ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - იქ სადაც დურგალი ცხოვრობს

ავტომობილი მეთექვსმეტე ქუჩისა და რომელიღაც ჭუჭყიანი შესახვევის კუთხესთან შეჩერდა. ქალი გადმოვიდა. კაცი და პატარა გოგონა მანქანაში დარჩნენ.

„ვაპირებ ვუთხრა, რომ ოც დოლარზე მეტი არ ღირს“, თქვა ქალმა.

„როგორც გინდა. ესკიზები თუ წამოიღე?“

„რა თქმა უნდა“. ქალი მანქანის უკანა სალონში მოთავსებულ ჩანთას დასწვდა. „კიდევ კარგი, არ დამავიწყდა“.

„Dites quiline faut pas avoir les forts placards”, (უთხარი, რომ ბევრი კარადები საჭირო არ არის) თქვა კაცმა.

„Nile bon bois”. (არც ძვირფასი ხის მასალა გვჭირდება)

„ძალიანაც კარგი“.

„ნეტა ფრანგულად არ ლაპარაკობდეთ!“ თქვა გოგონამ.

„Et il faul avoir un bon height. L’un des Murphys etait comme ca”. (და რაც შეიძლება მაღალი გააკეთოს. მერფებთან რომ ვნახეთ, ისეთი).

კაცმა ხელი ერთნახევარი იარდის სიმაღლეზე ასწია. აბრაგაკრული სადარბაზოს კარი, რომელზეც „სადურგლო სახელოსნო“ ეწერა, ქალმა ოდნავ შეაღო და მომცრო კიბეს აუყვა.

კაცმა და გოგონამ გარემო უხალისოდ მოათვალიერეს. არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. ირგვლივ მხოლოდ წითელი აგურის სახლები ჩამომდგარიყვნენ. სიჩუმეს დაესადგურებინა. მოშორებით რამდენიმე ზანგი საქმიანად დაფათურობდა და მანქანებიც იშვიათად მიმოდიოდნენ. ნოემბრის მშვენიერი დღე იდგა.

„იცი“, უთხრა უცბად კაცმა გოგონას, „ძალიან, ძალიან მიყვარხარ“.

„მეც მიყვარხარ“, უპასუხა ბავშვმა და ზრდილობიანად გაუღიმა.

„მისმინე“, განაგრძო კაცმა. „ქუჩის გადაღმა იმ სახლს თუ ხედავ?“

გოგონამ იქით გაიხედა და მზერა მაღაზიის უკან მდებარე პატარა სახლზე შეაჩერა. ფანჯრებზე ჩამოშვებული ფარდების მიუხედავად იგრძნობოდა, რომ შინ ვიღაც სულიერი იყო. ცუდად მიხურული დარაბა დროდადრო მოძრაობდა. კაცსა და გოგონას ეს ადგილი არასოდეს ენახათ.

„ამ ფანჯრების მიღმა მშვენიერი პრინცესა ცხოვრობს“, თქვა კაცმა.

„მისი დანახვა იოლი არ არის, რადგან დღედაღამ უზარმაზარი გოლიათი დარაჯობს და თვალს წუთით არ აშორებს. შენ ალბათ გოლიათი გემახსოვრება“.

„როგორ არ მახსოვს“.

„ოქროსთმიანი პრინცესა ისეთი ლამაზია, რომ აღწერაც კი მიჭირს“. და ორივემ სახლს გაფაციცებით დაუწყეს თვალთვალი. ფანჯარაში წამით ყვითელი კაბის კალთა გაკრთა.

„აი , თვითონ პრინცესაც“. თქვა კაცმა. „გოლიათმა ყველას მკაცრად უბრძანა, თვალი არ მოაცილონ და არსად გაუშვან. მეფე და დეოდფალიც ქვესკნელში გამოამწყვდია და, ვიდრე პრინცი სამივეს არ იპოვის და არ გაათავისუფლებს, ოქროსთმიანი ფერია ასეთ შავ დღეში იქნება“. კაცი შეყოყმანდა.

„რაო, მამა? რა უნდა იპოვოსო?“

„სამი... ნახე! ნახე! ისევ გამოჩნდა“.

„სამი რაღაა, მამი?“

„სამი, სამი ჯადოსნური ქვა, რომლითაც პრინცი მათ გათავისუფლებას შეძლებს“.

კაცს მთქნარება აუტყდა.

„მერე, მერე რა მოხდება?“

„შემდეგ პრინცი სახლის ფანჯრებს ჩამოუვლის, თითოეულზე სამჯერ დააკაკუნებს და პრინცესასაც ეშველება“.

ზემოთ, სახელოსნოს ფანჯარაში ქალის სახე გამოჩნდა.

„თავზე საყრელი საქმე აქვს და დაცდა მომიწევს“, გადმოსძახა მან. „ხედავ, რა მშვენიერი ამინდი გამოვიდა?“

„გააგრძელე რა, მამი“, - შეეხვეწა გოგონა. „ასე მკაცრად რატომ ყარაულობს პრინცესას გოლიათი?“

„იმიტომ, რომ ნათლობაში არ მიიწვიეს და განრისხებულია. მაგრამ არაფერია. შენ ნუ შეგეშინდება. პრინცმა პრეზიდენტ კულიჯის ზარდახშაში ერთი ჯადოსნური ქვა უკვე იპოვა და ახლა მეორის საშოვნელად ისლანდიისაკენ გაემგზავრა. როგორც კი ქვებს მოაგროვებს, პრინცესას ოთახი ცისფრად განათდება და მის ნახვას არაფერი ემჯობინება“.

„ვაიმე!“ წამოიყვირა გოგონამ. „ნახე, ნახე, უკვე განათდა. ანუ პრინცმა სამივე ქვის პოვნა შეძლო. რა კარგია!“

კაცი თამაშში თავდავიწყებით ჩაეფლო. უცბად გარემო ფრთხილად მოათვალიერა და ხმაც უფრო დამაჯერებელი გაუხდა.

„რას ხედავ, თუ იცი?“ წამოიძახა მან. „გოლიათი პატარა ბიჭის ტანსაცმელში გადაცმულა, რომ ვერავინ იცნოს და ჩვენსკენ მოემართება. შენ ხომ კარგად გახსოვს მომბი „ჯადოსნური ქვეყნიდან? ჰოდა ისიც ცდილობს მას მიბაძოს“.

„ჰოო, მახსოვს“.

ორივე ყურადღება იმ ცეროდენა ბიჭუნამ მიიპყრო, ფართო ნაბიჯებით სახლისაკენ რომ გაეშურა და ჭიშკარზე რამდენიმეჯერ დააკაკუნა; არავინ გაეპასუხა. თუმცა არც მოელოდა, რომ შინ ვინმე დახვდებოდა და გულიც დიდად არ დაწყვეტია. ჯიბიდან ცარცის ნატეხი ამოაძვრინა და კარზე უცნაური სურათების ხატვა დაიწყო.

„ჯადოსნურ ნიშნებსა სვამს“, დაიჩურჩულა კაცმა. „ეს პრინცესას პატიმრობას მეტად გაურთულებს, რადგან ზღურბლსაც ვეღარ გადმოაბიჯებს. ის კი არ იცის, რომ პრინცმა მეფესა და დედოფალს უკვე მიაგნო და ახლა მის დასახსნელად მოიჩქარის“.

ბიჭუნა წამით შეჩერდა; შემდეგ ფანჯარასთან მივიდა და გაუგებრად რაღაც დაიძახა. მოგვიანებით ქალმა ფანჯარა ფართოდ გამოაღო და შეეხმიანა, მაგრამ სიტყვები ქარმა წაიღო.

„გოლიათს ეუბნება, რომ პრინცესა ისევ გამოკეტილია“, აუხსნა კაცმა.

„შეხედე რა, მამი! ახლა უკვე ჯადოსნური ნიშნების დასმა ფანჯრის ძირში და ტროტუარზე დაიწყო. ნეტავ რატომ?“

„სურს, რომ პრინცესას რაც შეიძლება გაურთულოს გარეთ გამოსვლა. ამიტოამც ცეკვავს. მშვენიერია, არა! ეს ხომ ჯადოსნური ცეკვაა“.

გოლიათი ფართო ნაბიჯებით უკან გამობრუნდა. ორმა კაცმა ქუჩა გადაჭრა და თვალს მიეფარა.

„ესენი ვინღა არიან მამი?“

„მეფის ჯარისკაცები. ალბათ უკვე მთელი კარია სახლის დასაცავად მარკეტის ქუჩაზე შეკრებული. იცი, „გარშემორტყმა“ რა არის?“

„ვიცი. ის კაცებიც მეფის ჯარში მსახურობენ?“

„რა თქმა უნდა, და იმაშიც დარწმუნებული ვარ, აი, ის უკანა რიგში მდგარი მოხუცი კაცი, თავად ხელმწიფეა. წელში მოხრილა და გოლიათის კაცებს ემალება. არ უნდა ვინმემ იცნოს“.

„ის ქალბატონი ვიღაა?“

„გრძნეული ჯადოქარი. გოლიათის განუყრელი მეგობარი“.

დარაბა ჯახუნით მიიხურა. მერე თავისით ნელა გაიღო.

„ეს უკვე სიკეთისა და ბოროტების ჭიდილია“, კაცი შეეცადა აეხსნა. „ყველაფერს უჩინარი ფერიები მართავენ. ბოროტებას სურს სახლში ჩამოაბნელოს და ადამიანის შვილმა შიგ ვერ შეიჭვრიტოს. ამიტომაც ცდილობს ფანჯრები დაგმანოს. სიკეთე ხომ სინათლეა. ბოროტებას არ ეპუება და დარაბებს ფართოდ აღებს“.

„მაინც სიკეთე გაიმარჯვებს, არა?“

„რა თქმა უნდა“. კაცმა გოგონას შეხედა: „ჩემი კეთილი ფერია შენა ხარ“.

„ჰო, მე ვარ, მამიკო. შეხედე! კიდევ ერთი უცხო კაცი მოვიდა“.

„მეფის არმიის გულადი ჯარისკაცი“.

იქვე, ახლოს, საიუველირო მაღაზიის მოხელემ ჩაიარა, რომელსაც სიმამაცისა არაფერი ემჩნეოდა.

„სტვენის ხმა თუ გესმის? ერთმანეთს ნიშანს აძლევენ. აი, უკვე დოლარს დაკრეს“.

„მამი, მამი, დედოფალი! აგე, დედოფალი! იქით გაიხედე. ის ქალბატონი განა დედოფალი არ არის?“

„არა ჩემო პატარა. ის მის ტელევიზიაა“. კაცმა დაამთქნარა. გუნებაში წინა დღით მომხდარი სასიამოვნო ამბები ამოუტივტივდა. ფიქრებმა წაიღო და ერთხანს გაჩუმებული იჯდა. შემდეგ გოგონას შეხედა და მისი ბედნიერებისგან გაცისკროვნებული სახე დაინახა. ექვსი წლის უსაყვარლესი ბავშვი იყო. კაცი დაიხარა და აკოცა.

„აი, ის ყინულისტორტიანი კაციც მეფის ერთ-ერთი ჯარისკაცია“, თქვა კაცმა. „ახლა ამ ტორტს გოლიათს თავზე ჩამოამხობს, რათა ტვინი გაუყინოს და ცუდი ვეღარაფერი ჩაიდინოს“.

გოგონამ ქუჩის ბოლოს მიმავალ კაცს გააყოლა თვალი. ხალხი კანტიკუნტად მიმოდიოდა. ყვითელი ფერის ზანგურ ტანსაცმელში გამოწყობილი ზანგიც გამოჩნდა. ურიკას მოაგორებდა, რომელზეც „დელის ხალიჩები და ფარდები“ ეწერა.

ფანჯრის დარაბა ისევ გაიღო და მიიხურა.

„შეხედე, მამა! სიკეთე ისევ იმარჯვებს!“

კაცი სოლიდურ ასაკში იყო. ამიტომაც მიხვდა, რომ ეს დღე დიდხანს ემახსოვრებოდა: შემოდგომის მზით განატებული პატარა, წყნარი ქუჩა და ქალიშვილის თვალწინ შეთხზულ-გათამაშებული ზღაპარი, რომელიც მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო. თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ მარტო თვითონ ამ ყველაფრის გემოს ვერ ჩაატანდა და არომატის გაგებაც გაუჭირდებოდა. გოგონას ხელი ლოყაზე მოუთათუნა და ზღაპარში კიდევ ერთი ბიჭუნა და კოჭლი კაციც ჩართო. ფიქრობდა, ბავშვს უკეთესად გავართობ და ვასიამოვნებო.

„ძალიან მიყვარხარ“, უთხრა კაცმა.

„ამას მერამდენედ მეუბნები, მამიკო“, უგულისყუროდ უპასუხა გოგონამ და ისევ სახლს მიაშტერდა. კაცმა ერთი წამით თვალები დახუჭა. შეეცადა ყველაფერი ბავშვის თვალით დაენახა, მაგრამ გაუჭირდა, რაღაც ძველი და გაცვეთილი თვალწინ ფარდასავით ჩამოფარებოდა და ალბათ ვეღარასოდეს მოიშორებდა. მხოლოდ რამდენიმე ზანგი, პატარა ბიჭები და ნათელი დღეები, - სულ ეს იყო მისი წარსული. მეტი ვერაფერი გაიხსენა.

სახელოსნოდან ქალი გამოვიდა.

„საქმე როგორ არის?“ ჰკითხა კაცმა.

„კარგად. Il dit qu’il da fait les masions de poup’ee pour les Duponds. Il va le faire”. (ამბობენ, რომ დიუპონებს თოჯინების პატარა სახლები გაუკეთა. ჩვენც გაგვიკეთებს)

„Combien?” (რამდენი?)

„Vingt-cinq. (ოცდახუთი) მაპატიე. დიდხანს გალოდინე“.

„შეხედე, მამიკო! ჯარისკაცები ისევ მოდიან!“

მანქანა დაიძრა. რამდენიმე მილის გავლის შემდეგ კაცი ქალისკენ შეტრიალდა და უთხრა: „იცი, ჩვენ სასწაულების მოწმენი გავხდით, როცა შენ გელოდებოდით“. და ყველაფერი მოკლედ უამბო. „ძალიან ვწუხავარ, რომ პრინცესა საბოლოოდ ვერ გაათავისუფლეს“.

„როგორ არა“, წამოიყვირა პატარამ. „ეს მეზობელ ქუჩაზე მოხდა. მკვდარი გოლიათი კარებთან ეგდო. ხელმწიფე, დედოფალი და პრინციც მოკლეს. სულ მალე დედოფლად პრინცესა დაჯდება“.

კაცს მეფეც და დედოფალიც უზომოდ შეყვარებოდა და ძალიან შეწუხდა, მისი გმირები ხელის ერთი მოსმით რომ გაანადგურეს.

„გმირები აუცილებელია. ყველას უნდა ჰყავდეს“, მოუთმენლად წამოიძახა კაცმა.

„არაფერია. პრინცესა გათხოვდება და ქმარი გახდება მისთვის ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანი“.

მანქანა გზას უგულისყუროდ მიუყვებოდა. თითოეულს საკუთარი საფიქრალი გასჩენოდა. ქალი თოჯინების პატარა სახლზე ოცნებობდა, დუხჭირი ბავშვობის გამო ვერასოდეს რომ ვერ ეღირსა. კაცი უკვე საკუთარ მილიონ დოლარზე ფიქრობდა. გოგონას კი ჭუჭყიან ქუჩაზე მომხდარი უჩვეულო ამბები ახსენდებოდა; მის თვალწინ დატრიალებული საოცარი ამბები. თუმცა ეს ყველაფერიც უკვე წარსულის კუთვნილება გამხდარიყო.

ინგლისურიდან თარგმნა მაია ბოლაშვილმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში