გაბირელ გარსია მარკესი - საზღვაო კატასტროფაში მოხვედრილი კაცის ნაამბობი, ანუ ათი დღე ზვიგენების პირისპირ

თავისუფალ დღეებს ისე ვატარებდით, როგორც ყველა მეზღვაური ატარებს მიწაზე: გოგოებთან ერთად კინოში დავდიოდით, შემდეგ კი ნავსადგურის ტავერნა „ჟოე ალოოკაში“ ვიკრიბებოდით ვისკის დასალევად და ხანდახან აურზაურის ასატეხადაც.

პატარაობისას, როცა ბოგოტაში ილუსტრირებულ წიგნებს ვათვალიერებდი, აზრადაც არ მომდიოდა, რომ ზღვაში დაღუპვა შესაძლებელი იყო. პირიქით, რაღაცნაირად ვენდობოდი კიდეც ზღვას.

ასე მგონია, გამოცდილი მეზღვაური, რომელსაც მთელი მსოფლიო აქვს შემოვლილი, გემის რწევის მიხედვით უნდა მიხვდეს, რომელ ზღვაში იმყოფება.

შეუძლებელია ზღვამ ნაპირზე გამორიყოს ნაპირიდან ორას მილზე მოტივტივე საგანი, მით უმეტეს, ისეთი მძიმე, როგორიც ტივი და კაცია.

როცა ზღვაზე ქარი ღმუის, ან ტალღები კლდოვან ნაპირს ეხლება, ადამიანს ნაცნობი ხმები ჩაესმის.

მარტოობის შესამსუბუქებლად საათს დავხედე.

დარწმუნებული ვიყავი, კარტახენაში ვიღაც ჩემსავით უყურებდა პატარა დათვის თანავარსკვლავედს და ეს აზრი მარტოობას მიმსუბუქებდა.

ჩემი პირველი ღამე ზღვაში ასე აუტანლად იმიტომ გაიჭიმა, რომ აბსოლუტურად არაფერი მომხდარა. შეუძლებელია აღწერო ღამე ტივზე, როცა არაფერი ხდება, როცა ცხოვრების გეშინია და გაქვს ფოსფორიანი საათი, რომელსაც შეუძლებელია ყოველ წუთს არ დახედო.

დარწმუნებული ვიყავი, ამ გაუთავებელ მარტოობაში, ზღვის ამ ბნელ ხმაურში, საკმარისი იყო გემისთვის მომეკრა თვალი და ისე ვიყვირებდი, ქვეყნის დასალიერში გაიგებდნენ.

ხსნას არსაიდან ველოდი და სიკვდილსღა ვნატრობდი. მაგრამ საოცარი ის იყო, სიკვდილზე ნატვრის საშიშროებაზე ვფიქრობდი და ეს ფიქრი გამძლეობას მმატებდა.

თოლიებს თვითგადარჩენის ინსტინქტი მხოლოდ ნაპირზე აქვთ გამძაფრებული, ზღვას ენდობიან.

სიკვდილის პირზე მისულ კაცს თურმე გადარჩენის ინსტინქტი უმძაფრდება.

წინა დღის უიმედობა უაზრო შემგუებლობამ შეცვალა.

შიმშილმა შიში დამავიწყა.

გადარჩენის ინსტინქტი ბრაზზე ძლიერი აღმოჩნდა.

მიწაზე ასეთ ღამეზე იტყვიან, ძაღლი არ გაიგდება გარეთო, ზღვაზე, ალბათ, ზვიგენი არ გაიგდებაო, უნდა ვთქვათ.

დგება წამი, როცა ტკივილს ვეღარ გრძნობ. მგრძნობელობა გონებასთან ერთად გებინდება და დროისა და სივრცის შეგრძნებას კარგავ.

ბრაზით ავივსე, რადგან სიკვდილი უფრო ძნელი მისაღწევი გამოდგა, ვიდრე სიცოცხლის გაგრძელება. იმ დილით სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ვიყავი. მე სიკვდილი ვარჩიე, მაგრამ მაინც ვცოცხლობდი ნიჩბის ნატეხით ხელში და მზად ვიყავი მებრძოლა სიცოცხლისთვის, რომელიც ფეხებზე მეკიდა.

ზღვაში შეიძლება ერთი წელი დაჰყო, მაგრამ დგება დღე, როცა ერთი საათითაც აღარ შეგიძლია იქ გაჩერება.

ადამიანის ხმის გაგონებაზე მივხვდი, რომ წყურვილზე, შიმშილზე და უიმედობაზე მეტად სურვილი მტანჯავდა, ვინმესთვის მომეყოლა რაც შემემთხვა. სიტყვები თავისით წამომცვივდა და კინაღამ დამახრჩო.

გმირად გახდომისთვის მე არავითარი ძალისხმევა არ გამიწევია, მხოლოდ თავის გადარჩენას ვცდილობდი, მაგრამ რადგან ხსნა გმირობის ორეულში გახვეული გამომეცხადა, როგორც შოკოლადის გემრიელი შიგთავსი, სხვა რა გზა მქონდა, მივიღე იგი ისე, როგორც მოვიდა - გმირის წოდებითა და სხვა რეგალიებით.

თუ ვინმე ქუჩაში მიცნობს, ჩერდება და ეგზოტიკური ცხოველივით მათვალიერებს. ამიტომ ვცდილობ სამოქალაქო ტანსაცმლით ვიარო, სანამ ხალხს ტივზე გატარებული უჭმელ-უსმელი ათი დღე დაავიწყდება.

თავს რომ მნიშვნელოვან კაცად თვლი, პირველად იმას გრძნობ, რომ ხალხს არ ბეზრდება დღე და ღამე შენზე ლაპარაკი.

ზოგიერთი მეუბნება, რომ მთელი ეს ამბავი ფანტასტიკური გამონაგონია. თუ ასეა, გეკითხებით, მაშ რას ვაკეთებდი ათი დღე ზღვაში?


ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ 
გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში