ელინური მითები - დედალე და იკარე

Domenico Piola - Daedalus and Icarus, 1670
მთელს საბერძნეთში ათენის მკვიდრთა შორის დედალე საუკეთესო მოქანდაკედ და ხელოვნად იყო მიჩნეული. ამ დიდბუნებოვანი ხელოვნის თითოეულ უბრალო ნაწარმოებსაც კი აღტაცებაში მოჰყავდა დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი.

მარმარილოს ქვებიდან გამოქანდაკებული ნაწარმოებები მნახველთა თვალში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქო ცოცხალი ხორცი შეუსხამთ, ადამიანებივით სუნთქავენ, იხედებიან და მოძრაობენო.

დედალეს სახელი და დიდება დღითიდღე იზრდებოდა. თითოეული ქალაქი და დაწესებულება, შორეული და მივარდნილი სოფელიც კი დიდად აფასებდა ბუნებით დაჯილდოვებულ ჭეშმარიტ ხელოვანს და თავის მოვალეობად თვლიდა შეეძინა ამ იშვიათი მოქანდაკის ნაწარმოებები. დიდებულმა და უკვე შორს სახელგანთქმულმა ხელოვანმა მოწაფედ აიყვანა თავისი დისწული ტალი, რომელსაც იგი დღითიდღე წვრთნიდა, ასწავლიდა და აცნობდა თავის ხელოვნებას. ნიჭიერმა მოწაფემ სულ მოკლე ხანში შეითვისა მასწავლებლის ხელობა. ტალის მიერ გაკეთებულ თითოეულ ნაწარმოებს განცვიფრებაში მოჰყავდა მნახველი, რომელიც დიდ მომავალს უქადდა ჯერ კიდევ ჭაბუკ ხელოვანს.

დედალე შიშობდა, რომ ტალი თავისი ნიჭითა და შემოქმედებით სულ მოკლე ხანში დაჩრდილავდა თავისი მასწავლებლის სახელს და ამიტომ შურის თვალით დაუწყო ცქერა თავისი დისწულის წარმატებას ხელოვნების ასპარეზზე. ახალგაზრდა ხელოვანის უტყუარი ნიჭის გაფურჩქნა დედალეს  მოსვენებას არ აძლევდა და ამიტომ მეტოქის თავიდან მოსაშორებლად მისი მოკვლა გადაწყვიტა.

ერთხელ დედალე და ტალი ათენის სიმაგრეების მაღალ მწვერვალზე ისხდნენ და ირგვლივ მდებარე მიდამოებს ათვალიერებდნენ. ბიძა და დისწული მარტოდმარტონი ისხდნენ ამ მაღლობ ადგილას. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იყო გამეფებული. ყველაფერი თითქოს რაღაც საიდუმლოებას მოეცვა. შეუბრალებელმა დედალემ ამ მოხერხებულ დროს უეცრად ხელი ჰკრა ახალგაზრდა ხელოვან ჭაბუკს და თვალუწვდენელი სიმაღლიდან ძირს ჩააგდო თავისი ნიჭიერი მოწაფე, თავისი ღვიძლი დისწული.

საბრალო ტალი უსულოდ დაეცა ათენის სიმაგრეების ქვემო კალთებზე, და სამუდამოდ გამოეთხოვა წუთისოფელს ბუნებით უხვად დაჯილდოვებული ნიჭიერი ხელოვანი. დედალე დაუყონებლივ ჩამოვიდა მწვერვალიდან და ფარულად შეუდგა საფლავის გათხრას, რომ ასე დაემალა თავისი ბოროტმოქმედება. მაგრამ ათენელებმა ყველაფერი გაიგეს და თავის სახელოვან მოქანდაკეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს იმ ბოროტმოქმედებისათვის, რომელიც მან ასე უსირცხვილოდ ჩაიდინა.

დედალე, სიკვდილით სასჯელი რომ თავიდან აეცილებინა, კუნძულ კრეტაზე გაიპარა, სადაც იმ დროს ღმერთების მამამთავრის ზევსისა და ფინიკიელთა მეფის აგენორის მშვენიერი ასულის ევროპას ვაჟიშვილი მინოსი მეფობდა. კუნძულ კრეტას ძლევამოსილმა მეფემ დიდის ლმობიერებით და სიყვარულით მიიღო მთელ საბერძნეთში სახელგანთქმული დიდებული მოქანდაკე და თავის მფარველობას, თავის მზრუნველობას არ აკლებდა.

დედალე დიდი გულმოდგინებით შეუდგა მუშაობას და სულ მოკლე ხანში მთელი კუნძული გაამდიდრა თავისი ნაწარმოებით. მეფე მინოსი დიდად აფასებდა საბერძნეთიდან გადმოხვეწილი დიდებული ხელოვანის ნიჭს და საშუალებას არ აძლევდა, რომ კუნძულ კრეტას საზღვრებს თუნდაც ერთი წამით გასცილებოდა. მეფეს სურდა, რომ დიდებული ხელოვანის შემოქმედება მხოლოდ და მხოლოდ მის და მისი სამეფოს კუთვნილებად დარჩენილიყო.

საბერძნეთის სახელგანთქმულ ხელოვანს მეფის ასეთი თავისებურება და ძალდატანება სრულიადაც არ მოსწონდა და ამიტომ იგი დღითიდღე სასოწარკვეთილებას ეძლეოდა, აწუხებდა თავისი განმარტოებული მდგომარეობა და სულ თავის სამშობლო მხარეს დაბრუნების ოცნებაში იყო. სამშობლოში დაბრუნების სურვილი თანდათან უფრო იპყრობდა დიდბუნებოვანი ხელოვანის მთელ არსებას, იგი ვერ შერიგებოდა იმ აზრს, რომ მისი შემოქმედებითი ნიჭი მხოლოდ და მხოლოდ კუნძულ კრეტას კუთვნილებად იყო მიჩნეული, და ამიტომ სულით ობლობას, გულით მარტოობას განიცდიდა. დიდებულმა ხელოვანმა საბოლოოდ გადაწყვიტა კუნძული კრეტა სამუდამოდ დაეტოვებინა და ამრიგად თავისი ტყვეობისათვის ბოლო მოეღო.

- თუ მინოსის ბრძანებით ხმელეთისა და ზღვით ჩემი მოგზაურობა აკრძალულია, ჰაერით რომ გადავფრინდე, ეს ხომ მოსახერხებელია? - სიხარულით წამოიძახა დედალემ. - დიახ, ტყვეობას შემიძლია თავი დავაღწიო მხოლოდ ჰაერში მოგზაურობით! აი ერთადერთი ჩემი მხსნელი გზა! ყველა გზა, მინოსის ბრძანებით, ჩემთვის შეკრულია. დარჩა მხოლოდ ჰაერი, ცის სივრცე, რომელზედაც მინოსის ძლევამოსილი უფლება არაა გავრცელებული. აი, ეს გზაა ჩემთვის სრულიად საიმედო, და აი, ამ მხრივ უნდა ავამოძრაო ჩემი ნიჭი და შემოქმედება, რომ უვნებლად დავაღწიო თავი კუნძულ კრეტას და მის ძლევამოსილ მეფე მინოსს, რომელიც აგრე ვიწრო ფარგლებით ზღუდავს ჩემს ხელოვნებას.

ამ გადაწყვეტილების მიღებისათანავე შეუდგა დედალე მუშაობას. დიდებულმა ხელოვანმა გადაწყვიტა გამოეგონა ისეთი საფრენი მანქანა, რომ მისი საშუალებით უვნებლად გადაელახა ცის სივრცე და თავისი გულითადი მისწრაფება განეხორციელებინა.

დედალემ მოაგროვა ფრთები, სელის ძაფებით შეკრა ეს ფრთები და წმინდა სანთლით გასანთლა მხრებზე მისამაგრებელი ადგილები, ოდნავ მოღუნა და ფრინველთა ფრთების სახე მისცა.

სწორედ იმ დროს, როცა დედალე ამ ახალს, ჯერ ყველასათვის სრულიად უცნობ გადასაფრენ მანქანას ამზადებდა, იქვე მამის გვერდით მხიარულად თამაშობდა მისი პატარა ვაჟიშვილი იკარე. ცნობისმოყვარე პატარა იკარე მამის მუშაობის დროს ხან ხელით იჭერდა ქარის გატაცებულ ფრთის ბუმბულს, ხან ხელით ჭყლეტდა დარბილებულ წმინდა სანთელს და ამრიგად უდარდელად ერთობოდა მამის მუშაობის დროს. დედალემ უკვე დაამთავრა გასაფრენი მანქანები. მანქანების ერთი წყვილი მარჯვედ მიიმაგრა ზურგსა და მხრებზე და წყნარად, ხელოვნური მხრების ქნევით დაიძრა დედამიწიდან.

მძლავრად მოქნეულმა ხელოვნურმა მხრებმა მოაშორეს ეს დიდებული ხელოვანი დედამიწას და გააფრინეს შორს, ჰაერის თვალუწვდენელ სივრცეში. განცვიფრებით შესცქეროდა პატარა იკარე თავის საყვარელ მამას, რომელიც ცის სივრცეში უზარმაზარ ფრინველივით მოხდენილად დანავარდობდა. როცა დედალე ჰაერში დიდი ხნის ნავარდობის შემდეგ დედამიწაზე ჩამოეშვა, პატარა იკარე მამას ყელზე მოეხვია და დაჟინებით მოსთხოვა მისთვისაც გაეკეთებინა ასეთი ხელოვნური მხრები და ჰაერში მოგზაურობის დროს ისიც თან წაეყვანა.

დედალე ხან უჯავრდებოდა, ხან ალერსიანად ამშვიდებდა თავის პატარა პირმშოს, მაგრამ როცა ამ გზით ვერაფერს გახდა, დათანხმდა მისთვისაც მოემზადებინა ხელოვნური მხრები, ხოლო ამასთანავე თავისი საყვარელი პატარა ვაჟიშვილი ასე გააფრთხილა:

„ჩემო საყვარელო, ძვირფასო იკარე, მე მზადა ვარ აგისრულო ასე დაჟინებული თხოვნა! გადაწყვეტილი მაქვს კუნძულ კრეტადან გადავფრინდე ჩვენს სამშობლო ათენში და, რასაკვირველია, შენც თან უნდა წაგიყვანო. მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ: როცა ჩემ მიერ მომზადებულ ხელოვნურ მხრებს შემოისხამ, დიდის დაკვირვებით და სიფრთხილით უნდა იფრინო ჰაერში! ჰაერით მოგზაურობა, კარგად უნდა იცოდე, ჯერჯერობით მეტად საშიში და სახიფათოა! გაფრთხილებ, ფრენის დროს ძლიერ ქვემოთ არ დაეშვა, თორემ ზღვის ზვირთები დაასველებენ შენს ფრთებს და ზღვაში ჩაგძირავენ, მაგრამ არც ძალიან მაღლა უნდა აფრინდე! იცოდე, რომ მზის სხივები, როცა მიუახლოვდები, დაადნობენ წმინდა სანთელს, რომლითაც ფრთები მიმაგრებულია მხრებზე, და სამუდამოდ დაიღუპები! ცის სივრცის შუა ადგილას უნდა იფრინო და არც ერთ წუთს მე არ მომშორდე! გახსოვდეს ეს ჩემი დარიგება, თუ გსურს მშვიდობიანად იმგზავრო ჰაერში და უვნებლად დავაღწიოთ თავი ამ სულისშემხუთავ საზარელ კუნძულს!“

ამ სიტყვებთან ერთად დედალემ მხურვალედ ჩაიკრა გულში თავისი საყვარელი პატარა შვილი. მამის მდუღარე ცრემლები ნამივით ეპკურებოდა იკარეს პირსახეს. მაგრამ ვერც საბრალო მამა და ვერც მისი საბრალო შვილი ვერ გრძნობდნენ, რომ ეს მხურვალე ამბორი, უსაზღვროდ მოსიყვარულე მშობლის გულის სიღრმიდან ამონახეთქი, უკანასკნელი გამოსათხოვარი „მშვიდობით“ იყო.

მამამ საფრენი ხელოვნური მხრები ჯერ შვილს მიუმაგრა ზურგსა და მხრებზე და შემდეგ თვითონაც მოიმარჯვა თავისი ხელოვნური მანქანა. დედალე და პატარა იკარე მსუბუქად და მოხდენილად მოწყდნენ დედამიწას და მწყობრად შეცურდნენ მტრედისფერი ცის თვალუწვდენელ სივრცეში.

მეთევზე, რომელსაც ანკესი თევზის დასაჭერად წყალში შორს გადაესროლა, მწყემსი, თავის სამწყესო ყავარჯენზე დაყრდნობილი, და მეგუთნე, რომელიც დედამიწის წიაღში ღრმა კვალს ავლებდა, განცვიფრებით შესცქეროდნენ ჰაერში ფრინველებივით მონავარდე მამა-შვილს და სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ცის თვალუწვდენელ სივრცეში უბრალო მოკვდავნი კი არ დაფრინავენ, არამედ თვით ყოვლისშემძლე ოლიმპოს მბრძანებელი ღმერთები.

შორს, დიდ მანძილზე, მამა-შვილმა მარცხნივ დატოვეს კუნძულები სამოსი, დელოსი, და პაროსი, ხოლო მარჯვნივ კი ლებინფოსი და თაფლით უხვი კლიმნე. ელვის სისწრაფით მიფრინავენ შორს, შორს, სულ მაღლა, მწყობრად და მოხდენილად, ცის სივრცეში.

აი, ელადის მშვენიერი ნაპირებიც გამოჩნდა, და დედალეს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, იგი გამალებით მიისწრაფოდა საყვარელი სამშობლოსაკენ საყვარელი პირმშოს თანხლებით. იკარე აღტაცებაში მოდიოდა თავისი გაბედული მოგზაურობით. ამ უსაზღვრო აღტაცებამ დაავიწყა მზრუნველი მამისა და მასწავლებლის დარიგება და გაფრთხილება.

იკარემ განიზრახა ცას მიახლოვებოდა, უეცრად ჩამოშორდა საყვარელ მამას და გაბედულად შეცურა ცის მახლობლივ სივრცეში. მზის მხურვალე სხივებმა პირველი მიახლოვებისთანავე დაადნეს წმინდა სანთელი, რომლითაც მიმაგრებული იყო იკარეს მხრებზე ხელოვნურად გაკეთებული საფრენი ფრთები. დედალეს პირმშო მყისვე შურდულივით დაეშვა ცის თვალუწვდენელი სივრციდან და სამუდამოდ განუტევა სული ზღვის აბობოქრებულ ზვირთებში.

საბრალო მამამ, როცა უკან მოიხედა და თავისი საყვარელი შვილი მახლობლად ვერ დაინახა, შიშისაგან თავზარდაცემულმა საცოდავად შეჰყვირა: „იკარე! იკარე! ჩემო საყვარელო შვილო, სად ხარ? ხმა გამეცი, ჩემო ძვირფასო პირმშო, ჩემო მუდამჟამს გულის სიღრმიდან განუყრელო, ჩემო მარადის და ყველგან სათაყვანებელო შვილო!“

სამწუხაროდ, იკარე არსად ჩანდა და პასუხსაც არავინ სცემდა, ხოლო ამ დროს ზღვის გააფთრებული ზვირთები ერთიმეორეს მძლავრად ეხეთქებოდნენ და ზღვის ზედაპირზე უთავბოლოდ აქანავებდნენ საბრალო იკარეს მხრებიდან ჩამოცვენილ ხელოვნურად მომზადებულ ფრთებს. საბრალო დედალე მხოლოდ ახლა მიხვდა თავის უბედურების სამწუხარო ამბავს და თვალთაგან ცრემლი ნაკადულებრ წასკდა. ზღვის აბობოქრებული ტალღები კი ისევ მედგრად და შეუბრალებლად ეხეთქებოდნენ ერთი-მეორეს.

აბობოქრებულმა ზღვის ტალღებმა საბრალო იკარეს გვამი შორეული კუნძულის ნაპირას გარიყა. მწუხარებით აღსავსე მამამ თავისი პირმშო ამ კუნძულზე დაასაფლავა და საყვარელი შვილის სახელის აღსანიშნავად ამ შორეულ კუნძულს იკარია უწოდა. შვილის დასაფლავების შემდეგ დედალე სიცილიაში გადასახლდა. ამ კუნძულის მეფემ კოკალმა სთხოვა დიდებულ ხელოვანს სამუდამოდ სიცილიაში დარჩენილიყო და თავის მხრივ დიდი დახმარება აღუთქვა. დედალემ სიამოვნებით მიიღო მეფის საპატიო წინადადება და მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება, მთელი თავისი ნიჭი სიცილიელთა საბედნიეროდ და საკეთილდღეოდ მიმართა.

დიდებულმა ხელოვანმა სიცილიის ერთერთ თვალსაჩინო ადგილას ისეთი ხელოვნური ტბა მოაწყო, რომ სიცილიის მთელი მოსახლეობა აღტაცებაში მოდიოდა. დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ყველანი ამ თვალწარმტაცი ტბის მშვენიერებით იხიბლებოდნენ და უზომოდ აღტაცებულნი სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ. ციცაბო კლდის თავზე, სადაც გარეულ ნადირსაც კი უჭირდა ფეხის მოკიდება, დიდებულმა ხელოვანმა საუცხოო კოშკი აღმართა, რომელიც მთელ კუნძულს ამაყად თავს დასცქეროდა. დიდი ხელოვნებითა და მხატვრული შემოქმედებით გამართა დედალემ კოშკის ყელამდე მიმავალი გზები. მეფე კოკალს ისე მოეწონა გემოვნებით გამართული კოშკი, რომ თავისი სასახლე ამ საუცხოვო კოშკში მოაწყო. დიდებულმა ხელოვანმა სიცილიაში აფროდიტე ქალღმერთის სახელობის მშვენიერი ტაძარი ააგო და ქალღმერთს ისეთი ოქროს ფიჭა შესწირა, რომ კაცს ეგონებოდა თითქოს ნამდვილი თაფლი გადმოღვენთსო.

კუნძულ კრეტას მეფემ, მინოსმა, დედალეს მოღვაწეობის ამბავი შეიტყო და დაუყონებლივ თავისი სამხედრო ამალით გაემგზავრა სიცილიაში, რომ დიდებული ხელოვანი ისევ თავის სახელმწიფოში დაებრუნებინა. მეფე მინოსის საუბედუროდ, კოკალის ქალიშვილებმა სთხოვეს მამას მინოსის მოთხოვნა შეესრულებინა, და მართლაც, მინოსი ისე მიიღეს სასახლეში, როგორც სტუმარი. მაგრამ კოკალის ქალიშვილებმა ცბიერება იხმარეს: როცა მინოსი აბაზანას ღებულობდა, მდუღარე წყალი თავზე გადაასხეს, და მინოსი საშინელი ტანჯვით მოკვდა. ამის შემდეგ დიდებული დედალე სიკვდილამდე სიცილიაში დარჩა.

დიდბუნებოვანმა ხელოვანმა მთელი სიცილია გაალამაზა და გაამშვენიერა, სიცილიელ მკვიდრთა ყოველდღიური ცხოვრება ბედნიერი და ლამაზი გახადა. სიცილია ბედნიერი, სიცილია ლამაზი და საამური კარგად გრძნობდა ხელოვნების დიდი ოსტატის უდიდეს ღვაწლს და ამიტომაც იყო, რომ დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ყველანი მწუხარედ იცრემლებოდნენ, როცა ამ დიდბუნებოვან ხელოვანს საუკუნო განსასვენებლისკენ მიაცილებდნენ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში