ოლდოს ჰაქსლი - საოცარი ახალი სამყარო

სულ რაღაც ოცდათოთხმეტსართულიანი დაბალი რუხი შენობა. მთავარ შესასვლელზე წარწერაა, „ცენტრალური ლონდონის ინკუბატორი და აღმზრდელობითი ცენტრი“, ფარზე - მსოფლიო სახელმწიფოს დევიზი, „ერთობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა“.

ფანჯარაში შემოჭრილი მკვეთრი შუქის წვრილი ზოლი კი ცივია და ხარბად დაეძებს რაიმე თბილს, ადამიანის კანს, ან, თუნდაც, ტანსაცმლის ნაკეცს, მაგრამ მინას, ნიკელსა და ლაბორატორიის მქრქალ ფაიფურს აწყდება მხოლოდ.

საზოგადოების დადებითი და ბედნიერი წევრების ჩამოსაყალიბებლად ინფორმაციის დოზა შეძლებისდაგვარად მინიმალური უნდა იყოს. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ზნეობისა და ბედნიერების საფუძველი წვრილმან დეტალებზე კონცენტრირებაა. ზოგადი ცნებებით აზროვნებას ბოროტების მეტი არაფერი მოაქვს. საზოგადოების დასაყრდენს ფილოსოფოსები კი არა, მესაათეები და ფილატელისტები შეადგენენ.

დავიწყებ თავიდან, - თქვა დირექტორმა, და ყველაზე თავგამოდებულმა სტუდენტებმა რვეულებში სასწრაფოდ შეიტანეს: დავიწყებ თავიდან.

ეფსილონებში, - სამართლიანად აღნიშნა ბატონმა ფოსტერმა, - ადამიანის ინტელექტი არაფერში გვჭირდება. არ გვჭირდება და არც ვუყალიბებთ.

გიყვარდეს ის, რის კეთებაც მოგიწევს ცხოვრებაში - სწორედ ამაშია ზნეობრიობისა და ბედნიერების საიდუმლო, - სენტენციურად განაცხადა დირექტორმა, - აღზრდის მიზანიც სწორედ ეს არის: ადამიანებს საკუთარი გარდაუვალი სოციალური ხვედრი შეაყვაროს.

ინტელექტის ფორმირება მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, რაც ემბრიონს კუდი მოძვრება.

ურიკის მავთულის ბადისაგან მოწნული ოთხ-ოთხი თარო რვა თვის ბავშვებით იყო დატვირთული. ბავშვები გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდნენ ერთმანეთს (აშკარად ბოკანოვსკის ჯგუფი იყო), და ყველა ხაკისფერში იყო გამოწყობილი (ხაკისფერი - „დელტა“ კასტის სიმბოლო).

პატარების გონებაში წიგნები და ყვავილები უკვე მყარად იყო დაკავშირებული თავზარდამცემ ხმაურთან და ელექტროშოკთან; ხოლო იგივე ან მსგავსი გაკვეთილის ორასჯერ გამეორება დამყარებული კავშირის გაწყვეტას უკვე შეუძლებელს გახდიდა. ადამიანის მიერ შეკავშირებულს ბუნება ვეღარასოდეს დააშორებს.

კარგად ესმოდა, რატომ არ შეიძლებოდა დაბალი კასტის წარმომადგენლებს წიგნის კითხვაზე დაეკარგათ საზოგადოებისთვის განკუთვნილი დრო; თანაც წიგნებში ამოკითხულით ამა თუ იმ რეფლექსის მოშლის საფრთხე ყოველთვის არსებობდა;

ბუნების სიყვარულით ქარხნებს ვერ აამუშავებ. ამიტომ გადაწყდა ბუნების სიყვარულის აკრძალვა, ყოველ შემთხვევაში, დაბალ კასტებში მაინც;

მოკლედ, - შეაჯამა დირექტორმა, - მშობლები იყვნენ დედა და მამა. - უწმაწურმა სიტყვებმა ბიჭებს ყური მოსჭრა, თუმცა მიხვდნენ, რომ ამ კონტექსტში „დედა“ და „მამა“ სამეცნიერო ტერმინებად იყო გამოყენებული. - „დედა“, - ხმამაღლა გაიმეორა დირექტორმა, ტერმინს ხაზი გაუსვა. შემდეგ სკამზე გადაწვა და აღნიშნა: - ეს არასასიამოვნო ფაქტებია, გეთანხმებით; მაგრამ ისტორიული ფაქტების უმრავლესობაში სასიამოვნო ბევრი არაფერია.

დირექტორმა გულმკერდზე T ნიშნით გადაიწერა პირჯვარი, სტუდენტებმა მოწიწებით გაიმეორეს იგივე.

რა გაკვეთილი გაქვთ საღამოს? - იკითხა დირექტორმა. - პირველი ორმოცი წუთი სექსის საფუძვლებს დაეთმო, - მიუგო ძიძამ. - ახლა კი კლასობრივი ცნობიერების ელემენტებზე გადავედით.

დარბაზის ბოლოში კედელზე რეპროდუქტორი იყო დამონტაჟებული. დირექტორი მიუახლოვდა და ჩართო. „...…აცვიათ მწვანე“, განაგრძობდა დაბალი, მაგრამ ძალიან მკაფიო ხმა, ხოლო დელტა-ბავშვებს - ხაკისფერი. ო, არა, არ მინდა დელტა-ბავშვებთან თამაში. ეფსილონები კიდევ უარესები არიან, იმდენად სულელები არიან, რომ წერა-კითხვის სწავლაც არ შეუძლიათ. გარდა ამისა, მათ შავი ტანსაცმელი აცვიათ, შავი კი საშინელი ფერია. რა კარგია, რომ ბეტა ვარ“. პაუზა. შემდეგ რეპროდუქტორიდან ისევ გაისმა. „ალფა-ბავშვებს ნაცრისფერი ტანსაცმელი აცვიათ. ალფებს გაცილებით მძიმე სამუშაო აქვთ ჩვენთან შედარებით, იმიტომ, რომ ისინი საშინლად ჭკვიანები არიან. რა ბედნიერებაა, რომ ბეტა ვარ და მძიმე შრომა არ მიწევს. ჩვენ ბევრად ვჯობივართ გამებს და დელტებს. გამები სულელები არიან. გამებს აცვიათ მწვანე, ხოლო დელტა-ბავშვებს - ხაკისფერი. ო, არა, არ მინდა დელტა-ბავშვებთან თამაში. ეფსილონები კიდევ უარესები არიან, იმდენად სულელები არიან, რომ წერა-კითხვის“...

სიტყვა თითქოს წყალია, რომელიც წვეთ-წვეთობით ქვასაც კი ხვრეტს, უფრო სწორად კი გამლღვალი ლუქის წვეთებია, ლუქისა, რომელიც ისე ეკვრის გარს, ტვიფრავს და ერწყმის ყველაფერს, რომ წითელი ცვილის გუნდად ქცევა შეუძლია.

ფორდს გეფიცებით, - ჩაერთო საუბარში შეშფოთებული გოგონა, - მისთვის არაფერი დამიშავებია, ფორდს გეფიცებით.

მისი უფორდესობა მუსტაფა მონდი! სტუდენტებს მისალმებისას თვალები კინაღამ ბუდეებიდან გადმოუცვივდათ. მუსტაფა მონდი! დასავლეთ ევროპის მუდმივი მაკონტროლებელი! მსოფლიოს ათი მაკონტროლებლიდან ერთ-ერთი. ათიდან ერთი... ის კი ინკუბატორისა და აღმზრდელობითი ცენტრის დირექტორს მიუჯდა და დარჩენას აპირებს, დიახ, დარჩენას და მათთან საუბარს... სწორედ ასეა, მის უფორდესობასთან ისაუბრებენ. ეს კი თვით ფორდთან საუბრის ტოლფასია.

თქვენ ყველას გახსოვთ, - წარმოთქვა მაკონტროლებელმა თავისი სასიამოვნო ხმით, - მგონი, ყველას გახსოვთ ჩვენი ღმერთის - ფორდის მშვენიერი, შთაგონებული გამოთქმა: „ისტორია სრული უაზრობაა. ისტორია“, - გაიმეორა ნელა, ხაზგასმით, - „სრული უაზრობაა“.

მაკონტროლებელმა ხელით ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს უხილავი, უმსუბუქესი ჯაგრისით მტვერი და აბლაბუდა ჩამოიბერტყაო და ეს იყო ჰარაპას და ქალდეველების ურის მტვერი; თებეს, ბაბილონის, კნოსოსისა და მიკენის აბლაბუდა. ჯაგრისის მსუბუქი მოძრაობა... და სადღაა ოდისევსი, სადღა არიან იობი, იუპიტერი, გაუტამა და იესო? კიდევ ერთი მოძრაობა და აღიგავა ათენისა და რომის ანტიკური ფერფლი, იერუსალიმი და შუამდინარეთი - ყველაფერი წარიხოცა. გაქრა ადგილი, სადაც ადრე იტალია იყო. გაქრა ტაძრები; ერთი მოძრაობაც - და გაქრა მეფე ლირი და პასკალის „აზრები“; გაქრა „ვნებანი“, „რეკვიემი“, სიმფონია, გაქრა... ყველაფერი გაქრა...

უცნაური ჭორები დადიოდა მაკონტროლებლის კაბინეტის სეიფში შენახული აკრძალული წიგნების შესახებ. პოეზია, ბიბლიები და ფორდმა უწყის, კიდევ რა.

პლანეტის ორ მილიარდ მცხოვრებს მხოლოდ ათიათასი სახელი და გვარი ჰქონდა.

შენახვის ვადა: 1 აგვისტო, 632 წელი ფორდის დაბადებიდან.

ჩვენმა უფალმა ფორდმა, ან ფროიდმა - არავინ უწყის რატომ, მაგრამ ფსიქოლოგიურ საკითხებზე ლაპარაკისას თავის თავს ასე უწოდებდა - ჩვენმა ფროიდმა პირველმა გამოავლინა ოჯახური ცხოვრების მომაკვდინებელი საფრთხე. სამყარო სავსე იყო მამებით, ანუ ტანჯვა-წამებით; დედებით - ანუ ყველა სახის გაუკუღმართებით - სადიზმიდან უბიწოებამდე; სავსე იყო ძმებით, დებით, ბიძებით, დეიდა-მამიდებით, სავსე იყო შლეგებითა და თვითმკვლელებით.

უკიდურესობები, - აღნიშნა მაკონტროლებელმა, - თანხვდებიან. მარტივი მიზეზით - ისინი თანხვედრისთვის შეიქმნა.

რა გასაკვირია, რომ ფორდამდელი ეპოქის ადამიანები ველურები, უზნეოები და უბედურები იყვნენ. გარემომცველი სამყარო მათ არ აძლევდა უზრუნველი ცხოვრების საშუალებას, ართმევდა ჯანმრთელობის, სათნოების და ბედნიერების უფლებას. დედობა და სიყვარული, აკრძალვა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამავე აკრძალვის დამორჩილების რეფლექსის გამომუშავების გარეშე, ცდუნება და შემდეგ მონანიება მარტოობაში, ყოველგვარი სნეულებები, უსასრულო, მარტოობისთვის განმწირავი ტკივილი, ბნელი მომავალი, სიღარიბე - ყოველივე ეს უძლიერეს განცდებს იწვევდა. ხოლო უძლიერესი განცდის პირობებში, თანაც განმარტოებით, უიმედო იზოლაციაში, რომელ სტაბილურობაზეა ლაპარაკი?

სტაბილურობა, - გაიმეორა მაკონტროლებელმა. - სტაბილურობა. ცივილიზაცია სოციალური სტაბილურობის გარეშე წარმოუდგენელია. სოციალური სტაბილურობა კი ინდივიდუალური სტაბილურობის გარეშეა წარმოუდგენელი.

თამაშის წესებს უნდა დაემორჩილო. ბოლოს და ბოლოს, თითოეული ხომ ყველას ეკუთვნის.

კალაპოტში მოქცეული ნაკადი ბობოქრობს და საზღვრებს გადადის, ნაკადი ვნებაა, ნაკადი სიგიჟეა: მისი პოტენციალი დინების ძალის, ბარიერის სიმაღლისა და სიმტკიცის პროპორციულად იზრდება. წინააღმდეგობის გარეშე კი ნაკადი მდორედ მიედინება დადგენილი მიმართულებით კეთილდღეობის წყნარი ტბორისკენ.

დროს უმეტესად მარტოობაში ატარებს. - ფანის ხმაში საშინელი ზიზღი გამოკრთა.

სამოცდაორიათასოთხასი გამეორება - და ჭეშმარიტებაც მზადაა. იდიოტები!

ლიბერალიზმს, რა თქმა უნდა, ჯილეხმა მოუღო ბოლო, მაგრამ საზოგადოების მხოლოდ იძულებაზე დამყარება შეუძლებელი იყო.

აგორდა წარსულის საწინააღმდეგო კამპანია; მუზეუმების დახურვა, ისტორიული ძეგლების აფეთქება (საბედნიეროდ, მათი უმრავლესობა ცხრაწლიანმა ომმა ისედაც მიწასთან გაასწორა); ფორდის ეპოქის 150-ე წლამდე გამოცემული ყველა წიგნის აკრძალვა.

ჯვრებს ზედა ნაწილი წაკვეთეს და T-ებად აქციეს. იმ დროს კიდევ ერთი ცნება არსებობდა, სახელად ღმერთი.


თანამედროვეობა კი ისე წავიდა წინ, რომ მოხუცი მუშაობს და აქვს სექსი, სამაგიეროდ არ აქვს გართობისა და სიამოვნებისგან თავისუფალი არც ერთი წუთი, არც ერთი წუთი დაფიქრებისთვის. მაგრამ თუ არ გაუმართლა და მოწყენილობის ნაპრალმა მაინც გააპო ცხოვრებით ტკბობის უწყვეტი პროცესი, აქვეა სომა, უტკბილესი სომა, მიიღებს გრამის ნახევარს და დაისვენებს დღენახევარი; მიიღებს გრამს და კიდევ უფრო ტკბილად დაისვენებს; ორი გრამით ზმანება დიდებულ აღმოსავლეთში ამოგზაურებს, სამით - მთვარის იდუმალ მარადისობაში. დაბრუნებული ნაპრალის იმ მხარეს აღმოჩნდება, სადაც საიმედოდ დგას ყოველდღიური შრომისა და სიხარულის მყარ ნიადაგზე, სადაც ერთ სენსოფილმს მეორე ენაცვლება, ერთ პნევმატურ ქალს - მეორე, ელექტრომაგნიტური გოლფის მოედანს...

ბერნარდი ბრძანებებს მკვეთრი, ამპარტავნული და ზოგჯერ შეურაცხმყოფელი ტონით იძლეოდა, როგორც ადამიანი, რომელიც საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებული არ იყო.

გრძნობათა ტექნოლოგიის კოლეჯი და სხვადასხვა მიმართულების პროპაგანდის ბიუროები ფლიტ-სტრიტზე მდებარეობდა ერთ სამოცსართულიან შენობაში. სარდაფი და ქვედა სართულები ლონდონის სამი უდიდესი გაზეთის რედაქციებსა და სტამბებს ეჭირა; ეს იყო უმაღლესი კასტის გაზეთი „საათობრივი რადიოუწყებები“, ბაცი მწვანე „გამა-გაზეთი“ და „დელტამირორი“, რომელიც ხაკისფერ ქაღალდზე იბეჭდებოდა და მხოლოდ ერთმარცვლიან სიტყვებს შეიცავდა. შემდეგი ოცდაორი სართული ეკავა სატელევიზიო პროპაგანდის, სინთეზური ხმისა და სინთეზური მუსიკის ბიუროებს.

ფიზიკურმა ნაკლმა შეიძლება ერთგვარი გადამეტებული გონიერება გამოიწვიოს. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგჯერ პირიქითაც ხდება. და გადამეტებული გონიერების შედეგი განზრახ სიმარტოვის ნებაყოფლობითი სიბრმავე და სიყრუე, ასკეტიზმის ხელოვნურად გამოწვეული უძლურებაა.

გიგრძვნია ოდესმე, თითქოს შენში არის რაღაც ისეთი, რაც გარეთ გამოსვლას ელოდება? რაღაცნაირი გამოუყენებელი ენერგია, წყლის ნაკადის მსგავსი, რომელიც ჩანჩქერივით ფუჭად მიედინება, მაშინ, როდესაც ტურბინების ტრიალი შეუძლია?

რა საამაყოა იმის შეგრძნება, რომ საზოგადოებისთვის სარგებლობის მოტანა სიკვდილის შემდეგაც შეგვიძლია!

ჩუმი, შემპარავი ხმა კიდევ ერთხელ ეუბნება (ყოველი ღამის უთვალავი გამეორების შემდეგ ეს სიტყვები სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში): „თითოეული მუშაობს ყველასთვის. ჩვენ გვჭირდება ყველა. სარგებლობა ეფისლონებსაც კი მოაქვთ. ჩვენ ეფსილონებიც გვჭირდება. თითოეული მუშაობს ყველასთვის. ჩვენ გვჭირდება ყველა...“

მგონი, ეფსილონებს სულაც არ აწუხებთ, რომ ეფსილონები არიან, - წარმოთქვა ხმამაღლა.- რა თქმა უნდა, არა. რატომ უნდა აწუხებდეთ? მათთვის წარმოუდგენელია, რას ნიშნავს იყო არაეფსილონი. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევწუხდებოდით. ჩვენ ხომ აზროვნებაც სხვანაირად ჩამოგვიყალიბეს და მემკვიდრეობითობაც სხვანაირი გვაქვს.- რა კარგია, რომ ეფსილონი არ ვარ, - თავდაჯერებით თქვა ლენინამ. - ეფსილონი რომ ყოფილიყავი, ისე აღგზრდიდნენ, მადლიერი იქნებოდი, რომ ბეტა ან ალფა არ ხარ, - მიუგო ჰენრიმ,

როცა საათმა ჩამოკრა. „ფორდი“, ოცდაოთხივე ოქროს რუპორიდან ხმამაღალი ბანი გაისმა. „ფორდი, ფორდი, ფორდი“... განმეორდა ცხრაჯერ.

ფიფის გარდასახული სახე ბრალს სდებდა და დამცინავად ახსენებდა საკუთარ სიმარტოვეს, რომელსაც ახლა უფრო მძაფრად გრძნობდა, ვიდრე შეკრების დაწყებამდე; გამოფიტულს ყველაფრის მოყირჭების განცდა დაუფლებოდა. ერთარსებად შეუღლებულთაგან გარიყული და მარტოსული, მარტოსული მორგანას მკლავებში - კიდევ უფრო მარტოსული, კიდევ უფრო უიმედოდ ჩაკეტილი საკუთარ თავში, ვიდრე ოდესმე. მეწამული ბინდიდან ჩვეულებრივი ელექტრონის სინათლეზე ნამდვილ ტანჯვად გარდაქმნილი თვითშეგნებით გამოვიდა. თავს უსაზღვროდ უბედურად გრძნობდა და ალბათ (ისევ ფიფის მოელვარე თვალები), ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო.

მარტორქას ვერ გამოწვრთნი, - ჩვეულად, სხარტად და დამაჯერებლად განმარტავდა ჰენრი. - ზოგი კაცი მარტორქას ჰგავს, აღზრდას ძნელად ექვემდებარება.

ალბათ საკმაოდ უწყინარია, მაგრამ საკმაოდ შემაშფოთებელიც. ავიღოთ, მაგალითად, განმარტოების, საზოგადოებისგან მოწყვეტის სურვილი. რა შეიძლება აკეთოს ორმა ადამიანმა განმარტოებით? (თუ, რა თქმა უნდა, სექსს არ ჩავთვლით. მაგრამ სექსით განუწყვეტლად ხომ ვერ იქნები დაკავებული?) რა შეიძლება აკეთონ საზოგადოებისგან დამოუკიდებლად? პრაქტიკულად, არაფერი.

მირჩევნია უხასიათო ბერნარდად დავრჩე, ვიდრე ვიღაც სხვა ვიყო და მხიარული.

ასე მგონია, ჩემი თავი ვიპოვე, გესმის რას ვგულისხმობ? აქ უფრო დამოუკიდებელი ვარ და არა საზოგადოებრივი ორგანიზმის უმნიშვნელო უჯრედი, შეუმჩნეველი ნაწილაკი. შენ არ გაქვს ასეთი განცდა, ლენინა? როგორ შეგიძლია ასე ლაპარაკი? რატომ არ გინდა საზოგადოების უჯრედი იყო? ბოლოს და ბოლოს, თითოეული ხომ ყველასთვის მუშაობს. ჩვენ გვჭირდება ყველა. სარგებლობა ეფსილონებსაც კი...- ვიცი, ვიცი, - დამცინავად თქვა ბერნარდმა. - სარგებლობა ეფსილონებსაც კი მოაქვთ! და მეც! მიმიფურთხებია ამ სარგებლობისთვის! ამ გაუგონარმა ფორდის გმობამ ლენინა გააოგნა. - ბერნარდ! ასე ლაპარაკი როგორ შეგიძლია! - განცვიფრებულს და აღელვებულს ხმა უკანკალებდა. - როგორ შემიძლია? - უკვე მშვიდად, დაფიქრებით განაგრძობდა ბერნარდი. - რეალურად კითხვა ასე უნდა დაისვას: როგორ არ შემიძლია? ან უფრო სწორად - რადგან კარგად ვიცი, რატომაც არ შემიძლია - რა იქნებოდა, რომ შემძლებოდა, თავისუფალი რომ ვყოფილიყავი და არა მონურად აღზრდილი?- ბერნარდ, რა საშინელებაა! დაფიქრდი, რას ამბობ!- არ გინდა, თავისუფალი იყო, ლენინა?- არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ. მე ისედაც თავისუფალი ვარ. თავისუფლად შემიძლია გავერთო და სიამოვნება მივიღო. დღეს ყველა ბედნიერია. ბერნარდს გაეცინა. - ჰო, დღეს ყველა ბედნიერია. ამას ბავშვებს ხუთი წლიდან ვუჩიჩინებთ. მაგრამ ლენინა, ნუთუ არასოდეს გქონია სურვილი სხვანაირად თავისუფალი და ბედნიერი ყოფილიყავი? ისე, როგორც შენ გინდა და არა ისე, როგორც უნდა იყო.

არასოდეს გადადო ხვალისთვის ის, რისგანაც დღეს შეგიძლია მიიღო სიამოვნება“, - წარმოთქვა ძალიან სერიოზულად.- ორასი გამეორება კვირაში ორჯერ, თექვსმეტი წლის ასაკამდე, - პასუხად მხოლოდ ეს მიიღო.

მამა ფორდს ბავშვები უყვარდა.

ალფების აღზრდა არ გულისხმობს ქცევის ნორმებისადმი გაუცნობიერებელ დამოკიდებულებას. მით უფრო გააზრებულად და გულმოდგინედ უნდა დაიცვან ქცევის ეს ნორმები. მათი პირდაპირი მოვალეობაა, იყვნენ ინფანტილურები, თუნდაც საკუთარი მიდრეკილებების საწინააღმდეგოდ.

დირექტორს ხმა სიბრაზისგან უკანკალებდა. მრისხანება სამართლიანი იყო და მიუკერძოებელი, რადგან ბერნარდს მთელი საზოგადოების სახელით კიცხავდა.

ბერნარდმა ამაყად დატოვა კაბინეტი, კარი გაიჯახუნა იმ შეგრძნებით, რომ მარტო იყო მთელი სისტემის წინააღმდეგ, საკუთარი მნიშვნელობის და ღირსების დამათრობელი შეგრძნებით.

სამოც ათასამდე სრულიად ველური ინდიელი და მეტისი... დროდადრო ჩვენი ინსპექტორები ჩადიან... არავითარი სხვა კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან... გულისამრევ წეს-ჩვეულებებს ინარჩუნებენ... ქორწინებები, თუკი იცით, რას ნიშნავს ეს, ჩემო კარგო. ოჯახები... არავითარი აღზრდა, ბავშვის ფორმირება... შემაძრწუნებელი ცრურწმენები... ქრისტიანობა, ტოტემიზმი, წინაპრების თაყვანისცემა... მკვდარი ენები - ზუნი, ესპანური, ატაპასკური... პუმები, მაჩვზღარბები და სხვა მძვინვარე მხეცები... ინფექციური დავადებები... ქურუმები... შხამიანი ხვლიკები...

რა იყო და რა იქნება, ტვინის ჭყლეტა არ გჭირდება. სომის ერთი აბი და აწმყოთი დატკბი“,

კაცი შეიძლება ღიმილით გხვდებოდეს, მაგრამ მაინც არამზადა იყოს. უმოწყალო, ვერაგი, ავხორცი არამზადა.

თუ სხვებისნაირი არ ხარ, მარტოობისთვის ხარ განწირული. ყველას ეზიზღები.

ბერნარდმა შეხედა, შეკრთა და თვალი სწრაფად აარიდა. მიღებულმა აღზრდამ შებრალებისა და თანაგრძნობის უნარის ნაცვლად, უკიდურესობამდე მისული ზიზღიანობა ჩამოუყალიბა. ავადმყოფობის და ჭრილობის გადაკვრით ხსენებაც კი გულს ურევდა, როგორც სიბინძურე, სიმახინჯე ან სიბერე.

ამქვეყნად არ არსებობს ქცევის აღიარებული ნორმების დარღვევაზე უარესი დანაშაული. მკვლელობა - ეს არის ერთი ინდივიდის სიკვდილი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, რა არის ერთი ინდივიდი? - დირექტორმა ხელები ფართოდ გაშალა მიკროსკოპების, სინჯარებისა და ინკუბატორების მწკრივებისკენ. - ახალ ინდივიდს თვალის დახამხამებაში შევქმნით, თანაც რამდენსაც გვინდა, იმდენს. აღიარებული ნორმების რღვევა კი განუზომელად უფრო დიდ საფრთხეს მოიცავს, ვიდრე ერთი ინდივიდის სიკვდილი - ის საზოგადოების კეთილდღეობას ემუქრება. დიახ, თვით საზოგადოების კეთილდღეობას, - გაიმეორა ხაზგასმით.

წარმატება ბერნარდს თავში ისე აუვარდა, როგორც შუშხუნა ღვინო, და ბოლომდე შეარიგა სამყაროსთან, რომელიც ველურის ჩამოყვანამდე მისთვის სრულიად მიუღებელი იყო. ახლა ეს სამყარო მოსწონდა, რადგან მან ბერნარდის პიროვნება აღიარა და დააფასა. თუმცა, წარმატებული და პატივმოყვარეობადაკმაყოფილებული, ამ სამყაროს წესების კრიტიკის უფლებაზე ხელის აღებას მაინც არ აპირებდა. საზოგადოების კრიტიკა საკუთარ თვალში კიდევ უფრო ამაღლებდა და წონას მატებდა. თანაც გულწრფელად სჯეროდა, რომ გასაკრიტიკებელი ბევრი იყო. (ასევე გულწრფელად ელტვოდა წარმატებას და მოსწონდა, ყველა ქალი მისი რომ იყო, რომელსაც მოისურვებდა). თავი საკუთარი ორიგინალურობით მოჰქონდა მათ წინაშე, ვინც ახლა ველურის გამო ემლიქვნელებოდა. ისინი თავაზიანად უსმენდნენ, ზურგსუკან კი ქირქილებდნენ. „ეს ახალგაზრდა ცუდად დაამთავრებს“, წინასწარმეტყველებდნენ დაბეჯითებით, რადგან იცოდნენ - დადგებოდა დრო და ამ ცუდი დასასრულის თანაავტორები თავადვე გახდებოდნენ.

ო, საოცარი ახალი სამყარო“... ჯონის მზაკვარ მეხსიერებაში მირანდას სიტყვები ამოტივტივდა. „ო, საოცრებავ, ერთად ვხედავ ამდენ ლამაზ არსს, რა მომხიბლავი არის თურმე ადამიანი“! ( შექსპირი, „ქარიშხალი“, მოქმედება V, სურათი I)

ვენ ხელს არ ვუწყობთ გართობას, რომელიც განმარტოებას მოითხოვს.

ზემოთ კი, თავის ოთახში, ველური „რომეო და ჯულიეტას“ კითხულობდა.

სიცოცხლის საწყისზე ფიქრის უფლება რომ მისცე, სადამდე მივლენ, კაცმა არ იცის. ასეთმა იდეებმა შედარებით გონებადაუმჯდარ უმაღლესკასტელებზე შეიძლება ჩვენთვის უკიდურესად არასასურველი ზემოქმედება მოახდინოს, დააკარგვინოს მათ ბედნიერების, როგორც უზენაესი სიკეთის რწმენა, ამის მაგივრად მიზნის ძიება სადღაც დღევანდელობის მიღმა დააწყებინოს და აფიქრებინოს, სიცოცხლის აზრი კეთილდღეობის შენარჩუნებაში კი არა, ცნობიერების გაფართოვებასა და დახვეწაში, ცოდნის გაღრმავებაშიაო. და ალბათ, გაიფიქრა მაკონტროლებელმა, სიცოცხლის აზრი მართლაც ესაა. თუმცა დღევანდელ პირობებში ამის დაშვება წარმოუდგენელია.

მერე ამოიოხრა, „რა კარგი იქნებოდა“, გაიფიქრა, „ადამიანს ბედნიერებაზე ფიქრი რომ არ სჭირდებოდეს“

მე მოვედი, რომ თავისუფლება მოგიტანოთ, - თქვა ველურმა და ისევ ბრბოს მიუბრუნდა. - მოვედი, რომ...

ჩვენი სამყარო „ოტელოს“ სამყარო აღარ არის დიდი ხანია. „ფორდის“ ავტომობილს ფოლადი სჭირდება, ისევე როგორც ტრაგედიას - სოციალური არასტაბილურობა. დღევანდელი სამყარო კი სტაბილურია. ადამიანები ბედნიერი არიან, იღებენ ყველაფერს, რაც უნდათ და არასოდეს უნდათ ის, რასაც ვერასოდეს მიიღებენ. ისინი მდიდრები არიან, ცხოვრობენ უსაფრთხოდ. არ იციან, რა არის ავადმყოფობა. არ ეშინიათ სიკვდილის. ნეტარნი არიან, რადგან არ უწყიან, თუ რა არის ვნება და სიბერე. თავს არ აბეზრებენ დედები და მამები, არ ჰყავთ ცოლი, ქმარი, შვილი, საყვარელი და არ აქვთ მძაფრი განცდები; აღზრდილიც ისე არიან, რომ ქცევის დადგენილ წესებს, პრაქტიკულად, ვერასდროს დაარღვევენ. და თუ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს - არსებობს სომა, რომელსაც, თავისუფლების სახელით, ფანჯრიდან გადაუძახეთ, ბატონო ველურო. თავისუფლების! - მუსტაფა მონდს გაეცინა. - და გეგონათ დელტები გაიგებდნენ, რა არის თავისუფლება! ახლა კი გგონიათ, რომ „ოტელოს“ გაიგებენ! ჩემო ბიჭუნი!

ართლაც სისულელეა. წერო, როდესაც სათქმელი არაფერი გაქვს...

ჩვენ ბედნიერებას და სტაბილურობას ვესწრაფვით. მხოლოდ ალფებისაგან შემდგარი საზოგადოება კი აუცილებლად არასტაბილური და უბედური იქნება. წარმოიდგინეთ ქარხანა დაკომპლექტებული ალფებით, ანუ დამოუკიდებელი და განსხვავებული ინდივიდებით, რომლებსაც აქვთ კარგი გენეტიკა და თავისუფალი არჩევანის და პასუხისმგებლობის აღების (გარკვეულ საზღვრებში) აღზრდით ჩამოყალიბებული უნარი. ერთი წუთით წარმოიდგინეთ!

ბოთლიდან ალფად ამოყვანილი, ალფად აღზრდილი და ჩამოყალიბებული ადამიანი გაგიჟდება, ეფსილონ-კრეტინოიდის საქმე რომ აკეთებინო; ან გაგიჟდება, ან ირგვლივ ყველაფრის განადგურებას დაიწყებს. ალფები, შესაძლოა, საზოგადოების სასარგებლო წევრებად დარჩნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ ალფების საქმეს აკეთებინებ. ეფსილონის სამუშაოსთან დაკავშირებული მსხვერპლის გაღება მხოლოდ ეფსილონს შეიძლება მოსთხოვო იმ უბრალო მიზეზით, რომ ეფსილონისთვის ეს მსხვერპლი არ არის. ეს არის უმცირესი წინააღმდეგობის გზა, ეფსილონის აღზრდით და განვითარებით დადგენილი ცხოვრებისეული ხაზი და ის განწირულია ამ ხაზზე სამოძრაოდ - მისი ბედი წინასწარ არის განსაზღვრული. ის ბოთლიდან ამოყვანის შემდეგაც ბოთლში აგრძელებს ცხოვრებას, ემბრიონისა და ჩვილობის სტადიაზე ჩანერგილი თვისებების უხილავ ბოთლში. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი, - ჩაფიქრებით განაგრძობდა მაკონტროლებელი, - მთელ ცხოვრებას ბოთლში ატარებს. მაგრამ თუ ჩვენ ალფებად დავიბადეთ, ჩვენი ბოთლები დაბალი კასტის ბოთლებთან შედარებით გაცილებით დიდია. პატარა ბოთლში ჩვენი ტანჯვა განუზომელი იქნებოდა. შეუძლებელია მაღალი კლასის სუროგატული შამპანურის დაბალი კასტის ბოთლში ჩასხმა. ეს ხომ თეორიულადაც ცხადია და პრაქტიკულადაც საბოლოოდ დამტკიცდა.

მოსახლეობის ოპტიმალური შემადგენლობა, - განაგრძობდა მუსტაფა მონდი, - მოდელირებულია აისბერგის მიხედვით, რომლის რვა მეცხრედი წყალქვეშაა, ერთი მეცხრედი კი - წყალს ზემოთ. - მერე წყალქვეშ მცხოვრებნი ბედნიერები არიან? - უფრო ბედნიერები, ვიდრე წყალს ზემოთ ერთი მეცხრედი.

სტაბილურობაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ არ გვინდა ცვლილება. ნებისმიერი ცვლილება სტაბილურობას ემუქრება. ეს არის მეორე მიზეზი, რომლის გამოც ინოვაციებს ასე მოზომილად ვნერგავთ. ყოველი წმინდა მეცნიერული აღმოჩენა პოტენციურად დამღუპველია. ზოგჯერ მეცნიერებაც კი პოტენციურ მტრად უნდა ჩავთვალოთ. დიახ, დიახ, მეცნიერებაც კი.

ოდნავ მაინც რომ აზროვნებდეს, მიხვდებოდა, რომ მისი სასჯელი მართლა სასჯელი კი არა, ჯილდოა. მას კუნძულზე ასახლებენ. ესე იგი ასახლებენ იქ, სადაც მსოფლიოში ყველაზე საინტერესო ქალებისა და მამაკაცების გარემოცვაში იქნება. ეს ის ხალხია, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით იმდენად ინდივიდუალური თვითშეგნება ჩამოუყალიბდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრებისთვის სრულიად გამოუსადეგარი გახდა. ამ ხალხს არ აკმაყოფილებს საყოველთაოდ აღიარებული დოგმები, მათ ყველაფერზე საკუთარი, დამოუკიდებელი და განსაკუთრებული აზრი აქვთ. მოკლედ, ეს ის ხალხია, ვინც მართლა რაღაცას წარმოადგენს.

საყოველთაო ბედნიერებას შეუძლია ბორბლები გაუჩერებლად ამუშაოს, ჭეშმარიტებას და მშვენიერებას კი - არა. და რაღა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკურ ძალაუფლებას მასები იგდებდნენ ხელში, სწორედ ბედნიერებას ენიჭებოდა უპირველესი მნიშვნელობა და არა ჭეშმარიტებას და მშვენიერებას.

ამქვეყნად უფასო არაფერია, და თუკი გინდა ბედნიერი იყო - გადაიხადე.

ხელოვნება, მეცნიერება - თქვენი ბედნიერება, როგორც ჩანს, ძალიან ძვირი ღირს, - ველური ახლა უკვე მარტო იყო მაკონტროლებლის პირისპირ. - კიდევ რა გაიღეთ მსხვერპლად?- რაღა თქმა უნდა, რელიგია, - თქვა მუსტაფა მონდმა. - ცხრაწლიან ომამდე არსებობდა ასეთი ცნება - ღმერთი, რომელიც თითქმის დამავიწყდა, თქვენთვის კი, მგონი, კარგად უნდა იყოს ცნობილი.

მაგრამ ადამიანებთან ის თავის არსებობას განსხვავებულად ამჟღავნებს. ფორდის ხანამდე ისე ამჟღავნებდა, როგორც ამ წიგნებშია აღწერილი. ახლა... - ახლა როგორ ამჟღავნებს? - იკითხა ველურმა. - ახლა? ახლა თავისი არარსებობით ამჟღავნებს, თითქოს საერთოდ არ არის. - ეს თქვენი ბრალია. - უფრო სწორად, ცივილიზაციის ბრალია. ღმერთი მანქანებთან, სამედიცინო მეცნიერებასთან და საყოველთაო ბედნიერებასთან შეუთავსებელია. საჭირო ხდება არჩევანის გაკეთება. ჩვენმა ცივილიზაციამ მანქანები, მედიცინა და ბედნიერება არჩია.

მაგრამ დღევანდელი ადამიანები არასოდეს არიან მარტო, - თქვა მუსტაფა მონდმა. - ჩვენ მათ ვაძულებთ მარტოობას და ცხოვრებას ისე ვუწყობთ, რომ მათი ოდესმე მარტო დარჩენა თითქმის შეუძლებელია.

ქრისტიანობა ცრემლების გარეშე - აი, ეს არის სომა.

მე არ მინდა კომფორტი, მე მინდა ღმერთი, პოეზია, მინდა ნამდვილი საფრთხე, მინდა თავისუფლება, მინდა სიკეთე. მე ცოდვა მინდა. - გამოდის, ითხოვთ თქვენს უფლებას, იყოთ უბედური. - დიახ, ვითხოვ, - გამომწვევად განაცხადა ველურმა, - მე ვითხოვ ჩემს უფლებას, ვიყო უბედური. - გარდა ამისა, თქვენ ითხოვთ უფლებას, იყოთ ბებერი, მახინჯი და უძლური; უფლებას გქონდეთ სიფილისი და კიბო; იყოთ მშიერი, გესეოდეთ ტილები, ცხოვრობდეთ მუდმივ შიშში ხვალინდელი დღის გამო, გქონდეთ ტიფი, იტანჯებოდეთ ყოველგვარი ენით აუწერელი ტკივილით. - ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა.- ეს ჩემი უფლებებია და მე მათ მოვითხოვ, - თქვა ბოლოს ველურმა. მუსტაფა მონდმა მხრები აიჩეჩა. - ნება თქვენია.


გამომცემლობა "სიესტა", თბილისი, 2013 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში