გაბრიელ გარსია მარკესი - იცხოვრო, რომ მოჰყვე

ცხოვრება განვლილი დღეები კი არ არის, არამედ ის, რაც გახსოვს და როგორც გახსოვს - იმისთვის, რომ მოჰყვე.

- დახმარების სათხოვნელად მოვედი: მინდა, რომ სახლის გასაყიდად გამომყვე! დედაჩემს არ დასჭირვებია იმის თქმა, თუ სად, ან რომელი სახლის, რადგან ჩვენთვის ამქვეყნად მხოლოდ ერთი სახლი არსებობდა: ბაბუაჩემის ძველი სახლი არაკატაკაში, სადაც ბედის წყალობით დავიბადე და სადაც რვა წლიდან აღარც მიცხოვრია.

ერთ თვეში ოცდაექვსი წელი მისრულდებოდა. უკვე სამხედრო სამსახურის დეზერტირი და ორგზის გონორეის ვეტერანი ვიყავი. ყოველდღე, სინდისის ქენჯნის გარეშე, სამოც ღერ ველურ თუთუნს ვეწეოდი. თავისუფალ დროს ბარანკილიასა და კარტახენა დე ინდიას, კოლუმბიის კარიბის სანაპიროს შორის ვატარებდი. მეფესავით ვცხოვრობდი იმით, რასაც ჩემს ყოველდღიურ წერილებში მიხდიდნენ „ელ ერალდოში“, ეს იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე არაფერი. ვიძინებდი უმშვენიერეს ქალებთან ერთად იქ, სადაც დამიღამდებოდა. თითქოს საკმარისი არ ყოფილიყო ეს გაურკვევლობა და ქაოსი, რომელშიც ვიმყოფებოდი, რომ ჩემს განუყრელ მეგობრებთან ერთად, ყოველგვარი სახსრების გარეშე, ჟურნალის გამოცემა მქონდა გადაწყვეტილი.

უფრო გამორჩეულობის სურვილით და არა გემოვნების წყალობით, თითქმის ოცი წლით გავუსწარი იმდროინდელ მოდას: ველური ულვაში, აქოჩრილი თმები, ჯინსის შარვალი, ყვავილებიანი პერანგი და პილიგრიმის სანდლები.

ყველაზე იაფფასიანი შავი თუთუნისა და შესახვევი ქაღალდის დიდი მარაგი შევიძინე. მოწევა დავიწყე, ისე, როგორც მაშინ მჩვეოდა - ნამწვავიდან ახალ ღერს ვუკიდებდი, თან ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და უილიამ ფოლკნერის „აგვისტოს ნათელის“ გადაკითხვა დავიწყე. იმ პერიოდში ფოლკნერი ჩემი ყველაზე ერთგული მფარველი დემონი გახლდათ.

უნივერსიტეტიდან ერთი წლის გარიცხული ვიყავი. ლიტერატურით ცხოვრება ჩემს საკუნვარ ოცნებად იყო ქცეული. შთაგონების წყარო, თუ არ ვცდები, ბერნარდ შოუს ფრაზა გახდა: „ჩემი განათლება ბავშვობაში, სკოლაში წასვლის გამო შეწყდა“. ძალა არ შემწევდა ამ თემაზე ვინმესთან მესაუბრა. შინაგანად ვგრძნობდი, რომ ჩემი არგუმენტები მხოლოდ ჩემთვის იყო მისაღები და ღირებული. მცდელობა იმისა, რომ მშობლები მსგავს სიგიჟეში დამერწმუნებინა, როდესაც ამდენი იმედი და არარსებული ფული ჩემს მომავალზე ოცნებაში დააბანდეს, დროის ტყუილად გაფლანგვა იქნებოდა. განსაკუთრებით რთული მამაჩემის დარწმუნება გამოდგა, რომელიც ყველაფერს შემინდობდა, გარდა იმისა, რომ კედელზე რომელიმე აკადემიური განათლების დიპლომი არ დამეკიდებინა. დიპლომი, რომელიც თავად არასოდეს ჰქონია.

ნოსტალგია, როგორც ყოველთვის, ცუდ მოგონებებს შლის და კარგს - აკეთილშობილებს. მატარებლის ფანჯრიდან საკუთარი სახლების წინ ჩამომსხდარი მამაკაცები მოჩანდნენ. თვალის ერთი გადავლებით გამოიცნობდი, რასაც ელოდნენ. მრეცხავი ქალები, თავიანთი კირისფერი სანაპიროდან, იმედის თვალით უმზერდნენ მატარებელს. ნებისმიერი უცხოელი, რომელიც სამუშაო ჩემოდნით ხელში ჩამოდიოდა, აქაურებს წარსულის აღსადგენად დაბრუნებული „United Fruit Company”-ს წარმომადგენელი ეგონათ. ყველა შეხვედრაზე, ყოველ მისვლაზე, ყოველ წერილში ადრე თუ გვიან გაიელვებდა საკრალური ფრაზა: - „ამბობენ, კომპანია ბრუნდებაო“. არავინ იცოდა, ვინ, სად, როდის და რატომ თქვა ეს სიტყვები, მაგრამ ეჭვი არავის ეპარებოდა მის სანდოობაში.

ხანდახან ზაფხულის გრილი დღეები მავთულის ღობეზე მიმწვარი მერცხლების სიშავით თენდებოდა.

მატარებელი უსახელო სოფელში შეჩერდა. შემდეგ ბანანის ერთადერთი სახლის წინ ჩაიარა. ალაყაფზე „მაკონდო“ ეწერა. ამ სიტყვამ ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როდესაც ბაბუაჩემთან ერთად ვმგზავრობდი. მხოლოდ ზრდასრულობაში მივხვდი, რომ მისი პოეტური აკუსტიკა მხიბლავდა. არასოდეს მიკითხავს, რას ნიშნავდა. სამ ნაწარმოებში უკვე გამოყენებული მქონდა, როგორც წარმოსახვითი სოფლის სახელწოდება, როდესაც, შემთხვევით, რომელიღაც ენციკლოპედიაში წავაწყდი. წყალმცენარის მსგავსი ტროპიკული ხე ყოფილა, რომელიც არც ნაყოფს ისხამს და არც ყვავილს. მისი ღრუბლოვანი ღერო სიმებიანი საკრავის - ბანჯოსა და სამზარეულოს ნივთების დასამზადებლად გამოიყენება. მოგვიანებით, „Enciclopedia Britanica”-ში აღმოვაჩინე, რომ ტანგანიკაში მომთაბარე ტომი - მაკონდო არსებობს. ვიფიქრე, რომ ეს სიტყვა სწორედ იქაური წარმოშობის უნდა იყოს. არასოდეს შემხვედრია მაკონდოს ხე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიკითხავს იქაურებისთვის. იქნებ, არც არასოდეს არსებულა.

- ამქვეყნიური სიამისთვის დაბადებული ქალების უბანი. აქ მამაკაცები კუმბიამბას ცეკვით ათენებდნენ ღამეებს და ხელში ანთებული სანთლების ნაცვლად, ფულის დასტებს აფრიალებნდენ, - მითხრა დედაჩემმა.

ბაბუას ოჯახის ყველაზე ახლო მეგობარი იმ სუფრის ხშირი სტუმარი გახლდათ, რომელცი მუდამ გაშლილი იყო ჩვენს სახლში, რადგან არავინ იცოდა, ვინ ჩამოჰყვებოდა მატარებელს.

ყველა უბედურების მიზეზი, ცხადია, სამხედრო ძალების მიერ გაფიცული მუშების ამოხოცვა იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობდა ეჭვები ისტორიული სიმართლის შესახებ. ნამდვილად სამი ათასი ადამიანი იყო მოკლული?

კომპანია სამუდამოდ წავიდა. - გრინგოები აღარასოდეს დაბრუნდებიან. ერთადერთი სიმართლე ის იყო, რომ ყველაფერი თან წაიღეს: ფული, დეკემბრის ცივი ნიავი, პურის დანა, სამი საათის ჭექა-ქუხილი, ჟასმინების სურნელი, სიყვარული. დარჩა მხოლოდ ამტვერებული ნუშის ხეები, უკაცრიელი ქუჩები, დაჟანგული თუთიით გადახურული ხის სახლები და დამსხვრეული მოგონებებით სავსე ადამიანების დუმილი.

როგორც კი წვნიანი გავსინჯე, ვიგრძენი, რომ ჩემში წარსულის მიძინებულმა სამყარომ გაიღვიძა. ის გემო და სურნელი, რომელიც სოფლიდან წასვლის შემდეგ დავკარგე, წვნიანის ყოველ ახალ კოვზთან ერთად, ხელუხლებელი პირველყოფილებით მიბრუნდებოდა და გულს მიკუმშავდა.

შემდეგი ოთახი საოქრომჭედლო სახელოსნო იყო, სადაც ბაბუაჩემი თავის ძვირფას დროს ოქროს თევზების შექმნაში ატარებდა. კარგად გამოყვანილი ტანითა და ზურმუხტის ქვებით შემკობილი თევზების გაკეთება უფრო ატკბობდა, ვიდრე ამდიდრებდა. იქ იღებდნენ სტუმრებს, უმეტესად პოლიტიკოსებს, უმუშევრად დარჩენილ საჯარო მოსამსახურეებს, ომის ვეტერანებს. ... ოფისი და სახელოსნო ქალებისათვის აკრძალული ტერიტორია გახლდათ. კარიბის კულტურის თანახმად, არც კანტინებში შეეძლოთ ქალებს შესვლა. კანონით იყო აკრძალული. დროთა განმავლობაში სახელოსნო ავადმყოფების ოთახად იქცა. ... ბოლო ოთახი ძველმანებისა და ზანდუკების საწყობი გახლდათ. ეს ოთახი დიდი ხნის განმავლობაში აღელვებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას, მაგრამ არასოდეს მომეცა მისი დათვალიერების საშუალება. მოგვიანებით შევიტყვე, რომ სხვა დანარჩენ ნივთებთან ერთად, იქ ინახებოდა ის სამოცდაათი ღამის ქოთანი, რომელიც ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა მაშინ იყიდეს, როდესაც დედაჩემმა თანაკურსელები სახლში, არდადეგების გასატარებლად მიიწვია.

ბაბუას და ბებიას არაკატაკაში წასვლით წარსულის დავიწყება უნდოდათ. გადასახლებაში ორი ინდიელი მოსამსახურე მამაკაცი - ალირიო და აპოლინარი და ერთი ქალი - მემე წაიყვანეს. თითოეული მათგანი თავის მშობლიურ მიწაზე მონობის გაუქმების შემდეგ ჰყავდათ ნაყიდი. პოლკოვნიკს ყველაფერი აუცილებელი თან მიჰქონდა, სურდა, რაც შეიძლებოდა შორს გაჰქცეოდა თავის სევდიან მოგონებებსა და სინდისის ქენჯნის სიმძიმეს დუელში მოკლული ადამიანის გამო. რეგიონს ადრიდანვე იცნობდა. სიენგაში ომის დროს გაიარა და მმართველი გენერლის სტატუსით, ნეერლანდის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას დაესწრო.

არაკატაკას სახელწოდება, სინამდვილეში, მდინარის სახელია, რომელიც ჩამილების ენაზე „არა“-დ ითქმის, ხოლო „კატაკა“-თი ადგილობრივები მმართველს, მბრძანებელს მოიხსენიებდნენ. ამიტომ აქაურები არაკატაკას კი არა, კატაკას ვეძახდით.

არაკატაკაში ცხოვრების ორი წლის თავზე, ოჯახის უბედურების კულმინაცია ჩვენი სახლის ნამდვილი სიხარულის, მარგარიტა მარია მინიატას, გარდაცვალება გახდა. მისი დაგეროტიპი სასტუმრო ოთახში წლების განმავლობაში იყო გამოფენილი. მარგარიტა მარია მინიატას სახელი, სხვა მრავალ ნიშანთან ერთად, თაობიდან თაობას, როგორც ოჯახური იდენტიფიკაციის სიმბოლო, ისე გადაეცემოდა.

ჩემი მშობლები ბრწყინვალე მთხრობლები იყვნენ. სიყვარულის მოგონებები ბედნიერებას ანიჭებდათ, მაგრამ იმდენად გაიტაცათ საკუთარმა ნაამბობმა, რომ, როდესაც თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ, ჩემს რომანში - „სიყვარული ჟამიანობის დროს“ - მათი ამბის აღწერა დავიწყე, უკვე ვეღარ ვარჩევდი, სად გადიოდა ზღვარი ცხოვრებასა და პოეზიას შორის.

ოჯახის წევრების სახელები ნამდვილად უნიკალური მეჩვენებოდა. პირველი, დედაჩემის მხრიდან: ტრანკილინა, ვენეფრიდა, ფრანცისკა სიმოდოსეა. შემდეგ: ბებიაჩემის სახელი - არგემირა და მისი მშობლების - ლოსანა და ამინადაბი. შეიძლება, სწორედ აქედან გამიჩნდა ღრმა რწმენა იმისა, რომ ჩემი რომანების პერსონაჟები მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ დამოუკიდებელი ნაბიჯებით სიარულს, როდესაც იმ სახელს დაირქმევენ, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ პიროვნულ ხასიათს.

ჩემთვის ოლეხარიო უნდა დაერქმიათ, მისი ხსენების დღე იყო, მაგრამ წმინდა წიგნი ხელთ არავის ჰქონდა და სახელდახელოდ, მამჩემის პირველი სახელის შემდეგ ხოსე (იოსები) დამარქვეს, იმ დურგლის სახელი, რომელიც არაკატაკის მფრაველად ითვლებოდა. მისია ხუანა ფრეიტესმა მესამე სახელად კონკორდია (თანხმობა, ერთუსლოვნება) შემირჩია იმის აღსანიშნავად, რომ ჩემი მოვლინებით ოჯახში საყოველთაო შერიგება დგებოდა, თუმცა დაბადების მოწმობაში, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ შეადგინეს, დაავიწყდათ, რომ გაბრიელ ხოსე დე ლა კონკორდია ჩაეწერათ.

არასოდეს დამავიწყდება ის რიტუალური ფრაზა, რომელსაც ბებიაჩემი სამზარეულოში ყოველი შესვლის დროს ამბობდა: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. არ ვიცით, ვინც ჩამოვა, რა ესიამოვნება“.

ერთ-ერთი დიდი წარმოდგენის მომსწრე მაშინ გავხდი, როდესაცჩვენს სახლს ერთნაირად გამოწყობილი მამაკაცების ჯგუფი მოადგა. მაღალი წინდები ეცვათ და ცხენოსნის დეზები ეკეთათ, შუბლზე ყველას ფერფლით ჯვარი ჰქონდა გამოსახული. ათასი დღის ომის დროს პროვინციის რეგიონში დაბადებული პოლკოვნიკის შვილები იყვნენ. საკუთარი სოფლებიდან მამისთვის დაბადების დღის მისალოცად, ერთი თვის დაგვიანებით მოდიოდნენ. წამოსვლის წინ ოთხშაბათის წირვას დასწრებოდნენ და პადრე ანგარიტას ყველასთვის შუბლზე ფერფლის ჯვარი გამოესახა. ზებუნებრივი სანახაობა იყო, მისი საიდუმლო წლების განმავლობაში მსდევდა და არ მასვენებდა, მაშინაცკი, როდესაც დიდი ხნის შემდეგ ვნების კვირის ლიტურგიას გავუშინაურდი.

ხშირად, ხშირად მენატრებოდა შუბლზე ფერფლით გამოსახული ჯვარი, როგორც ოჯახური იდენტიფიკაციის შეუცდომელი ნიშანი.

მოსამსახურეებთან ჩემი პირადი ურთიერთობა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ქალებთან ყოველთვის ინტიმური და საიდუმლო ძაფი მაკავშირებდა. მთელი ცხოვრება ყოველთვის მათ გარემოში უფრო კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობდი თავს, ვიდრე მამაკაცებთან. აქედან მოდის ჩემი ღრმა რწმენა იმისა, რომ სწორედ ქალები ინარჩუნებენ სამყაროს წესრიგს, მაშინ, როდესაც მამაკაცები, ჩვენი ისტორიული უხეშობის წყალობით, ყველაფერს ვანგრევთ.


არასოდეს ჩაუცვამს სამხედრო ფორმა. სამხედრო ხარისხი აკადემიაში არ მიუღია. რევოლუციამ მიანიჭა. ომის შემდეგ, ლიკილიკე, ვენესუელელი და კოლუმბიელი სამხედროების ტიპური კოსტუმი ეცვა, ისევე, როგორც კარიბის ომის ვეტერანების უმრავლესობას. მას შემდეგ, რაც ომის ვეტერანების პენსიის შესახებ კანონი მიიღეს, ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეავსო იმისათვის, რომ კუთვნილი პენსია მიეღო, რომელსაც პოლკოვნიკი, მისი მეუღლე და მისი შთამომავლებიც სიკვდილამდე ელოდნენ. უსინათლო, დაუძლურებული და ნახევრადშეშლილი ბებიაჩემი, ტრანკილინა, სახლიდან შორს გარდაიცვალა. სიკვდილის წინ წამიერი გნებრივი გამონათების მომენტში, მითხრა: „მშვიდად ვკვდები, რადგან ვიცი რომ თქვენ ნიკოლასიტოს პენსიას მიიღებთ“. პირველად იყო, რომ ის მითიური სიტყვები გავიგონე, რომელმაც ოჯახის წიაღში მარადიული ოცნების თესლი ჩააგდო: პენსია! ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე, ხელისუფლებამ დაამტკიცა კანონი ათასი დღის ომის მეომრებისათვის პენსიის გამოყოფის შესახებ. ბაბუაჩემმა საბუთები მოწმეებისა და მოსამართლეების დასტურით შეადგინა. სანტა მარტაში თავის ხელით წაიღო და ჩაბარების აქტს ხელი მოაწერა. ყველაზე მკაცრი გათვლით, თანხა იმდენი იყო, რომ არა მხოლოდ მას, არამედ მის რამდენიმე შთამომავლობას გასწვდებოდა. „არ იდარდოთ, - გვეუბნებოდა ბებიაჩემი, - პენსიის ფული ყველას გეყოფათ“. მას შემდეგ ფოსტის ყოველი მოსვლა ღვთიური გამოცხადების მოლოდინს დაემსგავსა.

სახალხოდ იყო ცნობილი, რომ წლების მზაკვრული სვლა პოლკოვნიკის - მექალთანე გულთამპყრობლისა და კარგი საყვარლის - ღვთივბოძებულ უნარს ვერაფერს აკლებდა.

ვერასოდეს დავძლიე მარტოობისა და სიბნელის შიში. მგონია, რომ ამ გრძნობას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა: ღამღამობით ბებიაჩემის ფანტაზიები და წინათგრძნობები ხორცს ისხამდა. ახლა, სამოცდაათი წლის ასაკშიც კი, დავლანდავ ხოლმე ჟასმინების ცეცხლში გახვეულ დერეფანსა და საძინებლების ამღვრეულ მოჩვენებას და ის გრძნობა მიპყრობს, რომელმაც ჩემი ბავშვობა დაასამარა - წყვდიადის შიში.  ჩემს უძილო ღამეებში ბევრჯერ მიგრძვნია, რომ ამ ბედნიერ სამყაროში, მე, ჩემი წინაპრებივით მივათრევ იმ მითიური სახლის სასჯელს, რომელშიც, ყოველ ღამით, ყველანი ვკვდებოდით!

Aracataca, Jan 4, 2006
ჩემი პირველი ნაბიჯი რეალურ ცხოვრებაში ფეხბურთის აღმოჩენა იყო. შუა ქუჩაში ან მეზობლის ბოსტანში ვთამაშობდით. მწვრთნელი, ლუის კარმელო კორრეა, სპორტის ინსტინქტითა და მათემატიკის გენეტიკური ნიჭით დაბადებული ადამიანი იყო. ხუთი თვის მასზე უფროსი ვიყავი, მაგრამ სულ დამცინოდა, რადგან უფრო ჩქარა იზრდებოდა, ვიდრე მე. თამაში ნაჭრის ბურთით დავიწყეთ და კარგ მეკარედ ვიქეცი, მაგრამ ერთხელ ისეთი ძალით მომარტყა მუცელში ბურთი, რომ ახლაც მტკივა. როდესაც უკვე დიდები შევხვდით, დიდი სიხარულით აღმოვაჩინეთ, რომ ისევ ისე ვექცეოდით ერთმანეთს, როგორც ბავშვობაში.

პადრემ ცოდვების ერთობ ვრცელი ლექსიკონი წარმომიდგინა საიმისოდ, რომ მეპასუხა, თუ რომელი მათგანი მქონდა ჩადენილი. მგონია,რომ კარგად ვპასუხობდი მანამ, სანამ არ მკითხა, ცხოველებთან სიბილწე ხომ არ ჩაგიდენიაო. ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა იმის შესახებ, რომ უფროსები ვირებთან ცოდვას სჩადიოდნენ, თუმცა კარგად არასოდეს მესმოდა, როგორ. მხოლოდ იმ ღამეს შევიტყვე, რომ ქათმებთანაც იყო შესაძლებელი იგივეს გაკეთება. ჩემმა პირველმა ნაბიჯმა ზიარებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაპრალი გააჩინა უცოდველობის დაკარგვის გზაზე. იქ გამიქრა მონაზვნობის სურვილი.

სადილის დროს სტუმრებთან ერთად ვსხდებოდით. მაგიდის თავში - მე და ბაბუა. გვერდით ალუმინის ტოლჩით ყინულიან წყალს უდგამდნენ. მე - ჩემს განუყრელ ვერცხლის კოვზს მაძლევდნენ. საყურადღებო ის იყო, რომ ყინულის ამოსაღებად ხელს პირდაპირ ვყოფდი წყლიან ჭურჭელში. წყლის ზედაპირზე ცხიმის წვეთები რჩებოდა. ბაბუა მიცავდა: „დაანებეთ თავი, მას ყველაფრის უფლება აქვს“.

ბაბუას დღის ნებისმიერ დროს საყიდლებზე, ბანანის კომპანიის მადისაღმძვრელ კომისარიატში მივყავდი. პირველად იქ ვნახე გაყინული თევზები. ყინულსაც პირველად შევახე ხელი და სიცივემ გამაოგნა.

ბაბუას განათლება არ ჰქონდა. არც იჩემებდა. რიოაჩას საჯარო სკოლიდან, კარიბის ერთ-ერთ სამოქალაქო ომში, ტყვიის სასროლად გაიპარა. მხოლოდ უფალმა უწყის, იმ მრავალრიცხოვანი ომებისგან, რომელი იყო. სწავლას აღარასოდეს დაბრუნებია, მაგრამ მთელი ცხოვრება აცნობიერებდა ამ სიცარიელეს. ხარბი ცნობისმოყვარეობის წყურვილით ცდილობდა საკუთარი ნაკლოვანებების შევსებად.

ჯერ კიდევ ძალიან უმწიფარი ვიყავი იმის გასააზრებლად, რომ რომანები მაშინ კი არ იწერება, როდესაც შენ გინდა, არამედ მაშინ, როდესაც თავად მოისურვებენ.

დამშვიდობებისას დონ რამონმა მითხრა ფრაზა, რომელსაც მთელი ცხოვრება პატიოსნად ვასრულებდი: - მინდა ერთი რჩევა მოგცეთ: არასოდეს არავის აჩვენოთ იმის შავი ვარიანტი, რასაც წერთ.

დედაჩემთან ერთად კატაკაში მოგზაურობამ, დონ რამონ ვინიესთან ჩემმა ისტორიულმა საუბარმა და „ბარანკილიას ჯგუფის“ წევრებთან ურთიერთობამ ის სული ჩამისახა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვა. იქიდან მოყოლებული, არასოდეს მქონია არც ერთი სენტავო, რომელიც საბეჭდი მანქანით არ იყო ნაშოვნი. სწორედ ეს მგონია ყველაზე დიდი დამსახურება, რომელზეც ოდესმე შემეძლო მეოცნება. პირველი საავტორო უფლების თანხამ საშუალება მომცა რომანებისა და მოთხრობების ფულით მეცხოვრა. პირველად მაშინ გადამიხადეს, როდესაც ორმოც წელს ვიყავი გადაცილებული და უკვე ოთხი წიგნი მქონდა გამოქვეყნებული. მანამდე ჩემი ცხოვრება ყოველთვის გაუგებარი ხაფანგებით, ხრიკებით, დამცინავი ოცნებებითა და სატყუარებით იყო დაბრკოლებული - მხოლოდ იმისთვის, რომ მწერლის გარდა, ყველაფერი ვყოფილიყავი.

არაკატაკას კატასტროფის ტკივილმა და ბაბუას გარდაცვალებამ მთელი მათი ძალაუფლებაც უკვალოდ გააქრო. ჩვენ, ვინც ცოცხლები დავრჩით, მარადიული სევდისთვის ვიყავით განწირულები. მას შემდეგ, რაც მატარებლით უკან აღარავინ დაბრუნებულა, სახლში სულიერი აღარ დარჩა.

გუახირას კანონი იყო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის აგრესორის ოჯახის ყველა მამაკაცს მოეთხოვებოდა პასუხი.

დაიმსხვრა ბანანის იმპერია. მიზეზი ის დაუნდობელი რეპრეისია იყო, რომელიც მუშების საყოველთაო გაფიცვას მოჰყვა.

მეორედ წაკითხვის მცდელობა, ბაჩილერიაში როცა ვსწავლობდი, მაშინ მქონდა. „დონ კიხოტი“ - სავალდებულო წიგნი იყო. კვლავ მაზიდებდა! მაშინ ერთმა მეგობარმა მირჩია, რომ ტუალეტის თაროზე შემომედო და მაშინ წამეკითხა, როცა მოსასაქმებლად შევდიოდი. მხოლოდ ასე აღმოვაჩინე სერვანტესი და მქონდა ბედნიერება, რომ ისე ცოცხლად შემეგრძნო, რომ ზეპირად ვისწავლე მთლიანი ეპიზოდები.

გამოჩნდა პირველი მანქანები, რომლებიც გიჟური სიჩქარით მიჰქროდნენ და ახალდაგებულ ასფალტს ცომივით ჭყლეტდნენ. შავი იუმორით შთაგონებულმა დასაფლავების სამსახურმა „ლა ეკიტატივამ“, ქალაქის შესასვლელში, დიდი აბრა გამოკიდა: „არ იჩქარო, ჩვენ დაგელოდებით“.

როდესაც ბარანკილიაში ძალიან გაგვიჭირდა, დედაჩემმა სტუმრად სიარული შეწყვიტა. საკუთარი საქციელი ერთი წინადადებით აგვიხსნა: „სიღარიბე თვალებს ეტყობა“.

დედაჩემმა მოთმინება დაკარგა: „სულელები ნუ ხართ, - მიყვირა, - ვერც შენ და ვერც შენი ძმა ვერაფერს მომპარავთ, რადგან მე თვითონ ვტოვებ ფულს იქ, სადაც ვიცი, რომ იპოვით, როცა დაგჭირდებათ“. ყველაზე მძიმე მომენტებში გამიგია მისი სასოწარკვეთილი ჩურჩული, რომ ღმერთმა უნდა მისცეს ადამიანს მოპარვის უფლება, თუ შვილებს ლუკმაპური არა აქვთ.

საკუთარ თავში აღმოვაჩინე ის გატაცება, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვა: ჩემზე უფროს მოსწავლეებთან საუბრის გემო. დღესაც კი, იმ ახალგაზრდებთან საუბრის დროს, რომლებიც შვილიშვილებად მეკუთვნიან, ძალისხმევა მჭირდება, რომ თავი მათზე უმცროსად არ ვიგრძნო.

***

ერთ დღეს, ვალის ამოსაღებად, მამაჩემმა სოფლის გარეთ მდებარე გაჩახჩახებულ ბორდელში გამიშვა.

სახლს მივუახლოვდი და ოდნავ გამოღებულ კარში შევიხედე. ოთახის ფანჯარა ქუჩაში გადიოდა. ლოგინში ქალი იწვა, სიესტის დრო იყო, ეძინა, თეთრეული ბარძაყებამდე არ სწვდებოდა, ფეხშიშველი იყო. ლოგინზე წამოჯდა და ნამძინარევი თვალებით მკითხა, თუ რა მინდოდა. ვუპასუხე, რომ მეპატრონისთვის, ელიხიო მოლინასთვის, მამაჩემის დანაბარები უნდა გადამეცა. მიბრძანა, რომ ოთახში შევსულიყავი და კარი გადამეკეტა. შემდეგ საჩვენებელი თითი ისე დამიქნია, რომ ყველაფერი მითხრა:

- მოდი აქ!

მივუახლოვდი. მისი ფაქიზი სუნთქვა ისე ავსებდა ოთახს, როგორც ნაპირებიდან გადმოსული მდინარე. მარჯვენა ხელი მკლავზე მომიჭირა და მარცხენა - შარვლის უბეში ჩამიყო. ტკბილი ტერორი ვიგრძენი.

- ესე იგი, შენ ბურთულების ექიმის შვილი ხარ, - მითხრა და შარვალში ფათური განაგრძო. მისი მოქნილი ხუთი თითი ათად მეჩვენებოდა. შარვალი გამხადა, ისე, რომ თბილი ჩურჩული არ შეუწყვეტია. შემდეგ თავისი თეთრეულის კომბინაცია თავზე გადაიძრო და ლოგინზე პირაღმა დაწვა. მხოლოდ ერთი წინდა ეცვა.

- ეს შენ უნდა გამხადო, - მითხრა, - კაცის მოვალეობაა.

ნაწიბურზე ჩავეჭიდე, მაგრამ სიჩქარეში ვერ გავაძვრე. დამეხმარა - მოცურავის კარგად გაჭიმული ფეხების მოძრაობით. შემდეგ იღლიებში ხელი ჩამავლო და ზედ კლასიკურ მისიონერულ პოზაში დამისვა. დანარჩენი თავისთავად მოხდა, ვიდრე ხახვის წვნიანში გაწუწულ მის კვიცის ბარძაყებს ზედ არ დავაკვდი.

სიჩუმეში გვერდულად იწვა, თვალებში დაჟინებით მიყურებდა. მეც ვუმზერდი იმ ოცნებით სავსე, რომ თავიდან დავიწყებდით შიშისა და სიჩქარის გარეშე. უცაბედად მომიბრუნდა და მითხრა, რომ ორ სენტავოს არ გამომართმევდა, რადგან მომზადებული არ ვიყავი. მერე გულაღმა წამოწვა და ყურადღებით შემათვალიერა.

- გარდა ამისა, - მითხრა, - ლუის ენრიკეს ძმა ხარ, არა? ერთი და იგივე ხმა გაქვთ.

გულუბრყვილოდ ვკითხე, თუ საიდან იცნობდა.

- ნუ ხარ ბოთე, - გაიცინა, - მისი საცვალი აგერ გდია. ბოლოჯერ გავურეცხე.

***

მეყო სითამამე და ვუთხარი, თუ რამდენად გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მის სამუშაო მაგიდაზე იშვიათი წიგნი აღმოვაჩინე. ნამდვილად გაუკვირდა:

- რომელი?

- „ორეული“

კმაყოფილებით გაიცინა.

- ჯერ არ დამისრულებია, - მითხრა, - მაგრამ ეს ყველაზე უცნაური რამ არის, რაც ოდესმე ხელში ჩამვარდნია.

... ღამდებოდა, როდესაც მატარებელმა სვლა შეანელა, ჯართით გამოტენილ ჩაჟანგულ ბეღელს ჩაუარა და ღუზა ჩაბნელებულ პლატფორმაზე ჩაუშვა. ზანდუკს ხელი დავავლე და ქუჩამდე წავათრიე, რომ ხალხს არ გადავეჯეგე. უკვე თითქმის მისული ვიყავი, რომ ვიღაცამ დამიძახა:

- ახალგაზრდავ, ახალგაზრდავ!

შემოვტრიალდი და ახალგაზრდა და მოხუცი, ყველა ერთად დავინახე. უცაბედად ხარბი მკითხველი გვერდში ამომიდგა და ისე, რომ არ დაყოვნებულა, წიგნი მომაწოდა.

- ისიამოვნე! - მიყვირა და ბრბოში დაიკარგა.

„ორეული“ იყო. იმდენად გაოგნებული ვიყავი, ვერც მივხვდი, რა მოხდა. წიგნი მოსასხამის უბეში შევინახე.

***

დღესაც კი უბრალოდ მათემატიკური შეკრებისთვის რიცხვები ყველაზე მარტივ კომპონენტებად უნდა დავშალო, განსაკუთრებით შვიდი და ცხრა, რომელთა გამრავლების ტაბულაც ბოლომდე ვერასოდეს დავიმახსოვრე. მოკლედ, შვიდს ოთხი რომ მივუმატო, შვიდიანს ჯერ ორი უნდა გამოვაკლო, ოთხს ხუთი მივუმატო და მერე ისევ ორი მივუმატო: თერთმეტი! გამრავლების ტაბულა ვერასოდეს ვისწავლე, რადგან ციფრებს ზეპირად ვერ ვიმახსოვრებდი.

ხმამაღლა კითხვა ერთ საათს გაგრძელდა. თუ საინტერესო წიგნი იყო, მასწავლებელს რომელიმე მორიგე მოსწავლე ენაცვლებოდა. დიდი სიამოვნებით წავიკითხეთ „ნოსტრადამუსი“ და „კაცი რკინის ნიღაბში“, ყველა კმაყოფილები ვიყავით. რასაც ახლაც ვერ ვხსნი, ეს თომას მანის „ჯადოსნური მთის“ გაუგონარი წარმატება იყო, რომლის კითხვის დროსაც რექტორის ჩარევა გახდა საჭირო, რათა სანთლის შუქზე არ გაგვეთენებინა იმის მოლოდინში, თუ როდის აკოცებდა ჰანს კასტორფი კლავდია შოშას. არასოდეს დამავიწყდება, როგორი დაძაბულები ვისხედით ლოგინებზე,რომ ნაფტასა და სეტებრინის ფილოსოფიური დუელის არც ერთი სიტყვა არ გამოგვრჩენოდა. იმ ღამით კითხვა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბოლოს მქუხარე ტაში დავცხეთ.

არაკატაკაში ყოფნის დროს ხშირად მიოცნებია კარგ ცხოვრებაზე, მინდოდა სიმღერით შემომევლო ქვეყანა. ბაზრობებზე აკორდეონით ხელში მევლო და ამბები მომეყოლა, რადგან მგონია, ეს თხრობის ყველაზე ძველი და ბედნიერი ფორმაა.

ბაბუას და ბებიას სახლში სულ მესმოდა, რომ ათასი დღის ომის შემდეგ ორ პარტიას შორის განსხვავება ის იყო, რომ ერთნი - ლიბერალები - წირვას დილის ხუთ საათზე ესწრებოდნენ, რომ არავის ენახათ და კონსერვატორები - რვა საათზე, რომ მათ მორწმუნეობაში ეჭვი არავის შეჰპარვოდა.

***

ჩამეძინა და როდესაც თვალი გავახილე, ლოგინთან შეურაცხყოფილი მეტოქე დავინახე. იდგა და თხემით ტერფამდე მათვალირებდა. ისეთი შიშის ზარი დამეცა, რომ ამოსუნთქვა გამიჭირდა. ქალიც შიშველი იყო, თავის ხელში აყვანას ცდილობდა, მაგრამ ქმარმა რევოლვერის ლულით გაწია.

- შენ არ ჩაერიო, - უთხრა, - ლოგინის დავა ტყვიით უნდა გადაწყდეს.

რევოლვერი მაგიდაზე დადო, რომის ბოთლი გახსნა, რევოლვერის გვერდით დადო, ერთმანეთის პირისპირ დავსხედით და სმა უსიტყვოდ დავიწყეთ. ვერ წარმომედგინა, რას მოიმოქმედებდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ თუ ჩემი მოკვლა სურდა, ამდენს არ მიედ-მოედებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ნიგრომანტა გამოჩნდა. ტანზე ზეწარი შემოეხვია და სადღესასწაულო მიტრა ეკეთა, ქმარმა რევოლვერი დაუმიზნა.

- ეს მამაკაცების საქმეა, - უთხრა.

წამოხტა და შირმის უკან გაუჩინარდა.

როდესაც პირველი ბოთლი დავამთავრეთ, კოკისპირული წვიმა დაიწყო. მეორე ბოთლი გახსნა, ლულა საფეთქელთან მიიდო, გაყინული თვალებიტ ჩამაშტერდა და ჩახმახს ბოლომდე გამოჰკრა, ფუჭი გასროლა იყო. როდესაც რევოლვერი გამომიწოდა, ვგრძნობდი, ხელები მიკანკალებდა.

- ახლა შენი ჯერია, - მითხრა.

პირველად მეჭირა ხელში რევოლვერი და გამიკვირდა, რომ ასეთი მძიმე და ცხელი იყო. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ცივ ოფლში გავიღვარე, მუცელი ცხელი ქაფით ამევსო. რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ხმა არ ამომივიდა. არც მიფიქრია, რომ გამესროლა, დავუბრუნე და ვერც მივხვდი, რომ ჩემი ერთადერთი შანსი დავკარგე.

- რა, ჩაისვარე? - დამამცირებელი კმაყოფილებით მკითხა, - აქ მოსვლამდე უნდა გეფიქრა.

შემეძლო მეთქვა, რომ მამაკაცებიც ისვრიან, მაგრამ ფატალური ხუმრობისათვის ტრაკი არ მეყო. მაშინ რევოლვერის ბუდე გახსნა, ერთადერთი ტყვია ამოიღო და მაგიდაზე დააგდო: ცარიელი იყო. შვების ნაცვლად საშინელი დამცირების გრძნობა გამიჩნდა.

ყინვამ ოთხი საათისთვის ძალა დაკარგა. ორივენი ძალაგამოცლილები ვიყავით დაძაბულობისგან, არ მახსოვს, რა მომენტში მიბრძანა, რომ ჩამეცვა. დავემორჩილე. როდესაც დასაჯდომად მოვბრუნდი, მაშინ მივხვდი, რომ ტიროდა. ცრემლები ღვარად მოსდიოდა, მოურიდებლად ქვითინებდა. ბოლოს, ხელის ზურგით ცრემლები შეიშრო, ცხვირი ორი თითით გაიწმინდა და წამოდგა.

- იცი, რატომ ხარ ცოცხალი? - მკითხა და თვითონვე უპასუხა, - იმიტომ, რომ მამაშენი ერთადერთი იყო, რომელმაც ბებერი ძაღლის გონორეისგან განმკურნა მაშინ, როცა სამი წელი ვერავინ მიშველა.

მხარზე ხელი დამარტყა და ხელით ქუჩისკენ მიბიძგა. გადაუღებლად წვიმდა, სოფელი დატბორილი იყო, წყალში მუხლამდე სველი მივაბიჯებდი, გაოგნებული იმით, რომ ცოცხალი ვიყავი.

***

იმის გამო ხომ არ დავიწყე მოწევა თხუთმეტი წლის ასაკში, რომ მართლა „პოეტს“ დავმსგავსებოდი? პირველი ნაფაზი ნამდვილი დარტყმა იყო. აბანოში ნახევარი საათი ვაღებინებდი. დილით ღონემიხდილი ავდექი, მაგრამ თამბაქოს სუნმა ზიზღის ნაცვლად, მოწევის გაუსაძლისი სურვილი გამიღვიძა. ასე დავიწყე მწეველის საშიში ცხოვრება. ისეთ უკიდურესობამდე მივედი, რომ ფრაზას ვერ დავწერდი, თუ პირი კვამლით არ მექნებოდა ავსებული.

დიდი დრო გავიდა, სანამ მივხვდებოდი, რომ დამარცხების განცდა საჭირო იყო, რადგან არ არსებობს არაფერი ამ ცხოვრებაში და არც იმ ცხოვრებაში, რაც მწერლს არ გამოადგება.

აღმოვაჩინე, რომ მწერალს არ შეუძლია მოკლას გმირი, თუ დამაჯერებელი არგუმენტი არ გააჩნია.

ორ მეგობართან ერთად მეზობელ სოფელში - მახაგალში წავედი. სახლში დავიბარე, რომ სამ დღეში დავბრუნდებოდი, მაგრამ ათი დღე დავრჩი. მარია ალეხანდრა სერვანტესის ბრალი იყო - წარმოუდგენელი ქალის, რომელიც პირველივე ღამეს გავიცანი და მაშინვე გადავეშვი ჩემი ცხოვრების ყველაზე თავდავიწყებულ დროსტარებაში. კვირა დილით ლოგინში აღარ დამიხვდა და სამუდამოდ გაუჩინარდა. წლების შემდეგ საკუთარ ნოსტალგიებში მოვიძიე, არა იმდენად თავისი მომხიბვლელობის გამო, რამდენადაც მისი რეზონანსული სახელის გამო და ჩემს ერთ-ერთ რომანში გავაცოცხლე, როგორც იმ ბორდელის მეპატრონე და ქალბატონი, რომელიც არასოდეს არსებულა.

ჩემი ხარჯები იმდენად გაიზარდა, რომ გადავწყვიტე დედაჩემის ყულაბა გამომეცარიელებინა. ლუის ენრიკემ თავისი ლოგიკით შენდობა მომცა: „მშობლებისთვის მოპარული ფული თუ კინოში წასასვლელად გინდა და არა საბოზაოდ, სავსებით ლეგიტიმურია“. განვიცდიდი, რომ დედაჩემი იძულებული გახდა ჩემი საქმეების თანამონაწილე გამხდარიყო, რომ მამაჩემს არ შეეტყო, რა ცუდ გზას ვადექი.

მსოფლიო ომის დროინდელი ევროპული აკრძალვების შემდეგ ახალი თარგმნილი და გამოცემული წიგნები ცხელი პურივით მოდიოდა ბუენოს-აირესიდან. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე დღეს უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი ხორხე ლუის ბორხესი, დევიდ ლოურენსი, ოლდოს ჰაქსლი, გრემ გრინი, ჩესტერტონი, უილიამ აირიში, ქეთრინ მენსფილდი და ბევრი სხვა.

ხორხე ალბარო ესპინოზამ, სამართლის სტუდენტმა, რომელმაც ბიბლიაში მოგზაურობა შემაყვარა, ლიტერატურულ დისკუსიებში მონაწილეების სახელები მასწავლა. ერთ დღეს მაგიდაზე ვეებერთელა, გასაოცარი წიგნი დამიდო და პისკოპოსის შეურყეველი ავტორიტეტით განაჩენი გამოაცხადა:

- ეს სხვა ბიბლიაა.

როგორ არა, ჯეიმზ ჯოისის „ულისე“ იყო, რომელიც ალაგ-ალაგ და ფეხის თრევით წავიკითხე, ვიდრე მოთმინება არ გამომელია. ნაადრევი შიში იყო. წლების შემდეგ უკვე ზრდასრულის მორჩილებით მის გულმოდგინედ კითხვას მივუბრუნდი და არა მხოლოდ ის უცნაური სამყარო აღმომაჩენინა ჩემს სულში, რომლის არსებობას არც კი ვეჭვობდი, არამედ ფასდაუდებელი ტექნიკური დახმარება გამიწია ენის თავისუფლების, დროის მართვისა და ჩემი წიგნების სტრუქტურისათვის.

ერთ ღამეს ვეგა სამი ახლად ნაყიდი წიგნით დაბრუნდა სახლში. ერთ-ერთი წასაკითხად მათხოვა, იცოდა, რომ დაზინებას მიადვილებდა. თუმცა ამჯერად საწინააღმდეგო შედეგს მიაღწია: მას შემდეგ აღარასოდეს დამძინებია ადრინდელი ნეტარებით. კაფკას „მეტამორფოზა“ იყო.

დიდი დრო არ გასულა და დავრწმუნდი, რომ რომანი და რეპორტაჟი ერთი დედის შვილები არიან.

9 აპრილი ჩვენი მუდმივი სასაუბრო თემა იყო, რომლის დროსაც ბრაზი და ნოსტალგია, დაკარგული წლების გამო, ერთმანეთში იხლართებოდა. ფიდელ კასტრო, თავის მხრივ არაერთი აბსურდული ბრალდების მსხვერპლი გახდა ექსტრემისტული ქმედებების გამო, რადგან სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი იყო. იმ შავბნელ ღამეს, გაავებული ბრბოს მიერ დანგრეულ ქალაქში, ნაციონალური პოლიციის მეხუთე დივიზიაში გამოცხადდა და ჩაწერა. ფიქრობდა, რომ ამ ფორმით შეძლებდა ქუჩაში მოწყობილი სასაკლაოს შეჩერებას. მას უნდა იცნობდე, რომ წარმოიდგინო, რაოდენ გაწბილებული იყო მისი ამაღლებული განწყობა იქ, სადაც საერთო ღირებულების პოვნა შეუძლებელი ჩანდა. ... თერთმეტი წლის შემდეგ გავიცანი, როდესაც კუბაში რეპორტაჟის გასაკეთებლად ჩავედი და ჰავანაში მის ტრიუმფალურ დაბრუნებას დავესწარი. მომავალში მეგობრები გავხდით. ამ ურთიერთობამ დროს და უთვალავ ფეხის წაცდენას გაუძლო. ჩვენს ხანგრძლივ საუბრებში ადამიანურისა და ღვთიურის შესახებ 9 აპრილის ღამე ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სასაუბრო თემა იყო. ყოველთვის ფიქრობდა, რომ მისი პროფესიული ჩამოყალიბების გზაზე ის დრამა გადამწყვეტი აღმოჩნდა, განსაკუთრებით მეხუთე დივიზიაში გატარებული ღამე იყო მნიშვნელოვანი, მაშინ მიხვდა, რომ სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც შემოდიოდნენ და გადიოდნენ, მოროდიორობის ნადავლს ინაწილებდნენ ნაცვლად იმისა, რომ საჩქარო პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ეზრუნათ.

უცებ მომეჩვენა, რომ ხეების სქელ ბინდში რაღაც იყო ჩამალული. სიმონ ბოლივარის ცხენზე ამხედრებული ქანდაკება დავინახე. ჰო, რა თქმა უნდა, ის იყო - გენერალი სიმონ ანდონილ დე ლა სანტისიმა ტრინიდად ბოლივარ ი პალასიოს - ჩემი გმირი, მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემმა მიბრძანა, რომ ასე უნდა ყოფილიყო. თავისი ელვარე საზეიმო სამხედრო ფორმითა და მერცხლების დასკინდლული რომაელი იმპერატორის თავით. კვლავ ჩემი დაუვიწყარი გმირი იყო, მიუხედავად ბევრი გაუგებარი ქმედებისა, ან შესაძლებელია, სწორედ მათ გამო. საბოლოო ანგარიშით, ვერც კი შეედრებოდა იმათ, ვისთანაც ბაბუაჩემმა პოლკოვნიკის წოდება მოიპოვა და ამდენჯერ შეაგდო საკუთარი სიცოცხლე სასწორზე იმ ომებში, რომლებიც ლიბერალების მხარდაჭერით მიმდინარეობდა სწორედ ბოლივარის მიერ დაარსებული კონსერვატიული პარტიის წინააღმდეგ.

ოსკარ ესპრიელიას, რომელცი გართობის დიდოსტატი იყო, უილიამ ფოლკნერის გამონათქვამი მოსწონდა იმის შესახებ, რომ მწერლისთვის საუკეთესო საცხოვრებელი ბორდელია, რადგან იქ დილა მშვიდად თენდება, ყოველი ღამე დროსტარებაში გადის და პოლიციასთან მშვნიერი შეთანხმება არსებობს. დეპუტატმა ალემანმა ეს გამონათქვამი სიტყვასიტყვით გაიგო და ბორდელში ჩვენი მასპინძლობა სრული დატვირთვით საკუთარ თავზე აიღო.

ბებია ტრანკილინა იგურანი ორი თვის გარდაცვლილი იყო. უსინათლო და შეშლილი, თავისი აგონიის მყისიერ სინათლეში, ელვარე ხმითა და სრულყოფილი დიქციით განაგრძობდა ოჯახური საიდუმლოებების გამხელას. მისი მუდმივი თემა, სულის ამოხდომამდე, ბაბუაჩემის პენსია იყო.

ჩემი სურვილი იყო კარიბის სანაპიროზე ათასი დღის ომის შესახებ დრამა დამეწერა. ამის თაობაზე მანულ საპატა ოლიველიას კარტახენაში ყოფნის დროს ვესაუბრე. მაშინ, ჩემი ჩანაფიქრისგან დამოუკიდებლად, მანუელმა მამამისის დაწერილი ბროშურა მაჩუქა, რომელიც ომის ერთ ვეტერანს ეხებოდა. ბროშურის ყდაზე მისი პორტრეტი იყო გამოსახული - ლიკილიკეში გამოწყობილი და დენთით შეტრუსული ულვაშებით. მისმა გარეგნობამ ბაბუაჩემი მომაგონა. სახელი დამავიწყდა, მაგრამ მის გვარს სამარადჟამოდ უნდა ევლო ჩემთან ერთად: ბუენდია. სწორედ ამის გამო ვიფიქრე, დამეწერა რომანი, სახელწოდებით „სახლი“, ერთი ოჯახის ეპოპეის შესახებ, რომელსაც ბევრი რამ ექნებოდა საერთო ჩემს ოჯახთან და პოლკოვნიკ ნიკოლას მარკესის წაგებულ ომებთან.

კვირის ბოლოს, როდესაც სხვები საკუთარ სახლებში შეიყუჟებოდნენ, დაცარიელებულ ქალაქში მარტოდმარტო ვრჩებოდი. ეს იყო სრული სიღატაკისა და მწყერჩიტას უხერხულობის განცდა, რომლის გადალახვას აუტანელი სიამაყითა და ველური პირდაპირობით ვცდილობდი. ვგრძნობდი, რომ ყველგან ზედმეტი ვიყავი და ნაცნობები ხშირად ამის შესახებ შეუფარავად მაგრძნობინებდნენ.

ახალი წაკითხული მქონდა „The Paris Review”-ში ჯორჯ პლიმპტონის დიდებული ინტერვიუ ჰემინგუეისთან რეალური პერსონაჟის რომანის პერსონაჟად ქცევის შესახებ. ჰემინგუეიმ უპასუხა: „მე თუ ავხსენი, ამას როგორ ვაკეთებ, შეიძლება სახელმძღვანელოდ გამოადგეთ ფარისევლობაში დაოსტატებულ ადვოკატებს“.

ყველაზე დიდი განცდა მაშინ დამეუფლა, როდესაც უფორმო ტომარას მოვეჭიდე, რომელიც ხელიდან მისხლტებოდა. ბებია ტრანკილინას ნეშტი იყო, რომელიც დედაჩემმა საფლავიდან ამოთხარა და თან წამოიღო.

ეს განცდა შემდეგ ავადმყოფობად მექცა. თუ დასრულებული წიგნით კმაყოფილი ვიყავი, მეუფლებოდა უსასოობის განცდა, რომ უკეთესად ვერასოდეს დავწერდი.

ადრეული ყმაწვილობიდან გულისწუხილით ვადევნებდი თვალს ბაბუაჩემს და ბებიაჩემს, წლების განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე როგორ ელოდნენ კუთვნილ პენსიას. მიუხედავად ამისა, ოთხი წლის შემდეგ, როდესაც, ბოლოს და ბოლოს, პარიზის სასტუმროში წიგნს ვწერდი, სახე, რომელიც გონებაში მედგა, ბაბუაჩემისა არ ყოფილა. კლემენტე ესკალონა იყო იმ პოლკოვნიკის ფიზიკური განსახიერება, რომელსაც არავინ სწერს.

***

სოფელ მინაურეს ერთადერთ კანტორაში ყინულიან ლუდს ვსვამდით, როდესაც ხესავით ზორბა მამაკაცი მოგვიახლოვდა, ცხენოსნის მაღალი გამაშები ეცვა, წელზე რევოლვერი ეკიდა. რაფაელ ესლაკონამ წარმიდგინა. ჩემი ხელი ხელში გაიჩერა და თვალებში ჩამხედა.

- პოლკოვნიკ ნიკოლას მარკესთან რამე საერთო გაქვს? - მკითხა.

- მისი შვილიშვილი ვარ. - ვუთხარი.

- ბაბუაშენმა ბაბუაჩემი მოკლა. - თქვა.

მედარდო პაჩეკოს შვილიშვილი იყო, იმ კაცის, რომელსაც ბაბუაჩემმა ტყვია დაახალა. შესაშინებლად დრო არ მქონდა, ისე უცნაურად თბილად თქვა ეს სიტყვები, რაღაცნაირად თითქოს ნათესავები ვიყავით. სამი დღე და ღამე მის სატვირთო მანქანაში გავატარეთ, გარდაცვლილი ბაბუების მოსაგონებლად ცხელ ბრენდსა და თხის სანკოჩოს ვჭამდით. რამდენიმე დღის შემდეგ გამომიტყდა: ესკალონასთან შეთანხმებულა, რომ შევეშინებინე, მაგრამ გულმა არ უქნა, რომ მკვდარ ბაბუებზე ეხუმრა. სინამდვილეში ხოსე პრუდენსიო აგილერი ერქვა, პროფესიით კონტრაბანდისტი იყო. სამართლიანი და კეთილი გული ჰქონდა. მის პატივსაცემად მისი სახელი იმ მეომარს დავარქვი, რომელიც „მარტოობის ას წელში“ ხოსე არკადიო ბუენდიამ მამლების არენაზე ისრის ტყორცნით განგმირა.

***

მეხიკოში, როდესაც 1965-1966 წლებში „მარტოობის ას წელს“ ვწერდი, მხოლოდ ორი დისკი მქონდა, რომლებიც მოსმენისგან გაიცვითა: დებიუსის „პრელუდიები“ და ბითლზის „მძიმე დღის ღამე“.

ესპანურიდან თარგმნა - ლანა კალანდიამ
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2014 წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში