ხოსე ორტეგა ი გასეტი - უნამუნოს გარდაცვალების გამო

დღეს, 1937 წლის პირველ ღამეს, როცა ვაცილებთ გასულ წელს, ესპანეთისათვის „განკითხვის წლად“, ცეცხლის გეენად რომ იქცა, - „ლა ნასიონის“ პარიზის განყოფილებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაიცვალა უნამუნო.

არ ვიცი, რა წერია სამედიცინო დასკვნაში, რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ: უნამუნო მოკვდა იმიტომ, რომ მას „სტკიოდა ესპანეთი“. მკითხველს სრული უფლება აქვს, ჩემი მტკიცება მყვირალა ფრაზად ჩათვალოს. კამათს არავის დავუწყებ, სხვადასხვა მიზეზისა და, მათ შორის, იმის გამოც, რომ იძულებული ვიქნებოდი მელაპარაკა ზოგიერთ თემაზე, რომლებსაც, აგერ უკვე რამდენიმე წელია, დუმილით ვუვლი გვერდს. მაგრამ მკითხველის მოსაზრების საპირისპიროდ, ეს მყვირალა ფრაზა კი არაა, არამედ შემაძრწუნებლად კონკრეტულ გარემოებათა სხრატი ფორმულა.

ამ ორი კვირის წინ ჩემი ჰოლანდიელი მთრაგმნელი, დოქტორი ბროუვერი მეწვია, რომელიც სექტემბერსა თუ ოქტომბერში სალამანკაში ყოფილიყო. მან მოკლედ მიამბო თავისი საუბარი უნამუნოსთან. მე ვუსმენდი და ვფიქრობდი: „ყოველივე ამან შეიძლება მოკლას უნამუნო“. თავისი კერძო, პიროვნული სიკვდილი მან ჩაწერა ურიცხვ სიკვდილში, რაც დღეს ესპანეთის მწარე სინამდვილედ იქცა. უნამუნო სწორად მოიქცა. მისი სიცოცხლის გზა დასრულდა. ის სათავეში ჩაუდგა ორასი ათას ესპანელს და მათთან ერთად სამუდამოდ გაემგზავრა შორეულ ემიგრაციაში.

ამ თვეების მანძილზე იმდენი ჩვენი თანამემამულე მოკვდა, რომ ჩვენ, ცოცხლად დარჩენილებს, თითქოს გვრცხვენია, რომ მათთან ერთად არ მოვკვდით. მართალია, ზოგიერთ ჩვენგანს ერთგვარად ანუგეშებს მწუხარე აზრი: ბევრი აღარც ჩვენ გვიკლდა იმას, რომ არაობად ქცევის მარტივი პროცედურა განგვეცადა.

უნამუნოს კი უკვე გულში იკრავს მისი ერთგული მტერ-მოყვარე - სიკვდილი. სპინოზასი არ იყოს, მთელი მისი სიცოცხლე, მთელი მისი ფილოსოფია სხვა არა არის რა, თუ არა „meditation mortis”. (სიკვდილზე ფიქრი, ლათ.)

ეს იდეა დღეს ერთპიროვნულად მბრძანებლობს ჩვენში, მაგრამ უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ მისი პირველი მაცნე უნამუნო იყო. სწორედ იმ წლებში, როცა ევროპელები, რომლებმაც სრულიად დაივიწყეს ადამიანის მთავარი დანიშნულება - სიკვდილი, მარტოოდენ სიცოცხლეს ჩაჰკირკიტებდნენ, ამ დიდმა კელტიბერმა - ხოლო ის ჭეშმარიტად დიდი იყო სიკეთეშიც და ბოროტებაშიც, - თავის სატრფოდ აქცია სიკვდილი. აქედან ის საშინელი განცდა, მისი ქმნილებების ნებისმერი გვერდის კითხვისას რომ გვეუფლება, სულერთია, რაზედაც უნდა მსჯელობდეს იგი.

ტიტუს ლივიუსის კითხვისას არაერთხელ მიგრძვნია, რა განცვიფრებულნი უნდა დარჩენილიყვნენ რომაელები იმის გაგებისას, რომ მთელ მსოფლიოში არის მხოლოდ ერთი, ერთადერთი ხალხი - კელტიბერები, - რომელიც შავად იმოსება და აღმერთებს სიკვდილს.

უნამუნო იმავე თაობას ეკუთვნოდა, რომლის წარმომადგენელიც იყო ბერნარდ შოუ. მე ამ ორ სახელს იმიტომ ვუახლოვებ ერთმანეთს, რომ, როცა მათ გვერდიგვერდ ვხედავთ, თითოეულის ინდივიდუალობის გარდა, უწინარეს ყოვლისა, თვალში გვეცემა რამდენიმე საერთო ნიშან-თვისება, განპირობებული იმით, რომ ისინი თანამედროვენი იყვნენ.

„ინტელექტუალთა“ ამ უკანასკნელ თაობას სწამდა, რომ ადამიანის უზენაესი დანიშნულება მათი მახვილგონივრული სიტყვების, საგალობლებისა თუ პაექრობების მოსმენა იყო. ძველ საბერძნეთსაც ახსოვს ეპოქა, როცა პოეტები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გმირები მხოლოდ იმიტომ ერკინებოდნენ ერთმანეთს ტროას გალავანთან, რათა ჰომეროსისთვის მათი ხოტბის საბაბი მიეცათ. ასე გაშმაგებითაც სწორედ ამიტომ მიილტვოდნენ სცენისაკენ და სული ეხუთებოდათ, თუკი მთელ ერს მათ ირგვლივ შემოჯარულს ვერ ხედავდნენ მსმენელის როლში. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ იდუმალება, არსებობის ფარული აზრი - აი, რა არის ქცევის ნორმა და ჭეშმარიტი ინტელექტუალის წმინდა სიხარული.

მე არასოდეს მინახავს უფრო მთლიანი და მონოლითური „მე“, ვიდრე „მე“ უნამუნოსი. სადაც არ უნდა ყოფილიყო, დაუყოვნებლივ თავის „მე“-ს აღმართავდა ცენტრში, როგორც ძლევამოსილი ფეოდალი - თავის ამაყად მოფრიალე ალამს ბრძოლის ველზე. ის მძაფრი და წინააღუდგომელი იერიშით იღებდა სიტყვას. ვიმეორებ, არა მარტო ის, არამედ მთელი მისი თაობაც კვლავინდებურად ინარჩუნებდა ჟონგლიორის ზოგიერთ ნიშან-თვისებას, რაც რომანტიზმის გარიჟრაჟზე შეიძინა ინტელექტუალმა და რასაც ჯერ კიდევ შატობრიანი და ლამარტინი ფლობდნენ. არავითარი სხვა გზა არ იყო, დონ მიგელის ამალას უნდა შეერთებოდით და გესმინათ მისთვის, როცა ის საასპარეზოდ უშვებდა თავის „მე“-ს, როგორც ერთგვარ იხვნისკარტას.

მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ აღმატებითი ხარისხით უნდა გვესმოდეს: ღირსებითაც და ნაკლითაც უნამუნო გიგანტი იყო. მისი წარმოდგენა მწერალზე, როგორც ადამიანზე, თავისი თავი ხალხის წინაშე რომ გამოაქვს გამოსაფენად, უჩვეულო და, ასე განსაჯეთ, მძვინვარე დინამიურობის შემცველიც კია. იმიტომ, რომ უნამუნო უსაზღვროდ მამაცი კაცი იყო. არ გამართულა ისეთი ნაციონალური ბრძოლა, არც ისეთი ცხელი და სახიფათო ადგილი ყოფილა სადმე, უნამუნოს საომრად რომ არ გამოეყვანა თავისი იხვნისკარტა „მე“. ის აიძულებდა ორივე მხარეს ესმინათ მისთვის და ერთთაც და მეორეთაც გაცხარებით აყენებდა ლირიულ დარტყმებს.

უნამუნო დიდი მწერალი იყო. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ბასკი გახლდათ და ესპანური მისთვის მშობლიური ენა არ ყოფილა. ის გატაცებით სწავლობდა ესპანურს და ამაყად ახდენდა თავისი ცოდნის დემონსტრირებას, თუმცა ხშირად არც კი ესმოდა, რას მოასწავებდა ეს. მის ბრწყინვალე ესპანურში მაინც იგრძნობოდა, რომ ენა ნასწავლი ჰქონდა, ხოლო ყველა ნასწავლ ენას - გთხოვთ, სწორად გამიგოთ! - ცოტა არ იყოს, მკვდარი ენის ელფერი დაჰკრავს. აქედან იღებს დასაბამს უნამუნოს სტილის მრავალი თავისებურება. როცა დედაენაზე ვწერთ ან ვლაპარაკობთ, ჩვენ ყურადღება ცალკეულ სიტყვებზე კი არ ჩერდება, არამედ შეუფერხებლივ მიიწევს წინ, ისევე, როგორც არ ჩერდება ჩვენი მზერა იმ სარკმლის მინაზე, ბაღს რომ გადაჰყურებს. ნასწავლ ენაზე კი ვერ ვიტყვით ამას.

სიტყვა ძალად გვეხვევა თავს, ყურადღება მის კონსტატაციას ახდენს და გვაიძულებს არ დავივიწყოთ იგი. ჩვენმა ყურადღებამ შეიძლება ისევე წაიფორხილოს მასზე, როგორც გზად მიმავალმა - ქვაზე. ამიტომაცაა, რომ უნამუნო ასე ხშირად განცვიფრებით ჩერდება სიტყვის წინაშე, რომელშიც უფრო მეტს ხედავ, ვიდრე თვით სიტყვის მნიშვნელობა იძლევა ამის საშუალებას. სიტყვების საყოველთაოდ სახმარ ღირებულებას ის მათ ეტიმოლოგიურ აზრს ამჯობინებს, რაც აიძულებს გამუდმებით წინაუკმო ატრიალებდეს მათ და ყოველი სიტყვის წიაღიდან კალამბურების გრძელი მწკრივები გამოჰქონდეს, ათასნაირი ოინის ობიექტად აქცევდეს სიტყვას და მისი მეშვეობით ჟონგლიორობდეს. და თუმცა ეტიმოლოგიისადმი ამნაირი მიდრეკილება საერთოდ სჩვევია უნამუნოს, ეს მაინც ნიშნეულია იმ კაცისათვის, რომელიც შესწავლილ ენაზე წერს ან მეტყველებს.

უნამუნომ ბევრი რამ იცოდა, გაცილებით მეტი, ვიდრე ამჟღავნებდა, და რაც იცოდა, მართლაც რომ საუცხოოდ იცოდა. მაგრამ მისი სურვილი ყოფილიყო პოეტი, აიძულებდა თავი აერიდებინა ყოველგვარი დოქტრინისათვის. მისი თაობა ამითაც განსხვავდება მომდევნო თაობებისგან, მეტადრე, დღევანდელი თაობისგან, რომლისთვისაც ინტელექტუალის უცილობელ მისიად, უწინარეს ყოვლისა, მკვეთრად გამოხატული, შეუმცდარი და შეძლებისდაგვარად ზუსტი და გასაგები თეზისებით გადმოცემული დოქტრინის ფლობა გვევლინება. ჩვენ, ინტელექტუალები, იმისთვის კი არ ვცხოვრობთ პლანეტა დედამიწაზე, რომ ვჟონგლიორობდეთ და ჩვენი გონებისა თუ ტალანტის ბიცეპსებით ვიწონებდნეთ თავს, არამედ იმისათვის, რომ ვპოულობდეთ იდეებს, რომლებიც ცხოვრებას გაუადვილებენ ადამიანს. ჩვენ ჟონგლიორები კი არა, ხელოსნები ვართ, როგორც ქვის მთლელნი, თუ დურგლები.

მეოთხედი საუკუნის მანძილზე ესპანეთში გამუდმებით გრგვინავდა უნამუნოს ხმა. ის სამუდამოდ დადუმდა, და ვშიშობ, რომ ჩვენს ქვეყანაში იწყება მკაცრი დუმილის ხანა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში