გაბრიელ გარსია მარკესი - პოლკოვნიკს არავინ სწერს

ოქტომბრის დილა იდგა, ერთი იმათგანი, რომლის გადატანაც დროის გულისგამაწვრილებელ დინებას პოლკოვნიკივით შეჩვეულ კაცსაც კი გაუჭირდებოდა. არადა, რამდენი ოქტომბერი მოინელა! უკვე ორმოცდათექვსმეტი, - ამდენი გავიდა სამოქალაქო ომის შემდეგ, პოლკოვნიკი კი ლოდინის მეტს არაფერს აკეთებდა. და აჰა, ამ ოქტომბერსაც მოესწრო სხვა წვრილმანებთან ერთად.

მწვანე, ლორთქო ბალახსა და მიწაზე წვიმის ჭიაყელების ნაკვალევს რომ ათვალიერებდა, პოლკოვნიკმა მთელი თავისი შიგნეულით იგრძნო ოქტომბრის სველი დამღუპველობა.

ღობის ხვრელში რამდენიმე ბავშვი გადმოძვრა, მამალს შემოუსხდნენ და ხმისამოუღებლად მიაჩერდნენ. - გეყოფათ, - თქვა პოლკოვნიკმა, - მამლები ფუჭდებიან, როცა მათ დიდხანს უცქერენ.

შავებში გამოწყობილი სხვა ქალები ისე მისჩერებოდნენ მიცვალებულს, როგორც მდინარის დინებას უყურებენ ხოლმე.

პოლკოვნიკი აღელდა. აკრძალული ლიტერატურის კითხვის ათწლიანმა გამოცდილებამ ვერ ასწავლა, რომ უკანასკნელი ცნობები ყოველთვის ყველაზე იმედიანია.

- ევროპელთათვის სამხრეთ ამერიკა ულვაშებიანი, გიტარიანი და რევოლვერიანი კაცია, - სიცილით თქვა ექიმმა გაზეთისთვის თვალმოუცილებლად, - მათ ჩვენი არ ესმით.

პოლკოვნიკი, როგორც ყოველთვის, პირველიდან ბოლო სტრიქონამდე კითხულობდა გაზეთებს განცხადებების ჩათვლით, მაგრამ ამჯერად აზრებს თავს ვერ უყრიდა, რადგან თავის ვეტერანის პენსიაზე ფიქრობდა. ცხრამეტი წლის წინ, როცა კონგრესმა კანონი მიიღო, პოლკოვნიკმა პროცესი წამოიწყო, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს კანონი მასზეც ვრცელდებოდა. პროცესი თვრამეტ წელიწადს გაგრძელდა. შემდეგ კიდევ ექვსი წელი გავიდა, სანამ პოლკოვნიკის გვარს ვეტერანთა სიაში შეიტანდნენ. ეს ცნობა იყო უკანასკნელი წერილი, რომელიც მან მიიღო. ... - ჩვენ მოწყალებას არ ვითხოვთ, - თქვა მან, - ჩვენ საკუთარი ტყავის ფასად ვიცავდით რესპუბლიკას.

პოლკოვნიკს იმის გაფიქრებაც კი აშინებდა, რომ შეიძლებოდა ვინმეს არასამართლიანად მოქცეოდა.

- ვფიქრობდი, რომ მაშინ, მაკონდოში, მართლები ვიყავით. ვეუბნებოდი პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას არ დანებებულიყო. მას შემდეგ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.

- სასწრაფოდ მოიშორებ თავიდან მამალს, - დამარცვლა ქალმა. პოლკოვნიკმა იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, ცოლი ამას ეტყოდა. მას საკმაო დრო ჰქონდა პასუხის მოსაფიქრებლად, რადგან იმ დღიდან ელოდა მსგავს საუბარს, როცა შვილი მოუკლეს და მან მამლის შენახვა გადაწყვიტა.

...ოთახის სიღრმეში, კედელთან გოგო იჯდა და ღილებს აკერებდა. მის თავს ზემოთ გიტარა ეკიდა, უფრო მაღლა წარწერა - „პოლიტიკაზე ლაპარაკი აკრძალულია“.

ინსპექტორმა მხრები აიჩეჩა. - მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად, პოლკოვნიკო, - თქვა.

- მესმის შენი, - ნაღვლიანად თქვა პოლკოვნიკმა, - სიღარიბის ყველაზე ცუდი თვისება ის არის, რომ ადამიანს აიძულებს იცრუოს.

პოლკოვნიკმა სიმწარე იგრძნო. - ახლა ყველამ იცის, რომ შიმშილით ვკვდებით, - თქვა. - დავიღალე, - თქვა ქალმა, - კაცები ოჯახის გაძღოლაზე არ ფიქრობენ. რამდენჯერ დამიდგამს ქურაზე ქვებით სავსე ქვაბი, რათა მეზობლები არ მიმხვდარიყვნენ, რომ მოსახარში არაფერი გვქონდა. პოლკოვნიკს შერცხვა. - ეს დამცირებაა, - თქვა.

- მე ქუდს არ ვატარებ, რომ არავის მოვუხადო, - თქვა პოლკოვნიკმა.

- ყველა იგებს ჩვენს მეტი. მხოლოდ ჩვენ არ გაგვაჩნია ერთი სენტავოც კი, რომ მამალზე დავდოთ. - მამლის პატრონს მოგების ოცი პროცენტი ერგება. - შენ არჩევითი თანამდებობაც გერგებოდა, რადგან ომში თავს სწირავდი, მაგრამ ყველა მოეწყო, შენ მარტო დარჩი და შიმშილით კვდები. - მე მარტო არ ვარ, - თქვა პოლკოვნიკმა,  - რაღაცის ახსნა დააპირა, მაგრამ ძილმა წაართვა თავი.

- რომ ვერაფერი გავყიდოთ, რა ვქნათ? - არ ისვენებდა ქალი. - მაშინ უკვე ოცი იანვარი მოვა, - უპასუხა საბოლოოდ გამოფხიზლებულმა პოლკოვნიკმა, - ოც პროცენტს იმავე დღეს იძლევიან. - თუ მამალი გაიმარჯვებს, - თქვა ქალმა, - და რომ ვერ გაიმარჯვოს? არასოდეს მოგსვლია აზრად, რომ შეიძლება დამარცხდეს? - ჩვენს მამალს ვერ მოერევიან. - რომ მოერიონ? - კიდევ ორმოცდახუთი დღე დარჩა, - თქვა პოლკოვნიკმა, - რატომ ვიფიქროთ ამაზე ახლა? ქალს სასოწარკვეთილება დაეუფლა. - კი მაგრამ, რა ვჭამოთ მთელი ეს დრო? - ქმარს პერანგის საყელოში ჩაავლო ხელი და შეანჯღრია, - თქვი, რა ვჭამოთ მეთქი? პოლკოვნიკს მთელი სამოცდათხუთმეტი წლის სიცოცხლე დასჭირდა, ამ წუთამდე რომ მიეღწია, სამაგიეროდ თავი უძლეველად იგრძნო, როცა მოკლედ და მკაფიოდ უპასუხა: - მძღნერი.

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ
გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში