ჯეიმს ჯოისი - ნუ სჯით გარეგნობით

ბელვედერის კოლეჯში სწავლისას ჯეიმს ჯოისმა თავისი ყოველკვირეული თემებით თანაჯგუფელთა და მასწავლებელთა ყურადღება მიიქცია, მალე 1897-98 წლებში გამართულ საუკეთესო ინგლისური თხზულების კონკურსზე გამარჯვებისათვის, ეროვნული აღიარებაც მოიპოვა. საკონკურსოდ გაიტანეს გადასაყვან გამოცდებზე შესრულებული თემები. ჯოისის თემებიდან მხოლოდ ეს ერთი თხზულება „ნუ სჯით გარეგნობით“ შემოგვრჩა, რომელიც ჩვენი ვარაუდით, 1896 წელს უნდა იყოს დაწერილი, როცა ჯეიმსი თოთხმეტი წლისა იყო. ასე რომ, ჩვენთვის ცნობილი მისი ნაწერებიდან ყველაზე ადრეული ეს თხზულება გახლავთ.

არაფერია მშვენიერ გარეგნობაზე უფრო მაცდური და მომხიბლავი. თვალს ატკბობს ზაფხულის თაკარა მზის ქვეშ გარინდული ზღვა, მოწმენდილ ცაზე შემოდგომის უძალო და ქარვისფრად აბრწყინებული მზის ნათელი; მაგრამ როგორ იცვლება გარემო, როცა ბუნების ძალთა ველური მრისხანება ქაოსსა და უწესრიგობას გამოაღვიძებს.

როგორ განსხვავდება დუჟმორეული ოკეანე, საკუთარ ქაფში რომ იხრჩობა, აუღელვებელი, მოსარკული ზღვისაგან, რომელიც ცელქად ნანაობდა და ლაპლაპებდა მზის სხივებში. მაგრამ გარეგნობის ცვალებადობის საუკეთესო ნიმუში ბედი და ადამიანია. ქლესა და მონური მზერა, ამაყი და დიდგული გამომეტყველება ერთნაირად ფარავენ მანკიერ ხასიათს. ბედი, ეს ზიზილპიპილებიანი ტიკინა, რომლის ბრწყინვალება აცდუნებს და თავის ნებაზე ათამაშებს გლახაკსაც და ამპარტავანსაც, ქარივით ცვალებადია. და მაინც არის „რაღაც“, რაც ადამიანის ხასიათს წარმოგვიჩენს, ესაა თვალი, ერთადერთი გამცემი, რომელსაც დემონური ბოროტმოქმედის უბოროტესი განზრახვაც კი ვერ დათრგუნავს.

თვალი უჩვენებს ადამიანს ცოდვასა და უმანკოებას, ნაკლსა და ღირსებას სულისას. ეს ერთადერთი გამონაკლისია შეგონებისა: ნუ სჯით გარეგნობით, ყველა სხვა შემთხვევაში ჭეშმარიტი ღირსება საძებნელია, მონარქიული თუ დემოკრატიული საბურველი მხოლოდ აჩრდილია, რომელსაც ადამიანი თავს დააღწევს. „რა საბრალოა ღატაკი, უფლისწულთა მოწყალების იმედი რომ აქვს“. მუდმივ ცვალებად ბედის მოქცევას თან მოაქვს სიკეთე ან ბოროტება. რა მშვენიერია, როცა სიკეთეს გვაუწყებს და რა შემზარავი, როცა ბოროტის მაცნეა! მეფის გულმოწყალებას მინდობილი ადამიანი უკიდეგანო ოკეანეში ჩაკარგული ციცქნა ნავია.

ასე რომ, გარეგნობამ არ უნდა შეგვაცდინოს. ქლესა ადამიანი, არამზადის ყველაზე უარესი ნაირსახეობა, ღირსეული თავდაჭერის მიღმა მალავს ყველაზე დიდ ბიწიერებას. სატანა, რომლის სალოცავიც იღბალია, სიმდიდრის წინაშე მუხლებზე ფორთხავს და კუდს უქიცინებს, მაგრამ ადამიანს, ვისაც არ გააჩნია პატივმოყვარეობა, სიმდიდრე და სხვა ფუფუნება, გარდა კმაყოფილებისა, არ შეუძლია დამალოს აღტაცება, წმინდა სინდისიდან და უღრუბლო გონებიდან რომ მოედინება.

თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში