ელინური მითები - კადმოსი და თებეს დაარსება

ფინიკიელთა მეფის აგენორისა და მისი მეუღლის ტელეფას შვილს კადმოსს მამაცი ვაჟკაცის სახელი ჰქონდა დამსახურებული მთელ სახელმწიფოში.

ახალგაზრდა ვაჟკაცს მხარს უმშვენებდა მთელს ფინიკიაში სილამაზით სახელგანთქმული ღვიძლი და, მეფე აგენორის მშვენიერი ასული ევროპა.

სახელმწიფოს მკვიდრნი, დიდი და პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა, ყველანი სიხარულით შესცქეროდნენ ევროპას და მისი კალმით აუწერელი სილამაზით, მისი სიმშვენიერით ტკბებოდნენ და იხიბლებოდნენ.

ოლიმპოს მბრძანებელმა ზევსმა სადღაც თვალი მოჰკრა ევროპას და ისე მოიხიბლა მისი სიმშვენიერით, რომ გადაწყვიტა მეფის ასულის მოტაცება.

ოლიმპოს მბრძანებელმა თავისი გადაწყვეტილება მყისვე განახორციელა.

ყოვლად შემძლებელი ზევსი გადაიქცა ხარად, რომელსაც ჯერ კიდევ უღლის სიმძიმე არ ეგრძნო, ზურგზე წამოიკიდა და გაიტაცა მეფის საყვარელი ასული.

მეფე აგენორის და დედოფლის ტელეფას მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა.

სახელმწიფოს მკვიდრნი სასოწარკვეთილებას ეძლეოდნენ მეფის ასულის ასე უგზოუკვლოდ დაკარგვის გამო და ყველანი გულმტკივნეულად მდუღარე ცრემლებს აფრქვევდნენ.

ჯავრითა და მწუხარებით თავზარდაცემულმა აგენორმა მოიწვია შვილები და უბრძანა: „საყვარელო შვილებო, გაფრთხილებთ: თუ ჩემს ძვირფას ასულს, მშვენიერ ევროპას არ მოსძებნით და არ დამიბრუნებთ, გახსოვდეთ, რომ ვერცერთი თქვენგანი ჩემს სასახლეში ფეხს ვერ შემოდგამს. ჩემი საყვარელი ევროპა უნდა მომიძებნოთ და თავის მშობლიურ სახლში დააბრუნოთ!“

კადმოსი საყვარელი დედის ტელფას თანხლებით დაუყოვნებლივ გაემგზავრა თავისი დის, მშვენიერი ევროპის საძებნელად.

დედამ და შვილმა მრავალი ქალაქი და ქვეყანა შემოიარეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ზევსის მიერ ასე ანაზდეულად გატაცებული ასულის კვალს ვერსად მიაგნეს.

ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, კადმოსი და დედამისი ტელფა მივიდნენ თესალიაში, საცა, სამწუხაროდ, მოგზაურობით დაღლილი ტელფა ავად გახდა და გარდაიცვალა.

კადმოსის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. საყვარელი დედის ასე მოულოდნელად დაკარგვამ და დის უნაყოფო ძებნამ ახალგაზრდა გმირი დიდ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.

საბრალომ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, მამასთან დაბრუნებას ვერ ბედავდა და გატაცებული დის პოვნის იმედიც გაუცრუვდა.

ამ გამოურკვეველი და მძიმე მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად, კადმოსმა გადაწყვიტა დელფში წასულიყო და აპოლონ ღმერთის გულთმისანს შეჰკითხებოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო და რა გზას დასდგომოდა.

გულთმისანმა დელფში კადმოსს ასე უპასუხა: „დის ძებნას თავი დაანებე. მახლობელ მინდორში შენ დაინახავ ძროხას, რომელსაც კვალდაკვალ უკან უნდა გაჰყვე. გააშენე ქალაქი იმ ადგილას, საცა ეს ძროხა დაწვეს“.

კადმოსმა, როგორც კი აპოლონ ღმერთის გულთმისნის გამოქვაბულიდან გამოვიდა, ფოკიდის ფართოდ გადაშლილ ველზე მართლაც დაინახა პელაგონის ჯოგს ჩამორჩენილი ძროხა.

კადმოსი დაუყონებლივ უკან გაჰყვა მწვანე ბალახით აბიბინებულ ველზე მიმავალ ძროხას.

ახალგაზრდა ჭაბუკის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაინახა, რომ ძროხა ბეოტიის ერთერთ საუცხოვო ადგილას, არესის წყაროს მახლობლად, შეჩერდა და ხავერდივით ამწვანებული ბალახებით დაფარულ ველზე წამოწვა.

აპოლონ ღმრთის წინასწრმეტყველება აღსრულდა. კადმოსმა სწორედ იმ ადგილას, საცა ძროხა ველზე ბალახებში დაწვა, საბოლოოდ გადაწყვიტა ქალაქის გაშენება.

სიხარულით აღსავსე კადმოსმა გადწყვიტა ყოვლად მფარველი ღმერთისათვის სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა, ძროხა დაკლა და წყლის ამოსატანად წყაროზე ამხანაგები გაგზავნა.

არესის წყაროს იმ დროს სდარაჯობდა საოცარი გველეშაპი, რომლის საშინელი უზარმაზარი ტანი, მუდამ ფართოდ დაღებული პირი, თავზე გადაყოლებული სისხლივით წითელი გრეხილები და პირში სამ წყებად დალაგებული კბილები რაღაც საშინელ სანახაობას წარმოადგენდნენ.

საზარელი ცხოველი გამოქვაბულში იწვა და საშინელი სისინითა და ქშენით ირგვლივ მთელ მიდამოს შიშის ზარს ჰგვრიდა.

არესის წყაროს ეს ფხიზელი დარაჯი ელვის სისწრაფით თავს დაესხა წყლის წასაღებად ჩამოსულ ფინიკიელებს და ყველანი შეუბრალებლად გამოასალმა სიცოცხლეს.

როცა ფინიკიელებს შეაგვიანდათ, ხმლითა და ისრით შეიარაღებული კადმოსი დაუყოვნებლივ გაემართა წყაროსაკენ ამხანაგების ამბის შესატყობად.

კადმოსის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა ახალგაზრდა გმირმა წყაროს გარშემო თავისი ერთგული ამხანაგების უთავბოლოდ დაყრილი გვამები დაინახა.

შურისძიებით აღვსილმა ახალგაზრდა გმირმა მყისვე ხელი დასტაცა კლდის უზარმაზარ ნახეთქს და ისეთი ძალით სტყორცნა საზარელ გველეშაპს, რომ კაცს ასე ეგონებოდა, საშინელ ცხოველს ნაფლეთ-ნაფლეთად აქცევსო.

მაგრამ ქერტლით სქლად დაფარულმა შხამიანმა კანმა სიკვდილს გადაარჩინა საზარელი ცხოველი, რომელიც ცოფებისა და შხამის ნთხევით საშინლად მძვინვარებდა და ახალგაზრდა გმირისაკენ საბრძოლველად მოიწევდა.

ძლევამოსილი ჭაბუკი არ შედრკა, დროზე მოიმარჯვა ხელში ალმასივით მჭრელი ისარი და ისეთი ძალით სტყორცნა, რომ საშინელი ცხოველის სქელი ტყავის უჯრედები ისარმა მთლიანად შეანგრია და შიგ სხეულში მაგრად გაიჭედა.

გველეშაპი აუტანელი ტკივილებისაგან საშინლად სისინებდა, იკლაკნებოდა, სხეულის მთელი სიმძიმით მიწას ეხეთქებოდა და ჭრილობიდან ისრის ამოგლეჯას ცდილობდა.

კადმოსმა ამ საშინელი ბრძოლის დროს თავისი ბასრი ხმალი მოიშველია და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გველეშაპს კისერში დაჰკრა.

მწვავე ტკივილებისაგან გაცოფიანებული გველეშაპი მთელი სხეულით შოლტივით წელში გაიმართა და ის იყო მტერს მთელის საშინელებით თავს მედგრად უნდა დასხმოდა, რომ ახალგაზრდა ჭაბუკმა თავი უშიშრად შეაფარა მახლობლად მდგომ ხის დაბურულ ტოტებს და ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა გველეშაპს, რომელიც მწარე ტკივილებისაგან საზარლად იკლაკნებოდა.

სწორედ იმ დროს, როცა გველეშაპი მწვავე ჭრილობებს თავისი შხამიანი ენით ილოკავდა, კადმოსმა ხელმეორედ სტყორცნა ისარი, რომელმაც სრულიად გაცოფებულ ცხოველს კისრის შუაგულში ელვის სისწრაფით გაუარა და ეს საზარელი ცხოველი მახლობლად მდგომ უზარმაზარ ხეს სვეტივით გააკრა.

საშინელი ტკივილისაგან გამწარებული გველეშაპი გარს შემოერტყა ხის ვეებერთელა ტანს და ისე მძლავრად ეხეთქებოდა ხის ტანსა და მის მაღალ ტოტებს, რომ ეს უზარმაზარი ხე საშინელი გრიალით მოწყდა ადგილიდან და თავს დაეცა საზარელ ცხოველს, რომელიც ველურის ღრიალით სამუდამოდ გამოესალმა სიცოცხლეს.

სწორედ იმ დროს, როცა კადმოსი ათვალიერებდა გველეშაპის საზარელ ლეშს, ოლიმპოს მწვერვალიდან სასწრაფოდ ჩამოეშვა ათენა პალასი და გამარჯვებულ გმირს წინადადება მისცა გველეშაპის კბილები ფხვიერ მიწაზე დაეთესა.

კადმოსმა დაუყოვნებლივ შეასრულა ქალღმერთის ბრძანება. გველეშაპის კბილები რომ დათესა, მიწიდან უეცრივ თავები ამოყვეს მძიმედ შეიარაღებულმა მეომრებმა, რომლებიც იარაღის ჟღარუნით ახალგაზრდა გმირს მრისხანედ ემუქრებოდნენ.

კადმოსი უკვე მზად იყო სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებრძოლებოდა მიწიდან ასე ანაზდეულად მოვლენილ მტერს.

ძლევამოსილმა გმირმა იძრო ბასრი ხმალი და ის იყო მრისხანე მტერზე იერიში უნდა მიეტენა, რომ უეცრივ იგი ერთერთმა მეომარმა შეაჩერა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩააგე ხმალი ქარქაშში! ჩვენ საქმეს თვითონ გამოვასწორებთ, ერთი-მეორეს თვითონ გავუმკლავდებით!“

ამ სიტყვებთან ერთად მიწიდან ამოსული შეიარაღებული მეომრები ერთი-მეორეს დაერივნენ და სასტკი ბრძოლა გააჩაღეს.

მეომრები თავდავიწყებით ეკვეთებოდნენ ერთი-მეორეს და მოწინააღმდეგეს შეუბრალებლად ასალმებდნენ სიცოცხლეს.

ამ ცხარე, შეუბრალებელ ბრძოლაში სიკვდილს გადარჩა ხუთი საუკეთესო მეომარი: ეხიონი, უდეოსი, ხთონი, პელორი და პიპერენორი.

სიკვდილს გადარჩენილმა მეომრებმა იარაღი დაყარეს და კადმოსს სთხოვეს ზავი ჩამოეგდო.

ახალგაზრდა გმირს მოეწონა მეომრების წინადადება და ამიტომ კიდევაც სიამოვნებით დასთანხმდა.

ძლევამოსილმა გმირმა ამ ხუთი რჩეული მეომრის დახმარებით ააშენა ციხე კადმეა, რომლის ძირში შემდგომ ფართოდ გაიშალა ქალაქი თებე.

კადმოსი გულმოდგინედ ზრუნავდა ახლადდაარსებული ქალაქის კეთილდღეობაზე.

ხალხის თქმულებით, ფინიკიიდან მოტანილი ანბანით კადმოსმა ბერძნებს წერაკითხვა შეასწავლა, ლითონისა და მადნეულობის დამუშავებას შეაჩვია.

ძველი საბერძნეთის მკვიდრნი ამიტომ ყოველთვის დიდის პატივისცემით იგონებდნენ ქ. თებეს დამაარსებელ გმირს და მის დაუვიწყარ სახელს შარავანდის სხივებით მოსავდნენ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში