სერ სალმან რუშდის პენ-პინტერის პრემიის ლაურეატი გახდა

სერ სალმან რუშდი, რომელიც ცნობილია წიგნებით „შუაღამის შვილები“ და „სატანური ლექსები“, პენ-პინტერის პრემიის ლაურეატი გახდა.

სერ სალმანის განცხადებით, „მეტისმეტად ამაღელვებელია“ საკუთარი „მეგობრის“ სახელობის პრემიის მიღება.

„პენ ცენტრის საქმიანობას, როგორც საუკეთესო მსოფლიო ლიტერატურის ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობის, ასევე თავისუფლების შეზღუდვის აღკვეთის კუთხით, დღემდე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მეამაყება, რომ ამ საქმეში ჩადებული ძალისხმევის მონაწილე ვარ, როგორც ინგლისში, ასევე შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნა მწერალმა.

მაურინ ფრილიმ, ჟიურის თავმჯდომარემ, განაცხადა რომ პრემია მწერალს გადაეცა მადლობის ნიშნად „არა მხოლოდ თავისი წიგნებისა და მრავალი წლის მანძილზე თვითგამოხატვის თავისუფლების ქადაგების, არამედ ჩუმად ჩადენილი უამრავი სიკეთის გამო. ის სხვა მწერლების უსამართლოდ ლანძღვას, შევიწროებას და დევნას, პირად პრობლემად მიიჩნევს“, - განმარტა ფრილიმ.

67 წლის სერ სალმანის დაჯილდოვების ცერემონიალი 9 ოქტომბერს, ლონდონში, „ბრიტანულ ბიბლიოთეკაში“ გაიმართება.

1989 წელს „სატანური ლექსების“ გამოცემის შემდეგ მუსლიმების  დიდი საპროტესტო გამოსვლებისა და აიათოლა ხომეინის მიერ დამტკიცებული ფეტვას გამო რუშდი მიიმალა.

2007 წელს ლიტერატურაში შეტანილი წვლილისისათვის ავტორი წიგნებისა: „ჰარუნი და ისტორიების ზღვა“ და „მავრის ბოლო ოხვრა“ რაინდად აკურთხეს.

პენ-პინტერის პრემია ბრიტანელი მწერლის - ჰაროლდ პინტერის საპატივსაცემოდ ინგლისურმა პენ ცენტრმა 2009 წელს დააარსა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში