საიმონ სებაგ მონტეფიორე - იერუსალიმი

„იერუსალიმის ხედი მსოფლიოს ისტორიაა; ის უფრო მეტია - ის ცისა და მიწის ისტორიაა“ -  ბენჯამინ დიზრაელი, „ტანკრედი“

„ეს ქალაქი დაანგრიეს, აღადგინეს, ისევ დაანგრიეს და ისევ აღადგინეს. იერუსალიმი ბებერი ნიმფომანია, რომელიც საყვარლებს ერთიმეორის მიყოლებით ალერსში ხდის სულს და მთქნარებით გადააგორებს მათ განზე; ის შავი ქვრივია, რომელიც პარტნიორებს შეუბრალებლად ნთქავს, სანამ ისინი მის დაუფლებას ცდილობენ“ - ამოს ოზი, „ამბავი სიყვარულისა და წყვდიადისა“

„ისრაელის მიწა სამყაროს ცენტრია; იერუსალიმი ისრაელის ცენტრია; წმინდა ტაძარი იერუსალიმის ცენტრია; წმინდა ტაძრის ცენტრია წმიდათა წმიდა; წმიდათა წმიდას ცენტრია აღთქმის კიდობანი; ხოლო ქვაკუთხედი, რომელზეც სამყაროა დაფუძნებული, აღთქმის კიდობნის წინაა“ -  მიდრაშ ტანჰუმა, „კედოშიმი 10“

„დედამიწის საკურთხეველია სირია; სირიის საკურთხეველია პალესტინა; პალესტინის საკურთხეველია იერუსალიმი; იერუსალიმის საკურთხეველია ტაძრის მთა; ტაძრის მთის საკურთხეველია სამლოცველო; სამლოცველოს საკურთხეველია კლდის გუმბათი“ - თაურ იბნ იაზიდი, „ფადაილი“

„იერუსალიმი ყველაზე სახელოვანი ქალაქია. მაგრამ მას მაინც აქვს ნაკლი. როგორც ამბობენ, „იერუსალიმი ოქროს თასია, რომელიც მორიელებითაა სავსე“- მუყადასი, „აღწერა სირიისა პალესტინასთან ერთად“

იერუსალიმის ისტორია ერთდროულად არის მსოფლიოს ისტორიაც და იუდეის ბორცვებს შორის ჩაკარგული ღარიბი პროვინციული ქალაქის მატიანეც. ოდესღაც იერუსალიმს სამყაროს ცენტრად მიიჩნევდნენ და დღეს ეს ეპითეტი ყველაზე მართებულია:

ქალაქი აბრაამისეული რელიგიების დაპირისპირების ადგილია, მზარდი ქრისტიანული, ისლამური და ებრაული ფუნდამენტალიზმის ტაძარი, ცივილიზაციების შეჯახების სტრატეგიული ბრძოლის ველი, ათეიზმისა და რელიგიის ფრონტის ხაზი, სეკულარიზმის გზის მანათობელი ვარსკვლავი, თავბრუდამხვევი კონსპირაციებისა და ინტერნეტში შეთხზული მითების მთავარი ობიექტი და ოცდაოთხსაათიანი საინფორმაციო არხების კამერებისთვის განათებული სცენა. ჩახლართული რელიგიური, პოლიტიკური და მედიაინტერესები იერუსალიმს დღეს უწინდელზე უფრო მეტად აქცევს მსოფლიო ყურადღების ცენტრში.

იერუსალიმი წმინდა ქალაქია, მაგრამ ის ყოველთვის იყო ცრუმორწმუნეების, შარლატანებისა და ფანატიკოსების ბუდე; იმპერიები მის დაუფლებას და ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, თუმცა არავითარი სტრატეგიული ღირებულება არ გააჩნდა. იერუსალიმი კოსმოპოლიტურია: მრავალი სექტა აცხადებს, რომ ქალაქი მხოლოდ მას ეკუთვნის. იერუსალიმი მრავალსახელიანია, მაგრამ თითოეულის ტრადიცია იმდენად მჭიდროდ უკავშირდება რელიგიას, რომ სხვისთვის ადგილს არ ტოვებს. იერუსალიმი იმდენად ნატიფი და სათნოა, რომ ებრაულ რელიგიურ ლიტერატურაში ქალად აღწერენ - ხან მგრძნობიარე, სიცოცხლით სავსე ლამაზ ქალად, ხან სამარცხვინო მეძავად, ზოგჯერ გულმოკლულ პრინცესადაც, რომელიც მრავალმა სატრფომ მიატოვა. იერუსალიმი ღვთის სახლია, ორი ერის დედაქალაქი, სამი რელიგიის ტაძარი და ერთადერთი ქალაქი, რომელიც ერთდროულად ზეცაშიც არსებობს და მიწაზეც: მას ვერც ამქვეყნიური დიდებით შეედრება სხვა რომელიმე ქალაქი და ვერც - ზეციურით. ის, რომ იერუსალიმი ამქვეყნიურიცაა და იმქვეყნიურიც, ნიშნავს, რომ ქალაქს ყველგან შეუძლია არსებობა: ახალი იერუსალიმი მრავალგან დაუარსებიათ და ყველა თავისებურად ხედავს იერუსალიმს. როგორც ამბობენ, წინასწარმეტყველებსა და პატრიარქებს, აბრაამს, დავითს, იესოსა და მუჰამადს, ამ ქვებზე უვლიათ. აბრაამისეული რელიგიები ამ მიწაზე წარმოიშვა და აქვე გარდაიცვლება განკითხვის დღეს. იერუსალიმი, „წიგნის მქონეთა“ წმინდა ადგილი, ბიბლიური ქალაქია. ბიბლია, გარკვეულწილად, იერუსალიმის ქრონიკებია და მის მკითხველებს, დაწყებული ებრაელებით და პირველი ქრისტიანებით, გაგრძელებული მუსლიმი დამპყრობლებითა და ჯვაროსნებით და დამთავრებული თანამედროვე ამერიკელი ევანგელისტებით, არაერთხელ შეუცვლიათ ქალაქის ისტორია ბიბლიური წინასწარმეტყველების აღსასრულებლად.

როცა ბიბლია ჯერ ბერძნულად ითარგმნა, მოგვიანებით კი - ლათინურად და ინგლისურად, ის უნივერსალურ წიგნად იქცა და იერუსალიმიც უნივერსალურ ქალაქად აქცია. ყოველი დიდი მეფე დავითად იწოდებოდა, ყოველი გამორჩეული ხალხი - ახალ ისრაელიანად, ხოლო დიდებული ცივილიზაცია - ახალ ისრაელად. იერუსალიმი ქალაქია, რომელიც არავის ეკუთვნის და ყველას გონებაში არსებობს. სწორედ ეს არის ამ ქალაქის ტრაგედია და იმავდროულად, მომხიბვლელობაც: იერუსალიმზე მეოცნებე ყოველი ადამიანი, ყოველი მისი სტუმარი სხვადასხვა ხანაში, დაწყებული იესოს მოწაფეებითა და დამთავრებული სალადინის მეომრებით, ვიქტორიანული ხანის პილიგრიმებით და თანამედროვე ტურისტებითა თუ ჟურნალისტებით, საკუთარი შეხედულებით ჩამოდის ამ ქალაქში და ნანახით ხშირად გაწბილებული რჩება; მათ აქ ხვდებათ მარადცვალებადი ქალაქი, რომელიც ბევრჯერ აყვავებულა და დაცემულა, ბევრჯერ დანგრეულა და აღმდგარა. მაგრამ ვინაიდან ეს იერუსალიმია - ყველას საკუთრება, მხოლოდ მათი წარმოსახვაა ჭეშმარიტი; დალაქავებული, სინთეტიკური რეალობა უნდა შეიცვალოს; ყველას აქვს უფლება, საკუთარი „იერუსალიმი“ დააფუძნოს ნამდვილ იერუსალიმზე - რაც ცეცხლითა და მახვილით ხშირად უკეთებიათ.

იბნ-ხალდუნი, მეთოთხმეტე საუკუნის ისტორიკოსი, რომელიც თავის წიგნში აღწერილი ამბების მონაწილეცაა, აღნიშნავს, რომ „ისტორია ყველას ძლიერ აინტერესებს. ყოველ გამვლელს სურს მისი შესწავლა. მეფეები და სარდლები მის გამო ერთმანეთს ებრძვიან“. ეს სიტყვები განსაკუთრებით იერუსალიმს შეეფერება. შეუძლებელია, დაწერო ამ ქალაქის ისტორია იმის აღიარების გარეშე, რომ იერუსალიმი მსოფლიო ისტორიის ძირითადი თემაა, ქვაკუთხედი და მისი ხერხემალიც კი. ჩვენს დროში, როცა ინტერნეტის შესაძლებლობების გათვალისწინებით მაღალტექნოლოგიური „მაუსიც“ და მოღუნული ხმალიც თანაბარი ძალის მქონე იარაღია ფუნდამენტალისტთა არსენალში, ზუსტი ისტორიული ფაქტების დადგენა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე იბნ-ხალდუნის ეპოქაში იყო.

იერუსალიმის ისტორიის შესწავლა მისი სიწმინდის ბუნებაში გარკვევას გულისხმობს. ფრაზა „წმინდა ქალაქი“ ხშირად მისი მრავალი ტაძრისადმი თავაზიანობის გამოვლინებად მიაჩნიათ, მაგრამ სინამდვილეში იერუსალიმი ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ადამიანს ღმერთთან უშუალო ურთიერთობა შეუძლია.

აგრეთვე უნდა გაეცეს პასუხი შემდეგ კითხვასაც: ამხელა სამყაროში რატომ მაინცდამაინც იერუსალიმი? ეს ადგილი ყოველთვის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს სავაჭრო გზებისგან მოშორებით მდებარეობდა; მუდამ წყლის ნაკლებობას განიცდიდა, მცხუნვარე მზის ქვეშ იხრუკებოდა, ზამთრის სუსხიანი ქარებით იყინებოდა, მისი სალი კლდეები კი უჟმური და არასტუმართმოყვარე იყო. მაგრამ იერუსალიმის ტაძრების ქალაქად არჩევა ნაწილობრივ გაბედული და ერთი მმართველის პირადი გადაწყვეტილება იყო, ნაწილობრივ კი - აუცილებლობით გამოწვეული და ევოლუციური: მისი სიწმინდე დღეს, ამდენი საუკუნის შემდეგ, უფრო მნიშვნელოვანია. სიწმინდე არა მხოლოდ სულიერებასა და რწმენას მოითხოვს, არამედ ადათ-წესებისა და სამართლიანობის დაცვას. ახალი წინასწარმეტყველი, რომელიც საუკუნეების მანძილზე შექმნილ შეხედულებებს მკვეთრად უპირისპირდება, ვალდებულია, საკუთარი ხედვა ყველასთვის მისაღებ ენაზე ჩამოაყალიბოს და წინამორბედებზე თავისი უპირატესობა დაამტკიცოს. რაც უფრო მეტი რელიგია ებრძვის ერთმანეთს ერთ ადგილას, მით უფრო წმინდა ხდება ის.

მრავალ ათეისტ სტუმარს აღიზიანებს ფანატიზმით დაავადებული ქალაქის სიწმინდე, „ეს ინფექციური ცრურწმენა“; მაგრამ ისინი ხომ უარყოფენ ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას რწმენისადმი, რომლის გარეშეც იერუსალიმის შეცნობა შეუძლებელია. სწორედ რელიგიები ხსნიან იმ მცირე სიხარულსა და მუდმივ მღელვარებას, რომელიც კაცობრიობას აფრთხობს და მის არსებობას მისტიკის საბურველში ხვევს: ჩვენთვის აუცილებელია, უზენაესი ძალის არსებობას ვგრძნობდეთ. ვუფრთხით სიკვდილს და მისი არსის შეცნობა გვსურს. ღმერთისა და ადამიანის შეხვედრის ადგილას, იერუსალიმში, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა აპოკალიფსის დროს, განკითხვის დღეს, როცა ომი გაიმართება, ქრისტე ანტიქრისტეს შეებრძოლება, როცა ქააბას მექადან იერუსალიმში გადმოიტანენ, როცა განკითხვა შედგება, მკვდრები აღდგებიან, მესია გამეფდება და ზეციური სამეფო, ახალი იერუსალიმი შეიქმნება. სამივე აბრაამისეულ რელიგიას სწამს აპოკალიფსის, მაგრამ სექტები და მიმდინარეობები მის დეტალებზე ვერ თანხმდებიან. სეკულარისტები ამ ყველაფერს ძველისძველ აბდაუბდას უწოდებენ, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მსგავსი იდეები დღესაც პოპულარულია. ებრაული, ქრისტიანული და მუსლიმური ფუნდამენტალიზმის ამ ეპოქაში აპოკალიფსი მსოფლიო პოლიტიკის მამოძრავებელი ძალაა.

სიკვდილი ჩვენი მუდმივი თანამგზავრია: უამრავი საუკუნეა, პილიგრიმები იერუსალიმში ჩამოდიან, რათა აქ დაიხოცონ, ტაძრის სიახლოვეს დაიმარხონ და მეორედ მოსვლას მზად შეხვდნენ. პილიგრიმების ნაკადი არ წყდება. ქალაქი გარშემორტყმულია საფლავებით, ის მათზე დგას: ძველი წმინდანების გამხმარი სხეულის ნაწილებს თაყვანს სცემენ - მარიამ მაგდალინელის გამხმარი, გაშავებული მარჯვენა ხელი დღესაც გამოტანილია მაცხოვრის აღდგომის ტაძრის ბერძენი მართლმადიდებელი წინამძღვრის ოთახში. მრავალი ტაძარი თუ სახლი აკლდამების გარშემოა აგებული. ამ მკვდართა ქალაქის წყვდიადი არა მხოლოდ ერთგვარი ნეკროფილიისგან, არამედ ნეკრომანსიისგანაა წარმოშობილი: აქ მკვდრები ლამის ცოცხლებივით არიან, თითქოს მკვდრეთით აღდგომას ელიან. იერუსალიმისთვის განუწყვეტელმა ბრძოლამ, ხოცვა-ჟლეტამ, სისხლისღვრამ, ტერორიზმმა, ალყებმა და კატასტროფებმა - ეს ადგილი ომის ველად, ოლდოს ჰაქსლის სიტყვებით რომ ვთქვათ, „რელიგიების სასაკლაოდ“, ხოლო ფლობერის სიტყვებით - „აკლდამად“ აქცია. მელვილი იერუსალიმს „მკვდართა არმიით გარშემორტყმულ თავის ქალას“ უწოდებდა; ედვარდ საიდი კი იხსენებდა, მამაჩემს იერუსალიმი სძულდა, რადგან ის სიკვდილს აგონებდაო.

ცისა და დედამიწის ტაძარს ყოველთვის ბედნიერი ხანა როდი ედგა. ქარიზმატული წინასწარმეტყველების: მოსეს, იესოს, მუჰამადის წინამძღოლობით ახალ-ახალი რელიგიები აღმოცენდა. ზოგიერთი მთავარსარდლის ნიჭისა და ძალის წყალობით იმპერიები შეიქმნა და ქალაქები დაიპყრეს. გამორჩეული პიროვნებების მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, დაწყებული დავით მეფით, იერუსალიმი იერუსალიმად აქცია.

თავიდან ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ დავითის პატარა დედაქალაქი მსოფლიოსთვის გზის მანათობელ ვარსკვლავად იქცეოდა. ბედის ირონიით, იერუსალიმის სიწმინდის მითი ნაბუქოდონოსორის მიერ ქალაქის დანგრევამ შექმნა, რადგან ებრაელებმა სიონის დიდების ტექსტობრივი სახით შენახვა და მისი თაობიდან თაობისთვის გადაცემა დაიწყეს. 

როგორც წესი, ასეთი კატაკლიზმები ხალხთა ამოწყვეტას და გაქრობას იწვევს, მაგრამ ებრაელთა მოჭარბებულმა გადარჩენის ინსტინქტმა, მათმა ჯიუტმა ერთგულებამ თავიანთი ღმერთისადმი და, რაც უმთავრესია, ბიბლიაში ისტორიის საკუთარი ვერსიის ჩაწერამ, საფუძველი ჩაუყარა იერუსალიმის დიდებასა და სიწმინდეს. ბიბლიამ ებრაელებს სახელმწიფო და ტაძარი ჩაუნაცვლა და, როგორც ჰაინრიხ ჰაინე აღნიშნავს, „ებრაელებისთვის მოძრავ სამშობლოდ, მოძრავ იერუსალიმად იქცა“. არც ერთ სხვა ქალაქზე არ დაწერილა წმინდა წიგნი და არც ერთ წიგნს არ განუსაზღვრავს ასე ძლიერ რომელიმე ქალაქის ბედი.

ქალაქის წმინდა სახელის განდიდებას ებრაელების „რჩეულ ერად“ დასახელებამაც შეუწყო ხელი. იერუსალიმი „რჩეულ ქალაქად“ იქცა, პალესტინა - „რჩეულ მიწად“. ეს გამორჩეულობა მემკვიდრეობით ქრისტიანებსა და მუსლიმებსაც გადაეცა. იერუსალიმის და ისრაელის მიწის უდიდესი სიწმინდე მზარდ რელიგიურ მანიაში, ისრაელში ებრაელთა დაბრუნებისა და, დასავლეთ ევროპაში მეთექვსმეტე საუკუნიდან 1970 წლამდე, მისი სეკულარული ეკვივალენტის - სიონიზმის - აღორძინებაში აირეკლა. XX ს-ის 70-იანი წლებიდან ისრაელს გარესამყარო სულ სხვანაირად აღიქვამს, რადგან პალესტინელები მიიჩნევენ იერუსალიმს თავიანთ დაკარგულ წმინდა ქალაქად. ამგვარად, დასავლეთის ავადმყოფურ წადილს, ფლობდეს მთელ სამყაროს, ურთიერთსაპირისპირო შედეგებამდე მივყავართ - ეს ფაქტი ერთდროულად კურთხევაცაა და ორლესული მახვილიც. დღეს ეს იერუსალიმის სიწმინდესა და დედამიწის ზურგზე ყველაზე მწვავე და ემოციურ კონფლიქტში აისახება.

თუმცა, ყოველთვის ყველაფერი უფრო რთულადაა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. ისტორია ხშირად სასტიკი ცვლილებებისა და ძალადობრივი დაპირისპირებების ქრონიკებად არის წარმოდგენილი, მაგრამ მე მსურს, იერუსალიმი განვითარებად ქალაქად გიჩვენოთ, ქალაქად, სადაც ყოველთვის მრავალი ეროვნების წარმომადგენელი თანაარსებობდა; ჰიბრიდულ მეტროპოლისად, ჰიბრიდული ნაგებობებითა და რასებით. სწორედ ასე ავარიდებ თავს იმ ვიწრო გაგებასა და შეხედულებებს, რომლებიც გვიანდელ ეპოქებში წარმოიშვა სხვადასხვა რელიგიური ლეგენდისა და ნაციონალური თქმულების საფუძველზე. ასე რომ, სადაც შესაძლებელია, ისტორიაში ყოველთვის ოჯახების კვალს მივყვები - დავითის დინასტიას, მაკაბელებსა და ჰეროდიანებს, ომაიანებს, ბოლდუინისა და სალადინის შთამომავლებს, ჰუსეინის, ხალიდის, სპაფორდის, როტშილდისა და მონტეფიორეს გვარებს - რათა სიცოცხლის ორგანული თარგი ავიღო და უგულებელვყო მოულოდნელი ინციდენტები ან ამა თუ იმ რელიგიური სექტის შეხედულებებით გაჯერებული ტრადიციული ისტორიული შეფასებები. იერუსალიმში მხოლოდ ორი მხარე კი არ არსებობს - მრავალი კულტურა და ადათ-წესი ერთმანეთშია აზელილი. ეს არის მრავალწახნაგიანი, ცვალებადი კალეიდოსკოპი არაბი ორთოდოქსებისა და არაბი მუსლიმებისა, სეფარდებისა, აშქენაზებისა, ხარედებისა, სომეხი ორთოდოქსებისა, ქართველებისა, სერბებისა, რუსებისა, კოპტებისა, პროტესტანტებისა, ეთიოპიელებისა, ლათინებისა და ა. შ. ხშირად ერთი პიროვნება, იერუსალიმის მტვრიანი და ქვიანი შრეების მსგავსად, რამდენიმე განსხვავებული ფენის წარმომადგენელია.

სხვათა შორის, ქალაქი მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის, მცენარეს ჰგავს, რომელიც იცვლის ფორმას, ზომას, თვით ფერსაც კი, მაგრამ მუდამ ერთ ადგილას აქვს ფესვები გადგმული. იერუსალიმისთვის ოცდაოთხსაათიანი საინფორმაციო მედიასაშუალებების მიერ შერქმეული უახლესი წოდებაა „სამრელიგიიანი წმინდა ქალაქი“. თუმცა, ყოფილა დრო, როცა იერუსალიმს რელიგიური და პოლიტიკური მნიშვნელობაც დაუკარგავს. და უმეტესად, სწორედ პოლიტიკური საჭიროების და არა ღვთიურობის გამო, ისევ დაუბრუნებია წმინდა სახელი.

ყოველთვის, როცა იერუსალიმს ყველა მიივიწყებდა, ბიბლიის მოყვარულები და მკვლევრები - მექაში, მოსკოვსა თუ მასაჩუსეტსში - ქალაქს საკუთარ რწმენას უზიარებდნენ. მსოფლიოს ყველა ქალაქი უცხოურ კულტურაში გაჭრილი სარკმელია, მაგრამ იერუსალიმი მათგან განსხვავდება - ის თან გასცემს პირად ცხოვრებას და იმავდროულად, გარესამყაროს ირეკლავს. აბსოლუტური რწმენის, სამართლიანი იმპერიის მშენებლობის, ევანგელისტური გამოცხადებებისა თუ სეკულარული ნაციონალიზმის პერიოდში იერუსალიმი ყოველთვის იყო მთავარი სიმბოლო და ჯილდო. თუმცა, ცირკის სარკეების მსგავსად, ეს ანარეკლები ხშირად დამახინჯებული და დანისლულია.

იერუსალიმს შეუძლია დამპყრობელიცა და სტუმარიც ერთნაირად გააწბილოს და აწამოს. კონტრასტი რეალურსა და ზეციურ ქალაქს შორის იმდენად დამთრგუნველია, რომ ყოველწლიურად ქალაქის ფსიქიატრიულ კლინიკაში „იერუსალიმის სინდრომით“, იმედგაცრუებით, საშინელი წინათგრძნობებითა და ათასგვარი მანიით დაავადებულ ასობით პაციენტს ათავსებენ ხოლმე. მაგრამ „იერუსალიმის სინდრომი“ პოლიტიკურიცაა: იერუსალიმი არად დაგიდევთ გრძნობებს, პრაქტიკულობას ან სტრატეგიას და საღი აზრისთვის მიუწვდომელი მგზნებარე ვნებებისა და მტაცებლური ინსტინქტების სამეფოში არსებობს.

ყოველი ბრძოლა დომინანტობისა თუ ჭეშმარიტებისთვის, უცხოს თვალში იერუსალიმის სიწმინდეს უფრო აძლიერებს. რაც უფრო ხარბია მფლობელი, მით უფრო სასტიკია დაპირისპირება, მით უფრო ინტუიციურია რეაქცია. აქ წინასწარგანუზრახველი შედეგების კანონი მეფობს.

ამქვეყნად სხვა არც ერთი ადგილის დაუფლება არაა ასეთი სასურველი. ყველაზე სასაცილო ეს წადილია, რადგან იერუსალიმის ტაძრები და ის ისტორიაც, რაც მათში იმალება, ოდესღაც სულ სხვა რელიგიის საკუთრება იყო და, სინამდვილეში, ყველაფერი ძველისგან გადმოღებული თუ მოპარულია. ქალაქის წარსული ხშირ შემთხვევაში გამოგონილია. ყოველი ქვა დღეს უკვე მივიწყებულ რომელიღაც ტაძარში იდგა, ან რომელიმე იმპერიის გამარჯვების თაღს ამაგრებდა. დამპყრობლები ყოველთვის ცდილობდნენ ქალაქისთვის ძველი მრწამსის წართმევას მისი ტრადიციების, ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების დაპატრონების გზით. ქალაქს მრავალი უბედურება ახსოვს, მაგრამ დამპყრობლები მეტწილად საკუთარი მიზნებისთვის გადააკეთებდნენ ან გაალამაზებდნენ ხოლმე იმას, რაც ხვდებოდათ, და არ ანგრევდნენ. მთავარი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ტაძრის მთა, ციტადელი, დავითის ქალაქი, სიონის მთა, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, სულაც არ წარმოადგენს ისტორიის უღრმესი ფენების ნიმუშებს. ისინი ერთგვარი პალიმფსესტებია, ნაქარგები, რომლებშიც ვერცხლის ძაფები ისეა გადახლართული, რომ მათი განცალკევება შეუძლებელია.

სხვათა სიწმინდის დაპატრონების წადილმა ზოგიერთი ტაძარი სამივე რელიგიისთვის წმინდა ადგილად აქცია; მათ გამო მეფეები ერთმანეთს ეომებოდნენ და ხალხი იხოცებოდა. თუმცა, მათი სახელები დღეს თითქმის აღარ ახსოვთ: სიონის მთისთვის ებრაელები, მუსლიმები და ქრისტიანები ოდესღაც გააფთრებით ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ დღეს მის სანახავად ებრაელი და მუსლიმი პილიგრიმები იშვიათად მიდიან, ის ქრისტიანების კუთვნილებაა.

იერუსალიმში ხშირად მითი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭეშმარიტება. „იერუსალიმში ისტორიულ ფაქტებზე ნურასდროს მკითხავთ, - ამბობს ცნობილი პალესტინელი ისტორიკოსი, დოქტორი ნაზმი ალ-ჯუბა, - როგორც კი გამოგონილ მითებს ჩამოაცლი, ხელთ აღარაფერი შეგრჩება“. აქ ისტორიას იმხელა როლი აქვს, რომ მას ხშირად ამახინჯებენ: არქეოლოგია, თავის მხრივ, ისტორიული ძალაა და ხანდახან, როცა წარსულის აწმყოსთან შეთავსებაა საჭირო, არქეოლოგებს ისეთივე ძალაუფლება ენიჭებათ, როგორიც - ჯარისკაცებს. ობიექტური და მეცნიერული დისციპლინის მეშვეობით ეთნიკურ-რელიგიური ცრურწმენების საღად გააზრება და იმპერიული ამბიციების გამართლება შეიძლება. ებრაელები, პალესტინელები და მეცხრამეტე საუკუნის ევანგელისტი იმპერიალისტები დამნაშავეები არიან ერთი და იმავე ფაქტების დამახინჯებასა და სხვადასხვაგვარად წარმოჩენაში. ამგვარად, იერუსალიმის ისტორია ჭეშმარიტებისა და ლეგენდების ისტორიაა. თუმცა, არსებობს ფაქტები, რამდენად მიუღებელიც უნდა იყოს ის ამა თუ იმ მხარისთვის.

ჩემი მიზანია, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტების გარეშე აღვწერო იერუსალიმის ისტორია ყველანაირი გემოვნებისა თუ მრწამსის მქონე მკითხველისთვის: ათეისტებისთვისაც და მორწმუნეებისთვისაც; ქრისტიანებისთვის, ებრაელებისა თუ მუსლიმებისთვის.

ყველაფერს ქრონოლოგიურად მოგითხრობთ. მოგიყვებით იმ მამაკაცებისა თუ ქალების, - ჯარისკაცების, წინასწარმეტყველების, პოეტების, მეფეების, გლეხებისა და მუსიკოსების - იმ ოჯახების ამბავს, ვინც იერუსალიმი შექმნა. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო გზაა, ქალაქის წარმოშობის ისტორია გაიგოთ და დაინახოთ, რომ მისი რთული და საკვირველი ჭეშმარიტებანი მისივე ისტორიის ნაყოფია. მხოლოდ ქრონოლოგიური თხრობის სტილი თუ დაიფარავს მკითხველს ცდუნებისგან, წარსული აწმყოს გადასახედიდან შეაფასოს. ვცადე, თავი ამერიდებინა თელეოლოგიისთვის - ისტორიის ისე აღწერისთვის, თითქოს ყველაფერი, რაც მოხდა, გარდაუვალი იყო. რადგან ყოველი ცვლილება არის რეაქცია წინამორბედ ცვლილებაზე, ქრონოლოგია საუკეთესო საშუალებაა ქალაქის ევოლუციის საჩვენებლად და პასუხის გასაცემად შეკითხვაზე: რატომ იერუსალიმი? აგრეთვე იმის გასარკვევად, თუ რა ედო საფუძვლად ისტორიული პიროვნებების ამა თუ იმ ქმედებას. გარდა ამისა, იმედი მაქვს, რომ მკითხველს, ყველაზე მეტად, სწორედ ეს სტილი გაართობს. ვინ ვარ მე, თუ ჰოლივუდურ კლიშეს გამოვიყენებთ, რომ ასეთი დიდებული ამბავი გავაფუჭო? იერუსალიმზე დაწერილ ათასობით წიგნს შორის მხოლოდ რამდენიმეა თხრობითი ჟანრის. ბიბლიის, კინოფილმების, რომანებისა თუ მედიასაშუალებების წყალობით იერუსალიმის ოთხი ეპოქა - დავითის, იესოს, ჯვაროსნებისა და არაბულ-ებრაული კონფლიქტების - მეტნაკლებად ცნობილია. მაგრამ ხშირად მათ მაინც შეცდომით იგებენ. რაც შეეხება სხვა მივიწყებულ ისტორიულ მონაკვეთებსა და ამბებს, მათ მკითხველების სამსჯავროზე გამოვიტან.

თქვენ წინაშეა ისტორია იერუსალიმისა, მსოფლიო ისტორიის ცენტრისა, მაგრამ ეს წიგნი სულაც არ არის ენციკლოპედია, რომელიც იერუსალიმის ყოველ ასპექტს მიმოიხილავს, ან გზამკვლევი, რომელიც ქალაქის ყოველი შენობის ყოველ ნიშას, სვეტსა თუ დერეფანს მიგასწავლით. ეს წიგნი სულაც არ აღწერს მართლმადიდებლების, ლათინებისა თუ სომხების ისტორიას, ისლამური ჰანაფის თუ შაფიის მაზჰაბებს, არც ხასიდიზმს ან კარაიზმს. ისტორია არ იქნება მოთხრობილი ვინმეს გადასახედიდან. მუსლიმური ქალაქის ცხოვრება მამლუქების მმართველობიდან პალესტინის მანდატამდე გამოტოვებულია. იერუსალიმური ოჯახები პალესტინის საკითხებში განსწავლულმა აკადემიკოსებმა შეისწავლეს, მაგრამ მათი ამბები პოპულარულ ისტორიკოსებს ძალზე მწირად აქვთ აღწერილი. არადა, ამ ამბების გაცნობა ძალზე მნიშვნელოვანია. ზოგიერთი, ინგლისურად ჯერჯერობით ხელმიუწვდომელი, ტექსტი მე ვათარგმნინე და პირადად გამოვკითხე სხვადასხვა ოჯახური კლანის წევრები. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ მოზაიკის შემადგენელი ნაწილია. ეს წიგნი არ არის იუდაიზმის, ქრისტიანობის ან ისლამის ისტორია, არც კვლევა იერუსალიმში ღვთის ბუნების შესახებ: მსგავსი რამ შეგიძლიათ წაიკითხოთ ექსპერტის დონეზე დაწერილ, კარენ არმსტრონგის ბრწყინვალე ნაშრომში „იერუსალიმი: ერთი ქალაქი, სამი რელიგია“. ჩემს წიგნში არც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დეტალურ ისტორიას მოგითხრობთ: ჩვენს დროში ასე გატაცებით სხვა არც ერთ საკითხს არ იკვლევენ. არა, ჩემი მიზანია, ამ ყველაფერზე ერთდროულად მოგიყვეთ ისე, რომ ტექსტი ყოველმხრივ დაბალანსებული იყოს.

ვაპირებ, ფაქტებს მივდიო და არ განმიზრახავს სხვადასხვა მითისა თუ რელიგიის შეფასება ან განსჯა. არც იმის მტკიცებას დავიწყებ, რომ სამი დიდი რელიგიის წმინდა წიგნებში მოთხრობილი ღვთიური სასწაულები და ამბები „ჭეშმარიტებაა“. ნებისმიერი, ვინც ბიბლიას ან იერუსალიმს იკვლევს, აღიარებს, რომ სიმართლის მრავალი ფენა არსებობს. სხვა რელიგიების ან ეპოქების შეხედულებები ჩვენს დროში უცხოდ გვეჩვენება და ყოველთვის ჩვენსას ვაყენებთ მათზე წინ. თვით ოცდამეერთე საუკუნეში, როცა თითქოს სეკულარული და პრაქტიკული აზროვნების მწვერვალს მივაღწიეთ, მაინც არსებობს წარსულიდან შემორჩენილი სიბრძნეები და კვაზირელიგიური ადათ-წესები, რომლებიც ჩვენს შვილთაშვილებს ალბათ სრულ სისულელედ მოეჩვენებათ. მაგრამ რელიგიისა და მისი სასწაულების გავლენა იერუსალიმზე ცხადზე უცხადესია და იერუსალიმის გაცნობა რელიგიის მიმართ სულ მცირე პატივისცემის გარეშე, შეუძლებელია.

იერუსალიმის ისტორიაში არსებობს ეპოქები, რომლებზეც ბევრი არაფერია ცნობილი და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები მოჰყავთ. იერუსალიმის თაობაზე გამართული აკადემიური და არქეოლოგიური ცხარე დებატები ხშირად გადაზრდილა მუშტი-კრივსა და შეხლა- შემოხლაში. უკანასკნელი ორმოცდაათი წლის ისტორიაც კი იმდენად საკამათოა, რომ მისი უამრავი ვერსია არსებობს.

ადრეულ წლებში მრავალი პროფესიონალი თუ მოყვარული ისტორიკოსი და არქეოლოგი ცდილობდა მის ხელთ არსებული მწირი ინფორმაციის თავის მიერ ჩამოყალიბებული თუ მოწონებული თეორიისთვის ყველანაირი ხერხით მორგებას. ყველა ასეთი შემთხვევა პირველად წყაროებზე დაყრდნობით გამოვიკვლიე და ჩემეული დასკვნაც გამოვიტანე. წესით, ამ წიგნში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები „ალბათ“, „სავარაუდოდ“, „შესაძლოა“ ან „ჩემი აზრით“ უნდა იყოს, მაგრამ თუ მკითხველი მათ ყველა საჭირო ადგილას ვერ აღმოაჩენს, ზედმეტ თავდაჯერებულობაში ნუ ჩამომართმევს; ყოველი წინადადება მოცულობითი, მრავალფეროვანი ლიტერატურული ტექსტებითაა გამყარებული. ყოველი განყოფილება გადამოწმებული და გადაკითხულია აკადემიკოსი სპეციალისტის მიერ. ბედნიერი ვარ, რადგან ამ წიგნის დაწერაში დახმარება თანამედროვეობის რამდენიმე სახელგანთქმულმა პროფესორმა გამიწია.

ყველაზე საკამათო მეფე დავითის პიროვნებაა, მისი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური ქმედებების გამო. მეფე დავითის სამეცნიერო კუთხით შეფასებისასაც კი ისეთი დრამატული და მწვავე კამათი გაიმართა, როგორიც ალბათ მხოლოდ ქრისტეს ან მუჰამადის ბუნების შეფასებას თუ მოჰყვებოდა. დავითის ამბავი ბიბლიაშია მოთხრობილი. დიდი ხნის განმავლობაში ბიბლია მისი არსებობის დამადასტურებელი ერთადერთი წყარო იყო. მეცხრამეტე საუკუნეში წმინდა მიწის მიმართ გაჩენილმა იმპერიალისტურ-ქრისტიანულმა ინტერესმა დავითის იერუსალიმის არქეოლოგიური კვლევის სურვილიც გააღვივა. 1948 წელს, ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, ამ კვლევა-ძიებამ ქრისტიანულთან ერთად მგზნებარე რელიგიურ-პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა ებრაული იერუსალიმის დაარსებაში მეფე დავითის მიერ შეტანილი წვლილის გათვალისწინებით. ძვ. წ. X ს-ის დამაჯერებელი წყაროებისა და ფაქტების არარსებობის გამო რამდენიმე რევიზიონისტმა ებრაელმა ისტორიკოსმა დავითის ქალაქის ზომები შეამცირა. ზოგმა მათგანმა დავითის არსებობაშიც კი შეიტანა ეჭვი, რითაც ებრაელი ტრადიციონალისტები ძლიერ განარისხა, ხოლო პალესტინელი პოლიტიკოსები გაახარა, რადგან ეს თეორია ებრაელთა მოთხოვნებს საფუძველს აცლიდა. მაგრამ 1993 წელს აღმოჩენილმა თელ-დანის სტელამ დაადასტურა, რომ მეფე დავითი არსებობდა. მართალია, ბიბლია ისტორიულ ნარკვევს არ წარმოადგენს, მაგრამ მე ის ჩემი წიგნისთვის ძირითად ისტორიულ წყაროდ გამოვიყენე. დავითის ქალაქის სიდიდე და ბიბლიის სანდოობა ამ წიგნში განხილულია და დავითის ქალაქზე ატეხილ ახლანდელ დაპირისპირებებზეც ეპილოგში წაიკითხავთ.

როცა უფრო გვიანდელ ეპოქას შევეხებით, შეუძლებელია, მეცხრამეტე საუკუნის აღწერისას ედვარდ საიდის „ორიენტალიზმის“ ჩრდილში არ მოექცე. საიდი, იერუსალიმში დაბადებული პალესტინელი ქრისტიანი, რომელიც ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორი და მსოფლიოში პალესტინური ნაციონალიზმის პირველი პოლიტიკური გამხმოვანებელი გახდა, ამტკიცებდა, რომ არაბულ-ისლამური ერებისა და მათი კულტურის მიმართ არსებულმა შეფარულმა და გონებაში ღრმად ჩაბეჭდილმა ევროცენტრულმა ცრურწმენებმა, განსაკუთრებით, მეცხრამეტე საუკუნის მოგზაურებს: შატობრიანს, მელვილსა და ტვენს შორის - არაბული კულტურა დააკნინა და იმპერიალიზმი გაამართლა. საიდის ნაშრომებით შთაგონებულმა რამდენიმე მისმა მიმდევარმა სცადა, ეს დასავლელი მომხვდურები ისტორიიდან ამოეშალა, რაც აბსურდული აზრი იყო. თუმცა, ისიც მართალია, რომ ამ დასავლელმა მოგზაურებმა ბევრი რამ ვერ ნახეს და შეიტყვეს არაბულ და ებრაულ იერუსალიმზე და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნამდვილი ცხოვრება მეჩვენებინა თქვენთვის. მაგრამ ამ წიგნის მიზანი პოლემიკის გამოწვევა არ არის. იერუსალიმის ისტორიკოსებმა უნდა აღიარონ დასავლეთის რომანტიკულ-იმპერიალური კულტურის გავლენა ქალაქზე, რადგან სწორედ ამით აიხსნება მსოფლიოს დიდი ძალების ინტერესი ახლო აღმოსავლეთის მიმართ.

შესაბამისად, მე აღვწერე ბრიტანული სეკულარული და ევანგელისტური პროსიონიზმის პროგრესი, დაწყებული პალმერსტონითა და შაფტსბერით, დამთავრებული ლოიდ ჯორჯით, ბალფურით, ჩერჩილითა და მათი მეგობარი ვაიცმანით. აღვწერე იმ უბრალო მიზეზით, რომ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში სწორედ ამან მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა იერუსალიმისა და პალესტინის ბედზე.

წიგნში ძირითადი თხრობა 1967 წლის მოვლენებზე წყდება, რადგან ექვსდღიანმა ომმა ერთგვარად სათავე დაუდო დღევანდელ სიტუაციას და ამიტომ გადამწყვეტ მომენტად მიმაჩნია. სამაგიეროდ, ეპილოგში დაწვრილებითაა მოთხრობილი პოლიტიკური ვითარება სამოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აღწერილია ერთი ჩვეულებრივი დილა იერუსალიმის სამ წმინდა ადგილას. მაგრამ ვითარება ყოველდღიურად იცვლება. ქალაქში ყოველსაათობრივად იმდენი რამ ხდება, რომ თავისუფლად შეიძლებოდა, წიგნი ვერც დამემთავრებინა. ამის ნაცვლად, ვცადე, თქვენთვის მეჩვენებინა, რატომ რჩება იერუსალიმი სამშვიდობო ხელშეკრულების უმთავრეს ხელშემწყობად და, იმავდროულად, დაბრკოლებად.

ეს წიგნი წარმოადგენს თანამედროვე თუ უძველესი წყაროების სინთეზს, გამყარებულს სპეციალისტებთან, პროფესორებთან, არქეოლოგებთან, იერუსალიმელ ოჯახებთან და პოლიტიკურ მოღვაწეებთან პირადი საუბრებით; აგრეთვე იერუსალიმში, ტაძრებსა და არქეოლოგიურ გათხრებზე მრავალგზის სტუმრობით. ჩემმა კვლევამ სამმაგი სიამოვნება მომანიჭა: ჯერ ერთი, ხშირად მიწევდა იერუსალიმში ყოფნა; მეორეც, წავიკითხე შესანიშნავი ავტორების ბრწყინვალე წიგნები, დაწყებული უსამა ბინ მუნყისი, იბნ ხალდუნით, ევლია ჩელებითა და ვასიფ ჯოჰარიათი, დამთავრებული ვილჰელმ ტირელით, იოსებ ფლავიუსითა და ტომას ედვარდ ლოურენსით. დაბოლოს, ამ გაცხოველებულ პოლიტიკურ კრიზისში გავიცანი და ბევრჯერ უანგაროდ და უშურველად დამეხმარნენ ყველანაირი მრწამსის იერუსალიმელები - მათ შორის, პალესტინელები, ებრაელები, სომხები, მუსლიმები და ქრისტიანები.

ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება ამ წიგნის დასაწერად ვემზადებოდი. ბავშვობიდან იერუსალიმის ქუჩებში დავსეირნობდი. ოჯახური კავშირების გამო, „იერუსალიმი“ ჩემი ოჯახური დევიზია. რა პიროვნული კავშირიც უნდა მქონდეს ამ ქალაქთან, მე მხოლოდ იმას მოგითხრობთ, რაც მოხდა და რისიც ხალხს სჯეროდა. ისევ იმას დავუბრუნდები, რაც დასაწყისში ვთქვი: ყოველთვის ორი იერუსალიმი არსებობდა - ამქვეყნიური და ზეციური; ორივე რწმენითა და ემოციებით იმართება და არა საღი აზრითა და ფაქტებით. იერუსალიმი დღემდე სამყაროს ცენტრად რჩება.

ყველას არ მოეწონება ჩემი შესავალი - ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ იერუსალიმია. მაგრამ წიგნის წერისას ყოველთვის ვიხსენებდი ლოიდ ჯორჯის სიტყვებს, რომლებიც მან უთხრა იერუსალიმის გუბერნატორ სტორსს, რომელიც ებრაელებსაც და არაბებსაც ერთნაირად სძულდათ: „თუ რომელიმე მხარე წუწუნს შეწყვეტს, დაგითხოვთ“.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში