ოლდოს ჰაქსლი - ფორდმსახურება

ნაწყვეტი რომანიდან - „საოცარი ახალი სამყარო“

ორ კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით, ბერნარდს ერთობის შეკრებებში მონაწილეობა ევალებოდა. ...ჯგუფი შეივსო, ერთობის რკალი შეიკრა. ქალი, მამაკაცი, ისევ ქალი და ისევ მამაკაცი - მონაცვლეობით ისხდნენ წრეში, მაგიდის ირგვლივ. თორმეტივე ერთიანობას ესწრაფოდა, თორმეტივე საკუთარი ინდივიდუალობის ერთარსებაში შერწყმის, ერთარსებაში განსხეულებისთვის იყო მზად. 

ჯგუფის თავმჯდომარე წამოდგა, ნიშანი T პირჯვარივით გამოისახა და სინთეზური მუსიკა ჩართო - სასულე და სიმებიანი ანსამბლი ნებას მიშვებული დაფდაფების მსუბუქი, მომთენთავი დარტყმების ფონზე, გულისგამაწვრილებლად იმეორებდა და იმეორებდა ერთობის პირველი ჰიმნის მოკლე, აკვიატებულ მოტივს, რომელიც სულ თან გდევდა, რომელსაც თავს ვერასდიდებით დააღწევდი. მელოდია არ ცხრებოდა, მთრთოლვარე რიტმი თითქოს ყურში კი არა, სადღაც სულის სიღრმეში ისმოდა; მუსიკის თანხმიანობა გონებას კი არა, თანაგრძნობით აღვსილ მთელ არსებას აფორიაქებდა. თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოსახა T და დაჯდა.

ფორდმსახურება დაიწყო. მაგიდის შუაგულში სომის ნაკურთხი აბები იდო. ხენდროს წვენ-სომით სავსე სიყვარულის თასი ხელიდან ხელში გადაეცემოდა. „ვსვამ, რათა თქვენში განვსხეულდე“, გაიმეორა თორმეტივემ და თასი ერთმანეთის მიმდევრობით სულმოუთქმელად დაცალეს. მერე სინთეზური ორკესტრის თანხლებით, ერთობის პირველი ჰიმნი შეასრულეს.

„ო, ფორდ, თორმეტი გვაქციე ერთად, ერთ შენაკადად დიდი მდინარის, T მოდელივით წინ მივისწრაფით, თორმეტი წვეთი თანაზიარი“...

თორმეტი სტროფი, ერთიანობის თორმეტი მოწოდება და სიყვარულის თასის მეორე ჩამოტარება. „ვსვამ დიდებული ერთარსებისთვის“ - ჯგუფის დევიზი ახლა ასე ჟღერდა. ყველამ დალია. მუსიკა არ ცხრებოდა. დაფდაფები გუგუნებდა. ბგერები გულ-მუცელში სასიამოვნო ჟრჟოლას იწვევდა. ერთობის მეორე ჰიმნიც შესრულდა.

„დიდებულო ერთარსებავ, თორმეტს გვსურს თავდავიწყება, ერთიანი სიცოცხლე ხომ სიკვდილიდან აითვლება“.

ისევ თორმეტი სტროფი და სომამ მოქმედება დაიწყო. თვალები გაუბრწყინდათ, სახეები შეეფაკლათ, საყოველთაო სიკეთის შინაგანი ნათება ყველას სახეზე გულითად, მეგობრულ ღიმილად გამოისახა. ბერნარდმაც კი იგრძნო, რომ ოდნავ მოლბა. ყველაფერი იღონა, რომ მორგანა როტშილდის გაცისკროვნებული მზერისთვის საპასუხო ღიმილი შეეგებებინა. მაგრამ ეს წარბი, შავი, გადაბმული წარბი მაინც თვალში ეჩხირებოდა! ამ წარბის ატანა წარმოუდგენელი იყო, სრულიად წარმოუდგენელი. ეტყობა, საკმარისად არ იყო მოდუნებული. ფიფის და ჯოანას შორის რომ მჯდარიყო... სიყვარულის თასი წრეში მესამედ ჩამოატარეს; „ვსვამ მისი მოახლოებული მოსვლისთვის“, წარმოთქვა მორგანა როტშილდმა - თასის წრეში დატრიალების მისი ჯერი იყო. ხმამაღლა ლაპარაკობდა, აღფრთოვანებული. დალია და თასი ბერნარდს გადააწოდა. „ვსვამ მისი მოახლოებული მოსვლისთვის“, გაიმეორა; თან გულწრფელად ცდილობდა, მოსვლის მოახლოება ეგრძნო; მაგრამ შავი წარბი მოსვენებას არ აძლევდა, და ფიქრობდა, რომ მოსვლა უსასრულოდ შორს იყო. დალია და თასი კლარა დეტერდინგს გადასცა. „ისევ არაფერი გამომივა“, ეუბნებოდა თავისთავს. „ნამდვილად არ გამომივა არაფერი“. თუმცა სახეზე დაფენილ ბედნიერ ღიმილს არ იშორებდა.

სიყვარულის თასი ისევ წრეში დატრიალდა. თავმჯდომარემ ხელი ასწია და ნიშანი მისცა. ანსამბლმა ერთობის მესამე ჰიმნი დასჭექა.

„შეიგრძენი მისი მოსვლა, შეერთდი და აღენთე, დიდებულ ერთარსებაში მე შენ ვარ და შენ კი - მე“!

სტროფს სტროფი მოჰყვებოდა, ჯგუფის მღელვარება მატულობდა. მოსვლის მოახლოების შეგრძნება ჰაერს ელექტროდენივით მუხტავდა. თავმჯდომარემ მუსიკა გამორთო. ფინალური სტროფის ფინალური აკორდის შემდეგ, სრული სიჩუმე გამეფდა - დაძაბული მოლოდინის სიჩუმე. თავმჯდომარემ ხელი გაიწვდინა. და უეცრად ღრმა, ძლიერი ხმა, ნებისმიერი ადამიანის ხმაზე უფრო მუსიკალური, უფრო სავსე, თბილი, სიყვარულით, სურვილით და თანაგრძნობით ათრთოლებული, მშვენიერი, იდუმალი, ღვთაებრივი ხმა გაისმა საიდანღაც ზემოდან. „ო, ფორდ, ფორდ, ფორდ“, ძალიან ნელა იმეორებდა და თანდათან სუსტდებოდა, ილეოდა. მსმენელებს მთელ სხეულში სითბო ჩაეღვარათ და მზის წნულიდან სხივებივით გაიშალა თავისა და კიდურებისკენ. თვალზე ცრემლი მოადგათ. გული ფეთქავდა, მუცელში რაღაც ტრიალებდა, რაც გონებას არ ემორჩილებოდა. „ო, ფორდ“! დნებოდნენ. „ფორდ“! დაღვენთილები, ერთმანეთს ერწყმოდნენ. და უეცრად მჭახედ, თავზარდამცემად გაისმა: - ისმინეთ, ისმინეთ! - სმენად იქცნენ. პაუზა... და ერთბაშად - ჩურჩული, რატომღაც კივილზე უფრო სულისშემძვრელი ჩურჩული: - დიდებული ერთარსების ნაბიჯები... - ისევ და ისევ: - დიდებული ერთარსების ნაბიჯები... - ჩურჩული თითქმის მიწყდა. - დიდებული ერთარსების ნაბიჯები კიბეზე ისმის. - კიდევ ერთხელ გამეფდა სიჩუმე. მოლოდინის დაძაბულობა წუთით შესუსტდა და თანდათან ისევ კულმინაციისკენ წავიდა. ესმით, ესმით დიდებული ერთარსების ნაბიჯები, უხილავი საფეხურებით დაბლა რომ ეშვება და თანდათან ახლოვდება. დიდებული ერთარსების ნაბიჯები. და აი, დაძაბულობა ზღვარს გასცდა! თვალებგაფართოებული, პირდაღებული მორგანა ფეხზე წამოიჭრა.

- მე მესმის მისი, - ყვიროდა ქალი, - მესმის!
- მოდის, გვიახლოვდება, - დაიყვირა საროჯინი ენგელსმა.
- ჰო, მოდის, მეც მესმის. - ერთდროულად წამოხტნენ ფიფი ბრადლოუ და თომ კავაგუჩი.
- ოჰ, ოჰ, ოჰ! - მეტყველების უნარი დაკარგა ჯოანამ.
- მოდის, მოდის! - ყვიროდა ჯიმ ბოკანოვსკი.
თავმჯდომარე წინ გადაიხარა, ღილაკს ხელი დააჭირა და გარემო ციმბალების, თეფშების და ტამტამების ველურმა ხმაურმა გააყრუა.
- ოჰ, ის მოდის, ვაი! - კლარა დეტერდინგი ისე კიოდა, თითქოს ყელს ჭრიანო.

ბერნარდი მიხვდა, რომ მასაც რაღაც უნდა მოემოქმედა, წამოხტა და აყვირდა: - მესმის, გვიახლოვდება! - ტყუოდა, არაფერიც არ ესმოდა და არც არავის ელოდა. არავის - მუსიკის და გარემომცველი აღტყინების მიუხედავად. მაინც ცდილობდა სხვებს არ ჩამორჩენოდა, ხელებს იქნევდა, ყვიროდა. მერე, როცა ყველამ ცეკვა, ფეხების ბაკუნი და ცმუკვა დაიწყო, ისიც აცეკვდა და აცმუკდა სხვების შემხედვარე.

ტრიალებდნენ და წრეს უვლიდნენ ცეკვით, ხელები წინ მდგომის თეძოებზე ეწყოთ, უნისონში ყვიროდნენ, ფეხებს მუსიკის რიტმში აბაკუნებდნენ, ხელებს ამავე რიტმში უტყაპუნებდნენ წინ მდგომს დუნდულებზე - ორჯერ თორმეტი ხელი - როგორც ერთი. როგორც ერთი - ისე ირწეოდა ტაქტში თორმეტი უკანალი. თორმეტი, როგორც ერთი. თორმეტი როგორც ერთი. „მესმის მისი, მესმის მისი ნაბიჯები“. მუსიკის ტემპი აჩქარდა, აჩქარდა ფეხების მოძრაობა, აჩქარდა ხელების რიტმული ტყაპუნი. და უცებ დიდებული სინთეზური ბანი აგუგუნდა ერთიანობის მოახლოებული კულმინაციის, თორმეტის ერთარსებად შეუღლების ნიშნად. „ორგი-პორგი“ მღეროდა ბანი ტამტამების წრეგადასულ ხმაურში:

„ორგი-პორგი, გოგო-ბიჭი, ქალი-კაცი ვერთდებით, ჩვენი ფორდის სიყვარულით ენერგიით ვივსებით“!

„ორგი-პორგი“, მოცეკვავეებმა ლიტურგიული მისამღერი აიტაცეს, „ორგი-პორგი, გოგო-ბიჭი, ქალი-კაცი“... მღეროდნენ, შუქი კი თანდათან ფერმკრთალდებოდა, უფრო თბილი, მსუყე და წითელი ხდებოდა, ბოლოს უკვე ემბრიონარიუმის მეწამულ ბინდბუნდში ცეკვავდნენ. „ორგი-პორგი“... სისხლისფერ ჩანასახოვან ბინდში ერთხანს კიდევ ცეკვავდნენ წრეზე დაუღალავი მუსიკის რიტმში. „ორგი-პორგი“... მერე წრე გაიხსნა, ნაწილებად დაიშალა და მოცეკვავეები მაგიდის ირგვლივ მეორე რკალად განლაგებულ დივნებზე დაეშვნენ. „ორგი-პორგი“... ნაზად, ღრმად, სულშიჩამწვდომად ღუღუნებდა ბანი, თითქოს გულაღმა და პირქვე მიწოლილების თავზე უზარმაზარი შავი მტრედი ეკიდა ჰაერში.
სახურავზე იდგნენ. „ბიგ ჰენრის“ ციფერბლატმა თერთმეტი ჩამოკრა. წყნარი და თბილი ღამე იყო.

- არაჩვეულებრივი იყო, უბრალოდ არაჩვეულებრივი! - თქვა ფიფი ბრედლოუმ. - განა არაჩვეულებრივი არ იყო? - ბერნარდს აღფრთოვანებით შეხედა, მაგრამ ამ აღფრთოვანებაში ღელვის და გზნებისთვის ნატამალიც არ იყო, რადგან გზნება დაუკმაყოფილებლობის ტოლფასია. ეს იყო განცდილი ერთიანობის, განსხეულების მშვიდი ექსტაზი, არა უაზრო სიმაძღრისა და სიცარიელის, არამედ ჰარმონიის, შინაგანი ძალების გაწონასწორებით მოგვრილი, გამდიდრებული და განახლებული სიცოცხლის სიმშვიდე. რადგან ერთობის შეკრება ენერგიას ითხოვდა და იძლეოდა. ახალი ენერგიით დამუხტული ფიფი თავად სრულყოფილება იყო. - მართლაც არაჩვეულებრივი იყო, თქვენც ასე არ ფიქრობთ? - არ ცხრებოდა ფიფი და ბერნარდს არაბუნებრივად მოელვარე თვალებით შეჰყურებდა.

- მეც ასე ვფიქრობ, - იცრუა ბერნარდმა და თვალი აარიდა. ფიფის გარდასახული სახე ბრალს სდებდა და დამცინავად ახსენებდა საკუთარ სიმარტოვეს, რომელსაც ახლა უფრო მძაფრად გრძნობდა, ვიდრე შეკრების დაწყებამდე; გამოფიტულს ყველაფრის მოყირჭების განცდა დაუფლებოდა. ერთარსებად შეუღლებულთაგან გარიყული და მარტოსული, მარტოსული მორგანას მკლავებში - კიდევ უფრო მარტოსული, კიდევ უფრო უიმედოდ ჩაკეტილი საკუთარ თავში, ვიდრე ოდესმე. მეწამული ბინდიდან ჩვეულებრივი ელექტრონის სინათლეზე ნამდვილ ტანჯვად გარდაქმნილი თვითშეგნებით გამოვიდა. თავს უსაზღვროდ უბედურად გრძნობდა და ალბათ (ისევ ფიფის მოელვარე თვალები), ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო.


გამომცემლობა „სიესტა“, 2013წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში