მიქელანჯელო ბუონაროტი 1475 - 1564 | Terribilita-ს გენია

დაბადება

მიქელანჯელო დაიბადა კაპრეზეში, 1475 წლის 6 მარტს, მედიჩების მაგისტრატის, ლოდოვიკო დი ლეონარდო დი ბუონაროტი სიმონისა და ფრანჩესკა დე ნერი დი მინიატო დელ სერას ოჯახში. მისი დაბადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ოჯახი ფლორენციაში გადასახლდა. ფრანჩესკას ხუთი შვილი ჰყავდა და გარდაიცვალა, როცა მისი მეორე ვაჟი, მიქელანჯელო მხოლოდ ექვსი წლისა იყო.

...

გირლანდაიოს 12 წლის შეგირდმა ფრანჩესკო გრანაჩიმ მიქელანჯელო წააქეზა, მხატვრობისთვის მოეკიდებინა ხელი. როგორც ჩანს, ბიჭს (მიქელანჯელოს) არაერთხელ მოუწია დაპირისპირებამ მამასთან, საკმაოდ მკაცრ კაცთან, რომელსაც სურდა მის ხუთივე შვილს შემოსავლიანი საქმე ჰქონოდა. მაშინ მხატვრობა არცთუ სახარბიელო ხელობად მიაჩნდათ, მაგრამ 13 წლის მიქელანჯელო ჯიუტი იყო და ლოდოვიკო იძულებული გახდა, დასთანხმებოდა, - მოურიგდა დემონიკო გირლანდაიოს, სხვა შეგირდებივით ბიჭიც მიეღო თავის Bottega-ში (სახელოსნოში) და ხატვა ესწავლებინა.

სწავლის წლები

მხატვრის (დემონიკო გირლანდაიოს) სახელოსნოში მიქელანჯელომ ფრესკის დამუშავების ტექნიკა შეისწავლა და ხატვაშიც გაიწაფა.

... შეისწავლა ასევე მედიჩების კოლექციის ბერძნულ-რომაული ანტიკური ქანდაკებები.

როცა დარწმუნდა, რომ შეგირდმა ოსტატობით გადააჭარბა, გირლანდაიომ მიქელანჯელო მიაბარა მედიჩების ბაღში გახსნილ ქანდაკების სკოლაში, რომელსაც დიდი დონატელოს ყოფილი მოწაფე, ბერტოლდო დი ჯოვანი ხელმძღვანელობდა.
მიქელანჯელომ აქ შეისწავლა ქანდაკების ანაბანა, რომელიც უმაღლეს ხელოვნებად მიიჩნია.

Head of a faun
...მეამბოხე ყმაწვილის პირველი ქანდაკება, „მოღიმარი ფავნის ნიღაბი“, მედიჩების ბაღში ნანახმა მარმარილოს ფავნმა შთააგონა. (ნამუშევარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლორენცო მედიჩიზე და მიქელანჯელო ჰუმანისტ ხელოვანთა, პოეტთა, ფილოსოფოსთა და ინტელექტუალურ ბურჟუათა წრეში შეიყვანა.

... მიქელანჯელო არ დასჯერდა ადამიანის ანატომიის მხოლოდ ბერძნული სკულპტურებით შესწავლას, რადგან სურდა მისი ყველა საიდუმლო შეეცნო. ფულს არ იშურებდა და გვამებს ყიდულობდა, მათ კვეთდა, ზედმიწევნით სწავლობდა თითოეულ ორგანოს, კიდურს და ამ მიცვალებული „ქანდაკებების“ უმცირეს დეტალებსაც კი წიგნაკში ინიშნავდა. ასე ამოხსნა ადამიანის სხეულის აგებულების ყველაზე ღრმა საიდუმლოება, მისი ჟესტებისა და მოძრაობის მექანიკა.

Battle of the Centaurs
...როცა 1492 წელს მეგობარმა პოეტმა ანჯელო პოლიციანომ შეაგულიანა ბარელიეფის პირველი ესკიზი გაეკეთებინა, ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ XII წიგნით შთაგონებულმა მიქელანჯელომ მარმარილოში გამოკვეთა „კენტავრების ბრძოლა“.

Madonna of the stairs
... ნაწარმოების შექმნიდან სულ ცოტა ხანში მიქელანჯელომ გამოკვეთა „მადონა კიბეზე“, რომელშიც დონატელოსა და ტრადიციული წმინდა ხელოვნების სტილისტური ხერხები გამოიყენა.

XV საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში კიდევ უფრო აშკარა და გამომწვევი გახდა დომინიკელი ბერის, ჯიროლამო სავონაროლას ქადაგებები; მას სძულდა მედიჩები და თეოკრატიულ რესპუბლიკას მოითხოვდა. საჯაროდ ლანძღავდა რომის პაპს და მთლ იტალიას ღვთის სასჯელს უწინასწარმეტყველებდა. მანკიერება (სინამდვილეში, ფლორენციელებს შორის გავრცელებული ათაშანგის ეპიდემია) ცოდვა ემუქრებოდა ფლორენციას და მისი მოსახლეობის თავისუფლებასო - ქადაგებდა ბერი. „ეკლესიის ცოდვებმა მთელი სამყარო მოიცვა, ის მფარველობს მრუშებს, უზნეო ახალგაზრდებსა და ქურდებს, დევნის პატიოსან ხალხს, ხელყოფს ქრისტიანული ცხოვრების წესს და მრწამსის ნაცვლად ეშმაკისგან იმართება. ამას, არათუ შეიძლება, არამედ უნდა შეეწინააღმდეგო“. ასე დაუპირისპირდა გააფთრებული დომინიკელი ბერი პაპისა და მისი გავლენიანი მოკავშირეების - მედიჩების, რომლებიც ბოროტების განსხეულებად მიაჩნდა, აბსოლუტიზმს. როცა ცნობილი ბორჯიების ოჯახის წევრმა, აღვირახსნილმა პაპმა ალექსანდრე VI-მ გადაწყვიტა, მისთვის ხელი აეღებინებინა სასტიკ და უმოწყალო ანტიკლერიკალიზმზე და ეკლესიის ღირსეული მსახურება შესთავაზა, სავონაროლამ უარი განაცხადა. ამ ფანატიკოსის გესლიანმა ქადაგებებმა დიდი ზეგავლენა იქონია მრწამსსა და შემეცნებას შორის ბრძოლაში, მოვალეობასა და სიამოვნებას, ხორცსა და სულს შორის წინააღმდეგობაში გახლართულ მიქელანჯელოზე.

ეს ფიქრები ღრღნიდა მიქელანჯელოს და თავს ეკითხებოდა, ნამდვილად ცოდვა იყო თუ არა სილამაზე, გრძნობა ღვთაებრივ სულს ხომ არ ეწინააღმდეგებოდა და როგორც ბევრი ამბობდა, იქნებ ხელოვნებას მართლაც თავი უნდა აერიდებინა ადამიანის სხეულის სრულად წარმოჩენისთვის? სავონაროლა მოუწოდებდა, დაჰბრუნებოდნენ წმინდა ხელოვნებას და წარმართული ხელოვნება Bruciamento delle vanita-ზე, „ამაოების კოცონზე“ გაენადგურებინათ, დაეწვათ ავხორცული ქმნილებები.

 მაშინ, როცა ლიბერალები რადიკალი ბერის ადეპტებს Piagnoni-ებად (წუწუნებად) მოიხსენიებდნენ, მიქელანჯელოს ეჭვი შეეპარა თავისი პლატონური იდეების რწმენაში, რამაც მას ანტიკური სამყაროს თაყვანისცემა ასწავლა და ხორციელი მშვენიერებით ტკბობას აზიარა.

...გარდაცვალების შემდეგ ლორენცო მედიჩი მისმა ვაჟმა პიეტრომ შეცვალა. ფლორენციის ახალი სენიორიის უუნარობამ და ფუქსავატობამ კიდევ უფრო გაამძაფრა სავონაროლას ქადაგებები. სწორედ მაშინ გამოკვეთა მიქელანჯელომ პოლიქრომული ხის ჯვარცმა სანტო-სპირიტოს მონასტრისთვის და პირველად გამოსახა ქრისტე „სიშიშვლის მშვენიერ კოსტუმში“. ტაძრის მთავარ საკურთხეველზე განთავსებული ჯვარცმით კმაყოფილმა პრიორმა მიქელანჯელოს თავშესაფარი უბოძა და ნება დართო, კვლავაც გაეგრძელებინა გვამების კვეთა.

სულიერი დაძაბულობა

1494 წელს მედიჩების დაცემამ ახალგაზრდა ხელოვანი აიძულა, გაქცეულიყო ჯერ ვენეციაში, შემდეგ კი ბოლონიაში. ...ბოლონიაში მიქელანჯელომ სან-დომენიკო მეჯორეს ეკლესიისთვის გამოკვეთა „მუხლმოყრილი ანგელოზი“, აშკარად ანტიკური სულის ნამუშევარი.

ასეთივე იქნება „მთვრალი ბახუსი“ და „მძინარე კუპიდონი“, რომლებსაც 1496 წლის ივნისში რომში ჩასული ხელოვანი შექმნის.

ნამუშევარი „მთვრალი ბახუსი“ მიქელანჯელოს კარდინალმა რიარიომ დაუკვეთა, მერე მასზე უარი თქვა და იგი ბანკირმა იაკოპო გალიმ შეიძინა.

ეჭვებისა და შიშის მიუხედავად, მიქელანჯელო სავონაროლად ფლორენციაში დაბრუნდა და დაიწყო სასტიკი ბრძოლა ორ კონცეფციას - სიცოცხლესა და ხელოვნებას შორის. ამ ნაბიჯისკენ მას საკუთარმა ესთეტიკურმა და სულიერმა რწმენამ უბიძგა, რწმენამ, რომელიც თავისუფალი იყო დოქტრინული პირობბითობისაგან და რომლის თავს მოხვევასაც პოლიტიკური და რელიიგური ჯგუფები ცდილობდნენ.

1497 წლის 7 თებერვალს სენიორიის მოედანზე სავონაროლამ თავად დაანთო კოცონი. იმ დღეს „ამაოების კოცონმა“ შთანთქა ნივთები, რომლებიც წარმართული მანკიერების სიმბოლოებად ითვლებოდა: მუსიკალური ინსტრუმენტები, ნახატები, სამკაულები, ბანქო, ასევე ბოკაჩოსა და პეტრარკას წიგნები მათი „ბიწიერი“ შინაარსის გამო. ეს ამბავი სავონაროლას პაპ ალექსანდრე VI-სგან განკვეთად დაუჯდა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია მომავალ, 1498 წელს სხვა, არანაკლებ განსაცვიფრებელი კოცონი აეგიზგიზებინა, მაგრამ ამჯერად დომინიკელის ფანატიზმი აღარ შეიწყნარეს.

...ჯიროლამო სავონაროლა შეიპყრეს, აწამეს, ერეტიკოსობისთვის გაასამართლეს და კოცონზე დაწვეს. 1498 წლის 23 მაისს მასთან ერთად დასრულდა მისი ეფემერული რესპუბლიკაც.

Pietà
რომის აღმოჩენა

სავონაროლას დასჯიდან სამი თვის შემდეგ მიქელანჯელო რომში ჩავიდა, სადაც კარდინალმა ბილჰერეს დე ლაგრაულასმა, სან-დიონისოს აბატმა და საფრანგეთის მეფე კარლოს VIII-ს ელჩმა პაპ ალექსანდრე VI-ს კარზე, მიქელანჯელოს ქანდაკება შეუკვეთა, რომელიც კრიტიკოსთა აზრით მისი პირველი შედევრია. 1499 წელს დასრულებული Pieta.

David
... 1501 წელს ფლორენციაში დაბრუნებულმა სენიორიის მოედნისთვის ზომების გამო „გიგანტად“ წოდებული „დავითის“ გამოკვეთა დაიწყო.

...ცოტა ხნის შემდეგ ტემპერით ხეზე დახატა „ტონდო დონი“, რომელიც წარმოგვიდგენს წმინდა ოჯახსა და წმინდა იოანე ნათლისმცემელს.

.ამავე ეპოქაში ფლორენციის გონფალონიერმა, სენიორიის მეთაურმა, პიერო სოდერნიმ განიზრახა სენიორიის სასახლის სათათბირო დარბაზი კაშინისა და ანგიარის ბრძოლების სცენებით შეემკო და თან ერთმანეთისთვის შეეჯიბრებინა მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი, რომელთა მეტოქეობამ არაერტხელ იჩინა თავი. ...მათი დახატული ფრესკები განადგურდა, მხოლოდ ასლებიღა შემორჩა.

... როგორც ჩანს, მიქელანჯელოს არ დაუსრულებია „დაკრძალვა“, რომელსაც ზეთით ხეზე ხატავდა, და 1505 წელს პაპ სიქსტ IV-ს ძმისშვილის, პაპ იულიუს II-ის მიწვევით რომში დაბრუნდა.

Sistine Chapel ceiling 1508–1512
სიქსტის კაპელა

იულიუს II-მ, ამ მებრძოლმა პაპმა, რომელმაც თავისი პაპობა ეკლესიის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და იტალიაში საეპისკოპოსო სახელმწიფოს საზღვრების გაფართოებას შეალია, მიქელანჯელო ვატიკანის ბაზილიკაში დიდებული აკლდამის შესაქმნელად დაიბარა. ეპისკოპოსსა და ხელოვანს შორის ურთიერთობა ერთმანეთის თაყვანისცემითა და ამასთან, გაუთავებელი კამათით დაიწყო. 

ამ ურთიერთობას სამართლიანად შეიძლება დაძაბული ვუწოდოთ. იულიუს II-ს მიქელანჯელოს 40-ქანდაკებიანი პროექტი ისე მოეწონა, რომ იგი მაშინვე გაგზავნა კარარის სამტეხლოში. რვა თვის განმავლობაში ხელოვანი არჩევდა და ჭრიდა მარმარილოს ლოდებს. როგორც მოქანდაკის ბიოგრაფი ასკანიო კონდივი წერს, წმინდა პეტრეს მოედანზე მიზიდული „ქვების მასა იმდენად დიდი იყო, რომ მან ხალხის აღფრთოვანება და პაპის სიხარული გამოიწვია“. თუმცა პაპის ეს გატაცება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ჩანს, პაპის არქიტექტორმა დონატო ბრამანტემ და მისმა მეგობარმა რაფაელმა იულიუს II დაარწმუნეს, რომ არ ღირდა აკლდამა სიცოცხლეშივე აეგო და უზარმაზარი ბაზილიკის პროექტი წარუდგინეს, რომელიც ქრისტეს ეკლესიის ძლევამოსილებისა და დიდების მსოფლიო სიმბოლო იქნებოდა. მართლაც, რომის პაპმა თვის სახელის უკვდავსაყოფად არა აკლდამის აშენება, არამედ მონუმენტური ტაძრის რეკონსტრუქცია გადაწყვიტა. ამ დროისათვის მიქელანჯელო „მოსესა“ და „მონებს“ აქანდაკებდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ახლოვდებოდა ის, რასაც მოგვიანებით „აკლდამის ტრაგედია“ უწოდა. სამუშაოს გასაგრძელებლად საჭირო თნხისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილს ეჭვი ჰქონდა, რომ ახალი ბაზილიკის არქიტექტორი ბრამანტე ინტრიგებს ხლართავდა და გაცხარებულმა რომი დატოვა, რამაც პაპი ძლიერ შეურაცხყო.

ამ უკიდურესობამდე მიქელანჯელო პაპ იულიუს II-ის სიტყვებმა მიიყვანა, წმინდა შაბათის სადილზე „ოქრომჭედელსა და ცერემონმაისტერთან კამათისას რომ განაცხადა: ერთი ესკუდოს დახარჯვაც აღარ მინდა ქვებში, დიდი იქნება ისინი თუ პატარაო, რამაც გამაოგნა“.

ოჯახისადმი გაგზავნილ წერილში მიქელანჯელო წერდა: „წამოსვლამდე იმ თანხის ნაწილი ვითხოვე, რომელიც სამუშაოს გასაგრძელებლად მესაჭიროებოდა. მისმა უწმინდესობამ ორშაბათს დამიბარა. მივედი ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს“... პარასკევს მდივანმა სასახლეში რომ არ შეუშვა, გაღიზიანებული მიქელანჯელო ყვირილით გამოვარდა: „გადაეცით პაპს, თუ ჩემი ნახვა სურს, შეუძლია ყველგან მეძებოს, გარდა რომისა“ და ფლორენციას მიაშურა. როგორც მოგვიანებით წერდა, კარგად იცოდა, რომ „განხეთქილება პაპთან გამოწვეული იყო ბრამანტესა და რაფაელ ურბინოს ჩემდამი სიძულვილით; მათი ბრალია, პაპის აკლდამა მისივე სიცოცხლეში რომ არ სრულდება; მათ ჩემი გაკოტრება უნდათ და რაფაელს საამისოდ მიზეზიც აქვს, რადგან ხელოვნებაში თუ რამე გაეგება, ჩემგან ისწავლა“.

მიქელანჯელოს გაქცევას შეიძლებოდა მისი დაპატიმრება მოჰყოლოდა. ამის უფლება ჰქონდათ პაპსა და სენიორებს, მიქელანჯელო კი დიდად აფასებდა თავის მდგომარეობასა და ღირსებას. მისთვის დაუსვებელი იყო შეურაცხყოფა, თუნდაც ხელისუფლების უმაღლეს პირთაგან. მისი მედიდურობა პაპ იულიუს II-სთან ამის კარგი მაგალითია. თუმცა, ფლორენციის სენიორიის დაჟინებით იგი იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო. „ჩემთვის ყელზე თოკი უნდა წაეჭირათ, მისთვის პატიება რომ მეთხოვა“, - ამბობდა იგი.

როცა დაბრუნდა, იულიუს II-მ, რომელმაც 1506 წელს ბოლონია დაიკავა, ბრინჯაოს ქანდაკება შეუკვეთა. რამდენიმე წლის შემდეგ ქანდაკება გაანადგურეს... თითქმის იმავდროულად იულიუს II-მ მიქელანჯელოს შესთავაზა მოეხატა სიქსტეს კაპელის თაღი, რომელიც ადრექრისტიანული ტაძრების დარად ცისფრად შეღებილი და ოქროსფერი ვარსკვლავებით მოჭედილი იყო. მიქელანჯელო ჯერ უარზე იდგა, რადგან მხატვრობა ქანდაკებასთან შედარებით წვრილმან საქმედ მიაჩნდა.

ზოგი სპეციალისტის არით, ეს დაკვეთა ბრამანტეს ახალი ინტრიგა იყო. მიქელანჯელოს უარში დარწმუნებული ბრამანტე, ალბათ, იმედოვნებდა, რომ ამ საქმეს რაფაელს მიანდობდნენ, რომელიც უკვე მუშაობდა ვატიკანში სტანცა დელა სენიატურას (პაპის კაბინეტის) ფრესკებზე, მაგრამ პაპმა თავისი გაიტანა, მიქელანჯელო იძულებული გახდა, მის ნებას დაჰყოლოდა და ყველა დროის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნაწარმოები შეექმნა.

1508-1512 წლებში მიქელანჯელო რამდენიმე ესკიზითა და რამდენიმე ფლორენციელი მუშის დახმარებით ტიტანურ შრომას შეუდგა თავისი შედევრის შესაქმნელად. მალე მუშების უმრავლესობა დაითხოვა და სიქსტეს კაპელაში გამოიკეტა. შიგ არავის უშვებდა, მძიმე სამუშაოს, უხიაგი ხასიათის გამო პაპთან კამათის, მუდმივი უკმაყოფილების, შეკვეცილი ხარჯებისა და ოჯახიდან მუდმივად ფულის გაგზავნის მოთხოვნის მიუხედავად, მარტო მუშაობდა. „აგერ უკვე ერთი წელია პაპისგან გროშიც არ მიმიღია [...] მაინც ვმუშაობ გულნატკენი, ჯანმრთელობაშერყეული, სამუშაო ბევრია, მაგრამ არც ხელისუფალი ჩანს და არც ფული“, - სწერდა მამამისს.

ახალგაზრდული ცდუნება

უღმერსი პატივისცემის მიუხედავად, პაპმა იულიუს II-მ მიქელანჯელოს თავისი აკლდამის დასრულების ნება არ მისცა.

1513 წელს, როცა იულიუს II გარდაიცვალა, მისი მემკვიდრეები კვლავ მიუბრუნდნენ აკლდამის პროექტს, ოღონდ იგი უფრო მოკრძალებული ზომისა უნდა ყოფილიყო. უკმაყოფილების მიუხედავად, ხელოვანი გატაცებით შეუდგა თავის ძველ, ახალგაზრდობის დროინდელ ოცნებას და კარარაში დაბრუნდა. გამოკვეთა „ამბოხებული მონა“...

ლეო X-დ წოდებული ჯოვანი მედიჩის დანიშვნა იულიუს II-ის მემკვიდრედ...

1516 წელს წელს, პაპმა, რომელსაც შესაძლოა, თავისი წინამორბედისა შურდა, მიქელანჯელო აკლდამის კეთებას ჩამოაშორა და ფლორენციაში გაგზავნა სან-ლორენცოს, მედიჩების ფლორენციული ეკლესიის ფასადის მოსახატად. თავის დროზე, მან უფლება მისცა, საგვარეულო გერბში ჩაერთო მედიჩების ჰერალდიკური ნიშნები: სამი შროშნი და პაპის მონოგრამა. ფასადის, რომელიც მიქელანჯელოს თქმით „იტალიური არქიტექტურისა და სკულპტურის საკრე უნდა ყოფილიყო“, მოხატვის კონტრაქტს ხელი 1518 წელს მოეწერა, მაგრამ არასდროს შესხმია ხორცი. ორი წლის შემდეგ ლეო X-მ კონტრაქტი დაარღვია და მიქელანჯელოს არც თავისი წინამორბედის აკლდამაზე მუშაობის გაგრძელების ნება მისცა: „პაპ ლეოს არ სურდა იულიუსისთვის ძეგლი ამეგო“, - წერდა მოგვიანებით მიქელანჯელო. ცხადია, პაპი დიდ პატივს მიაგებდა ხელოვანს, ამასთან, ეშინოდა მისი: „ის დიადია, მაგრამ საშიში; მასთან ცხოვრება შეუძლებელია“, - და არც ცდებოდა.

უდარდელი ლეო X, რომელიც ამბობდა, რადგან ღმერთმა პაპად გვაკურთხა, კიდეც უნდა ვისარგებლოთ ამითო, 1521 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი ადრიანე VI-მ შეცვალა, რომელიც, როგორც ჩანს მოწამლეს. კლემენტ VII-დ წოდებულმა ჯულიო მედიჩიმ მსწრაფლ დაიკავა წმინდა პეტრეს ტახტი.

ახალმა პაპმა მიქელანჯელოს მტრებთან თანამშრომლობა მიუტევა და ფლორენციაში სადიაკვნესა და სან-ლორენცოს ბიბლიოთეკის, ასევე მედიჩიების, ნემურის ჰერცოგ ჯულიანოსა და ურბინის ჰერცოგ ლორენცოს აკლდამების გაკეთება მიანდო. უფრო მეტიც, პაპი იმდენად სცემდა პატივს მიქელანჯელოს, რომ ნება დართო, გაეგრძელებინა მუშაობა იულიუს II-ის აკლდამაზე, თუმცა, მისმა შერყეულმა ჯანმრთელობამ იმდენად შეაშფოთა, რომ უბრძანა: „მხოლოდ [იულიუს II-ის] საფლავსა და შენთვის მინდობილ საქმეზე უნდა იმუშაო, შორს უნდა გაუთქვა სახელი რომს, შენს ოჯახსა და საკუთარ თავს“, მაგრამ ამავე დროს, ცოტა არ იყოს, ირონიულად დასძენდა, - კარგად მოგეხსენება, რომ პაპები დიდხანს არ ცოცხლობენო, მიუხედავად ამისა, აკლდამის მშენებლობა ნელა მიიწევდა წინ. მაშინ იულიუს II-ის მემკვიდრეები მიქელანჯელოს დაემუქრნენ, რომ სასამართლოში უჩივლებდნენ და ბედ მიცემულ თანხას უკან დააბრუნებდნენ. „აკლდამის ტრაგედია“ გულს უკლავდა მიქელანჯელოს, კარგად ესმოდა სამუშაოს გაგრძელების სირთულე, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავდა გარდა იმისა, რომ მოთხოვნილი თანხა პაპს გადაეხადა: „თუ გასაჭირში მიმატოვებს, ჩემთვის ამქვეყნად ცხოვრება გაუსაძლისი გახდება. ვიცი, რომ პაპს არც ჩემი გაკოტრება უნდა და არც ჩემი უბედურება“... - სწერდა იგი ერთ მეგობარს. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ მისწერა, რაოდენ აღელვებდა ეს საქმე: „ვფიქრობ, თუ საპნის ან საოქრომჭედლო ჯიხურს გავხსნი და ფულს მევახშეებს ვთხოვ, ჯოჯოხეთისა და თვითნებური სასამართლოსთვის გადასახდელ ორ დუკატზე მეტი სასჯელი არ დამემუქრება“.

... მიქელანჯელომ 1524 და 1531 წლებში შექმნა „ჰერცოგების აკლდამები“, მაგრამ პროექტი არ დასრულებულა.

...ამ ნამუშევრების შესრულებისას ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა: პაპი კლემენტ VII ინტრიგას ინტრიგაზე ხლართავდა, რათა ურთიერთობა დაეძაბა იმჟამინდელ ორ იდიდეს სუვერენს - ფრანცისკ I-სა (საფრანგეთი) და კარლოს V-ს (გერმანია, ესპანეთი) შორის. პირველობისთვის ბრძოლაში იმპერატორმა კარლოს V-მ საფრანგეთის მეფე დაამარცხა და იტალია დაიპყრო. (რომის დარბევის შემდეგ კლემენტ VII-მ თავი ჯერ წმინდა ანგელოზის ციხესიმაგრეს შეაფარა, მერე კი მეწვრილმანედ გადაცმული გაიქცა.

The Last Judgment 1534–1541
შმაგი სიყვარული და მშვენიერება

...მას შემდეგ, რაც სადავო „აკლდამის ტრაგედია“ მოგვარდა, მიქელანჯელომ კლემენტ VII-ს მემკვიდრის, ფარნეზეს სახლის წარმომადგენლის, თავაშვებული პავლე III-ის თხოვნით სიქსტის კაპელისთვის დაიწყო მუშაობა „განკითხვის დღის“ პროექტზე, რომელშიც ის სატანჯველი ასახა, სულსა და გულს რომ უღრღნიდა. მან იგი 1541 წელს 66 წლისამ დაასრულა. ფრესკამ რომაელები აღაფრთოვანა, კურიის წევრები კი აღაშფოთა შიშველმა გამოსახულებებმა, უზნეობად და ანტიდოგმატურად მიიჩნიეს. როცა პაპმა თავის ცერემონმაისტერ ბიაჯო და ჩეზენას მიქელანჯელოს ნამუშევარზე აზრი ჰკიტხა, მან უპასუხა: „თქვენო უწმინდესობავ, უპრიანი იქნებოდა, ეს ფიგურები სადმე სამიკიტნოში იყოს და არა თქვენს კაპელაში“.

...პურიტანული პირმოთნეობა იმით დასრულდა, რომ მიქელანჯელომ ვერაფერი გააწყო და დანიელე დე ვოლტერამ პაპ პავლე IV-ის ბრძანებით შიშველ ფიგურებს „სამარცხვინო ნაწილები“ დაუფარა, რისთვისაც მეტსახელი Braghettone – „შარვლის მხატავი“ დაიმსახურა. XVIII საუკუნეში სხვა Braghettone-ებიც განაგრძობდნენ მიქელანჯელოს შიშველი ფიგურების „ჩაცმა-დახურვას“. 1980 წელს, როცა ნახატებს რესტავრაცია გაუკეთდა, მათ ავთენტური დიდებულება დაუბრუნდა.

1535 წელს პავლე III-მ, რომელსაც სურდა, სამსახურში აეყვანა დიდი მიქელანჯელო, იგი ვატიკანის არქიტექტორად, სკულპტორად და მხატვრად დანიშნა, 600 ოქროს ეკიუ წლიური რენტით. მხატვრისთვის დაიწყო ახალი ეტაპი, სავსე სიბერით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებით და თან ხორციელი ვნებებისგან თავისუფალი, ახალი შემოქმედებითი ძალით აღსავსე, რომელიც მთლიანად ღვთის სიყვარულს ეძღვნებოდა. 1542 წელს პავლეს კაპელისთვის მუშაობა დაიწყო „სავლეს მოქცევაზე“, რასაც მოჰყვა „წმინდა პეტრეს ჯვარცმა“, რომელიც 1550 წელს დაასრულა.

... ამ უდიდესმა ენერგიამ მას საშუალება მისცა, მუშაობა გაეგრძელებინა, რათა ქვის გულს ჩასწვდომოდა და შესანიშნავი სკულპტურული ჯგუფი - „პიეტა“ შეექმნა იმ ეკლესიის საკურთხევლისთვის, სადაც სურდა დამარხულიყო.

...იმავე ეპოქაში, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მიქელანჯელომ გადაწყვიტა, შედგომოდა წმინდა პეტრეს ტაძრისა და კაპიტოლიუმის მოედნის პროექტზე მუშაობას. მოედნის გადაკეთბა 1538 წელს დაიწყო და ის გააზრებული იყო როგორც ოვალური სივრცე, რომლის ცენტრშიც იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ცხენოსანი ქანდაკება უნდა მდგარიყო. ... მიქელანჯელოს, როგორც არქიტექტორის, კულმინაციურ ნამუშევარს მაინც წმინდა პეტრეს ტაძარი წარმოადგენდა. მან მხოლოდ ტაძრის გუმბათის ხის მაკეთის შექმნა მოასწრო, მას ხორცი ჯაკომო დელა პორტამ შეასხა.

... „ჩემი ცხოვრების მიწურულს, როცა კერპად ხელოვნება და მონარქი გავიხადე, კარგად მესმის, რა შეცდომებით ვიცხოვრე. არც ხატვა, არც ქანდაკება და აღარც დაგმობა, სული მიფრინავს სიყვარულისკენ, რომელსაც ხელები გაუშლია ჩემს გადასარჩენად!.. ეკლები და ლურსმნები ორივე ხელში... სისცხლი, რომელმაც ჩვენი ცოდვა ჩამორეცხა“. ხელოვანის დარდი გასაგები ხდებდა, რადგან მამამისი, ძმები, მსახური, ძვირფასი მეგობარი ვიტორია კოლონა, ისევე როგორც არაერთი მისი მეტოქე და მტერი გარდაცვლილი იყვნენ.

მიქელანჯელო ჯიუტად აქანდაკებდა „პიეტას“. როცა სიცხემ აუწია, ყურადღება არ მიუქცევია, შეეცადა, თავი გაერთო და ჩვეულებისამებრ ნაშუადღევს ცხენით გაისეირნა, მაგრამ 90 წელს მიტანებული, გაციებული და დასუსტებული კაცის მცდელობა ამაო გამოდგა. 1564 წლის 19 თებერვალს მიქელანჯელო რომში გარდაიცვალა. პაპ იულიუს IV-ს მისი რომში დაკრძალვა სურდა, მან კი ანდერძში მიუთითა, რომ ფლორენციაში გადაესვენებინათ. მისმა ძმისშვილმა ლიონარდომ ბიძის უკანასკნელი ნება აღასრულა და 10 მარტს მიქელანჯელო ფლორენციის სანტა-კროჩეს ეკლესიის სადიაკვნეში დაკრძალეს.

ანდერძში მიქელანჯელო ითხოვდა მისი სული ღმერთისთვის გადაეცათ, სხეული - მიწისთვის, ქონება კი ოჯახისთვის. ესკიზები, პროექტები და ნიმუშები, რომლებიც სიკვდილის წინ შექმნა, საკუთარი ხელით დაწვა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში