თომას მანი ჯადოსური მთის შესახებ

ამ წიგნში ჰანს კასტორპის თავგადასავალი გვინდა გიამბოთ, ოღონდ ამბავს ჰანს კასტორპის ხათრით როდი გიყვებით (მაშინ მკითხველი მისი სახით, თუმცა მიმზიდველ, მაგრამ მაინც ერთ უბრალო ყმაწვილკაცს გაეცნობოდა), ჩვენ აქ მოთხრობილი თავგადასავლის გულისთვის უფრო ვირჯებით, რადგან გვგონია, რომ ნამდვილად ღირს ჩიტი ბდღვნად (ოღონდ, მოდი, ჰანს კასტორპსაც ნუ დავუკარგავთ დამსახურებას: ეს თავგადასავალი სწორედ მას გადახდა თავს და, მოგეხსენებათ, ბედი ყველას როდი არგუნებს ხოლმე ასეთ პატივს წილად).

ამ ამბის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, როგორც იტყვიან, მას უკვე ისტორიის კეთილშობილი ჟანგიც აქვს მოკიდებული და თხრობისას უეჭველად წარსული დროის ფორმები უნდა მოვიშველიოთ.

თუმცა, აქვე მოგახსენებთ, რომ სიძველე ამბავს თუ ამშვენებს, თორემ პეწს არ უკარგავს. ამბავს სიძველე უხდება და, შეიძლება ითქვას, რაც უფრო ოდინდელია იგი, მით უფრო ემატება მიმზიდველობა და მთხრობელსაც, ნამყო დროის ამ მოდუდუნე შემლოცველსაც, საქმეს უადვილებს. ოღონდ, ადამიანებისა არ იყოს, ამბავსაც ერთი უცნაურობა სჭირს: ადამიანები და, მათ შორის, არცთუ იშვიათად - სწორედ მწერლები, ამბის თხრობისას თავიანთ ასაკზე უხნესი აღმოჩნდებიან ხოლმე. ჰოდა, ამბავიც ასეა, იგიც ხშირად თავის ნამდვილ ასაკზე ხანდაზმული გამოდის, თუმცა, მისი წლოვანება დღეებით არ გამოითვლება და არც მის მხრებზე დაწოლილი წლები იზომება მზის ირგვლივ ბრუნვით. ერთი სიტყვით, იგი თავისი ხანდაზმულობის ხარისხს დროს არ უმადლის.

ამით გაკვრით და ქარაგმულად გვინდა მიგანიშნოთ ხსენებული იდუმალი სტიქიის ორჭოფულ და ფრიად თავისებურ, ორმაგ ბუნებაზე, ოღონდ საქმის ნათელი ვითარება ხელოვნურად რომ არ გავაბუნდოვანოთ, აღვნიშნავთ: ჩვენი ამბის ხანდაზმულობა იმის წყალობით ადის მაღალ ხარისხში, რომ იგი სიცოცხლისა და ცნობიერების გამთიშავი ზღვრისა და გარდატეხის წინ თამაშდება. იგი თამაშდება, ანდა, მოდი, აწმყოს ყოველგვარ ფორმას თავი ავარიდოთ და ვთქვათ, რომ იგი გათამაშდა ან თამაშდებოდა წინათ, ოდესღაც, გარდასულ დღეებში, დიდი ომის წინა ხანაში, ომისა, რომლის დაწყებას ბევრი რამ მოჰყვა და მას შემდეგ საშველიც აღარ დასდგომია.

ასე და ამგვარად, ეს ამბავი უწინ გათამაშდა, ოღონდ მისი დასაბამი შორეულ წარსულში არ უნდა ვეძიოთ. თუმცა, ასეც რომ იყოს, განა ამბის ხანდაზმულობა მით უფრო ღრმა, სრულყოფილ და ზღაპრულ იერს არ იძენს, რაც უფრო მჭიდროდ ეკვრის იგი „უწინარესის“ ცნებას? გარდა ამისა, ჩვენს ამბავს, თავისი შინაგანი ბუნების წყალობით, იქნებ მართლაც ჰქონდეს კიდეც რაღაც საერთო ზღაპართან.

ჩვენ დაწვრილებით მოგიყვებით ამ ამბავს, გამოწვლილვით და საფუძვლიანად. აბა, როდის ყოფილა ამბის მოსათხრობი დროის სიგრძე-სიმოკლე იმ დროსა და სივრცეზე დამოკიდებული, რომელსაც იგი მოიცავს? აქაოდა, პედანტობა არ დაგვწამონო, ამის შიში ვერ დაგვაფრთხობს და ვერ შეგვაცვლევინებს აზრს, რომ მხოლოდ საფუძვლიანი თხრობა შეიძლება იყოს ჭეშმარიტად საინტერესო.

ჰანსის თავგადასავალს ხელის ერთი მოსმით ვერ მოათავებს მთხრობელი, ამ საქმეს არც შვიდი დღე ეყოფა და ვერც შვიდი თვე მოილევს ბოლომდე. ან იქნებ ჯობდეს, წინასწარ არც იცოდე, რა მიწიერი დროის განმავლობაში ეყოლები მას თავის ქსელში გამომწყვდეული. თუმცა, ეგებ ღმერთი შეგვეწიოს და შვიდი წელი მაინც არ დაგვჭირდეს.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში