შტეფან ცვაიგი - დაბეჭდილი მატარებელი

თარგმნა - კარლო ჯორჯანელმა

კაცი, რომელიც მეჯღანის მდგმურია

მშვიდობის პატარა კუნძული - შვეიცარია, ყოველი მხრიდან მსოფლიო ომის ღველფისა და ღადარის ღვარცოფით გარემოცული, ავად ხსენებულ 1915-18 წლებში ის სცენა გახლდათ, რომელზედაც დღენიადაგ ერთი ამაღელვებელი დეტექტიური რომანი თამაშდება.

მეომარ სახელმწიფოთა ელჩები ფეშენებელურ სასტუმროებში ისე გულცივად უვლიან ურთიერთს გვერდს, თითქოს ერთმანეთს თავის დღეში არ იცნობდნენ, თუმცა ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ურთიერთს სტუმრად იწვევდნენ და მეგობრულად ბრიჯს თამაშობდნენ.

მათ აპარტამენტებში გუნდ-გუნდად ირევიან საეჭვო პიროვნებები, დეპუტატები, მდივნები, ატაშეები, საქმოსნები, სახეშებურვილი თუ სახეშეუბურავი ქალბატონები, ყველანი საიდუმლოებით მოცული დავალებებით აღჭურვილნი. სასტუმროების წინ მიმოდიან უცხოელთა განმასხვავებელი ნიშნებით შემკული ბრწყინვალე ლიმუზინები, რომლებიდანაც მსხვილი მრეწველები, ჟურნალისტები, ვირტუოზ-შემსრულებლები და თითქოსდა შემთხვევით, თავშესაქცევად მოგზაურები იჭვრიტებიან. თითქმის ყოველ მათგანს ანალოგიური დავალება აქვს: რაღაც შეიტყოს, რაღაცას მიაკვლიოს.

ჰოდა, პორტიესაც, ვინც სტუმრებს ნომრებამდე აცილებს და მოახლესაც, ვინც ნომრებს ალაგებს, აკისრიათ, გაფაციცებით თვალყური ადევნონ სტუმრებს. ყველგან ერთიმეორის მოწინააღმდეგე ორგანიზაციები იღვწიან სასტუმროებსა, პანსიონატებსა, საფოსტო განყოფილებებსა თუ კაფეებში. ის, რაც პროპაგანდად საღდება, ნახევრად ჯაშუშობაა; ის, რასაც თავი სიყვარულად მოაქვს, სინამდვილეში ღალატია. ამ ახალჩამოსულთა ყოველ მოქმედებაში მეორე და მესამე ქვეტექსტი იმალება.

ყველაფერს უთვალთვალებენ, ყველაფერს მაშინვე იტყობინებიან: როგორც კი მეტ-ნაკლები რანგის გერმანელი ციურიჰში ჩადის, მოწინააღმდეგის საელჩომ ბერნში ეს უკვე იცის, ხოლო ერთი საათის მოგვიანებით პარიზშიც უწყიან. ყოველდღიურად ჭეშმარიტი თუ შეთხზული ცნობების მთელ ტომებს აწვდიან წვრილფეხა თუ მსხვილფეხა აგენტები ატაშეებს, ხოლო ისინი კიდევ თავიანთ მთავრობებს. კედლები თითქოს გამჭვირვალე იყოს, ტელეფონებს ფარულად აყურადებენ, საქაღალდე კალათებიდან და პრესპაპიეებზე დარჩენილი ნაკვალევიდან თითოეულ კორესპონდენციას აღადგენენ და ბოლოს ეს ქაჯური ორომტრიალი ისეთ შლეგურ ხასიათს იძენს, რომ მონაწილეთაგან ბევრმა თავადაც აღარ იცის, რას წარმოადგენს: მასზე ნადირობენ თუ თვითონ ნადირობს სხვაზე, ჯაშუშობის ობიექტია თუ თვითონ არის ჯაშუში, გაცემულია თუ გამცემი.

იმ დღეებში მხოლოდ ერთი კაცის შესახებ თითქმის არაფერი ისმის, შეიძლება იმიტომ, რომ თვალში არავის ეჩხირება და ფეშენებელურ ოტელებში არ ჩერდება, არც ყავახანებში ყუნცია და ამიტომ რა ბედენაა იმ კაცის სახელისა და გვარის ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვის დამახსოვრება, რომელიც მეჯღანის მდგმურია. ამიტომ იმხანად რომ ერთ-ერთ იმგაკრიალებულ ავტომობილს, საელჩოდან საელჩოში რომ დაქრიან, შემთხვევით ეს კაცი ქუჩაში გაეტანა, მთელი მსოფლიო ვეღარ გაიცნობდა ვერც ულიანოვის გვარითა და ვერც ლენინის ფსევდონიმით.

მოსახდენი მოხდა

ერთ დღესაც, ეს 1917 წლის 15 მარტია, ციურიჰის სამკითხველოს ბიბლიოთეკარი დიახაც გაკვირვებულია. საათის ისარი დილის ცხრას უჩვენებს და ის ადგილი, სადაც ყველა მკითხველზე პუნქტუალური მკითხველი დღენიადაგ ზის ხოლმე, ცარიელია. ხდება ათის ნახევარი, ხდება ათი, მაგრამ ის დაუღალავი მკითხველი არ მოდის და ამიერიდან აღარც მოვა, რადგან ბიბლიოთეკაში მომავალს გზაში ერთი რუსი მეგობარი გადაეყრება და ხელდახელ ახალ ამბავს მიახლის: რუსეთში რევოლუციამ იფეთქაო.

ლენინს ჯერ არ სჯერა, გაოგნებულია ახალი ამბით. მაგრამ შემდგომ მისთვის დამახასიათებელი მოკლე და სხარტი ნაბიჯებით ტბის პირას მდებარე გაზეთების ჯიხურს მიაშურებს.


იქ საათობით ელის, მერე კი მთელი დღეებიც მორიგეობს იქა თუ გაზეთის რედაქციის წინაც, უახლეს ცნობებს ელოდება. სწორია. ახალი ამბავი დასტურდება და დღითი დღე მისთვის სულ უფრო და უფრო დიდებულ რეალობად იქცევა. ჯერ მხოლოდ სასახლეში მომხდარი გადატრიალების ხმა ვრცელდება და, როგორც ჩანს, მინისტრთა შეცვლით შემოიფარგლება.

შემდგომ ამას მეფის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოსდევს. დუმა, რუსული თავისუფლების ჩანასახი, პოლიტიკური პატიმრების ამნისტია ყველაფერი, რაზეც ის ამდენი წელი ოცნებობდა, რისთვისაც ის ბარე ოცი წლის ასაკიდან არალეგალურ ორგანიზაციებში, ციხეში, ციმბირში, ემიგრაციაში იღვწოდა, აღსრულდა. და ერთბაშად მილიონობით დახოცილი ადამიანი, რომლებიც ამ ომმა იმსხვერპლა, უკვე ამაოდ დახოცილად აღარ ეჩვენება.

იმდენად უაზროდ დახოცილებად კი არ მიაჩნია ისინი, არამედ თავისუფლების, სამართლიანობისა და მარადიული მშვიდობის ახალი საუფლოსათვის წამებულებად ესახება. ზარხოში ეკიდება სხვა დროს ოცნებაშიც კი ესოდენ ცივსა და გამჭრიახ კალკულატორს და ახლა რარიგ მხნეობენ და ხარობენ ასობით სხვანიც, მისებრ პატარა სენაკებში შეხიზნული ემიგრანტები ჟენევასა, ლოზანასა თუ ბერნში, როცა იტყობენ, რომ სამშობლოში, რუსეთში, დაბრუნება ძალუძთ, თანაც ყალბი პასპორტებით კი არა, შეცვლილი გვარებითა და სახელებით კი არა, იმპერატორის საბრძანებელში სიკვდილით დასჯის შიშით კი არა, არამედ როგორც თავისუფალ მოქალაქეებს თავისუფალ ქვეყანაში. ისინი უკვე კრავენ თავიანთ ბარგი-ბარხანას, რადგანაც გაზეთებში გორკის ლაკონიური დეპეშაა დაბეჭდილი:

ყველანი შინ დაბრუნდითო! თვითონაც სადღა არ გზავნიან დეპეშებს: შინ დაბრუნდით, შინ დაბრუნდითო! შევერთდეთ, გავერთიანდეთ, ერთხელ კიდევ შევაგდოთ ბედის სასწორზე ჩვენი სიცოცხლე იმ საქმისათვის, რასაც მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენითო, რუსული რევოლუციის საქმისთვისო.

...და გულგაცრუება

მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გასაგები ხდება, რომ რუსული რევოლუცია, რომლის შესახებ დარხეულმა ცნობამ მათ გულებს ფრთები გამოასხა, ის რევოლუცია არ არის, რაზეც ისინი ოცნებობდნენ, და არც რუსული რევოლუციაა. ეს მეფის კარზე მეფისავე წინააღმდეგ ინგლისელი და ფრანგი დიპლომატების მიერ მოწყობილი ამბოხი იყო, რათა მეფისთვის გერმანიასთან ზავის შეკვრაში შეეშალათ ხელი, და არა მშვიდობას მოწყურებული და ყოველგვარ უფლებას მოკლებული ხალხის რევოლუცია. ეს ის რევოლუცია კი არ არის, რისთვისაც ისინი ცოცხლობდნენ და რისთვისაც მზად იყვნენ დახოცილიყვნენ, არამედ ომის მონაწილეთა ინტრიგა, იმპერიალისტებისა და გენერლების ინტრიგა, რომელთაც არ სურთ,ვინმემ მათი გეგმები ჩაშალოს.

ჰოდა, ლენინი და მისიანები მალე ხვდებიან, რომ მოწოდება: ყველანი შინ დაბრუნდითო ყველა იმას როდი შეეხება, ვისაც ეს ნამდვილი, რადიკალური, კარლ მარქსისეული რევოლუცია სწადია. სულ მალე მილიუკოვი და დანარჩენი ლიბერალები განკარგულებას იძლევიან: მათი უკან დაბრუნება არ დაუშვან და იმ დროს, როდესაც ზომიერ სოციალისტებს, რომლებიც ომის განგრძობის საქმეში გამოდგებიან, როგორიც პლეხანოვია, უაღრესად თავაზიანად ინგლისიდან სატორპედო კატარღებითა და საპატიო ბადრაგით პეტერბურგში გადაჰყავთ, ტროცკის ჰალიფაქსში, ხოლო სხვა რადიკალებს საზღვრებზე აკავებენ.

ანტანტის წევრ ყველა ქვეყანაში საზღვრებზე შავი სიები ჰკიდია იმათი, ვინც მესამე ინტერნაციონალის კონგრესში მონაწილეობდა ციმერვალდში. სასოწარკვეთილი ლენინი დეპეშას დეპეშაზე გზავნის პეტერბურგში, მაგრამ მათ ან საზღვარზე აკავებენ, ანდა ადგილზე, ადრესატისთვის არ მიაქვთ, რაც ციურიჰში არ უწყიან და არც ის იცის ვინმემ, ისევე როგორც მთელ ევროპაში, რაოდენ ძლიერი, რაოდენ ენერგიული, მიზანსწრაფული და მომაკვდინებლად საშიშია მისი მტრებისათვის ვლადიმერ ილიას ძე ლენინი. ეს კარგად მხოლოდ რუსეთში იციან.

უცხოეთში დარჩენილთა სასოწარკვეთილებას საზღვარი არა აქვს. რამდენი წელი იმუშავებდნენ თავიანთი გენერალური შტაბის უამრავ სხდომაზე ლონდონსა, პარიზსა და ვენაში რუსული რევოლუციის სტრატეგიულ გეგმას; მისი ორგანიზების ყოველი წვრილმანი ჰქონდათ აწონილ-დაწონილი, განსჯილი და გამოცდილი; ათეული წლების მანძილზე ჰქონდათ თავიანთ ჟურნალებში განხილული თეორიული თუ პრაქტიკული ასპექტით მასთან დაკავშირებული სიძნელეები, საშიშროებანი და შესაძლო ვარიანტები. ეს კაცი მთელი სიცოცხლე მხოლოდ ამ ერთადერთ თემას ჩაჰკირკიტებდა, კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა, ამოწმებდა და საბოლოო ფორმულირებებს აყალიბებდა, ახლა კი, ვინაიდან აქ, შვეიცარიაშია დაბინავებული, მის რევოლუციას სხვები წყალწყალას ხდიან, აფუქსავატებენ.

მისთვის ხალხის გათავისუფლების წმინდა იდეას უცხო ერების და უცხოელთა ინტერესების სამსახურში აყენებენ. იმ დღეებში ლენინი უცნაური ანალოგიით ჰინდენბურგის ბედს იზიარებს, რომელიც ბარე ორმოცი წელი რუსეთში ლაშქრობას ამზადებდა, ჯარს წვრთნიდა, სამხედრო მანევრებს ატარებდა, მერე კი ომის პირველ დღეებში იძულებულია შინ იჯდეს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი და პაწია ალმებით რუკაზე აღნიშნოს მოწვეულ გენერალთა წარმატებები თუ შეცდომები.

იმ უსასოო დღეებში სხვა დროს უტეხი რეალისტი ლენინი ყოვლად შლეგურ და ფანტასტიკურ ხილვებშია და რას აღარ ფიქრობს: ხომ არ შეიძლება თვითმფრინავი დაიქირაოს და გერმანიის ან ავსტრიის გავლით გაემგზავროს? მაგრამ პირველივე პიროვნება, ვისაც დახმარებისათვის მიმართავს, ჯაშუში გამოდგება. გაქცევის სულ უფრო და უფრო შმაგი და შლეგური იდეები იპყრობს. შვედეთში გზავნის წერილს: შვედეთის პასპორტი მიშოვეთ, მუნჯად მინდა თავი გავასაღო, რათა ყველასათვის ანგარიშის ჩაბარება არ დამჭირდესო. რასაკვირველია, ამგვარი ფანტასტიკური ფიქრებით აღსავსე ღამეების შემდეგ ლენინი მეორე დილით თავადვე აღიარებს, რომ ასეთი გეგმების განხორციელება შეუძლებელია. მაგრამ მან ისიც კარგად უწყის: აუცილებლად უნდა დაბრუნდეს რუსეთში, რათა თავისი რევოლუცია მოახდინოს და სხვებს არ დაანებოს ეს ამბავი, მართებული და პატიოსანი რევოლუცია მოახდინოს, ნაცვლად პოლიტიკურისა. რადაც უნდა დაუჯდეს, რუსეთში უნდა დაბრუნდეს.

გერმანიის გავლით.

ჰო თუ არა?

შვეიცარია მდებარეობს, ასე ვთქვათ, ჩაწოლილია იტალიასა, საფრანგეთსა, გერმანიასა და ავსტრიას შორის. ლენინისათვის ანტანტის ქვეყნების გავლით გზა ჩაკეტილია, როგორც რევოლუციონერისათვის, ხოლო გერმანიისა და ავსტრიის გავლით როგორც რუსეთის ქვეშევრდომისათვის, როგორც მტრული ქვეყნის მოქალაქისათვის, მაგრამ პოლიტიკურ ძალთა აბსურდული კონსტელაციის გამო კაიზერ ვილჰელმის გერმანიისაგან ლენინი უფრო მეტ შემწყნარებლობას უნდა მოელოდეს, ვიდრე მილიუკოვის რუსეთისაგან ან პუანკარეს საფრანგეთისაგან.

გერმანიას, რადაც უნდა დაუჯდეს, ამერიკის მიერ ომის გამოცხადების კვირაძალზე რუსეთთან ზავი სჭირდება. ასე რომ, რევოლუციონერი, რომელიც იქ ინგლისისა და საფრანგეთის ელჩებს საზრუნავს უჩენს, გერმანელებისათვის მხოლოდ სასურველი შემწე შეიძლება იყოს.

მაგრამ კაიზერის გერმანიის მიმართ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა საშინლად საპასუხისმგებლოა. თავის ნაწერებში გერმანია ბარე ასჯერ გაულანძღავს და დამუქრებია.

ახლა კი მასთან ერთბაშად მოლაპარაკება როგორ გააბას? აქამდე არსებული ყოველგვარი მორალის გაგებით, ცხადზე ცხადია, სახელმწიფო ღალატად მიიჩნევა გახურებულ ომში მოწინააღმდეგე მხარის გენერალური შტაბის ნებართვით ამ ქვეყანაში შესვლა და მგზავრობა.

ამიტომ ლენინმა, რასაკვირველია, უნდა იცოდეს, რომ ამით იგი თავის პარტიასა და თავის საქმეს იმთავითვე სახელს უტეხს, რომ შეიძლება ეჭვი შეეპაროთ: გერმანიის მთავრობა როგორც მოსყიდულსა თუ დაქირავებულ აგენტს გზავნის რუსეთშიო, და რომ, თუ ის დაუყოვნებლივ ზავის შეკვრის მისეულ პროგრამას განახორციელებს, სამუდამოდ ბრალი დაედება ისტორიაში: რუსეთის ომში გამარჯვებას და ჭეშმარიტი ზავის ისე მიღწევას ხელი შეუშალაო. რასაკვირველია, მარტო ალალი რევოლუციონერები კი არ არიან აღშფოთებულნი, არამედ ლენინის უბრალო თანამზრახველთა უმრავლესობაც, როდესაც იგი მზადყოფნას გამოთქვამს, თუ საჭირო იქნა, ამ ყოვლად სახიფათო და მაკომპრომეტირებელ გზაზეც არ ვიტყვი უარსაო. თავზარდაცემულნი მიუთითებენ ლენინს იმაზე, რომ შვეიცარიელ სოციალ-დემოკრატებს დიდი ხანია უკვე დაწყებული აქვთ მოლაპარაკება რუსი რევოლუციონერების უკან დაბრუნების თაობაზე ტყვეთა გაცვლის ლეგალური და ნეიტრალური გზით.

მაგრამ ლენინმა იცის, რაოდენ გაჯანჯლდება რამის მიღწევა, თუ ამ გზას დაადგება, რუსეთის ხელისუფლება როგორ უსასრულოდ გააჭიანურებს სამშობლოში მათ დაბრუნებას, მაშინ როდესაც ყველა დღეს და ყოველ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის მხოლოდ მიზანს ხედავს, იმ დროს, როდესაც სხვები, ნაკლებად ცინიკურნი და კადნიერნი, ვერ ბედავენ ისეთი რამ მოიმოქმედონ, რომელიც ყოველი არსებული კანონითა და თვალსაზრისით ღალატია. მაგრამ ლენინმა შინაგანად უკვე მიიღო გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობით გერმანიის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მართავს.

შეთანხმება სწორედ იმის გამო, რომ ლენინმა იცის, რაოდენ სკანდალური და გამომწვევია მის მიერ გადადგმული ნაბიჯი, იგი რაც შეიძლება ახდილად მოქმედებს.

მისი დავალებით შვეიცარიის პროფკავშირის მდივანი ფრიც პლატენი მიდის გერმანიის ელჩთან, რომელიც მანამდეც ეწეოდა მოლაპარაკებას რუს ემიგრანტებთან და ლენინის პირობებს წარუდგენს, პირობებს, ვინაიდან ეს ჩია უცნობი ლტოლვილი ისეთ მოთხოვნებს აყენებს, თითქოს წინასწარ გრძნობდეს თავის მყობად ავტორიტეტს: გერმანიის მთავრობას როდი ეხვეწება, არამედ ვაგონისათვის ექსტერიტორიულობის მინიჭებას მოითხოვს.

მხოლოდ მაშინ დათანხმდებიან მგზავრები გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით ისარგებლონ. ვინაობის შემოწმება, პასპორტის გასინჯვა არც ჩასხდომისას და არც გადმოსხდომისას არ უნდა მოხდეს, მგზავრობის საფასური ჩვეულებრივი ტარიფით თვითონ უნდა გადაიხადონ, ვაგონი არც ვისიმე მოთხოვნით და არც საკუთარი ინიციატივით არ უნდა დატოვონ. მინისტრი რომბერგი ყოველივე ამას კიდევ უფრო ზევით გადასცემს და ბოლოს ცნობა ლუდენდორფს უვარდება ხელში.

ისიც უყოყმანოდ უჭერს მხარს, თუმცა კი მის მოგონებებში ამ ისტორიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ კრინტიც არ არის დაძრული. ელჩი ზოგიერთი დეტალის შეცვლას მოითხოვს კიდევ, რადგან ოქმი ლენინის მიერ ისე ორაზროვნად არის შედგენილი, რომ არა მხოლოდ რუსებს, არამედ ერთ ავსტრიელსაც, როგორიც რადეკია, შეუძლია შეუმოწმებლად იმგზავროს ამ ვაგონით. მაგრამ ისევე, როგორც ლენინი, გერმანიის მთავრობაც ჩქარობს, ვინაიდან ამ დღეს, 5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატები ომს უცხადებს.

ასე რომ, ფრიც პლატენი 6 აპრილს, შუადღისას, ღირსსახსოვარ პასუხს იღებს: საქმე სასურველად გადაწყდაო. 1917 წლის 9 აპრილს კი, სამის ნახევარზე, რესტორან „ციურიჰერჩოფიდან“ ციურიჰის რკინიგზის სადგურისკენ ცუდად ჩაცმული ადამიანების მცირე რამ ჯგუფი მიემართება. ზოგს ჩემოდანი უჭირავს ხელში. სულ რაღაც ოცდათორმეტი სული. მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

კაცთაგან შემდგომ მხოლოდ ლენინის, ზინოვიევისა და რადეკის სახელები შეიქმნა საყოველთაოდ ცნობილი. მგზავრები ერთად შეექცნენ მწირ სადილს, ერთადვე მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რომ მათთვის ცნობილია პრესაში გამოქვეყნებული წერილი, რომლის მიხედვითაც რუსეთის მთავრობა აპირებს გერმანიაში გავლით მოგზაურნი სახელმწიფო მოღალატეებად განიხილოს. მათ მოუქნელი და გადღაბნილი ასოებით მოაწერეს ხელი: ამ მგზავრობისთვის მთელ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთ და შემოთავაზებულ პირობებს ვიწონებთო. მდუმარედ და მედგრად ემზადებიან ისინი მსოფლიო-ისტორიული მგზავრობისათვის.

მათ მისვლას სადგურში ყურადღებას არავინ აქცევს. არც რეპორტიორები და ფოტოგრაფები გამოჩენილან, რადგან, აბა, ვინ იცნობს შვეიცარიაში ამ ვიღაც ბატონ ულიანოვს, დაჭმუჭნილი ქუდი რომ ახურავს, გაცვეთილი პიჯაკი და კურიოზულობამდე მძიმე მთამსვლელის ფეხსაცმელი აცვია და შვედეთამდე არ გაიხდის. ტომრებითა და კალათებით დატვირთული კაცებისა და ქალების გარემოცვაში არცთუ თვალში საცემად, მდუმარედ იჭერს ადგილს მატარებელში. ისიც და მისი მხლებლებიც არაფრით გამოირჩევიან იმ ურიცხვი ლტოლვილებისაგან, რომლებიც იუგოსლავიიდან თუ რუმინეთიდან ჩამოდიან აქ, ციურიჰში, ხშირად და ხის ჩემოდნებზე სხედან ორიოდე საათს, რათა სული მოითქვან, ვიდრე გზას განაგრძობდნენ საფრანგეთის ზღვის სანაპიროსაკენ, ხოლო იქიდან კი ოკეანის გაღმა.

შვეიცარიის შრომის პარტიასაც, რომელიც არ იწონებს ამ წამოწყებას, თავისი წარმომადგენელი არ გამოუგზავნია. მხოლოდ რამდენიმე რუსი მოვიდა, რათა მიმავალთ ცოტაოდენი სანოვაგე გაატანონ და ახლობლებთან მოკითხვა დააბარონ. მათ შორის ერთი-ორი ისეთიც ურევია, ვინც იმ განზრახვით მოვიდა, რომ იქნებ ლენინს უკანასკნელ წუთში უაზრო და დანაშაულებრივ მოგზაურობაზე ხელი ააღებინოს. მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სამ საათსა და ათ წუთზე გამცილებელი ნიშანს იძლევა და მატარებელი გოტმანდინგენისკენ, გერმანიის სასაზღვრო სადგურისაკენ, მიგორავს. სამ საათსა და ათ წუთზე, ანუ ამიერიდან, მსოფლიო საათი სხვაგვარად იწყებს სვლას.

პლომბიანი მატარებელი

მილიონობით გამანადგურებელი ყუმბარა იქნა გასროლილი პირველ მსოფლიო ომში. ყველაზე მძიმე, ყველაზე მძლავრ, ყველაზე შორი მოქმედების ჭურვებს იგონებენ ინჟინრები, მაგრამ მთელ ახალ ისტორიაში ისე შორს გამიზნული და ავბედითი არც ერთი არ ყოფილა, როგორიც ეს მატარებელი იყო, დატვირთული ყველაზე საშიში, ყველაზე თავზეხელაღებული რევოლუციონერებით, ახლა რომ შვეიცარიის საზღვრიდან მთელ გერმანიას გადაუქროლებს, პეტერბურგში დაეშვება და ეპოქალურ წესწყობილებას ააფეთქებს.

გოტმანდინგენში ლიანდაგზე დგას ეს განუმეორებელი გამონაგონი, მეორე და მესამე კლასის კუპეების შემცველი ვაგონი. ქალები და ბავშვები მეორე კლასის კუპეებს იკავებენ, ხოლო კაცები მესამისას.

იატაკზე ცარცით გავლებული ხაზი ერთმანეთისაგან აცალკევებს რუსების მხარესა და მათი მხლებელი ორი გერმანელი ოფიცრის კუპეს. მთელი ღამე უინციდენტოდ მიქრის მატარებელი. მხოლოდ ფრანკფურტში შემოცვივდებიან ერთბაშად გერმანელი ჯარისკაცები, რომელთაც რუსი რევოლუციონერების მგზავრობისთვის ყური მოუკრავთ და ერთხელაც გერმანელ სოციალ-დემოკრატებს უარით ისტუმრებენ, როდესაც ისინი მგზავრებთან მოლაპარაკებას მოინდომებენ. ლენინმა დიახაც იცის, რომ მაშინვე ყველას ეჭვი გაუჩნდება, როგორც კი გერმანიის მიწა-წყალზე რომელიმე გერმანელს თუნდაც ერთ სიტყვას ეტყვის.

შვედეთში მათ საზეიმოდ მიესალმებიან, დამშეულები ხარბად ეძგერებიან შვედურ საუზმეს და მის ოხშივარს, როგორც რაღაც დაუჯერებელ სასწაულს, ისე აღიქვამენ. მერე ლენინი, როგორც იქნა, თავის მძიმე სამთო ფეხსაცმელს იძრობს და ახალს აყიდვინებს, აგრეთვე ცოტაოდენ ტანსაცმელსაც და ბოლოს და ბოლოს რუსეთის საზღვარსაც აღწევენ.

ჭურვი მიზანს ხვდება

დამახასიათებელია ლენინის პირველი ჟესტი რუსეთის მიწა-წყალზე. ცალკეულ ადამიანებს კი არ ხვდება, არამედ უწინარეს ყოვლისა გაზეთებში იძირება.

თოთხმეტი წელია, რაც რუსეთში არ ყოფილა, აქაური მიწა არ უნახავს, არც ქვეყნის დროშა და არც ჯარისკაცების უნიფორმა, მაგრამ ეს რვალივით მტკიცე იდეოლოგი სხვებივით ცრემლებად კი არ იღვრება, ქალივით კი არ იკრავს გულში მოულოდნელობისაგან გაოგნებულ ჯარისკაცებს. გაზეთი, გაზეთი უწინარეს ყოვლისა, «პრავდა», რათა დაადგინოს, ეს ორგანო, მისი ორგანო ინტერნაციონალურ თვალსაზრისს საკმაოდ გაბედულად იცავს თუ არა. გაბრაზებული ჭმუჭნის გაზეთს. არა, საკმაოდ ვერა. ისევ სამშობლოს სიყვარული, ისევ პატრიოტიზმი.

მისი გაგებით, ისევ და ისევ ჯეროვანი სისრულით ვერ არის წარმოდგენილი რევოლუციური სულისკვეთება. გრძნობს, რომ დროზე ჩამოვიდა, რომ დადგა დრო საჭე თვითონ წარმართოს.

მისი ცხოვრების იდეა წინ წამოსწიოს მოწოდების წინააღმდეგ: „გავიმარჯვოთ ან დავიღუპოთ“. მაგრამ შეძლებს კია? ერთხელაც ყოყმანობს, ერთხელაც შიშობს, დაუყოვნებლივ ხომ არ დაიჭერს მას მილიუკოვი პეტროგრადში? ჯერ კიდევ ასე ეწოდება ამ ქალაქს მაშინ. მაგრამ არცთუ დიდი ხანია მეგობრები, რომლებიც მატარებელშივე წინასწარ შეეგებნენ, კამენევი და სტალინი, უცნაურად იღიმებიან, თითქოს რაღაც საიდუმლო იცოდნენ. მესამე კლასის ბნელ კუპეში, რომელსაც ოდნავ ანათებს მბჟუტავი სანათური, პასუხს არ იძლევიან, ანდა არ სურთ, პასუხი გასცენ.

მაგრამ გაუგონრად დიდია პასუხი, რასაც სინამდვილე იძლევა. მატარებელი ფინეთის სადგურზე შედის და მის წინ მდებარე ვეება მოედანზე უკვე ათეულათასობით მუშა და ყველა სახეობის იარაღის წარმომადგენელთა საპატიო ყარაულები ელოდებიან განდევნილობიდან შინ დაბრუნებულთ. „ინტერნაციონალი“ ქუხს და ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი ვაგონიდან გადმოდის. ამ კაცს, ჯერ კიდევ გუშინწინ მეჯღანის მდგმური რომ იყო, ასობით ადამიანი ხელში აიტაცებს, მერე კი დაჯავშნულ ავტომობილზე აჰყავს.

პროჟექტორები მეზობელი სახლებიდან და ციხესიმაგრიდან მისკენ არის მიმართული და დაჯავშნული ავტომობილიდან თავისი პირველი სიტყვით მიმართავს ხალხს. ქუჩები ირყევა და „ათი დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო“ იწყება. ჭურვი მიზანს მოხვდა და ანგრევს იმპერიას, სამყაროს ანგრევს...

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში