ხორხე ლუის ბორხესი - ლოდინი

ეტლმა №4004-თან ჩამოსვა იმ ქუჩაზე, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჯერ დილის 9 საათიც არ იყო. კაცმა მოწონებით გახედა აჭრელებულ ჭადრებს, სველი მიწის კვადრატს თითოეული მათგანის ძირში, მომცრო სახლებს პატარ-პატარა აივნებით, მეზობელ შენობაში განთავსებულ აფთიაქს, საღებავებისა და ლითონის ნაკეთობათა მაღაზიების ჩამქრალ ნათურებს.

ტროტუარს საავადმყოფოს გრძელი, უფანჯრო კედელი მიუყვებოდა. მოშორებით სათბურებზე მზე ირეკლებოდა. კაცს აზრად მოუვიდა, რომ ერთხელაც, თუ ღმერთი ინებებს, ეს საგნები (ამჟამად შემთხვევითი თანმიმდევრობით განლაგებული - სიზმარში ნანახივით - ყოველგვარი საგანგებო წყობის გარეშე) შეუცვლელ, აუცილებელ და ნაცნობ სახეს მიიღებს. აფთიაქის ვიტრინაში ფაიფურის ასოებით ეწერა „ბრესლაუერი“: ებრაელებმა გააძევეს იტალიელები, რომლებსაც მანამდე ადგილობრივები გაუძევებიათ.

ძალიანაც კარგი: ჩამოსულმა კაცმა ამჯობინა, არ შერეოდა სისხლით მონათესავე ხალხს. მეეტლე საგზაო ჩემოდნის ჩამოღებაში დაეხმარა. დაბნეულმა თუ დაღლილმა ქალმა, როგორც იქნა, კარი გაუღო. კოფოდან მეეტლემ ერთი მონეტა უკან დაუბრუნა: ურუგვაული ორსენტავოიანი, რომელიც კაცს ჯიბეში ედო მელოს სასტუმროში გატარებული ღამის შემდეგ. მეეტლეს ორმოცი სენტავო მისცა და მაშინვე ინანა: „ისე უნდა ვიქცეოდე, რომ ყველას დავავიწყდე, მე კი ორი შეცდომა ჩავიდინე: ამ კაცს სხვა ქვეყნის ფულით გადავუხადე და ისიც დავანახვე, რომ ამით ჩემთვის მნიშვნელოვანი შეცდომა ჩავიდინე“. წინ მიმავალ ქალს კაცი ჯერ გრძელ შესასვლელში შეჰყვა, მერე - შიდაეზოში.

წინდაწინ დაჯავშნილი ოთახი - თითქოსდა რაღაც კეთილი იღბლით - მეორე ეზოს ბოლოში იყო. რკინის საწოლი, ოსტატურად მორთული ყურძნის მტევნებითა და რტოების მსგავსი ფანტასტიკური ფორმებით, ტანსაცმლის კამოდი, ღამის მაგიდა, წიგნების კარადა მხოლოდ ქვედა თაროზე ჩამწკრივებული წიგნებით, ორი სხვადასხვაგვარი სკამი და პირსაბანი თავისი ნიჟარით, სასაპნით და დაბინდულშუშიანი გრაფინით: აი, ოთახის მთელი ავეჯი. კედლებს ამშვენებდა ჯვარცმა და ბუენოს-აირესის რუკა. ჟოლოსფერი შპალერის ორნამენტს კუდგაშლილი ფარშავანგები წარმოადგენდა. ოთახის ერთადერთი კარი შიდაეზოში გადიოდა. სამგზავრო ჩემოდნის შემოტანას სკამების გადაწყობა მოჰყვა. ახალმოსული ყველაფერზე თავს აკანტურებდა. როდესაც ქალმა სახელი ჰკითხა, ვილარი მქვიაო, უპასუხა.

ეს არ იყო გამოწვევის ფარული აქტი, არც შერბილება იმ დამცირებისა, რომელიც, გულწრფელად ითქვას, კაცს არ უგრძნია, არამედ უფრო იმით ნაკარნახევი, რომ ეს სახელი ყველგან თან სდევდა, სხვას ვერც ერთს ვერ ეგუებოდა. რაღა თქმა უნდა, არ უცდუნებია ლიტერატურულ ცდომილებას: აქაოდა, მტრის სახელის მიღება ეშმაკური ფანდი იქნებაო. თავიდან სერ ვილარი არასდროს გადიოდა სახლიდან. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ხანმოკლე გასვლები დაიწყო შებინდებისას. ზოგჯერ, საღამოობით, კინოთეატრში მიდიოდა სამი კვარტალის იქით. არასოდეს ჯდებოდა სულ ბოლო რიგზე უფრო ახლოს ეკრანთან და დარბაზიდან ფილმის დამთავრებამდე ოდნავ ადრე გადიოდა. უყურებდა ცხოვრების ყველაზე ჩაძირული ფენების ტრაგიკულ ისტორიებს. რასაკვირველია, მათაც ჰქონდათ თავიანთი ცდომილებები. რასაკვირველია, დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე სახეები, რომლებიც სერ ვილარის უწინდელ ცხოვრებას ეკუთვნოდა. მაგრამ ვერასოდეს ამჩნევდა ცდომილებებს, რადგან არასოდეს მოსვლოდა აზრად, რომ შეიძლებოდა გავლებულიყო პარალელი ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის.

მორჩილად ცდილობდა, მოსწონებოდა რაც ეძლეოდა; ცდილობდა, ისე მიეღო ყველაფერი, როგორც აწვდიდნენ. რომანების მკითხველი ადამიანებისგან განსხვავებით, არასდროს უყურებდა თავის თავს, როგორც წიგნის პერსონაჟს. არასდროს მიუღია წერილი, თვით სარეკლამო ფურცელიც კი. თუმცა ბუნდოვანი იმედით კითხულობდა ხოლმე გაზეთის ერთ სექციას. ნაშუადღევს ერთ- ერთ სკამს კართან მისწევდა, ჯდებოდა და სერიოზული გამომეტყველებით წრუპავდა თავის მატეს, იმ სუროზე თვალმიშტერებული, მეზობლად მდგარი ორსართულიანი სახლის კედელზე რომ აცოცებულიყო. მარტოობის წლებმა ასწავლა, რომ თუნდაც მეხსიერებაში დღეები ერთმანეთის მსგავსი ყოფილიყო, მაინც არ უარსებია დღეს, - თვით ციხეში ან საავადმყოფოშიც კი, - რომელსაც თავისი სიურპრიზები არ მოეტანოს.

განმარტოების სხვა პერიოდებში მინებებია დღეების ან თვით საათების თვლის ცდუნებას. მაგრამ ეს განმარტოება სხვანაირი იყო, რადგან დასასრული არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთ დილასაც გაზეთი ალეხანდრო ვილარის გარდაცვალებას ამცნობდა. ისიც შესაძლებელი იყო, რომ ვილარი უკვე გარდაიცვალა და მისი ახლანდელი ცხოვრება სიზმარი იყო. ეს შესაძლებლობა აფორიაქებდა, რადგან ბოლომდე ვერ გაერკვია, შვებად აღექვა ეს თუ უბედურებად. „აბსურდია“, უთხრა თავის თავს და უკუაგდო.

შორს დარჩენილ დღეებში (არა იმდენად განვლილი დროის მიხედვით, რამდენადაც ამასობაში მომხდარი ორი თუ სამი შეუქცევადი ამბის გამო) ბევრი რამ მოსურვებია ისეთი სურვილით, რომელსაც არავითარი ქენჯნა არ ახლდა. ფლობის იმ ძალუმ იმპულსს, რომელსაც მისთვის კაცების სიძულვილი და შემთხვევითი ქალების სიყვარული შთაუგონებია, აღარ სურდა რაღაცები, სურდა მხოლოდ გაძლება, არა დამთავრება. მატეს გემო, შავი ბურნუთის არომატი, ეზოში გამოცოცებული ჩრდილის მზარდი ზოლი: აი, საკმარისი მიზეზი სიცოცხლისათვის. ამ სახლში ცხოვრობდა უკვე საკმაოდ მობერებული ნაგაზი, რომელსაც ვილარი დაუმეგობრდა. მიმართავდა ესპანურად, იტალიურად და იმ რამდენიმე სიტყვითაც, ბავშვობის დროინდელი სოფლური დიალექტიდან რომ შემორჩენოდა. ვილარი ცდილობდა მხოლოდ აწმყოში ეცხოვრა, არც უკან ეცქირა, არც წინ. მოგონებები ნაკლებს ნიშნავდა მისთვის, ვიდრე მომავლის ხილვები.

რაღაცნაირად ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ წარსული მასალაა, რისგანაც დრო შედგება და რის გამოც ეს დრო ასე სწრაფად იქცეოდა წარსულად. ერთხელ, რაღაც მომენტში, თავისი დაღლილობა ბედნიერებად შეიგრძნო და, ასეთ მომენტებში, არც თვითონ იყო ამ ძაღლზე ბევრად უფრო რთული არსება. ერთ ღამეს შოკში ჩააგდო, ხმის ამოღების უნარი წაართვა და ერთიანად ააცახცახა თითქმის გულამდე ჩასულმა ტკივილის აფეთქებამ პირის ღრუში. რამდენიმე წუთის შემდეგ ეს საზარელი საკვირველება განმეორდა, მერე - დილაუთენიას - კიდევ ერთხელ. მეორე დღეს ვილარიმ გამოიძახა კები, რომელმაც დანტისტის კაბინეტამდე მიიყვანა პლაცა დელ ონსეს სიახლოვეში. იქ ამოუღეს კბილი.

„ჭეშმარიტების მომენტში“ ვილარის არც სხვაზე მეტად შეშინებია და არც სხვაზე უფრო უდრტვინველი ყოფილა. სხვა ღამეს, კინოთეატრიდან დაბრუნებულმა იგრძნო, რომ ვიღაც დაეჯახა. აღშფოთებულ-გაშმაგებული, ფარული შვების განცდით მიუბრუნდა თავხედ დამნაშავეს და კბილებიდან უხამსი ლანძღვა გამოცრა. იმ კაცმა - მოულოდნელობისგან გაშტერებულმა - ენის ბორძიკით მოუბოდიშა. მაღალი, შავტუხა ახალგაზრდა იყო, მკლავი გერმანული შესახედაობის ქალისთვის შემოეხვია. იმ ღამეს ვილარიმ ბევრგზის უთხრა თავის თავს, იმათ არ ვიცნობდიო. მაინც ოთხი თუ ხუთი დღის შემდეგღა გავიდა სახლიდან. სხვა წიგნებს შორის თაროზე „ღვთაებრივი კომედიაც“ იდო ანდრეოლის ძველი კომენტარებით. აღძრული უფრო მოვალეობის განცდით, ვიდრე ცნობისწადილით, ვილარიმ წაიკითხა ეს შედევრი. ერთ კანტოს კითხულობდა სადილის წინ, მერე კი, მკაცრად და მეთოდურად, შესატყვის კომენტარებს.

შეუძლებლად თუ გადაჭარბებულად არ მიაჩნდა იქ აღწერილი ჯოჯოხეთის ტანჯვები. არც ის მოსვლია აზრად: დანტე მე, ვილარის, ქვესკნელის უღრმეს წრეში მოსახვედრად გამწირავსო, - იქ, სადაც უგოლინოს კბილები დაუსრულებლად ღრღნიდნენ რუგიერის ყელს. ჟოლოსფერ შპალერზე გამოსახული ფარშავანგები თითქოს საუკეთესო შთამაგონებელი იყო სერ ვილარის ღამეული კოშმარებისთვის, თუმცა არასოდეს დასიზმრებია ერთმანეთში გადახლართული ცოცხალი ჩიტების ავბედითი ქსოვილი. ადრეული დილის საათებში ესიზმრებოდა ერთი და იგივე უკანა ფარდა, ოღონდაც - ცვლადი დეტალებით. ის და კიდევ ორი კაცი ამოღებული რევოლვერებით შედიოდნენ ოთახში, ან ისინი გაუსწრებდნენ ხოლმე კინოთეატრიდან გამოსულს, ან სამივენი ერთად გადაიქცეოდნენ იმ უცნობად, ვილარის რომ დაეჯახა, ან სევდიანი სახით ელოდებოდნენ მას შიდაეზოში და თავი ისე ეჭირათ, ვითომ ვერ ცნობდნენ.

სიზმრის ბოლოს, საწოლის გვერდით ღამის კამოდიდან ვილარი რევოლვერს იღებდა (იქ ნამდვილად იდო იარაღი) და იმ კაცებს ესროდა. სროლის ხმაზე ეღვიძებოდა, მაგრამ ეს ყოველთვის სიზმარი იყო. მომდევნო სიზმარში შეტევა მეორდებოდა, კიდევ მომდევნოში - ისევ უხდებოდა მათი დახოცვა. ივლისის ერთ ბნელ დილას უცხო ადამიანების მუნყოფნამ გააღვიძა (არა მათ მიერ გაღებული კარის ხმამ). ოთახის ჩრდილოვან ბუნდოვანებაში, ამ ბუნდოვანებით უცნაურად გამარტივებული ფიგურები (შემზარავ სიზმრებში ისინი ყოველთვის უფრო ნათლად გამოიყურებოდნენ) გაუნძრევლად, მოთმინებით იდგნენ და ისე დაეხარათ თვალები, თითქოს იარაღის სიმძიმისგან მხრები ჩამოჰყრიათო. ჰო, ბოლოს და ბოლოს, ალეხანდრო ვილარმა და უცნობმა კაცმა უყელეს! მან ანიშნა, დამიცადეთო, და ისე შეტრიალდა კედლისკენ, თითქოს ძილის გაგრძელებას აპირებდა.

იმიტომ ხომ არ მოიმოქმედა ეს, სიბრალული რომ გაეღვიძებინა კაცებში, რომლებმაც მოკლეს? თუ იმიტომ, რომ უფრო ადვილია შემაძრწუნებელი ხდომილების მიღება, ვიდრე მისი წარმოდგენა, მისი დაუსრულებელი ლოდინი? ან ეგებ იმისთვის, რომ მისი მკვლელები (ეს, ალბათ, ყველაზე სარწმუნო ვერსიაა) სიზმრად იქცნენ, როგორც ასე ხშირად ყოფილან ამავე ადგილას დღის ამავე დროს? სწორედ ამ მოხიბვლის მომენტში განადგურდა ის რევოლვერებიდან გამოტყორცნილი ცეცხლით.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში