გაბირელ გარსია მარკესი წინასიტყვაობა წიგნისა - საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი კაცის ნაამბობი, ანუ ათი დღე ზვიგენების პირისპირ

საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი კაცის ნაამბობი, რომელმაც ზღვის ტალღებს მინდობილ ტივზე უჭმელ-უსმელმა ათ დღეს გაძლო, რომელიც ეროვნულ გმირად აღიარეს და რეკლამებით გამდიდრდა, სილამაზის დედოფლები რომ კოცნიდნენ, შემდეგ კი, მთავრობისგან მოძულებული, სამუდამოდ დავიწყებას მიეცა.

ამ ამბის ისტორია

1955 წლის 28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ კოლუმბიის სამხედრო ფლოტის საესკადრო ნაღმოსან „კალდასის“ რვა წევრი უგზოუკვლოდ დაიკარგა კარიბის ზღვაზე ამოვარდნილი შტორმის დროს. გემი რამდენიმე თვე შესაკეთებლად იდგა. შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების ნავსადგურ მობილიდან კოლუმბიის ნავსადგურ კარტახენაში გაემართა, სადაც დაუგვიანებლად ჩავიდა ტრაგედიიდან ორი საათის შემდეგ.

დაკარგულების ძებნა დაუყოვნებლივ დაიწყო პანამის არხის ამერიკული ძალების დახმარებით, რომლებიც კარიბის სამხრეთ ნაწილში სამხედრო კონტროლსა და სხვა საქველმოქმედო აქციებს ახორციელებდნენ. ოთხი დღის შემდეგ ძებნა შეწყდა და დაკარგული მეზღვაურები ოფიციალურად გამოაცხადეს დაღუპულებად. ერთი კვირის თავზე კი ერთი მათგანი კოლუმბიის ჩრდილოეთის უკაცრიელ სანაპიროზე გამოჩნდა ცოცხალ-მკვდარი, მას შემდეგ, რაც ათი დღე ზღვის ტალღებზე მოდრეიფე ტივზე გაატარა უჭმელ-უსმელმა.

მას ლუის ალეხანდრო ბელასკო ერქვა. ეს წიგნი ამ ამბებიდან ერთი თვის შემდეგ ბოგოტის გაზეთ „ელ ესპეკტადორში“ გამოქვეყნებული მისი ნაამბობის ჟურნალისტური ვერსიაა.

მაშინ, როცა წუთების სიზუსტით ვცდილობდით მისი თავგადასავლის აღდგენას, ვერც მე და ვერც ლუის ალეხანდრო ბელასკო წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი გულმოდგინე გარჯა ახალ უსიამოვნებებსა და ქვეყანაში არეულობას გამოიწვევდა, რაც მას თავისი დიდებისა და კარიერის დაკარგვად დაუჯდა, მე კი საკუთარი ტყავით ვაგე პასუხი.

კოლუმბიას იმხანად გენერალ გუსტავო როხას პინილიას სამხედრო და ფოლკლორული დიქტატურა მართავდა, რომლის ორი ყველაზე გახმაურებული გმირობიდან ერთი ქალაქის ცენტრში სტუდენტების დახოცვა იყო, როცა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიან მანიფესტაციას, მეორე კი - საიდუმლო პოლიციის მიერ ჯერაც დაუდგენელი რაოდენობის კორიდის დომინიკანელ გულშემატკივართა გაჟლეტა, რომლებმაც კორიდის მოედანზე დიქტატორის ქალიშვილს უსტვინეს. მკაცრი ცენზურის პირობებში გამომავალი ოპოზიციის გაზეთები თავს იმტვრევდნენ რომ როგორმე მკითხველთა გასართობად პოლიტიკისგან შორს მდგარი მასალები მოენახათ.

გაზეთ „ელ ესპეკტადორში“ მკითხველთა დაპურების ამ საპატიო მისიას რედაქტორი გილერმო კანო, რედაქციის დირექტორი ხოსე სალგარი და რეპორტიორი - ამ სტრიქონების ავტორი ვასრულებდით. ოცდაათ წელზე მეტის არც ერთი არ ვიყავით.

როცა ლუის ალეხანდრო ბელასკო თავისი ფეხით მოვიდა და იკითხა, რამდენს გადავუხდიდით თავგადასავლის მოყოლისთვის, ისე შევხვდით, როგორც ათასჯერ გადაღეჭილი, მოძველებული ამბის მომტანს შეეფერებოდა. შეიარაღებული ძალები მას რამდენიმე თვის განმავლობაში დარაჯობდნენ სამხედრო ჰოსპიტალში და მხოლოდ ოფიციალური მთავრობის ჟურნალისტებმა და ერთმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, ექიმის ხალათით რომ შეიპარა პალატაში, შეძლეს მასთან საუბარი. მისი ამბავი რამდენჯერმე გამოაქვეყნეს დაწვრილებით და უკვე ისე იყო გადაღეჭილი და შერყვნილი, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა გმირი, რომელიც ხან საათს უკეთებდა რეკლამას, რადგან მისი საათი შეუფერხებლად მუსაობდა წყალშიც კი, ხან ფეხსაცმელს, რადგან ისეთი გამძლე აღმოჩნდა, რომ გაჭირვების ჟამსაც კი ვერ დახია, რომ შეეჭამა და არც სხვა სისულელეებს თაკილობდა.

იგი მედლით დააჯილდოვეს, რადიოში პატრიოტული სიტყვით გამოიყვანეს და როგორც ახალგაზრდობისათვის მისაბაძი მაგალითი, ტელევიზიით აჩვენეს.მერე ყვავილებითა და მუსიკით შემოატარეს ნახევარი ქვეყანა, ავტოგრაფები რომ დაერიგებინა და სილამაზის დედოფლების კოცნა მიეღო. მან პატარა ქონებაც კი დააგროვა და თუ ჩვენთან თავისი ნებით მოვიდა, მოსალოდნელი იყო, რომ ბევრი აღარაფერი დარჩენოდა სათქმელი, რომ ფულის გულისთვის ნებისმიერ ამბავს შეთხზავდა და რომ მთავრობამ კარგა ხნის წინ მიახვედრა, რისი თქმა შეეძლო და რისი - არა.

სწორედ ამიტომ გავაბრუნეთ უკან, მაგრამ უცებ, გულის კარნახს აყოლილი გილერმო კანო სტუმარს კიბეზე დაეწია, თნხმობა უთხრა და მე გადმომაბარა, როგორც საათის მექანიზმიანი ბომბი.

თავდაპირველად იმან გამაოცა, ამ ჩასხმულ, ოცი წლის ბიჭს, რომელსაც სახე ეროვნულ გმირზე უფრო კორიდის გულშემატკივარს მიუგავდა, თხრობის საოცარი ნიჭი, სინთეზის უნარი, საკვირველი მეხსიერება და საკუთარი გმირობის დასაცინად საკმარისი თანდაყოლილი, ველური ღირსება რომ აღმოაჩნდა. ოცი დღე ექვს-ექვს საათს ვსაუბრობდით, რომლის დროსაც მე ჩანაწერებს ვაკეთებდი და გამოსაჭერ კითხვებს ვუსვამდი, რომ ურთიერთგამომრიცხავი არაფერი ეთქვა.

ასე შეძლებისდაგვარად კომპაქტურად აღვადგინეთ ზღვაში გატარებული ათი დღე. მართალი ამბავი, რომელიც ისეთი ყოვლისმომცველი და ამაღელვებელი გამოვიდა, რომ ჩემს ერთადერთ პრობლემად მის სიმართლეში მკითხველის დარწმუნება დარჩა. ამიტომაც და სამართლიანობის გამოც, გადავწყვიტეთ მოთხრობა პირველ პირში დაგვეწერა და ხელიც მას მოეწერა. ამ წიგნში პირველად იბეჭდება ტექსტი ჩემი ხელმოწერით.

მეორედ ლუის ალეხანდრო ბელასკომ სასიამოვნოდ მუშაობის მეოთხე დღეს გამაოცა, როცა იმ საბედისწერო ჭექა-ქუხილის აღწერა ვთხოვე, მან კი დარწმუნებულმა, რომ მის სიტყვებს ოქროს ფასი ედო, ღიმილით მომიგო: „არავითარი ჭექა-ქუხილი არ ყოფილა“.

ასეც იყო. მეტეოროლოგიურმა სამსახურებმა დაადასტურეს, რომ ის თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და გამჭვირვალე იყო კარიბის ზღვაზე. აქამდე გაუმხელელი სიმართლე კი ის გახლდათ, რომ ძლიერი ქარის გამო გემი გვერდზე გადაიხარა, გემბანიდან ცუდად დამაგრებული ტვირთი მოწყდა და რვა მეზღვაურიანად ზღვაში დაინთქა. ეს აღსარება სამ დიდ დარღვევას ამხელდა: პირველი - საესკადრო ნაღმოსნით ტვირთის გადაზიდვა სასტიკად იყო აკრძალული, მეორე - გადატვირთვის გამო გემმა ვერ შეძლო მანევრირება, რომ მობრუნებულიყო და მაშინვე გადაერჩინა წყალში ჩაცვენილები და მესამე: გემს კონტრაბანდა - მაცივრები, ტელევიზორები და სარეცხი მანქანები მოჰქონდა. ჩვენ მხოლოდ ის ვერ გავითვალისწინეთ, რომ მოთხრობა ნაღმოსნისა არ იყოს, პოლიტიკურად და მორალურად გადაიტვირთა.

ეპიზოდებად დაყოფილი ეს ისტორია თორმეტი დღის განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთში. თავდაპირველად მთავრობამ თავისი გმირის ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლა იზეიმა, მაგრამ შემდგომ, სიმართლე რომ გამოქვეყნდა, სერიალის ბეჭდვა აიკრძალა. ეს მაშინ, როცა გაზეთზე მოთხოვნილება გაორმაგდა და გამომცემლობის წინ შეგროვილი ხალხი მოთხრობის სრული კომპლექტის ხელში ჩასაგდებად ყველა ნომრის შეძენას ცდილობდა. დიქტატურამ კოლუმბიის მთარობების ტრადიციებს არ უღალატა, სიმართლეს რიტორიკით შეებრძოლა და ნაღმოსნით კონტრაბანდის გადატანა საქვეყნოდ უარყო. ჩვენ, ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად, ლუის ალეხანდრო ბელასკოს ფოტოაპარატიანი მეზღვაურების სია მოვთხოვეთ და იმის მიუხედავად, რომ მათი უმრავლესობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ატარებდა შვებულებას, ყველა მოვძებნეთ და მოგზაურობის დროს გემზე გადაღებული სურათები შევისყიდეთ.

ეპიზოდების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის თავზე, გაზეთის სპეციალურ დამატებაში, მეზღვაურებისგან შესყიდული ფოტოებით ილუსტრირებული მთლიანი მოთხრობა დაიბეჭდა. სურათებზე გამოსახულ მეზღვაურთა უკან ისე აშკარად ჩანდა კონტრაბანდის ყუთები, რომ მათზე ფირმის მარკის გარჩევაც შეიძლებოდა. დიქტატურამ მკაცრი რეპრესიებით გვიპასუხა, რაც გაზეთის დახურვით დამთავრდა.

ზეწოლის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის მიუხედავად, ლუის ალეხანდრო ბელასკომ თავისი ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ უარყო. იგი იძულებული გახდა თავისი ერთადერთი პროფესია - მეზღვაურობა მიეტოვებინა და ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში დავიწყებას მიეცა.

ორი წელიც არ გასულიყო, რომ დიქტატურა დაემხო და ქვეყნის სათავეში უკეთ შემოსილი, მაგრამ წინანდელზე არცთუ სამართლიანი მთავრობა მოვიდა. მე იმხანად პარიზში ვიყავი განდევნილი და ჩემი იქაური ცხოვრება ბევრად არ განსხვავდებოდა ტალღებზე მოდრეიფე ტივის უმისამართო ტივტივისგან.

მამაცი მეზღვაურის კვალი დაიკარგა, სანამ რამდენიმე წლის შემდეგ ერთმა მონდომებულმა ჟურნალისტმა არ მიაგნო ავტობუსების საწარმოში საწერ მაგიდასთან მჯდომს. მე ვნახე ის ფოტო. წლები და წონა მომატებოდა, ცხოვრებას თავისი დაღი დაესვა, მაგრამ მაინც ეტყობოდა გმირის ის შარავანდედი, რამაც საკუთარი ძეგლის აფეთქების ძალა მისცა.

თხუთმეტი წელი იქნება, რაც ამ მოთხრობას არ მივბრუნებივარ. გაზეთისთვის იგი დიახაც რომ ღისეულად მეჩვენება, მაგრამ არ მესმის, რა საჭიროა მისი წიგნად გამოცემა. არადა, წიგნად გამოვა, რადგან მე დაუფიქრებლად დავთანხმდი გამომცემელს და იმის კაცი არა ვარ, საკუთარი სიტყვები გადავთქვა. ვფიქრობ, გამომცემლობას იმდენად ტექსტის ლიტერატურული ღირებულება არ აინტერესებს, რამდენადაც მის ქვეშ მიწერილი გვარი, რომელიც, ჩემდა სავალალოდ, ერთობ მოდური მწერლისა გახლავთ. მადლობა ღმერთს, არსებობს წიგნები, რომლებიც ავტორს კი არა, მის გმირებს ეკუთვნის და ეს წიგნიც ერთ-ერთი მათგანია. საავტორო უფლებებიც, შესაბამისად, ჩემს უცნობ თანამემამულეს ეკუთვნის, რომელმაც ათი დღე მშიერ-მწყურვალმა გაძლო ტივზე იმისთვის, რომ ეს წიგნი შექმნილიყო.

გაბრიელ გარსია მარკესი, ბარსელონა. თებერვალი, 1970წ.


ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ
გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში