რიუნოსკე აკუტაგავა - ფიქრები ლიტერატურაზე

ლიტერატურული, მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოები; მოკლებული ყოველგვარ „თხრობას“.

არა მგონია, რომ „თხრობას“ მოკლებული ნაწარმოები სხვებზე უმჯობესი იყოს. აი ამიტომაც არ ვქადაგებ, მხოლოდ „თხრობას“ მოკლებული ნაწარმოები წერეთ-მეთქი. უწინარეს ყოვლისა, ჩემი ნოველებიც მეტნაკლებად „თხრობითია“.

სურათის შექმნა უესკიზოდ არავის ძალუძს. ასევე, პროზაული თხზულებაც „თხრობაზე“ ფუძნდება (სიტყვა „თხრობას“ მარტო „მოთხრობის“ მნიშვნელობით არა ვხმარობ). პირდაპირ უნდა ითქვას, ნაწარმოების შექმნა „თხრობის“ გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია და ბუნებრივია ჩემი მოწიწებაც თხრობაზე დაფუძნებული ნაწარმოებებისადმი. განა შეიძლება სხვანაირად მოვიქცეთ, როცა ჯერ კიდევ უხსოვარ დროს „თხრობაზე“ დააფუძნეს „დაფნისი და ქლოე“, ყველა სხვა პროზაული ნაწარმოები და ეპიკური პოემა. „ქალბატონი ბოვარის“, „ომი და მშვიდობის“, „წითელი და შავის“ ქვაკუთხედიც „თხრობაა“.

მაგრამ ნაწარმოების შეფასებისას არ შეიძლება „თხრობის“ ღირსება-ნაკლოვანებებს დავემყაროთ, მით უმეტეს „თხრობის“ ორიგინალობა თუ არაორიგინალობა შეფასების გარეთ უნდა რჩებოდეს (ყველასთვის ცნობილია, ძიუნიტირი ტანიძაკი ორიგინალურ „თხრობაზე“ აგებული მრავალი ნაწარმოებთაგან ზოგიერთმა შეიძლება საუკუნეებს გაძლოს. ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს მათი უკვდავება „თხრობის“ ორიგინალობაზე იყოს დამოკიდებული). კაცმა რომ თქვას, საკითხს - ნაწარმოებში არის თუ არა „თხრობა“, ამ პრობლემასთან საერთო არაფერი აქვს. ვიმეორებ: არა მგონია, რომ საერთოდ „თხრობას“ მოკლებული ნაწარმოები სხვებზე უმჯობესია. მაგრამ ვფიქრობ, ასეთ ნაწარმოებსაც აქვს არსებობის უფლება.

„თხრობას“ მოკლებული ნაწარმოები მხოლოდ ადამიანის საქციელს როდი ასახავს. სხვა პროზაულ ქმნილებათაგან იგი ყველაზე უფრო ახლოა ლექსთან. ამავე დროს, ის უფრო ახლოა პროზასთან, ვიდრე ე.წ. პროზაული ლექსები. მესამედ ვიტყვი: არა მგონია, რომ „თხრობას“ მოკლებული ნაწარმოები სხვებზე უმჯობესია და მაინც, „სიწმინდის“ თვალსაზრისით, ის უფრო წმინდა სახის მხატვრული ნაწარმოებია. შეიძლება კვლავ მოვიყვანოთ მაგალითი ფერწერიდან - უესკიზოდ სურათის შექმნა შეუძლებელია (მხედველობაში არა მაქვს კანდინსკის მთელი რიგი ტილოები, „იმპრვიზაცია“ რომ ეწოდება). მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხოვრების ამსახველი სურათი იმდენად ესკიზის წყალობით არ იქმნება, რამდენადაც საღებავებისა. ჩვენდა საბედნიეროდ, იაპონიამდე მოღწეული სეზანის რამდენიმე ტილო ამას ნათლად გვიმტკიცებს. მე სწორედ ისეთი ნაწარმოებები მიტაცებს, რომლებიც ამ სურათებს მაგონებს.

გვხვდება თუ არა სინამდვილეში ასეთი თხზულებანი? პირველად ძველმა გერმანელმა ნატურალისტებმა შექმნეს ისინი. უფრო გვიანდელებიდან შეიძლება მხოლოდ ჟიულ რენარი დავასახელოთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რენარის „ფილიპის ოჯახის ცხოვრება“, ერთი შეხედვით, დაუმთავრებელი გვეჩვენა. ასეთი ქმნილება იმათ რიცხვს გაენკუთვნება, რომელთა დამთავრება შეუძლია მხოლოდ „დაკვირვებულ თვალს“ და „მგრძნობიარე გულს“. სეზანს კიდევ ერთ მაგალითს დავესესხები. შთამომავლობას მან მრავალი დაუმთავრებელი სურათი დაუტოვა ისევე, როგორც მიქელანჯელომ მრავალი დაუმთავრებელი ქანდაკება. მაგრამ უნებურად ეჭვი გვიპყრობს - განა ნამდვილად დაუმთავრებელ ქანდაკებებს როდენი დამთავრებულად თვლიდა?! თუმცა რენარის ნაწარმოებებს, მიქელანჯელოს კანდაკებებს, ისევე როგორც სეზანის ზოგიერთ ტილოს არ შეიძლება დაუმთავრებელი ეწოდოს. საქმეში ჩაუხედაობის გამო, სამწუხაროდ, ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ როგორ აფასებენ რენარს ფრანგები, მაგრამ, ეტყობა, მისი შემოქმედებითი მანერის ორიგინალობამ საკმაო აღიარება ვერ ჰპოვა.

ნუთუ მხოლოდ უცხოელებს შეუძლიათ შექმნან მსგავსი რამ? ჩემი აზრით, იაპონელებზე თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ნაოია სიგას მოთხრობები დავასახელოთ.

მე ვთქვი, რომ ასეთი სახის ნაწარმოებნი არ არის „ვულგარულად თავშესაქცევი“. ვულგარულად თავშესაქცევს ვუწოდებ ერთგვარ ლტოლვას მხოლოდ და მხოლოდ ამბისადმი.

დღეს ქუჩაში ვიდექი და მძღოლისა და რიქშას ჩხუბს თვალს ვადევნებდი. გარკვეული ცნობისწადილიც აღმეძრა. როგორი იყო ეს ცნობისწადილი? ბევრი ვიფიქრე და ვერ წარმოვიდგინე, რითი განსხვავდებოდა იგი იმ ცნობისწადილისაგან, როცა ვუცქერ ჩხუბს თეატრის სცენაზე. გასხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩხუბი სცენაზე არ მემუქრება, ხოლო ქუჩაში ატეხილი აურზაური პირადად ჩემთვის ხიფათად შეიძლება გადაიქცეს. არ ვაპირებ იმ ლიტერატურის უარყოფას, ასეთ ცნობისწადილს რომ აღძრავს. მაგრამ მჯერა, რომ არსებობს კიდევ სხვა, უფრო მაღალი ცნობისწადილი. ამის მაგალითად (პირველ რიგში ძიუნიტირო ტანიძაკის ვუპასუხებდი) მოვიყვანდი „ჟირაფის“ რამდენიმე გვერდს, განსაკუთრებულ ცნობისწადილს რომ აღძრავს. „თხრობას“ მოკლებულ ნაწარმოებს თითქმის სრულიად არ გააჩნია ვულგარული თავშესაქცევი (საკითხავია, ეროგორ გავიგებთ სიტყვა „ვულგარულს“). რენარის დახატული ფილიპი პოეტის თვალსა და გულში გავლილი ფილიპია - ჩვენს ცნობისწადილს კი ძირითადად იმიტომ იწვევს, რომ ის ჩვენთვის ახლობელი, ჩვეულებრივი ადამიანია. ამას რომ ვულგარული თავშექცევა ვუწოდოთ, უსამართლობა იქნებოდა (ბუნებრივია, ჩემს მსჯელობაში არ მსურდა დავყრდნობოდი გამოთქმას „ჩვეულებრივი ადამიანი“). ბევრს ვიცნობ, ლიტერატურა ასეთი თავშესაქცევისათვის რომ უყვარს. ჩვენ არ გვწყინდება ზოოპარკში ჟირაფის ცქერა - ეს სრულიად ბუნებრივია. მაგრამ, ამავე დროს, კატაც გვიყვარს, ჩვენს ბინაში რომ მოუკალათებია.

თუ სეზანს, ერთი კრიტიკოსის მსგავსად, ჩვენც ფერწერის დამამსხვრეველს ვუწოდებთ, მაშინ რენარმაც დაამსხვირია „თხრობა“. ისევე, როგორც საკმევლის სურნელით გაჟღენთილი ჟიდი, ისევე, როგორც ქუჩის სუნით აქოთებული ფილიპი, რენარი მიაბიჯებს ხაფანგებითა და ხიფათით სავსე უდაბურ გზაზე.

ჩემს ცნობისწადილს იწვევს იმ მწერლების შემოქმედება, ანატოლ ფრანსისა და ბარესის შემდგომ რომ მოვიდნენ. როგორი ნაწარმოებები მაქვს მხედველობაში, „თხრობამოკლებულს“ რომ ვუწოდებ და რატომ აღმიძრავენ ისინი ცნობისწადილს, ამის გაგება ჩემ მიერ ზემოთ ნათქვამიდან შეიძლება.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში