რეი ბრედბერი - 451º ფარენჰაიტით

451º ფარენჰაიტით არის ტემპერატურა, რომელზედაც ქაღალდი იწვის.


ხანძრის გაჩენა მთელი ნეტარება იყო!

მეხანძრე ფართოდ დაალაჯებს ციცინათელების გუნდში და იმ ბავშვივითაა გახარებული, რომელიც აპირებს ჯოხზე წამოცმული შაქარყინული შედოს ღუმელში. ამასობაში კი სულს ღაფავენ სახლის ზღურბლზე და გაზონებში მიმოფანტული მტრედებივით ფარფატა წიგნები. ეს წიგნები ნაპერწკლებად ადიან ცაში და მერე ჭვარტლით გაშავებული ქარი მიაქანებს ამ ნაპერწკლებს სადღაც.

- ოდესმე თუ კითხულობთ რომელიმე დასაწვავ წიგნს?
- ამას კანონი გვიკრძალავს, - ღიმილით მიუგო მონტენმა.
- ჰო... რა თქმა უნდა.
- ეს მშვენიერი ხელობაა. ორშაბათს შილერი დავწვათ, ოთხშაბათს უიტმენი, პარასკევს ფოლკნერი. ფერფლად ვაქციოთ, მერე ფერფლიც დავწვათ! ეს არის ჩვენი პროფესიული დევიზი.

- რაო? - ჰკითხა მონტეგმა თავის მეორე „მეს“ - იმ ქვეცნობიერ იდიოტს, რომელიც დროდადრო ნებისყოფას, ჩვეულებას, გონებას უჯანყდებოდა და ყბედობას იწყებდა ხოლმე.

ხალხი ჩირაღდანს ჰგავს, რომელიც, სანამ არ ჩააქრობენ, მხოლოდ საკუთარ შუქს ასხივებს. რა იშვიათად ხდება, რომ სხვა ადამიანმა ასახოს სენი სახე და დაგანახოს შენი შთაბეჭდილებები, შენი იდუმალი და მოკრძალებული ფიქრები.

ჩვენს საუკუნეში ყველაფერი გაუფასურდა. ადამიანსა და ქაღალდის ხელსახოცს ერთი ფასი აქვს. შეგიძლია ცხვირი მოიწმინდო ადამიანით, დაჭმუჭნო, გადააგდო. მერე მეორეს წასწვდე, თითზე შემოიხვიო, ნესტოები გამოიწმინდო და გადააგდო. ყველა ერთმანეთს ჰგავს, არც ერთი არ გეჭიდება გულზე.

- მე... მე ფიქრებში წავედი. წინა კვირის ხანძარზე ვფიქრობდი. ის კაცი გამახსენდა, ბიბლიოთეკა რომ მოვუწესრიგეთ. ნეტავი რა დაემართა?
- ბღავილ-ბღავილით წაიყვანეს საგიჟეთში.
- შეშლილი რომ არ იყო?
ბიტიმ მშვიდად აჭრა ბანქო და უპასუხა:
- ყველა, ვინც კი ფიქრობს, რომ შეიძლება მთავრობისა და ჩვენი მოტყუება, შეშლილია.
- მე შევეცადე წარმომედგინა, რას გრძნობს კაცი ამისთანა დროს. ჩვენი სახლები და წიგნები რომ დაწვან, მაგალითად...
- ჩვენ წიგნები არ გვაქვს!
- არა, რომ გვქონდეს.
- იქნებ თქვენ გაქვთ? - თვალები მოჭუტა ბიტიმ.
- არა, - იუარა მონტეგმა, მოთამაშეებს მზერა აარიდა და კედელს მიაჩერდა, სადაც საბეჭდ მანქანებზე გადაბეჭდილი მილიონი აკრძალული წიგნის სია ეკიდა. წიგნების სათაურები ცეცხლის ალში ცეკვავდნენ ხოლმე, როცა მონტეგი ნაჯახითა და ნავთის შლანგით ამხობდა და წვავდა ჟამთასვლის შენობას.

ერთდროულად ამოიღეს ჯიბიდან წესდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახანძრო რაზმების მოკლე ისტორიასაც შეიცავდა. მონტეგი კარგად იცნობდა ამ წიგნს, წიგნში ეწერა:
„დაარსებულია 1790 წელს, კოლონიებში გავრცელებული ინგლისის გავლენით დაწერილი ლიტერატურის დასაწვავად. პირველი მეხანძრე - ბენჯამენ ფრანკლინი.
წესი 1. განგაშის სიგნალის გაგონებისთანავე მიაშურე შემთხვევის ადგილს.
წესი 2. სწრაფად გააჩაღე ხანძარი.
წესი 3. დაწვი ყველაფერი.
წესი 4. მაშინვე დაბრუნდი სახანძრო სადგურში.
წესი 5. იყავი მზად მომდევნო განგაშისთვის“.

მონტეგს არაფერი ჩაუდენია - მისი ხელი იყო ყველაფრის მოქმედი; ხელს თავისი გონება, სინდისი და ცნობისმოყვარეობა გასჩენოდა თითოეულ აკანკალებულ თითში და ქურდად ქცეულიყო. ხელმა იღლიაში ამოუდო მონტეგს წიგნი, მაგრად მიაკრა ოფლიან სხეულს და ისე სწრაფად და მარჯვედ ამოძვრა ზევით, თითქოს ილუზიონისტის ხელიაო. „აი ნახეთ! მე უცოდველი ვარ! შემხედეთ!“

წიგნები გროვად ეყარა, თითქოს ნაპირზე დასამარილებლად დაყრილი თევზებიაო. მეხანზრეები ზედ ახტებოდნენ, ფეხი უცურდებოდათ და ეცემოდნენ. მოოქრული სათაურები წამით გაიელვებდა, მერე წიგნი წაიქცეოდა და ელვარება ქრებოდა.

მონტეგმა იგრძნო, რომ მოპარული წიგნი გულივით უფართხალებდა უბეში.

- ათასამდე წიგნი და ერთი ქალი დავწვით...
- მართლა?
- დავწვიტ დანტეს, სვიფტის და მარკუს ავრელიუსის წიგნები.
- ეგ ავრელიუსი ევროპელი იყო?
- მგონი კი.
- რადიკალი?
- არ ვიცი, არ წამიკითხავს.
- რადიკალი იქნებოდა...

ეტყობა, ამ წიგნებში რაღაც ისეთი რამ არის, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით, თორემ რა გააჩერებდა იმ ქალს ცეცხლმოკიდებულ ბინაში. არა, ნამდვილად რაღაც იქნება! შენ ხომ არაფრის გულისთვის არ გაწირავ თავს?

წუხელ მთელ ღამეს ვფიქრობდი, თუ რამდენი ნავთი დავხარჯე ამ ათ წელიწადში. ვფიქრობდი, წიგნებზე და მივხვდი, რომ ყოველი წიგნის უკან ადამიანი იდგა, ადამიანი ფიქრობდა, მსჯელობდა და დიდი წვალებით ნელ-ნელა გადაჰქონდა თავისი აზრი ქაღალდზე. ეს ადრე არასოდეს მომსვლია თავში. ...ზოგს ალბათ მთელი სიცოცხლე სჭირდებოდა, რომ თავისი ნაფიქრალი დაეწერა, რომ გაეცნო სხვებისთვის ნანახი და განცდილი, მე კი მივედი და ორ წუთში მოვსპე ყველაფერი.

ხალხი მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობდა, და ბევრი დრო ჰქონდათ საფიქრელად. აი, ამიტომ გააქრეს აივნები და ბაღებიც მიაყოლეს.

- მეჩვენება, თითქოს გავსივდი და დავმწიმდი, თითქოს გულ-მუცელში უამრავი რაღაც დამიგროვდა, ოღონდ არ ვიცი რა. მგონი, წიგნების კითხვაც კი დავიწყე! - მაშინ ხომ ციხეში ჩაგსვამენ! - მილდრედმა ისე შეხედა ქმარს, თითქოს მათ შორის მინის კედელი ყოფილიყო აღმართული.

- პროფესორო, ერთი უცნაური კითხვა უნდა დაგისვათ: რამდენი ცალი ბიბლია დარჩა ჩვენს ქვეყანაში?
- მე არ მესმის, რას მეკითხებით!
- მინდა გავიგო, ერთი ცალი მაინც თუ არის დარჩენილი.
- მახეს მიგებთ? მე ყველას კი არ ველაპარაკები ტელეფონით!
- შექსპირისა და პლატონის რამდენი ეგზემპლარი დარჩა?
- არც ერთი! თქვენც ხომ იცით, რომ არც ერთი!

„დაჯექით მონტეგ! უყურეთ! აი, წიგნს ფრთხილად ვიღებთ, ვითომ ყვავილის ფურცელია. ვუკიდებთ პირველ გვერდს, მერე მეორეს. ისინი შავ პეპლებად გადაიქცნენ, რა ლამაზია, არა?! მეორიდან მესამე ფურცელს ვუკიდებთ ცეცხლს, მესამიდან მეოთხეს, ასე მიდის და თანდათან იწვის. სიტყვებით გამოთქმული ყველა სულელური აზრი, ყალბი დაპირება, გაცვეთილი თვალსაზრისი და დრომოჭმული ფილოსოფია!“

ახლა ადამიანი ნამდვილ პიტნის კამფეტად იქცა, რომელსაც შაქრისა და სახარინის ცრემლი ჩამოსდის, თუკი ჩუმ-ჩუმად არ ცდილობს რეკლამა გაუწიოს რაიმე საქონელს, ურომლისოდაც, თითქოს მორწმუნეს სიცოცხლე არ შეუძლია.

ფაბერმა წიგნი დაყნოსა. - იცით თუ არა, რომ წიგნებს მუსკატისა თუ შორეული ქვეყნის სხვა რომელიღაც სანელებლის სუნი უდის? ბავშვი რომ ვიყავი, სულ წიგნებს ვყნოსავდი. ღმერთო, რამდენი კარგი წიგნი არსებობდა, სანამ დაწვის ბრძანებას გასცემდნენ...

წიგნებში განა ყველაფერია, რასაც თქვენ ეძებთ? იგი ყველგან უნდა ეძებოთ - ძველ გრამაფონის ფირფიტებში, ძველ კინოფილმებში, ძველ მეგობრებში. ეძებეთ საკუთარ ბუნებაში, საკუთარ თავში! წიგნები მხოლოდ ერთ-ერთი ვრცელი საცავი იყო, სადაც იმას ვინახავდით, რისი დავიწყებისაც გვეშინოდა. წიგნებში არავითარი ჯადოსნობა არ არის. მხოლოდ მათი ნათქვამია ჯადოსნური, მხოლოდ ის, რომ ისინი ნაკუწებისგან მთლიან სამყაროს გვიკერავენ.

ახლა ხომ გესმით, რატომ იწვევენ წიგნები ასეთ სიძულვილსა და შიშს! ისინი გვიჩვენებენ ფორმებს ცხოვრების სახეზე. ფუფუნების მაძიებელთ კი უნდათ, მხოლოდ სანთელივით დაწმენდილ, უფერო, უბეწვო და არაფრის მთქმელ სახეს უყურონ.

იყო დრო, როცა ყველა წიგნი გვქონდა და მაინც ფრიალო კლდეს ვეძებდით გადმოსახტომად. მაგრამ ჩვენ თავისუფლად სუნთქვის საშუალება უნდა გვქონდეს. ჩვენ ცოდნა უნდა დავიბრუნოთ და ალბათ, ერთი ათასი წლის შემდეგ უფრო დაბალ კლდეს ავირჩევთ გადმოსახტომად. წიგნები ხშირ-ხშირად შეგვახსენებენ, თუ რა ვირები და რეგვენები ვართ. ისინი კეისრის პრეტორიანულ დაცვას ჰგვანან, რომელიც ზეიმის დროს ჩასჩურჩულებდა ხოლმე მბრძანებელს: „გახსოვდეს, კეისარო, რომ შენც მოკვდავი ხარ“. მოსახლეობის უმეტესობას არ შეუძლია იმოგზაუროს, ხალხს ესაუბროს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი მოიაროს. ჩვენ არც დრო გვაქვს, არც ფული და არც მეგობრები გვყავს. ყოველივე, რასაც თქვენ ეძებთ, არსებობს ამქვეყნად, მაგრამ ჩვენისთანა ადამიანს მხოლოდ ერთი პროცენტი შეუძლია ნახოს. დანარჩენი ოთხმოცდაცხრამეტი კი წიგნებით უნდა შეივსოს. თქვენ კი ნურც გარანტიას ითხოვთ და ნურც იმას ფიქრობთ, რომ მხოლოდ რომელიმე ადამიანი, მანქანა ან ბიბლიოთეკა მოგიტანთ ხსნას. თვითონვე უნდა გაიკვლიოთ გზა და თუ დაიხრჩობით, ის მაინც გეცოდინებათ, რომ ნაპირისკენ გეჭირათ გეზი.

ნეტავ რამდენჯერ შეიძლება გადარჩეს კაცი?

სანამ მთელი მოსახლეობა „თავისუფლების ქარტიისა“ და კონსტიტუციის ციტირებას არ დაიწყებს ყველაფერი რიგზეა.

ფენიქსთან შედარებით ერთი დიდი უპირატესობა მაინც გაგვაჩნია: ჩვენს შეცდომებს ვხვდებით ხოლმე. ვიცით ყველა ჩვენი შეცდომა, რომელიც ამ ათასი წლის განმავლობაში ჩაგვიდენია და რადგან ამდენს ვხვდებით, ოდესმე იმასაც მივაღწევთ, რომ ეს წყეული კოცონები აღარ დავანთოთ და შიგ აღარ ჩავხტეთ.


გამომცემლობა პალიტრა L, 2013 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში