ხორხე ლუის ბორხესი - სიკვდილი და ფარგალი

მრავალი პრობლემიდან, რომლებისკენაც ლონროტს თავისი აწყვეტილი გამჭრიახობა მიუმართავს, არც ერთი არ ყოფილა ისეთი უცნაური (შეიძლება ითქვას - იმდენად მკაცრად უცნაური), როგორიც სისხლიანი ცდომილებების განმეორებადი სერია, რომელმაც აპოგეას მიაღწია ვილა ტრისტ-ლე-რუას ევკალიპტების მარადიულ სურნელებაში. მართალია, ერიკ ლონროტმა ბოლო დანაშაულის აღკვეთა ვერ მოახერხა, მაგრამ ნამდვილად წინდაწინ განჭვრიტა ის.

ვერც იარმოლინსკის უიღბლო მკვლელის ვინაობა გამოიცნო, მაგრამ ჩასწვდა ბოროტმოქმედებათა სერიის იდუმალ ფორმას და რედ შარლაჩის მიერ შესრულებულ როლს ამ სერიაში (მისი მეორე მეტსახელი დენდი შარლაჩია). ამ კრიმინალს, ბევრ სხვასავით, დაფიცებული ჰქონდა, ლონროტი უნდა გავასაღოო. მაგრამ ამ უკანასკნელს არასოდეს მიუცია თავისი თავისთვის რამით შეშინების უფლება. საკუთარ თავს მოაზროვნე მანქანად მიიჩნევდა, ერთგვარ ოგიუსტ დიუპენად. თუმცა ცხოვრობდა მასში ფათერაკის მაძიებელი, თვით აზარტული თამაშების მოთამაშეც კი.

პირველი დანაშაული მოხდა „ოტელ-დიუ-ნორში“, - მაღალ პრიზმაში, ქვიშისფერწყლებიანი მდინარის შესართავის ზემოთ რომ დასკუპებულა. ამ კოშკში (რომელიც ცნობილია იმით, რომ თავის თავში აერთიანებს სანატორიუმის გულისწამსვლელ სითეთრეს, ციხის დანომრილ დაყოფილობას და ცუდი რეპუტაციის სახლის საერთო შესახედაობას) 3 დეკემბერს დანიშნულ მესამე თალმუდურ კონგრესზე ჩამოვიდა დელეგატი პოდოლსკიდან, დოქტორი მარჩელო იარმოლინსკი, რუხწვერიანი და რუხთვალებიანი კაცი. ვერასოდეს შევიტყობთ, „ოტელ-დიუ-ნორი“ თავისი გემოვნებით შეარჩია თუ მიიღო ოდინდელი შეგუებით, რომელმაც გადაატანინა სამწლიანი ომი კარპატებში და სამიათასწლიანი პოგრომები და ჩაგვრა დედამიწაზე.

ოთახი მისცეს მარჯვენა იარუსზე, გალილეის ტეტრარხის მიერ დაკავებული მრავალოთახიანი ნომრის პირდაპირ. იარმოლინსკიმ ისადილა, მეორე დღისთვის გადადო მისთვის უცნობი ქალაქის დათვალიერება, მაგიდაზე დააწყო თავისი ბევრი წიგნი და ცოტაოდენი ძვირფასეულობა და შუაღამის დადგომამდე სინათლე გამორთო (ასე დაამოწმა ტეტრარხის მძღოლმა, რომელსაც მეზობელ ოთახში ეძინა).

4 დეკემბერს, დღის თორმეტის ნახევარზე, „იდიშ ცაიტუნგის“ ჟურნალისტმა დაურეკა იარმოლინსკის, მაგრამ იმან არ უპასუხა. თავისი ნომრის იატაკზე იპოვეს, რამდენადმე ფერმკრთალი სახით და თითქმის გაშიშვლებული სხეულით, რომელსაც რაღაც ანაქრონისტული ლაბადა ეფარა. დერეფანში გამსვლელი კარიდან არცთუ შორს იწვა. მკერდზე დანით მიყენებული ღრმა ჭრილობა აჩნდა. ორიოდე საათის შემდეგ, იმავე ოთახში, ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა, ჟანდარმებს შორის იდგნენ ლონროტი და პოლიციის კომისარი ტრევირანუსი და მშვიდად განიხილავდნენ პრობლემას.

- აზრი არა აქვს აჩრდილთა დევნას, - ამბობდა ტრევირანუსი და მბრძანებლურ სიგარას იქნევდა, - ყველამ ვიცით, რომ გალილეველ ტეტრარხს მსოფლიოში საუკეთესო საფირონები აქვს. ვიღაცას მათი მოპარვა სურდა და შეცდომით შემოვიდა აქ. იარმოლინსკის გაეღვიძა და მძარცველს მისი მოკვლის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. თქვენ რას ფიქრობთ?

- შესაძლებელი ვერსიაა, მაგრამ უინტერესო, - მიუგო ლონროტმა, - თქვენ მიპასუხებთ, რეალობა ოდნავადაც არ არის ვალდებული, საინტერესო იყოსო. ჩემი მხრივ, გეტყვით: რეალობა შეიძლება იოლას გავიდეს ამ ვალდებულების გარეშე, მაგრამ ვარაუდები - ვერა. თქვენ მიერ შემოთავაზებულ ჰიპოთეზაში, აქ და ამ წამს, შანსი უკუპროპორციულ როლს თამაშობს. ჩვენ წინ მკვდარი რაბინი წევს. ვამჯობინებდი, მქონოდა პირწმინდად რაბინული ახსნა, არა წარმოსახვითი მძარცველის წარმოსახვითი ნახელავი.

ტრევირანუსს განწყობა წაუხდა.

- მე არ მაინტერესებს „რაბინული ახსნა“, როგორც თქვენ უწოდებთ. მე მინდა შევიპყრო ის არამზადა, რომელმაც უცნობ კაცს დანა აძგერა.

- უცნობს? - ჰკითხა ლონროტმა, - აი, მის თხზულებათა სრული კრებული.

და მიუთითა საწერ მაგიდაზე, სადაც მაღალი წიგნები ეწყო: „კაბალას გამართლება“, „რობერტ ფლუდის ფილოსოფია“, „სეფერ იეცირახის“ სიტყვასიტყვითი თარგმანი, „ბაალ შემის ბიოგრაფია“, „ჰასიდიმის ისტორია“, ტეტრაგრამატონის მონოგრაფია გერმანულად, კიდევ ერთი წიგნი ხუთწიგნეულის ღვთაებრივ ტერმინოლოგიაზე.

კომისარმა წიგნებს შიშით - თითქმის ზიზღითაც კი - გახედა.

- მე ერთი საბრალო ქრისტიანი ჯეელი ვარ, - თქვა შემდეგ, - შეგიძლიათ ეგ საგნები შინ წაიღოთ, თუ გამოგადგებათ. ჩემს დროს ებრაული ცრურწმენებისთვის ვერ დავხარჯავ.

- მიუხედავად ამისა, ეს დანაშაული შეიძლება ეკუთვნოდეს ებრაულ ცრურწმენებს, - ჩაიბუტბუტა ლონროტმა.

- ქრისტიანობის არ იყოს, - გესლიანად დაუმატა „იდიშ ცაიტუნგის“ ჟურნალისტმა.

ახლომხედველი იყო, გაუბედავი, ათეისტი. მის შენიშვნაზე არავის არაფერი უთქვამს. ერთ-ერთმა აგენტმა პატარა საბეჭდ მანქანაში იპოვა ფურცელი დაუმთავრებელი განაცხადით: სახელის პირველი ასო დაიწერა.


ლონროტმა ღიმილი შეიკავა. უეცრად ქცეულმა ბიბლიოფილად თუ ებრაისტად, მან ერთ-ერთ ოფიცერს გარდაცვლილი კაცის წიგნები შეაფუთვინა და შინ წაიღო. მერე კი, გულგრილი პოლიციური გამოძიებისადმი, ლონროტი წიგნებს ჩაუჯდა. თაბახის მერვედი ფორმატის ერთმა წიგნმა მას გაუმჟღავნა გულმოწყალეთა სექტის დამფუძნებლის, იზრაელ ბაალ შემ ტოვის სწავლება. მეორე წიგნში გადმოცემული იყო ტეტრაგრამატონის - ღმერთის გამოუთქმელი სახელის - სათნოებები და რისხვა- თავზარი. მესამეში - ის, რომ ღმერთს აქვს საიდუმლო სახელი, რომელიც (იმ ბროლის სფეროს მთლად მსგავსად, სპარსელები რომ მიაწერდნენ ალექსანდრე მაკედონელს) შეიცავს მის მეცხრე ატრიბუტს, მარადისობას - ანუ მეყსეულ ცოდნას - ყველა საგნისა, რაც იქნება, არის და იყო სამყაროში. ტრადიციის მიხედვით, ღმერთს ოთხმოცდათერთმეტი სახელი აქვს, თუმცა ებრაისტები ამ არასრულყოფილ რიცხვს ლუწი რიცხვების მაგიური შიშით ხსნიან. ჰასიდიმი აცხადებს, ტექსტში დარჩენილი სიცარიელე მეასე - და აბსოლუტურ - სახელზე მიუთითებსო. რამდენიმე დღის შემდეგ ლონროტი მოსწყვიტეს ამ შტუდირებას: „იდიშ ცაიტუნგის“ ჟურნალისტს მასთან საუბარი სურდა მკვლელობასთან დაკავშირებით. ლონროტი კი ღმერთის მრავალ სახელზე საუბარს ამჯობინებდა. ჟურნალისტმა სამი სვეტი მიუძღვნა იმ ამბავს, რომ სახელგანთქმული დეტექტივი ლონროტი ღვთის სახელების შესწავლას შეუდგა მკვლელის სახელის დასადგენად. ჟურნალისტურ გამარტივებებს მიჩვეულ ლონროტს არაფერი სწყენია. ერთ-ერთმა მაღაზიის მეპატრონემ, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ნებისმიერი კაცი შეიძლება დაარწმუნო - იყიდოს ნებისმიერი წიგნი, გამოსცა პოპულარული გამოცემა „ჰასიდიმის ისტორია“. მეორე დანაშაული მოხდა 3 იანვარს, დედაქალაქის ყველაზე უკაცრიელ და ყველაზე ღვთით დავიწყებულ გარეუბანში. თენების დრო იქნებოდა, რომ ერთ-ერთმა ცხენიანმა ჟანდარმმა, იმ კვარტალების უდაბურების მეთვალყურემ, საღებავების ძველი ფაბრიკის შესასვლელში მწოლიარე პონჩოში გახვეული კაცი დაინახა. მისი მკაცრი სახე ისე გამოიყურებოდა, თითქოს სისხლის ნიღაბი ეკეთა, მკერდზე კი ღრმა ჭრილობას დაეღო პირი. კედლის წითელ და ყვითელ რომბებზე ვიღაცას ცარცით მიეწერა სიტყვები, რომლებიც ჟანდარმმა დამარცვლით წაუკითხა თავის თავს... იმ ნაშუადღევს ტრევინარუსი და ლონროტი დანაშაულის შორეული ადგილისკენ დაიძრნენ. მათი მანქანის მარჯვნივ და მარცხნივ ქალაქის სახლები და უბნები ერთმანეთს ენაცვლებოდა. თანდათანობით ცამ მეტი სივრცე დაიკავა, სახლებმა - უფრო და უფრო ნაკლები, აგურის გამოსაწვავმა ღუმელმა და ალვის ხემ - მეტი და მეტი. აი, ის შესაბრალისი ადგილიც: ბოლო გასასვლელი ვარდისფერ კედლებს შორის, თითქოს რაღაცნაირად რომ ირეკლავდა შეუჩერებელ დაისს. ამ მომენტისთვის გარდაცვლილის ვინაობა უკვე დადგინდა: დანიელ სიმონ აზევედო, შესაბამისი რეპუტაციის კაცი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის ძველ ჯურღმულებში, სადაც ვაგონის მძღოლიდან არჩევნების დღის ყაჩაღამდე ამაღლდა მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ დაცემულიყო ქურდობამდე და თვით ჯაშუშობამდეც კი (მისი სიკვდილის საგანგებო მანერა თითქოს შესატყვისიც იყო: აზევედო იყო დამნაშავეთა იმ თაობის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც იყენებდა დანას და არა რევოლვერს). აი, რა ეწერა იქ ცარცით: სახელის მეორე ასო დაიწერა.

მესამე დანაშაული მოხდა 3 თებერვლის ღამეს. პირველს რამდენიმე წუთი აკლდა, რომ კომისარ ტრევირანუსის კაბინეტში ტელეფონი აწკრიალდა. გაისმა კაცის ხორხისმიერი, მძაფრად გასაიდუმლოებული ხმა. უცნობმა კომისარს თავი გინზბერგად (თუ გინზბურგად) წარუდგინა და უთხრა: გარკვეული ანაზღაურების შემთხვევაში ზოგიერთ დეტალს გაგიმხელთ ორ მსხვერპლთან - აზევედოსა და იარმოლინსკისთან დაკავშირებითო. სტვენისა და სამეჯლისო საყვირთა ღრიანცელმა ინფორმატორის ხმა გადაფარა და საუბარი შეწყდა. ისე, რომ ეშმაკობის შესაძლებლობაც არ გამოურიცხავს (ყოველივეს შემდეგ, კარნავალის პერიოდი იდგა), ტრევირანუსმა გამოიძია და მიაგნო, რომ ზარი ლივერპულის სახლიდან იყო, ტულონის ქუჩაზე მდებარე ტავერნიდან.

ამ გულისამრევ ქუჩაზე ყველაფერს ერთად მოეყარა თავი: საოცრებათა პოპულარულ მუზეუმსა და რძის მაღაზიას, საროსკიპოსა და ბიბლიის გამყიდველთა კომპანიას. ტრევირანუსმა დაურეკა იმ ადგილის მფლობელს - ბლეკ ფინეგანს, წარსულში ირლანდიელ კრიმინალს, სადღეისოდ - პატიოსნებით იმდენად სავსეს, რომ ლამის წალეკილს. მან ტრევირანუსს უთხრა: უკანასკნელი, ვინც ტელეფონით ისარგებლა, ჩემი მდგმური გრიფიუსია, რომელიც წუთის წინ გავიდა თავის მეგობრებთან ერთადო. კომისარი მომენტალურად გაჩნდა „ლივერპულის სახლთან“.

მფლობელმა ესეც უთხრა: რვა დღის წინ გრიფიუსმა - მკვეთრნაკვთებიანმა კაცმა ღრუბლოვან-რუხი წვერითა და აუწერელი შავი კოსტიუმით - იქირავა ოთახი უშუალოდ ბარის თავზე. ფინეგანმა (რომელიც, ჩვეულებრივ, იმ ოთახს აქირავებდა ისეთი მიზნით, რომლის გამოცნობა ტრევირანუსს არ გასჭირვებია) დაუსახელა ფრიად მსუყე ქირა, რომელიც გრიფიუსს უყოყმანოდ გადაუხდია. თითქმის არასოდეს გამოდიოდა თავისი ოთახიდან. ლანჩსაც და სადილსაც იქ მიირთმევდა და ერთხელაც კი არ გამოჩენილა ბარში. იმ ღამეს ფინეგანის კაბინეტში ჩასულა დასარეკად.

შემდეგ ტავერნასთან დახურული ავტომანქანა გაჩერდა. მძღოლი არ გადმოსულა. ზოგიერთმა კლიენტმა გაიხსენა, რომ მძღოლს ხელოვნური წვერი ეკეთა. მანქანიდან ორი ჯამბაზური ფიგურა გადმოვიდა: ჩია ტანისა იყვნენ და, როგორც უკლებლივ ყველამ შენიშნა, მთვრალები. ფინეგანის კაბინეტში შეცვივდნენ სამეჯლისო საყვირების ჭყვიტინით და მკლავები შემოხვიეს გრიფიუსს, რომელმაც აშკარად იცნო ისინი, თუმცა რამდენადმე ცივად მიესალმა. მათ რამდენიმე იდიშური სიტყვა გაცვალეს: გრიფიუსმა - დაბალი, ხორხისმიერი ხმით, იმათ - ერთგვარი ფალცეტით, რის შემდეგაც ყველანი გრიფიუსის ოთახში ავიდნენ. თხუთმეტი წუთის შემდეგ სამი კაცი ისევ ქვემოთ ჩამოვიდა. სავსებით ბედნიერად გამოიყურებოდნენ. გრიფიუსი ტორტმანებდა, დანარჩენი ორივით მთვრალი ჩანდა. მაღალი და ნაბიჯარეული, ორ ნიღბიან ჯამბაზს შუაში მოექცია (ბარში მჯდომ ერთ ქალს ახსოვს ყვითელი, წითელი და მწვანე რომბები). ორჯერ წაიბორძიკა, ორჯერვე ჯამბაზებმა შეაკავეს. სამივენი დახურულ მანქანაში ჩასხდნენ და უახლოესი პირსისა და მისი მართკუთხა წყლის მიმართულებით წავიდნენ.

უკვე დაძრულ მანქანაში ჩაჯდომის წინ მეორე ჯამბაზმა ბარის შემოსასვლელთან მდგარ ერთ-ერთ დაფას უხამსი ფიგურა მიახატა და ფრაზაც მიაწერა. ტრევირანუსმა ფრაზას შეხედა, თუმცა თითქოს უკვე წინდაწინ იცოდა: სახელის უკანასკნელი ასო დაიწერა. შემდეგ გრიფიუს-გინზბურგის პატარა ოთახი დაათვალიერა. იატაკზე სისხლის ლაქა იყო, კუთხეებში უნგრული სიგარეტის ნამწვავები ეყარა. მაგიდაზე იდო ლათინური წიგნი: ლესდენის „Philologus hebrњgrњcus“ (1739), რომელშიც ხელით ნაწერი რამდენიმე შენიშვნაც აღმოჩნდა. ტრევირანუსმა წიგნს აღშფოთებით შეხედა და კაცი გაგზავნა ლონროტის მოსაყვანად. ეს უკანასკნელი მოსვლისთანავე ჩაეფლო წიგნში, ქუდიც კი არ მოუხდია. ამასობაში კომისარი თვითმხილველებს კითხვებს უსვამდა შესაძლებელ მოტაცებასთან დაკავშირებით. ისინი ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს იძლეოდნენ. ოთხ საათზე კომისარი და ლონროტი ბარიდან გავიდნენ. ტულონის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩაზე, განთიადის მკვდარ ტრანსპარანტებსა და ფერად ქაღალდებს შორის რომ მიაბიჯებდნენ, ტრევირანუსმა იკითხა: - თუკი ეს ამღამინდელი ამბავი თვალთმაქცობა და სიმულაციაა, მაშინ? ერიკ ლონროტმა გაიღიმა და კომისარს სერიოზული ტონით წაუკითხა ფრაზა (რომელსაც ხაზი ჰქონდა გასმული) Philologus-ის ოცდამეცამეტე ტრაქტატიდან: „Dies Judњorum incipit a solis occasu usque ad solis occasum diei sequentis“, რაც ნიშნავს: „ებრაული დღე იწყება დაისის დროს და გრძელდება მეორე დღის დაისამდე“.
კომისარმა სცადა ირონიით ეპასუხა: - და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ამ ღამეს მოიძიეთ?

- არა, ყველაზე მნიშვნელოვანია სიტყვა, რომელიც გინზბურგმა გამოიყენა.

ნაშუადღევის გაზეთები არაფერს იუწყებოდნენ ერთმანეთს მიყოლებულ მკვლელობებსა და გაუჩინარებებზე. „ჯვარი და მახვილი“ ასეთ ამბებს უპირისპირდებოდა საუცხოო დისციპლინითა და წესრიგით, რომელიც სუფევდა ბოლო ჰერმეტულ კონგრესზე; „მარტვილში“ ერნსტ პალასტი ადანაშაულებდა „აუტანელ შეყოვნებებს ფარულ და მწირ პოგრომში, რომელსაც სამი თვე დასჭირდა სამი ებრაელის გასაქრობად“; „იდიშ ცაიტუნგი“ უკუაგდებდა ანტისემიტური შეთქმულების თავზარდამცემ თეორიას, „თუმცა არაერთი გამჭრიახი გონება სხვას ვერაფერს შეიტყობს ამ სამმაგი საიდუმლოს შესახებ. ქალაქის სამხრეთი ნაწილის ყველაზე სახელგანთქმულმა ბანდიტმა, დენდი რედ შარლაჩმა, დაიფიცა, ჩემს ტერიტორიაზე მსგავსი დანაშაული არასოდეს მომხდარაო, და პოლიციის კომისარი ფრანც ტრევირანუსი კრიმინალურ დაუდევრობაში დაადანაშაულა“. პირველ მარტს იმავე ტრევირანუსმა მიიღო შთამბეჭდავი შესახედაობის დაბეჭდილი კონვერტი. მასში აღმოჩნდა წერილი, რომელსაც ხელს აწერდა „ბარუხ სპინოზა“, და აშკარად ბეიდიკერისგზამკვლევიდან ამოგლეჯილი დეტალური რუკა. წერილი წინასწარმეტყველებდა, რომ 3 მარტს არ მოხდებოდა მეოთხე დანაშაული, რადგან საღებავის ფაბრიკა ქალაქის დასავლეთ ნაწილში, ტავერნა ტულონის ქუჩაზე და „ოტელ-დიუ-ნორი“ „მისტიკური, ტოლფერდა სამკუთხედის სრულყოფილი წერტილები“ იყო. წითელი მელანი რუკაზე უჩვენებდა ამ განაცხადის მართებულებას. ტრევირანუსმა მორჩილად შეისწავლა ეს გეომეტრიული არგუმენტი, მერე კი წერილიცა და რუკაც შინ გაუგზავნა ლონროტს: ის ნამდვილად იმსახურებდა ასეთ აბდაუბდას. ერიკ ლონროტმა შეისწავლა რუკა და წერილი. სამი ადგილი მართლაცდა თანაბრად იყო დაშორებული ერთმანეთისგან. სიმეტრია დროში (3 დეკემბერი, 3 იანვარი, 3 მარტი), სიმეტრია სივრცეშიც... ლონროტმა უეცრად იგრძნო, რომ საიდუმლოს გახსნამდე აღარაფერი უკლდა. სახაზავმა, ფარგალმაც და სანავიგაციომაც დაასრულა ეს უეცარი მიგნება. ლონროტმა გაიღიმა, წარმოთქვა ტეტრაგრამატონ (ცოტა ხნის წინ ათვისებული სიტყვა) და კომისარს დაურეკა.
- მადლობა წუხელ გამოგზავნილი ტოლფერდა სამკუთხედისთვის. ზუსტად ეგ მჭირდებოდა თავსატეხის ამოსახსნელად. ხვალ, პარასკევს, ბოროტმოქმედები ციხეში ისხდებიან. შეგვიძლია მოვისვენოთ.

- ესე იგი, მეოთხე დანაშაულს არ გეგმავენ?

- სწორედ იმიტომაც უნდა მოვისვენოთ, რომ გეგმავენ, - თქვა ლონროტმა ყურმილის დაკიდების წინ.

ერთი საათის შემდეგ სამხრეთის რკინიგზის მატარებელში იჯდა და მიტოვებულ ვილა ტრისტ-ლე-რუასკენ მიქროდა. ჩემი ამბის ქალაქის სამხრეთში ტალახიანი, ნაგვითა და ტყავის ქარხნების ჩამონადენით სავსე ნაკადი მიედინება. მის მეორე მხარეს ფაბრიკებით სავსე გარეუბანია, სადაც ბარსელონელი განგსტერის მფარველობის ქვეშ ბანდიტები ლაღობენ. ლონროტს გაეღიმა: ამ კრიმინალთა შორის ყველაზე სახელოვანი - რედ შარლაჩი - ყველაფერს მისცემდა, ოღონდაც სცოდნოდა მისი ფარული ვიზიტის ამბავი დღეს. აზევედო შარლაჩის ბანდის ერთ-ერთი წევრი იყო. ლონროტმა ერთი წუთით დაუშვა, მეოთხე მსხვერპლი შეიძლება თვითონ შარლაჩი იყოსო... მაგრამ უკუაგდო ეს შესაძლებლობა. არსობრივად, პრობლემა გადაჭრილი ჰქონდა. რაც შეეხება უბრალო გარემოებებს, გარეგან რეალობას (სახელებს, სახეებს, ეჭვმიტანილთა დაჭერას, სასამართლო პროცესსა და ციხეში ჩასმას), ეს მაინცდამაინც არ აინტერესებდა. ახლა ლონროტს გასეირნება უნდოდა, უნდოდა ცოტა ამოესუნთქა სამთვიანი მჯდომარე გამოძიების შემდეგ. მისი აზრით, ჩადენილ დანაშაულთა გასაღები ანონიმურ სამკუთხედში და დამტვერილ ბერძნულ სიტყვაში იდო. ახლა საიდუმლოს იმდენად გამჭვირვალედ ხედავდა, რომ შეცბუნებული ფიქრობდა: ასი დღე დავხარჯე ამის ამოსაცნობადო. მატარებელი უხმაურო სატვირთო ბაქანთან შეჩერდა. ლონროტი ჩამოვიდა. ერთ-ერთი იმ უკაცრიელ საღამოთაგანი იყო, განთიადს რომ წააგავს. ბინდჩამდგარ ველთა ჰაერი ცივი და ნოტიო იყო. ლონროტი პირდაპირ შეუყვა მინდვრებს. დაინახა ძაღლები, დაინახა ფურგონი თუ სატვირთო მანქანა გასასვლელში, რომელიც ჩიხით მთავრდებოდა, დაინახა ჰორიზონტი, დაინახა ვერცხლისფერი ცხენი, რომელიც ბალახმოდებულ გუბეში იდგა და წყალს სვამდა. უკვე ბნელდებოდა, როცა დაინახა ვილა ტრისტ-ლე-რუას მართკუთხა ბელვედერი, რომელიც თითქმის ისევე მაღლა იდგა, როგორც შავი ევკალიპტები მის ირგვლივ. ლონროტს აზრად მოუვიდა, რომ მხოლოდ ერთი ალიონი და ერთი დაისი (ერთი ძველი ნათება აღმოსავლეთით და მეორე ნათება დასავლეთით) აშორებდა იმ ჟამისგან, რომელსაც სახელის მაძიებლები მიელტვოდნენ. ვილის ტერიტორიის არასწორ პერიმეტრს დაჟანგული მესერი ერტყა. მთავარი კარიბჭე დაკეტილი იყო. დიდი მოლოდინის გარეშე, შესასვლელს ვიპოვიო, ლონროტმა მთელ მესერს შემოუარა. შეუღწევ კარიბჭესთან დაბრუნებულმა თითქმის მექანიკურად შეყო ხელი ცხაურში და საკეტს მიაგნო. რკინის ჭრიალმა შეაკრთო: მძიმე-მძიმედ და პასიურად, მთელი კარიბჭე დაიძრა. ლონროტმა გზა განაგრძო ევკალიპტებს შორის. წლების ფენებად დაფენილ მკვრივ წითელ ფოთლებზე მიაბიჯებდა. ვილა ტრისტ-ლე-რუას კუთვნილ სახლს მრავალი უმიზნო სიმეტრია და აკვიატებული გამეორება ჰქონდა. ბნელ ნიშაში მდგარ ყინულოვან დიანას მოპირდაპრე ნიშიდან მეორე დიანა ეხმიანებოდა. ერთი აივანი მეორეში ირეკლებოდა. ორმაგი კიბე ორმაგ ბალუსტრადაზე ადიოდა. ორსახოვანი იანუსი ურჩხულისებურ ჩრდილს აფენდა.

ლონროტმა სახლს მთლიანად შემოუარა, ისევე, როგორც მთელ ვილას გარედან. ყველაფერი დაათვალიერა. ტერასის ქვეშ ვიწრო კარი შენიშნა და მიაწვა. ორი თუ სამი მარმარილოს კიბე ჩადიოდა სარდაფში. ლონროტმა, რომელსაც ამასობაში უკვე გასჩენოდა არქიტექტორის ყნოსვა, იგრძნო, რომ მოპირდაპირე კედელშიც იქნებოდა ასეთივე საფეხურები. იპოვა კიდეც, აუყვა, ხელები ასწია და კარ-სარქველი ახადა. მანათობელმა სინათლემ ფანჯრისკენ წაიყვანა და ესეც გააღო. მრგვალი ყვითელი მთვარე ფოთლებით ამოვსებულ ორ უწყლო შადრევანს აჩენდა ნაღვლიან ბაღში. ლონროტმა სახლი გამოიკვლია. ფოიეები სასადილო ოთახებში გადიოდა, იქიდან - გალერეებში, ბოლოს - ორ ერთნაირ შიდაეზოში. მტვრიანი კიბეები მრგვალ ვესტიბიულებში ადიოდა. უსასრულოდ შეეძლო უკან დახევა ერთმანეთის მოპირდაპირე სარკიან კედლებში. დაიღალა გზადაგზა შეხვედრილი ფანჯრების გაღებით ან ნახევრად გაღებით. გარეთ, სხვადასხვა სიმაღლიდან და კუთხიდან, იგივე მიტოვებული ბაღი ჩანდა. შიგნით - სიყვითლეშეპარულ თეთრ შალითებში გახვეული ავეჯეულობა, მუსლინში შეფუთული შანდლები. საწოლ ოთახში შეჩერდა. ერთადერთი ყვავილი იდო ფაიფურის ლარნაკში. თითის წვერების პირველივე შეხებაზე ყვავილის გამომშრალი ფურცლები დაიფშვნა. მეორე სართულზე, ბოლო სართულზე, სახლი უსასრულო ჩანდა და კიდევაც მზარდი. „არც ისე დიდი სახლია, - ფიქრობდა ლონროტი, - დიდის შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი ბუნდოვანების, სიმეტრიების, სარკეების, სიძველის, ჩემი გაუშინაურებლობისა და თავისი მიტოვებულობის გამო“. კიბემ ბელვედერზე გაიყვანა. საღამოს მთვარე ფანჯრების რომბებიდან შემოდიოდა. ყვითელი, წითელი და მწვანე რომბები იყო. ლონროტი ადგილზე გააშეშა გამაოგნებელმა, თავბრუდამხვევმა მოგონებამ.

ორი ღონიერი, ჯმუხი კაცი მეყსეულად ეცა და განაიარაღა. მესამე - საკმაოდ მაღალი - სერიოზულად მიესალმა.

- ძალიან კეთილი ხარ: ერთი ღამე და ერთი დღე დაგვაზოგვინე.

ეს რედ შარლაჩი იყო. კაცებმა ლონროტს ხელები შეუკრეს.

- შარლაჩ... შენ საიდუმლო სახელს ეძებ? - როგორც იქნა, ხმა ამოიღო მან.

შარლაჩი უდრტვინველად იდგა. წამიერ გაბრძოლებაში მონაწილეობა არ მიუღია და ახლა მხოლოდ ხელი გაიშვირა ლონროტის რევოლვერისკენ. მერე ალაპარაკდა და მის ხმაში ლონროტმა ამოიკითხა დაღლილი გამარჯვება, სამყაროსავით უკიდეგანო სიძულვილი და ამ სიძულვილზე არანაკლები სევდა.

- არა, რაღაც უფრო წარმავალსა და ხრწნადს ვეძებ, ანუ - ერიკ ლონროტს. სამი წლის წინ, ტულონის ქუჩის სათამაშო ბუნაგში, შენ ჩემი ძმა დაიჭირე და შეესწარი, როგორ გაგზავნეს ციხეში. ჩემმა კაცებმა გადმომიყვანეს მანქანიდან და გადამარჩინეს ორმხრივი სროლის დროს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მუცელში პოლიციელის ტყვია მომხვდა. ცხრა დღე და ცხრა ღამე ვიწექი ციებცხელებიანი და სიკვდილს ვებრძოდი ამ მიტოვებულ, სიმეტრიულ ვილაში. ეს საძაგელი ორთავიანი იანუსი, რომელიც დაისსაც უყურებს და აისსაც, თავზარს სცემდა ჩემს ბოდვას და უძილობას. იქამდე მივედი, რომ ჩემსავე სხეულზე გული მერეოდა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ორი თვალი, ორი ხელი, ორი ფილტვი ისეთივე საშინელებაა, როგორიც ორი სახე ერთ თავზე. ერთმა ირლანდიელმა სცადა ქრისტეს რწმენაზე მოვექციე. კიდევ და კიდევ იმეორებდა გოიმის[65] სიტყვებს: ყველა გზა რომში მიდის. ღამღამობით, ბოდვა კიდევ უფრო მეძალებოდა ამ მეტაფორაზე: ვგრძნობდი, რომ ქვეყნიერება ლაბირინთია, რომლიდანაც გამოსვლა შეუძლებელია, რადგან ყველა გზა, თუნდაც ვითომდა ჩრდილოეთით ან სამხრეთით მიჰყავდი, ბოლოს მაინც რომში ბრუნდებოდა. ქვეყნიერება იყო ის მართკუთხა ციხეც, სადაც ჩემი ძმა კვდებოდა, და ეს ვილა ტრისტ-ლე-რუაც. იმ ღამეებში შევფიცე ღმერთს, ორი სახით რომ ხედავს, შევფიცე ციებ-ცხელებისა და სარკეების ყველა ღმერთს - მომექსოვა ლაბირინთი იმ კაცის გარშემო, რომელმაც ძმა დამიპატიმრა. ჰოდა, მოვქსოვე და კარგადაც გაუძლო: მისი მასალებია მკვდარი ერესიოლოგი, ფარგალი, VIII საუკუნის კულტი, ბერძნული სიტყვა, ხანჯალი, საღებავების ფაბრიკის რომბები... პირველი პუნქტი სრულებით შემთხვევით მომეცა. ზოგიერთ მეგობართან ერთად - მათ შორის იყო დანიელ აზევედოც - დაგეგმა, როგორ მოგვეპარა ტეტრარქის საფირონები. თუმცა აზევედომ გვიმტყუნა.

მისთვის წინდაწინ გადახდილი ფული სასმელს მიახარჯა და საქმეს ერთი დღით ადრე შეუდგა. მაგრამ იმ ვეებერთელა სასტუმროში გზა დაებნა და დილის ორ საათზე იარმოლინსკის ოთახში შევარდა. უძილობით გატანჯული იარმოლინსკი თავის საბეჭდ მანქანასთან იჯდა და ბეჭდავდა. შემთხვევამ ინება, რომ რაღაც შენიშვნებს იწერდა ან სულაც სტატიას წერდა ღმერთის სახელზე. იმ მომენტისთვის სულ ახალი დაბეჭდილი ჰქონდა სიტყვები სახელის პირველი ასო დაიწერა. აზევედომ უთხრა, ჩუმად იყავიო. იარმოლინსკის ხელი წაუღია ზარისკენ, რომელიც მთელ სასტუმროს ფეხზე დააყენებდა, და აზევედომაც მკერდში ჩაარტყა დანა. ეს მოძრაობა თითქმის რეფლექსური იყო: ძალადობის ნახევარსაუკუნოვანმა პრაქტიკამ აზევედოს ასწავლა, რომ ყველაზე იოლი და უსაფრთხო საშუალება, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანის მოკვლაა... ათი დღის შემდეგ „იდიშ ცაიტუნგიდან“ შევიტყვე, რომ შენ ცდილობდი იარმოლინსკის სიკვდილის გასაღები თვით მისსავე ნაწერებში გეპოვა. მე „ჰასიდიმის ისტორია“ წავიკითხე და შევიტყვე, რომ ღმერთის სახელის წარმოთქმის მოწიწებულ შიშს სათავე დაუდვია მოძღვრებისთვის, რომლის მიხედვითაც ღმერთის სახელი ყოვლისშემძლეა და ოკულტური. შევიტყვე, რომ მავანი ჰასიდიმი ამ დაფარული სახელის ძიებაში იმდენად შორს წასულა, რომ ადამიანიც კი შეუწირავს მსხვერპლად... მივხვდი, რომ შენ ივარაუდებდი: რაბინი ჰასიდიმმა იმსხვერპლაო, და ამ ვარაუდის დადასტურებით დავიწყე. მარჩელო იარმოლინსკი 3 დეკემბრის ღამეს გარდაიცვალა. მეორე „მსხვერპლისთვის“ 3 იანვარი შევარჩიე. იარმოლინსკი ჩრდილოეთ ნაწილში მოკვდა, მეორე „მსხვერპლს“ სიკვდილი დასავლეთ ნაწილში უნდა სწვეოდა. დანიელ აზევედო აუცილებელი მსხვერპლი იყო. მან ეს დაიმსახურა - იმპულსურად მოქმედმა და მოღალატემ. თუ დაიჭერდნენ, გეგმას ჩამიგდებდა. ერთ-ერთმა ჩემმა კაცმა ხანჯალი დაჰკრა, ვინძლო პირველი სხეული მეორეს გადაჰბმოდა. და მეც საღებავების ფაბრიკის რომბებს დავაწერე: სახელის მეორე ასო დაიწერა.

მესამე „ბოროტმოქმედება“ მოხდა 3 თებერვალს. ეს, როგორც ტრევირანუსი მიხვდა, მხოლოდ თვალთმაქცობა და სიმულაცია იყო. მე ვარ გრიფიუს-გინზბერგ- გინზბურგი და მე დავყავი (ქსოვილივით თხელი ყალბი წვერით) ერთი დაუსრულებელი კვირა იმ საძაგელ ბუნაგში ტულონის ქუჩაზე, სანამ ჩემი მეგობრები მომიტაცებდნენ. ერთმა მათგანმა პირდაპირ მანქანის საფეხურიდან მიაწერა დაფას შენთვის ნაცნობი სიტყვები: სახელის ბოლო ასო დაიწერა. ფრაზა ამხელდა, რომ ეს სერია სამი დანაშაულისგან შედგებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე გაიგო ეს ქუჩიდან წამკითხავმა. მაგრამ გზადაგზა მე ისევ ვტოვებდი სამხილებს, რათა შენ - დასკვნების გამომტანი ერიკ ლონროტი - მიხვედრილიყავი, რომ სერია, რეალურად, ოთხი ბოროტმოქმედებისგან შედგებოდა. ერთი ნიშანი ჩრდილოეთში, კიდევ ორი - აღმოსავლეთსა და დასავლეთში მოითხოვს მეოთხე ნიშანს სამხრეთში. ყოველივეს შემდეგ, ტეტრაგრამატონ, ღმერთის სახელი, იჰვჰ, ოთხი ასოსგან შედგება. ჯამბაზები და საღებავების მანუფაქტურისტის ემბლემა ოთხ პუნქტს მიანიშნებს. მე თვითონ გავხაზე ფრაზა ლესდენის წიგნში. ეს ფრაზა ამბობს: ებრაელები დღეს ითვლიან დაისიდან დაისამდე, და ამით აგებინებს მის წამკითხველს, რომ სიკვდილი ყოველი თვის მეოთხე რიცხვში მოდიოდა. ეს მე გავუგზავნე ტოლფერდა სამკუთხედი ტრევირანუსს. ვიცოდი, რომ შენ გამოტოვებულ წერტილს დაუმატებდი, წერტილს, რომელიც სრულყოფილ რომბს ქმნის, წერტილს, რომელიც აფიქსირებს ადგილს, სადაც ცალსახად გელოდება სიკვდილი. მე დავგეგმე და მოვიმოქმედე ეს ყველაფერი, ერიკ ლონროტ, რათა შენ ტრისტ-ლე-რუას სიმარტოვეში მომეზიდე. ლონროტმა მზერა აარიდა შარლაჩის თვალებს. დაბინდული წითელი, მწვანე, ყვითელი რომბების მიღმა ხეებს და ცას გახედა. სხეულში სუსხი და რაღაც უპიროვნო, თითქმის ანონიმური სევდა შეიგრძნო. გარეთ სიბნელე იდგა, მიტოვებული ბაღიდან რომელიღაც ფრინველის უმიზნო ძახილი ამოდიოდა. უკანასკნელად დაუფიქრდა სიმეტრიული, თანაბარი ინტერვალებით დაშორებული მკვლელობების პრობლემას.

- სამი ხაზი ზედმეტია შენს ლაბირინთში, - თქვა ბოლოს, - ვიცი, რომ ბერძნული ლაბირინთი ერთი სწორი ხაზია. იმდენი ფილოსოფოსი დაიკარგა ამ ხაზზე, რომ უბრალო დეტექტივს ეს შეიძლება ეპატიოს. როცა მომდევნო განსხეულებაში დამიჭერ, შარლაჩ, გირჩევ მხოლოდ გაითამაშო (ან ჩაიდინო) ერთი დანაშაული A წერტილში, მეორე B-ში, რვა კილომეტრზე A-დან, მესამე C-ში, ოთხ კილომეტრზე A- დან და B-დან, ნახევარ გზაზე მათ შორის. მერე კი D წერტილში დამელოდე, ორ კილომეტრზე A-დან და C-დან, კიდევ ერთხელ - შუა გზაზე მათ შორის. D-ში მომკალი, როგორც ახლა მკლავ ტრისტ-ლე-რუაში.

- მომდევნო ჯერზე, როცა მოგკლავ, გპირდები ლაბირინთს, რომელიც ერთი უხილავი და უსასრულო ხაზისგან შედგება, - უპასუხა შარლაჩმა, რამდენიმე ნაბიჯით უკან მიდგა და რევოლვერის ჩახმახს ძალზე ფრთხილად გამოჰკრა თითი.

1942 წელი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში