ჯაბა იოსელიანი - სამი განზომილება

“ზის ლამანჩელი კაფეში, ძველს დაუკვეთავს კონიაკს,
გახუნებული აფიშა სატრფოს ბარათი ჰგონია.
ქლესური გადაძახილით თავები წაუქონიათ,
მტერზე მახვილით მიმავალს სიკვდილი მღერა ჰგონია,
ტრამალის ქარი დაბმული საკანის ტიპიკონია,
ეს სახიჩარი ქვეყანა რაინდს სამშობლო ჰგონია.”
დათო მაღრაძე. “ლამანჩელი კაფეში”.

შავნაბადა

ნაშუაღამევია. ჭადრაკის სასახლეში, ჩვენს შტაბ-ბინაში, რომან გვენცაძე (შს მინისტრის მოადგილე) და საბურთალოს მილიციის უფროსი რაულ ალანია არიან. ვაჩვენებ და ვასმენინებ პირველი მხედრიონელი ქალის, ჟურნალისტ მაყვალა ოქროპირიძის ვიდეოფირზე ჩაწერილ გამოსვლას. იგი მოგვითხრობს, თუ როგორ დაიბარეს შსს საინფორმაციო ცენტრში ვინმე გოგოლაშვილთან და შესთავაზეს მასთან ერთად შსს მუშაკების ჩემს სახლში შემოღწევის გეგმა.

რომან გვენცაძე იფიცება, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მომხდარიყო და ეს ცილისწამებაა. მე მჯერა მაყვალასი, მიუხედავად იმისა, რომ ეგზალტირებული პიროვნებაა და, როგორც შემოქმედს, უყვარს გადაჭარბება. ალანიას, ვატყობ, სურს, დამიმარტოხელოს. ამის საშუალება არ არის. აქ არიან თამაზ ყურაშვილი (ბუღა), ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე, ჩემი შვილი კოწია, მხედრიონელები: ედიშერ წულაძე, ლანჩხუთელი ოთარი. ალანია მაინც ცქმუტავს, თითქოს არც რომანს უნდა გააგებინოს, ისიც არ არის გამორიცხული, თამაშობდეს, ვითომ რაღაც საიდუმლო აქვს სათქმელი და ვერ ახერხებს, ფრთხილობს. ზაზა და კოწია კასპიდან ახალი ჩამოსულები არიან, დილით შავნაბადას ორმოცკაციანი ჯგუფი წაიყვანეს კასპის მილიციაში, სადაც, ჩვენი მონაცემებით, იგეგმებოდა ჩემი მოკვლა. მილიციის უფროსი განიარაღებულია და აქა ჰყავთ მოყვანილი. ისიც იფიცება, რომ ყველაფერი ეს ტყუილი და საგანგებოდ ჩაწყობილი პროვოკაციაა. ბუღა კარგი გამომძიებელივით წარმართავს დაკითხვას. შუაღამე კარგა ხნის გადასულია. ვხედავ, ასე აქედან არაფერი გამოვა, ვინ იკისრებს, თქვას, მართლაც შენი მოკვლა მინდოდაო. ვემშვიდობები შსს-დან მოსულებს, კასპის მილიციის უფროსს იარაღს ვუბრუნებ, თან ვაფრთხილებ: “კარგი, მოვრჩეთ, ხოლო თუ კიდევ ჭორად მაინც გავიგონებ ასეთ რამეს, მაშინ სხვანაირად ვილაპარაკებთ”. მიდიან. ჩვენ ცოტა ხანს კიდევ ვყოვნდებით შტაბში, ნაჩქარევად ვაჯამებთ შთაბეჭდილებებს და ვიშლებით.

როგორც კი ჩემი ოთახიდან გამოვედით, სამორიგეოში მორიგემ განგაში ატეხა: “შავნაბადაზე თავდასხმაა! რაციით გადმომცეს, ისმის სროლები”. ყველანი რაციას ვეცით. “შავნაბადა, შავნაბადა”. რაცია ხრიალებს და დუმს. “წავედით! - ვბრძანებ მე. - ახლავე გადაურეკე ყველას, ყველანი შავნაბადასკენ წამოვიდნენ”. სწრაფად ვსხდებით მანქანებში, მე - კოწიას ახალ “09”-ში, ჩემთან ერთად - ბუღა. მეორე მანქანაში - ზაზა ვეფხვაძე, გია სვანაძე, მესამეში - ედიშერი და ოთარი. ზაზამ და გიამ გაგვისწრეს, მაგრამ შავნაბადას ასახვევში კოწიას ვეუბნები, ჩართოს მაქსიმალური სიჩქარე, პირველები ჩვენ უნდა შევიდეთ.

გზაში სრული სიცარიელეა, მხოლოდ კასპიდან მომავალი ჩვენი ბიჭების ავტობუსი ჩამოვიტოვეთ. ირგვლივ სიმშვიდეა. მივქრით. იმასაც ვფიქრობ, რაიმე გაუგებრობა ან პანიკა ხომ არ არის. შავნაბადას ტერიტორიაზე კარგა ღრმად შევედით, მივუახლოვდით სასტუმროს და ერთბაშად ატყდა სროლა. ისვრიან სამი მხრიდან, საფარში შეგვიტყუეს. მანქანას ვაჩერებთ, რამდენიმე ტყვიამ უკვე გაკენწლა კარები, ჩაამსხვრია და გაიწუილა ფანჯრებში. სწრაფად გადმოვდივართ, გავრბივართ შუაგულისაკენ, საიდანაც ისვრიან, და ჩემს მაუზერს ალალბედზე ვამუშავებ. წითელ პეპლებად მფრინავი ტყვიების მოციმციმე შუქზე იკვეთება ჩვენკენ მოძრავი ტექნიკის სილუეტები.

“ბეტეერი”, “ბე-ემ-პე”, ტანკი! ვინ არიან? ამდენი ტექნიკა ჩვენს მილიციას და გვარდიას არა აქვს. ნუთუ რუსებია? ქვაფენილზე ვწვები, ვიყურები, სად არიან ბიჭები. კოწია და ბუღა ჩემს უკან, მიწაზე გაწოლილან. მგონი ესენიც ისვრიან, მაგრამ საით, ჩემი არ იყოს?! ოთარი და ედიშერი დაკუზულები მორბიან ჩვენკენ, ზაზას და გიას მანქანა არ ჩანს. ტექნიკა მიდის მანქანებისაკენ, ერთი, ორი, სამი, ხუთი, ათი... ეტყობა, ჯერ ვერ შეგვამჩნიეს. ჩვენს ზურგში ბორდიური მიჰყვება გზატკეცილს, იქით - გამწვანება, მერე - ხევი. დაჩოქილები ვეფარებით ბორდიურს, ტყვიების წივილსა და მოტორების ზუზუნში გაისმის მუხლუხების ხრიალ-ღრჭიალი, ეტყობა, ჩვენს მანქანებს გადაუარეს. გაქვავებულები ვეკრობით ბორდიურს. შავნაბადას სასტუმროში გია და დათო ვაშაკიძეების, გია ხუბულაშვილისა და კიდევ ერთი ქუთაისელის მეტი არავინ იქნებოდა. ისინი უკვე ან გაქცეულები არიან, ან აყვანილები, ან...

შავნაბადელი ორმოცი ბიჭი, რომლებიც კასპში წაიმძღვარეს ზაზამ და კოწიამ, გზაში ჩამოვიტოვეთ. მათ იარაღი არა აქვთ, გაიგებენ სროლის ხმას და უკან დაბრუნდებიან. თუ განგაშზე ქალაქიდან წამოვიდნენ, ესენი აღარ გამოუშვებენ. შეტაკებას აზრი არა აქვს, უამრავი ტექნიკაა, ჩვენები კი ორ-ორ, სამ-სამ კაციან ჯგუფებად წამოვლენ და ყველას აიყვანენ. ზაზამ და გიამ თუ მოასწრეს მობრუნება, ხომ კარგი, თუ არადა... ოთარი გვარწმუნებს, რომ მათ ხევში გადახტომას მოჰკრა თვალი, ჩვენც ხევისკენ მივფოფხავთ. უცებ შავნაბადას ტერიტორია პროჟექტორებით გაბდღვრიალდა. გვეძებენ? თავს წამოვყოფთ თუ არა, ჩვენი გიგანტური აჩრდილები განათებულ მიწას შავი ღრუბელივით ედება. “დაწექით!” - ვბრაზობ მე. კოწიას ხევის ჩრდილოვანი მხარისაკენ უჭირავს გეზი. ცხინვალსა და ლიახვის ხეობაში თან დამყვებოდა, მაგრამ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში პირველად არის, კარგად უჭირავს თავი, ფაქტობრივად, ჩვენი მეგზურია და, ამრიგად, მეთაურიც. ორიენტაციის საუცხოო უნარი აქვს, უნდა მივენდოთ. სროლა შეწყდა. პროჟექტორები დაბორიალობენ, საეჭვო ადგილებში ყოვნდება მათი შუქი. არ ვინძრევით. შემდეგ ისევ ხოხვით მივიწევთ, მგონი, თბილისისაკენ. კოწიამ გაზის გაყვანილობა აღმოაჩინა, ვდგებით და ძუნძულით მივყვებით მილებს. სახიფათო ზონას გავდივართ. ახლა ბუჩქნარიდან ბუჩქნარში გადავდივართ. ისევ ზაზასა და გიას ჯავრი გვაწუხებს. ოთარი გვაჯერებს, რომ ისინი გამოსულები უნდა იყვნენ. განთიადისას გავედით მაგისტრალზე. ბენზინის გასამართ ჯიხურთან სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანამ ჩაგვიქროლა. ალბათ მსხვერპლია, ან დაჭრილები, მაგრამ ვინ? ესეც შენი პატრიოტი ზვიად გამსახურდია.

ჯიხურთან მსუბუქი მანქანა დგას, მძღოლი კანისტრით ბენზინს იმარაგებს. ბუღა მიეჭრა, უბრძანებს, წაგვიყვანოს. გაფითრებული მძღოლი უსიტყვოდ ჯდება საჭესთან. ოთართან მივდივართ, ვარკეთილში. ვიდრე მანქანა თვალს არ მიეფარა, კორპუსებთან ვდგავართ, სახლში არ შევდივართ - სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ნაჩქარევად ვსაუზმობთ. ოთარს და ედიშერს ვგზავნით ამბის გასაგებად, რა ხდება შავნაბადაზე და ქალაქში. ჩვენ კი, უძილოები, მივეყარეთ სავარძლებსა და სკამებზე. საღამოსათვის ყველაფერს დაწვრილებით ვიგებთ. გია და დათო ვაშაკიძეები აქეთ-იქითა სროლის შემდეგ, როცა ტყვიები გაუთავდათ, დანებებულან. გია ხუბულაშვილი დიდხანს ეწინააღმდეგებოდა უიარაღოც. თვით რუსები აღუფრთოვანებია ბიჭების მამაცობას. ქუთაისელი გაქცეულა. კასპიდან დაბრუნებული ბიჭები გზაში აუყვანიათ. არიან დაჭრილები ორივე მხრიდან, მოკლულია ერთი რუსი ოფიცერი. აყვანილები სასტიკად უცემიათ. ჩვენ გვეძებენ. ზაზა და გია ჯერჯერობით არ ჩანან. ჩვენი შტაბ-ბინის მორიგე შემოგდებული აგენტი გამოდგა, იქაურობა მიუტოვებია და გამქრალა. შეუძლებელია, ბოროტებას რაღაც სიკეთეც არ ახლდეს. კიდევ კარგი, ჩემი ბრძანება არ შეასრულა და განგაშზე მხედრიონელები არ გამოიძახა, ყველას გზაში აიყვანდნენ, უაზრო მსხვერპლი მოჰყვებოდა ამ უთანასწორო შეტაკებას.

რუსების სპეცდანიშნულების, ე. წ. “ღამურების” პოლკი ტექნიკის ორმოცი ერთეულით მოქმედებდა ორმოცი უიარაღო ბიჭის აყვანაში - გამოდის თითო ტანკი, ან “ბე-ემ-პე” ან “ბეტეერი” თითო კაცზე. ოპერაციაში გვარდიაცა და ჩვენი მილიციაც მონაწილეობდა. ნუთუ გვენცაძემ ეს არ იცოდა?! იმასაც ვფიქრობ, ალანიას ჩემი დამარტოხელება რომ სურდა, ხომ არ იცოდა თავდასხმის გეგმის შესახებ და გაფრთხილებას ხომ არ აპირებდა?!

მეორე დღეს, 5 საათზე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას მიტინგი აქვს დანიშნული. გადავწყვიტე, მიტინგზე გამოვიდე - ვიდრე გამსახურდია ცრუ ინფორმაციას გაავრცელებს, ჯობია, ხალხს მოვუთხრო საქმის ვითარება. მირჩევენ, დავიმალო, ბუღაც მაგ აზრისაა. ჩემი დამალვა ომს გამოიწვევს. თუ გავედი, ბიჭებიც გამომყვებიან. ეს “ბიჭები” ორი ათასამდე კაცია. არ შეიძლება, ხალხი ვერ გაგვიგებს. არჩევნები სულ ახლახან ჩატარდა, ვითომ ეროვნული მთავრობა გვყავს. დამიჭერენ? - რა ვქნა, დამიჭირონ, სისხლი არ უნდა დაიღვაროს. ზვიად გამსახურდიამ ჩვენთან დიალოგს რუსებთან ალიანსი ამჯობინა. ჩვენ, ორასმა კაცმა, ოპერის ბაღში იმიტომ ვიშიმშილეთ, რომ “ეროვნულ კონგრესსა” და ახლად არჩეულ უმაღლეს საბჭოს შორის მოლაპარაკება გამართულიყო. ორივე ლეგიტიმური ორგანოა. ეროვნული კონგრესის არჩევნები ხომ უპრეცედენტო, მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნები იყო მთელ საბჭოთა კავშირში?! მრგვალმა მაგიდამ მოგვატყუა, მხედრიონსა და ირაკლი წერეთელსაც შიმშილი შეგვაწყვეტინა, შეგვპირდა შეხვედრებს, შეთანხმებებს და არაფერი შეასრულა. აკაკი ასათიანი პირადად მე შემითანხმდა, ტელევიზიაშიც გამოცხადდა, კონგრესის მხრიდან კომისიაც ჩამოყალიბდა, თითქოს გამოჩნდა ეროვნული მოძრაობის და, აქედან, ერის გამთლიანების პერსპექტივა, და კვლავ ზვიად გამსახურდიამ, ფორუმის მუშაობის ჩაშლისდაგვარად, აქაც ერთიანობას დაპირისპირების პოლიტიკა ამჯობინა. მიუხედავად ამისა, ხალხის აქტიური, დიდი ნაწილი მაინც გამსახურდიას ემხრობა. ასე რომ, ჩვენს წინააღმდეგობას მოღალატურად ჩათვლიან და შესაძლოა რუსების დახმარებით საალყო რეჟიმიც გამოცხადდეს ქვეყანაში.

ოპერასთან საკმაო ხალხი შეგროვილა. გამოდის თამრიკო ჩხეიძე და მოკლედ ჰყვება შავნაბადას ამბავს. ჩემი გამოსვლისას ვიღაცამ ჰაერში გაისროლა და გაიქცა. ჩვენმა ბიჭებმა დააკავეს, მომიყვანეს შეშინებული ახალგაზრდა, ენის ბორძიკით ლაპარაკობს. მწერალ ლევან სანიკიძის შვილი აღმოჩნდა, პროკურატურის მუშაკი. ვუშვებ, მგონია შევარცხვინე - ხალხს რატომ ესვრი-მეთქი. ჩემი გამოსვლა მოკლეა, ვყვები უმთავრესს, ვადანაშაულებ გამსახურდიას, მრგვალ მაგიდას, ვადანაშაულებ ფაშიზმში. შემომაქვს წინადადება, ჩამოყალიბდეს ანტიფაშისტური პოლიტიკური ორგანიზაცია. აქვე ამას მხარს უჭერს სამტრედიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, მათი ხელმძღვანელი ანგია გამოდის სიტყვით, გულთან, ბუშლატზე ამომწვარ ნატყვიარს აჩვენებს ხალხს. ეს სამტრედიის პრეფექტურის პიკეტირების დროს ესროლეს ზვიადისტებმა.

ბნელდება. მიტინგი იშლება. ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე მანქანაში მელოდებიან, ჰყვებიან, თუ როგორ გამოაღწიეს შავნაბადას ალყას - ჩვენ დახოცილები ვეგონეთ. მიმაცილებენ ამირან გოგეშვილთან, ჩემს ძველ მეგობართან. მირჩევენ, დღეს, ამ ცხელ გულზე ნუ წავალ სახლში. ღამის ორი საათისათვის ტელეფონით მიკავშირდება გია ჭანტურია და მაფრთხილებს, რომ აქვს უტყუარი ცნობა: დღეს ან ხვალ გადაწყვეტილია ჩემი დაპატიმრება. მე ისევ იმ აზრზე ვარ: დამაპატიმრებენ და დამაპატიმრონ - ომს არ დავიწყებ. არადა, მრგვალი მაგიდის გარეკვას წინ არაფერი დაუდგება. გვარდია ჯერ ახლა იწყებს ჩამოყალიბებას, არც ხალხი ჰყავს საკმარისი, არც იარაღი, პოლიცია ამორფულ-ნეიტრალური ბრბოა, საქართველოს მხედრიონს კი ექვსი ჯავშანტექნიკა, ათას ხუთასი კარგად შეიარაღებული მებრძოლი, ორი მაგდენიც უიარაღო წევრი ჰყავს. და მაინც, ასეთი გადაწყვეტილების მიღება გამორიცხულია. ჯერ ერთი - ჩვენ ხომ იმისათვის არ ვართ მოწოდებული, რომ ძალაუფლება ჩავიგდოთ ხელში, ჩვენი მიზანია დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, მოსახლეობისა და დემოკრატიის დაცვა, მეორეც - ზვიად გამსახურდია რუსებს დაგვასევს, როგორც შავნაბადაზე.

ალიონზე მაღვიძებს გია სვანაძე, მატყობინებს, რომ ზაზა ვეფხვაძე აიყვანეს, თვითონ კი მოსულია ბიჭებთან ერთად, რათა მე გადამმალონ. უარს ვეუბნები ისევ იმ მოტივით და მეორე დღისთვის ვნიშნავ შეხვედრას ჩვენი მოქმედების გეგმის შესამუშავებლად. დილის 8 საათზე ორმოცამდე მილიციელი და გვარდიელი მოვიდა ჩემს წასაყვანად. გამჩხრიკეს. “იარაღი გაქვთ?” - მეკითხებიან. “რასაკვირველია. შეიძლება მხედრიონის უფროსს იარაღი არ ჰქონდეს?” მახსენდება დადიანების გაძარცვის ლეგენდა. “გამოიტანეთ ოქროვერცხლი, ყველაფერი! - იძახის დიასახლისი, - ამ მათხოვრებს იმას ვათქმევინებ, დადიანის სახლი გავძარცვეთ და არაფერი ჰქონდათო?” მივყვები წყნარად, წინააღმდეგობის მცდელობის გარეშე. ამირანი ტირის: “ასეა, დადე თავი, ირბინე შენს შვილთან ერთად ტყე-ღრეში საქართველოსთვის და ასე დაგიფასებს შენი ხალხი”. ნაძალადევად ვიღიმები, ვაწყნარებ: “ეს ყველაფერი დროებითია, ჩემო ამირან”.

ციხეში თითქოს არაფერი შეცვლილა ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, თითქოს გუშინ გადავყავდი ამ მიწისქვეშა გვირაბით. ისევ “შმონი”, იდიოტური შეკითხვები ამნისტიის შესახებ, ცნობისმოყვარეობით დაღებული პირები, ნესტი, ანტისანიტარია, ვირთხები, ძველბიჭური თომარი. ერთი ღამე გავათიე ვიღაც მანქანის გამტაცებელთან ერთ ლოგინზე. ტირის, შვილებს იფიცებს, თუ ახლა გაუშვებენ, აღარასოდეს არაფერს ჩაიდენს.


შავნაბადაზე ნაცემი ბიჭები ციხის საავადმყოფოში ჰყავთ. ზვიადის ერთგულებაში თავი გამოუჩენიათ გვარდიელებსაც და მილიციასაც. ველაპარაკე ზაზა ვეფხვაძესა და გია ხუბულაშვილს. გვერდიგვერდ კამერებში არიან. მეორე დღეს, შუადღისას, გამიყვანეს. კვლავ გასაჩხრეკ (“შმონის”) ოთახში გადავყავარ. ეს უფანჯრო, იზოლირებული საკანია. აქ არ შემოდის არავითარი ხმაური. აქედანაც შენს ხმას ვერავინ გაიგებს. მოდის ახლად დანიშნული ციხის რეჟიმის უფროსი, რომლის შესახებაც კამერაში მიამბეს. მრგვალი მაგიდის წევრი და გაქანებული ზვიადისტია, პატიმრებს ურტყამს და აშინებს. ჩემთან დაჭიმულია. ერთი სული აქვს, შეურაცხყოფა მომაყენოს. მეც ყველა უკიდურესობისათვის მზად ვარ. ამჯერად რაღაც დაბნეულია, მის გარშემო მოფუსფუსე ზედამხედველები ჩემთვის ამოუხსნელად, უჩვეულოდ იქცევიან. გუნებაში მეცინება - ეს ზვიადა ნამდვილად მოკლე ჭკუის გამოდგა, რა რეკლამას მიკეთებს... მახსენდება რუსული კულტურის ტრადიცია - ყველაზე დიდი პოპულარობის მომტანი ჟანდარმერიის “მეურვეობა” იყო. გამჩხრიკეს, დამტოვეს მარტო, ე. ი. სადღაც მივყავარ. სად? ალბათ “კაგებეს” ციხეში. როგორც გავიგე, გია და დათო ვაშაკიძეები იქა ჰყავთ. დიდხანს, დიდხანს ველოდები. არაფერი ისმის. არავინ მოდის, არსად მივყავარ. ვაბრახუნებ - არც ბრახუნზე იბერტყავს ვინმე ყურს. ვაგრძელებ ხმაურს. როგორც იქნა, ვიღაცამ კარი გააღო. ეს ციხის უფროსის მოადგილეა. “ბატონო ჯაბა, - მეუბნება ფერწასული, - ცოტა კიდევ გვადროვეთ, ეტაპი მოვიდა, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ და მერე თქვენ მოგხედავთ”. ვიცდი კიდევ ერთ, შეიძლება ორ საათს. მერე გამიღეს კარი, უკვე დაღამებულია, მართლაც, დახურულ “კაგებეს” ციხეში მივყავარ. იქ ვიგებ, რა მოხდა.

ხუთი ათასამდე კაცი შეგროვილა და “ჯა-ბა, ჯა-ბას” სკანდირებით ციხეს მოსდგომიან, მოითხოვენ ჩემს გათავისუფლებას. ადმინისტრაციამ სასწრაფოდ იმიტომ ჩამკეტა “შმონის” ოთახში. შეეშინდათ, არ გამეგო და საპასუხო რამ არ მომეწყო. ამავე დროს, ციხის რომელიღაც თანამშრომელი აუგზავნიათ მეოთხე კორპუსის მაღლივ კამერაში და იქიდან, ვითომცდა პატიმარი ყოფილიყოს, ციხის გალავანს შემორტყმულ ხალხს ფანჯრიდან გადასძახა თურმე: “ჯაბა აქ არ არის, წაიყვანეს, არ ვიცით, სადაო”.

რამდენიმე დღის შემდეგ გამსახურდიამ შავნაბადაზე თავდასხმის ამბავი პროვოკაციად მონათლა. თურმე რუსის ჯართან შეტაკება მე და საქართველოში საბჭოთა ჯარის მთავარსარდალს, გენერალ პატრიკეევს გაგვითამაშებია, რათა ყველაფერი ზვიადისთვის დაგვებრალებინა. ხოლო მე როგორ აღმოვჩნდი ციხეში, ან ამას მსხვერპლი რატომ მოჰყვა, ან ნაცემ-ნაგვემ მხედრიონელებს ციხის საავადმყოფოში რა საქმე ჰქონდათ, ან ასე ნატურალისტურად რატომ წარიმართა ინსცენირება, ჩვენი საკუთარი ავტოფარეხი დავანგრიეთ, ოთხასამდე სატვირთო თუ მსუბუქი ავტომანქანა ჯართად ვაქციეთ - ყველაფერი ეს გაუშიფრავი აბსურდის თეატრის თემა გახლდათ. ერთი წლის შემდეგ თენგიზ კიტოვანისგან გავიგე, ამ ოპერაციაში გამსახურდიას 250 ათასი მანეთი გადაუხდია “ღამურებისთვის”, ვინც მონაწილეობდა ჩვენს დარბევაში. მაშინ 250 ათასი მანეთი დიდი ფული იყო - დაახლოებით 100 ათასი ამერიკული დოლარის ეკვივალენტი. გენერალ პატრიკეევს ამის შესახებ “კაგებეს” ციხიდან იუმორისტული წერილიც კი გავუგზავნე, სათაურით “ღია წერილი” და “გრიფით” “ყოვლად საიდუმლოდ” - “Совершено секретно” (წერილის ასლი ჩემს პირად არქივში ინახება).

“კაგებეს” ციხე, მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათიან წლებშია აშენებული, თანამედროვე საბჭოთა ციხეების სტანდარტებზე მაღლა დგას. მართალია, ყველა კამერაში ფარული აპარატურაა დამონტაჟებული და ისმინება, სამაგიეროდ, სინათლიანია, ხის იატაკითაა გაწყობილი. სასეირნო პატარ-პატარა ეზოებიც აქვს, კარგი აბანო, მედიცინის პუნქტი, სამრეცხაო. პატიმრებს ნორმალურად კვებავენ, ციხის უფროსიც პრინციპული კანონიკია, ერთი სიტყვით, ჯდომა შეიძლება. ყოველდღე ვიღებთ პრესას. მთელი გაზეთები ჩემსა და მხედრიონის გინებაში არიან - შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან დაწყებული, ახლად გამოჩეკილი მრგვალი მაგიდის ნოველისტებით დამთავრებული. აქვეა, როგორც კომუნისტების დროს, კოლექტიურად ხელმოწერილი სტატიები, სადაც გვგმობენ და მოითხოვენ ჩვენს დასჯას. ცენტრალური გაზეთის მეშვეობით პროკურატურამ გაავრცელა ჩემი 35 წლის წინანდელი განაჩენი. გამსახურდია ხალხს არწმუნებს, რომ მე ბანდიტი ვარ! მახსოვს ზვიად გამსახურდიასთან პირველი კონტაქტები. მე თეატრის, კინოსა და მუსიკის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ვარ. ეს 1975-1976 წლებია. ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან, სამსახურში მოდის და მთხოვს, ვითანამშრომლო მის ახლად შექმნილ ჟურნალ “საქართველოს მოამბეში”. მანამდე მას გამარჯობა-გაგიმარჯოთი ვიცნობდი, თუმცა, ბ-ნ კონსტანტინესა და ქ-ნ მირანდასთან უწინ ახლო ურთიერთობა მქონდა.

1966 წელს, როცა მე, ახალი განთავისუფლებული, ჩემს ცოლთან ერთად გაგრაში ჩავედი დასასვენებლად, იქ გამსახურდიების ოჯახი დამხვდა და ჩემს პატივსაცემად ბ-ნმა კონსტანტინემ სასტუმრო “გაგრიფშში” პურმარილიც კი გაშალა. მართალია, სულ ოთხ პერსონაზე: მე, ჩემი ცოლი, თვითონ და ქ-ნი მირანდა, მაგრამ ესეც ადგილობრივი მასშტაბის სენსაციად იქცა. სასტუმროს და რესტორნის ადმინისტრაცია გაკვირვებულები მხრებს იჩეჩდნენ: ბ-ნი კონსტანტინე ცნობილია სიძუნწით, მისი დაპატიჟებული კაცი ჯერ არავის უნახავს, ჩვენც აქ ყოველ კაპიკს გვითვლის. შენ ვინ ყოფილხარ, გაგვაფრთხილა, ფული არაფრით არ გამოართვათო.

მთელი საღამო მოსკოვის “ლუბიანკის” საპყრობილეში თავისი პატიმრობის (მე მაინც ვფიქრობ - შეთხზულ) ამბავს მიყვებოდა და ცდილობდა, მეც ავყოლოდი. ვეჭვობ, რაღაც პროფესიული დაინტერესება თუ ამოძრავებდა. სურდა, ჩემგან მიეღო პროტოტიპური მასალები. ქ-ნი მირანდა სულ იცინოდა და უშლიდა: კარგი ერთი, თავი დაანებე, კაცი ძლივს გამოვიდა, შენ კიდევ ისევ ციხის ამბებს უბრუნდებიო. ბ-ნი კონსტანტინე ცხარობდა: “გაჩერდი! შენ რა იცი, მაგას სწორედ ეგ აინტერესებს”. “იმდენი რა გითხრა”, ვამბობდი გულში და ქ-ნ მირანდას მადლიერების გრძნობით ვუღიმოდი. ერთი-ორჯერ მათთან ზვიადიც ჩამოვიდა. სხვა დროს ბიჭვინთაში, თავის სახლში მოვინახულე. მასთან ჩამოსულ რუს დისიდენტს შევხვდი. ასე რომ, ჩემს სამსახურში მისი გამოჩენა სულაც არ გამკვირვებია. იცოდა, როგორი ანტისაბჭოთა, ანტიკომუნისტური განწყობითა და იდეებით ვიყავი გამსჭვალული. მის წინადადებაზე სიხარულით დავთანხმდი, მხოლოდ გავაფრთხილე, ჩემს თანამშრომლობას მაინცდამაინც აფიშირებას ნუ გაუკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, ჩემით დააშინებენ ხალხს. თქვენს კომპრომეტირებას ჩემით შეეცდებიან სტანდარტული ფრაზით: “უგალოვნიე ელემენტი”. ისინი ამ “უგალოვნი ელემენტებს” აბრალებდნენ კომუნისტების წინააღმდეგ მოწყობილ უნგრე- თის რევოლუციას, პოლონეთის აჯანყებას, ნოვოჩერკასკის გამოსვლებს და, საერთოდ, ეს კომუნისტთა ახალი თაობის შანტაჟისტური ფანდია, თორემ სტალინი და ბერია ტყვიას და მორფს კი არ უდებდნენ ჯიბეში ბუხარინსა და ორახელაშვილს. ჩემთვის, პირიქით, კარგი იქნება პოლიტიკური სტატუსი თუ მექნება, გინდაც დამიჭირონ.

ახლა უკვე “კაგებეს” ციხეში ვიგონებ ამ ამბავს და გუნებაში მწარედ მეცინება - თვითონ კომუნისტებს დაასწრო და გამოიყენა ეს შანტაჟისტურ- კომუნისტური ილეთი, ოღონდ იარლიყი - “უგალოვნიე ელემენტი” - უფრო ტევადი ინტერნაციონალური ტერმინით - “კრიმინალით” შეცვალა, რამაც შემდგომ დიდი ავალა ნახა ყოველი დემაგოგის ლექსიკონში.

ჩვენი შეხვედრის საქმიან დიალოგს გამსახურდიამ, როცა დასჭირდა ჩემი მზარდი ავტორიტეტის დაკნინება, სულ სხვა ინტერპრეტაცია მისცა. 1989 წლის 23-24 ნოემბრის ცხინვალში გასვლითი მიტინგის წარუმატებლობის შემდეგ ამ ღონისძიების იდეის ავტორად მე მასახელებდნენ. ვერ დავიჟინებ, იქნებ მართლაც ასე იყო, რადგანაც წინააღმდეგი არ ვიყავი. საქმე ის არის, რომ კომუნისტების მმართველობის ბოლო წლებში საქართველოს ეთნიკური უმცირესობა ნომენკლატურული და, აქედან გამომდინარე, სოციალური პრივილეგიებით სარგებლობდა. განსაკუთრებით შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. იგი, როგორც თავმოწონებული ინტერნაციონალისტი და ჭეშმარიტი კომუნისტი, მოქმედებდა სტალინის ლოზუნგით - “ურტყი შენიანს, რომ სხვას ეშინოდეს” (სხვათა შორის, ეს დაუწერელი დებულება ბიბლიურ და ქრისტიანულ მცნებათა თავდაყირა დაყენებული სიმბიოზია: “გიყვარდეს მოყვასი და გიყვარდეს მტერი შენი”).

ედუარდ შევარდნაძე ძალაუფლებაში მოსვლისთანავე მწერალთა კავშირის ტრიბუნიდან კრემლის კომუნისტურ მედავითნეთა წარმომადგენლის, ვინმე შაუროს თანდასწრებით დაემუქრა ქართველ ხალხს და შავი დღე აყარა “ნაციონალისტ” მწერლებსა და კინემატოგრაფისტებს. ოსებს, თათრებს და, ნაწილობრივ სომხებს, როცა კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში სოციალური პირველობა გაინაღდეს, იმის პრეტენზიაც გაუჩნდათ, რომ ეს სამუდამოდ დაეკანონებინათ (1989 წ. ივნისის ბოლნისისა და მარნეულის მოვლენები, ე. წ. ბორჩალოს რესპუბლიკის შექმნის მოთხოვნა). აფხაზებმა კი ტოპონიმიკური ომით დაიწყეს სეპარატისტული მოძრაობა. ასე რომ, ქართველებს ეროვნული თავმოყვარეობა მართლაც შელახული ჰქონდათ. ყველაფერ ამის გამო მიმაჩნდა: ქართველს უნდა დაბრუნებოდა თავისი სამშობლოს ბატონ-პატრონის გრძნობა და, რასაკვირველია, პასუხისმგებლობის მოვალეობაც, რაც ჩვენთან ერთად მცხოვრებ ეთნოსთან თანასწორუფლებიანობას გვაკისრებდა.

ასე იყო თუ ისე, მხედრიონმა ითავა 1989 წლის ნოემბრის მიტინგის უსაფრთხოება და მოსამზადებელი სამუშაოებიც ჩაატარა. ცხინვალში ამოვირჩიეთ ადგილი, სადაც მოსახერხებელი იქნებოდა ოსებთან ერთად მიტინგის მოწყობა. ეს იყო ლენინის მოედანი. სასტუმროში, რომელიც ამ მოედანზე დგას, ორ სართულზე ინკოგნიტოდ შევასახლეთ შეიარაღებული მხედრიონელები. ასევე ხუთსართულიანი სახლის ერთ-ერთი ბინა, რომლის ფანჯრებიც მოედანს გადაჰყურებდა, ჩვენს განკარგულებაში აღმოჩნდა. ამავე სახლის სახურავზე განვალაგეთ რამდენიმე სათვალთვალო და საცეცხლე პუნქტი. დავიკავეთ სარკინიგზო ვაგზლის მოედანზე გამოსასვლელი და მოპირდაპირე მხარის “სახანძროს” მიდამოები. ერთი სიტყვით, დაცვა საიმედოდ მოეწყო. საუბედუროდ, მიტინგმა ცხინვალში ვერ შემოაღწია. ამის მიზეზი მოგვიანებით გაირკვა: ზვიად გამსახურდიამ და გივი გუმბარიძემ ბოლო მომენტში ღონისძიების ხელმძღვანელობის დაუკითხავად განიზრახეს, მიტინგი ცხინვალში კი არა, მის მისადგომებთან გამართულიყო. ამან გამოიწვია დაბნეულობა, შეუთანხმებელი მოქმედება, ქაოსი, ოსების გაგულისება, რომელთაც წაეხმარა ცხინვალში დისლოცირებული საბჭოთა ჯარის ნაწილი. ცხინვალის შესასვლელთან აღიმართა ცოცხალი კედელი. დაიწყო გაქაჩვა-გამოქაჩვა, გადაყვირ-გადმოყვირება, ლანძღვა-გინება. ასეთ ვითარებაში მოლაპარაკებასა და პარალელურად ძალის დემონსტრირებას (რაც მიტინგის მიზანს შეადგენდა) ვეღარ შევძლებდით. ხალხი ისე დაიმუხტა, რომ ან ხელჩართული ბრძოლა უნდა დაწყებულიყო, რაც უამრავ მსხვერპლს მოიტანდა, ან უნდა დავბრუნებულიყავით, საიდანაც მოვედით. მე კიდევ ერთ გამოსავალს წავეპოტინე: ორივე მხარეს შევთავაზე, ორას-ორასი კაცი შევხვედროდით ერთმანეთს ცხინვალის თეატრში, წარგვედგინა ჩვენ-ჩვენი პრეტენზიები და დაგვეწყო მოლაპარაკება. ეს ოპტიმალური ვარიანტი შუა გზაში ჩაშალეს ზვიად გამსახურდიამ და ირაკლი წერეთელმა. ვერავითარი გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ. ერთი დღე-ღამის უაზრო ბორიალმა ხალხს ენთუზიაზმი გაუნელა, გააღიზიანა და მომიტინგეები ნელ-ნელა გაიკრიფნენ. ჩვენმა ჩანაფიქრმა სრული ფიასკო განიცადა, ოსთა მხარე კი გამარჯვებული გამოიყურებოდა. ხმა დაირხა, ვითომც ცხინვალში ქართველ მოსახლეობას დაერივნენ. მხედრიონი მაშინვე გაეშურა, შემოვლითი გზით შევიდა ცხინვალში, მაგრამ იქ მხოლოდ საზეიმო განწყობილება სუფევდა და იმ ღამეს ქალაქში არაფერი მომხდარა.

მხედრიონი დიდი და პატარა ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში განლაგდა, ფარული საგუშაგოებით კონტროლს დაექვემდებარა ცხინვალ-როქის გზა. მე შვიდი კაცით სოფელ ქურთაში დავიდე ბინა. ის-ის იყო, დასაძინებლად ვეწყობოდით, რომ სროლა შემოგვესმა. გარეთ გამოვცვივდით. ღრიანცელით, სროლასროლით ჩაგვიარა ორმა განათებულმა ავტობუსმა და ერთმა “ნივამ”. ჩვენს ბედზე, ჭიშკართან იდგა ძრავაგამოურთავი სატვირთო “კრაზი”. მყისვე შევახტით და დავედევნეთ: მე, თენგიზ მანაგაძე, თემური “ციხე”. სოფელ კეხვთან, ქემერთის ხიდთან არმისულებს წამოვეწიეთ, საპასუხო ცეცხლი გავუხსენით და საბურავები ჩავუფუშეთ. ავტობუსები გაჩერდნენ, “ნივამ” გაქცევა მოასწრო. საბურავების მიმართულებით ეფექტისათვის კიდევ გადავატარეთ ავტომატის ჯერი და სიბნელიდან ჩვენი “კრაზით” მინათებულ ავტობუსის ფანჯრებთან ამოვყავით თავი - ხუთმა მხედრიონელმა და ერთმა ილია მართლის საზოგადოების წევრმა ავთომ, რომელიც ამ დროს საფარში იჯდა და წინ შემოგვეგება. ტყვეები სათითაოდ გადმოგვყავდა. მაგრად შეშინებულები ჩანდნენ. რას წარმოიდგენდნენ, რომ ჩვენ მხოლოდ ექვსნი ვიყავით, ერთი ავტომატითა და პისტოლეტებით. ერთ-ერთმა, როცა ავტობუსიდან გადმოვიდა, თავის ხელაწეულ მეზობელს რაღაც გადაულაპარაკა და გულწასული იქვე დავარდა. თენგიზ მანაგაძე მივარდა, ავტომატის კონდახი მოუღერა და უღრიალა: “რა გითხრა მაგან? თქვი, რა გითხრა!” “არაფერი, ცუდად ვარო”, - იყო პასუხი. ამ დროს მოგვისწრეს სხვა მხედრიონელებმა. გაირკვა, რომ თამარაშენთან ამათ ფეხში დაუჭრიათ მხედრიონელი გიგა არველაძე (სიძე), ქურთაში კი - ორი სოფლელი, ერთი მათგანი 16 წლის ბიჭი - თავში. იარაღი თან არავის აღმოაჩნდა, ავტობუსებში დაეყარათ სამი შაშხანა, ხუთი სანადირო თოფი, მაკაროვის სისტემის ერთი პისტოლეტი და ტყვია-წამალი. 86 მამაკაცი და ოთხი ქალი გამოდგნენ დაბა ჯავიდან ცხინვალელების დასახმარებლად ჩამოსული ახლად გამომცხვარი ბოევიკები, 18-35 წლის დარჩეული ახალგაზრდები (მათი გვარები, სახელები, მისამართები და სხვა მონაცემები ჩემს პირად არქივში ინახება). ქალები იქვე გავუშვით, მამაკაცები კი კეხვის სკოლის ფიზკულტურის დარბაზში შევყარეთ.

საბჭოთა კავშირში ასეთი მასშტაბის მძევლად აყვანის პრეცედენტი ჯერ არ არსებობდა. ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. ამის შესახებ მეორე დღესვე იცოდა მიხაილ გორბაჩოვმა. გივი გუმბარიძემ შუამავლად გამომიგზავნა გურამ მგელაძე. რუსის გენერალი ბე-ემ-პე-თი მოადგა კეხვის სკოლას, შსს-დან ჩამოვიდნენ რომან გვენცაძე და სხვა ხელმძღვანელები. მე ყველანი უარით გავისტუმრე და უშუალოდ დავუკავშირდი ოსთა ლიდერებს: ალიკა ცხოვრებოვს (ჯაყოს), ალიხანას და ნიხასის თავკაცებს. ჩოჩიევი ცხინვალიდან გაიქცა. ბევრი ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ და ბოლოს მივედით იმ დასკვნამდე, რომ აწი ყველაფერს ერთად, შეთანხმებულად გავაკეთებთ, ჩამოვაყალიბებთ ადგილობრივ საბჭოს, სადაც პარიტეტულ პრინციპზე შერჩეული ქართველი და ოსი მოსახლეობის წარმომადგენლები ყველა კონკრეტულ საკითხს თვითონ გადაწყვეტდნენ. მანამდე კი ხალხი უნდა დაგვეწყნარებინა, მოგვეშალა პიკეტები, შეგვერიგებინა მოწინააღმდეგენი. ასეც დავიწყეთ. მე გავუშვი ყველა ტყვე (ჩვენი დაპირისპირების შემდეგ ზვიად გამსახურდიამ ხმა დაყარა, რომ მე ტყვეები გოჭებში გავცვალე), ალიკა ცხოვრებოვთან ერთად შემოვიარეთ ცხინვალი, ოსური და ქართული სოფლები, მოვშალეთ პიკეტები, ორივე მხრიდან შევარჩიეთ წარმომადგენლები. ორი კვირის შემდეგ, როცა თითქოს დაშოშმინდა ხალხი, მხედრიონმა დატოვა ცხინვალი და ხეობა. თოვდა. ქარი ქროდა და სუსხიც ძალას იკრებდა. გზაში შემოგვაღამდა. თითქმის ყოველ კილომეტრზე ქართველებს პიკეტები გაემართათ, სანადირო თოფებითა და კეტებით შეიარაღებულები კოცონებთან იდგნენ, მანქანებს აჩერებდნენ და მგზავრებს ჩხრეკდნენ. მათი მოთავეები მკაცრად დავტუქსე: “იქ, ცხინვალში და მის შემოგარენში, სადაც შერეული მოსახლეობა და ფაქტობრივი კონფლიქტის ზონაა, ყველაფერი დამშვიდდა და თქვენ ახლა აქ, გორის რაიონში ურევთ?” ვუბრძანე დაშლილიყვნენ. მათი უმეტესობა მთვრალი ჩანდა. ვერაფერი გაგვიბედეს, მაგრამ უკმაყოფილოდ ბუზღუნებდნენ, ქართველებზე თავდასხმის გავრცელებულ ჭორებს იმოწმებდნენ, ასახელებდნენ ზვიად გამსახურდიას და ვაჟა ადამიას.

გზად მეღვრეკისის შტაბში შევიარეთ. გვინდოდა, სიტუაცია დაგვეზუსტებინა. ეს სკოლის შენობა ერთგვარ გამანაწილებელ პუნქტად გამოიყენებოდა მიტინგის მომდევნო დღეებში, როცა ჩვენ ხეობაში ვიყავით. აქ მოჰქონდათ ჩვენთვის გადმოსაცემი სურსათი. აქვე იკრიბებოდნენ მოხალისეები ჩვენს დასახმარებლად. ვაჟა ადამია, მაშინ ილია მართლის საზოგადოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჩამოვიდა სოფ. ქემერთში, სადაც დროებითი შტაბი გვქონდა. ავუხსენი, რომ უკვე ყველაფერი წყნარდება, ამიტომ ის მოხალისეები, რომლებიც მოვლენ მეღვრეკისში, აღრიცხე, დაიტოვე კოორდინატები და უკანვე, სახლებში გაუშვი. ვაჟა ადამიამ მომისმინა, მაგრამ საქმე სხვაგვარად წაიყვანა. მოხალისეები სახლებში კი არ დააბრუნა, თავისთან დაიტოვა და აქცია ახალ სამხედრო ფორმირებად, რომელსაც დაარქვა მერაბ კოსტავას საზოგადოება. აი, ეს ხალხი აქტიურობდა ახლა; გორის რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან კრებდნენ ოსებს, ჩხრეკდნენ, მოჰყავდათ მეღვრეკისის შტაბში, უწყობდნენ რაღაც დაკითხვებს, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს იყო ნამდვილი პროვოკაცია. ჩვენი იქ მისვლისას ორმოცამდე პატიმარი ჰყავდათ: ქალები, მოხუცები, მგზავრები - ყველა გავათავისუფლე და ეროვნული მოძრაობის იქ შეკრებილ ლიდერებს ვუთხარი, რომ კონფლიქტის ზონაში მოიშალა პიკეტები, ხალხი წყნარდება, ოსმა სეპარატისტებმა კარგი გაკვეთილი მიიღეს, საჭირო აღარაა კონფლიქტის ესკალაცია, პირიქით, ოსების უმრავლესობას სურს ჩაებას ჩვენს ეროვნულ მოძრაობაში, იქმნება გაერთიანებული საბჭო და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ.

ჩემმა მონათხრობმა კამათი გამოიწვია. ზვიად გამსახურდიას და მის თანამოაზრეებს სულაც არ აძლევდათ  ხეკს სიმშვიდე, ისიც - მხედრიონის მიერ მოპოვებული. პირიქით, მათ განზრახული ჰქონდათ, აეგორებინათ ეს შოვინისტური ტალღა. მივხვდი, რომ ჩემს სიტყვებს ესენი არაფრად ჩააგდებდნენ, მათი დარწმუნება შეუძლებელი იყო. ამიტომ დავემუქრე: თუ არ მოშლით ამ პროვოკაციის ბუდეს, ორ დღეში ჩამოვალ და გაგყრით-მეთქი. აი, მაშინ წამომაძახა ზვიად გამსახურდიამ: “ახლა დიდი გული გაქვს, აკი ფრთხილობდი, ღიად გეთანამშრომლა ჟურნალშიო”. ახლა ისიც გამახსენდა, რომ მუზეუმში ზვიადის მოსვლამ სიხარულთან ერთად, რაღაც უსიამო განწყობა დამიტოვა. წასვლისას მკითხა: შენ ჭაბუა ამირეჯიბთან იჯექი ციხეში, ხომ? არა, ისე შევხვედრივარ-მეთქი. მაინც გეცოდინება, მაგაზე ამბობენ, “კაგებეს” აგენტიაო. არ გამიგია, მაგასთან ოთარ მექვაბიშვილი იჯდამეთქი. რომელი, ხრუშჩოვის აფეთქება რომ უნდოდა, ისო, ჩამეკითხა. ჰო, ახლა პუშკინზე, საკომისიოს დირექტორად მუშაობს-მეთქი. წამომყევიო, მთხოვა. არ მცალია-მეთქი, მოვიმიზეზე, შემდეგისათვის გადავუდე - მომეჩვენა, რაღაც ბინძურ განზრახვაში მითრევდა. მაშინ ჭაბუას რომანი “დათა თუთაშხია” ახალი გამოქვეყნებული იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იქნებ შური ამოძრავებდა, თვითონაც ხომ მწერლობის პრეტენზია ჰქონდა?! არ ვიცი.

დაიწყო მხედრიონელთა მასობრივი დაპატიმრება. კახეთში დაიჭირეს ასამდე მხედრიონელი. სასიკვდილოდ დაჭრეს გელა გოდერძიშვილი და კიდევ რამდენიმე წევრი. ერთ-ერთს, თავისთვის მშვიდად შინ მიმავალს, უკანალში ესროლეს. შემდეგ, სასამართლოზე, მილიციელები თავს იმართლებდნენ: ჩვენ შესაშინებლად და გასაფრთხილებლად ზემოთ ვისროდით, ჰაერშიო. დაჭრილმა რეპლიკა მიახალა: “მა მე რა, ყვავი ვიყავი, ტრაკში რომ მამარტყით”. ყველა მხედრიონელს ადანაშაულებდნენ ან იარაღის ტარებაში, ან დოსააფის მანქანების გატაცებაში. არადა, დოსააფის მანქანები და ტექნიკა თვით მათ უფროსთან, გუდაძესთან შეთანხმებით წამოვიყვანეთ. დოსააფი - “დობროვოლნოე ობშესტვო სოდეისტვია არმიი ი ფლოტა” - როგორც ორგანიზაცია, იშლებოდა. მის კუთვნილ ტექნიკას - სატვირთო მანქანებს, ბულდოზერებს, ტრაქტორებს - რუსეთში გასატანად ამზადებდნენ . ამ დროისათვის ჩვენ უკვე მაშველთა კორპუსის - საზოგადოებრივი ორგანიზაციის ოფიციალური სტატუსით, შევიერთეთ დოსააფი თავისი ავლიდიდებით. დავდეთ ხელშეკრულება ხელმძღვანელობასთან - ეს ყველაფერი გაფორმებულია საერთო კრებაზე დოკუმენტურად, ვიდეოკასეტაზე, მოწმეების ჩვენებებით. და მაინც, პროკურატურა, თავისი ჩვეული საბჭოთა მეთოდებით, ჯიუტად გვაკერებს ამ “დაყაჩაღებას”. ქაღალდის მთელი ზეწრები შეუდგენიათ, დაუხატავთ, დაუხაზავთ, ვინ საიდან წამოიყვანა ეს მანქანები. ბევრი მათგანი შავნაბადაზე, ფარეხში გვქონდა შენახული. დარბევის დღეს რუსის ჯარმა დალეწა, ტანკებით გადაუარა ამ მამასისხლად შეძენილ ტექნიკას.

ციხეში, გამოძიების მხრიდან, ყველა მხედრიონელი საშინელ ზეწოლას განიცდის. აშინებენ, ზოგს სცემენ. ამანათებს არ იღებენ, უნდათ გამოსძალონ რაიმე ჩემი კომპრომეტირებისათვის. მაგრამ ჯერ ვერც ერთი პროვოკატორი ვერ მოიძიეს. ჩემი დაპატიმრების სანქცია გაცემულია ხულიგნობაზე, ვითომც მე მიტინგზე ვიღაც ორ ქალს (ზვიადისტს) შეურაცხყოფა მივაყენე და ორი თვის შემდეგ მიჭერენ იმ იმედით, რომ პროკურატურა ისევ სტალინისტური ლოზუნგით მუშაობს: “კაცი იყოს, საქმე მოიძებნება”. ახლა ცდილობენ, მხედრიონი ბანდად წარმოაჩინონ, მე კი - ამ ბანდის ხელმძღვანელად. ლილიმ, ჩემმა დამ, ვექილად ქართლოს ღარიბაშვილი აიყვანა. ვფიქრობ, სწორი არჩევანია. ქართლოსი სახალხო ფრონტის ხელმძღვანელობაშია, მას პოპულარობა სჭირდება. ჩემს ავტორიტეტს გამოიყენებს, მიტინგებზე, შეკრებებზე გამოვა ხოლმე სიტყვით. ეგ მეც წამადგება, თორემ სასამართლოზე ან საქმის წარმოებისას რაში მჭირდება დაცვა ან რა მაქვს დასაცავი?! ასეც მოხდა. ქართლოსმა პოპულარობა მოიპოვა კიდევ იმითაც, რომ მალე იგი ჩემს საქმეს ჩამოაცილეს, როგორც კანონის დამრღვევი ვექილი, რომელმაც დაარღვია საგამოძიებო პროცესის კონფიდენციალობის წესი და ჩემი უდანაშაულობის ამბავი საქვეყნო მსჯელობის საგნად აქცია. მის ნაცვლად შემოგვთავაზეს მარინა დალაქიშვილი, ჩემი დიდი ხნის გულშემატკივარი. მისი ენთუზიაზმი მხიბლავს და მეც ვთანხმდები.

გარეთ პრიმიტიული ნაციონალიზმი პარპაშებს. ზვიად გამსახურდიამ შემოიკრიბა ყველა ხელმოცარული პოეტი, რეჟისორი, მსახიობი ან, უბრალოდ, სოციალურად დეგრადირებული პირი. მას განსაკუთრებით ერთგულებენ პროვინციელები. ისიც ერის მამობას იჩემებს. დაავიწყდა, როგორ ჩააფურთხა სულში ეროვნულ მოძრაობას - უპირველესად, თავისი აბიურაციით - ორგზის ტელეგამოსვლით, როცა ყველაფერს ლაფი დაასხა და პატიება სთხოვა თავის მეციხოვნე-კომუნისტებს. იგივე შევარდნაძეს, ვისაც ახლა დორბლმორეული აგინებს, იმ შევარდნაძეს, რომელიც ახალი მეთოდებით ებრძოდა ეროვნულ მოძრაობას. მან რენეგატ ზვიად გამსახურდიასათვის ორი წელი გამოითხოვა და საკუთარი “ლაგერი” გაუხსნა ყიზლარში, რაც სანატორიუმი უფრო იყო, ვიდრე საპატიმრო. მერაბ კოსტავა კი, როგორც ურჩი და მოუდრეკელი, 8 წლით ციმბირის ჯურღმულებში გააგზავნინა.

ჩვენი ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერისა და ინტელიგენციის დიდ დანაშაულად მიმაჩნია ის მკრეხელური პოზიცია, რითაც გამსახურდიას ამ გამცემლურ აქტს გამართლება მოუძებნეს, “ტაქტიკური სვლა” უწოდეს. საუკუნეობით, ათასობით მსხვერპლის მიერ გამომუშავებული ზნეობრივი ნორმა გააუფასურეს. ვფიქრობ, აქედან დაიწყო ჩვენი ეროვნული მოძრაობის მორალური დეგრადაცია. როცა ქალაქში ხმა გავრცელდა გამსახურდიას გათავისუფლების შესახებ, მასთან შეხვედრას ვერიდებოდი. მაინც შევეჩეხე ქუჩაში, ზემელზე. საკოცნელად წამოიწია. ხელი ვუბიძგე. რა იყოო - გაიკვირვა. არ იცი-მეთქი? რა მოხდა, ისინი თუ გვატყუებენ, ჩვენ რატომ არ უნდა მოვატყუოთო? თქვა ურცხვად. აი, დღესაც ამ პრინციპით მოქმედებს ჩვენი პოზიცია-ოპოზიცია და პარტიების უმრავლესობა. აი, ეს არის მათთვის პოლიტიკა! ძალაუფლებას დახარბებული, ნაუცბათევად შეკოწიწებული ორგანიზაცია - ბლოკი “მრგვალი მაგიდა” - განაგებს ქვეყანას. საქართველო ორადაა გაყოფილი: პატრიოტებად და ერის მოღალატეებად. პატრიოტები, რაღა თქმა უნდა, ზვიადის მომხრეები არიან. სიტყვა “ეროვნული” უკვე “სახაზინოს” სინონიმი გახდა: ეროვნული მილიცია, ეროვნული ოპერა, პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი და ა. შ. - აშკარა ტინგიცობაა (ქუჩაში გამვლელს ტაქსი არ გაუჩერეს: “ცარიელი იყო, ეგ ერის მოღალატე” - ამბობს განაწყენებული).

საველე კარვებით გარემოცული მთავრობის სასახლე ცენტრალური ბაზრის შენობას, შორიდან კი ყორჩიხა-ხანის საომარ ბანაკს ჰგავს. გულახდილად რომ ვთქვათ, ეს ჩვენგან მოდის. როცა მხედრიონი შიმშილობდა, ზამთარი იდგა და ანზორ ქაჯაიამ, ჩვენმა მარიფათიანმა მომმარაგებელმა, ოპერის ბაღში კარვები გაგვიშალა. მაშინ ხელისუფლებამ გამოიყენა მსოფლიო პოლიტიკური ცხოვრებისათვის უპრეცედენტო ხერხი - გამოჩნდნენ ახალი ტიპის შტრეიკბრეხერები, გამსახურდიამ ჩვენს შიმშილობას ქალების “შიმშილობა” დაუპირისპირა - შიმშილობა შიმშილობის წინააღმდეგ. მათი დევიზი იყო: შიმშილობა ხელისუფლების დასაცავად. ჰოდა, დასცეს ბანაკი მთავრობის სახლის წინ. მართალია, მათი “შიმშილობა” ცოტა სხვაგვარი იყო - მუსლიმურ “ურაზას” უფრო წააგავდა, საღამოობით რომ იციან ჭამა, მაგრამ მაინც შიმშილობად ითვლებოდა. ასე შემორჩა ეს კარვები “ქვედა პალატად” პარლამენტისა და მთავრობის მისადგომებს. შექსპირის “მაკბეტის” დამდგმელ რეჟისორებს გადაუჭრელ პრობლემად ესახებათ პროლოგსა თუ ინტერმედიებში ჭინკების სცენის გადაწყვეტა. მეც ხშირად მიფიქრია, ნეტა რა მხატვრულ-იდეურ დატვირთვას ანიჭებდა გენიოსი შექსპირი ამ სცენებს. კარვის ქალების არსებობის ფაქტი უბრალოდ ხსნის ამ ჩანაფიქრს: ეს არის ძალაუფლების ვნების გამოხატვა, მისი უზნეობის ცოცხალი სურათი.

ციხიდანაც კი შეიმჩნევა, რომ ნაციონალიზმი ქსენოფობიამდე ადუღდა. არბევენ და ასახლებენ ოსებს, ციხეში აქა-იქ ბერძნები და ფულის გამოსაძალავად დაჭერილი თათრები არიან. ჩემს სართულზე ზის ვითომც მოსალაპარაკებლად შემოტყუებული ოსების ლიდერი ყულუმბეკოვი. გურამ პეტრიაშვილი, ყოფილი კინოტიპაჟი, ტელევიზიიდან მოძღვრავს ხალხს. ზვიად გამსახურდია და მისი გარემოცვა ამბიციურობის მწვერვალზე შემოსკუპებულან: რას წარმოადგენს საფრანგეთის პრეზიდენტი მიტერანი, ძირს ამერიკის პრეზიდენტი ბუში! ჩვენი მესია ზვიადია. “ზვიადი საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო”,- გაისმის პერიფრაზი გაზეთ “ლიტერატურული საქართველოდან”. როგორ? ჩვენც ხომ ჩვენი პრეზიდენტი უნდა გვყავდეს?! დაპატიმრებამდე ორი კვირით ადრე ედპ-ს შტაბ-ბინაში ამერიკელი კორესპონდენტი ინტერვიუს დროს მეკითხება: ამბობენ, რომ თქვენ კარგად იცნობთ ზვიადს. როგორ მიგაჩნიათ, იგი ამბიციური კაცია? “ვერ გეტყვით, - ვპასუხობ, - ერთი რამ შემიძლია გითხრათ. ქართულად სიტყვა “ამბიციას” “ზვიადობა” ჰქვია”. “ნუთუ”? - იცინის იგი. თუ ჩვენ ბუშს, მიტერანს, ტეტჩერს და, საერთოდ, ყველას ვჯობივართ, რატომ არ უნდა გვყავდეს პრეზიდენტი?

სასწრაფოდ იკრიბება უზენაესი საბჭო და ტაშის გრიალში, კომუნისტების ერთსულოვანი მხარდაჭერით, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ზვიად გამსახურდიას ირჩევენ პრეზიდენტად. აქვე, მეტი დამაჯერებლობისა და პომპეზურობისათვის, ინიშნება პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნები 26 მაისისათვის, საქართველოს განთავისუფლების სადღესასწაულო დღისათვის. რა პრეზიდენტია, როგორი, რა უფლებამოსილებით - ამაზე არ არის ლაპარაკი. ეს რომ ფაქტობრივად გადატრიალებას ნიშნავს და ახალი სოციალური ფორმაციის შემოღებას - არც ამაზეა მსჯელობა. პრეზიდენტი - მორჩა და გათავდა! პარალელურად ტარდება რიტორიკული რეფერენდუმი: სურს თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ჯერ კიდევ ჩემი გარეთ ყოფნის დროს, 9 აპრილის მოვლენების შემდეგ, ჯუმბერ პატიაშვილის ნაცვლად პოლიტბიუროს წევრმა ედუარდ შევარდნაძემ ცეკას მდივნად დაგვიტოვა გივი გუმბარიძე, რომლის მეცადინეობითაც აღზევდა გამსახურდია. ჯერ კიდევ მაშინ ჩანდა, რომ გამსახურდია თავისი არაკომპეტენტურობით, ავტორიტარული მისწრაფებით, ავანტიურული პოლიტიკით და შოვინისტური კურსით საქართველოს დაღუპვის პირამდე მიიყვანდა. ამიტომაც გადავწყვიტე, სისრულეში მომეყვანა ისევ ის გეგმა, რომელიც, საუბედუროდ, ვერ განხორციელდა ერთი მხრივ ჯუმბერ პატიაშვილის და მეორე მხრივ, აკაკი ბაქრაძის ინფანტილური დამოკიდებულების გამო, გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ნგრევის პირობებში დამოუკიდებლობის გზაზე საქართველოს თანდათანობით გამოყვანას. ამისათვის არსებობდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური წანამძღვრები. პოლიტიკურ ასპექტში ამას წარმოადგენდა რუსთაველის საზოგადოება, სადაც გაერთიანდა კონფორმისტულ ყოფას ახლად თავდაღწეული, ფრთხილი ინტელიგენცია, მთელი რიგი პოლიტიკური შეფერილობის ორგანიზაციები და ცალკეული ავტორიტეტული პიროვნებები. იმ დროისათვის რუსთაველის საზოგადოება ყველაზე მრავალრიცხოვან, მართვად-სისტემურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.
***

22 აპრილს ყველა საჭირო საბუთს, რომელიც უკვე დიდი ხანია ცსკ-ში ჰქონდათ ჩაბარებული ჩემს აქტივისტებს, დაემატა ჩემი ხელწერილიც. გამსახურდიამ განგაში ატეხა. სასწრაფოდ, 23 აპრილს, მოიწვია უზენაესი საბჭო და მიაღებინა უპრეცედენტო დადგენილება: აღმკვეთი ღონისძიებით პატიმრობაში მყოფ პირებს ეკრძალებოდათ არჩევნებში მონაწილეობა. 25 აპრილს კი დილით მომიტანეს ცსკ-ის დადგენილება ვახტანგ ხმალაძის (ცენრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე) ხელმოწერით, საიდანაც შევიტყვე, რომ მე, ჯერ ერთი, დავაგვიანე საბუთების შეტანა (ვითომდა ეს მოხდა 23-ში და არა 22-ში), მეორეც - საქართველოს უმაღლესი საბჭოს უკანასკნელი დადგენილებიტ მეკრძალებოდა წარმედგინა ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. ეს დადგენილება 24 აპრილს გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ (ყოფილი „კომუნისტი“). მინაწერში ცხადდებოდა, რომ კანონი ძალაში შედის მიღებისთანავე, ე.ი. იგი 23-ში უკვე მოქმედებდა, რაც ყველა საერთაშორისო კანონისა და მიღება-გავრცელების ნორმების უხეში დარღვევაა: ის, რაც მე მეხება, მე უნდა ვიცოდე, გამოუქვეყნებლად მისი ძალაში შესვლა თაღლითობაა.

ნოვოჩერკასკის „დაკეტილ ციხეში“ (საგანგებო რეჟიმის ციხეზეა საუბარი, თორემ რომელი ციხე არ არის დაკეტილი?) იყო ერთი პატიმარი. მარტო იჯდა. ციხის სულ განაპირა ეზოში, საიდანაც არაფერი ჩანს და ვერც ვერავინ ხედავს ამ პატარა, მივარდნილ, ბეტონით შემოკავებულ მიწის ნაგლეჯს, იგი ყოველდღე გამოჰყავდათ სასეირნოდ. ყოველდღე ხელში ტრანსფარანტი ეკავა. ეს იყო ან ცოცხის ღეროზე წამოცმული პირსახოცი ან ზეწრის მოხეული ნაწილი, ან ბუშლატის ზემოდან მკერდზე შემოკრული პერანგის სახელო. ეტყობა, ყოველი დაბრუნებისას საკანში ართმევდნენ ამ ტრანსფარანტს. რამდენჯერმე თავშეხვეულიც გამოვიდა, ალბათ სცემეს და თავი გაუტეხეს. ტრანსფარანტს მაინც ჯიუტად აფრიალებდა სულ მოულოდნელი მასალისაგან და მოულოდნელ ფორმაში. ტრანსფარანტის ტექსტი უცვლელი რჩებოდა. „ძირს კომუნისტური ტირანია“. ეს ხდებოდა 1960 წელს, კომუნისტების გაგანია თარეშის ხანაში. ბოლოს ზედამხედველები შეეჩვივნენ და იცინოდნენ: „ბიჭო, რად გვაცემინებ თავს, ამას ხომ ჩვენს მეტი ვერავინ ხედავს“. ის არ პასუხობდა. 

ღმერთკაც სტალისნ რომ სცოდნოდა, რომ მისთვის ყველაზე საყვარელი არსება, მისი ქალიშვილი, დევნილი სვეტლანა, აი, იმ კარცერში მყოფი, სიცივით აკანკალებული, თავისივე მუხლებში თავჩარგული მონის საპატრონო გახდებოდა, მე შევიფარებდი, დავუმეგობრდებოდი და, როცა 60 წელი შეუსრულდებოდა, მე გადავუხდიდი დაბადების დღეს, ვფიქრობ, ჩვენი, ორივეს ცხოვრება ცოტა სხვაგვარად წავიდოდა.

ახლა ყველანი ერთად უნდა ვიყოთ, ყველანი! მხოლოდ ზვიად გამსახურდიამ უნდა დატოვოს პოსტი და, ჯერჯერობით, საქართველოც. „ყველა - მინუს ერთი!“ ვაცხადებ მიტინგზე. ტაშით მხვდებიან. „გაჩნდა მესამე ძალა“, - ამბობენ ზვიადისტები. „ჩვენ მესამე ძალა ვართ, ჩვენი ყველანი ერთად უნდა ვიყოთ“.

დღეს თუ დაგვარტყეს, გაგვფანტავენ, ორგანიზებულები არა ვართ. ხალხიც არ ჩანს, სადაა გვარდია? იმელში ტარიელაა - კასპის ბატალიონის უფროსი (ბატალიონში 20 კაცია), მხედრიონელებიდან ნიკუშა რურუა, გია სვანაძე, გიგა არველაძე არიან. „ბიჭებო, დღეს როგორმე უნდა გავძლოთ, ხვალიდან დედას ვუტირებთ!“

ედპ-მ კაცი გამოგზავნა, მთხოვენ, მივიდე მათთან კონსპირაციულ ბინაში. მივყვები. სადღაც თბილისის ძველ რაიონში სარდაფის მსგავსი ბინა. გია ჭანტურია არ დამხვდა, სამაგიეროდ, დანარჩენები აქ არიან: ირინა სარიშვილი, მამუკა გიორგაძე, ირაკლი ქადაგიშვილი და სხვები. გადაუწყვეტიათ, ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღონ და სხვაგვარად ყველაფრით დაეხმარონ ოპოზიციას. ამასვე მირჩევენ მე. ჩვენ მერე მოვალთ ხელისუფლებაში, ასკვნიან ისინი. მეცინება. მერე როგორღა მოხვალთ, თუ ახლა წააგებთ?! საქმე წკიპზეა მისული სხვისი ხელით ცეცხლიდან წაბლის დათრევას არ ვარ ჩვეული და არც პატიოსნად მიმაჩნია. არა მგონია, რომ ეს კაცების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, ვფიქრობ, ირინას ქალური სიფრთხილე უფროა. მას თურმე ისიც არ სურდა, რომ გია ციხიდან გამოსულიყო, იქ უფრო უსაფრთხოდ გადაიტანდა ამ ცხელ დღეებსო. ვითომ? ეჭვი მეპარება.

შემოსასვლელ კართან შეჯგუფებულან კორესპონდენტები. მათი მიღების დრო არა მაქვს. თუმცა, რაღაც ოფიციალური განცხადების გაკეთებაა საჭირო. პარტიის ლიდერები არსად ჩანან. მათგან მეტს არ მოველოდი. განა უფიქრიათ იმ პასუხისმგებლობაზე, რაც უნდა მოჰყვეს მასების აზვირთებას, აბორგებას, ვაშას ძახილს, როცა უშუალო საშიშროება ჯერ არ ჩანს?! გადამწყვეტ მომენტში რა ბუჩქებისკენ გარბიხარ?!

„საქართველოს მოსახლეობა არის კი მზად დემოკრატიისთვის?“ - მეკითხება ერთ-ერთი უცხოელი ჟურნალისტი. „რომ არ არის, უნდა მოვამზადოთ. აი, ჩვენ მოვანგრიეთ თითქმის ყველა ბელადის ძეგლი. ამ ხსნის განმავლობაში მე მოვიარე მთელი საქართველო. ლენინის, სტალინის, ორჯონიკიძის ყველა ძეგლი მონგრეულია, მაგრამ კვარცხლბეკი ყველგან ხელუხლებელია. თითქოს ელიან, ვინმე ახალი წამოჯდეს ან ხელგაშლილი წამოდგეს მასზე. კვარცხლბეკებიც უნდა დაინგრეს და უპირველესად - ჩვენი ხალხის შეგნებაში“. ჟურნალისტი არაფერს მპასუხობს, ტუჩებს პრუწავს და ეჭვის გამოსახატავად თავს აქეთ-იქით იქნევს.

პატარა შეტაკების შემდეგ ჩვენებმა 11 კაცი აიყვანეს. მოიყვანეს ჭადრაკის სასახლეში. მათი უფროსი ახალგაზრდაა, ვინმე ბულია. მიცხადებს: „თქვენი ნათლულის მეგობარი ვარ“. „ვისი?“ „ლაშა თაბუკაშვილისა“. რა ვუყო ახლა ამას? ეს არის საქართველოში სამოქალაქო ომი! ვუშვებთ.

„თენგიზ, - ვეუბნები - უკვე ავიღოთ ხელში ძალაუფლება, გამოვაცხადოთ, რომ არჩევნებამდე დროებით ჩვენ ვმართავთ ქვეყანას. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. გამოდის, რაღაც ბანდები ეომებიან ერთმანეთს, ვიკისროთ პასუხისმგებლობა, გამოვაცხადოთ სამხედრო საბჭოს ძალაუფლება!“ უხმოდ მეთანხმება. სავარძელში ზის, თითქოს განცხრომაშია. უცებ დაბნეული კითხულობს: „მერე საბჭო?“ – „მე და შენ, ორი კაცი უკვე საბჭოა. თენგიზ სიგუა დავნიშნოთ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად, აღადგინოს თავისი ყოფილი კაბინეტი, ჯერ-ჯერობით ასე, და მერე ვნახოთ“. იღიმება და დასტურის ნიშნად თავს მიქნევს: „კარგი!“

როცა შევარდნაძემ გაიმარჯვა და ჩაატარა მთელი სერიალები კომუნისტური „პაკაზუხური“ კამპანიებისა მყვირალა სათაურებით: „მავნე ტრადიციებთან ბრძოლა“, რომელიც გამოიხატა ქელეხებისა და ეკლესიური დღესასწაულების აკრძალვაში, „კერძომესაკუთრულ გადმონაშთებთან ბრძოლა“, „ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლა“ და სხვა., რომლებმაც უბედურების მეტი არაფერი მოუტანეს ქართველ ხალხს; როცა ციხეები დაიტენა და დაიწყო საეჭვო სამართლიანობის მქონე სასამართლო პროცესები, განსაკუთრებული სისასტიკით გამორცული განაცენები: კობახიძისა, გელბახიანისა, ლაზიშვილებისა, ჟვანიასი, ანანიაშვილისა, მეღვინეებისა, უდანაშაულო ახალგაზრდა მღვდლის, თემურ ჩიხლაძის დახვრეტა, სოსო წერეთელი, დათო მიქაბერიძე, გეგა კობახიძე, ორი ძმის, კახა და პაატა ლეკიშვილების (ივერიელების) სიკვდილით დასჯა და განაჩენის სისრულეში მოყვანის დამალვა, ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენლის დატუქსვა იმ საბაბით, რომ მათ პეტიცია მიართვეს შევარდნაძეს სიკვდილმისჯილთა შეწყალების შესახებ; ყველაფერმა ამან, რასაკვირველია, არათუ განმხიბლა, არამედ მის მოწინააღმდეგედ მაქცია და არა მარტო მე. ხალხში სარკაზმის საგანი გახდა შევარდნაძის გადაჭარბებული მლიქვნელობა ზემდგომ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, მისი გახმაურებული „აფორიზმი“ – „მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“. პატრიოტულად განწყობილ ადამიანებს არც ის მოსწონდათ, რომ მწერალთა კავშირში ე.წ. ნაციონალიზმი დაგმო და რუსეთის თვალში იდეური ინტერნაციონალისტის როლი გაითამაშა. „კორუფციასთან მებრძოლმა“ პოლიტიკამ ხომ ერთთავად კორუმპირებული გახადა მთელი რეპრესიული ორგანოები, რომელნიც, ასე ვთქვათ, მაფიოზური პრინციპით მოქმედებდნენ - ხელი ხელს ბანდა და სამართალი იყიდებოდა. ამავე დროს, ისიც სათქმელია, რომ ცალკეულ შემთხვევებში იგი არ იქცეოდა, როგორც სტანდარტული კომუნისტი, უფრო მეტიც, მისი იანუსის სახე ხშირად საგონებელში აგდებდა ადამიანს. მაგალითად, ე.წ. ბრეჟნევის კონსტიტუციის მიღების პროცედურის აღრევა. შეფარულად პროვოცირება და ქართული ენის საკითხის სადისკუსიოდ გამოტანა, როცა თვით ინტრიგებში გაწაფული პარტიული ფუნქციონერები ვერ გარკვეულიყვნენ, რას უჭერდა მხარს შევარდნაძე, ბრეჟნევისეულ ტექსტს, რომელშიც ქართული ენა გათანაბრებული იყო სხვა ერების კულტურულ უფლებებთან, თუ იმას, რომ იგი საქართველოში უნდა დაკანონებულიყო სახელმწიფო ენად?!

გაოგნებულმა სვეტლანა ალილუევამ (სტალინის ქალიშვილმა) პირველმა დამირეკა მოსკოვიდან და შემატყობინა შევარდნაძის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის ამბავი. სიტყვამ მოიტანა და, მისი დამოკიდებულება შევარნაძისადმი მკვეთრად უარყოფითი იყო. მასთან საუბრისას მგონია, რომ ლავრენტი ბერიას ველაპარაკებიო, - ამბობდა სვეტლანა. გორბაჩოვს კი ერთგვარი სიმპათიით იხსენებდა: „მაინც ლომონოსოვის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ჩვენი „ალმა მატერი“. ახლა კი ასეთი არჩევანით აღშფოთებული ჩანდა. „ასეთ დროს, როცა რუსეთი ჭეშმარიტი დემოკრატიის გზას ირჩევს, ეს ფანატიკოსი კომუნისტი?“ სვეტლანა ცდებოდა. შევარდნაძე არასოდეს ყოფილა ფანატიკოსი, იგი თამაშობდა ამას, თავსაც იტყუებდა და სხვებსაც ატყუებდა.

აქაც, როგორც ყველგან, შევარდნაძემ თავი გამოიჩინა - მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ ზვიად გამსახურდიამ, მცირე სასჯელისა და პატიმრობაში კარგი პირობების საფასურად, შეარცხვინა დისიდენტური მოძრაობა. შევარდნაძესთან უსიტყვო შეთანხმებით და მისივე ზეგავლენით დაგმო თავისი ნამოღვაწარი.

ყველა პარტიის ლიდერი თუ აქტიური წევრი შევარდნაძის გინებას კარგ ტონად მიიჩნევდა. მასთან ურთიერთობაში მყოფი პიროვნება კი მიტინგებზე, ტელევიზიასა თუ პრესაში „ერის მოღალატის“ იარლიყით ჯილდოვდებოდა. 9 აპრილისადმი მისი დამოკიდებულებაც არ შეფასდა ობიქტურად. ის, რომ კომენდანტის საათმა ერთ კვირასაც არ გასტანა, ის, რომ რეპრესიები არ განხორციელდა (თუ არ ჩავთვლით ზ.გამსახურდიას, ი. წერეთლის, მ.კოსტავას და გ.ჭანტურიას ოცდღიან პატიმრობას), მიწერებოდა ეროვნული მოძრაობის სიძლიერეს და არა პოლიტბიუროს წევრის ლიბერალიზმს. ასეთ დასკვნას, რასაკვირველია, აქვს საკმაოდ მყარი საფუძველი, მაგრამ არც ის არის მართებული, რომ შევარდნაძეს მთლად დავუკარგოთ 9 აპრილის ირგვლივ გამოვლენილი პოზიცია, თუნდაც საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში ამ მოვლენის განხილვის პერიოდში. მართალია, არის ისეთი მოსაზრებაც, ვითომც მას შეეძლო, უფრო ადრე ჩამოსულიყო თბილისში და არ დაეშვა სისხლისღვრა. იმასაც ამბობენ, რომ შევარდნაძეს კი სურდა ჩამოსვლა, მაგრამ ჯუმბერ პატიაშვილმა შეუთვალა, ჩვენ თვითონ მოვუვლით ამ საქმესო, მაგრამ ეს მომენტები საქართველოს უახლეს ისტორიას ჯერ არ გამოუმჟღავნებია. 

აფსუს, რომ მამარდაშვილი ცოცხალი აღარ არის...

მოდის ერთი მოხუცი კაცი. ამბობს, რომ ჩემთან სწავლობდა. ვუყურებ. საუკუნეა, არ შევხვედრივარ. მაინც ვცნობ, სამჯერ დარჩენილი მეოთხე კლასში იყო ჩემთან. „ჯაბა, - მეუბნება დამწუხრებული სახით - შენ ხომ იცი, მამაჩემი რომ დაიჭირეს“. „ვაიმე, - ვფიქრობ, - საიდან ვიცი. ეს ხომ ჩემზე სამი-ოთხი წლით უფროსია, ესე იგი, სამოცდაათს უკაკუნებს. ნუთუ მამამისი ცოცხალია? და თუ ცოცხალია, რა ჩაიდინა ამ ხნის კაცმა, რომ დაიჭირეს“. „რატომ?“ - ვეკითხები. „როგორც ტროცკისტი“. „ტროცკისტი? როდის?“ „1937 წელს“... გულზე მომეშვა. „მერე რა?“ „როგორ თუ რა, როგორც რეპრესირებულის შვილს, ერთი მანქანა არ მეკუთვნის?“

მამუკა გვარიშვილს ჩემთან მოჰყავს ვიღაც ვახტანგ რჩეულიშვილი, გინდა თუ არა, რუსის ჯარის რომელიღაც ყოფილი ქარხანა ჩვენ გადმოგვეცით, რაღაც ფირმას თუ კოოპერატივს ვხსნითო. „ვია ხართ ეს თქვენ?“ - მათ ჩემი კოწია აუყოლიებიათ, რაღაც კორპორაცია შევქმნათო. ძალიან თავხედი ვინმეა. კოწიას მაგრად დავუცაცხანე, მამუკასაც უარი ვტკლიცე, თუმცა არც ვიცი, რა ქარხანაზეა საუბარი.

ილია II მათვალიერებინებს თავის რეზიდენციას, მიჩვენებს ნატყვიარებს, ზვიადისტებმა თურმე რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს საპატრიარქოს. „აი, ხომ გეუბნებოდით, თქვენ სჭირდებით საქართველოს, ხომ ახდა ასე!“ - სათნო ღიმილით მეუბნება იგი. მე ვეამბორები.

ამბობენ, გამსახურდიამ პირველი დამოუკიდებლად შემოსული ვალუტიდან ორი დაჯავშნული „მერსედესი“ იყიდა. ერთი ასლან აბაშიძეს აჩუქა, მეორე თვითონ დაიტოვაო. ეს მართლაც ასეა. ერთი „მერსედესი“ ცეკას ავტოფარეხში დგას, ერთიც აჭარაშია.

ქალაქის კომენდანტი გელა ლანჩავა ცოლს ბაზარში ტანკით მიაგრუხუნებს. დილით კომენდატურიდან გაუვლის, ფანჯარაში შესძახებს და ისიც კალათებით ჩამოცუნცულდება. იქვე ქალების ბრბო შეკრებილა. აა, მიტინგია?! - იძახის ლანჩავა და ტანკის ქვემეხს მათკენ ატრიალებს. „არა, კაცო, - კივიან ქალები, - პურის რიგია, პურის“. „ჰო? მაშინ ორი პური მეც ამიღეთ“. ისე, კაცმა რომ თქვას, რიგებიც ხომ თავისებური მიტინგებია. ბავშვობიდან სულ რიგები მახსოვს: პურის, შაქრის, კარაქის, ძეხვის და ა.შ. განა ისინი მდუმარე ეკონომიკურ მიტინგებად არ შეიძლებოდა ჩაგვეთვალა?

საბჭოთა კავშირში დამნაშავეობა ბედი იყო და არა ბოროტმოქმედება. ორი მშენებელი ამხანაგი მყავდა. ერთმა ცხრა კვადრატული მეტრი პარკეტი მოიპარა სახლისთვის და ხუთი წელი მიუსაჯეს. სანამ ის ანგელოზივით იჯდა და სასჯელს იხდიდა, მეორემ იმდენი საშენი მასალა მოიპარა, ერთი ქალაქი აშენდებოდა - ჰოდა, მინისტრი გახდა.

სამტრედიის პრეფექტი ზვიად ძიძიგურია, ერთ-ერთი პირველი მხედრიონელი. აფხაზეთის პირველი ლაშქრობის დროს თან მახლდა. ჭუბერიდან წებელდამდე 19 საათი ფეხით ვიარეთ და სოფელ შრომაში დავბანაკდით. ეს ვეკუას დასაფლავების დღეები იყო, 1989 წლის ივლისში, როცა აფხაზები გუდაუთიდან განმეორებით თავდასხმასა და სოხუმის დარბევად აპირებდნენ. შემდეგ ძიძიგური თავგადაკლული ზვიადისტი გახდა.

ვყვები ანეკდოტს: კომუნისტების დროა. ჩაის კრეფა დაწყებულია. მაშინ ვიეტნამში ომი იყო და საბჭოთა პროპაგანდა ამერიკელებს უკიჟინებდა: „გაეთრიეთ ვიეტნამიდან“. ჰოდა, გურულმაც გამოაცხადა: „სანამ საზიზღარი ამერიკელები არ გავლენ ვიეტნამიდან, არ გავალ ჩაში“.

ჰომო სოვეტიკუსის მონურ, სულიერი ხიზნის „მყუდრო“ ცხოვრებას შეჩვეულებს, თავისუფლებიტ გამოწვეული პასუხისმგებლობა აშინებთ.

ტელევიზიით გამოვდივარ, მკაცრად ვაფრთხილებ რევანშისტებს - დემოკრატია ლობიოობა არ არის, დემოკრატიას ჩვენ დავიცავთ. როგორც ამბობენ, ჩემმა გამოსვლამ ნაყოფი გამოიღო, ყოველ შემთხვევაში, რევანშისტების ე.წ. მიტინგი და დემონსტრაცია არც დაგეგმილ და არც მომდევნო დღეებში ძალოვანი ექსცესების პროვოცირებით არ შედგა.

ქვეყანა თანდათან მშვიდდება. დედაქალაქში არის ელექტროენერგია, გაზი, პურის პრობლემაც ჯერჯერობით მოგვარებულია. მიტინგები და მასობრივი გამოსვლები აღარ იმართება. ჩამოდიან უცხოელი საქმოსნები, დაფაცურდებიან, თუმცა, რაიმე შედეგიან გარიგებას ჯერ ვერ ვხედავთ. დაფუძნდა უამრავი ფირმა, მხოლოდ ქაღალდზე. ამას მეტწილად თავობენ ავანტიურისტები ან წვრილფეხა თაღლითები. იწყება სპეკულაცია საწვავითა და იარაღით ვაჭრობაში. თურქეთთან საზღვარი გახსნილია და ჯართომანიაა ქართველი საქმოსნების გატაცება: იაფი და იორღა, ქართული ზერელობის შესატყვისი ბიზნესი. იხსნება კერძო დუქნები და რესტორნები. კრიმინალური სამყაროს სპეციალიზაცია მანქანების მოპარვა-გატაცებაში გამოიხატება. უამრავი მძღოლი ყიდის სახაზინო ტრანსპორტს და დაყაჩაღების აქტებით ჩამოწერენ მათ. ასევე გახშირდა მილიციის მიერ იარაღის გადამალვა-გაყიდვის ფაქტები. მოსახლეობა მევახშეობაზე გადავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოქმედოა - შეშინებული და ამავე დროს პოლიტიზებული. წასვლის წინ კომუნისტებმა მილიციებში მოხვეტეს ქვსი ათასი ავტომატი და რუსეთში გაგზავნეს. ამას დაემატა ომის დროს განიარაღება-გაყიდვა. ასე რომ, მილიცია ფაქტობრივად განიარაღებულია.

შევარდნაძეს სამუშაო კაბინეტს ვუთმობთ ყოფილ ცეკას შენობაში. აქაც თავს იკავებს, აქაც გამოცალკევება სურს. მაგონდება სოლჟენიცინის შედარება კომუნისტური და ქურდული მორალისა - შესაბამისად უბრალოდ ხალხთან და არიფებთან: დისტანცია უპირველეს ყოვლისა. შევარდნაძე კრწანისიდან ერკვევა ქვეყნის საქმეებში.

ვითომ წვრილმანია, მაგრამ ასეთი წაყრუებით იწყება დიქტატურა, რაც მერე დიდი სისხლის ფასად ჯდება.

გამოჩნდნენ ის ცნობილი შავოსანი ალები, რომლებსაც გამსახურდია ჯერ კიდევ კომუნისტების შანტაჟისთვის იყენებდა - შვილმკვდარი დედების სახელით. არის მიტინგობია და ქალების წივილ-კივილი.

ისევ მიაბაკუნებს შევარდნაძე წინ, მე, ასე ვთქვათ, კომუნისტური პროტოკოლით - დისტანციაზე. ცხინვალში ჩვენი მეგზური გვიჩვენებს სკოლის ეზოს, სადაც ჩვენი აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვები არიან დამარხული.

სად იწყება ეს ქსენოფობია? და სად არის ჭეშმარიტი ეროვნული გრძნობის საზღვარი? ნუთუ ეროვნული თვითშეგნება სხვა ერის სიძულვილზე უნდა დამკვიდრდეს? ან რა ხდებოდა და რა ხდება საქართველოში ამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე? კომუნისტური იდეის გაფურჩქვნისა და პრაქტიკაში მისი განხორციელების მცდელობის პიკის ხანაში დაკვირვებული ადამიანები ამბობდნენ: კომუნისტებს ბოლოს მოუღებს თავისივე ზღვარს გადასული პროპაგანდა. საბჭოთა პატრიოტიზმის უსაგნო ბუნებამ, მისმა გამძაფრებულმა კულტივირებამ, როგორც კი მომენტი ნახა, ტრადიციულ ეროვნულ ნიადაგს მოეკიდა: ათეულწლობით დათრგუნვილმა ენერგიამ უცებ იფეთქა და ქსენოფობიისა და პათოლოგიის სახე მიიღო. ამიტომაც იყვნენ ჩვენი ეროვნული მოძრაობის ლიდერები არანორმალურები, ამიტომაც იყო ჩვენი ხალხი ასე ეგზალტირებული. გიჟებში ყველაზე დიდი გიჟი ნორმალური ადამიანია. ამიტომაც რეალობის ადეკვატური აღქმა ან მოღალატეობად ითვლებოდა, ან არანორმალურობად.

ავიღოთ თუგინდ აფხაზეთის პრობლემა. განა ის ასე პრიმიტიულად უნდა განვსაჯოთ ორივე მხრიდან? განა საქმე მხოლოდ ტოპონიმიკაში ან აფსუების და ჯიქების წინაისტორიაშია? თვით დღევანდელი ვითარება იქ ფენად-ფენადია: ეთნიკური, სოციალური, ისტორიული, ინსპირირებული, კულტურული, ფსიქოლოგიური და მერკანტილური... კომუნისტებმა ეს ვითარება სტანდარტულად, ე.წ. ნაციონალური კადრების მეთოდით გადაწყვიტეს. დაწესებული ლიმიტით: თუ თავმჯდომარე ქართველია, მოადგილე აუცილებლად აფხაზია, ან პირიქით. წამყვანი ნომეკლატურა, რასაკვირველია, აფხაზური შემადგენლობისაა. შევარდნაძე მათ, თითქმის ყველას, კარგად იცნობს. მისი გამოზრდილი ჩეკისტია, მაგალითად ალიკა ანქვაბი, პარტიული კადრი - სერგეი ბაგაპში. სამეურნეო ხელმძღვანელი - ზურაბ ლაბახუა. ვლადისლავ არძინბასაც იცნობს, არ ვიცი, საიდან.

მას (ასლან აბაშიძეს) არ სურს, ჩაერიოს სამოქალაქო ომში, მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდია სუსტ პიროვნებად და მისი პოლიტიკა დამღუპველად მიაჩნია. ამავე დროს ნათელ-მირონით არიან დაკავშირებულნი და აჭარის ხელისუფლად მის დამკვიდრებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

ჩვენი სახლის ირგვლივ ფორიაქია. მეზობლები შეშფოთებული მეკითხებიან: „რა არის? როგორ იქნება ჩვენი საქმე?“ ვსხდებით მანქანებში, ვიცინი და უდარდელად ხმამაღლა ვამბობ: „ნუ გეშინიათ, ტელევიზიაში „მარიანას“ სერიალი არ შეწყდება. დღეს საღამოს უყურებთ „მარიანას“.

„დაურტყი კონტრაჟური!“ - მახსენდება მარჯანიშვილის თეატრში, რეპეტიციებისას, გამნათებელ კაკოს ბრძანება ელექტრომექანიკოსებისადმი: „მოუმატე, მოუმატე, დაურტყი კონტრაჟური!“ განწყობის შესაქმნელ განათებას ეძებენ ჩემი პიესის „ტაკიმასხარას“ დადგმისას. ვდგავარ უკუნეთში ავტომატით ხელში და ვფიქრობ: კი მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ვინ ვარ მე? რესპუბლიკის ხელმძღვანელი და პრეზიდიუმის წევრი თუ უბრალო ჯარისკაცი? სად არიან ჩემი კოლეგები, რას აკეთებენ ახლა? დავუშვათ, მე არ წამოვსულიყავი ამ ექსპედიციით, ვინ რას გააკეთებდა? თუ ეს ბანდები თავისით დაანებებენ თავს ყაჩაღობას, გზის გადაკეტვას, ჩვენი მომხრეების ტერორს? ან იქნებ გაჩერდებიან, ან გაერთიანდებიან და კვლავ თბილისისკენ არ გამოილაშქრებენ? რა ვალდებული არიან, მაგალითად, კახელი ბიჭები, რომ წალენჯიხაში დაიხოცონ? მხედრიონის უმრავლესობა აქ ჩემი ხათრითაა წამოსული და ამითი ვარ ბედნიერი, რადგან მე აქა ვარ, ალბათ, ასე სჭირდება დღეს საქართველოს და ისინიც აქ არიან.

ძალის დემონსტრირების მიზნით ყარყარაშვილს გვარდია მარშ-ლაშქრობით მიჰყავს გალიდან ფსოუმდე. გაგრაში მათ მხედრიონელები უერთდებიან. ამ აქციის ავკარგიანობა სადავოა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაგრისა და ლესელიძის მოსახლეობამ საჩივრით მოგვმართა მოროდიორობისა და მანქანების დატაცების ფაქტებთან დაკავშირებით. გვარდია ერთ კვირაში დაბრუნდა უკან. ლაშქრობამ იციდენტების გარეშე ჩაიარა, მაგრამ, ვფიქრობ, აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის პროცესი საბოლოოდ მოექცა ძალისმიერ ასპექტში.

საარჩევნო კანონზე კი მუშაობს რესპუბლიკელთა ჯგუფი ვახტანგ ხმალაძის თაოსნობით. ეს ის ვახტანგ ხმალაძეა, რომელიც ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო და რომელმაც მონაწილეობა მიიღო გამსახურდიას თაღლითურ ოპერაციაში ჩემ წინააღმდეგ, როცა მე, ციხეში მყოფმა, საბუთები წარვადგინე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მე, რასაკვირველია, ხმალაძისათვის არც კი მიგრძნობინებია, რომ იგი მთლად პირნათელი არ იყო კანონისა და ჩემს წინაშე, მაგრამ მერჩია, ამ საპასუხისმგებლო საქმისათვის ვინმე სხვას ეხელმძღვანელა.

ეს ფორმულა „ხომ ვამბობდი...“ ჯერ კიდევ ადამის ჟამინდელი წინასწარმეტყველების დაუოკებელი ვნებაა - გაფუჭებულ საქმეზე სხვა დაადანაშაულო და დააფიქსირო შენი უპირატესობა.

ცხინვალში თითქოს დაწყებული სამშვიდობო პროცესი ჩაიშალა. სოფელ კეხვთან ახლოს ააფეთქეს ავტობუსი. სამწუხაროდ, დაიღუპა 32 მშვიდობიანი მოსახლე - ოსი ქალები და ბავშვები. ეს პატრიოტობასა და ვაჟკაცობაში ეთვლებათ მის შემსრულებლებს. არის მინიშნებები, რომ ეს გვარდიის ზოგიერთი ურაპატრიოტი ხელმძღვანელის მიერ მოწყობილი აქტია. ზუგდიდი-გალი-სოხუმის რკინიგზა და ავტოტრასა ფაქტობრივად რევანშისტების კონტროლს ექვემდებარება. არძინბა ინტენსიურად იარაღდება, აყალიბებს შინაგანი ჯარის ნაწილებს აფხაზი მოსახლეობის შემადგენლობით. რევანშიტებთან შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს.

ჩვენში გაბატონებულია აზრი, რომ ომის პროვოცირება რუსეთმა მოაწყო, რომ არძინბა მზად იყო ამისათვის ომის პირველი პერიოდიდან გამომდიანრე, მე სხვა შეხედულება მაქვს. აფხაზთა მხარე, რასაკვირველია, ჩვენთან შედარებით უფრო მეტად მომწიფებული გამოდგა შეიარაღებული წინააღმდეგობისათვის, მაგრამ თავად დაგეგმილი პროვოკაცია და საპასუხო აქციები არსად გამოჩნდა. მეტიც - ჩვენი პირველი წარმატებები ოჩამჩირეში, სოხუმში, თვითონ ის ფაქტი, რომ აფხაზების მიერ ამ რაიონების დატოვების შემდეგ მოეწყო გადაუთის აეროპორტ ბომბორაზე განლაგებულ „დშბ“-ზე თავდასხმის ინსცენირება და ორი ათასი ავტომატის აფხაზი ბოევიკებისთვის უსისხლოდ და უომრად „დათმობა“, იმაზე მეტყველებს, რომ კონკრეტული შემთხვევისათვის ისინი მზად არ იყვნენ და საბაბიც შეგნებულად არ მოუციათ ჩვენთვის. ეს აზრი განმტკიცდა გაგრაში, მათი იქიდან გაქცევის დროს, ასევე ოჩამჩირესა და ტყვარჩელის რაიონებში ბრძოლების მიმდინარეობისას. აქ პირველ ხანებში აფხაზთა მხარეზე, ჯერ ერთი, არ შეიმჩნეოდნენ რუსი სპეციალისტები და მეომრები, მეორეც - თვით მათი შეიარაღება თვითნაკეთი ხელყუმბარებით, სანადირო თოფებით და კუსტარული ასაფეთქებელი მოწყობილობით ამოიწურებოდა. აქტიური მოქმედებისათვის ასეთი მოუმზადებლობა მაფიქრებინებს, რომ რუსეთის ხელისუფლების ზედა ეშელონებში მომხდარი ფაქტის გაიაზრეს მომენტის სარგებლიანობა და რუსეტის გლობალური პოლიტიკის ფარვატერს მიუსადაგეს. ამაზე ნათლად მეტყველებს პირველი მოლაპარაკებების სპონტანურობა, აფხაზთა მხარის დამთმობი პოზიციები და, თუ გნებავთ, მოსკოვის 3 სექტემბრის ხელშეკრულებაც. ის ინკოგნიტო კი, რომელიც იმპერიულ გეგმებს ადგენს და სადღაც კრემლში თუ კრემლთან ახლოს სუპერსაიდუმლო გარემოცვაში მუშაობს, როგორც ჩვენს ობივატელს და ზოგ პოლიტიკოსსაც ჰგონია, უბრალოდ, რუსული ნაციონალური იდეაა! ამ იდეას ისინი XV საუკუნიდან ღვთიურ განჭვრეტას - „ბოჟეე პროვიდენიეს“ - უწოდებენ. რუსული ნაციონალიზმის ეზოთერული არსი ჯერ კიდევ ელიაზარის მონასტრის ბერის, ფილოფეის პროვიდენციულ დოგმაში გამოიხატა: „იაკო ვსია ხრისტიანსკაია ცარსტვა პრიიდოშა ვ კონეც ი სნიდოშასია ვო ედინო ცარსტვო ნაშეგო გოსუდარია პო პროროცესკიმ კნიგამ, ტო ესტ როსიისკოე ცარსტვო: დვა უბო რიმა პოდოშა ა ტრეტი სტოიტ. ა ჩეტვერტომუ ნე ბიტი“.

„ომი იწყება“, - ვაფრთხილებ (თენგიზ კიტოვანს). „გადავუვლით“, - ამბობს ჯიუტად, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ შინაგანი რწმენით, უფრო ბავშვურ სიჯიუტეს წააგავს. „ვერაფერსაც ვერ გადავუვლით. ხომ არ გგონია, მარტო დარჩებიან. სხვა თუ არაფერი, ამდენი უმუშევარი პროფესიონალი რუსი სამხედრო, ჩრდილოკავკასიელი ნაციონალისტები, თურქები“... „თურქებმა თავის თავს მიხედონ, თორემ...“ - იგინება. „კარგად ყოფილხარ, თუ თურქებსაც გადაუვლი“, - ვფიცხდები მე. საერთოდ, შეიძლება ითქვას, თენგიზ კიტოვანი ჯიუტია, მაგრამ ხშირად უინიციატივო ხდება და თავის რაიმე დაჟინების წინაარმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას მოულოდნელად ეთანხმება. ახლაც არ უნდა, რომ აფხაზებთან მოლაპარაკება ჩაიშალოს.

სოხუმიდან ჩემი დაბრუნების პირველი დილაა. უცებ კარი იღება და დინჯად, მოკრძალებული გამარჯვებულივით შემოდის კიტოვანი, ხელში რაღაც მომწვანო ქსოვილი უჭირავს. მიდის პირდაპირ შევარდნაძესთან, ამ ჭინჭს მაგიდაზე უფრო უგდებს, ვიდრე დებს და ეუბნება: „მაგათი დროშაა. მთავრობის სასახლიდან მოვხსენით, - იღიმება და გვიხსნის: - აი, ეს მუსულმანური ემბლემაა, ხელს ხედავთ?!“ უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები.

„მაგას (მე) პინოჩეტობა უნდა“, - გაიძახოდა გამსახურდიან ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე.

ადამიანს რომ ჭკუა ჰქონდეს, რა ეომება?!

შტაბში შემორბის აღშფოთებული ზორო. ამწე ძლივს უშოვია ქალაქში, წამოუყვანია, თვითონ გამოუსწრია თადარიგის დასაჭერად. „ვუცდი, ვუცდი, არ დაადგა საშველი. მანქანა არ ჩანს. დავბრუნდი. ვეძებ, საცა დავტოვე. გვარდიელებს ძალით არ წაუყვანიათ პორტში?! ბარჟაზე მანქანებს ტვირთავს. ავტომატი გადავტენე, კინაღამ სისხლი დაიღვარა. თავი შევიკავე, რავარც თქვენ მასწავლეთ. თქვენი სახელი ვახსენე და ისე წამოვაბუნძულე ეს კრანი“.

ისტორიას თუ გავიხსენებთ, მაგალითად, რუხის ბრძოლის ეპოზიდებს - ყველაზე არასანდო პერიოდი აფხაზებთან მოლაპარაკების დროა. ისინი ვითარებას იყენებენ ვერაგული თავდასხმის მოსამზადებლად. როდესაც ჩვენს ხელმძღვანელობას ამ ამბავს ვახსენებ, არავინ სერიოზულად არ აქცევს ყურადღებას - იაფფასიან ოქროპირობაში მეთვლება, არ სურთ გაიხსენონ ისტორიის ეს გაკვეთილი, თუმცა, ადამიანმა როგორ უნდა გაიხსენოს ის, რაც არ იცის?! ძნელია ასეთ ხალხთან ურთიერთობა.

საკითხავია, კომუნისტურ და პოსტკომუნისტურ საზოგადოებაში ვინ უფრო საშიშია: ციხეში ნაჯდომი ხულიგანი, თუ კომკავშირში გამობრძმედილი დემაგოგი.

არადა, ერთ წელიწადში მოხდა ეს (ზვიად გამსახურდიას) აღზევება. იმ ერთი წლის წინ, კერძოდ, 1988 წლამდე, ხალხი ქოქოლას აყრიდა. რა სახიერად თქვა ანტიკური ხანის ბრძენმა: „ხალხის აზრი სილაა, როგორც იოლად შენდება, ისევე იოლად იშლება“. 

ტელევიზორში სამი სექტემბრის მოსკოვის შეთანხმებას ვუყურებ. ელცინი ძალით ართმევინებს ხელს არძინბასა და შევარდნაძეს. უკეთ - არძინბა პირმოუბრუნებელი უჩრის ხელს უფრო ელცინს, ვიდრე შევარდნაძეს. შეთანხმება სამართლიანია: განიარაღდეს ყველა ინტერვენტი, გაყვანილ იქნას საქართველოს ტერიტორიიდან, კერძოდ, აფხაზეთიდან, შეწყდეს ცეცხლი და დავიწყოთ მოლაპარაკება. შეიქმნას სამმხრივი კომისია რუსეთ-საქართველოს, აგრეთვე აფხაზების წარმომადგენლობით. რაც მთავარია, კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს არა რუსი ან აფხაზი, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული პირი. ამ გამარჯვებას ტელეფონით ვულოცავ შევარდნაძეს. ახლა საჭიროა ამ შეთანხმების ცხოვრებაში გატარება. მანამდე დიდი ყურადღება და სიფხიზლე გვმართებს.

შევარდნაძე წამოწითლებული ისმენს გია ყარყარაშვილის ისტერიულ ყვირილს, რომელიც ყურმილიდან გამოდის. „აი, ჯაბაც აქ არის, - უყვავებს იგი, - ორ საათში 300 კაცით თქვენთან იქნება. გია, არ გინდა რა მაგისთანა რამეები...“ ყურმილს ვართმევ. ისმის: „დაგვტოვეთ, ხომ? გაგვყიდეთ, არა?“ „გია, - ვეუბნები, - დაწყნარდი. ახლავე გამოვდივარ“. ის ყურს არ მიგდებს. ისევ შევარდნაძე აწყნარებს. „არ გინდა შვილო, დაწყნარდი...“ „შვილო არ უშველის საქმეს. გავრბივარ აეროპორტში. იქ 250 მხედრიონელი უკვე თვითმფრინავში ჯდება.

კონდრატიევს ვეღარაფერი უპასუხია, მხოლოდ შეუთავაზებია: „მე ახლა შემიძლია ერთი რამ: მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით გაგრაში შევიყვანო ორი ბატალიონი „დშ“. ამაზე შევარდნაძე კიდევ უფრო გაბრაზებულა და უთქვამს: „ეს იქნება ანექსია. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ“. ეს მაგონებს შემდგომში სოხუმის დაცემასთან დაკავშირებულ ანალოგიურ მომენტს და ამიტომაც ვამბობ: აი, ეს არის სუფთა პოპულიზმი! რომელ ანექსიაზეა ლაპარაკი? რა, გაგრაში, გუდაუთაში, ან თუგინდ სოხუმში რუსის ჯარის ნაწილები არ დგანან? კაცი კისრულობს მოსახლეობის უსაფრთხოებას და შენ აქ რაღაც ქიმურლ პოლიტიკურ ამბიციებს აყოლიხარ? არ შეასრულებს? ვერ შეასრულებს? - დავუშვათ! მაგრამ პასუხისმგებლობას ხომ იღებს? ეს არ უნდა გამოიყენო პრაგმატიკოსმა პოლიტიკოსმა?! ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. ახლა რომ არ წამეკითხა, ვერც დავიჯერებდი, იმიტომ, რომ ეს ვითარება კვლავ გამეორდა გრაჩოვსა და შევარდნაძე-ყარყარაშვილ-ბათიაშვილის შეხვედრის დროს, რასაც მოჰყვა კიდევ უფრო ტრაგიკული შედეგები.

ჩვენი პრეზიდიუმი სინამდვილეში აღარ ფუნქციონირებს. კიტოვანი თბილისიდან არსად გადის. მისი უმოქმედობა პირდაპირ მაცოფებს. როგორ შეიძლება თავდაცვის მინისტრი ომის დაწყების შემდეგ ერთხელ მაინც არ ჩამოსულიყო ან გაგრაში, ან ლესელიძეში, ან სოხუმში, ან ოჩამჩირეში?!

ამათ ომი რვასაათიანი სამუშაო დღე ჰგონიათ.

ასეთი რამ შემდეგშიც ბევრჯერ მოხდა. ეს სენი - ყოფითი პირობების გაუსაძლისობა - იმაშიც გამოიხატებოდა, რომ ჩვენი მეომრები აღებულ პოზიციებზე სანგრებს არ თხრიდნენ და ამჯობინებდნენ შენობებისთვის ან მანქანებისთვის შეეფარებინათ თავი. ან სულაც უბრძოლველად დაეტოვებინათ, როგორც ბესლახუბას შემთხვევაში. ერთხანს აფხაზები რაციაში დაგვცინოდნენ კიდეც: „დოჟდიკ პაშოლ, გრუზინი, იშიტე კრიშუ, ჩტობ ნი ნამოკლი“.

არჩევნების დღეს ოჩამჩირეში თავდასხმა მოაწყვეს აფხაზებმა და ზვიადისტებმა. ამბობენ, მოილაპარაკესო. არ მინდა ეს დავიჯერო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: თავდასხმა მოხდა ჩვენს პოსტზე გალის მხრიდან, ქვედა ოხურეიში. იქ ასე იოლად აფხაზები ვერ შემოძვრებოდნენ. ამ ადგილას ჩვენი სვანები იდგნენ და ამტკიცებდნენ, რომ რამდენიმე კაცი იცნეს, გალელი ზვიადისტები იყვნენო. მოგვიკლეს ორი მხედრიონელი. აფხაზებმა ბესლახუბასაც შეუტიეს. „ქალაქში ტყვიები ზუზუნებს, ბატონო კაბა, მოსახლეობა კი მოკუზული, მარა მაინც გარბის ხმის მისაცემად“, - მახარებს გია ვაშაკიძე.

ჩვენმა ეპოქამ, წესით, დიდი სატირიკოსები უნდა შვას - ყველ ნაბიჯზე უნიკალური მასალაა. ბრეჟნევთან შეხვედრა თბილისში სტალინური ტრადიციითა და გემოვნებით ჩატარდა. ცალტვინა და გაიძვერა პარტოკრატების წრეს პრივილეგირებული არტისტული საზოგადოება „აკეთილშობილებდა“. პრესაში გამოქვეყნდა ამ ცერემონიის, ასე ვთქვათ ფოტო-ფოკუსი. უკვე კარგა გადაბერებული ვერიკო ანჯაფარიზე ყელზე ორივე მკლავშემოჭდობილი ეამბორება ნირწამხდარ ბრეჟნევს. ეს ხომ მარჯანიშვილისეული „ურიელ აკოსტას“ კლასიკური მიზანსცენაა, როცა წყევლის ეპიზოდის შემდეგ შეჩვენებულ და განდევნილ ურიელს ივდითი ყელზე ეჭდობა სიტყვებით: „ახლა ჩემი ხარ, ჩემი ურიელ!“ ყველა ტრადიციულ თეატრს აქვს კლასიკად მიჩნეული მიზანსცენები. მაგალითად, იაპონურ თეატრ „კაბუკის“ შემოქმდება უმთავრესად ვითარდება კლასიკური მიზანსცენების გამოყენებით. ქართულ თეატრშიც არის ასეთი პრაქტიკა: იაგოს როლში უშანგი ჩხეიძის მიერ განსახიერებული მიზანსცენა, როცა გულშეღონებული აქვთ ხორავასა და ვასაძის დუეტს რუსთაველის თეატრში, ჭაბუკიანსა და კიკალეიშვილს საბალეტო სპექტაკლ „ოტელოში“. თვის დროზე, როცა სერგო ზაქარიაძე ასრულებდა ურიელოს როლს, ვერიკოსა და მას შორის ცხოვრებაში დიდი სიყვარული იდგა. ეს სცენა განსაკუთრებულ ეფექტს ახდენდა მაყურებელზე. აქ გაცოცხლებული იყვნენ არა მხოლოდ ივდითი და ურიელი, არამედ ხალასი სიყვარულის თავბრუდამხვევ მორევში გვითრევდა დიდი გრძნობით გასხივოსნებული შემოქმედება. ახლა კი ეს - ბრეჟნევის შემთხვევაში - უბადრუკ და უხერხულ ვითრებას აფიქსირებდა. ბრეჟნევის ვიზიტს სხვა კურიოზებიც მოჰყვა. ცეკას ბიუროზე კონფიდენციალურად გაითვალისწინეს ისიც, რომ მას შარდის შეუკავებლობა სჭირდა. ამიტომ, სადაც ნავარაუდევი იყო მისი ხალხში გამოჩენა, კერძოდ, კონსტიტუციის მოედანზე, სახელდახელოდ ტრიბუნა ააგეს, გვერდით კი დადგეს ლენინის უზარმაზარი სკულპტურული თავი, რაშიც დამონტაჟდა ფეხსადგილი! ზურაბ წერეთელმა თავისი მარიფათით საკუთარ სახლში, ბაგებში, ბრეჟნევის ცხოვრების ამსახველი ექსპოზიცია მოაწყო. შევარდნაძის დავალებით, იგი დიდხანს ემზადებოდა ამისთვის. საგანგებოდ დნეპროძერჟინსკშიც წავიდა და, სხვა მასალებთან ერთად, ბრეჟნევის სახლის და გარდაცვლილი დედის ფოტოები ჩამოიტანა. შემდეგ მონტაჟი გააკეთა - ერთ გადიდებულ ფოტოზე ბრეჟნევი დედამისის გვერდიტ გამოსახა და წინდახედულად შემოსაშვლელში დაკიდა. ამით გარანტირებული იყო ბრეჟნევის ყურადღების გამახვილება - შემოსვლისას ან გასვლისას იგი ამ სურათს ძალაუნებურად თვალს მოჰკრავდა. ასე მოხდა, როცა შევარდნაძემ გამოფენა დაათვალიერებინა, გასვლისას ეს ფოტო შეამჩნია. ბრეჟნევი შეჩერდა, ცრემლები გადმოყარა და წაილუღლუღა: „იცით, მე კი არა მაქვს ეს ფოტო“. ვიზიტის ბოლო აკორდი მაინც ის იყო, რომ შევარდნაძემ, პირველმა და უკანასკნელმა, ეს გამოჩინჩილაკებული ბერიკაცი საქვეყნოდ გენიოსად გამოაცხადა.

სიკვდილი რომ არ მოჰქონდეს, ლამაზი სანახავია „გრადების“ ცეცხლი.

მახსენდება ცხონებული მამაჩემის ნათქვამი. 14-15 წლისა ვიქნებოდი და მისი სიტყვები პარადოქსად მივიჩნიე: „ჭეშმარიტად განათლებული ადამიანები ანარქისტები არიან“. იმ დროისათვის ამ თვალსაზრისით ჩემი განათლება კინოფილმ „ჩაპაევს“, კომუნისტური პროპაგანდით დაგმობილ ბაკუნინის გვარსა და ცნობილ გამოთქმას - „ანარქია წესრიგის დედაა“ არ აღემატებოდა. ახლა კი, როცა ამ ჩემს კოლეგებთან ჭეშმარიტ დემოკრატიაზე ვსაუბრობ, მათ ლიდერობიდან გადახრილი ყველა მოდელი ანარქიად მიაჩნიათ. ვაი, ჩვენს დღეს, რა გვეშველება!

შევარდნაძეს, როგორც ახლად არჩეულ თავმჯდომარეს და მთავრობის მეთაურს, შეუძლია ჩვენ დაგვაბრალოს ყველაფერი და დაიწყოს მოლაპარაკება. რამდენჯერაც ვცადე და ამის შესახებ სიტყვა ჩამოვაგდე, არ გაიკარა. ის კი არა, უკვე ომისა და ზავის საკითხშიც აღარ მენდობა, უფრო სამხედროებისკენ მიუწევს გული. გასაგებიცაა, ისინი ცრუობენ, აიმედებენ. ადამიანსაც მეტი რა უნდა, რაღ ჩემს პესიმიზმს გაიზიარებს? „ღირსეულად დავამთავროთ ომი“, - გაიძახის. 

სტანდარტები, აკადემიური ცოდნა ხანდახან მაინც ბოჭავს ადამიანის შემოქმედებით შემართებას.

აფხაზების მხრიდან მოკლულები მეტწილად სომხები არიან, ახლად შექმნილი ადგილობრივი სომხური ბატალიონის, „ბაგრამიანის“ წევრები. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე ადგილობრივი სომხები მერყეობდნენ და, ასე ვთქვათ, აქტიური ნეიტრალიტეტით მოქმდებდნენ, ახლა ღიად გამოდიან ჩვენ წინააღმდეგ.

თავდაცვის სამინისტრომ ტანკები გამოგზავნა და ზუგდიდში ჩამოხსნეს, ვერტმფრენი დაიტოვეს და აღარ აბრუნებენ. ოჩამჩირიდან დაბრუნებულ დაჭრილ მხედრიონელებს იარაღი აჰყარეს. ამბობენ, ზვიად გამსახურდია ზუგდიდში უნდა ჩამოვიდესო. მე კიდევ ისევ მიმაჩნია, რომ ეს ამბები წალენჯიხიდან ჩემმა გამოყვანამ მოიტანა. ეგ კი არადა, აფხაზეთის ომიც ამას მოჰყვა. ჩვენი მთავარი ამოცანა ხომ რკინიგზის უსაფრთხო მოძრაობა და ზვიადისტების თარეშის აღკვეთა იყო. რასაკვირველია, ეს თავისთავად შეიცავდა ზეწოლას აფხაზ სეპარატისტებზე, რომელნიც ჩვენს შიდა უთანხმოებას აღვივებდნენ ზვიადისტების ფარული მხარდაჭერით. მაგრამ ომი ჩვენ არ გვინდოდა.

სოხუმში შევხვდი უკრაინელებს. ოცკაციანი ჯგუფი იბრძოდა შრომაში. თერთმეტი დაეღუპათ, მათ შორის მამა და შვილი. ჩვენს ბიჭებს დაუახლოვდნენ და მხედრიონის გარდა არავისთან აღარ უნდოდათ ყოფნა. ესენი არიან საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი „უნსოს“ - უკრაინის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის წევრები. მათი პაროლია: „სლავა ნაციი“. პასუხი: „სმერტ ვრაგამ“. ჩამოდიან მათი ლიდერები სერგეი კორჩინსკი და ანატოლი ლუპიზონი. ამ უკანასკნელს კარგად ვიცნობ - ძველი დისიდენტია, „გულაგის“ ღვიძლი შვილი. ჩემი არ იყოს, 17-20 წელი გაათავა საბჭოთა ლაგერებში. იქ მათ „ბანდეროვცებს“ ეძახდნენ (მათი ლიდერის, სტეპან ბანდერას გამო). ანატოლის, როგორც ძველ ლაგერნიკებს, ბევრი ლაპარაკი უყვარს, სამაგიეროდ, გამჭრიახი და პატიოსანი კაცია. „თუ გუმისთაზე ომი წავაგეთ, მაშასადამე, დნეპრზეც წავაგებთ“, - ასეთი ლოზუნგით მიმართავს იგი თანამემამულეებს. უკრაინის მთავრობა მაინცდამაინც არ სწყალობს მათ, ეშინიათ, რუსების გულისწყრომა არ გამოიწვიონ. კორჩინსკი მთავაზობს ხალხს, ხოლო შეიარაღება ჩვენი უნდა იყოს.

ამ მიტინგს არ ვესწრებოდი, მაგრამ იგი ტელევიზიით გადაიცა. მოხდა ყველაზე სამარცხვინო რამ, რაც შეიძლება მოხდეს XX საუკუნის დასასრულს ერის პოლიტიკურ ცხოვრებაში: შეკრებილმა ხალხმა მიჰბაძა თავის ლიდერებს, შევარდნაძეს დაუჩოქა და შესთხოვა, არ მიეტოვებინა საქართველო. რა თქმა უნდა, ეს ბრბო არ იყო ქართველი ერის ნების გამომხატველი მასა. ისიც გასაგებია, რომ ყველა ჯურის მასას აქვს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მოთხოვნა და მაინც ეს მელოდრამატული აქტი ყველა მოაზროვნე მოქალაქისთვის ამაზრზენი გამოდგა. განა ამ ეპიზოდს ტყუილუბრალოდ რამდენჯერმე გადასცემდნენ უცხოური ტელეკომპანიები?!. ერთი სიტყვით, შევარდნაძემ, როგორც მოსალოდნელი იყო, „შეიწყნარა ხალხი“ და დარჩა.

ამ ორი დღის წინ შევარდნაძე სეხვედრია რუსეთის თავდაცვის მინისტრ პაველ გრაჩოვს. „მითხრა, არაფერი შემიძლია. აფხაზებმა შეთანხმება დაარღვიეს. ახლა, თუ გინდათ, ორ დივიზიას შემოვიყვან და განვალაგებ გუმისთაზე. მერე დასხედით და მოილაპარაკეთო“. „მერე?“ „არაფერი. უარი ვუთხარი“. „რატომ?“ „ყარყარაშვილი და ბათიაშვილი მახლდნენ. მათ თქვეს, თუ ეს მოხდება, ჩვენ გადავდგებით - ეს ანექსია არისო“. „მე რატომ არ წამიყვანეთ?“ „ისინი მინისტრები არიან“. ირონიულად ვიცინი. სწყინს და მეუბნება: „ხალხი მაინც ვერ გაგვიგებდა“. „ვინ ხალხი ვერ გაგვიგებდა?“ გული მომდის. ოღონდ კი ომი შეწყდეს და, ვინ იქნებოდა ამის წინააღმდეგი. 

ალბათ სტალინი ნაწილობრივ მართალი იყო - ტყვედ ნამყოფი კაცი უკვე მეომარი აღარ არის.

...ჰო, რას გაიხარებს შევარდნაძე - ერთბაშად ორივეს მოგვიცილებს. სტალინის კიდევ ერთ პრინციპს გაატარებს: „არის ადამიანი - არის პრობლემა, არ არის ადამიანი - არ არის პრობლემა“.

დიდ ფსიქოლოგად მომაქვს თავი, მაგრამ საბჭოთა მილიციელს ბოლომდე ვერასოდეს გავუგე. აქ ნაძირლობის ისეთი სიღრმეებია, თვით დოსტოევსკიც კი ფეხს წაიმტვრევდა.

ერთ-ერთ შეკრებაზე მოულოდნელად გამოჩნდა ახალგაზრდა პოლკოვნიკი კობა კობალაძე, შავნაბადას ბატალიონის უფროსი. ჩვენ ყველანი ცვენს ადგილებზე ვსხედვართ. მხოლოდ ყარყარაშვილის ზურგს უკან, ფანჯრის რაფას მიყუდებია კობა კობალაძე. ყარყარაშვილი მოუსვენრად ცქმუტავს სკამზე, მერე კობალაძისკენ ბრუნდება და შევარდნაძეს მიმარტავს: „ამას აქ რა უნდა?“ „კარგი რა, გია, არ გინდა ეს ეჭვიანობა“, - სწრაფად უჭრის სათქმელს შევარდნაძე. ახლაღა ვხვდები, რაშია საქმე. ზუსტად ასეთივე მიზანსცენა გათამაშდა მაშინ, როდესაც კიტოვანის ზურგს უკან მდგარი ყარყარაშვილი რამდენიმე დღეში თავდაცვის მინისტრი გახდა. მიზანსცენა ჭეშმარიტად კლასიკურია - სტანისლავსკის „ფიზიკური მოქმედების მეთოდის“ თვალნათლივობა.

სასტუმროს ოთახში ვრჩებით სამნი - ელცინი, შევარდნაძე და მე. ელცინი შეზარხოშებულია. ოფიციანტს შემოაქვს სინზე შედგმული კონიაკის ბოთლი და მუქი ყავისფერი სითხით სავსე პატარ-პატარა ჭიქები. ელცინს თვალები ისე გაექცა ბოთლისკენ, როგორც მოარშიყე მამაკაცს - გამომწვევად მოსეირნე ლამაზი ქალისკენ. ერთი წაიწია კიდეც, მერე შეჩერდა, ეტყობა, რაღაც გაახსენდა, გულდაწყვეტილი შემობრუნდა და პათეტიკურად შესძახა: „ენისელი! მსოფლიოს საუკეთესო კონიაკი!“ ვიცინით. მე ზემოდან შავი, მსუბუქი, მოქარგული ნაბადი მაქვს მოხურული. ელცინი აღტაცებული მიყურებს და ქათინაურს მეუბნება. შევარდნაძეს გავხედე. მიმიხვდა და თვალით მაქეზებს. ნაბადი მოვიხადე და ელცინს მხრებზე წამოვასხი. „ფეშქაშ!“ დარწმუნებული არა ვარ, რომ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა. მეხვევა.

როცა საქმე საქმეზე მიდის, ჩვენ არ გვინდა ომი, არ გვინდა გავწიოთ რისკი. მაშ, რა გვსურს, ვის ვუყენებთ პრეტენზიებს, თუ ჩვენი თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლა არ შეგვიძლია?! მე მაინც ვფიქრობ, ეს მონური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულებაა, ჩვენი ბედ-იღბლის სხვისთვის გადაბარების სინდრომი. ამიტომაც ჩვენი ხალხის ბოლო შეკითხვაა: „ვის გავყვეთ?“ ეს პასუხისმგებლობის გადაბარება, ყოჩის მოთხოვნილება ცხვრებში, ბელადომანია და მისი უკუპროცესი - დამნაშავის ძიება - მონური საზოგადოების ჩვევაა.  

შევარდნაძის ამ დაწინაურებასთან დაკავშირებით მშვენიერი ანეკდოტი თქვა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა და გაეროში აშშ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მადლენ ოლბრაიტმა: ბუშმა, პრეზიდენტად გახდომისთანავე, უხმო მრჩეველს: რა ვქნა, როგორ მოვიძიო ისეთივე ერთგული თანამშრომლები, როგორიც გორბაჩოვს ჰყავსო. მრჩეველმა უთხრა: გორბაჩოვმა დაიბარა შევარდნაძე და ჰკიტხა, ვინ არის ჩემი ძმის ძმა, დედაჩემის შვილიო. შევარდნაძემ, არც აცია, არც აცხელა, მეო, უთხრა. ჰოდა, გორბაჩოვმა დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. ბუშს ეს ამბავი მოსწონებია - მეც ასე ვიზამო. დაუძახა სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთ პრეტენდენტს და ჰკითხა: „ვინ არის ჩემი ძმის ძმა, დედაჩემის შვილი?“ პრეტენდენტი ჩაფიქრდა, ამას ხვალ მოგახსენებთო. წასულა და თავდაცვის მინიტრ ჩეინისთვის გაუმხელია, ბუშმა ასე მკითხაო. ჩეინს გასცინებია, უნდა გეპასუხა, მე ვარ-თქო. პრეტენდენტი გაიქცა და ბუშს ახარა. გავიგე, გავიგე - ჰო, ვინ არისო? - ვინ არის და ჩეინი! - ეჰ, არა კაცო, ჩეინი კი არა, შევარდნაძეაო, - ჩაულაპარაკია გულდაწყვეტილ პრეზიდენტს. 

საქართველოში, როგორც ითქვა, ბელადების ძეგლები კი დაანგრიეს, მაგრამ კვარცხლეკები დატოვეს. ასევე მოხდა ეს ხალხის მენტალიტეტშიც. საკმარისი იქნებოდა მავანი შესკუპებულიყო ამ კვარცხლბეკზე და ხალხი შვებით განთავისუფლდებოდა იმ მშფოთვარე პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას თავისუფლებამ მოუტანა. მონობის სიმყუდროვე უფრო ბრძნული და ადამიანური მოჩანდა. ფასინაცია (თავის გადატანა სხვაში, ამჯერად, ბელადში) და იდენტიფიკაცია (წარმოსახვითი გაიგივება) აქტიურობის ილუზიციას ქმნიდა და საკმარისი იყო თავის მოსატყუებლად. საქართველოში რომ ბელადის, ლიდერის ხატი უმთავრესი პიროვნული მამოძრავებელია, იქიდანაც ჩანს, ერთი - ილია ჭავჭავაძის საზოგადოებიდან - უამრავი პარტია წარმოიშვა. მათი დანაწევრება გაპირობებულია არა რაიმე განსხვავებული იდეებით, კონცეფციებითა თუ ეკონომიკურ-პოლიტიკური პროექტებით, არამედ ავტორიტეტების ლიდერად გადაქცევის მისწრაფების გამო. მოკლედ, სტალინის ფენომენი, 70-წლიანი მონური ფსიქოლოგიის ინერცია და მთელ დუნიაზე ცნობილი ქართული ზვიადობა - აი, ის ინგრედიენტები, რომლებიც შეადგენს ჩვენში დიქტატურის დამყარების შესაძლებლობას. არ ვამბობ „აუცილებლობას“, რადგან აქ გვეღობება ღვთიური განჭვრეტის იდეა, იგი ხელს გვიწყობს, რათა შევიგნოთ, რა არის თავისუფლება, რომელიც უფლისგან გვაქვს მონიჭებული. ვერავითარი შეგონება, ვერავითარი პოლიტიკური თუ ეკონომიკური პირობები, ვერავითარი ჯარი ან თუნდაც ამბოხება ვერ გაგვათავისუფლებს, გარდა საკუთარი თავისა.

კარიერისტების პარტიამ - მოქალაქეთა კავშირმა იყნოსა რა ლეშის სუნი, ყვავ-ყორნებივით შეესივნენ თანამდებობებს და მკერდზე მჯიღის ცემით გაიძახოდნენ: „მე შევარდნაძის კაცი ვარ“.

შევარდნაძემ მოქალაქეთა კავშირში გადაიბირა მწვანეები: ზურაბ ჟვანია, გია ბარამიძე, ლევან მამალაძე. მახსენდება ჰელმუტ კოლის გამონათქვამი ევროპელ მწვანეებზე: „ისინი პამიდვრები არიან, ბოლოს წითლდებიანო“. ამას ვამბო პარლამენტში და ცალკე შევარდნაძესაც ვეხუმრები.

„აი, ჩვენ სომხებთან გავაფორმეთ 25-წლიანი ხელშეკრულება ბაზების თაობაზე, - ამაყად იწყებს გრაჩოვი. - ახლა გვსურს, თქვენც შემოგვიერთდეთ და წავიდოდა საქმე, მაგრამ ეს ჩვენი დიპლომატები რაღაც ფეხს ითრევენ“, - იღიმება ირონიულ-შემწყნარებლურად. „ჰოდა, - ერთვება შევარდნაძე, - მართლაც, უცნაური ხალხია ეს ქართველი დიპლომატები. მაგათ ჰგონიათ, როგორც სომხებს მიეცით ნახევარი აზერბაიჯანი, ასევე ჩვენ დაგვიბრუნებთ „აფხაზეთს“. მე ხმამაღლა და ხაზგასმით ვიცინი. გრაჩოვი რატომღაც ნირწამხდარი იგრიხ-იჭიმება სკამზე. ამ ეკივოკით ყველაფერი ნათქვამია.

ყველა დიქტატორის „თეთრი ცხენი“ წესრიგის დამყარებაა.

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2013 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში