მიშელ უელბეკი წინასიტყვაობა წიგნისა - რუკა და ტერიტორია

“სამყარომ თავი მომაბეზრა,
ზუსტად ასევე, მეც
მოვაბეზრე სამყაროს თავი”,
- შარლ დ’ორლეანელი

სავარძლიდან წამოწეულ ჯეფ კუნსს აღტაცებული აჩქარებული მოძრაობით ხელები წინ გაუწვდია. მის პირდაპირ, დაუდევრად მიყრილი აბრეშუმის ქსოვილებით ნაწილობრივ დაფარულ თეთრი ტყავის დივანზე, ოდნავ მოხრილი დამიენ ჰერსტი ზის და როგორც ეტყობა, შეკამათებას აპირებს; სახე დასწითლებია და მოღუშულია. ორივეს შავი კოსტიუმი (კუნსს წვრილზოლებიანი) და თეთრი პერანგი აცვია, შავი ჰალსტუხი უკეთია. მამაკაცებს შორის, დაბალ მაგიდაზე, დაშაქრული ხილით სავსე კალათი დევს, რომელსაც არც ერთი უმცირეს ყურადღებასაც არ აქცევს; ჰერსტი Budweiser Light-ს წრუპავს.

მათ უკან, დიდი ფანჯრიდან, სადამდეც ჰორიზონტს თვალი მისწვდება, მრავალსართულიანი სახლების პეიზაჟი იშლება, ბაბილონურ გიგანტურ მრავალკუთხოვან ხლართებს რომ ჰქმნის; ნათელი ღამეა, ჰაერი კი სრულიად გამჭვირვალე. ეს შეიძლება კატარიც იყოს ანდა დუბაი; სინამდვილეში კი, ოთახის მორთულობა გერმანულ მდიდრულად გამოცემულ ჟურნალში დაბეჭდილი აბუ დაბის სასტუმრო “ემირატის” სარეკლამო სურათით არის შთაგონებული.

ჯეფ კუნსის შუბლი ოდნავ ბზინავს; ფუნჯის მოსმით მისი დაფარვისას, ჟედმა სამი ნაბიჯით უკან დაიხია. კუნსთან აშკარად პრობლემა ჰქონდა, არა და არ ნებდებოდა. ჰერსტის არსში ჩაწვდომა კი ადვილი იყო: შეიძლებოდა მისი უხეშ, უტიფარ კაცად გამოსახვა, მაგალითად ისეთად, რომელიც ასე ფიქრობს: “მთავარი მაყუთია, თქვენთვის კი ზედ დამიჯვია”; ასევე მეამბოხე ხელოვნადაც (ამ შემთხვევაშიც ფულიან კაცად), რომელიც სიკვდილის სევდიან თემაზე მუშაობს; გარდა ამისა, მის სისხლსავსე, მძიმე სახეში რაღაც იყო მეტისმეტად ინგლისური, რითაც ძალიან ჩამოჰგავდა “არსენალის” თავგადაკლულ ფანატს. მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობდა სხვადასხვა ასპექტი, ერთ მთლიანობაში ადვილად რომ ლაგდებოდა და ბრიტანელი ხელოვანის, თავისი თაობის ტიპური წარმომადგენლის პორტრეტს სრულად შეესაბამებოდა. კუნსში კი რაღაც გაორება იგრძნობოდა, საქონელმცოდნის მდარე თაღლითობასა და ასკეტის ეგზალტაციას შორის გადაულახავი წინააღმდეგობა. უკვე სამი კვირა იყო, რაც ჟედი კუნსის სახის გამომეტყველებას ასწორებდა; სავარძლიდან წამოწეული კუნსი, აღტაცებული აჩქარებული მოძრაობით ხელებს წინ იშვერდა, თითქოს ჰერსტისთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა; ამისი დახატვა ისეთივე ძნელი იყო, როგორიც პორნოგრაფი მორმონისა.

კუნსის ბევრი ფოტო არსებობდა, მარტო გადაღებული თუ რომან აბრამოვიჩის, მადონას, ბარაკ ობამას, ბონოს, უორენ ბაფეტის, ბილ გეითსის... საზოგადოებაში. მაგრამ კუნსის პიროვნების ინდივიდუალობას ერთიც არ გამოხატავდა, ყოველი მათგანიდან კაბრიოლეტ “შევროლეს” გამყიდველი იცქირებოდა, ისეთი, როგორიც თვითონ აირჩია, რომ ამ ქვეყანას გამოცხადებოდა; ეს უკვე გამაღიზიანებელი იყო; დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფებს ჟედი მოთმინებიდან გამოჰყავდა, განსაკუთრებით დიდ ფოტოგრაფებს, თავიანთი პრეტენზიით, ვითომ მოდელების ბუნებრიობას წარმოვაჩენთო; არაფერსაც არ წარმოა- ჩენენ, მხოლოდ იმით კმაყოფილდებიან, რომ თქვენ წინ ჩერდებიან, თავიანთ აპარატს ამუშავებენ, განუწყვეტლივ რაღაცას აჩხაკუნებენ, ალალბედზე ასიოდე კადრს იღებენ, მოგვიანებით კი ყველაზე უარესს ირჩევენ; აი როგორ იქცევა უკლებლივ ყველა ეგრეთ წოდებული დიდი ფოტოგრაფი. ჟედი ზოგიერთს იცნობდა, მათდამი ზიზღის გარდა სხვა გრძნობა არ ჰქონდა და სჯეროდა, რომ მათი შემოქმედება ფოტოავტომატის კრეატიულობას სულაც არ აღემატებოდა.

სამზარეულოში, მისი ზურგიდან რამდენიმე ნაბიჯით უკან, წყალგამაცხელებელმა უცბად ზედიზედ მკვეთრად გაიჩხაკუნა. შეძრწუნებული ჟედი გაშეშდა. უკვე 15 დეკემბერი იყო.

ერთი წლის წინ, დაახლოებით ამავე რიცხვში, წყლის გამაცხელებელმა, ვიდრე საბოლოოდ გაჩერდებოდა ზუსტად ასევე ზედიზედ გაიჩხაკუნა. რამდენიმე საათში სახელოსნოში ტემპერატურა სამ გრადუსამდე დაეცა. როგორღაც მოახერხა და ცოტა წაუძინა, უფრო სწორად წათვლიმა, მაგრამ განუწყვეტლივ ეღვიძებოდა. დილის ექვს საათზე ცხელი წყლის ბოლო ნარჩენი გამოიყენა და სასწრაფოდ დაიბანა, მერე ფირმის, Plomberie en général-ის თანამშრომლის მოლოდინში ყავა მოიმზადა - ისინი ხელოსნის გამოგზავნას დილის საათებისთვის შეჰპირდნენ.

თავის ინტერნეტსაიტზე ფირმა Plomberie en général-ი ირწმუნებოდა, რომ “ამაყად თავაწეულმა შეაბიჯა მესამე ათასწლეულში”; აჯობებდა თავის დროზე მოსულიყვნენ, სადღაც თერთმეტი საათისთვის ჩაიბურტყუნა ჟედმა, რომელიც სახელოსნოში აქეთ-იქით დადიოდა და გათბობას ამაოდ ცდილობდა. მაშინ მამის პორტრეტზე მუშაობდა, რომლისთვისაც უნდოდა ეწოდებინა “არქიტექტორი ჟან-პიერ მარტენი კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს”; ბუნებრივია, ტემპერატურის ასეთი დაწევა საღებავის ზედა ფენის გაშრობას დააყოვნებდა. როგორც ყოველ წელს, ახლაც შობის საღამოს მამასთან ერთად აპირებდა სადილობას და იმედი ჰქონდა, დარჩენილ ორ კვირაში ნახატს დაამთავრებდა; მაგრამ თუ წყლის გამაცხელებლის შემკეთებელი ოსტატი სასწრაფოდ არ მოვიდოდა, მაშინ თავს შეირცხვენდა და ეგ იყო. სიმართლე ითქვას, საერთო ჯამში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, საერთოდ არ აპირებდა ეს ნახატი მამისთვის ეჩუქებინა, უბრალოდ უნდოდა ეჩვენებინა; მაგრამ უცბად რატომ გახდა ეს ასე მნიშვნელოვანი? ეტყობა, ნერვებმა უმტყუნა, ბევრს მუშაობდა, ერთდროულად ექვსი ნახატის შექმნა დაიწყო, და აგერ უკვე რამდენიმე თვეა არ გაჩერებულა. ეს არ იყო გონივრული საქციელი.

სამი საათისთვის გადაწყვიტა ფირმისთვის Plomberie en général თავი შეეხსენებინა; ტელეფონი გამუდმებით დაკავებული იყო. მხოლოდ ხუთი საათისთვის მოახერხა დაკავშირება; კლიენტთა მომსახურეობის თანამშრომელმა ქალმა ძლიერი სიცივეების დადგომის გამო სასწრაფო გამოძახებების რიცხვის მატება მოიმიზეზა და პირობა მისცა, რაც უნდა მოხდეს, ოსტატს ხვალ დილით გამოვაგზავნიო. ჟედმა ყურმილი დაკიდა და ოგიუსტ-ბლანკის ბულვარზე მდებარე სასტუმრო “მერკურში” ნომერი შეუკვეთა.

მეორე დღეს, მთელი დღე, ისევ წყლის გამაცხელებლის შემკეთებელ ოსტატს ელოდა, ასევე მის კოლეგას ფირმიდან Simplement plombiers, რომელსაც ამასობაში მოელაპარაკა. ფირმა Simplement plombiers ჰპირდებოდა “ხელობის მაღალი”, ძველი ტრადიციების დაცვით მომსახურებას, მაგრამ თავის დროზე მოსვლას, ეტყობა, ესეც არ აპირებდა.

ნახატზე ჟედის მამა თავისი ფირმის ორმოცდაათიოდე თანამშრომლით გარშემორტყმული ამაღლებულ ადგილზე დგას და ნაღვლიანი ღიმილით ჭიქა მაღლა აუწევია. გამოსამშვიდობებელი საღამო მისივე ხუროთმოძღვრული კაბინეტის open space-ის ფართო, ოცდაათი ოცზე, თეთრკედლებიან დარბაზში მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთს ენაცვლება გრაფიკული საინფორმაციო გამოსახულებები და მიმდინარე პროექტების დიდი მოცულობების მაკეტები. დამსწრეთა შორის nerds-ის გარეგნობის ახალგაზრდობა ჭარბობს - 3D-დ მოდელირებული არსებები. ამაღლებული ადგილის მისადგომთან ორმოციოდე წლის სამი არქიტექტორი ჩამწკრივებულა. ლორენცო ლოტოს ნაკლებად ცნობილი ტილოდან ნასესხები კომპოზიციის მიხედვით, ისინი ერთმანეთის შეხედვას გაურბიან, სამაგიეროდ, მამამისის მზერის დაჭერას ცდილობენ; სამივეს მისი შეცვლისა და ფირმის ხელმძღვანელის თანამდებობის მიღების იმედი აქვს. მამამისი კი სადღაც მათ თავებს ზემოთ იყურება, მისი თვალებიდან ჩანს, რომ კიდევ ერთხელ, უკანასკნელად, უნდა თავისი გუნდი შემოიკრიბოს, მომავლის ღრმა რწმენა აქვს და რაც მთავარია უსიტყვო მწუხარება გამოსჭვივის მის მზერაში. წუხს, რომ ფირმა უნდა დატოვოს, რომელიც მან დააარსა და რომელსაც თავისი საუკეთესო წლები უძღვნა, მტკივნეულია გარდუვალთან შეგუება: ჩვენ წინაშე აშკარად გათავებული კაცი დგას. შუადღისას ჟედი ათჯერ მაინც ეცადა Ze plomb-ში დარეკვას, ოღონდ ამაოდ. ლოდინის რეჟიმში გადართვის შემდეგ რადიოსადგურ Skyrock-ის მუსიკა ჩაურთეს, მაშინ, როცა ფირმა Simplement plombiers-ი უპირატესობას “იუმორსა და შანსონს” ანიჭებდა.

ხუთი საათისთვის სასტუმრო “მერკურში” მივიდა. ოგიუსტ-ბლანკის ბულვარზე ღამე ჩამოწვა; “ბომჟებმა” გვერდითა ხეივანში კოცონი დაანთეს. მომდევნო დღეებმაც დაახლოებით ასევე ჩაიარა; ჟედი წყლის გამაცხელებლის შემკეთებელი ფირმის ტელეფონის ნომერზე კეთილსინდისიერად რეკავდა, მაშინვე ლოდინის რეჟიმზე გადაჰყავდათ და მუსიკას ასმენინებდნენ, ესეც მოთმინებით იცდიდა, იდგა თავის ტილოსთან, რომელსაც გაშრობა არ უნდოდა, და უფრო და უფრო იყინებოდა.

ხსნა 24 დეკემბერს დილით მოევლინა წყალგამაცხელებლის ხორვატი ოსტატის სახით, რომელიც მეზობლად, სტეფენ-პიშონის ქუჩაზე ცხოვრობდა, - სასტუმრო “მერკურიდან” მომავალმა ჟედმა სრულიად შემთხვევით შეამჩნია მისი სარეკლამო წარწერა. ის თავისუფალი იყო და ახლავე შეეძლო მოსვლა. პატარა ტანის, შავთმიანი კაცი გახლდათ, თხელი, სწორნაკვთებიანი გაფითრებული სახე ჰქონდა და Belle Époque- ის სტილის პატარა ულვაში; რაღაცით ოდნავ ჟედს ჩამოჰგავდა - ულვაშს თუ არ ჩავთვლით, ცხადია.

ბინაში შესვლისთანავე მუშაობას შეუდგა, გამათბობელი შეამოწმა, დიდხანს და აუჩქარებლად ხსნიდა მარეგულირებლებიან წინა მხარეს, მერე მოქნილი თითები ერთმანეთში გადახლართულ მილებს გააყოლა. სარქველებზე და წყალსატუმბებზე ლაპარაკობდა. და საერთოდაც, ისეთი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც კარგად იცნობს ცხოვრების ავსა და კარგს.

ხელსაწყოს თხუთმეტი წუთის გულმოდგინე კვლევის შემდეგ ასეთი დიაგნოზი დასვა: შეკეთება შეუძლია, დიახ, ასე თუ ისე მოაწესრიგებს, ორმოცდაათი ევროს საქმეა, რაზეა ლაპარაკი. ცხადია, ეს სუფთა ხალტურა იქნება და არა შეკეთება, მაგრამ ორიოდე თვე მაინც იმუშავებს, საუკეთესო შემთხვევაში - წელიწადიც, მეტის გარანტიას არ იძლევაო; საერთოდაც, ეტყობოდა, მომავალში ამ გამათბობელი მოწყობილობის იმედად დარჩენა სახიფათო იყო.

ჟედმა ამოიოხრა; გამოტყდა, რომ რაღაც ასეთს ელოდა კიდეც. ძალიან კარგად ახსოვდა ის დღე, როცა ცხრა წლის წინ ამ ბინის ყიდვა გადაწყვიტა; ჯუჯა და თვითკმაყოფილ უძრავი ქონების გამყიდველს ბინის არაჩვეულებრივი განათების თავგადაკლული ქებისას, არ დაუმალავს, რომ საცხოვრებელს მცირეოდენი “გაახლება” სჭირდებოდა. მაშინ ჟედმა იფიქრა, ალბათ უმჯობესი იქნებოდა, უძრავი ქონების აგენტი გამოვსულიყავი ანდა გინეკოლოგიო.

ისედაც მგზნებარე უძრავი ქონების ჯუჯა აგენტი ნამდვილ ექსტაზ- ში ჩავარდა, როცა გაიგო, რომ ჟედი მხატვარი იყო. ცხოვრებაში პირველად, წამოიყვირა მან, მომეცა შემთხვევა, მხატვრის სახელოსნო ნამდვილ მხატვარს მივყიდოო! ჟედს შეეშინდა, ახლა ეს ნამდვილ მხატვრებს სოლიდარობას გამოუცხადებდა, თავს დაატყდებოდა ბურ- ჟუაზიულ ბოჰემურ ტიპებს და სხვა ობივატელებს იმავე ორდენიდან, რომლებიც ფასებს მაღლა სწევენ და ამგვარად ჭეშმარიტ მხატვრებს სახელოსნოებისკენ მიმავალ გზას უკეტავენო. მერე დააყოლებდა, მაგრამ რას იზამ, ბაზრის კანონების წინააღმდეგ ვერ წახვალ, თვითონაც კარგად გესმით, თანაც ეს ჩემი საქმეც არ არისო. საბედნიეროდ, ეს არ მომხდარა. უძრავი ქონების ჯუჯა გამყიდველმა ათპროცენტიანი ფასდაკლება გაუკეთა, ყასიდად ოდნავ წაივაჭრა, თორემ ფასის დასაკლებად ისედაც მზად იყო.

“მხატვრის სახელოსნო”, ცდუნებას ნუ ავყვებით, სხვენი გახლდათ და შემინული ჭერი ჰქონდა; ჭერი მართლაც მშვენიერი იყო. აი პირობები, ძნელად შესაგუებელი, თვით ჟედისთვისაც კი, რომლის პირადი ჰიგიენის დაცვის მოთხოვნებიც ფრიად შეზღუდული გახლდათ. მაგრამ ხედი მართლაც დიდებული მოჩანდა: ალპების მოედანს იქით ვენსენ-ორიოლის ბულვარი იშლებოდა თავისი მიწისზედა მეტროთი, უფრო შორს, სამოცდაათიანი წლების შუალედში აგებული ოთხკუთხა ციხესიმაგრეები ჩანდა, აბსოლუტურ კონტრასტს რომ ქმნიდა პარიზულ ნატიფ პეიზაჟთან, მაგრამ ჟედს, არქიტექტურული თვალსაზრისით, ზუსტად ეს მოსწონდა პარიზში.

ხორვატმა შეკეთება დაასრულა და თავისი ორმოცდაათი ევრო ჯიბეში ჩაიდო. მისთვის ქვითრის გამოწერა არც შეუთავაზებია და ჟედი არც ელოდა ამას. კარში გასვლა ვერც მოასწრო, რომ ისევ დააკაკუნა. ჟედმა ოდნავ გამოაღო კარი.

- დამავიწყდა, ბატონო ჩემო, - თქვა მან, - შობას გილოცავთ. მოლოცვა მინდოდა მხოლოდ.

- დიახ, დიახ, - უპასუხა შეცბუნებულმა ჟედმა, - მეც გილოცავთ შობას.

ბოლოს და ბოლოს ჟედი მიხვდა, რომ ტაქსით წასვლა პრობლემა იქნებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფირმამ, A Toute, რენსიმდე წაყვანაზე გადაჭრით უარი უთხრა, ხოლო ფირმა Speedtax-ი სადგურამდე მიყვანაზე დათანხმდა, უკიდურეს შემთხვევაში, მერიამდე მაინც, აი “კუტკალიების დასახლებამდე” კი - არავითარ შემთხვევაში: “სიფრთხილის ზომების გამო, ბატონო...”, საყვედურნარევი ხმით ჩაიჩურჩულა ფირმის თანამშრომელმა. “ჩვენ მხოლოდ აბსოლუტურად უსაფრთხო ზონებს ვემსახურებით”, კარგად დამუშავებული სინანულის ტონით აუწყეს ფირმაში “ფერნან გარსენის ავტომობილები”. ჟედს ნელ-ნელა დანაშაულის გრძნობა მოეძალა, რა დაემართა, თავში რა შეუჯდა, რომ შობის საღამო ისეთ შეუფერებელ ადგილზე უნდა გაატაროს, როგორიც “კუტკალიების დასახლებაა”, და როგორც ყოველ წელს, ახლაც ფიქრებში მამას უსაყვედურა, რომელმაც დიდი პარკით გარშემორტყმული თავისი ბურჟუაზიული საცხოვრებლის დატოვებაზე ჯიუტად განაცხადა უარი. არადა, სახლი მასების მღელვარების ისეთი ზონის ცენტრში აღმოჩნდა, სადაც ცხოვრება თანდათან უფრო სახიფათო ხდებოდა, რადგან რაღაც დროიდან ადგილობრივ საძმოთა ბანდების კონტროლის ქვეშ მოექცა.

ჟედს გალავნის გამაგრება მოუწია, ზევიდან კი მავთულის ბადე გააბა, რომელშიც ელექტროდენი გადიოდა, ვიდეოთვალთვალის მოწყობილობა დაამონტაჟებინა, პირდაპირ პოლიციასთან რომ იყო შეერთებული, და ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ მამამისს საშუალება ჰქონოდა თორმეტივე ოთახში, რომელთა გათბობაც ყოვლად შეუძლებელი იყო, ამაყი იერით მარტოდმარტოს ევლო, და სადაც ჟედის გარდა, საშობაო ვახშამს რომ არ აცდენდა, კაციშვილი არ მიდიოდა. უახლოესი სავაჭროები დიდი ხანია გაქრნენ, მეზობელ ქუჩებში ფეხით სიარული შეუძლებელი გახდა - შუქნიშნის წითელ ნიშანზე გაჩერებულ ავტომობილებზე თავდასხმაც იშვიათი არ იყო. რენსის მერიამ მამამისს ოჯახურ საქმეებში დასახმარებლად მსახური ქალი გაუგზავნა - ერთი ანჩხლი, ბოროტი სენეგალელი ქალი, ფატი, რომელმაც მოხუცი პირველივე დღიდან შეიძულა, თეთრეულს თვეში ერთხელ უცვლიდა და როცა საყიდლებზე მიდიოდა, ქურდობდა კიდეც.

ამასობაში ოთახში ტემპერატურამ ნელ-ნელა აიწია. ჟედმა ჯერ გაუმშრალ ნახატს სურათი გადაუღო - რაღაცას მაინც აჩვენებს მამას. შარვალი და პულოვერი გაიძრო, პირდაპირ იატაკზე დაგებულ ვიწრო ლეიბზე ფეხმორთხმით ჩაჯდა, რომელიც საწოლის მაგივრობას ასრულებდა და საბანში გაეხვია. სუნთქვა თანდათან შეანელა. მქრქალ მიმწუხრში ტალღების ნელი, უსიცოცხლო ტლაშუნი წარმოიდგინა. ეცადა გონება სულის სიმშვიდისკენ მიემართა; და მამასთან ერთად მორიგი შობის ღამის გასატარებლად მომზადებულიყო.

ამ მედიტაციურმა მომზადებამ თავისი ნაყოფი გამოიღო და საღამომ მშვიდად თუ არა, ნეიტრალურად მაინც ჩაიარა, გულითადადაც კი; მეტის იმედი უკვე დიდი ხანია არცა ჰქონია.

მეორე დღეს დილას, საათის შვიდზე, ჟედი რენსის სადგურისკენ მიმავალ გზას ფეხით გაუყვა იმ იმედით, რომ ადგილობრივი ბანდებიც შობის დადგომას იზეიმებდნენ, და აღმოსავლეთ სადგურს მშვიდობიანად მიაღწია.

გარემონტებულმა წყლის გამაცხელებელმა ერთი წელი იმუშავა და ახლა სისუსტის ნიშანი პირველად გამოსცა. ნახატი “არქიტექტორი ჟან-პიერ მარტენი კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს” უკვე დიდი ხანია დამთავრებულია და პერსონალური გამოფენის მოლოდინში, რომელსაც თავი ვერაფრით ვერ მოება, ჟედის გალერისტის საცავში ინახება. ჟან-პიერ მარტენმა თვითონვე - ჟედისდა გასაოცრად, რომელმაც დიდი ხნის წინ ჩაიქნია ხელი - გადაწყვიტა რენსის სახლის დატოვება და ბულონში, მოხუცთა სახლში გადასვლა, სადაც სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფილი იქნებოდა. წელს მათი ტრადიციული საშობაო ვახშამი ბოსკეს პროსპექტზე მდებარე რესტორანში, “მამასთან”, უნდა გამართულიყო. ჟედი “პარისკოპოში” გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადებით მოიხიბლა, სადაც ძველებურ, ტრადიციულ საჭმელებს სთავაზობდნენ, და უნდა ითქვას, რომ დაპირება სრულად შეასრულეს. ყვავილწნულებით მორთული ნახევრად ცარიელი დარბაზი თოვლის პაპებითა და ნაძვის ხეებით იყო მოფენილი. ძირითადად ასაკიანი ხალხი იყო შეკრებილი პატარ-პატარა ჯგუფებად, აქა-იქ უფრო მოხუცებიც ჩანდნენ, გულმოდგინედ, კეთილსინდისიერად, რაღაცნაირი სიშმაგითაც ღე- ჭავდნენ ტრადიციული სამზარეულოს კერძებს. მენიუში ჰქონდათ ტახის ხორცი, ძუძუთა გოჭი, ინდაური; ჩაროზად, რაღა თქმა უნდა, ძველებურად მომზადებული, საშობაო ტორტი იყო. ხოლო თავაზიანი და შეუმჩნეველი ოფიციანტები ისე უხმაუროდ საქმიანობდნენ, თითქოს დამწვრობის ცენტრის მომსახურე პერსონალი ყოფილიყვნენ. ჟედი მიხვდა, სისულელე ჩაიდინა მამა ამ რესტორანში რომ მოიყვანა, სადაც ასეთ საჭმელებს სთავაზობდნენ. ეს ხმელ-ხმელი, სერიოზული, მკაცრსახიანი კაცი, როგორც ეტყობა, პირის გემოთი არასოდეს დამტკბარა და არც უნარი ჰქონდა ამისა, მაშინაც კი, იმ იშვიათ დღეებში, როცა ქალაქში ერთად სადილობდნენ, მაგალითად, თუ ჟედს მასთან შეხვედრა სადმე ოფისის ახლომახლო მოუნდებოდა, მამას იგი მუდამ ერთსა და იმავე სუში-რესტორანში მიჰყავდა. რა უაზრობაა გასტრონომიულ ექსტაზთან შერწყმისკენ სწრაფვა. კაცმა არ იცის, ოდესმე ჰქონია კი ასეთი სურვილი, საეჭვოა ჰქონოდა - ისიც გასათვალისწინებელია, რომ მის ცოლს სძულდა საჭმელების მომზადება. მაგრამ ეს შობა იყო, შობა კი შობაა, თანაც განა სხვა არჩევანი იყო? ბოლო ხანს მამა ჩაცმისადმი გულგრილი გახდა, უფრო და უფრო ცოტას კითხულობდა, და საერთოდაც, ეტყობოდა, ცოტა რამ თუღა აინტერესებდა. თუ მოხუცთა სახლის დირექტორს დავუჯერებთ “ზომიერად შეეგუა კოლექტივს”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ურთიერთობა არავისთან ჰქონდა. ამ წუთში კი მამა ისეთი მონდომებით ღეჭავდა გოჭის ხორცს, თანაც ისეთი გამომეტყველებით, თითქოს რეზინის ნაჭერი ყოფილიყო, არანაირ სურვილს არ ამჟღავნებდა გა- ჭიანურებული დუმილი დაერღვია, ჟედი ციებცხელებიანივით (ამაოდ აიღო ჟევიურცტრამინერი ხამანწკებთან, ამას იმ წამს მიხვდა, როცა ბოთლი შეუკვეთა; თეთრი ღვინო მუდამ აზრებს უბნევდა,) ცდილობდა რაღაც ისეთი თემა ეპოვა, რაც სალაპარაკოდ, შეხების წერტილად გამოდგებოდა. ცოლი რომ ჰყოლოდა, თუნდაც ცხოვრების თანამგზავრი ქალი, ანდა უბრალოდ ვინმე ქალი, ყველაფერი სხვანაირად ჩაივლიდა - ქალები კაცებზე უკეთესად აგვარებენ ოჯახურ ამბებს, რაღაცა აზრით ეს მათი სპეციალობაა. თუნდაც შვილები არ იყვნენ, სულერთია, მათ რაღაც პოტენციური მოთხოვნილება აქვთ, რომ ჰორიზონტზე ჩანდნენ; მოხუცებს კი შვილიშვილები აინტერესებთ, ეს ცნობილი ამბავია, და ბუნებრივ ციკლთან არის დაკავშირებული ან კიდევ რაღაც ამდაგვართან, ერთი სიტყვით, მათ ბებრულ თავებში რაღაც ახალი გრძნობები ჩნდება, ვაჟიშვილში მამა კვდება, ეს გასაგებია, მაგრამ პაპა შვილიშვილში ხელახლა ცოცხლდება ან მისი წყალობით რევანშს იღებს. მოკლედ, ეს ყველაფერი სალაპარაკოდ საკმარისი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, საშობაო ვახშმის დროს მაინც. ზოგჯერ ჟედი იმაზეც ფიქრობდა საშობაო საღამოებისთვის escort-იდან ვინმე გოგო დაექირავებინა, შეხვედრამდე ორიოდე საათით ადრე მისთვის ინსტრუქტაჟი ჩაეტარებინა და ერთაქტიანი სპექტაკლი გაეთამაშებინა. ეს კარგად გამოუვიდოდა, მამამისი ხომ სხვათა ცხოვრების წვრილმანებით არასოდეს ყოფილა დაინტერესებული, როგორც საერთოდ მამაკაცთა უმრავლესობა.

რომანულენოვან ქვეყნებში საშუალო და ხნიერი ასაკის მამაკაცების დიალოგისთვის პოლიტიკა სრულიად საკმარისია; საზოგადოების დაბალ ფენებში ზოგჯერ მას სპორტი ცვლის. აი ანგლო-საქსური ღირებულებების მიმდევრებისთვის პოლიტიკის როლს ეკონომიკა და ფინანსები ასრულებს; ლიტერატურა ზოგჯერ რაღაც დამხმარე თემაა. პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ არც ჟედს და არც მამამისს ეკონომიკა საერთოდ არ აინტერესებდათ, მაინცდამაინც თავს არც პოლიტიკით იკლავდნენ. ჟან-პიერ მარტენს მოსწონდა, ზოგადად, ქვეყნის მმართველობის ფორმა; მის შვილს კი ამ საკითხზე არანაირი აზრი არ ჰქონდა; მიუხედავად ამისა, დაწვრილებით განიხილეს ყველა სამინისტროს საქმიანობა და ყველიან ურმამდე მიაღწიეს.

ყველის დანახვაზე ჟედის მამა ოდნავ გამოცოცხლდა და შვილს შემოქმედებით გეგმებზე ჰკითხა. ამჯერად, საუბედუროდ, ჟედმა ვერ შეძლო ატმოსფეროს განტვირთვა. მის ბოლო ტილოს, “დამიენ ჰერსტი და ჯეფ კუნსი ხელოვნების ბაზარს იყოფენ”, დამთავრება არაფრით არ უნდოდა, ადგილზე იტკეპნებოდა; რაღაც უხილავი ძალა, ერთი თუ ორი წელი რომ აკავებდა, ახლა ნელ-ნელა ქრებოდა, იფიტებოდა, ოღონდ ეს მამისთვის რატომ უნდა ეთქვა? მას რა შეეძლო, და საერ- თოდაც ვერავინ დაეხმარებოდა, ასეთი გულახდილი აღიარებისას ადამიანები მხოლოდ თავაზიანობის გამო თუ თანაგიგრძნობენ. რაც გინდათ თქვით და, ადამიანთა ურთიერთობები გახვრეტილ გროშადაც არ ღირს.

- გაზაფხულისთვის პერსონალურ გამოფენას ვამზადებ, - როგორც იყო ამოღერღა ჟედმა, - მაგრამ ჯერჯერობით ოდნავ თუ წავიწიეთ წინ. ფრანცს, ჩემს გალერისტს, უნდა კატალოგის ტექსტი მწერალს შეუკვეთოს. უელბეკზე შეაჩერა არჩევანი.

- მიშელ უელბეკზე?

- იცნობ? - ჰკითხა გაოცებულმა ჟედმა. ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მამამისს რაიმე კულტურული პროდუქცია დააინტერესებდა.

- მოხუცთა სახლში პატარა ბიბლიოთეკაა; მისი ორი რომანი წავიკითხე. მგონი, კარგი ავტორია. სასიამოვნო საკითხავია და საკმაოდ ზუსტი შეხედულებები აქვს საზოგადოებაზე. რამე გიპასუხა?

- არა, ჯერ არა... - ჟედი ჩაფიქრდა. თუ სასოწარკვეთილების რუტინაში უიმედოდ ჩავარდნილმა ადამიანმა, რომელსაც ცალი ფეხი აჩრდილთა სიკვდილის ველისკენ მიმავალ გზაზე უდგას, როგორც მამამისს, შეამჩნია უელბეკის არსებობა, მაშინ ამ ავტორში რაღაც არის; მაშინვე მიხვდა, რომ ამაოდ არ მიაქცია ყურადღება და მეილის დახმარებით უელბეკს არ დაუკავშირდა, თანაც ფრანცმაც არაერთხელ სთხოვა. დრო კი არ იცდიდა. Art Basel-ისა და Frieze Art fair-ის თარიღებს თუ მხედველობაში მივიღებთ, გამოფენა აპრილში უნდა მოეწყოს, უკიდურეს შემთხვევაში - მაისში, ძნელია უელბეკს მოსთხოვო კატალოგის ტექსტი ორ კვირაში დაწეროს, ის ხომ ცნობილი ავტორია, მსოფლიოში სახელგანთქმული, ყოველ შემთხვევაში, ფრანცი ასე ფიქრობს.


მამამისს აგზნებამ გაუარა და თავის სენ-ნექტერს ისევე უნდილად ღეჭავდა, როგორც გოჭის ხორცს. ეტყობა, სიბრალულის გამო გვგონია, თითქოს ასაკოვან ადამიანებს ჭამისკენ რაღაცნაირი განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ, რადგან გვინდა საკუთარი თავი დავაჯეროთ, რომ კარგია, ეს მაინც რომ შემორჩათ; სინამდვილეში, ეს სიხარული ისევე ულმობლად ქრება, როგორც ყველაფერი დანარჩენი. და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მოშლითა და პროსტატის კიბოთი მთავრდება.

მათგან მარცხნივ, რამდენიმე მეტრში, ოთხმოციოდე წლის სამ მოხუც ქალს ხილის სალათზე თავი დაუხრია - ალბათ გარდაცვლილი მეუღლეების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად. ერთმა შამპანურით სავსე ბოკლისკენ ძლივს წაიღო ხელი; და მაშინვე მაგიდაზე ჩამოუვარდა; ძალდატანებისგან მძიმედ სუნთქავდა. ცოტა ხნის შემდეგ იგივე გაიმეორა, ხელი საშინლად უკანკალებდა, სახე კი დაძაბულობისგან დაეკრუნჩხა. ჟედმა ძლივს შეიკავა თავი, დასახმარებლად რომ არ მისულიყო, ვერ შეძლო დახმარება, რადგან მისი საქმე არ იყო. რამდენიმე მეტრის დაშორებით მდგარმა ოფიციანტმაც კი, შიშით რომ შეჰყურებდა მოხუცი ქალის მანიპულაციებს, ვერ შეძლო დახმარება; ეს ქალი ახლა უშუალოდ, პირდაპირ უფალთან ურთიერთობდა. ის ახლა ოთხმოცდაათთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ოთხმოცთან.

რათა ყოველი პირობა აღსრულებულიყო, დესერტი მოიტანეს. ჟედის მამამ ტრადიციულ ჩაროზს უსიტყვოდ შეუტია. ახლა უკვე ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. დრო რაღაც უცნაურად გადიოდა: მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ, მაგიდასთან ჩამოწოლილ ხანგრძლივ სიჩუმეს კი მხოლოდ მძიმე შეგრძნებების გამწვავება შეეძლო, თითქოს წამები და თვით წუთები საოცარი სისწრაფით გარბოდნენ. ნახევარი საათის შემდეგ, ისე რომ ერთი აზრიც არ მოსვლია გონებაში, ჟედმა მამა ტაქსის გაჩერებასთან მიაცილა. საღამოს ათი საათი იყო მხოლოდ, მაგრამ ჟედმა იცოდა, რომ მოხუცთა სახლის მცხოვრებლებს მამამისი ისედაც უკვე ბედნიერ კაცად მიაჩნდათ, რადგან ვიღაც ჰყავდა, ვისთანაც შობის ღამის რამდენიმე საათი გაატარა. “კარგი შვილი გყავთ...”, უკვე არაერთხელ უთქვამთ მისთვის. კეთილმოწყობილ, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილ მოხუცთა სახლში გადასვლით, ყოფილი ხანშიშესული კაცი - ბოლოს და ბოლოს მოხუცის სტატუსს ღებულობს - რაღაცით იმ ბავშვის მდგომარეობაში აღმოჩნდება, პანსიონში რომ გააგზავნეს. ზოგჯერ ნახულობენ: ბედნიერებას ზღვარი არ აქვს, სამყაროს ეცნობა, Pepito-ს ჭამს, კლოუნ როლანდ მაკდოლანდს ხვდება. უფრო ხშირად კი, სანახავად არავინ მიდის: დაცარიელებული პანსიონის მოასფალტებულ მოედანზე, ხელბურთის ფარებს შორის ნაღვლიანად დაეხეტება. თავისუფლებას ელოდება, გაფრენა სწყურია.

სახელოსნოში დაბრუნებულმა ჟედმა აღმოაჩინა, რომ წყლის გამაცხელებელი დიდებულად მუშაობდა, ტემპერატურა ნორმალური იყო, ცხელოდა კიდეც. ვიდრე ლეიბზე გაიშოტებოდა, ტანსაცმლის ნაწილი გაიხადა და სრულიად თავისუფალი გონებით ჩაიძინა.

შუაღამე გადასული იყო, რომ მოულოდნელად გამოეღვიძა, მაღვიძარა 4 საათსა და 43-ს აჩვენებდა. ოთახში ისე ცხელოდა, კაცს სული შეეხუთებოდა. წყლის გამაცხელებლის ხმაურმა გამოაღვიძა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ჩხაკუნი არ იყო, არამედ გაგრძელებული, ხმადაბალი, თითქმის ინფრაბგერითი შიშინი. მკვეთრი მოძრაობით სამზარეულოს ჭირხლით დაფარული ფანჯარა გამოაღო. ოთახში გაყინული ჰაერი შემოვარდა. მაშინვე დაკეტა ფანჯარა. ეზოში მაწანწალები შემოპარულიყვნენ; მოგროვებული ნასუფრალით ხვალ საშობაო ვახშმის ნარჩენებით ქეიფს მოაწყობენ. ვერც ერთი მობინადრე ვერ გაბედავს მათ თავიდან მოსაშორებლად პოლიციის გამოძახებას. ჩვეულებრივ, ამ საპატიო მისიას პირველ სართულზე მცხოვრები სამოციოდე წლის ქალი ასრულებდა, რომელიც თმას ინით იღებავდა და ჭყეტელა ფერებით ნაქსოვ პულოვერს ატარებდა, და რომელიც ჟედს პენსიაში გასული ფსიქოანალიტიკოსი ეგონა. მაგრამ ამ ბოლო დღეებში იგი რაღაცა არ დაუნახავს, შეიძლება დასასვენებლად იყო სადმე წასული ან შეიძლება მოულოდნელად გარდაიცვალა კიდეც. ახლა ეს მაწანწალები აქ რამდენიმე დღე დარჩებიან, მათი განავლის სუნი ეზოს აავსებს და ფანჯარასაც ვეღარ გააღებს კაცი. სახლის მცხოვრებლებთან თავაზიანად იქცეოდნენ, პირფერულადაც კი, ერთმანეთს კი არ ინდობდნენ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩხუბობდნენ და ღამის სიჩუმეს საზარელი ღრიალი არღვევდა, ვიღაც “სასწრაფოს” იძახებდა, ის, ვინც ნახევრად ყურმოგლეჯილი საკუთარ სისხლში დასველებული უბედური აღმოაჩინა.

ჟედი მოულოდნელად ჩაჩუმებულ გამაცხელებელს მიუახლოვდა, ფრთხილად ასწია მართვის პანელის სახურავი; აპარატმა მაშინვე მოკლედ ამოიხრიალა, თითქოს შეჭრის საფრთხე იგრძნოო. სასწრაფოდ აციმციმდა ყვითელი გაუგებარი დანიშნულების ინდიკატორი. გათბობის მარეგულირებელი ნელა, მილიმეტრ-მილიმეტრობით მარცხნივ გადასწია. თუ საქმე ცუდად წავიდოდა, იმ ხორვატის ტელეფონის ნომერი კიდევ ჰქონდა შემონახული; მაგრამ ვინ იცის, აგრძელებდა კი მუშაობას? როგორც ჟედს გულახდილად გამოუტყდა, არ აპირებდა მთელი ცხოვრება “ზეინკალად დახავსებულიყო”. ოცნებობდა “მაყუთი დაეგროვებინა”, სახლში, ხორვატიაში დაბრუნებულიყო, უფრო ზუსტად კი, კუნძულ ხვარზე, და იქ წყლის სკუტერების გამქირავებელი პუნქტი გაეხსნა. აქ სიტყვას ჩავურთავთ და აღვნიშნავთ, რომ ჟედის მამამ, ზუსტად პენსიაში გასვლის წინ ხვარზე, სტარი გრადში, ელიტარული საკურორტო ზონის ასაშენებელი პროექტების ღია კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ახლა პრესტიჟული ადგილი ხდებოდა, გასულ წელს იქ შონ პენმა და ანჯელინა ჯოლიმაც გაიბრწყინეს; და ჟედმა რაღაც ბუნდოვანი ნაღველი იგრძნო, წმინდა ადამიანურად დაენანა, რომ ეს ხელოსანი იძულებული იყო ზეინკლის კეთილშობილური ხელობა რაღაც სულელური, ხმაურიანი აპარატების გაქირავებაზე გაეცვალა და ფაზანდერის ქუჩაზე მცხოვრები, ფულით გატენილი ვიღაც პრეტენზიული ტიპების ხუშტური დაეკმაყოფილებინა.

“რა არის აქ სანახავი?” კითხულობდა კუნძულ ხვარის ინტერნეტსაიტი, და თვითონვე პასუხობდა დასმულ კითხვას: “თქვენ აქ დაგხვდებათ იშვიათი ჰარმონიით გაერთიანებული ლავანდას მინდვრები, ზეთისხილის უძველესი ხეები, ვენახები, დაბოლოს, ვისაც ბუნებასთან მიახლოება სურს, მდიდრული რესტორნის ნაცვლად, ჯერ ხვარის კონობს (პატარა სამიკიტნო) უნდა ეწვიოს, შამპანურის ნაცვლად ნამდვილი სოფლური ღვინო დააგემოვნოს, კუნძულელების ძველი ხალხური სიმღერები იმღეროს და ყოველდღიური ერთფეროვნება დაავიწყდება”. აი, თურმე რამ აცდუნა შონ პენი; ჟედმა მკვდარი სეზონი წარმოიდგინა, ჯერ კიდევ თბილი ოქტომბრის თვე და ყოფილი ზეინკალი, მშვიდად რომ იჯდა მაგიდასთან ზღვის ნობათით სავსე თეფშის წინ, ცხადია, მისი არჩევანის გაგება შეიძლება, პატიებაც კი.

უგულოდ მიუახლოვდა ტილოს “დამიენ ჰერსტი და ჯეფ კუნსი ხელოვნების ბაზარს იყოფენ”, რომელიც სახელოსნოს შუაში მოლბერტზე იდო, ისევ უკმაყოფილების გრძნობამ შეიპყრო, კიდევ უფრო მწარემ. უცბად იგრძნო, შიოდა, რაც ნორმალური არ იყო, მამასთან ერთად ხომ საშობაო საჭმელების სრული ჩამონათვალით ივახშმა - საუზმე, ყველი და დესერტი, არაფერი დაიკლო, მაგრამ მაინც შიოდა, თანაც ძალიან დასცხა, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. სამზარეულოში გაბრუნდა, სოუსიანი კანელონის ქილა გახსნა და ერთმანეთის მიყოლებით გადაყლაპა, თან თავის ბედნავს ნახატს მოღუშული უყურებდა. კუნსს სიმსუბუქე აკლდა, ჰაეროვნება არ ჰყოფნიდა - ფრთები ხომ არ მიუხატოს, როგორც ღმერთ მერკურს, ამ სულელურმა აზრმა გაუელვა თავში; ჯერჯერობით კი, კუნსი თავისი ზოლებიანი კოსტიუმითა და კომერსანტის ღიმილით ცოტა სილვიო ბერლუსკონის ჰგავდა.

Artprice-ის შეფასებით, მსოფლიოს ყველაზე შეძლებული მხატვრების რეიტინგის მიხედვით, კუნსს მეორე ადგილი ეკავა; ამ რამდენიმე წლის წინ, ჰერსტმა, რომელიც მასზე ათი წლით უმცროსი იყო, აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ჟედმა კი გასულ ათწლეულში ხუთას ოთხმოცდამესამე ადგილს მიაღწია - მაგრამ ფრანგებს შორის მეჩვიდმეტე ადგილზე გავიდა. შემდეგ, როგორც “ტურ დე ფრანსის” კომენტატორები ამბობენ, “სატურნირო ცხრილის ბოლოში დაეშვა”, მერე კი, იქიდანაც საერთოდ გაქრა. მთელი ქილა კანელონი მოათავა და ბოთლში ჩარჩენილ კონიაკსაც მიაგნო. მერე ჰალოგენური ნათურა სრული სიმძლავრით ჩართო და პირდაპირ ნახატის ცენტრს დაუმიზნა. ახლოდან ნათელი გახდა, რომ მან ღამის სიბნელეც კი წაახდინა: ის დიდებულება, ის იდუმალება აკლდა, არაბეთის ნახევარკუნძულის ღამეებზე ფიქრისას ჩვენი წარმოსახვა რომ ხატავს; ლაჟვარდი უნდა გამოეყენებინა და არა ულტრამარინი. ჯერაც შექმნის პროცესში მყოფი ნახატი მძღნერული სურათი გამოდიოდა. მასტიხინი აიღო, დამიენ ჰერსტს თვალი გაუხვრიტა, ნახვრეტი გაუფართოვა, რისთვისაც მთელი ძალის გამოყენება დასჭირდა, რადგან სელის მჭიდრო ქსოვილი ძნელად დაემორჩილა. წებოვანი ტილო ჩამოაძრო, ხელის ერთი მოქნევით გახია, მოლბერტი შექანდა და იატაკზე დაენარცხა. ოდნავ დამშვიდებული ჟედი შეჩერდა, ყურადღებით დახედა საღებავით დასვრილ-დაწებოვანებულ ხელებს, და კონიაკი მოათავა, მერე ორივე ფეხით ნახატს შესდგა, ტკეპნა და ქელა საღებავებით მოსვრილ, სრიალა იატაკზე. ბოლოს წონასწორობა დაკარგა, დაეცა, კეფა მოლბერტს მიარტყა და ეტკინა, სლოკინი აუვარდა, გული აერია და მაშინვე შვება იგრძნო, ღამის სუფთა ჰაერი სასიამოვნოდ მიელამუნა სახეზე და ნეტარებით დახუჭა თვალები; ეტყობა, მორიგი ციკლის ბოლომდე მივიდა.

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში