ნიკოლო მაკიაველი ფლორენციის სენიორიის მდგომარეობაზე

„ჩვენ ვერ ვხედავთ მოქალაქეთა შორის ვერც თანხმობას და ვერც ერთსულოვნებას, ანდა, თუ ვხედავთ, მხოლოდ მათ შორის, რომლებიც ერთიანდებიან სახელმწიფოსა თუ კერძო პირთა მიმართ რაიმე ბოროტმოქმედების ჩასადენად. 

აღარც სარწმუნოება არსებობს და აღარც ღვთის შიში. ფიცსა და აღთქმას მხოლოდ მანამდე ასრულებენ, სანამდის ამას მოითხოვს მათი ანგარება. დიახ, ფიცს მხოლოდ იმისთვის დებენ, რომ გატეხონ და დაარღვიონ: ის სხვა არა არის რა, თუ არა სხვისი მოტყუების საშუალება, და, რაც უფრო თვალთმაქცურადაა შენიღბული ეს ტყუილი, მით უფრო მეტ პატივს იმსახურებს ხალხის თვალში.

ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გახრწნილიყო, უკვე გაიხრწნა... კანონებს არ შესწევთ იმის ძალა, რომ ბოლო მოუღონ ამ საყოველთაო გახრწნილებას, ვინაიდან მათ რყვნის და ბღალავს ზნე-ჩვეულებების უკეთურება. აქედან იღებს დასაბამს სიხარბე, სწრაფვა არა ჭეშმარიტი დიდების, არამედ სამარცხვინო პატივის მიმართ, რაც, თავის მხრივ, ბადებს სიძულვილს, მტრობას, უთანხმოებას, შუღლს, სისხლისღვრას, დევნას, წამებას, სიკეთის დათრგუნვას და ბოროტების აღზევებას. საკუთარი სიქველის მოიმედე მოქალაქენი, უკეთურთა მსგავსად, გარს არ იკრებენ თავიანთ მომხრეებს, რომლებიც შეძლებდნენ მათ დაცვას და ამიტომაც ბოროტმოქმედებთან უთანასწორო ბრძოლაში იღუპებიან. ყოველივე ეს აიძულებს ადამიანებს ამა თუ იმ პარტიას დაუკავშირონ თავიანთი ბედი.

უკეთურნი ანგარებისა და პატივმოყვარეობის გამო ემხრობიან ამ პარტიებს, კეთილშობილნი კი – აუცილებლობის ძალით. მაგრამ უარესი მაინც ისაა, რომ ამ პარტიათა ბელადები და თავკაცები ოსტატურად ნიღბავენ თავიანთ ნამდვილ მიზნებსა და მისწრაფებებს. და თუმცა ყველანი ჭეშმარიტი თავისუფლების მტრები არიან, მიუხედავად ამისა, სწორედ თავისუფლების დაცვის საბაბით, ძირს უთხრიან რესპუბლიკურ წყობილებას... ხოლო თუ გამარჯვებას მიაღწიეს, მათი ჯილდოა არა იმის შეგნება, რომ თავიანთი მცდელობით განამტკიცეს თავისუფლება, არამედ ბილწი სიხარულით ტკბობა: ისინი ყველაზე მეტად კმაყოფილნი არიან იმით, რომ სძლიეს მტრებს და ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. და რაკი ხელისუფლების სათავეში მოექცევიან, არავითარი საშუალების წინაშე აღარ იხევენ უკან, რაგინდ სასტიკი, რაგინდ ამორალური და უსამართლოც არ უნდა იყოს იგი.

აი, რატომაა, რომ გამარჯვებული პარტიის მიერ გამოცემული კანონები საყოველთაო სიკეთეს კი არ ისახავს მიზნად, არამედ ამ პარტიის ბელადების პირად გამორჩენას. აი, რატომ ომობენ და რატომ დებენ ხელშეკრულებებს: არა იმიტომ, რომ განადიდონ მამული, არამედ იმიტომ, რომ დააკმაყოფილონ მცირერიცხოვან თავკაცთა პატივმოყვარეობა“.

Machiavelli, - Storie Florentine

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში