რეი ბრედბერი - მეხანძრეთა საქმიანობის შესახებ

ნაწყვეტი რომანიდან - „451º ფარენჰაიტით“

ჩვენი საქმიანობა მგონი დაახლოებით იმ დროს დაიწყო, როცა სამოქალაქო ომი იყო, თუმცა ჩვენი წესდება ამბობს, რომ სახანზრო საქმეს უფრო ადრე ჩაეყარა საფუძველიო. ერთი კი უდავოა, სანამ ფოტოგრაფია არ განვითარდა, ჩვენც ვერ გავშალეთ ფრთები. მერე, XX საუკუნის დასაწყისში, კინო გაჩნდა, მერე რადიო და ტელევიზია და დაიწყო მასობრიობის ეპოქა. 

და რადგან ყველაფერი მასობრივი იყო, ყველაფერი გამარტივდა, იყო დრო, როცა წიგნი ყველას არ უყვარდა, აქა-იქ თუ კითხულობდნენ. ამიტომ წიგნებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. დედამიწა ხომ ვრცელი იყო. მერე მსოფლიო დავიწროვდა, რადგან უამრავი თვალი, იდაყვი და კბილი გაჩნდა. მოსახლეობა გაორმაგდა, გასამმაგდა, გაოთხმაგდა და კინოფილმები, რადიოგადაცემები, ჟურნალები, წიგნები განსაზღვრულ სტანდარტებს დაექვემდებარა.

აბა, წარმოიდგინეთ XIX საუკუნის ადამიანები თავიანთი ცხენებით, ძაღლებით, ეტლებით; ცხოვრების შენელებული რიტმი. მერე XX საუკუნე - ცხოვრება უფრო ჩქარი ხდება! წიგნები თხელდება, სიუჟეტი იკუმშება, შემოკლებული გამოცემა, მოკლე სინაარსი. ჩქარა! ყველაფერი იქით მიდის, რომ ბურთი ჩაგჩარონ პირში, რომ ყველაფერი უცებ მორჩეს! კლასიკოსები თხუთმეტწუთიან რადიოგადაცემაში ეტევიან, მერე კვლავ ამცირებენ და ერთ სვეტში ატევენ, რომელსაც მხოლოდ ორი წუთი სჭირდება წასაკითხად. მერე სულ ათ-თორმეტ სტრიქონში ტენიან და ენციკლოპედიაში ათავსებენ. მე, რა თქმა უნდა, ვაჭარბებ - ლექსიკონებს მხოლოდ ცნობარებისთვის იყენებდნენ, მაგრამ ბევრი შექსპირის „ჰამლეტს“ მხოლოდ იმ წიგნიტ იცნობდა, რომლის ყდაზეც ეწერა: „ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა კლასიკოსს, არ ჩამორჩეთ თქვენს მეზობელს“. წიგნში კი სულ ერთი გვერდი იყო ჰამლეტზე. გესმით? საბავშვო ბაღიდან კოლეჯში მიდიოდა კაცი და მერე კვლავ საბავშვო ბაღს უბრუნდებოდა. აი, ეს იყო ინტელექტუალური აღზრდის სქემა, სულ ცოტა უკანასკნელი ხუთი საუკუნისთვის.

ახლა კი ავაჩქაროთ კინოფირი. სჭრაფად! დაუკვირდი! იქით, აქეთ, ცოცხლად! ზევით, ქვევით, შიგნით, გარეთ, რატომ, როგორ, ვინ, რა, სად? ეჰ, ოჰ! ბაც, ბუც, ბუმ, ბრახ, ბრუხ! შემოკლების შემოკლება; შემოკლების შემოკლების შემოკლება! პოლიტიკა? ერთი სვეტი, ორი წინადადება, მხოლოდ სათაური! და წამში ყველაფერი გაგიფრინდება თავიდან! გამომცემლებო, საქმოსნებო, რადიოგადაცემის მესვეურებო, დაატრიალეთ ადამიანის გონება, სწრაფად, კიდევ უფრო სწრაფად, რომ მან ცენტრიფუგასავით გამოდევნოს ყოველივე ზედმეტი, უსარგებლო აზრი!

სწავლების ვადა შეკვეცეს, დისციპლინა დაეცა, ფილოსოფია, ისტორია, უცხო ენები გააუქმეს. ინგლისურ ენასა და მართლწერას სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობდნენ, და, ბოლოს, სულ მიაგდეს. ცხოვრება ხანმოკლეა, ჯერ მუშაობაა საჭირო. მუშაობის შემდეგ კი უამრავი გასართობია. რა საჭიროა რაიმეს სწავლა, თუ ღილაკზე თითის დაჭერა, ამომრთველის გადმოწევა და ხრახნებისა და ჭანჭიკების მოჭერა იცით? ღილი ელვაშესაკრავმა შეცვალა და ის დროც გაიყოლა, რომელიც ადამიანს საფიქრებლად უნდოდა, როცა იგი განთიადისას, ამ ფილოსოფიურსა და, ამდენად მელანქოლიურ ჟამს, ნელ-ნელა იცვამდა ტანზე. ცხოვრება აურზაურად იქცა, ყველაფერი ხმაურობს, გრუხუნებს: ბახ, ავ!..

თეატრებში მხოლოდ კლოუნები დარჩნენ, ოთახებში მინის კედლები მოეწყო, რომელზედაც ლამაზი ფერები ელვარებდა, თითქოს ვინმე კანფეტებს აბნევს ან თითქოს სისხლი, ხერესი, ან ვისკი ისხმებაო, თქვენ ბეისბოლი გიყვართ არა? მეტი სპორტია საჭირო, მეტი თამაში და გართობა. ადამიანმა აღარ უნდა იფიქროს. მაშ! მოაგვარეთ, მოაწყვეთ ზეორგანიზებული, ზესპორტული შეჯიბრებები! მეტი კარიკატურები წიგნებში, მეტი ნახატები და ტვინი სულ უფრო და უფრო ნაკლებ საზრდოს იღებს. ხალხი სულსწრაფი ხდება. შარაგზები ბრბომ გაავსო. ისინი სადღაც, რომელიღაც მხარეს მიეშურებიან, ოღონდ სად - თვითონაც არ იციან. ისინი ბენზინივით ორთქლდებიან. ქალაქები კემპინგად იქცა, ხალხი მომთაბარეთა ურდოებად, რომლებიც უაზროდ აწყდებიან აქეთ-იქით.

ახლა შევეხოთ იმ პატარ-პატარა ჯგუფებს, რომლებიც ჩვენს ცივილიზაციაში გაჩნდნე, კარგი? რაც უფრო იზრდებოდა მოსახლეობა, მით უფრო მეტი ასეთი ჯგუფი ჩნდებოდა მასში და აბა, გაბედე რომელიმე მათგანს ფეხი დაადგი ბებერაზე, სულერთია, ეს ძაღლების მეგობართა ჯგუფი იქნება, კატების მეგობრებისა, ექიმების, იურისტების, ვაჭრების, დირექტორების, მორმონების, ბაპტისტების, უნიტარიანელების, ჩინელი, შვედი, იტალიელი, გერმანელი ემიგრანტების შთამომავლების, ტეხასელების, ბრუკლინელების, ირლანდიელების თუ ორეგონის ან მეხიკოს შტატის მცხოვრებლებისა. წიგნების, პიესების, სატელევიზიო გადაცემების პერსონაჟები არ უნდა მოგვაგონებდნენ სადმე ნამდვილად არსებულ მხატვრებს, კარტოგრაფებს თუ მექანიკოსებს. რაც უფრო ხალხმრავალია ბაზარი, მით უფრო ჭირს ისე გავლა, რომ მხარი არავის გაჰკრა. ღმერთმა ნუ ქნას, ოდნავ გაეკარო რომელიმე პატარა, სულ ერთი ბეწო ჯგუფს. ისინი ხომ ბუზს არ ისვამენ თავზე! ბოროტი აზრებით აღსავსე მწერლებო, დახურეთ თქვენი საბეჭდი მანქანები! და ისინი მართლაც ასე მოიქცნენ. ჟურნალები მურაბასავით ჩაშაქრდნენ. "წიგნები, - აღნიშნავდნენ წყეული სნობი კრიტიკოსები, - ჭურჭლის ნარეცხს დაემსგავსა და სულ არ არის საკვირველი, რომ აღარ იყიდება". მაგრამ საზოგადოება კარგად იცოდა, რაც უნდოდა. იგი გარტობისა და მხიარულების მორევში ცურავდა და ამიტომ, მხოლოდ კომიქსები დაიტოვა. ასევე არ მოსპო, რაღა თქმა უნდა, სამგანზომილებიანი სექსუალური ჟურნალები. აი, ასე წავიდა საქმე, და არ დაგავიწყდეს, რომ ამ საქმეში მთავრობა არ ჩარეულა. არც რაიმე ბრძანება ყოფილა, არც დეკლარაცია და არც ცენზურისმიერი აკრძალვა. არა! ტექნიკამ, მასობრივმა მოთხოვნილებამ და იმ მცირე ჯგუფების დაწოლამ, მადლობა ღმერთს, ამ დღემდე მიგვიყვანა და დღეს მათი წყალობით მუდამ ბედნიერია ადამიანი: იკითხე, რამდენიც გინდა, კომიქსები, სასიყვარულო აღსარებები და სარეკლამო ჟურნალები.

სკოლები სულ უფრო და უფრო მეტ მორბენლებს, მხტუნავებს, მოჯირითეებს, მექრთამეებს, წამგლეჯებს, მფრინავებსა და მოცურავეებს უშვებდნენ მკვლევრების, კრიტიკოსების, სწავლულებისა და შემოქმედი ხალხის ნაცვლად. "ინტელექტურალური", რაღა თქმა უნდა, სალანძღავ სიტყვად იქცა და ახიც იყო მასზე. ადამიანი ყოველთვის უფრთხის უცნობს და შეუჩვეველს. ალბათ, ყველა გაიხსენებს თავისი კლასის ამხანაგს, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული. იგი ყველას ჯობნიდა გამოთქმით კითხვაში და ყველა კითხვას უპასუხებდა, მაშინ როცა სხვები ბოთეებივით ისხდნენ და ბოღმით სივდებოდნენ. და განა სწორედ ამ ნიჭიერ ბავშვს არ სცემდნენ და აწამებდნენ გაკვეთილის შემდეგ? რასაკვირველია, სცემდნენ! არა, ჩვენ ერთმანეთისგან არ უნდა განვსხვავდებოდეთ. ყველა თავისუფალი და თანასწორი უნდა იყოს. კი არ დავიბადოთ თანასწორნი, როგორც კონსტიტუციაში წერია, არამედ მერე უნდა გავხდეთ. ყოველი ადამიანი მეორის ასლი უნდა იყოს და მაშინ ყველა ბედნიერი იქნება, რადგან პირველი ვეღარ დაჩრდილავს მეორეს.

დიახ! წიგნი კი გატენილი თოფია, რომელიც კარის მეზობელს დაუმიზნებია შენთვის. დაწვით იგი და თოფი უტყვიოდ დარჩება. ადამიანის გონება უნდა აილაგმოს. რა ვიცით, ვინ გახდება ნაკითხი კაცის სამიზნე? იქნებ მე? აი, ამიტომ ვერ ვიტან მაგისთანებს! დაბოლოს, როცა მთელ მსოფლიოში სახლები ცეცხლგამძლე გახდა მეხანძრეები უქმად დარჩნენ და მათ ახალი საქმე გამოუძებნეს - გონების სიმშვიდის მცველებად დააყენეს. ბუნებრივი და გასაგებია, რომ ყველას ეშინია, სხვამ არ მაჯობოსო და მეხანძრე იმიტომ არსებობს, რომ ეს საფრთხე ააცილოს ადამიანებს. იგი კაცობრიობის ოფიციალური ცენზორი, მოსამართლე და აღმასრულებელია.

ჩვენი ცივილიზაცია ძალზე ვრცელია და ამიტომ არ შეიძლება, მასში შემავალი დაჯგუფებები უკმაყოფილონი იყვნენ. აბა, თქვენს თავს შეეკითხეთ ყველაზე უფრო რისკენ მიილტვით? ბედნიერებისკენ, არა? განა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამას არ გიჩიჩინებდნენ? გვინდა ბედნიერი ვიყოთ - ამბობს ხალხი. კარგია, მაგრამ განა ხალხს ბედნიერება აკლია? განა მათ მოსაწყენად მოვაცლით, განა გართობას ვაკლებტ? ჩვენ ხომ მხოლოდ ამიტომ ვცოცხლობთ ამქვეყნად. ასე არ არის? აუცილებელია სიამოვნება, აღგზნება და დამეთანხმეთ, რომ ჩვენი კულტურა უხვად გვამარაგებს ამით.

ფერადკანიანებს არ მოსწონთ "პატარა ზანგის ბიჭი სამბო"? დაწვით! თეთრკანიანებს არ სიამოვნებთ "ბიძია თომას ქოხი"? დაწვით! ვიღაცამ დაწერა წიგნი თამბაქოსა და ფილტვების კიბოს შესახებ. სიგარეტის მეწარმეები დაფრთხნენ! დაწვით ეს წიგნიც! სიმშვიდეა საჭირო! არავის უნდა აწუხებდეს რაიმე. ყველაფერი, რაც კი გაწუხებს, უნდა მოისპოს, ღუმეში უნდა დაიწვას. დაკრძალვა საშინელებაა და ამასთან წარმართული გადმონაშთია, არა? ისიც გააუქმეთ! აი, სულ ხუთი წუთია, რაც კაცი გარდაიცვალა და უკვე დიდი მილისკენ მიაქანებენ. კრემატორიუმებს ჰელიკოპტორები ემსახურება. ადამიანი გარდაიცვალა და ათი წუთის შემდეგ ერთ მწკრივ შავ ნაცრად იქცა. მოდი, ნუღარ ვიგლოვებთ გარდაცვლილებს. დავივიწყოთ ისინი. ცეცხლს მივცეთ ყოველივე და ყველაფერი, ცეცხლი ყველაფერს აცისკროვნებს და ასპეტაკებს.

... ლურსმნები და ფიცრები თუ არა გაქვს, სახლს ვერ ააშენებ. თუ არ გინდა, რომ სახლი აშენდეს, ლურსმნები და ფიცრები უნდა დამალო. თუ არ გინდა, რომ ადამიანი პოლიტიკამ დატანჯოს, ნუ მისცემ საშუალებას, საკითხს ორი მხრიდან შეხედოს. ეს კი არა, სულ ნუ შეხედავს. დაე, დაივიწყოს, რომ ქვეყნად ისეთი რამ არსებობს, როგორიც ომია. დაე, სახელმწიფომ უზომო გადასახადები აკრიფოს, დაე, მთავრობა ტლანქი და მოუსაზრებელი იყოს, ოღონდ ხალხმა ამას ყურადღება არ მიაქციოს: მთავარია, ხალხი მშვიდად იყოს! მოაწყვეთ კონკურსები, თუ ვის ახსოვს ყველაზე პოპულარული სიმღერის სიტყვები, ვის შეუძლია ჩამოთვალოს შტატების დედაქალაქები, ვის შეუძლია გაიხსენოს, რამდენი ხორბალი მოვიდა აიოვაში... ამოიტენეთ ადამიანს გონება ცნობებით, ფიტულივით ამოტენეთ ამ წყეული ფაქტებით და ეგონებათ, რომ ბრწყინვალე განათლება მიიღეს. ეგონებათ, რომ აზროვნებენ და წინ მიდიან. სინამდვილეში ადგილზე იქნებიან გაყინული, თუმცა თვითონ ბედნიერად იგრძნობენ თავს, რადგან ასეთი ცოდნა უცოდველია. ნუ მისცემთ მათ ისეთ ლიპ რამეს, როგორიც ფილოსოფია და სოციოლოგიაა. არ არის საჭირო, რომ ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირონ და დასკვნები გამოიტანონ. ამას მელანქოლიისკენ მივყავართ. ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია სატელევიზიო კედლის დაშლა და აწყობა, გაცილებით ბედნიერია მასზე, ვინც ცდილობს გაზომოს და გამოიანგარიშებ, რომ შენი თავი არარაობად და მიუსაფრად არ მოგეჩვენოს. ნამდვილად ასეა! მე თვითონ გამომიცდია, დალახვროს ეშმაკმა! ასე რომ, ჩვენს კლუბებს უნდა მივუბრუნდეთ, ვიფიქროთ აკრობატებისა და ილუზიონისტების გამოსვლებზე. საცირკო ტრიუკებს ვუყუროთ, რეაქტიული ავტომობილებითა და მოტოციკლ-ჰელიკოპტერებით ვისეირნოთ, სექსუალური სურათებითა და კინოვარსკვლავებით გავერთოთ. არ უნდა მოვიკოთ ისეთი სანახაობები, რომლებიც ავტომატურ რეფლექსებს იწვევს. თუ დრამა უხეიროა, თუ ფიმლი არაფერს გეუბნება, პიესა ყალბია, შეეცადეთ აღმგზნები საშუალება გამოიყენოთ, ე.ი. ხმაურით გამაღიზიანოთ. მე ვიფიქრებ, რომ პიესა მოქმედებს, სინამდვილეში კი ხმაურისგან წარმოშობილი ტალღის რხევა იმოქმედებს.

მთავარია, მუდამ გახსოვდეს, რომ ჩვენი ბედნიერებისთვის მებრძოლნი ვართ, თქვენ, მე, სხვები... ჩვენ ვიცავთ კაცობრიობას იმ პატარა ჯგუფისგან, რომელსაც უნდა თავისი წინააღმდეგობებით სავსე თეორიებითა და აზრებით გააუბედუროს სხვები, ჩვენ კი კაშხალს ვდარაჯობთ. ყოჩაღად, თორემ მელანქოლიისა და მოსაწყენი ფილოსოფიის ნიაღვარი წალეკავს ჩვენს მსოფლიოს. ველას ჩვენი იმედი აქვს. მე არ ვიცი, შეგნებული გაქვთ თუ არა, რამდენად საჭირონი ვართ ჩვენ, მეხანძრეები, იმისთვის, რომ ქვეყანა მუდამ ისეტი ბედნიერი იყოს, როგორიც დღეს არის.

ყველა მეხანძრე, ადრე იქნება თუ გვიან, დაინტერესდება, ნეტა რას ამბობენ წიგნებიო. ისე მოუნდება ამის გაგება, რომ ვეღარ მოისვენებს. მერმწუნე, მე ხომ თავის დროზე საკმაოდ ბევრი წამიკითხავს, რათა საქმეში გავრკვეულიყავი, ჰოდა, დამიჯერეთ, რომ წიგნებში არაფერი ისეთი არ წერია! არაფერი, რომ დაიჯერო და სხვას ასწავლო. ისინი არასასურველ, გამოგონებულ ადამიანებზე მოგვითხრობენ, თუ მხატვრული ლიტერატურაა, და თუ მეცნიერულია, კიდევ უარესი: ერთი პროფესორი იდიოტს ეძახის მეორეს, ერთი ფილოსოფოსი ცდილობს ღრიალში აჯობოს მეორეს. ყველანი წაღმა-უკუღმა დაბოდიალობენ. ცდილობენ ციდან ვარსკვლავები მოწყვიტონ, მზე დააბნელონ. პირდაპირ თავგზას დაკარგავთ.


გამომცემლობა პალიტრა L, 2013 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში