ჰენრი დევიდ თორო - კითხვა

უფრო მეტ გულმოდგინებას რომ იჩენდეს საქმიანობის არჩევისას, ყოველი ადამიანი ალბათ მკვლევარი და დამკვირვებელი გახდებოდა; რადგან ყველას აღელვებს ჩასწვდეს ადამიანის ბუნებასა და დანიშნულებას. 

როცა ვაგროვებთ ქონებას ჩვენთვის ან შთამომავლობისათვის, ვქმნით ოჯახსა თუ სახელმწიფოს, ან სახელის მოხვეჭას ვცდილობთ, ჩვენ მოკვდავები ვართ, მაგრამ როგორც კი ჭეშმარიტებას მივეახლებით, უკვდავნი ვხდებით და აღარც ცვალებადობა გვაშინებს და აღაც უბედური შემთხვევა.

ძველმა ეგვიპტელმა თუ ინდოელმა ფილოსოფოსმა ასწია კუთხე იმ საბურველისა, ღვთაების ქანდაკებას რომ ფარავდა; და სანამ მოქანავე საბურველი აწეულია, მე იმ ფილოსოფოსივით ცხადად ვხედავ საოცრებას, რადგან მე ვიყავი იმ ფილოსოფოსში ის, რაც ასე თამამი იყო და იგია ჩემში ის, რაც კვლავ შეჰყურებს იმ საკვირველ ხილვას. ამ საბურველს საუკუნეთა მტვერი არ დასდებია, დრო არ გასულა მას მერე, რაც ღვთაებრიობას ფარდა აეხადა. ჭეშმარიტად სრულქმნილი დრო არც წარსულია, არც აწმყო და არც მომავალი.

ჩემი სამყოფელი ყველა უნივერსიტეტზე უფრო შესაფერისი იყო არა მხოლოდ ფიქრისათვის, არამედ კითხვისათვისაც; და თუმცა შორს ვიყავი ერთი უბრალო ბიბლიოთეკისგანაც კი, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, განვიცადე გავლენა იმ წიგნებისა, მთელს მსოფლიოში ხელიდან ხელში რომ გადადის, იმ წიგნებისა, რომელთა სიტყვებიც თავდაპირველად ტყავზე იწერებოდა და ახლა დროდადრო თუ გადააქვთ სელის ქაღალდზე.

როგორც პოეტი მირ ქამარ უდდინ მასტი ამბობს:

„სულიერი სამყარო ისე მოვიხილე, ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია - და ეს სიკეთე წიგნებმა მომანიჭა. ჭიქა ღვინით თრობის სიამე ეზოთერულ მოძღვრებათა წვენისათვის მიდარებია“.

ჰომეროსის „ილიადა“ მთელი ზაფხული მაგიდაზე მედო, თუმცა ხანდახან თუ გადავფურცლავდი. გამუდმებული ფიზიკური შრომა - რადგან თან ქოხი მქონდა მოსამთავრებელი და თან ლობიო გასათოხნი - თავიდან კითხვის დროს არ მიტოვებდა, მაგრამ ჩემს თავს პირობას ვაძლევდი, მერე წავიკითხავ-მეთქი.

მუშაობისგან რომ ვისვენებდი, ორიოდე მსუბუქი წიგნი წავიკითხე მოგზაურობაზე, სანამ ასეთი დროსტარებისა არ შემრცხვა და ჩემთვის არ ვიკითხე, განა სადა ვცხოვრობ-მეთქი.

მეცნიერს შეუძლია ჰომეროსს ან ესქილეს ბერძნულ ენაზე კითხულობდეს და იმისი შიში არ ჰქონდეს, რომ დროს ამაოდ ჰკარგავს, მათი თხზულებათა კითხვა არ ნიშნავს იმას, რომ მკითხველი რაღაცით წიგნის გმირებს ეჯიბრება, როცა დილის საათებს ამ წიგნის გვერდების კითხვას ანდომებს. ენა ამ საგმირო წიგნებისა, ჩვენთვის დღეს მკვდარი ენა იქნება; და ჩვენ ბეჯითად უნდა ვეძიოთ აზრი თითოეული სიტყვისა და სტრიქონისა, უნდა ამოვიცნოთ უფრო მეტი შინაარსი, ვიდრე ჩვეულებრივი მნიშვნელობა გვაძლევს ამის საშუალებას.

თანამედროვე იაფმა და ნაყოფიერმა გამომცემლობამ თარგმანების გამოცემით ძალზე ცოტა რამ იღონა იმისათვის, რათა ახლოს მივეყვანეთ ანტიკური ხანის ჰეროიკულ მწერლებთან. ეს მწერლები ისე განმარტოებულნი არიან და ენა, რა ენაზეც ისინი იბეჭდებიან, ისეთი შორეული და უცნაურია, როგორიც ყოველთვის იყო. სიჭაბუკის დღეები და ძვირფასი საათები ღირს იმად, თუკი ძველი ენის რამდენიმე სიტყვას შეისწავლით, რაც ქუჩის ყოველდღიურობაზე აგამაღლებთ და თქვენთვის მუდმივი მოგონება და ბიძგი იქნება.

კლასიკოსების შესწავლა ბოლოს და ბოლოს ადგილს უთმობს უფრო თანამედროვე და პრაქტიკული საკითხების შესწავლასო. მაგრამ მაძიებელი გონება ყოველთვის მიმართავს კლასიკოსებს, რომელ ენაზეც არ უნდა წერდნენ და როგორი ძველი დროისაც არ უნდა იყვნენ ისინი. რადგან განა ვინ არიან კლასიკოსები, თუ არა ადამიანის უკეთილშობილეს ფიქრთა ჩამწერნი? ისინი არიან ერთადერთი ორაკულები, რომლებიც არასოდეს მოძველდებიან და ისეთ ყოველთვის ყველაზე თანამედროვე კითხვებზე მოეძებნებათ პასუხი, რაც არც დელფოს, არც დოდონეს თავის დღეში არ გაუციათ. ეს იგივეა, ბუნების შესწავლაზე რომ აგვეღო ხელი იმის მომიზეზებით, ძველიაო. 

ნამდვილი კითხვა, ესე იგი თავდავიწყებული კითხვა ჭეშმარიტად კარგი წიგნებისა - კეთილშობილური საქმიანობაა, რაც ადამიანისაგან უფრო მეტ ძალას მოითხოვს, ვიდრე ჩვენი ყოველდღიურობისათვის ჩვეული სხვა ნებისმიერი საქმიანობა. ის მოითხოვს წვრთნას, რასაც ათლეტები მისდევენ, მთელი სიცოცხლე მიზნის მისაღწევად რომ გადაუგიათ.


წიგნები ისეთივე განსჯითა და გულდასმით უნდა წაიკითხოთ, როგორც იწერება. ადამიანთა ბრბოებს, რომლებიც ბერძნულ და ლათინურ ენებზე ლაპარაკობდნენ შუა საუკუნეებში, ამ საუკუნეში დაბადების გამო არ შეეძლოთ ეკითხათ ამ ენებზე შექმნილ გენიოსთა თხზულებანი; მათთვის უცნობი გახლდათ კეთილშობილი ბერძნული და რომაული დიალექტები და ის გარემო, სადაც ისინი შეიქმნა, ხოლო ხელნაწერები მათთვის ცარიელი ფურცლები იყო და იაფფასიან თანადროულ ლიტერატურას ამიტომ ამჯობინებდნენ, მაგრამ როცა ბევრმა ევროპელმა ერმა შექმნა საკუთარი, ცოტა უხეში, თუმცა მათი აღმავალი ლიტერატურის მიზნებისათვის საკმარისი სამწერლო ენა, მაშინ უპირველესად მეცნიერება აღორძინდა და მეცნიერებმა საუკუნეების სიღრმეში ძველი კულტურული განძეულობის გარჩევა შეიძლეს. ის, რისი მოსმენაც ბერძენ და რომელ ბრბოებს არ შეეძლოთ, მრავალი საუკუნის შემდგომ მცირეოდენმა მეცნიერებმა წაიკითხეს და დღემდე მხოლოდ მეცნიერები კითხულობენ.

გასაკვირი სულაც არ არის, რომ ალექსანდრეს ლაშქრობებში ძვირფას ყუთში ჩადებული „ილიადა“ თან დაჰქონდა.

დაწერილი სიტყვა - ურჩეულესია რელიკვიებს შორის. ეს ისეთი რამ გახლავთ, რაც ერთდროულად უფრო ახლობელიც არის ჩვენთვის და უფრო უნივერსალურიც, ვიდრე ხელოვნების სხვა რომელიმე ნიმუში. ის თვით ცხოვრებისთვისაც კი ახლობელია. ის შეიძლება ითარგმნოს ყველა ენაზე და არა მარტო იკითხებოდეს, არამედ იღვრებოდეს ადამიანთა ბაგიდან, არა მარტო გამოიხატებოდეს ტილოზე ან მხოლოდ მარმარილოში, არამედ ცხოვრების სულით იტვიფრებოდეს. ძველი ადამიანის ფიქრის სიმბოლო თანამედროვე ადამიანის მეტყველებად იქცევა. 

ორი ათასმა ზაფხულმა ბერძნული ლიტერატურის ძეგლებს, ისევე როგორც მის მარმარილოს ქანდაკებებს, შესძინა უფრო ოქროვანი და შემოდგომისფრად გაბრწყინებული შეფერილობა და მათ ყველგან თან ახლავთ ღვთაებრივი სიმშვიდე, რაც იფარავთ საუკუნეთა ჟანგისაგან, წიგნები - მსოფლიო საგანძურია, ღირსეული მემკვიდრეობა თაობებისა და ერებისა.

ყველაზე ძველი და საუკეთესო წიგნები სამართლიანად ჩამწკრივებულან ყოველი სახლის თაროებზე. მათ სახვეწარი არაფერი სჭირთ და რადგან მკითხველს ანათლებენ და საზრდოს აძლევენ, მის პატივისცემასაც იმსახურებენ. მათი ავტორები ბუნებრივი და აუცილებელი არისტოკრატები არიან ყოველ საზოგადოებაში და ყველა მეფესა და იმპერატორზე მეტ გავლენას ახდენენ კაცობრიობაზე, როცა უმეცარი ვაჭარი, მეცნიერებას აბუჩად რომ იგდებს, წარმოებითა და აღებ-მიცემობით მისთვის სასურველ მოცალეობასა და დამოუკიდებლობას მოიპოვებს და მოდურ წრეში გზა გაეხსნება, ამ წრის მიღმა აუცილებლად დაინახავს მაღალსა და მისთვის ჯერ მიუწვდომელ სფეროებს ინტელექტისა და ტალანტისა, გაიცნობიერებს თავისი განათლების უკმარისობას, თავისი ქონების ამაოებასა და უსარგებლობას და გამოავლენს ჭეშმარიტად ჯანსაღ აზრს, როცა მთელი ძალით ცდილობს უზრუნველყოს შვილები სულიერი კულტურით, რის საჭიროებასაც ასე მწვავედ შეიგრძნობს; ასე ხდება იგი ოჯახის დამაარსებელი.

ადამიანთა უმრავლესობა კითხვას სწავლობს მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრებაში გამოსადეგად, ისევე, როგორც ციფრებს იმიტომ სწავლობენ, ხარჯები რომ იანგარიშონ და არავინ რომ არ გააცუროთ. მაგრამ კითხვისა, უკეთილშობილესი სულიერი წრთვნისა - ცოტა რამ თუ გაეგებათ, ან სულ არაფერი; და მაინც მხოლოდ ეს არის კითხვა, - ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, - არა ის, რაც ფუფუნებაში გვითრევს და ზიანს გვაყენებს, აძინებს უფრო დიდ ნიჭს, არამედ ის, რის წინაშეც თითისწვერებზე უნდა ვიაროთ და რასაც უნდა ვუძღვნათ ჩვენი ყველაზე საუკეთესო და ძილგამფრთხალი საათები.

ვფიქრობ, ასოებს რომ ვისწავლით, უნდა წავიკითხოთ ის, რაც საუკეთესოა ლიტერატურაში, და არა გაუთავებლად ვიმეოროთ ანაბანა თუ ერთმარცვლიანი სიტყვები და ვისხდეთ სულ მეოთხე თუ მეხუთე კლასში - ჩვენი ცხოვრების ამ დაბალ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს საფეხურზე.

ადამიანთა უმრავლესობა კმაყოფილდება წაკითხვით, ან წაკითხულის მოსმენით მხოლოდ ერთი კარგი წიგნისა - ბიბლიისა, შესაძლოა მის სიბრძნესაც კი ჩაწვდნენ, მაგრამ მთელ დანარჩენ ცხოვრებას ეგრეთწოდებულ იოლ საკითხავზე ფლანგავენ ფუჭად.

ჩვენს ბიბლიოთეკაში ერთი მრავალტომიანი ნაწარმოებია, „მცირე საკითხავი“ რომ ჰქვია, პირველად ეს საკითხი აღვიქვი, როგორც სახელწოდება ქალაქისა, სადაც არასდროს ვყოფილვარ. არიან ისეთები, ვისაც სირაქლემასა და ჩვამასავით შეუძლიათ ასეთი საკვების მონელება, თუნდაც საგულდაგულოდ ისადილონ ხორცითა და ბოსტნეულით, რადგან შიშობენ, არაფერი გამოგვეპაროსო. თუკი არსებობს ისეთი მექანიზმი, ამგვარ საკვებს რომ ქმნის, ამ საკვების მშთანთქავი მექანიზმიც ხომ უნდა არსებობდეს. ყოველივეს ამას კითხულობენ პირდაღებულნი. უპრიმიტიულესი ცნობისმოყვარეობითა და ხარბად, რათა ყველაფერი ჩიჩახვში ჩაიტენონ, ისევე როგორც ოთხი წლის ბიჭუნა კითხულობს „კონკიას“ ათცენტიან, ოქროცურვილ გამოცემას; მეეჭვება, მკითხველმა, ამ ასაკს რომ გაცდება, გაიუმჯობესოს გამოთქმა, აქცენტი თუ გამომსახველობა კითხვისა, ან მოთხრობიდან მორალის გამოტანა შეძლოს. შედეგი კი ჭვრეტის უნარის მოდუნება, სისხლის მიმოქცევის დამდორება, ტვინის მთლიანი დარბილება და ინტელექტუალურ უნართა ერთიანი დაშრეტა იქნება. ასეთი თაფლაკვერები ყოველდღიურად ცხვება - უფრო გულმოდგინედაც კი, ვიდრე ხორბლის, ჭვავისა და სიმინდის პური - თითქმის ყველა ღუმელში და ბაზარზეც მეტი გასავალი აქვს.
საუკეთესო წიგნებს ისინიც არ კითხულობენ, ვისაც კარგი მკითხველები ჰქვიათ. ჩვენი, კონკორდის კულტურა რაღას წარმოადგენს? ამ ქალაქში მცირე გამონაკლისთა გარდა, არავის აღელვებს საუკეთესო წიგნები, თვით ყველაზე ხელმისაწვდომი ინგლისური ლიტერატურაც კი ჩვენთანაც და ყველგანაც. თვით ის ხალხი, კოლეჯები რომ დაუმთავრებიათ და ეგრედწოდებული ფართო ჰუმანიტარული განათლება რომ მიუღიათ, მართლაც კნინად, ან სულაც არ იცნობენ ინგლისელ კლასიკოსებს; რაც შეეხება საკაცობრიო სიბრძნის ძეგლებს - ძველ კლასიკასა და ბიბლიას, ყველასთვის ხელმისაწვდომს, ვინც გაგებას მოიწადინებს - უაღრესად მცირე ინტერსს იჩენენ მისდამი. ძნელად თუ მოიძებნება ჩვენს კოლეჯებში თვით პროფესორი, ვინც, ბერძნული ენის სირთულეს რომ წვდება, ასევე ჩასწვდეს ბერძენ პოეტთა სიბრძნესა და და პოეზიის სიღრმეს, შეეძლოს თანაგრძნობით მოუსმინოს მკითხველს, გმირულად რომ გადაულახავს ასეთი წიგნის სირთულე; რაც შეეხება კაცობრიობის წმინდა წიგნებს, ანუ საკაცობრიო ბიბლიებს, ვის შეუძლია ჩვენს ქალაქში თუნდაც მათი სათაურები ჩამოთვალოს? უმრავლესობას არც კი გაუგონია, ძველი ებრაელების გარდა სხვა ერსაც თუ აქვს წმინდა წერილი. ნებისმიერი ადამიანი გულდაგულ გადაუხვევს გზიდან, ვერცხლის დოლარიანი რომ აიღოს; მაგრამ აქვე ჩვენს წინაშე ოქროს სიტყვებია, რაც ანტიკური დროის ბრძენთა ბრძენთ გამოუთქვამთ და რომელთა ღირსებაც მრავალგზის დაუდასტურებიათ მომდევნო ხანის ბრძენკაცებს; - და მაინც ჩვენ იოლსაკითხავის კითხვას ვსწავლობთ, ვერ გავცდენილვართ სასკოლო სახელმძღვანელოებსა და ქრესტომათიებს, სკოლის დამთავრების მერე კი ვჯერდებით „მცირე საკითხავსა“ და მოთხრობებს, ყმაწვილებისა და დამწყებთათვის რომ არის განკუთვნილი; მთელი ჩვენი კითხვა, საუბრები და განსჯა ჩალის ფასად არ ღირს, ჯუჯებსა და კაცუნებს თუ შეეფერებათ.

ვესწრაფი გავეცნო გონიერ ხალხს (უფრო გონიერებს, ვიდრე ჩვენს, კონკორდის მიწაზე დაბადებულან), ვისი სახელებიც კი აქ ძლივას თუ გაუგონიათ. განა შეიძლება, პლატონის სახელი მხოლოდ მსმენოდეს და მისი არაფერი წამეკითხოს? ეს იგივეა, რომ პლატონი ჩემი თანამოქალაქე იყოს და არასოდეს მენახოს, ჩემი მეზობელი იყოს და არასოდეს მომესმინოს მისი საუბარი და არც მისი სიტყვების სიბრძნეს ჩავკვირვებოდე. როგორ გინდა, ეს დაიჯერო? მისი დიალოგები, უკვდავებით აღვსილი დიალოგები, თაროზე მეწყოს და არც კი გადამეშალოს, ჩვენ, გაუნათლებელნი და უვიცნი, უსახური ცხოვრებით ვცხოვრობთ;

ყველა წიგნი არ არის ისე მოსაწყენი, როგორც მათი მკითხველები. წიგნებში უთუოდ არის სიტყვები - ჩვენდამი თქმული, და რომ შეგვძლებოდა ყური დაგვეგდო მათთვის და მათ აზრს ჩავწვდომოდით, დილასა და გაზაფხულზე უფრო კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენდნენ ჩვენზე, და საგნებს სხვა თვალით შეგვახედებენ. რამდენი კაცისთვის დაწყებულა ამა თუ იმ წიგნით ახალი ხანა მისი ცხოვრებისა. შესაძლოა, არსებობდეს წიგნი, ყველა საკვირველებას რომ აგვიხსნის და ახალ საოცრებებს გადაგვიშლის თვალწინ. ის, რაც დღემდე გამოუთქმელია, შესაძლოა, სადღაც გამოთქმული იყოს. კითხვები, რაც გვაღელვებს, გვაბნევს და გვაოცებს, უკვე მდგარა ყველა ბრძენკაცის წინაშე - უკლებლივ ყველასი - და თითოეული ისე პასუხობდა, როგორც შეძლო, პასუხობდა თავისი სიტყვებითა და თავისი ცხოვრებით.

ამასთან, ცოდნასთან ერთად თვალსაწიერიც გვიფართოვდება. მარტოხელა მოჯამაგირემ, ფერმაში რომ მუშაობს კონკორდის შემოგარენში, ვისაც განუცდია მეორედ დაბადება და რელიგიური ამაღლება, ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს მდუმარედ განუდგეს ხალხს, იქნებ არც კი დაიჯეროს ეს, მაგრამ მრავალი ათასწლეულის წინ ზარატუსტრამ იგივე გზა გაიარა და იგივე განიცადა, მაგრამ მან, მომავალმა ბრძენმა, იცოდა, რომ ეს გზა საყოველთაო იყო და მისი ახლობლებისათვის მისაღები. გადმოგვცემენ, რომ ლოცვის რიტუალიც მას შემოუღია, დაე, მოჯამაგირე მორჩილად ეზიაროს ზარატუსტრას და ყველა დიად სულთა განმათავისუფლებელი გავლენის მეოხებით მიეახლოს თვით იესო ქრისტეს და „ჩვენი ეკლესია“ არად ჩააგდოს.

ჩვენ ვტრაბახობთ, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ვცხოვრობთ და ყველა სხვა ერზე უფრო სწრაფი ნაბიჯით მივიწევთ წინ, მაგრამ შეხეთ, რა მცირედ ზრუნავს ჩვენი სოფელი საკუთარი კულტურისათვის. არ მსურს ჩემს თანამოქალაქეებს წავემლიქვნელო, ან ისინი მექლისებოდნენ - ეს არც მე მარგია არაფრად და არც იმათ. იმისათვის, რომ წინ წავიდეთ, ხარებივით უნდა გაგვრეკონ. გვაქვს არცთუ ურიგო სასკოლო სისტემა, მაგრამ მხოლოდ ძალიან პატარებისთვის. ხოლო თვითონ ჩვენთვის - არაფერი, გარდა შესაბრალისი ლიცეუმისა ზამთრობით, ახლახანს კი რამდენიმე უბადრუკი მცდელობა განვახორციელეთ, შტატის წინადადებით ბიბლიოთეკა რომ დაგვეარსებინა. ჩვენ მეტს ვხარჯავთ ჩვენი სხეულის გამოსაკვებად და სამკურნალოდ, ვიდრე სულიერი საზრდოსათვის. დროა, სხვაგვარი სკოლა გვქონდეს და სწავლა მაშინაც არ შევწყვიტოთ, როცა დავვაჟკაცდებით და დავქალდებით. დროა, სოფლები უნივერსიტეტებად ვაქციოთ, მათი ძველთაძველი მაცხოვრებლები კი - მეცნიერებად, რომელთაც იმდენი მოცალეობა ექნებათ, თუ ცხოვრებაც ასე გააფუფუნებთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ცოდნას იღრმავებდნენ. განა დედამიწის ზურგზე მუდამ მხოლოდ ერთი პარიზი და ოქსფორდი უნდა იყოს? განა კონკორდის ცის ქვეშ არ შეიძლება სტუდენტმა ფართო ზოგადი განათლება მიიღოს? განა ჩვენ კი არ შეგვიძლია, რომ ლექციების წასაკითხად რომელიმე აბელიარი მოვიწვიოთ? ეჰ! ჩვენ ძალზე გვიან მიგვაბარებენ ხოლმე სკოლაში - საჭიროა საქონელი გამოვკვებოთ, დუქანში დავსხდეთ - ამიტომაც ვართ საყველპუროდ ნასწავლები.

თუ მეცხრამეტე საუკუნეში ვცხოვრობთ, რატომ არ უნდა ვისარგებლოთ იმ უპირატესობით, რასაც ეს საუკუნე გვთავაზობს? რატომ უნდა ვცხოვრობდეთ პროვინციული ცხოვრებით? თუკი გაზეთის წაკითხვა გვსურს, რატომ არ უნდა ავუაროთ გვერდი ბოსტონურ ჭორებს და მსოფლიოს საუკეთესო გაზეთი რატომ არ უნდა გამოვიწეროთ, ნაცვლად იმისა, რომ გაზეთ „საშუალო ოჯახის“ თხელი ფაფა ვსვლიპოთ ან ჩვენებური „ზეთისხილის ტოტები“ ვძოვოთ აქ, ახალ ინგლისში. დაე, ყოველი განათლებული საზოგადოების ამბები მოგვდიოდეს, და თვითონ გავარკვევთ, თუ რა იციან...

რატომ უნდა დავანებოთ თავი „ჰარპერისა და ძმების“ ან „რედინგისა და კომპანიის“ გამომცემლობებს, რომ საკითხავი შეგვირჩიონ? როგორც დახვეწილი გემოვნების არისტოკრატი არის გარშემორტყმული ტალანტებით, სწავლულებით, გონებამახვილობით, წიგნებით, სურათებით, ქანდაკებებით, მუსიკით, ფილოსოფიის სახელმძღვანელოთი და სხვა ამგვარებით, დაე, ჩვენი ქალაქიც ასევე მოიქცეს და არ დასჯერდეს მასწავლებელს, პასტორს, მნათეს, სამრევლო ბიბლიოთეკას, ქალაქის მმართველობის სამ წევრს, იმიტომ, რომ ჩვენმა მოგზაურმა წინაპრებმა უამათოდ გაძლეს თავის დროზე, როცა კლდოვან ნაპირას დაიზამთრეს.

კოლექტიური მოქმედება ჩვენი დაწესებულების ბუნებას შეეფერება; და რადგან ჩვენ არისტოკრატებზე მდიდრები ვართ, მჯერა, ჩვენი შესაძლებლობებიც უფრო ფართოა. ახალ ინგლისს შეუძლია მოიწვიოს მთელი მსოფლიოს ბრძენი მოძღვარნი და არაფერი გაუჭირვოს - მაშინ ის უკვე პროვინცია აღარ იქნება. აი, ასეთი უჩვეულო სკოლა გვჭირდება. არისტოკრატთა ნაცვლად, დაე, ხალხით სავსე სოფლები გვქონდეს. თუ საჭირო გახდება, დაე, ერთი ხიდით ნაკლები იყოს მდინარეზე იმ ადგილას, სადაც ფონი ახლოა, ოღონდ გავდოთ ხიდის ერთი მალაც კი უფრო ღრმა მორევზე უვიცობისა, გარს რომ გვარტყია.

ინგლისურიდან თარგმნეს როსტომ და პაატა ჩხეიძეებმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში