სიმონ ბოლივარის ცხოვრების ქრონიკა

 (შედგენილი ვინისიო რომერო მარტინესის მიერ)
1783, 24 ივლისი. სიმონ ბოლივარის დაბადება.

1786, 19 იანვარი. სიმონის მამის, ხუან ვისენტე ბოლივარის გარდაცვალება.

1792, 6 ივლისი. ბოლივარის დედის, დონია მარია დე ლა კონსეპსიონ პალასიოსი ი ბლანკოს გარდაცვალება.

1795, 23 ივლისი. ბოლივარი ტოვებს თავისი ბიძის სახლს. იწყება გრძელი სასამართლო პროცესი. მას გზავნიან თავისი მასწავლებლის, სიმონ როდრიგესის სახლში. ოქტომბერში ბრუნდება ბიძასთან.

1797. გუალისა და ესპანეთის კონსპირაცია ვენესუელაში. ბოლივარი ეწერება მილიციაში, კადეტად, ვალიეს დე არაგუაში.

1798. ანდრეს ბელიო უტარებს გრამატიკისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს. იმავე პერიოდში სწავლობს ფიზიკასა და მათემატიკას საკუთარ სახლში, პადრე ფრანსისკო დე ანდოხარას მიერ დაარსებულ აკადემიაში.

1799, 19 იანვარი. მიემგზავრება ესპანეთში. ჩერდება მექსიკასა და კუბაში. ბერაკრუსში წერს პირველ წერილს.

1800. მადრიდში უკავშირდება სწავლულ მარკიზ დე უსტარისს, მის ნამდვილ ინტელექტუალურ მამას.

1801. მარტიდან დეკემბრამდე სწავლობს ფრანგულს ბილბაოში.

1802, 12 თებერვალი. ამიენსში (საფრანგეთი) ეთაყვანება ნაპოლეონ ბონაპარტეს, უყვარს პარიზი.
26 მაისი. ესპანეთში, მადრიდში ცოლად მოჰყავს მარია ტერესა როდრიგეს დელ ტორო.
12 ივლისი. მეუღლესთან ერთად ჩადის ვენესუელაში. გადაწყვეტილი აქვს, მიხედოს მამულებს.

1803, 22 იანვარი. მარია ტერესა გარდაიცვალა კარაკასში.
23 ოქტომბერი. ბოლივარი კვლავ ესპანეთშია.

1804, 2 დეკემბერი. პარიზში ესწრება ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევას.

1805, 15 აგვისტო. ფიცის დადება მონტე საკროში (რომი, იტალია).

1807, 1 იანვარი. გადადის ჩარლტონში. იანვარში ბრუნდება კარაკასში.

1810, 18 აპრილი. უვლის მამულს არაგუაში. ამიტომ არ მონაწილეობს 19 აპრილის მოვლენებში, ანუ ვენესუელის რევოლუციაში.
9 ივნისი. დიპლომატიური მისიით მიემგზავრება ლონდონში. იქ ეცნობა ფრანსისკო დე მირანდას.
5 დეკემბერი. ბრუნდება ლონდონიდან. 5 დღის შემდეგ კარაკასში ჩადის მირანდა და ბინავდება ბოლივარის სახლში.

1811, 2 მარტი. იკრიბება ვენესუელის პირველი კონგრესი.
4 ივლისი. ბოლივარი სიტყვას წარმოთქვამს პატრიოტულ საზოგადოებაში.
5 ივლისი. ბოლივარი იბრძვის ვალენსიაში მირანდას მეთაურობით. ეს მისი საბრძოლო ნათლობაა.

1812, 26 მარტი. მიწისძვრა კარაკასში.
6 ივლისი. მოღალატეთა წყალობით ეცემა პუერტო კაბელიოს ციხესიმაგრე, რომელსაც პოლკოვნიკი სიმონ ბოლივარი იცავდა. 30 ივლისი. სხვა ოფიცრებთან ერთად აპატიმრებს მირანდას, რომელსაც გამყიდველად მიიჩნევენ, რადგან კაპიტულაციას მოაწერა ხელი. მანუელ მარიას კასასი ხელიდან აცლის სახელგანთქმულ პატიმარს და ესპანელებს გადასცემს მის თავს.
1 სექტემბერი. პირველი გადასახლება. მიემგზავრება კურასაოში.
15 დეკემბერი. ახალ გრანადაში სცემს კარტახენას მანიფესტს.
24 დეკემბერი. იკავებს ტენერიფეს და იწყებს მდინარე მაგდალენას სანაპირო ზოლის გათავისუფლებას, რომლის დროსაც ანადგურებს რეგიონის როიალისტ ესპანელებს.

1813, 28 თებერვალი. უკუტას ბრძოლა.
1 მარტი. იკავებს სან ანტონიო დელ ტაჩირას.
12 მარტი. ახალ გრანადაშია ბრიგადირის ჩინით.
14 მარტი. კუკუტაში იწყებს ახალ ბრძოლას.
23 მაისი. აცხადებენ მერიდას განმათავისუფლებლად.
15 ივნისი. ტრუხილიოში იწყებს სამკვდრო-სასიცოცხლო ომს.
6 აგვისტო. კარაკასში ტრიუმფალური შესვლა. დიდი ომის დასასრული.
14 ოქტომბერი. კარაკასის საბჭო. სახალხო ასამბლეაზე ბოლივარს ანიჭებენ გენერლის ჩინსა და ლიბერტადორის წოდებას.
5 დეკემბერი. არაურეს ბრძოლა.

1814, 8 თებერვალი. ლა ვიქტორიას ბრძოლა.
28 თებერვალი. კარაბობოს პირველი ბრძოლა.
7 ივლისი. 20 ათასი კარაკასელი, ლიბერტადორის მეთაურობით, აღმოსავლეთის გასათავისუფლებლად მიეშურება.
4 სექტემბერი. რიბასი და პიარი, რომლებმაც ბოლივარი და მარინიო გადაასახლეს, მათი დაპატიმრების ბრძანებას სცემენ კარუპანოში.
7 სექტემბერი. ბოლივარი აქვეყნებს თავის მანიფესტს კარუპანოში და მეორე დღეს კარტახენაში მიემგზავრება. ბრძანების შესახებ არაფერი იცის.
27 ნოემბერი. ახალი გრანადის მთავრობა ბოლივარს ავალებს კუნდანიის დაპყრობას. გენერალი იწყებს ომს, რომელიც ბოგოტას კაპიტულაციით მთავრდება.
12 დეკემბერი. ბოგოტაში იქმნება მთავრობა.

1815, 10 მაისი. ვენესუელის განთავისუფლებას რომ ცდილობს, კარაკასის მხრიდან აწყდება ამ ქალაქის მთავრობის ოპოზიციას და გადაწყვეტს ნებაყოფლობით გადასახლებაში გაემგზავროს იამაიკაში.
1 სექტემბერი. აქვეყნებს ცნობილ წერილს იამაიკიდან.
24 დეკემბერი. მიემგზავრება ჰაიტიში, ლოს კაიოსში, სადაც ხვდება თავის მეგობარს, კურასაოელ მეზღვაურს ლუის ბრიონს. ჰაიტიზე ხვდება პრეზიდენტ პეტიონს, რომელიც გამოუსადეგარ თანამშრომლობას ჰპირდება.

1816, 31 მარტი. ჰაიტიდან მიემგზარება ე.წ. კიაოს ექსპედიცია ლუის ბრიონის მონაწილეობით.
2 ივნისი. კარუპაოში დეკრეტით ათავისუფლებენ მონებს.

1817, 9 თებერვალი. ბოლივარი და ბერმუდესი შერიგდნენ და მდინარე ნევერიზე გადებულ ხიდზე ერთმანეთს გადაეხვივნენ.
11 აპრილი. სან ფელშიქსის ომი. მიღწეულია ანგოსტურას განთავისუფლება, მდინარე ორიოოკოს სანაპიროს დაპყრობა და რესპუბლიკის საბოლოო შექმნა (III რესპუბლიკა).
8 მაისი. კარიაკოში იკრიბება კონგრესი მღვდელ ხოსე კორტეს მადარიაგას ხელმძღვანელობიტ. კარიაკოს კონგრესმა კრახი განიცადა, თუმცა ძალაში დარჩა ორი დეკრეტი: ეროვნულ დროშაზე შვიდი ვარსკვლავი და სახელწოდება ახალი სპარტის სახელმწიფო - კუნძულ მარგარიტასთვის.
12 მაისი. ბოლივარი პიარს ნიშნავს ბრიგადის გენერლად.
19 ივნისი. პიარს სწერს შემრიგებლურ ბარათს: „გენერალო, ესპანელებთან ბრძოლა მირჩევნია პატრიოტებს შორის უთანხმოებას“.
4 ივლისი. კარაკოიმას ტბაში ყელამდე წყალში რომ ემალებოდა მდევარს, ესპანელ როიალისტებს, გაოგნებული ოფიცრების წინაშე იწინასწარმეტყველა ყველაფერი, რასაც მომავალში გააკეთებდა: ანგოსტურას დაპყრობიდან დაწყებული პერუს გათავისუფლებით დამთავრებული.
16 ოქტომბერი. გენერალ პიარის სიკვდილით დასჯა ანგოსტურაში. სამხედრო საბჭოს ლუის ბრიონი მეთაურობდა.

1818, 30 იანვარი. აპურეში, კანიაფისტულას მეცხვარეთა სადგომში პირველად ხვდება პაესს.
12 თებერვალი. ბოლივარი ამარცხებს მორილიოს კალაბოსოში.
27 ივნისი. ანგოსტურაში აარსებს ორინოკოს ფოსტას.

1819, 15 თებერვალი. ანგოსტურაში იხსნება კონგრესი. ბოლივარი წარმოთქვამს ცნობილ სიტყვას. მას ირჩევენ ვენესუელის პრეზიდენტად. მაშინვე იწყებს ახალი გრანადის გათავისუფლებისთვის ბრძოლას.
7 აგვისტო. აგოიკას ომი.
17 დეკემბერი. ბოლივარი აარსებს კოლუმბიის რესპუბლიკას, რომელიც სამ დეპარტამენტადაა გაყოფილი: ვენესუელა, კუნდანია და კიტო. კონგრესი მასვე ირჩევს კოლუმბიის პრეზიდენტად.

1820, 11 იანვარი. აპურეშია, სან ხუან დე პაიარაში.
5 მარტი. ბოგოტაშია.
19 აპრილი. სან კრისტობალში აღნიშნავს რევოლუციის დაწყების მეათე წლისთავს.
27 ნოემბერი. ტრუხილიოში, სანტა ანაში ხვდება პაბლო მორილიოსს. წინა დღეს ხელი მოაწერა შერიგებისა და ომის დასრულების პაქტს.

1821, 5 იანვარი. ბოგოტაშია. გეგმავს სამხრეთის ომს, რომლის მეთაურობას სუკრეს აბარებს.
14 თებერვალი. ულოცავს რაფაელ ურდანეტას მარაკაიბოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუმცა შიშობს, რომ ესპანეთი ამ ნაბიჯს შერიგების პაქტის დარღვევად ჩათვლის.
17 აპრილი. პროკლამაციით ამცნობს ხალხს ზავის დარღვევას და იწყებს „წმინდა ომს“. „ჩვენ განვაიარაღებთ მოწინააღმდეგეს, მაგრამ არ გავანადგურებთ მას“.
28 აპრილი. კვლავ ბრძოლა.
27 ივნისი. კარაბობოში ბოლივარი ამარცხებს ლა ტორეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ბრძოლა არ ყოფილა, კარაბობო ვენესუელის დამოუკიდებლობას განამტკიცებს.

1822, 7 აპრილი. ბომბონას ბრძოლა.
24 მაისი. პიჩინჩას ბრძოლა.
16 ივნისი. კიტოში გაიცნობს მანუელა საენსს, როცა სუკრესთან ერთად ტრიუმფალურად შევა ქალაქში.
11 ივლისი. გუაიაკალში ჩადის. ორი დღის შემდეგ მასაც კოლუმბიას უერთებს.
26-27 ივლისი. ბოლივარისა და სან მარტინის შეხვედრა გუაიკალში.
13 ოქტომბერი. წერს „ჩემი ბოდვა ჩიმბორასოზე“, ლოხაში, კუენკას მახლობლად, ეკუადორში.



1823, 1 მარტი. პერუს პრეზიდენტი რივა აგუერო ლიბერტადორს ოთხი ათას ჯარისკაცს და კოლუმბიის დახმარებას სთხოვს თავის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. 17 მარტს ბოლივარი სამი ათას ჯარისკაცს უგზავნის, 12 აპრილს - კიდევ სამი ათასს.
4 მაისი. პერუს კონგრესი აქვეყნებს დეკრეტს, - რომლითაც უხმობს ლიბერტადორს და სთხოვს მას სამოქალაქო ომის დამთავრებაში დახმარებას.
1 სექტემბერი. ბოლივარი ლიმაში ჩადის. კონგრესი ნებას რთავს, დაიმორჩილოს ესპანელთა საპატივცემულოდ აღზევებული რივა აგუერო.

1824, 1 იანვარი. ავადმყოფი ჩადის პატივილკაში.
12 იანვარი. გამოსცემს კანონს, რომლის მიხედვით სიკვდილით დასჯა ემუქრება ყველას, ვინც სახელმწიფო ქონებიდან ათ პესოზე მეტს მოიპარავს.
19 იანვარი. სწერს მშვენიერ წერილს თავის მასწავლებელს - სიმონ როდრიგესს: „თქვენ შთამაგონეთ, მებრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ყველაზე დიდი, ყველაზე ნათელი მიზნისთვის“.
10 თებერვალი. პერუს კონგრესი დიქტატორად ნიშნავს ბოლივარს, დანგრეული ქვეყნის გადასარჩენად.
6 აგვისტო. ხუნინის ბრძოლა.
5 დეკემბერი. ბოლივარი ათავისუფლებს ლიმას.
7 დეკემბერი. იწვევს პანამის კონგრესს.
9 დეკემბერი. სუკრეს გამარჯვება აიაკუჩოში. თავისუფლდება მთელი ესპანური ამერიკა.

1825. ინგლისი ცნობს ამერიკის ახალ სახელმწიფოებს.
12 თებერვალი. პერუს მადლიერი კონგრესი ლიბერტადორს გადასცემს მედალს, ცხენის ქანდაკებას, მილიონ პესოს პირადად მას და მილიონ პესოს - განმათავისუფლებელ არმიას. ბოლივარმა არ აიღო მისთვის კუთვნილი ფული, არმიისა კი ჯარისკაცებს დაურიგა.
18 თებერვალი. პერუს კონგრესი არ ღებულობს თხოვნას პრეზიდენტობიდან მისი გადადგომის შესახებ.
6 აგვისტო. მაღალმთიან პერუში, ჩუკისაკაში შეკრებილმა კონგრესმა გადაწყვიტა ბოლივიის რესპუბლიკის დაარსება.
26 ოქტომბერი. ბოლივარი პოტოსიშია.
25 დეკემბერი. ბრძანებს ჩუკისაკაში მილიონი ხის დარგვას. „იქ ყველაზე მეტად სჭირდებათ ეს“.

1826, 25 მაისი. ლიმადან აცნობებს სუკრეს, რომ პერუმ აღიარა ბოლივიის რესპუბლიკა. მასვე უგზავნის ბოლივიის კონსტიტუციის პროექტს.
22 ივნისი. იკრიბება პანამის კონგრესი.
16 დეკემბერი. ჩადის მარაკაიბოში, საიდანაც სთავაზობს ვენესულელებს დიდი შეთანხმების დადებას.
31 დეკემბერი. ჩადის პუერტო კაბელიოში პაესის საძებნელად.

1827, 1 იანვარი. აქვეყნებს დეკრეტს კოსიატას პასუხისმგებელ პირთა გასათავისუფლებლად. პაესს ვენესუელას მმართველად ნიშნავს.
1 იანვარი. პუერტო კაბელიოდან პასს სწრეს: „მე არ შემიძლია რესპუბლიკის გაყოფა; მაგრამ ვენესუელის საკეთილდღეოდ ამაზეც წავალ, თუკი ვენესუელას ასე სურს. ამ საკითხს გენერალურ ასამბლეაზე გადავწყვეტთ“.
4 იანვარი. ვალენსიის მახლობლად, ნაგუნაგუაში ხვდება პაესს და დახმარებას სთავაზობს. ადრე უთხრა, რომ უფლება ჰქონდა უსამართლობისთვის სამართლიანობა დაეპირისპირებინა, ძალის გამოვლენისთვის კი - დაუმორჩილებლობა. ეს აწუხებს სანტანდერს, რომელსაც უთანხმოება აქვს ლიბერტადორთან.
12 იანვარი. პაესთან ერთად ჩადის კარაკასში, ხალხი აპლოდისმენტებით ხვდება.
5 თებერვალი. კარაკასიდან უგზავნის ბოგოტის კონგრესს ახალ თხოვნას გადადგომის შესახებ, დრამატულად აღწერს მოტივებს და ასკვნის: „სულითა და გულით მეათასედ გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი თხოვნა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ“.
16 მარტი. საბოლო განხეთქილება სანტანდერთან. „მეტი არაფერი მომწეროთ, რადგან არც პასუხის გაცემა მსურს და აღარც თქვენი მოგიხსენიებთ მეგობრად“.
6 ივნისი. კოლუმბიის კონგრესი არ აკმაყოფილებს ბოლივარის მოთხოვნას გადადგომის შესახებ და მოითხოვს ბოგოტაში მის ჩასვლას ფიცის დასადებად.
5 ივლისი. მიემგზავრება კარაკასიდან ბოგოტაში, მშობლიურ ქალაქში, აღარასოდეს დაბრუნდება.
10 სექტემბერი. ჩადის ბოგოტაში და დებს პრეზიდენტის ფიცს. სასტიკად უპირისპირდება პოლიტიკური ოპოზიცია.
11 სექტემბერი. წერილიტომას დე ერასს: „გუშინ შემოვედი დედაქალაქში და დღეს უკვე პრეზიდენტის პოსტზე ვარ. ეს საჭირო იყო: ბევრ სირთულეს ავიცილებთ თავიდან“.

1828, 10 აპრილი. ოკანიის კონვენციის დადების დროს ბუკარამანგაში იმყოფება. საბოლოოდ უპირისპირდებიან ერთმანეთს ბოლივარისტული და სანტანდერისტული პარტიები. ბოლივარი კონვენციის წინააღმდეგია.
9 ივნისი. ბუკარამანგადან ვენესუელაში მიემგზავრება. სურს მარკიზ დელ ტოროს ანაუკოს სასახლეში დაფუძნდეს.
12 ივნისი. აუქმებს ოკანიის კონვენციის.
24 ივნისი. გეგმას ცვლის და ბოგოტაში ბრუნდება, სადაც სიხარულით ხვდებიან.
15 ივლისი. ვალენსიაში გადაცემულ მოწოდებაში პაესი ბოლივარს მეცხრამეტე საუკუნის განუმეორებელ გენისს უწოდებს, რომელმაც „თვრამეტი წლის ასაკიდან რა მსხვერპლი არ გაიღო ჩვენი ბედნიერებისათვის. უამრავჯერ განაცხადა უარი მთავრობის მეთაურის პოსტზე, თუმცა რესპუბლიკის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია, შეასრულოს ეს მძიმე მოვალეობა“.
27 აგვისტო. დეკრეტი დიქტატურის შესახებ, ოკანიის კონვენციის გარშემო ატეხილი უთახნმოების მოსაგვარებლად. ბოლივარი აუქმებს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, რის შედეგადაც სანტანდერი უფუნქციოდ რჩება. ლიბეტადორი მას სთავაზობს აშშ-ში კოლუმბიის ელჩის თანამდებობას. სანტანდერი თანახმაა, მაგრამ გამგზავრებას აგვიანებს. შესაძლოა სწორედ სანტანდერის თანამდებობიდან გადაყენებამ გამოიწვია შეთქმულება ბოლივარის წინააღმდეგ.
21 სექტემბერი. პაესი აღიარებს ბოლივარს უმაღლეს მთავარსარდლად და ფიცს დებს არქიეპისკოპოს რამონ იგნასიო მენდესისა და კარაკასის პლასა მაიორზე შეკრებილი ხალხის წინაშე: „ვფიცავ, დავემორჩილო და შევასრულო მის მიერ გამოცემული დეკრეტები, როგორც რესპუბლიკის კანონები. ზეცაა მოწმე ჩემი ერთგულებისა და ისევე დამაჯილდოვებს პირობის შესრულებისთვის“.
25 სექტემბერი. ბოგოტაში ბოლივარის მოკვლას ცდილობენ. მას მანუელა საენსი შველის. სანტანდერი შეთქმულთა შორისაა. ურდანეტას, შეთქმულების მონაწილეთა მსაჯულს, მისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს. ბოლივარი დახვრეტას გადასახლებით უცვლის.

1829, 1 იანვარი. ბოლივარი პურიფიკასიონშია. მისი ყოფნა ეკვადორში აუცილებელია პერუსთან არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად, რომელმაც გუაიაკილი დაიკავა.
21 ივლისი. კოლუმბია იბრუნებს გუაიაკილს. ხალხი ტრიუმფალურად ეგებება ლიბერტადორს.
13 სექტემბერი. ო’ლირს სწერს: „ყველამ ვიცით, რომ ვენესუელისა და ახალი გრანადის შეერთება მხოლოდ ჩემი წყალობით მოხდა“.
13 სექტემბერი. წერილი პაესს: „ვბრძანე, ყველა მოქალაქისთვის დაერიგებინათ ცირკულარები, რათა გულახდილად გამოეთქვათ თავიანთი აზრები. ახლა შეგიძლიათ ლეგალურად და დაბეჯითებით მოითხოვოთ ხალხის აზრი. მოვიდა დრო, უშიშრად გაგვიმხილონ გულისნადები, მაშინ რეფორმებსაც ბრწყინვალედ ჩავატარებთ და ხალხის ოცნებაც ახდება“.
20 ოქტომბერი. ბრუნდება კიტოში.
29 ოქტომბერი. მიემგზავრება ბოგოტაში.
5 დეკემბერი. პოპაიადან სწერს ხუან ხოსე ფლორესს: „შეიძლება გენერალი სუკრე იყოს ჩემი შემცვლელი, შესაძლებელია აგრეთვე ერთმანეთში გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა, მე, ჩემი მხრივ, სულსა და გულს არ დავიშურებ“.
15 დეკემბერი. პაესს აცნობეს, რომ არ დათანხმდება რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ არჩევას, და თუკი კონგრესი პაესს აირჩევს კოლუმბიის პრეზიდენტად, პატიოსან სიტყვას იძლევა, რომ სიამოვნებით ჩადგება მის სასმსახურში.
18 დეკემბერი. კატეგორიულად უარყოფს მონარქიის იდეას კოლუმბიისთვის.

1830, 15 იანვარი. ისივე ბოგოტაშია.
20 იანვარი. იკრიბება კოლუმბიის კონგრესი. ბოლივარის წერილი. ესწრება თავის გადადგომას.

27 იანვარი. კონგრესს სთხოვს ვენესუელაში გამგზავრების უფლებას. კონგრესი უარზეა.
1 მარტი. თანამდებობას გადასცემს დომინგო კაისედოს, მთავრობის საბჭოს პრეზიდენტს და ფუჩაში მიემგზავრება.
27 აპრილი. კონგრესი აკმაყოფილებს მის მოთხოვნას გადადგომის შესახებ.
4 მაისი. ხოაკინ მოსკერას კოლუმბიის პრეზიდენტად ირჩევენ.
8 მაისი. ბოლივარი საბოლოოდ მიემგზავრება ბოგოტადან.
4 ივნისი. ბერუეკოსში კლავენ სუკრეს. ბოლვიარი ამის შესახებ ლა პოპაში იგებს 1 ივლისს და შეძრწუნებას ვერ მალავს.
5 სექტემბერი. ურდანეტა კოლუმბიის მთავრობის სათავეში ექცევა. ბოგოტაში, კარდახენასა და ახალი გრანადის სხვა ქალაქებში ეწყობა მანიფესტაციები და გამოსვლები ლიბერტადორის დაბრუნების მოთხოვნით. ურდანეტა მას ელოდება.
18 სექტემბერი. გენერალი ურდანეტას სთავაზობს თავის სამსახურს, როგორც მოქალაქე და ჯარისკაცი, რესპუბლიკის ერთიანობის დასაცავად და აცხადებს, რომ სათავეში ჩაუდგება ბოგოტიდან გასულ ორი ათას კაცს, ახალი მთავრობის დასაცავად. უარს ამბობს შეთავაზებულ თანამდებობაზე, რათა უზურპატორად არ მიიჩნიონ, მაგრამ მომდევნო არჩევნების იმედს იტოვებს: „... კანონიერების ჩრდილი დამიფარავს და ახალი პრეზიდენტიც გამოჩნდება...“ ბოლოს სთხოვს თანამემამულეებს, გაერთიანდნენ ურდანეტას ირგვლივ.
2 ოქტომბერი. ტურბაკოშია.
15 ოქტომბერი. სოლედადშია.
8 ნოემბერი. ბარანკილიაშია.
1 დეკემბერი. დაუძლურებული ჩადის სანტა მარტაში.
6 დეკემბერი. მიემგზავრება სან პედრო ალეხანდრინოში, ესპანელი დონ ხოაკინ დე მიერის მამულში.
10 დეკემბერი. კარნახობს ანდერძს და უკანასკნელ მიმართვას. ექიმის დაჟინებულ მოთხოვნაზე აღსარების თქმის შესახებ, კითხულობს: „ეს რა არის? ნუთუ ისე ცუდად ვარ, რომ ანდერძსა და აღსარებაზე მელაპარაკებით!... როგორ დავაღწევ თავს ამ ლაბირინთს?“
17 დეკემბერი. გარდაიცვლება სან პედრო ალეხანდრინოში, მცირერიცხოვანი მეგობრებით გარშემორტყმული.

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ 
გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში