გაბრიელ გარსია მარკესი - გენერალი თავის ლაბირინთში

„ჩანს, დემონი მართავს ჩემს ცხოვრებას“, - წერილი სანტანდერს, 4 აგვისტო, 1823 წელი

მისმა ყველაზე ძველმა მსახურმა, ხოსე პალასიოსმა იგი შიშველი და თვალგახელილი იპოვა სააბაზანოს სისხლის გამწმენდი საშუალებებით შეზავებულ წყალში მოტივტივე და იფიქრა, დამხრჩვალაო. იცოდა, ეს მედიტაციის ერთ-ერთი მისეული მეთოდი იყო, მაგრამ ექსტაზში გაშეშებულ სხეულს სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. მიახლოება ვერ გაბედა და მოგუდული ხმით დაუძახა.

„წავიდეთ“, თქვა, გავფრინდეთ, აქ არავის ვუყვარვართ“.

საკუთარ სველ ნაკვალევს გაურბოდა იატაკზე დაფენილ დაცხავებულ ჭილოფებზე.

„შაბათია, 30 წლის 8 მაისი, დღე, როცა ინგლისელებმა ისრით მოკლეს ჟანა დ’არკი“, გამოაცხადა მაჟორდომმა, „დილის სამი საათიდან წვიმს“. „მეჩვიდმეტე საუკუნის დილის სამი საათიდან“, დააზუსტა გენერალმა მწარე უძილობის გამო ჯერაც ჩახრინწული ხმით და სერიოზულად დაამატა: „მამლების ყივილი არ გამიგია“. „აქ მამლები არ არიან“, თქვა ხოსე პალასიოსმა. „აქ არაფერი არ არის“, თქვა გენერალმა, „ეს მოღალატეთა მიწაა“.

იმ დილით განსაკუთრებული უხეშობით ასრულებდა განბანის ყოველდღიურ ცერემონიალს და ამით ცდილობდა ოცწლიანი ამაო ომებითა და ძალაუფლების იმედგაცრუებით დაღლილი სულისა და სხეულის განწმენდას.

„მეგობრები არიან“, თქვა ქალმა. „მეგობრები არ მყავს“, უპასუხა გენერალმა, „და თუკი კიდევ შემომრჩა რამდენიმე, მალე ისინიც აღარ მეყოლება“. „ისინი თქვენ გიცავენ, რომ არავინ მოგკლათ“, თქვა ქალმა.

სიკვდილი ყოველთვის პროფესიულ რისკად მიაჩნდა. ყველა ბრძოლაში ცეცხლის ხაზზე ტრიალებდა და სხეული ერთხელაც არ გაკაწვრია; ტყვიის წვიმაში ისეთი უაზრო სიმშვიდით დააბიჯებდა, რომ საკუთარი ოფიცრებიც კი ფიქრობდნენ, თავი უკვდავი ჰგონიაო. ასევე უვნებლად გადაურჩა მის წინააღმდეგ მოწყობილ უამრავ შეთქმულებას, რამდენჯერმე კი იმან იხსნა, რომ საკუთარ საწოლში არ ეძინა, მუდამ დაცვის გარეშე დადიოდა და ყველგან შეუმოწმებლად ჭამდა ყველაფერს, რასაც სთავაზობდნენ. მხოლოდ მანუელამ იცოდა, რომ მისი სიმამაცე არც შეუგნებლობით იყო გამოწვეული, არც ფატალიზმით, უბრალოდ, მელანქოლიურად სწამდა, რომ საკუთარ საწოლში უნდა მომკვდარიყო ღატაკი და შიშველი და ნუგეშად ხალხის მადლიერებაც არ გაჰყვებოდა.

კრიზისმა რომ გაიარა, თვალებაცრემლებულმა გენერალმა ღრმად ამოისუნთქა და მაგიდისკენ გაიშვირა ხელი. „ამ საფლავის ყვავილების ბრალია“, თქვა. ასე იყო ყოველთვის, საკუთარ უბედურებაში მოულოდნელ დამნაშავეს პოულობდა ხოლმე.

წმინდა ბართლომეს კოლეჯის მოსწავლეებმა შტურმით აიღეს იუსტიციის დეპარტამენტის შენობა, რათა სახალხო სასამართლო მოეწყოთ გენერლისთვის, რისშემდეგაც ხიშტით აკუწესდა აივნიდან გადმოაგდეს განმათავისუფლებელი არმიის ძველი მედროშის მიერ ზეთში შესრულებული გენერლის ნატურალური სიდიდის პორტრეტი. სიმინდის არყით გაბრუებულმა ბრბომ კალიე რეალის ჯერ კიდევ ღია მაღზიები და გარეუბნის ტრაქტირები გაძარცვა და პლასა მაიორზე დახვრიტა ნახერხით გატენილი გენერლის ფიგურა, რომელიც ცისფერი მუნდირისა და მოოქრული ღილების გარეშეც ყველამ იცნო. მას ბრალად სდებდნენ სამხედრო დაუმორჩილებლობის ფარულ ორგანიზებას და ძალაუფლების დაბრუნების ნაგვიანევ ცდას, ძალაუფლებისა, რომელიც კონგრესმა ერთსულოვნად ჩამოართვა თორმეტწლიანი განუწყვეტელი მცდელობის შემდეგ: აბრალებდნენ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე სურდა პრეზიდენტობა, რათა მემკვიდრედ ევროპელი პრინცი დაეტოვებინა; ამტკიცებდნენ, რომ საზღვარგარეთ გამგზავრება ხალხის თვალის ასახვევი ფანდი იყო და სინამდვილეში ვენესუელის საზღვრისკენ მიიწევდა, რომ იქ მეამბოხეებს ჩასდგომოდა სათავეში ძალაუფლების დასაბრუნებლად. კედლები სავსე იყო მის წინააღმდეგ მიმართული ბინძური პასკვილებით, გენერლის ყველაზე ერთგული მომხრეები კი სხვის სახლებს აფარებდნენ თავს და ვნებათაღელვის ჩაცხრომას უცდიდნენ.

პოსტიდან მის მრავალჯერად გადადგომაზე უკვე სიმღერებსაც კი მღეროდნენ ხალხში, იმ დღიდან მოყოლებული, როცა პრეზიდენტად კურთხევისას ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „მშვიდობის პირველი დღე ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღე იქნებაო“, მაგრამ მომდევნო წლებში იმდენჯერ და ისეთ განსხვავებულ ვითარებაში გადადგა, რომ უკვე ვეღარავინ ხვდებოდა, როდის იყო მისი განზრახვა სერიოზული.


„ნუ იმეორებთ მტრების მონაჩმახს“, ცოცხლად გაეპასუხა გენერალი, „თუნდაც მართალი იყოს“.

იმაზე ფიქრმა, რომ ამიერიდან ერთი რიგითი მოქალაქე იყო და მეტი არაფერი, გულისრევის შეგრძნება გაუძლიერა.

ხანდახან მათი ყველაზე ტრივიალური დიალოგებიც კი სიძულვილის ორმხრივი გამოვლინებით მთავრდებოდა, რასაც მოგვიანებით უსაზღვრო, ნაზი სიყვარულის კაპიტულაცია მოსდევდა ხოლმე.

...სანამ მანუელა ძალით ასმევდა ცხელ ბულიონს, თქვა: „ჯერ არც ერთ კონგრესს არ გადაურჩენია არც ერთი რესპუბლიკა“.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, ძვირფასო ხოსე, რომ ამხელა დიდება ერთ ფეხსაცმელში ჩაეტეოდა“, თქვა გენერალმა.

„თქვენი ბრწყინვალებისთვის ვეცდებით ღამეც მზე ამოვიყვანოთ“, უპასუხა.

მოგვიანებით თვით უილსონმა გაოცებით აღნიშნა, რომ ვერც მონასტერში, ვერც განვლილ გზაზე ვერავინ იცნო ახალ რესპუბლიკაში ყველაზე ცნობილი ადამიანი. ეს ფაქტი თვით გენერლისთვისაც გაკვეთილი გამოდგა: „მე მე აღარ ვარ“, გამოაცხადა.

ცხოვრებამ კარგა ხანია ასწავლა, რომ არც ერთი დამარცხება არ იყო უკანასკნელი.

„ცრურწმენა სიყვარულზე ძლიერი გრძნობაა“, განაცხადა გენერალმა.

ნავსადგური დილის ხუთი საათიდან გაივსო ძველებური გაცილების ილუზიის შესაქმნელად მეზობელი სოფლებიდან გუბერნატორის მიერ მორეკილი ხალხით.

გენერალი დიეგო იბარა, ანდრესის ძმა, ამბობდა ხოლმე, მართალია, გენერალს შვილები არა ჰყავს, მაგრამ მთელი ქვეყნის ქვრივთა მშობელიაო.

„აჰა, მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, გენერალო, ახლა გვითხარით, რა ჯანდაბა ვუყოთ მას?“ გამარჯვებათა ეიფორიაში თვით გენერალმა მიაჩვია თავისი ჯარისკაცები სიმართლის თქმას, მაგრამ ახლა სხვაგვარად იყო საქმე. „დამოუკიდებლობა ომში გამარჯვებით მოდის“, თქვა გენერალმა, „მთავარი მსხვერპლი ჯერ კიდევ გასაღებია ერთიანი სამშობლოს შესაქმნელად“. „მსხვერპლის გაღების მეტი არაფერი გვიკეთებია“, ამბობდნენ ისინი. „არ კმარა“, პასუხობდა ბოლივარი, „ერთობა ფასდაუდებელია“.

როცა ხალხმა პრეზიდენტის დასახვედრად იხუვლა, ჭირისუფლები მიხვდნენ, რომ სულ მალე მარტო დარჩებოდნენ კუბოსთან.

გენერალმა ამოიოხრა: „ყოველთვის ასე იქნება, სანამ მცდარ ინფორმაციებს მომაწვდიან, მხოლოდ იმიტომ, რომ მასიამოვნონ“.

„ხალხის სიყვარულს თავისი ფასი აქვს, თქვენო ბრწყინვალებავ“, უპასუხა ალკალდმა. „საუბედუროდ, ეს სიყვარული კი არაა, ცნობისმოყვარეობაა“, თქვა გენერალმა.

„ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ქალაქში, სადაც ეკლესიისგან მოკვეთილი კაცი ანაფორით დადის“.

გენერალმა ბრძანა, ორ-ორად შემოეშვათ მნახველები, რათა ერთმანეთის ხათრით იოლად მოეშროებინა თავიდან.

მთელი საღამო ჰამაკში იწვა მუცლის გვრემითა და გაზებით შეწუხებული და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სულიც გაზებთან ერთად ეპარებოდა.

„ერთდაერთი ღირებული სიტყვა იმ პოლემიკაში აბატმა პრადტმა წარმოთქვა, როცა აღნიშნა, რომ პოლიტიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და როდის კეთდება იგი. გადამწყვეტ ბრძოლაში მე თვითონ გავეცი ბრძანება, ერთ დღეში დაეხვრიტათ 800 ესპანელი ტყვე, გუაირას ჰოსპიტალში მოთავსებული დაჭრილების ჩათვლით. დღეს, მსგავს პირობებში ხმაც არ ამიკანკალდებოდა იმავე ბრძანების გასაცემად და ევროპელებს არანაირი მორალური უფლება არ ექნებოდათ ჩემს გასაკიცხად, რადგან, თუკი რომელიმე ისტორია სისხლით, უღირსობითა და უსამართლობითაა სავსე, ეს სწორედ ევროპის ისტორია გახლავთ“.

„კაცობრიობის ისტორიამ არაერტხელ დაამტკიცა, რომ მოწოდებას აუცილებლობა შობს“, თქვა გენერალმა.

„ყველაზე დიდი ძალაუფლება სიყვარულის ხელშია“.

„აჯანყებები ზღვის ტალღებს ჰგავს“, თქვა, „ერთს მეორე მოჰყვება“.

კაცების საზოგადოებაში გენერალი ყასბებზე უარესად ბილწსიტყვაობდა, მაგრამ ქალის გამოჩენისთანავე მისი მანერები და საუბარი სრულყოფილებამდე იხვეწებოდა.

გენერალი ომიანობისა თუ მშვიდობის დროს ყველასგან რკინისებურ დისციპლინას მოითხოვდა, რომლის გაძლება დიდ გმირობასთან ერთად ერთგულებასა და ნათელმხილველობამდე მისულ თანამზრახველობას მოითხოვდა.

ოთხშაბათს, 16 ივნისს, შეიტყო, რომ მთავრობას მისთვის სიცოცხლის ბოლომდე პენსია დაენიშნა. ამ ცნობის მიღება პრეზიდენტ მოსკერას ირონიით სავსე წერილებით აცნობა, რომელიც ხოსე პალასიოსის წაბაძვით, მრავლობით რიცხვში დაასრულა. „ასე რომ, მდიდრები ვართ“. სამშაბათს, ოცდაორში, პასპორტიც მიიღო და განაცხადა: „თავისუფლები ვართ“. ორი დრის თავზე, ორსაათიანი სიესტის შემდეგ, ჰამაკში თვალი გაახილა და აღნიშნა: „მოწყენილები ვართ“.

გენერალმა მონტილიას ჩასჩურჩულა: „რა ძვირად დაგვიჯდა ეს შობელძაღლი დამოუკიდებლობა“.

მხოლოდ ხოსე პალასიოსმა მოუძებნა შესაფერისი ახსნა გენერლის გადაწყვეტილებას: „ის, რასაც ჩემი ბატონი ფიქრობს, მხოლოდ ჩემმა ბატონმა იცის“.

გამხდარსა და იდუმალს, ოცი წლის ასაკის მიუხედავად, ჭაღარაშერეული თმა ჰქონდა და გენერალმა მაშინვე შეამჩნია ის თვისება, რის გამოც განსაკუთრებით აფასებდა ქალს: გაუხედნავი ჭკუა.

„ხელუხლებლად მიდიხარ“, უთხრა. „არავინაა ხელუხლებელი თქვენს ბრწყინვალებასთან გატარებული ღამის შემდეგ“, საზეიმოდ უპასუხა გოგომ.

ომებმა გემოვნება შეუცვალა. ხალხური რომანტიკული სიმღერები, რომლებიც მუდამ თან ახლდა პირველი სიყვარულების მორევში, დიდებულმა ვალსებმა და ტრიუმფალურმა მარშებმა შეცვალა.

ერთ დილით ხოსე პალასიოსს მისი ყვირილი მოესმა: „ბოზი სამშობლო!“ შეშფოთებული შევარდა საწოლ ოთახში, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ გენერალი თავის ოფიცრებს საყვედურობდა ასეთი სიტყვებისთვის, და ლოყაგასისხლიანებული პატრონი იხილა. ლოყა პარსვის დროს გაეჭრა, მაგრამ ჭრილობა ისე არ აწუხებდა, როგორც საკუთარი მოუქნელობა.  ...„დამტოვეთ, როგორც ვარ“, უთხრა გენერალმა, „უიმედობა დაკარგულთა ჯანმრთელობაა“.

გენერლის გარდაცვალება რომ გაიგო, მარაკაიბოს გუბერნატორმა დაწერა: „მოხარული ვარ, გაცნობოთ უდიდესი მოვლენა, რომელიც, ეჭვი არაა, უამრავ სასიკეთო ძვრას მოახდენს თავისუფლებისა და ქვეყნის ბედნიერების საქმეში. ბოროტების გენია, ანარქიის ჩირაღდანი და სამშობლოს დამთრგუნველი ცოცხლებში აღარაა“. კარაკასის მთავრობისთვის გაგზავნილი ეს წერილი მალე ოფიციალურ სახალხო განცხადებად იქცა.

„ეს უსაქმურობაც ომია, გენერალო, და სხვებზე სასტიკიც კი“, თქვა, „ასე რომ, აქ ვრჩები, თუკი ჩემი გენერალი სხვა რამეს არ მიბრძანებს“.

გენერლის საყვარლები კი თითქოს ფერფლის ჯვრით იყვნენ დანიშნულნი, თუმცა თვითონ საიდუმლოდ იცავდა ქალების ვინაობას.

„ბოლოს და ბოლოს“, ხმას აუწია გენერალმა, „რას უნდა ველოდეთ კაცისგან, რომელმაც კამათელში სახლი წააგო?!“

„ყველგან უცხო იქნებით, ეს კი სიკვდილზე უარესია“, თქვა გენერალმა, შემდეგ თვალებში შეხედა, გაშლილი ხელისგული მხარზე დაადო და დაასკვნა: „ჩემსავით“.

ოქტომბერში წვიმის ხმაურზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.

წვიმითა და მოგონებებით გატანჯულმა გენერალმა, რომელმაც უკვე თვითონ არ იცოდა, ვის, რას ან რისთვის უცდიდა, ერთ ღამეს იტირა. სლუკუნის ხმა რომ მოესმა, ხოსე პალასიოსს მდინარეზე აყვანილი მაწანწალა ძაღლი ეგონა, მაგრამ მისი პატრონი აღმოჩნდა.

ერთხელ, ნახევრად ხუმრობით, სახლის პატრონთან კამათში გენერალს სინანულის გრძნობა დაეუფლა და განაცხადა, რომ ათას მოგებულ ომს ერთი კარგი შეთანხმება სჯობდა. „პოლიტიკაშიც?“ ჰკითხა სენიორ მოლინარესმა. „განსაკუთრებით პოლიტიკაში“, უპასუხა გენერალმა.

გადაუღებელმა წვიმამ და ნესტმა მოგონებებიც გადღაბნა.

„რა ეშველებათ ჩვენს შვილებს ქვეყანაში, სადაც რევოლუციები ეპისკოპოსის ჩარევით მთავრდება?“

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ
გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში