ელინური მითები - სიზიფე

Franz von Stuck - Sisyphus
დევკალიონის შვილისშვილი, ეოლოსისა და ენარეტას ვაჟი სიზიფე, რომელსაც ქალაქ კორინთის დამაარსებლად თვლიან, მოკვდავთა შორის სახელგანთქმული იყო თავისი ცბიერებით.

ერთხელ სიზიფემ საიდუმლოდ შეატყობინა მდინარის ღმერთს ასონს, თუ სად ცხოვრობდა ღმერთების მამამთავარი ზევსი. ამ საიდუმლოს გამჟღავნებისათვის მდინარის ღმერთმა სიზიფეს აღუთქვა კორინთის მთების კალთებზე მდინარის გამოყვანა. მართლაც, ასონმა შეასრულა თავისი დაპირება, და კორინთის ხრიოკ მთაგრეხილებზე ამოჩუხჩუხდა პირენის შესანიშნავი წყარო, რომლის ანკარა ნაკადები კორინთის ადგილებს საამურად რწყავდა.

ოლიმპოს მბრძანებელს, ყოვლად შემძლებელ ზევსს, არ მოსწონდა სიზიფეს ცბიერება და ამიტომ გადაწყვიტა მისი სასტიკად დასჯა. ზევსმა თავისი გადაწყვეტილების შესრულება არ დააყოვნა და კორინთის ცბიერ მეფე სიზიფეს მოუვლინა სიცოცხლის მომსპობი ღმერთი თანატოსი. მაგრამ ცბიერმა მეფემ ვერაგულად დაიჭირა ზევსის მიერ მოვლენილი თანატოსი, მძიმე ხუნდებით შებორკა, და ადამიანის გვარეულობას სიკვდილი უკვე აღარ მოელოდა.

ოლიმპოს მბრძანებლის მრისხანებას საზღვარი არა ჰქონდა. ყოვლად შემძლებელი ღმერთების მამამთავრის ბრძანებით, დედამიწაზე ჩამოეშვა ომიანობის ღმერთი არესი, რომელმაც თანატოსი გაათავისუფლა, ხოლო ცბიერი მეფე სიზიფე საიქიოს სამეფოში გაგზავნა სასჯელის მოსახდელად. მაგრამ ცბიერმა მეფემ საიქიოს სამეფოშიაც მოახერხა ღმერთების შეცდომაში შეყვანა. სიზიფემ, სანამ საიქიოს სამეფოში გაგზავნიდნენ, ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე დაავალა თავის მეუღლეს მეროპეს მსხვერპლი არ შეეწირა და მიცვალებულთა შესახებ დაწესებული წესები არ შეესრულებინა. როცა საიქიოში შეიტყეს, რომ სიზიფეს გარდაცვალების შემდეგ მის მეუღლეს მერაპას მიცვალებულთა შესახებ დაწესებული წესები არ შეუსრულებია, მთელი საიქიოს სამფლობელო ამოძრავდა და განუსაზღვრულ აღშფოთებას გამოთქვამდა.

საიქიოს სამეფოს დედოფალმა მშვენიერმა პერსეფონემ ნება დართო სიზიფეს სააქაოს დაბრუნებულიყო და თავისი მეუღლე მეროპე გაეფრთხილებინა ღმერთების მიერ დაწესებული წესების შეუსრულებლობისათვის. მართლაც, პერსეფონეს ბრძანებით, სიზიფე თავის სამეფოში დაბრუნდა, მაგრამ პერსეფონეს დავალება აინუნშიაც არ მოსდიოდა და მისი შესრულების შესახებ სრულიადაც არა ფიქრობდა. ცბიერი მეფე ძველებური უდარდელი ცხოვრების ფერხულში ჩაება და ფუფუნებით ცხოვრობდა.

ერთხელ სიზიფე სასახლეში მდიდრულად გაშლილ სუფრას უჯდა და ნუგბარ სასმელ-საჭმელს შეექცეოდა. სწორედ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, მეფეს გამოეცხადა სიკვდილის ღმერთი თანატოსი, რომელმაც ცბიერი სიზიფე მყისვე სიცოცხლეს გამოასალმა და მისი სული საიქიოს სამეფოში გადაგზავნა სასჯელის მოსახდელად.

ყოვლად შემძლებელმა ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა მუდამ დაუცხრომელი, მუდამ ცბიერი სიზიფე სასტიკად დასაჯა. ღმერთების ბრძანებით, კორინთის მეფეს, ცბიერ სიზიფეს, უზარმაზარი ლოდი უნდა აეტანა მაღალი მთის მწვერვალზე და იქვე კლდეზე მიემაგრებინა.

სიზიფე შეუდგა დავალების ამჟამად მაინც პირნათლად შესრულებას, დღედაღამ განუწყვეტლივ აუტანელ შრომას ეწეოდა და მეტის გაჭირვებისაგან ოფლში იწურებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც კი სიზიფე მაღალი მთის მწვერვალს მიაღწევდა და კლდეზე ლოდის მიმაგრების თადარიგს შეუდგებოდა, ფეხი უსხლტდებოდა ციცაბო კლდეზე და დიდის გაჭირვებით ზემოთ ატანილი უზარმაზარი ლოდი მთის კალთებზე ტრიალ-ტრიალით ეშვებოდა და ნაპრალში თავის პირვანდელ ადგილს იჭერდა.

საბრალო სიზიფე ხელმეორედ იწყებდა ლოდის მთაზე ატანას, მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგს აღწევდა. მთის მწვერვალზე ატანილი უზარმაზარი ლოდი უკანვე ეშვებოდა და თავდავიწყებით მიექანებოდა უფსკრულისაკენ. ასე იტანჯებოდა კორინთის მეფე სიზიფე მთელი საუკუნეების განმავლობაში და მის ყოველდღიურ ვაებას საზღვარი არ ედებოდა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში