ვუდი ალენი - ჩემივე აპოლოგია

წარსული ხანის ყველა სახელგანთქმულ ადამიანთაგან მე მაინც უფრო სოკრატედ მინდოდა დავბადებულიყავი. მარტომ იმიტომ კი არა, დიდი მოაზროვნე რომ იყო - თავადაც გამაჩნია ერთი-ორი სავსებით ანგარიშგასაწევი მოსაზრება (თუმცა ისინი, ძირითადად, მაინც შვედ სტიუარდესებსა და მათთვის დასადებ პლასტიკის ხელბორკილებს ეხება).

არა - აქ ჭკუაში არაა საქმე. რაც მე ამ ბერძენთაგან უბრძენესში მაოცებს - ეს მისი უდრეკობაა სიკვდილის წინაშე, უნარი - იოტისოდენადაც არ შეიცვალოს მრწამსი და თუნდაც რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად, აქეთ ამტკიცოს საკუთარი სიმართლე. სამწუხაროდ, იმას ვერ ვიტყვი, მეც ეგეთივე ძალგულოვანი ვარ-მეთქი:

მოულოდნელად დაქოქილი ძრავის ხმაზე, შეიძლება ადგილზეც კი შევხტე. არადა, სოკრატეს გმირულმა სიკვდილმა მისსავე სიცოცხლეს შემატა საზრისი - ანუ ის, რაც ჩემსას (სიცოცხლეს ვგულისხმობ, რაღა თქმა უნდა), თუკი გადასახადების ინსპექციის თვალსაზრისს არ ჩავაგდებ სათვალავში, ნამდვილად აკლია.

ბევრჯერ მომიზომია ამ დიადი ფილოსოფოსის სანდლები, მაგრამ როგორც კი თასმების შეკვრას ვიწყებდი, წამსვე ძილს ვეძლეოდი ხოლმე და მუდამ ერთსადაიმავე სიზმარს ვჭვრეტდი:

ციხის საკანი. ერთადგილიანია - ვზივარ ჩემთვის და რაიმე რთული საკითხის გადაჭრას ვლამობ: ვთქვათ, შეიძლება თუ არა რაღაც ნივთი ხელოვნების ნიმუშად ჩაითვალოს, თუკი ამავე დროს, ძალზე მოსახერხებელია მისით ტაფების ხეხვა? ოღონდ ახლა სიმია და აგათონე მესტუმრნენ და ფიქრი გამაწყვეტინეს.

აგათონე: ჩემო ძვირფასო მეგობარო და ბრძენთაბრძენო, როგორ მიდიან დღენი შენი დაყუდებისა?

ალენი: აბა რა გითხრა, აგათონე ჩემო, ამგვარი დაყუდება-ჩაყუდების თაობაზე? მხოლოდ სხეული შეიძლება დაატუსაღო, გონება ჩემი კი კვლავაც თავისუფალია. ეს კედლები ხომ მას ვერ დაბორკავს და მაგიტომაც ვკითხულობ ახლა: საერთოდ არსებობს კია დატუსაღება როგორც ასეთი?

აგათონე: და თუკი გასეირნებას მოისურვებ?

ალენი: კარგი შეკითხვაა... არა, აი ეგ არ ძალმიძს.

სამივენი კლასიკურ ძველბერძნულ ყაიდაზე, ნახევრადწამოწოლილნი ვსხედვართ, როგორც ეს ფრიზებზეა გამოსახული. ბოლოს, ისევ აგათონე იღებს სიტყვას.

აგათონე: ცუდი ამბავი უნდა გითხრა. სიკვდილი მოგისაჯეს.

ალენი: საწუხ არს ესე, განხეთქილების მიზეზად რომ ვიქეცი ათენელთა შორის.

აგათონე: რის განხეთქილება, გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

ალენი: ნუთუ?

აგათონე: პირველივე მოსმენით.

ალენი: არ ველოდი... მეტი მხარდაჭერის იმედი მქონდა მათგან.

სიმია: ნაფიცი მსაჯულები შენმა პროექტმა აღაშფოთა... აი, იდეალური სახელმწიფოს შექმნის თაობაზე.

ალენი: მეფე-ფილოსოფოსის ტახტი არ უნდა მომეთხოვა, ეტყობა. ზედმეტი მომივიდა.

სიმია: კი, ეგრეა.

ალენი: და მაინც, ჩემს ჯალათებს მე ბოროტებად არ მოვნათლავდი.

აგათონე: ნამდვილად. არც მე.

ალენი: და რაი არს ბოროტება, თუ არა გადამეტებული სიკეთე?

აგათონე: ვერ გავიგე?

ალენი: მოდი, აგათონე ჩემო, ერთად განვსაჯოთ. როცა მავანი კარგ სიმღერას იმღერს - ეს კარგია, მაგრამ თუკი დაიწყებს და აღარ გაათავებს, თავიც კი შეიძლება წამოგტკივდეს - ეგრე არაა?

აგათონე: ჭეშმარიტად.

ალენი: და თუკი, ყველა თხოვნის მიუხედავად, ის თავისას მაინც განაგრძობს, განა არ გაგიჩნდება სურვილი, თავში წაუთაქო?

აგათონე: სრულ სიმართლეს ბრძანებ.

ალენი: როდისღა ეპირებიან განაჩენის აღსრულებას?

აგათონე: განა რომელი საათია, რო?

ალენი: არ მითხრა ახლა, დღესვეო!

აგათონე: რას იზამ, ციხეები ხალხს ვეღარ იტევს...

ალენი: მართლაცდა, რა გინდა რომ ქნა... დე იყოს ასე! გაიგოს ხალხმა, რომ ჭეშმარიტებისა და დამოუკიდებელი სამართალწარმოების იდეალებს შევწირე თავი. ნუ სტირი, ჩემო კეთილო აგათონე.

აგათონე: არ-აა... უბრალოდ, ალერგია მჭირს.

ალენი: ბოლოს და ბოლოს, მოაზროვნე კაცისათვის ხომ სიკვდილი - იგივე საწყისია და არა სასრული.

სიმია: ეგ როგორ?

ალენი: მაცალე და ახლავე აგიხსნი.

სიმია: ცოტა დაუჩქარე - რა იცი, რა ხდება.

ალენი: ჩემო სიმია, ხომ მართალია რომ თავის შობამდე, არა ადამიანი არ არსებობდა?

სიმია: ცხადია.

ალენი: და რომ არც სიკვდილის მერე იარსებებს?

სიმია: მაგაშიც სავსებით გეთანხმები. და რა მერე?

ალენი: დამაცადე, რაღაც რამსები ამერია... აქ ხომ ცარიელა ცხვრის ხორცი მოაქვთ, და იმის კარგად შებრაწვაც კი ეზარებათ!

სიმია: უმეტესობა იმ აზრს ადგას, რომ სიკვდილი - ეს ყველაფრის დასასრულია. ამიტომაც უფრთხის ყველა.

ალენი: სიკვდილი არარსებობაა და რაც არ არსებობს, იმისი როგორღა უნდა გეშინოდეს? მხოლოდ ჭეშმარიტება არსებობს, ჭეშმარიტება და მშვენიერება. ისინი თანაბარგანწონილნი არიან, მაგრამ - არა ურთიერთშეფარდებადი... ისე, რამე რომ იყოს, რას მიპირებენ, თუ იცით?

აგათონე: ციკუტას ნახარშს მოგართმევენ.

ალენი: (მცირეოდნავ შეჩქვიფებული) რასა-რასაო?!

აგათონე: არ გახსოვს, მარმარილოს მაგიდა რომ გამოგიწვა?

ალენი: არა, მართლა!

აგათონე: სულ რაღაც ერთ ჭიქას. თუმცა, თუ დაგექცა, კიდევ ერთი მარქაფადა აქვთ.

ალენი: თუ იცი, მტკივნეული რამაა?

აგათონე: გვთხოვეს გადმოგვეცა, იქნებ ისტერიკები არ მოაწყო აქაო... სხვა პატიმრები დაფეთდებიან.

ალენი: (მრავალმნიშვნელოვნად) გასაგებია.

აგათონე: ყველანი დავარწმუნე, ეგ არ იქნება-მეთქი.

ალენი: ეგ კარგი გიქნია... ისე, გადასახლებაზე არ ყოფილა ლაპარაკი?

აგათონე: ეგ ჯერ კიდევ შარშან გააუქმეს. ნამეტანი ხარჯიანი ამბავია.

ალენი: მართალია, მარალი... (აღელვებულია და რეტდასხმული, მაგრამ ცდილობს, თავი არ გაამჟღავნოს) შენა და... სხვა?

აგათონე: არ დაიჯერებ, იზოსცელსს გენიალური აზრი დაებადა ახალი სამკუთხედის თაობაზე.

ალენი: საინტერესოა, საინტერესო... (უცბად მოიმჩვარება) მისმინეთ, იქნებადა არც მომკლან, ჰა? ამისთანა ახალგაზრდა...

აგათონე: და ჭეშმარიტებას რა ვუყოთ?! მისთვის ვარ, მისთვის მოვკვდებიო, რომ გაიძახოდი... ამისთანა შანსი კიდე მოგეცემა ოდესმე?

ალენი: კარგად გამიგეთ, მეგობრებო - რაღა თქმა უნდა, ჭეშმარიტებას შემოვევლე, მაგრამ იმ კვირას სპარტაში რომ დავუკვეთე მაგიდა? ძაან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, როგორ გავაცდინო... თან - ჩემი ჯერია, მე უნდა გადავიხადო! მაგ სპარტელებს არ იცნობ? ისეთ უბრალოზე გადაგეკიდებიან სამკვდრო-სასიცოცხლოდ...

სიმია: არ მითხრა ახლა, ანტიკურობის უდიდესი ფილოსოფოსი უბრალო შიშმა შემიპყროო!

ალენი: არა, არც მხდალი ვარ და არც - გმირი. სადღაც შუაში გავეჩხირე.

სიმია: მოცახცახე ჭია.

ალენი: ზუსტი განსაზღვრებაა, წყალი არ გაუვა.

აგათონე: კი მაგრამ, აგერ ახლა არ იყო რომ დაამტკიცე - სიკვდილი არ არსებობსო?

ალენი: ასე იმდენი რამა მაქ დამტკიცებული... ლუკმა-პურს მაგით ვშოულობ. ბინის ფულს აბა რითი ვიხდი? აქეთ რაიმე თეორია და მოსაზრებები, იქით - ორიოდ მახვილგონივრული შენიშვნა, აფორიზმები შიგადაშიგ... აბა, როგორ გინდათ? პაპანაქებაში ზეთისხილის კრეფას, მაინც ესა სჯობს. ახლა კი თავი უნდათ დამაკარგვინონ.

აგათონე: მაგრამ სული ხომ უკვდავია? სულ ამას არ ამბობდი?

ალენი: მერე, განა ეგრე არაა? ოღონდ ეგ - სტილოსით როცა წერ ცვილის დაფაზე! არა ძმაო, საკლასო ოთახის იქით ფილოსოფია არ ჭრის...

სიმია: და მარადი ეიდოსები, საგანთა ფორმა? ხომ იძახდი, ყოველი ნივთი მუდამ არსებობდა და მუდამაც იარსებებსო.

ალენი: მაგაში, ძირითადად, მძიმე საგნებს ვგულისხმობდი - ქანდაკებას, მაგალითად. ადამიანი - ეს სულ სხვა რამაა.

აგათონე: და სიკვდილი რომ სიზმარიაო?

ალენი: კი, ეგრეა. ოღონდ როცა დაგძახებენ - მწყობრში დადექ! - აი მაშინ უკვე გიჭირს სანდლების შეკვრა...

შემოდის ციხის მეთვალყურე, სახე სუფთა სპაიკ მილიგანს (ცნობილი ირლანდიელი კომიკოსი და მწერალი) მიუგავს. ხელში ციკუტას ნაყენით სავსე თასი უკავია.

მეთვალყურე: აბა ციკუტა, ციკუტა! ვისი ჯერია?

აგათონე: (ჩემზე ანიშნებს) აი, ამისი.

ალენი: ვაი დედაჩემო! ეს რამხელა თასია... და ორთქლიც ასე უნდა ასდიოდეს?
მეთვალყურე: რაზეა ლაპარაკი! მთლად ცინცხალი მოხარშულია და იმიტომ. ბოლომდე შესვი, შხამი ზოგჯერ ნალექში რჩება ხოლმე.

ალენი: (როგორც წესი, ამ დროს სულ აღარ ვგევარ ხოლმე სოკრატეს და როგორც მითხრეს, ძილში ვიწყებ ყვირილს) არა-ა! არ მინდა! ნუ გამწირავთ! მიშველეე-ეთ!

მეთვალყურე აინუნშიც არ მაგდებს, ამ უბედურებას ხელში მტენის და ასე ჩანს, მორჩა სუყველაფერი. მაგრამ ეტყობა, თავდაცვის ინსტინქტი სიზმარშიც მძლავრობს და სად იყო, სად არა, მაცნე შემობლაყუნდა.

მაცნე: სმენა იყოს და გაგონება! მსაჯულებმა ხელახლა უყარეს კენჭი და მსჯავრდებულს ყველა ბრალდება მოეხსნა! მერე თქვენი ღვაწლიც გადააფასეს და გადაწყდა, დაგაჯილდოვონ!

ალენი: მოვიდნენ ჭკუაზე, ბოლო-ბოლო? ახლა თავისუფალი კაცი ვარ და პატივდებულიც! აგათონე, სიმია - ჩემი ბარგი-ბარხანა მოხიკეთ! ვაითუ პრაქსიტელესი უკვე მელოდება კიდეც... დროზე უნდა დაიწყოს ჩემი ბიუსტის კვეთა. მაგრამ მანამდე, ნება მომეცით, ერთი იგავიც გითხრათ.

სიმია: გაიხარე! მაგრა სასიკეთოდ კი შემობრუნდა საქმე! ნეტა, საერთოდ რითი ფიქრობენ ეს მსაჯულ-ვექილები?!

ალენი: ველურების მთელი ტომი ცხოვრობს გამოქვაბულში და აზრზეც არ არიან, გარეთ თუ მზე ანათებს. მხოლოდ სანთელის ის პაწია ნათება იციან, ეგაა და ეგ.

სიმია: დაიცა და, ეს სანთლები საიდან?

ალენი: ახლა, სიტყვაზე ნუ გამომედევნები, აქვთ და მორჩა.

აგათონე: მღვიმეში სახლობენ და სანთლებს ამზადებენ? რაღაც თავი ბოლოს არ ებმის...

ალენი: ბოლო-ბოლო, მომისმენთ თუ არა? ერთხელაც ერთი მათგანი გარეთ გააღწევს და სამყაროს დაინახავს.

აგათონე: მერე კიდე სხვებს უყვება და არავინ უჯერებს?

ალენი: ჩაგივარდა კოვზი ნაცარში! არავის არაფერსაც არ მოუყვება.

სიმია: არა?!

ალენი: დიახაც რომ არა! უბრალოდ, საბაყლოს გახსნის, მოცეკვავე ქალს მოიყვანს ცოლად და ორმოცდაორი წლისა, ტვინში სისხლის გაჟონვით კვდება...

ხელებს ჩამავლებენ, გამსკვანჩავენ და ძალით მასხამენ ციკუტას ხახაში. აი, აქ კი უკვე მართლა მეღვიძება, მთლად სიმწრის ოფლში გაღვრილს და მხოლოდ ორ, მაგრად მოხარშულ კვერცხსა და შებოლილ ორაგულს შეუძლია ჩემი დაწყნარება...

თარგმნა გია ჭუმბურიძემ
გამომცემლობა "დიოგენე"

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში