას, მერე ნაცნობი და უცნობი ბავშვების რაოდენობამ გამაოცა, რადგან ჩემთან ოთხ-ხუთ სტუმარზე მეტი არასოდეს მოდიოდა და, ალბათ, ისინიც ვიწროდ გრძნობდნენ თავს.

უშველებელ დარბაზში, სადაც ოთარიკოს „ნაძვისხეობანას“ უხდიდნენ, უკლებლივ ყველა, საკარნავალო თეატრებიდან გამოტანილ კოსტუმებში გამოწყობილიყო. მხოლოდ მე მეცვა თეთრი რეიტუზები და თავს ყველასგან გამორჩეულად ვგრძნობდი. იმ დღეს პირველად ვნახე იმხელა ბინა. ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთი ოთახები არსებობდა... ნაძვის ხის გარშემო ორმეტრიანი თოვლის ბაბუა დააბიჯებდა, რომელმაც ბანჯგვლიანი ხელით გამჭვირვალე პარკში ჩალაგებული კანფეტები და ორი მანდარინი გამომიწოდა. კარნავალი დაიწყო და მეც ბავშვებს ხელჩაკიდებულმა ნაძვისხის გარშემო წრე შემოვუარე. ოთარიკოს მამა მთელი საღამოს განმავლობაში ერთ-ერთ ფანჯარასთან იდგა და მაძღარი ღიმილით აკვირდებოდა საერთო მხიარულებას. მხოლოდ ერთხელ ასწია ხელი. „ახლა ოთარიკომ დაუკრას!“ - გამოაცხადა ხმამაღლა და ტაში შემოჰკრა. სიჩუმე ჩამოვარდა. დარცხვენილი, ლოყებღაჟღაჟა ბიჭუნა ოთახის შუაგულში გამოიყვანეს და ხელში ვიოლინო მისცეს. მსუქანი ბიჭუნა ძალიან ჰგავდა მამას. საკარნავალო მუშკეტერის სამოსი აშკარად უჭერდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, ის კი არ იმჩნევდა და თავაზიანად უღიმოდა წრედ შემოკრებილ მსმენელებს. ბიჭის ვიოლინო ორიოდ წუთი სდუმდა და მოულოდნელად, ჩუმად აჟღერდა. საოცრად ნაზი, ნაღვლიანი მელოდიით აივსო ოთახი. ბიჭის მამა, ეტყობოდა კმაყოფილი არ იყო შვილის დაკვრით და ცდილობდა ენიშნებინა, რომ მის საამაყო, მუსიკის ნიჭით დაჯილდოებულ ვაჟიშვილს რაიმე სხვა, უფრო მხიარული შეესრულებინა, მაგრამ ოთარიკო ყურადღებას აღარავის აქცევდა. მისი ნაღვლიანი მელოდია ერთმანეთში გადაუბმელ ხმათა ატონალურ თოვად იქცა, ის მუსიკა აღარ ასახავდა არავითარ ცხოვრებისეულს. პატარა შემსრულებელი მისდაუნებლიედ გაექცა ნაღვლიან თემას, რომელიც მხოლოდ მარადიული მარტოობისაკენ განაწყობდა მსმენელებს. მუშკეტერის ვიწრო ფორმაში ჩაცმულს სული ეხუთებოდა. ქურთუკის რკინის ღილი მუცელში ესობოდა, ტკენდა და იქნებ ტკივილი განაპირობებდა იმ მუსიკის შინაარსს, რომელიც ბავშვისთვის იმ დღემდე უცნობი იყო. ერთმანეთთან შეუსაბამო, მძიმე ბგერები არავის გლოვობდნენ, ისინი მე მომითხრობდნენ რა მომხდარიყო და მასმენინებდნენ იმ სივრცის მუსიკას, რომელშიც მიწიდან წასულთა სულები დაქრიან.

ტაშს უკრავდნენ, როცა ფანჯარას მივუახლოვდი, თვალებს არ დავუჯერე. შინდისფერი ფარდის იქით, თოვლით დაფარული ხეები, ქუჩები მოსჩანდა, „თოვლი!“ - დავიყვირე გახარებულმა, მაგრამ თოვლის ბაბუა თამაშის ახალ წესებს უხსნიდა გარშემო შემოკრებილ ბავშვებს და ყურადღება არავინ მომაქცია. თერთმეტის ნახევარი იყო, როცა გასახდელისკენ გავიქეცი, სადაც ბავშვების პალტოები პირამიდასავით იდგა. უკვე ჩაცმული ვიდექი, როცა კარში ოთარიკოს შევეფეთე. „მოთოვა, არა?“ - მკითხა იდუმალებით მოცული სახით. ყველაფერი თოვლს დაეფარა.

კარი დედამ გამიღო. „მომავალ ახალ წელს გილოცავ!“ - მითხრა მხიარულად და მაკოცა. ოთახში მისი მეგობრები ისხდნენ და მათაც გადამკოცნეს, მხოლოდ ძაღლი არ შემეგება ჩვეული კუდის ქიცინით. მაგიდის ქვეშიდან არ გამოდიოდა და დამნაშავესავით აკვირდებოდა ყოველ ჩემს მოძრაობას. „მანი, მანი!“ - მოვეფერე ძაღლს, მაგრამ ის ადგილიდან არ დაძრულა. დედაჩემის მეგობრების შემყურეს, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს არავის არ უხაროდა თოვლის მოსვლა და რომ ამ ქვეყნად ყველასათვის ყველაფერი სულერთი იყო, „დიდედა?“ - ვკითხე დედას, რომელიც სტუმრებს ართობდა და, როგორც ყოველთვის, ალჟირის მაღაზიებზე ლაპარაკობდა, „ჯერ არ გამოსულა, - მიპასუხა სხვათა შორის და მხრები აიჩეჩა, - შედი და გამოიყვანე, მალე ახალი წელია!“ - მომიგო სხაპასხუპით, ეტყობოდა მეგობრებთან საუბრის გაგრძელება ეჩქარებოდა. დიდედას ოთახის კარი ღია დამხვდა, „დიდედ?!“ - ვიკითხე ოთახის ზღურბლზე მდგომმა და, როცა პასუხი ვერ გავიგონე, შიგნით შევედი, „დიდედ, თოვს!“ - ვთქვი ხმამაღლა, რადგან აივანზე გასასვლელი კარი გამოღებული იყო და მეგონა, ბებიაჩემი თოვლის ფიფქების ცქერით ტკბებოდა. როცა რამდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი, დიდედას საშინაო ფეხსაცმელს მოვკარი თვალი, რომელიც აივნის კარის ზღურბლზე ამოყირავებული ეგდო.

დიდედა გაუნძრევლად იწვა ჩვენს ვიწრო აივანზე. ერთი ხელით რკინის მოაჯირს ჩასჭიდებოდა, მეორეში კი პატარა ცოცხი ეჭირა. ოთახში ჯერ ძაღლი შემოვარდა და წკმუტუნი მორთო. მაშინ დედაჩემი და მისი მეგობრები შემოყვნენ. დიდედას თეთრი თმა კიდევ უფრო ქათქათა თოვლის ფიფქებს დაეფარა. ჩვენი თოვლის ბაბუის პარიკზე უფრო თეთრი პარიკი ეხურა იმ წუთას. ასე შევხვდით იმ თოვლიან ახალ წელს, რომელსაც დიდედა დიდხანს ელოდა. აივანზე ვიდექი და თვალს ვერ ვაშორებდი ქალის ფიფქებით დაფარულ ტანს, სახეს. ზღაპრული თოვლის დედოფალივით ლამაზი და მშვიდი საუკუნო ძილს მისცემოდა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში