ჰანტერ ს. თომპსონი - ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში

სადღაც უდაბნოს დასალიერში გახლდით, ბარსტოუდან არცთუ ისე შორს, როცა ძვალ-რბილში დაგვიარა. მახსოვს, წავიბურტყუნესავით: - მგონი, უკვე აფრები ავუშვი, ახლა შენ დაჯე რა, საჭესთან.

ჩვენი მანქანის საბარგული ახლა პოლიციის მოძრავ ნარკოლაბორატორიას უფრო გავდა. მოკლედ, ხელში გვქონდა ორი პაკეტი მასტიკა, 75 ბურთულა მესკალინი, LSD-ს შემწოვი ხუთი ქაღალდი, კოკაინით ნახევრად სავსე ნახვრეტებიანი სამარილე და ნაირფერი სტიმულატორების - ამყვანების, დამყვანების, ამჭყივლებლების, ამგდებ-დამგდებლებისა თუ მასხარების მთელი გროვა, რამდენიმე ბოთლი ტეკილა, ლიტრიანი ბოთლი რომი, ერთი ყუთი „ბუდვაიზერი“, ნახევარი ლიტრი ნედლი ეთერი და ორი ათეული ამილიუმ-პენტილიუმი. ეს ამდენი რამე წინა ღამით მოვაგროვეთ. გიჟური სიჩქარით რომ დავგრიალებდით მთელს ლოს-ანჯელესის ოლქში - ტოპანგიდან ვიდრე უატსამდე - და ყველაფერს ვეპოტინებოდით, რაც კი ხელში მოგვხვდებოდა. კაცმა რომ თქვას, ეს ყველაფერი არც იმდენად გვჭირდებოდა - უბრალოდ, როცა ნაღდ კოლექციონერობას იწყებ, სურვილი გიჩნდება, კაიფისთვის არც არაფერი დაიკლო.

ერთადერთი, რაც არ მასვენებდა - ეთერი იყო. არაფერია ბუნებაში იმაზე უსუსური, ჩაშვებული, უპასუხისმგებლო და გარყვნილი, ვიდრე ეთერით დაშტერებული ადამიანი; მე კი ეჭვი მღრღნიდა, რომ სულ მალე მივადგებოდით ამ დამპალ საყნოსავს, იქნება და, სულაც შემდეგ ბენზინგასამართზე. აქამდე თითოჯერ ჭაშნიკი უკვე თითქმის ყველაფერს გავუსინჯეთ და ახლა დრო იყო, ეთერის ერთი ღრმა შესუნთქვაც მიგვეღო სრული მუღამის დასაჭერად.

ჩვენ ლას-ვეგასს მივემგზავრებით დიადი ამერიკული ოცნების საძიებლად.

აგერ, სულ ახლახან არ ვიჯექით იმ კლოაკაში, ლიმონივით გამოწურულები და კვირას რა გვექნა, იმის აზრზეც არ ვიყავით და უცებ, ჰოპ! - ვიღაც სრულიად უცხო ადამიანი მირეკავს და მეუბნება, ლას-ვეგასში უნდა დაგაზო, ყველა ხარჯს ჩვენ გინაზღაურებთო და მერე რაღაც ოფისში მგზავნის ბევერლი-ჰილზზე, სადაც მეორე სრულიად უცხო ადამიანი სამას დოლარს მაძლევს, ყოველგვარი ლაყაფის გარეშე... და მე გეტყვი შენ - ესაა სწორედ ამერიკული ოცნება მოქმედებაში!

ამისთანა მოგზაურობისთვის მთავარია, ჯერ ფარშევანგივით გამოეწყო, მერე კარგად დაბოლდე, ერთი კარგი უდაბნო გადაიარო და რეპორტაჟიც მზადაა. მოკლედ, პასუხისმგებლობა არ უნდა დაკარგო. ოღონდ აი, ეს რეპორტაჟი რა შიბლაა? კაციშვილს არ უთქვამს არაფერი. თვითონ მოგვიწევს გარკვევა. მოკლედ, მოხეტიალე ფორვარდები ვართ. ამერიკული ოცნების ძიებაში.

ბებერი სპილოები კოჭლობა-კოჭლობით მიაბიჯებენ გორაკებს იქით სასიკვდილოდ; ამერიკელები კი მშობლიურ ტრასაზე გადიან და თავიანთ დრანგულეტებში ამთავრებენ სიცოცხლეს.

აი, ეს ჩვენი მოგზაურობა კიდე სულ სხვა იყო - ანუ, კლასიკური მტკიცებულება იმა ყოველის მართლისა და ჭეშმარიტის, რაიც კი ჩვენს ეროვნულ ხასიათში ჩაბუდებულა. ეს იყო მისალმება იმ უსაზღვრო შესაძლებლობათა, ჩვენს ქვეყანაში რომ გააჩნიათ ადამიანებს - ოღონდ მხოლოდ მათ, ვისაც ნაღდი თავგამოდება დაბედებია.

ჩემს თავს ვეუბნები: „აბა, ახლა წყნარად, იესო ქრისტე ჭკუით იცნეს, ხმა არ გაიღო და ენა არ გადმოაგდო...“

ტელევიზორში ლაოსში ატეხილ ამბებზე იყო რეპორტაჟი: აფეთქებები, დანგრეული სახლები, ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავები, ხოცვა-ჟლეტას გამოქცეული დევნილები, პენტაგონელი მაღალჩინოსნები, რაღაც სისულელეებს რომ ბოდავდნენ მართალი სიმართლის თაობაზე...

Dr. Hunter S. Thompson and his best friend and attorney, Oscar Zeta Acosta, at the Caesar’s Palace bar, three a.m., Aprin 26th, 1971
შაბათ საღამოს, ლას-ვეგასში, დავახდილი წითელი შევით მიჯლიგინებს შენს საუკეთესო ძმაკაც-ვექილთან ერთად - დაზმანულები, დაბოლილები, კაიფში... ესაა ცხოვრება.

ბრბო სასმელსა და სანახაობას მოითხოვდა.

მთლი ლას-ვეგასი თავფეხიანად შეიარაღებულ ხელმრუშთა ამქარია... ძირითადად, აზარტულ თამაშებზე ათავებენ... სექსი - ეს ისე, ბონუსად... ძაან მაღლა-მაღლა მფრენი ფრთოსნები... ვიცნობ ეგეთებს... გამარჯვებულებისთვის - გოგოები სახლში მიტანით, დამარცხებულებს - ჯიბის ბილიარდი...

მოკლედ, ეთერი ნაღდი მისწრებაა ლას-ვეგასისთვის, სადაც მთვრალები პატივში ჰყავთ... ეგრეა, ძმაო - იოლი მოსავლელი ხალხია, სახეირო კლიენტურა.

საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი ჰალუცინაცია ისედაც მაგარი ფინთი რამეა, ოღონდ ნელ-ნელა ყველაფერს ეჩვევი კაცი და მალე აღარც ხელოვნურ კბილებსი დანაგაჩრილი, დიდი ხნის გარდაცვლილი შენი ბებიის სტუმრობა გაგდებს, მარჯვენა ფეხზე რომ მოძვრება ზევით, სულ ზევით... უმრავლესობა მალევე ეჩვევა ეგეთებს და ამაზე ცალკე კაიფობს კიდეც.

არა, ძმაო, ეს ქალაქი ფსიქოდელიური საწვავის მისაღებად არაა მოწყობილი - აქ რეალობა ისედაც მაგარი შენძრეულია.

ეშმაკსაც წაუღია შიში და ზაფრა!

ამ ჩაკეტილ საზოგადოებაში, სადაც ყველა დამნაშავეა, ერთადერთი დანაშაული ციხეში ჯდომაა.

ლას-ვეგასში, ძმაო, სუსტებსა და უნარმოკლებულებს მუხლუხოებივით გადაუვლიან ხოლმე, ეგეთი წესი აქვთ.

აბა, რა. ღვთის ნების გარეშე როგორ იქნება. განსაკუთრებით - ლას-ვეგასში!

თავად ამ ქალაქის ცხოვრების წესი და სამყაროს აღქმაა ისეთი ატავისტური, მართლა მძიმე დანაშაული შეიძლება სულაც შეუმჩნეველი დარჩეთ, რაღაც სისულელეზე კი ჩაგაყუდონ.

მთელი პრესა მეტრაკეების ჯგროა, და ჟურნალისტიკა კიდე - მეორე უძველესი პროფესია. თუმცა სიტყვა „პროფესიაც“ კი აქ უადგილოა - ეგ უფრო თავშესაფარია უვარგისი, უტვინო, შუბლისძარღვგაწყვეტილი ხალხისათვის, ვისაც არ შეუძლია და არც სურს, ტვინის ნარჩენები მაინც გაანძრიოს. ეგრეა, დანძრევა განძრევაზე ადვილი საქმეა.

მარტო ერთხელ, გრეიფრუტის ჭრა რომ დავიწყე მონადირის დანით, ცოტა კი ეცვალა სახე სტიუარდესას, მაგრამ სწრაფადვე დავამშვიდე: უამათოდ არასოდეს ვმგზავრობ, რას იზამ, თუ ძაან მდიდარი არა ხარ, ეგეთებს იოლად ვერ იშოვი-მეთქი...

თარგმნა - გია ჭუმბურიძემ
გამომცმელობა „დიოგენე“, 2013

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში