ფილიპ როთი - ადამიანური ლაქა

ოთხმოცდათვრამეტი წლის ზაფხული... ამერიკაში წესრიგმა და კეთილზნეობამ არნახულად გაშალა ფრთები, როდესაც ტერორიზმმა ჩვენი ქვეყნის უდიდესი საფრთხე - კომუნიზმი ჩაანაცვლა და თავად კი ორალურ სექსს დაუთმო ადგილი, როდესაც შუახნის პრეზიდენტმა და უდარდელმა ოცდაერთი წლის გოგონამ, როგორც მოზარდებმა ავტოსადგომზე, ოვალურ დარბაზში ამერიკის უძველესი ჟინი - შესაძლოა, ისტორიულად ყველაზე საბედისწერო და მავნებელი - ფარისევლობის ექსტაზი გააღვიძეს.

იმ დროს ქალიცა და კაციც დილით თვალს რომ გაახელდნენ, აღმოაჩენდნენ, რომ ღამით, როდესაც შურისა და ზიზღის სამყაროდან ძილის სამეფოში იყვნენ გადანაცვლებულნი, ქლინთონის თავხედობა ხიბლავდათ კიდეც.

იცით, რითი დაიწყო ევროპული ლიტერატურა? - ჰკითხავდა ხოლმე გამოძახებულ სტუდენტს, - ჩხუბით! მთელ ევროპულ სიტყვიერებას საფუძვლად დიდი აურზაური დაედო, - მერე გადაშლიდა „ილიადას“ დასაწყისს და ხმამაღლა იწყებდა კითხვას: „რისხვას, ქალღმერთო უგალობე აქილევსისა, აქაველთ თავს რომ დაატეხა ვნება ულევი... მტრად მოეკიდნენ ოდეს ერთურთს მამაცთა მეფე აგამემნონ და აქილევსი, ღმერთის სადარი“.

ხელმძღვანელობის თვალში წონის მოსამატებლად კაცი რას არ იზამს.

ეს ნაყარნუყარი ხალხი ისე მძაგს, როგორც კაცთა მოდგმა გულივერს, ცხენებთან რომ დაიწყო ცხოვრობა. არადა, ბიოლოგიურად სვიფტის ცხენები მუდამ სიცილს მგვრიდნენ. იცით, რას მაგონებენ? თეთრ ანგლოსაქსურ პროტესტანტურ ისტებლიშმენთს.

იმასაც შეამჩნევდა, რამხელა ბედნიერებას გრძნობდა იმის გამო, რომ სრულიად შემთხვევით ჰქონდა მინიჭებული სიცოცხლე, იმ ბავშვივით ხარობდა, ტუალეტის ქაღალდისა და სავარცხლის კომბინაციით უმარტივესი მოტივი რომ გამოიყვანა.

- ვკითხე, სამოცდათერთმეტი წლის კაცთან მოგწონს მეთქი? და იცი, რა მიპასუხა? მშვენიერია, რაც არის, ეგ არის, არც სიურპრიზებს ელი და არც ცვლილებებსო.
- ბრძენი ყოფილა.
- სიურპრიზების წყალობით. ოცდათოთხმეტი წელიწადი ხისტი სიურპრიზების კორიანტელმა სიბრძნე შემატა. მაგრამ ეს მეტისმეტად ვიწრო, ანტისოციალური სიბრძნეა. იმ ადამიანის სიბრძნე, რომელიც არავისგან არაფერს ელის. ეს მარტოობაში განზავებული სიბრძნეა და არა ის, რომელმაც დღითი დღე უფრო და უფრო სწორ გზაზე უნდა გატაროს. ის კი ცხოვრებისგან აღარაფერს მოელის, რადგან მთელი დღე და მოსწრება სულ თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებდა. ალბათ, აქედან აქვს ყველაფერი შეთვისებული.

იმ დროს, როდესაც კაცი კაცთან სექსზე იწყებს საუბარს, უთუოდ თქვენ შესახებაც გატყობინებთ რაღაცას.

„ვიაგრის“ წყალობით ჩავწვდი ზევსის სასიყვარული მეტამორფოზებს. სხვა რამე უნდა ერქვას ამ პრეპარატს, „ვიაგრა“ კი არა, „ზევსი“ უფრო მოუხდებოდა.

მრავალი წლის განმავლობაში ცოლიანი კაცი იყო. შვილებიც შეეძინა. კოლეჯის დეკანად მუშაობდა. მთელი ორმოცი წელიწადი თავის საქმეს აკეთებდა. სულ დაკავებული იყო, ამიტომ ბუნებრივი არსება - ცხოველი გალიაში ჰყავდა გამომწყვდეული. ახლა ეს გალია გახსნილია. დეკანობა, მამობა, ქმრობა, წიგნების კითხვა, ლექციების ჩატარება, დავალებების შემოწმება, ნიშნების წერა... აქედან აღარაფერი უნდა. ცხადია, სამოცდათერთმეტი წლისა ისე თვალადი მხეცი ვეღარ იქნები კაცი, ოცდაექვსისა რომ იყავი, მაგრამ ძველი მხეცის ნარჩენი, ნარჩენი შინაგანი არსებისა, მაინც რჩება, ქოულმენი კი სწორედ ამ ნარჩენებში აფათურებს ახლა ხელებს.

თუკი ყელამდე აღტაცებული გინდა იყო, ვინმეს მაინც უნდა გამოუტყდე ამაში.

სიბერეც რაღაც ამის მსგავსია, კუთხეში მიყუჟვას ჰგავს, როცა ყველა ერთობა.

რაღაც გაბრუნებს ამ ცხოვრებისკენ, მერე კი ისევ ის რაღაც გიღებს ბოლოს.

აქილევსის რისხვა, ფილოქტეტეს სიშმაგე, მედეას მძვინვარება, აიაქსის სიგიჟე, ელექტრას სასოწარკვეთილება, პრომეთეს ტანჯვა - ეს ყოველივე ნათელი მაგალითივით უჩვენებდა მას, რამხელა საშინელება შეიძლება დაატყდეს ადამიანს თავს, როდესაც გულისწყრომა, აღშფოთება უმაღლეს მწვერვალს მიაღწევს, როდესაც სამართლიანობის სახელით მიეგება სამაგიერო, როდესაც ორივე მხრიდან შლის ფრთებს მისაგებლის მიგების სურვილი.

ღმერთო, ერთხელ მაინც რომ მოუსმინოს ვინმემ ადამიანს, ხომ შეიძლება?

კარზე ოთხმოცდათვრამეტი წელი მოგვდგომია. ჯენის ჯოპლინმა და ნორმან ო. ბრაუნმა უკვე დიდი ხანია ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალეს. მაგრამ აქ, ბერქშირში, გინდ უბრალოდ ადამიანი აიღეთ და გინდ პროფესორი, თითქმის ყველა ხისტად იცავს თავის ძველმოდურ შეხედულებებს და არასდიდებით არ სურს რაღაც-რაღაცეების გადაფასება, რადგან ამით სექსუალური რევოლუციისთვის მოუწევს გზის დათმობა. აქ ბევრი ჩლუნგი, რეტროგრადი მორწმუნეა, რომელსაც სხვისი, ან უფრო ზუსტად, თქვენნაირი უზნეო ადამიანის გაკიცხვა პურად უღირს. ისეთ ალში გაგხვევენ, თუ მოინდომეს, რომ „ვიაგრასაც“ კი გადააჭარბებენ.

თავის შეცნობა, ოღონდ ფარული. აი, ძლევამოსილების ნამდვილი წყარო.

სულ ცოტა სოფოკლე უნდა იყოს ადამიანი, რომ იმაზე იმტვრიოს თავი, შემთხვევითობა ქმნის ბედს თუ გარდაუვალი ქმნის შემთხვევითობას.

წარსულისათვის პატივის მიგება მისთვის გასაგები იყო, მაგრამ წარსულის კერპად ქცევას კი ნამდვილად ვერც იგებდა და ვერც იღებდა. ჯანდაბას ამისთანა ტყვეობაო, - იტყოდა ხოლმე.

თავისუფლება საშიში და სახიფათო ყოფილა. საკუთარი პირობებით თუ იწყებს კაცი საქმეს, წაბორძიკებასაც უნდა ელოდოს.

- ტრაკში უნდა მოეტყნა ქლინთონს და ისე გაეკმენდინებინა ენა. მაგ კაცზე სულ სხვა წარმოდგენა გვქონდა, სინამდვილეში კი დონდლო აღმოჩნდა. ოვალურ დარბაზში უნდა გადაეკუზა და უკნიდან გაეყარა, აი, მერე კი ნაღდად არ მოხდებოდა, რაც მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ერთი შეხედვით ყველაფერზე მიუწვდებოდა ხელი, მაგრამ ვერაფერს კი ვერ აკარებდა ამ ხელს. ჯოჯოხეთში ყოფნასავით არის.

მწერლისთვის კატასტროფა ხომ პურია არსობისა.

თავისუფლების შეტევა სამოცდაათი წლის ასაკში - წინანდელი ცხოვრებისათვის ზურგის შექცევა. „აშენბახის სიგიჟე“ - ასე უწოდებენ ხოლმე ზოგჯერ. „და, აი, იგივე დღე, - გვაუწყებს უკანასკნელი ფრაზა რომანში „სიკვდილი ვენეციაში“, - შეძრულმა და პატივდებულმა სამყარომ შეიტყო მისი გარდაცვალება“. არა, არაფერში სჭირდება ტრაგიკული პერსონაჟის გზის განმეორება.

ყველაფერი მტკივნეული ვნებაშია გამოწრთობილი.

ყოველი ჩვენგანი ხომ საკუთარ აღსასრულს თავისებურად ასრულებს.

ფორტეპიანო და გარგანტუელი? ეს ხომ სასაცილოა. ...აქამდე ინსტრუმენტზე მსგავსი შეტევა არ მინახავს.

ყველა ხიდი გადამწვარია, მომავლისაც და წარსულისაც. საჯაროდ და საზოგადოდ ფიქრს მოეშვი. ნეტავ საერთოდ რას გვერჩის ეს დიდებული საზოგადოება? რად გვაქცევს? „შენ უნდა, უნდა უნდა...“ ჯანდაბას მაგათი თავი. ვინც უნდა იყო და რაც უნდა აკეთო, მაინც ბოლოს მოგიღებენ.

ჩვენ ლაქას, კვალს, ანაბეჭდს ვტოვებთ. სიბინძურე. სისასტიკე. ძალადობა, განავალი, თესლი - სხვანაირად, ალბათ, არც შეგვიძლია ცხოვრება. არც ისაა საქმის არსი, რომ დამორჩილებაზე ვაცხადებთ უარს. არც ღვთის წყალობა და მონანიებაა არაფერ შუაში. ეს ყველა ჩვენგანშია. მოუცილებელია. თანდაყოლილია. განმსაზღვრელია. ლაქა, რომელიც წინ უსწრებს დაუმორჩილებლობასა და არავითარ ახსნას არ ექვემდებარება. ამიტომაც ნებისმიერი მცდელობა ამ ლაქის მოცილებისა, სიცილის მომგვრელია და მეტი არაფერი. ბარბაროსული სიცილის მომგვრელი. სიწმინდის ფანტაზია საზარელია. სიგიჟეა.

რამდენი სიგიჟე ახლავს ვნებას! რამდენი გარყვნილება, რაოდენი ბიწი. უხეში, ხისტი სიამე.

ბრალდების წარდგენა ხომ დამტკიცების ტოლფასია. მოსმენა კი - დაჯერების. რა არის აქ რთული? აქ არავითარი მოტივი, ლოგიკა და დასაბუთება არ არის საჭირო. მხოლოდ იარლიყიც იკმარებს. თუკი იარლიყი მიაკერეს ვინმეს, მაშ, მოტივიც გამოიკვეთება, სახელებიც გამოჩნდება და ლოგიკასაც ნათელი მოეფინება.

 ყოველთვის არსებობს სინამდვილე და არსებობს უფრო ღრმა სინამდვილე. მართალია, ირგვლივ უამრავი ხალხია, რომელსაც ჰგონია, რომ მოხარშულს გიცნობს ადამიანს, მაგრამ სინამდვილის ბოლომდე ცოდნა მაინც შეუძლებელია. ჩვენ შესახებ სინამდვილე ამოუწურავია. ისევე, როგორც სიცრუე.

„ჩვენ“, რომლისგანაც თავს ვერ დააღწევს ძე ხორციელი - აი, რისი ბრალია ყველაფერი; ახლანდელი დროისგან, საერთო ხვედრის, დღის წესრიგის, შენი ქვეყნის სულიერი განწყობილებისა და მიმდინარე ისტორიის უკანასკნელი გაფრთხილებისგან.

ყველაზე უარესი ხშირად სინამდვილესთან ახლოს არის ხოლმე.

გამომცემლობა „პალიტრა L”, 2013წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში