ნიკოლო მაკიაველის წერილი ფრანჩესკო თეტორისადმი

„...დილაადრიანად ვდგები და მივდივარ ტყეში, რათა დავხედო შეშისმჭრელებს, რომლებიც ჩემს ტყესა ჭრიან; იქიდან ნაკადულისაკენ მივეშურები, ნაკადულიდან კი - ჩიტების მახისაკენ.

ჯიბეში წიგნი მიდევს: ეს ან დანტეა და პეტრარკა, ან ტიბულუსი და ოვიდიუსი. მე ვკითხულობ მათ სასიყვარულო ინტრიგებსა და თავგადასავლებს, ვიგონებ ჩემსას და ერთხანს ამ ფიქრებით ვტკბები. შემდეგ შევდივარ გზის პირას მდგარ დუქანში, ვესაუბრები გამვლელ-გამომვლელს, ვგებულობ ქვეყნის ამბებს, ყურს ვუგდებ ხალხის ყბედობას და მიეთ-მოეთს. ამასობაში სადილობაც მოატანს და ჩემს ოჯახთან ერთად ღარიბულ სუფრას ვუჯდები... სადილის შემდეგ კვლავ მივდივარ დუქანში, სადაც, ჩვეულებისამებრ, უკვე სხედან მედუქნე, ყასაბი, მეწისქვილე და ორი მეფუნთუშე.

მათთან ერთად ბანქოს თამაშში ვატარებ დანარჩენ დროს; თამაშისას ხშირად მოგვდის ჩხუბი, ვაგინებთ და ვლანძღავთ ერთმანეთს, გამწარებით ვიბრძვით თითოეული კუატრინოსთვის და ისე ვღრიალებთ, რომ ჩვენი ხმა თვით სან კაშანომდე აღწევს... მე ვინთქმები ამ პლებეურ გარემოში, ხავსისაგან ვიწმენდ ტვინს და გასაქანს ვაძლევ ჩემს ბოროტ სვეს: დაე, გამქელოს, მე კი ვუყურებ, შერცხვება თუ არა ამ ურცხვს“...

„შებინდებისას შინ ვბრუნდები და ჩემი სამუშაო ოთახისკენ მივდივარ. ზღურბლზევე ვიხდი გატალახიანებულსა და მტვერში ამოგანგლულ ჩემს გლეხურ სამოსს და სამეფო და სასალუქო ტანსაცმლით ვიმოსები. ასე მორთულ- მოკაზმული შევდივარ წარსული დროის ბრძენკაცთა საკრებულოში. ისინი ალერსით მიღებენ, და, აი, ვტკბები საზრდოთი, რომელიც მხოლოდ ჩემთვისაა გამზადებული. აქ მე სირცხვილის გარეშე ვესაუბრები მათ, ვეკითხები მათი ქცევის მიზეზს, და ისინიც მოწყალედ მაძლევენ პასუხს. ოთხი საათის განმავლობაში მე არ ვიცი, რა არის დაღლილობა და მოწყენილობა. მე მავიწყდება ყოველგვარი გასაჭირი, აღარ მაშინებს სიღარიბე, არ ვუფრთხი სიკვდილს და მთელი არსებით ვინთქმები ამ გარდასულ სამყაროში“.

1513 წლის 10 დეკემბერი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში