ჰერმან ჰესე - პიქტორის ფერისცვალება

შედგა თუ არა ფეხი სამოთხეში, ხე დაინახა პიქტორმა. ქალ-კაცა იყო ეს ხე, ანუ ქალიცა და კაციც ერთდროულად. კრძალვით მიესალმა პიქტორი ხეს და ჰკითხა: შინ ხომ არა ხარ სიცოცხლის ხეო! არა უპასუხა რა ხემ. მაშინ წამოჰყო გველმა თავი და პასუხი დააპირა. არ მოუსმინა გველს პიქტორმა, ზურგი აქცია და გზა გააგრძელა. მიდიოდა და თვალები სულ აქეთ-იქით გაურბოდა, ისე მოსწონდა იქაურობა. გული უთქვამდა, სიცოცხლის დასაბამთან და სათავესთან ხარო.

ახლა სხვა ხე დაინახა პიქტორმა. მზე-მთვარისა იყო ეს ხე, ანუ მზეცა და მთვარეც ერთდროულად.

შენ ხომ არა ხარ სიცოცხლის ხეო? - უთხრა პიქტორმა.

თავი დაუქნია მზემ და შესცინა. თავი დაუქნია მთვარემაც და შეჰღიმა.

ტურფა რამ ყვავილები შეცქეროდნენ პიქტორს. ზოგი თავს უქნევდა და უცინოდა, ზოგი თავს უქნევდა და უღიმოდა, ზოგი არც თავს უქნევდა და არც უღიმოდა, ისე იყვნენ თავის თავში ჩაფლულნი ყვავილები წყნარები, ნაირფერი თვალებით, საკუთარი ოცნებით და სურნელით მთვრალები. ფერად სოსანი მღეროდა. ფერად ლურჯი ძილისპირულს გალობდა. ერთს დიდრონი ლურჯი თვალები ჰქონდა, მეორემ პირველი სიყვარული გაახსენა. ერთს მისი ბავშვობის სურნელი ასდიოდა, დედის ხმასავით ტკბილი იყო მისი სურნელი, მეორემ სახეში შეჰხარხარა და მოკაკული წითელი ენა გადმოუგდო. მოლოკა პიქტორმა იგი. ძლიერი და უცხო გემო ჰქონდა, ფიჭვისა და თაფლისა ერთად და ქალის კოცნას მოაგავდა.

იდგა ამ ყვავილებში პიქტორი, სევდითა და შიშნარევი სიხარულით აღსავსე, რეკდა გული ზარივით: უცხო შუქით ბურვილის - შეუცნობლის შეცნობის სწვავდა პიქტორს სურვილი.

ერთი ფრინველი დაინახა პიქტორმა. ლივლივებდა ათასფრად, ენთო გასაკვირველი, იჯდა ტურფად ბალახში მშვენიერი ფრინველი. ჰოი ფრინველო, ბედნიერება სად ვეძიოო? - ჰკითხა პიქტორმა ამ მშვენიერ, ნაირფერ ფრინველს.

- ბედნიერებაო, - თქვა მშვენიერმა ფრინველმა და გადაიხარხარა თავისი ოქროს ნისკარტით: - ბედნიერება, მეგობარო, ყველგანაა, მთასა და ბარში, ყვავილსა და ქვაში.

ესა თქვა და მხიარულად შეარხია ფრინველმა ფრთები, მოიღერა კისერი, გააქნი-გამოაქნია კუდი, აახამხამა თვალები, ხელმეორედ გაიცინა და უცებ გაილურსა. იჯდა ასე გალურსული ბალახებში და დახეთ: უეცრივ ფერად ყვავილად გარდაიქმნა, ფრთები ფურცლებად, კლანჭები კი ფესვებად ექცა. ასე, შუა ცეკვაში, ელვარე და მღელვარე ფერებად რომ ბრწყინავდა, უცბად იქცა მცენარედ. გაოცებული უყურებდა ამას პიქტორი.

უმალ შეარხია ფრინველ-ყვავილმა ფურცლები, აატოკა მტვრიანები, წამსვე მობეზრდა ყვავილად ყოფნა. გაუქრა ფესვები, მსუბუქად შეირხა, ნელ-ნელა ზემოთ აფრიალდა და ახლა თვალისმომჭრელ მოევარე პეპლად იქცა, ფარფატა და ბრჭყვიალა პეპლად ცაში იალა. გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა პიქტორს.

ეს ახალი ფარვანა კი, ეს მხიარული, ჭრელი ფრინველ-ყვავილ-პეპელა, ეს ნათელი მოლივლივე ხატება კამარას არტყამდა გაოცებული პიქტორის ირგვლივ, ელვარებდა მზის სხივებში, ფაფუკ ფიფქივით ძირს ეშვებოდა პიქტორის ფეხთან, ნაზად სუნთქავდა, ოდნავ უთრთოდა მბზინავი ფრთები და უცებ კრისტალად გადაიქცა. გადმოიღვარა სხივთა წითელი წყალჯავარი მის წახნაგთან, ჯადოსნურად აკიაფდა მწვანე ბალახებსა და შამბნარებში ზარების საზეიმო რეკვასავით ნათელი ეს წითლად მოელვარე ძვირფასი ქვა. მაგრამ თითოს უხმოო მიწამ - მისმა მშობელმა - ელვის სიწრაფით დაპატარავდა და მიწაში ჩაძრომა დააპირა.

აქ უკვე ვეღარ გაუძლო ცთუნებას პიქტორმა, დასტაცა ხელი და ზემოთ ასწია მთლად დალეული ქვა. აღტაცებით შეაცქერდა მის ჯადოსნურ ელვარებას და ნეტარების წინათგრძნობით აღევსო გული.

უცებ ხმელი ხის ტოტს გველი შემოეხვია და ყურში ჩასსისინა:

ვინემ გვიან არ არის, ჩქარა უთხარი შენი სურვილი და ქვა, რადაც გინდა, იმად გადაგაქცევსო.

შეკრთა, შეშინდა პიქტორი, ბედნიერება ხელიდან არ გავუშვაო. სწრაფად წარმოთქვა ნატვრა და უმალ ხედ იქცა, რამეთუ ხეები სიმშვიდის, ძლიერებისა და ღირსების გამოხატვად მიაჩნდა და ხედ ქცევა მანამდეც ხშირად მონდომებია.

იქცა პიქტორი ხედ, გაიდგა მიწაში ფესვები, აიყარა ტანი, შეისხა ტოტები და შეიმოსა ფოთლებით. ძლიერ კმაყოფილი იყო ყმაწვილი, ფესვებით წოვდა გრილი მიწის წიაღს, წვენს მწყურვალი ბოჭკოებით ისრუტავდა, ფოთლებს ლაჟვარდში აშრიალებდა. ხოჭოებს დაებუდათ მის ქერქში, ფეხებთან დაედოთ ბინა კურდღელსა და ზღარბს, ტოტებში ბუდე ჰქონდათ ფრინველებს.

ბედნიერი იყო ხე-პიქტორი და წელთა სვლა არად მიაჩნდა. მრავალმა წელმა გაიარა, ვინემ შეამჩნევდა, მისი ბედნიერება რომ სრულყოფილი არ იყო. ნელ-ნელა ისწავლა ხის თვალებით ცქერა. ბოლოს თვალები აეხილა და დაღონდა.

დაინახა პიქტორმა, რომ მის ირგვლივ სამოთხეში სხვადასხვა არსებანი ერთობ ხშირად იცვლიდნენ ფერს, რომ აქ მარადიული ფერისცვალება მიმდინარეობდა. ყვავილები ძვირფას ქვებად იქცეოდნენ, ხან მოელვარე კოლიბრის სახეს იღებდნენ და შორს მიფრინავდნენ. ხეები უეცრად ქრებოდნენ მის გვერდით. ერთი წყაროდ იღვრებოდა, მეორე ნიანგი ხმებოდა, მესამე კი, თევზად ქცეული, მხნედ მიჰქროდა, მთელი მისი არსებით ილხენდა და მღეროდა. ახალ ფერისცვალებებს, ახალ თამაშს ელოდა. სპილოები თავის სამოსს კლდეებს უცვლიდნენ, ჟირაფები თავის სახეს ყვავილთ უთმობდნენ.

მარტოოდენ ხე-პიქტორი აღარ იცვლიდა სახეს, აღარ ძალუძდა ფერისცვალება. რაც ეს შეიცნო, მას შემდეგ დაკარგა ბედნიერების შეგრძნება, მას შემდეგ შეეპარა სიბერე და მოტყდა, დაფიქრება და დაღლილობა დაეტყო, როგორც ეს ბებერ ხეებს სჩვევია. ასე მოსდგამთ ხოლმე მუდამ ცხენებს, ფრინველებს, ადამიანებს თუ სხვა სულდგმულებსაც: როცა ჰკარგავენ გარდაქმნის უნარს, ძაბუნდებიან და სილამაზეც უქრებათ ხოლმე.

გზა აებნა ერთ დღეს პატარა გოგოს და სამოთხის ამ კუთხეში მოხვდა. ოქროსფერი თმა ჰქონდა და ცისფერი კაბა ეცვა, სიმღერ-სიმღერით და ცეკვა-ცეკვით მიცქრიალებდა ხეებში. მანამდე არასდროს არ გაუვლია მის გულში გარდაქმნის წადილს.

ჭკვიანი მაიმუნებიდან ზოგი ხითხითით აცილებდა, ჩირგვები ნაზად ეკონწიალებოდნენ პწკალებით, ხეებიდან ვინ ყვავილს, ვინ ვაშლსა და ვინ კაკალს უგდებდა, ის კი არც აქცევდა ამას ყურადღებას.

დაინახა ხე-პიქტორმა გოგონა და უმალ ისეთმა სევდამ მოიცვა და ბედნიერების ისეთმა ნდომამ აიტანა, როგორიც არასოდეს არა ჰქონია. თითქოს საკუთარმა სისხლმა უყივლაო, ერთმა ფიქრმა შებოჭა: „გონს მოდი! გაიხსენე ამ წუთს მთელი შენი ცხოვრება, ჩასწვდდი მის არსს, თორემ გვიან იქნება, წავა ბედნიერება და აღარასოდეს დაგიბრუნდება“. დაუჯერა ამ ხმას ხე-პიქტორმა, გაიხსენა ცხოვრების დასაბამი, ადამიანობის წლები, სამოთხეში მოსვლა, მეტადრე ის წამი, ვიდრე ხედ იქცეოდა, როცა ნატვრის ქვა ხელში ეკავა. მაშინ მისთვის შესაძლო იყო ყოველნაირი ფერისცვალება, მაშინ სიცოცხლე ისე ჩქეფდა მის არსებაში, როგორც არასდროს! მოაგონდა ფრინველი, მისი სიცილი, გაახსენდა ხე მზე-მთვარისა, გულმა უთხრა, რომ იმ წუთს რაღაც გამოეპარა, რაღაც დაავიწყდა და რომ გველის რჩევა არ იყო სასიკეთო.

მოესმა გოგონას ხე-პიქტორის ფოთლების შრიალი, აიხედა და გული უეცრად აუკვნესდა. სხვა სურვილები, სხვა აზრები, სხვა ოცნებები გაეღვიძა. რარაც უცნობი ძალით მონუსხული ხის ქვეშ ჩამოჯდა. ობლად, ეულად და სევდიანად ეჩვენა ეს ხე, უტყვი სევდა კი უფრო მშვენიერს, ამაღლებულსა და კეთილშობილს ხდიდა მას. მაცდურად ჟღერდა ფოთოლთ იდუმალ შრიალში მისი სიმღერა. მიეყრდნო გოგონა ხის დახორკილ ტანს, იგრძნო, როგორ დაუარა ჟრუანტელმა ხეს მთელ ტანში, თვითონაც ჟრჟოლამ აიტანა, უცნაურად აუკვნესდა გული, მის სულში სევდის ღრუბელი ჩამოწვა, ნელა გადმოუგორდა თვალთაგან ცრემლის მძიმე კურცხალი. რა იყო ეს? რა ტანჯავდა ასე? რად იყო, რომ გული აღარ ეტეოდა საგულეს და ამ მშვენერი მარტოხელა ხისკენ ილტვოდა შესაწებებლად?

ფესვებამდე უხმოდ ცახცახებდა ხე, მთელი ძალები დაძაბა გოგონასთან შეერთების მწველი ჟინით ატანილმა. ვაი, როგორ მოატყუებინა თავი გველს და სამუდამოდ ხესი ჩააჭედინა თავი, ვაი, რა ბრმა და უგუნური იყო მაშინ! ნუთუ სულ არაფერი არ იცოდა, ნუთუ ასე უცხო იყო მისთვის სიცოცხლის იდუმალება? არა, იგი უკვე მაშინ წინათგრძნობდა და აღიქვამდა მას ქვეცნობიერად. ჰოი, რა სევდით და თანაგრძნობით გაახსენდა ახლა ის ხე, ქალიცა და კაციც რომ იყო ერთსა და იმავე დროს!

მოფრინდა ფარანდა: წითელ-მწვანედ იელვა ლამაზმა და ძლიერმა და გოგონას დაჰქროლა ციდან უცხო ფრინველმა. ხედავს გოგონა, როგორ მოფრინავს იგი, ხედავს, როგორ გაუვარდა რაღაც ნისკარტიდან, ის რაღაც კი სისხლივით წითლად აკიაფდა მწვანე ბალახში. უცბად ისე აკიაფდა, უცბად ისე ინათა, ისე ძლიერ იზიდავდა, ისე ტურფად ბრწყინავდა, რომ დასწვდა გოგონა და აიღო ის ქვა - თვალი პატიოსანი, ლალი შუქითა მთოველი, აღსრულედება რომლისგან კაცის ნატვრა ყოველი.

დაიჭირა ეს ჯადო ქვა გოგონამ თეთრ ხელში და მყისვე აუსრულდა ნატვრა, გულიტ რომ სურდა. მოსწყდა ამ სოფელს ტურფა გოგონა, დაეშვა ძირს და შეეწება ხეს, ნორჩ ყლორტად იფეთქა ხის ტანიდან და თვალის დახამხამებაში იწყო ზრდა ზევით და ზევით.

ახლა მოგვარდა ყოველივე, ისევ გამეფდა სამყაროში წესრიგი, ახლა იქნა ჭეშმარიტად ნაპოვნი სამოთხე. აღარ იყო პიქტორი ბებერი, დაღონებული ხე. „პიქტორია, პიქტორია“, მჭექარე ხმით მღეროდა იგი.

ასე გარდაიქმნა და იცვალა ფერი ხე-პიქტორმა. ჰოდა, რამეთუ ეს გარდაქმნა მარადიული და ჭეშმარიტი იყო, რამეთუ ნახევრიდან ის მთელად იქცა, ამიერიდან მას შეეძლო იმდენჯერ ეცვალა ფერი, რამდენჯერაც მოისურვებდა. გამუდმებით ჩქეფდა მის ძარღვებში სახეცვლილების ეს ჯადო ნაკადი, გამუდმებით მონაწილე იყო იგი სამყაროს მარადიული გარდაქმნა-ფერისცვალებისა.

შველი იყო თუ თევზი, ადამიანი თუ გველი, ღრუბელი თუ ფრინველი - ყველგან მთლიანი იყო, წყვილი იყო, მთვარესა და მზეს, კაცსა და ქალს შეიცავდა, ტყუპ-ტყუპ ნაკადად მიედინებოდა ქვეყნად, წყვილ ვარსკვლავად ციმციმებდა ცაში.

გერმანულიდან თარგმნა - რეზო ყარალაშვილმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში