იოსებ გრიშაშვილი - ძველი ტფლისის ლიტერატურული ბოჰემა

ტფილისის ვიწრო ქუჩებს არაერთი მოგზაური უნახავს, მაგრამ შინ დაბრუნების დროს, თითქმის ყველას მეტი მოგონება და შთაბეჭდილება რჩება იმ ბნელ ქუჩებიდან, სადაც ქიმ-მომტვრეული სახლის იაქათაღი ირიბადაა გაწოლილი, იმ ფოლორციდან, სადაც „ყარაჩოღელი ბერანჟე“ მღეროდა: „ქალო ხაბარდიანო, გაქვს და გიხარიანო“ და იმ ნარიყალის ძველ ბურჯებიდან, რომელიც უამრავ ლეგენდას ინახავს თავის დახავსებულ ნანგრევებში; ერთი სიტყვით, ეს „Азиатская часть Тифлиса” უფრო მეტ მასალას აძლევს მათ მემუარებს, ვიდრე გაევროპიელებული ფართე ქუჩები და ქვის თეჯირები.

ბერტელსის აზრით, შემაკავებელი ცენტრები, რომელნიც დასავლეთმა გამოიმუშავა, აღმოსავლეთში არ არსებობე. ამიტომ არის, რომ აღმოსავლელი ხალხი ინტენსიურად განიცდის სიხარულსაც და მწუხარებასაც.

ძველი ტფილისი ამის ნათელი მაგალითია.

ძველი ტფილისი!

ბავშვობიდანვე მიყვარდა იგი. მზიური ნისლით დაბურული ნარიყალის ციხის ისტორიული ნაშთი ღრმა საიდუმლოებასავით იყო ჩემს წინაშე ამართული. ჩემი პოეტური ფანტაზია და ოცნების წმინდა სიხარული მხოლოდ ლექსის ლერწმებში დავაპატიმრე. დიდი ხანია მინდოდა გულის მურაზის შესრულება: ძველი ტფილისის რაობის ისტორიულად შესწავლა.

საიათნოვას ეპოქის გამოკველვამ იმდენი მასალა მომცა, რომ მაშინვე გადავწყვიტე, ზოგი რამ მომემარაგა.

...

ბევრს ჰგონია, რომ ხალხური მწერლობა მხოლოდ სოფლებში ინახება. ქალაქშიაც არის. ამას კი თავისდადება უნდა, შესწავლა, გამომზევება.

„ხალხურ მწერლობად“ ხშირად გულისხმობენ ისეთს შემოქმედებას, რომლის ავტორიც უცნობი და დაკარგულია; მაგრამ, ჩემის აზრით, „ხალხური“ ეწოდება იმ შემოქმედებასაც, რომელიც ხალხის შვილის გულიდან ლაღად მომდინარეობს, უკოსმეტიკოდ, თავისი პრიმიტიული სახით და ავტორიც ჩვენთვის, ცოტად თუ ბევრად, ცნობილია.

მწერლობა მარტო კლასიკებისაგან არ შედგება.

მწერლობას მარტო დიდი სახელებით ვერ გავათავთავებთ.

ზღვა თავის გულში აგროვებს და ისრუტავს არა მარტო დიდ მდინარეებს, არამედ პატარა ნაკადულებსაც. ყოველი მდიანრის გაცნობა სათავიდან იწყება. ეს სათავე ხშირად სადღაცაა მიგდებული, ყოველთვის საძებნელი ხდება.

ერთი ამგვარი ესთეტიური მოგზაურობა მეც გავბედე... მინდა თვალწინ გადაგიშალოთ უცნობი კუთხე და დავიწყებული სათავე იმ თვალჭრელი ნაკადულისა, რომელსაც „ქალაქური ხალხური პოეზია“ დავარქვით და რომელცი შეუმჩნევლად იფარება აკადემიური მწერლობის მღელვარე ტალღებში.


Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში