ჰარუკი მურაკამი - კაფკა პლაჟზე

ბოლოს და ბოლოს შენი ცხოვრებაა და ისე მოიქეცი, როგორც ჩაფიქრებული გაქვს.

გაქცევით ყველაფერი მაინც ვერ გადაწყდება... არ მინდა, დღესასწაული ჩაგიშხამო, მაგრამ, არა მგონია, გაქცევით რამე შეიცვალოს. მნიშვნელობა არა აქვს, რამსიშორეზე გაიქცევი. ვითომ, რაც უფრო შორს წახვალ, უკეთესი იქნება? მანძილი პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი.

რა თქმა უნდა, სკოლაში შესწავლილ ფაქტებს თუ ტექნიკას რეალურ ცხოვრებაში ვერ გამოიყენებ. შევხედოთ სიმართლეს თვალებში - მასწავლებლები გონებაჩლუნგების ხროვაა.

საათის ისრები ორაზროვნად გამოიყურებიან, მაგრამ, ვიცი, ჩემს მხარეს არ არიან.

შეცდომები ცხოვრების ნაწილია და, ვფიქრობ, ზოგ რამეს ვერასოდეს შევიტყობთ.

სწორად ვიქცევი? ეს ფიქრი უმწეოსა და მოწყვეტილს მხდის.

საუკუნეების წინ მცხოვრები ადამიანების გიჟური ცხოვრება უფრო რეალურად მეჩვენება, ვიდრე სადგურზე სწრაფად მიმავალი უსახო ადამიანებისა.

ეს სამყარო ძალიან საშიშია. ძალადობას ვერავინ გაექცევა. გთხოვთ, ეს დაიმახსოვროთ. ეს კატებსაც ეხება და ადამიანებსაც.

დროთა განმავლობაში ბევრი რამ გვავიწყდება. ომიც კი. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნასაც კი ღრმა წარსულად ვხედავთ. ისე ვართ ჩართული ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ის ძველი ამბები შორეული ვარსკვლავებივითაა და მათ შესახებ აღარ ვფიქრობთ. იმდენ ახალ რამეზე გვიწევს ყოველდღიურად ფიქრი, იმდენი სიახლე უნდა შევისწავლოთ - ახალი ტენდენციები, ახალი ინფორმაცია, ახალი ტექნოლოგიები, ახალი ლექსიკა... მაგრამ მაინც, რა დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა ხდებოდეს აწმყოში, არის რაღაც მოვლენები, რაც დავიწყებას არ მიეცემა, მოგონებები, რომლებიც არასდროს გაქრება. ისინი მუდმივად ჩვენთან რჩება, საზომი ქვებივით.

როგორც ამბობენ, შტორმის დროს მიმოფანტული ყვავილების მსგავსად, ადამიანის ცხოვრება უსასრულო გამომშვიდობების სცენაა,

თვალებს თუ დახუჭავ, არაფერი შეიცვლება. არაფერი გაქრება მხოლოდ იმის გამო, რომ შენ ვერ ხედავ, პირიქით, მერე, როდესაც თვალებს დაჭყეტ, ყველაფერი უარესად მოგეჩვენება. ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ბატონო ნაკატა. თვალები ფართოდ გაახილე. მხოლოდ ლაჩარი თუ დახუჭავს თვალებს. თვალების ახვევითა და ყურების დაცობით, დრო ვერ შეჩერდება.

დაწყებული ომის შეჩერება არ არის ადვილი. ქარქაშიდან ამოწვდილი ხმალი სისხლს დაღვრის. ეს არც თეორიასთანაა კავშირში, არც ლოგიკასთან, არც ჩემს ეგოსთან. ეს კანონია, წმინდა წყლის მარტივი კანონი.

რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო რეალობის განცდის სრულიად დასაკარგად.

როდესაც ადამიანი გააფთრებით ცდილობს, ხელში ჩაიგდოს რამე, არაფერი გამოსდის. ის კი, რასაც თავქუდმოგლეჯილი გაურბიხარ, წამოგეწევა.

რეალობა ახდენილ ავბედით წინასწარმეტყველებათა ჯამია. საკმარისია, გაზეთი გადაშალო და შეადარო სასიამოვნო სიახლეები უბედურ შემთხვევებს, მიხვდები, რასაც ვგულისხმობ.

ყველას ცხოვრებაშია ასეთი წერტილი - ვეღარც უკან დაბრუნდები, ვერც წინ წახვალ. როცა ამ წერტილში აღმოვჩნდებით, ბედს უნდა შევეგუოთ. მხოლოდ ეს გადაგვარჩენს.

იცი, რა მაცოფებს? ადამიანები, რომლებსაც წარმოსახვის უნარი არა აქვთ. ...ამ გონებაჩლუნგებს წარმოსახვის უნარი არა აქვთ. შეწყნარება არ შეუძლიათ, რეალობას მოწყვეტილი თეორიებით სულდგმულობენ, ცარიელ სიტყვებს ისვრიან, უზურპატორული იდეალები აქვთ და სასტიკ სისტემებს ქმნიან.

ცალკეული შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია. ვიდრე შეცდომის აღიარება შეგიძლია, ყველაფერს გამოასწორებ. შეუწყნარებლობა და გონებადახშულობა, წარმოსახვის უნარის არქონა პარაზიტებივითაა, ისინი ცვლიან პატრონს, ფორმას უცვლიან და გამრავლებას განაგრძობენ. მათგან ხსნის საშუალება არ არსებობს.

იმათ უნდა უფრთხილდე, ნორმალურად რომ გამოიყურებიან და ნორმალურად ცხოვრობენ.

საერთოდ არა ვარ ჭკვიანი, ჩემებურად ვფიქრობ. ამიტომაც ვიწვევ ხალხში სიძულვილს. ბრალს მდებენ, აკრძალულ თემებს ეხებიო. თუ ტვინს ანძრევ, ადამიანებს შენთან საქმის დაჭერა აღარ უნდათ.

ისე უნდა იცხოვრო, როგორც მოგესურვება. რა მნიშვნელობა აქვს, 15-ის ხარ თუ 51-ის? სამწუხაროდ, საზოგადოება ასე არ ფიქრობს.

რომ იცოდე, ხვალ ვეღარაფერს ნახავდი, უეცრად ყველაფერი განსაკუთრებული და ძვირფასი გახდებოდა, არა?

ყველაფერი მოძრავია. დედამიწა, დრო, ცნებები, სიყვარული, ცხოვრება, რწმენა, სამართალი, ბოროტება, - ეს ყველაფერი მოძრაობს და გარდაიქმნება. ისინი ერთი სახისანი არასოდეს არ არიან და არც ერთ ადგილზე ჩერდებიან მუდმივად. სამყარო ფედექსის უზარმაზარ ყუთს ჰგავს.

მნიშვნელობა არა აქვს. საცხოვრებლად მიდიხარ რომელიმე ადგილას თუ სასიკვდილოდ, ყოველდღიურად ერთი და იმავე საქმის გაკეთება გიწევს.

საგანი, რომელიც ადამიანისთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, მას უფრო დიდ ბედნიერებას ანიჭებს, ვიდრე თავად თავისუფლება.

უმრავლესობა არ ცდილობს თავისუფლების მოპოვებას, კაფკა. ისინი ფიქრობენ, რომ თავისუფალი არიან. ეს კი მხოლოდ ილუზიაა. მათთვის რომ თავისუფლება მიენიჭებინათ, ხელ-ფეხი შეეკვრებოდათ. ჯობია, ეს გახსოვდეს. ადამიანებს ურჩევნიათ, არ იყვნენ თავისუფალი.

სამყაროში დიდი არეულობა იქნებოდა, ყველა რომ გენიოსი იყოს. ზოგმა მარტო ყოველდღიური საქმე უნდა აკეთოს.

ჩვენ ყველანი ვკვდებით და ვქრებით, სწორედ იმიტომ, რომ სამყაროს მექანიზმი დესტრუქციასა და დანაკარგზეა აწყობილი. ჩვენი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ამ მექანიზმის ანარეკლია.

არ არსებობს ომი, რომელიც სხვა ომებს დაამარცხებს, - მეუბნება ყვავი, - ომი ომს შობს. ის დაღვრილი სისხლითა და ჭრილობებით იკვებება. ომი სრულყოფილი, უკარება არსებაა.

მოგონებები უფრო და უფრო გვტანჯავენ, მაგრამ ვერ ველევით, ვერც ვერასდროს შეველევით. მხოლოდ ისინია შენი ცხოვრების მიზანი, მხოლოდ მოგონებებია დასტური იმისა, რომ ცოცხლები ვართ.

სწორია თუ არასწორი, ჩემთვის მისაღებია ყველაფერი, რაც ხდება, ამიტომაც ვარ ის, ვინც ვარ.

პოლიციელები არიან განგსტერები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებსო. ეს აზრი ჰოსინოს პირველად არ მოსვლია თავში.

სამყაროს ზღვარზე, არარასა და მატერიის გადამკვეთი სივრცეა, სადაც მომავალი და წარსული ქმნიან განგრძობით, უსასრულო სპირალს. აქ დახეტიალებენ ნიშნები, აქამდე არავის რომ არ ამოუკითხავს და ბგერები, არავის რომ არ სმენია.

ყველა რაღაც ძვირფასს ვკარგავთ. შესაძლებლობებს, გრძნობებს. აი, რას ნიშნავს სიცოცხლე. მაგრამ თავში პატარა ოთახი გვაქვს, სადაც მოგონებებს ვინახავთ. ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნსაცავს ჰგავს. ჩვენი თავის შესაცნობად კი კატალოგები უნდა შევადგინოთ. დროდადრო მოგონებებს მტვერი უნდა გადავწმინდოთ, ოთახი გავანიავოთ, ლარნაკებში კი წყალი შევცვალოთ. ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ საკუთარი მოგონებების ბიბლიოთეკაში...

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში