რიუნოსკე აკუტაგავა - საუბარი ლიტერატურაზე

ჩვენი თხზულებანი გაზეთებსა და ყოველგვარ ჟურნალებში იბეჭდება. წინათაც ასე იყო, ახლაც არაფერი შეცვლილა.

ევროპიდან ერთმა მეგობარმა ღია ბარათი გამომიგზავნა ნორტ-დამის გამოსახულებით. ვუყურებდი და კვლავ ფიქრი ამეკვიატა. საქმე ისაა, რომ არქიტექტურა რამდენადმე გაბატონდა ფერწერაზე. მიქელანჯელოს უზარმაზარი ფრესკები რომანული არქიტექტურის გავლენით გაჩნდა. ვან დეიკის მომცრო სურათებიც გოთურმა არქიტექტურამ განაპირობა. როგორც ჩანს, ლიტერატურულ ნაწარმოებსაც იმ ყოველთვიური ჟურნალ - გაზეთების დაღი აზის, სადაც ის იბეჭდება.

ახლანდელი რომანები გაზეთის სულითაა გამსჭვალული. ახლანდელ მოთხრობებს მომავლის თვალით რომ გადავხედოთ, მაშინ ალბათ სტრიქონთა შორის მთელ ჟურნალს დავინახავდით. იქნებ ეს, უბრალოდ, ჩემი ფანტაზიაა, მაგრამ ის, რომ ჩვენს ნაწერებში გაზეთი, ან ჟურნალი ტივტივებს, რეალურზე სარწმუნო ფანტაზიაა და ექსპრესიონისტულ ფილმს მოგვაგონებს.

ჩვენი ჟურნალ-გაზეთები წელიწადში ათასზე მეტ რომანსა და მოთხრობას აქვეყნებენ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალზე მოკლეა. ლიტერატურის სახეობათაგან რომანი ყველაზე უკეთ ასახავს ცხოვრებას. ამავე დროს ცხოვრების ხასიათი იცვლება და რომანის ზემოქმედება მცირდება ლიტერატურის სხვა სახეებთან შედარებით. გუშინდელი რომანი უნდა წავიკითხოთ გუშინდელი ცხოვრების შესაცნობად. ამ რომანებს პირველ რიგში შემეცნებითი ღირებულება აქვს და არა ის, რომ აგვაღელვოს და გული აგვითრთოლოს.

ჩემი დროის მწერლები ტადანაო კიოსა, თუ ბერი სიუნკანი ადამიანურ სახეებს ქმნიან. მაგრამ ისინი ადრე თუ გვიან გარდაიქმნებიან ტადანაო კიოს თუ ბერ სიუნკანისეულ „ადამიანურზე გაცილებით უფრო“ დამაჯერებელ სახეებად. ყველაზე წმინდა, ნათელი გრძნობა, მაგალითად, მამაკაცისა და ქალის სიყვარული, ყოველთვის გვაღელვებს, თუნდაც ის „გენძის ამბავში“ ამოვიკითხოთ. მაგრამ ვის ეყოფა სიჯიუტე, ასეულ ფურცელს გააწყალებინოს თვალი ცხოვრებისეული სიმართლით სავსე რამდენიმე სტრიქონისათვის. საუკუნეებს რჩება მხოლოდ ის, რაც დიდი გამომსახველობითი ძალით გადმოგვცემს ამ წმინდა, ნათელ გრძნობას. ლირიკული ლექსები იქნებ ამიტომ სძლებენ რომანზე დიდხანს. იაპონური ლიტერატურა ნამდვილად ძალზე მდიდარია, მაგრამ არც ერთ ნაწარმოებს არ უწერია ისეთი დიდი ხნის სიცოცხლე, როგორც „მანიოსიუს“ ტანკას.

რომანი და პიესა რომ ჟურნალისტიკასთან ახლოს არის, ამაზე ზემოთ თქმულიც მეტყველებს. მკაცრად რომ ვთქვათ, ეპოქის გარეშე არც მწერალს შეუძლია არსებობა და არც ნაწარმოებს. ასეთია ის ხარკი, რომელიც რომანმა აუცილებლად უნდა გაიღოს, მაქსიმალური გამომსახველობით რომ გადმოსცეს ცხოვრება. აკი ვამბობდი, ლიტერატურის არც ერთ სახეობას არ უწერია ისეთი დღე, როგორც რომანს. ამავე დროს, არც ერთი სახეობა არ ცხოვრობს ისეთი დაძაბული ცხოვრებით, როგორც რომანი. ამრიგად, რომანი უფრო მეტადაა შემკული ლირიკული ტონებით, ვიდრე თვით ლირიკული ლექსი. რომანი ჩვენს თვალწინ წამიერად გაელვებულ პეპელას მოგვაგონებს.

პროლეტარული ლიტერატურის დიდი იმედი მაქვს. ეს სრულიადაც არ არის ირონია. გუშინდელი პროლეტარული ლიტერატურა მწერლებისაგან აუცილებლად მოითხოვდა საზოგადოებრივ შეგნებას. მაგრამ „გენძის ამბავი“, „გენძის ამბავად“ არც ავტორის არისტოკრატიზმს გადაუქცევია და არც სასახლის ცხოვრების ცოდნას. ამაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.

კრიტიკოსები ე.წ. ბურჟუაზიულ მწერლებს მოუწოდებენ, საზოგადოებრივი შეგნება შეიძინეთო! ამ სიტყვებს არ ვეწინააღმდეები. მე მხოლოდ ეს მინდა ვუთხრა მწერლებს, პროლეტარულს რომ უწოდებენ თავიანთ თავს: შეიძინეთ პოეტური სული...

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში