მიმო პალადინოს მიერ ილუსტრირებული - ულისე

"წარმოსადეგი, ჩასუქებული ბაკ მალიგანი კიბის ზედა ბაქანზე გამოვიდა ხელში საპნის ასაქაფებელი თასით, რომელზედაც ჯვარედინად ეწყო სარკე და სამართებელი. ყვითელი, ქამარშეხსნილი ხალათი დილის ნელ სიოს ოდნავ გამოებერა. თასი ზევით ასწია და გალობით წარმოთქვა:

– Introibo ad altare Dei.

შეჩერდა, ბნელ დახვეულ კიბეს ჩახედა და უკმეხად ჩასძახა:

– ამოდი, კინჩ! ამოდი, შე ლაჩარო იეზუიტო!

დარბაისლური ნაბიჯით წამოვიდა წინ და მრგვალ საზარბაზნე მოედანზე შედგა. მიმოიხედა და მედიდურად სამგზის გადასახა ჯვარი კოშკს, არემარეს, ახლად გამოღვიძებულ მთებს. სტივენ დედალოსს რომ მოჰკრა თვალი, მისკენ გადაიხარა და სწრაფად მოჰყვა ჰაერში ჯვრის გამოსახვას, თან ბუყბუყებდა და თავს იქნევდა. სტივენ დედალოსი, უკმაყოფილო და ნამძინარევი, კიბის თავში მოაჯირს დაეყრდნო ხელებით. გულგრილად შეჰყურებდა ცახცახა, მობუყბუყე, ცხენის თავივით ჩამოგრძელებულ სახეს, მას რომ ლოცავდა, და მქრქალ-მუხისფრად შეფერილ უტენზურო თმას.

ბაკ მალიგანმა წამით სარკე გადასწია, თასში ჩაიჭყიტა და ისევ მარჯვედ წააფარა.

 – ყაზარმებში! მკაცრად თქვა მან.

და მოძღვრის კილოთი დასძინა:

– რამეთუ ესე არს, საყუარელნო, ჭეშმარიტი ქრისტინე: ხორცი და სული და სისხლი და წყლულნი. ჩუმად დაუკარით, გეთაყვა. თვალები დახუჭეთ, ბატონებო. მოიცათ. ცოტა ეს თეთრი ნაწილაკები გვიჭირებენ საქმეს. სრული სიჩუმე", - ჯეიმს ჯოისი - ულისე
















Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში