ალბერ კამიუ - მოღალატე ცოლი

ერთი უცნაურად გალეული ბუზი ფანჯრებდახურულ ავტობუსში უხმოდ დაფრინავდა და უღონოდ აქეთ-იქით აწყდებოდა. ჟანინმა ერთხანს ის მხედველობიდან დაკარგა, მაგრამ მალე თავის მეუღლის ხელზე დამჯდარს მოჰკრა თვალი. ციოდა. ქვიშა ხმაურით ეყრებოდა მინებს და ბუზიც ცახცახებდა ქარის ყოველ წამოქროლვაზე.

ზამთრის ნაცრისფერი დილის მკრთალ შუქზე ავტობუსი ძრავისა და ღერძის ღრჭიალით ნელა მიიწევდა წინ, და რწევა-რწევით საცოდავად მიჯაყჯაყებდა. ჟანინმა მეუღლეს გახედა. ვიწრო შუბლზე ჩამოყრილი ჭაღარაშერეული, ჯაგარივით უხეში თმა, ფართო ცხვირი და უსწორმასწორო პირი მარსელს გაბუტული ფავნუსის იერს აძლევდა. ოღროჩოღროებზე გავლისას კაცი ხან ეხლებოდა თავის ცოლს, ხან უკან ვარდებოდა, მძიმედ იჯდა მუხლებგაშლილი, გაშეშებული და ინერტული, არაამქვეყნიური თვალებით წინ იმზირებოდა. ნაცრისფერი ფანელის პიჯაკი პერანგის სახელოებს და მაჯებს უფარავდა და კიდევ უფრო მოკლეს აჩენდა მის უბალნო, მსხვილ ხელებს, სხეულის სხვა ნაწილებზე მეტად რომ შერჩენოდათ სიცოცხლის ნიშანწყალი. ამ ხელებს ისე მაგრად ჩაებღუჯათ მუხლებს შორის მოქცეული პატარა ნაჭრის ჩემოდანი, რომ ვერც კი გრძნობდნენ ბუზის გაუბედავ მოძრაობას.

უეცრად ქარის ღმუილი გარკვევით გაისმა და ავტობუსი ქვიშის სქელ ბურუსში გაეხვია. მინებს ისე მოაწყდა სილა, თითქოს ვიღაცის უხილავმა ხელმა აყარაო. ბუზმა სიფრიფანა ფრთა შეარხია, წამით გაირინდა და გაფრინდა. ავტობუსმა სიჩქარეს უკლო და ალბათ გაჩერდებოდა კიდეც, მაგრამ ქარი ჩაწყნარდა, ქვიშის ღრუბელი გაიფანტა და მანქანამაც სვლას უმატა. მტვერში ჩაძირულ პეიზაჟს მხოლოდ შუქფარების სინათლე ჰკვეთდა. ფანჯრებს მიღმა ორიოდე ბეჩავი, გათეთრებული, თითქოსდა ლითონისგან ჩამოსხმული პალმა გამოჩნდა. მალე ისინიც თვალს მიეფარნენ და სადღაც წყვდიადში გაუჩინარდნენ.

- რა დაწყევლილი ქვეყანაა! - თქვა მარსელმა.

მოსასხამებში გახვეულ არაბებს, - მრავლად რომ იყვნენ ავტობუსში, თავი მოემძინარებინათ. ზოგიერთი ფეხმორთხმული იჯდა და მანქანის ჯაყჯაყზე სხვებზე მეტად ირწეოდა. მათი სიჩუმე და აუღელვებლობა დამთრგუნველად მოქმედებდა ჟანინზე. ეჩვენებოდა, თითქოს რამდენიმე დღე იყო, რაც ამ მუნჯი ესკორტის თანხლებით მგზავრობდა. არადა, ავტობუსი რკინიგზის ბოლო სადგურიდან უთენია გამოემგზავრა და სულ რაღაც ორი საათი იყო გასული, რაც ის ამ ცივ დილას გზას მიიკვლევდა ქვიან და მწირ ბორცვებზე, რომელთა უკიდეგანო სივრცე ალისფერ ჰორიზონტში იკარგებოდა. მაგრამ ძლიერმა ქარმა ნელ-ნელა შთანთქა არემარე და აქედან მოყოლებული, მგზავრები ვეღარაფერს ხედავდნენ; თითქოს თეთრ ღამეში მგზავრობენო, ერთმანეთის მიყოლებით ჩაჩუმდნენ, და ავტობუსში შემოღწეულ ქვიშას თუ ჩამოიბერტყავდნენ ხოლმე დამტვერილი ტუჩებიდან და თვალებიდან.

- ჟანინ! - ქმრის დაძახილზე ქალი შეკრთა. მან კიდევ ერთხელ გაიფიქრა, რამდენად არ შეეფერებოდა ეს სახელი მასავით ვეება და ფაშფაშა ქალს. მარსელს აინტერესებდა სად იდო ქსოვილებიანი ჩემოდანი. ჟანინმა ფეხი შეჰყო სკამის ქვეშ, რაღაც საგანს წამოსდო და ჩემოდანიაო გაიფიქრა. ქალს სუნთქვა უჭირდა და თავისუფლად ვეღარ იხრებოდა წელში. კოლეჯში კი ყველას სჯობნიდა ტანვარჯიშში, სუნთქვაც საოცრად მშვიდი და თანაბარი ჰქონდა. ნუთუ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ? ოცდახუთი წელი.  რა სწრაფად გადის დრო! მას კი ეჩვენებოდა, თითქოს გუშინ იყო, ქორწინებასა და თავისუფალ ცხოვრებას შორის არჩევანს რომ აკეთებდა. თითქოს გუშინ იყო, მარტოობაში გალეულ სიბერეზე ფიქრი რომ ზარავდა. არა, ჟანინი არ იყო მარტო; იურიდიული ფაკულტეტის ის სტუდენტი ვაჟი, ადრე წუთითაც რომ არ შორდებოდა, ახლაც მის გვერდით იჯდა.

მარსელი ტანდაბალი იყო. ჟანინს არც მისი შავი გადმოკარკლული თვალები მოსწონდა და არც მისი მსუნაგი, მოკლე ქირქილი, მაგრამ მაინც დასთანხმდა ცოლობაზე. სამაგიეროდ ხიბლავდა მისი ვაჟკაცური ლტოლვა სიცოცხლისადმი, აქაურ ფრანგებს რომ ახასიათებდათ, მისი ჩაფიქრებული სახე, როდესაც რაიმე შემთხვევა ან ადამიანები ვერ უმართლებდნენ იმედებს. მაგრამ მაინც ყველაზე უფრო მთავარი, ჟანინისტვის გახლდათ ის, რომ ვიღაცას უყვარდა; და მარსელიც ყოველ ღონეს ხმარობდა მზურუნველობა არ მოეკლო მეუღლისათვის. იგი ისე ხშირად აგრძნობინებდა ცოლს, მხოლოდ ჩემთვის ხარ გაჩენილიო, რომ ბოლოს და ბოლოს ქალმაც ირწმუნა საკუთარი არსებობა. არა, ჟანინი არ იყო მარტო...

ავტობუსი უხილავ დაბრკოლებებს შორის ძლიერი საყვირით მიიკვლევდა გზას. მანქანაში არავინ არ იძროდა. უეცრად ჟანინმა ვიღაცას დაჟინებული მზერა იგრძნო და იმ სკამისკენ შემობრუნდა, გვერდით, გასასვლელის მეორე მხარეს რომ დაედგათ. უცნობი არ იყო არაბი და ჟანინს გაუკვირდა თავიდანვე როგორ ვერ შევამჩნიეო. კაცს ეცვა საჰარის ფრანგული სამხედრო ნაწილის უნიფორმა, თავზე კი ნაცრისფერი კეპი ეხურა. გარუჯული, წაწვეტებული სახით და მკვეთრად გამოკვეთილი ნაკვთებით ტურას წააგავდა. იგი თავის ღია ფერის თვალებით პირქუშად აკვირდებოდა ქალს. ჟანინი წამოწითლდა და მიუბრუნდა მეუღლეს, რომელსაც ამ დროს წინ ნისლსა და ქარს გასცქეროდა. ქალი პალტოში გაეხვია, მაგრამ, თვალიდან არ შორდებოდა გიმნასტურაში გამოწყობილი ფრანგი ჯარისკაცის სახე, უსაშველოდ მაღალი და გამხდარი ტანის წყალობით რაღაც მშრალი, მყიფე მასალისაგან, ქვიშისა და ძვლის ერთგვარი ნარევისაგან ჩამოსხმულს რომ ჰგავდა. მოულოდნელად ჟანინმა მის წინ მჯდომი გარუჯული არაბების გამხდარ ხელებს მოჰკრა თვალი და თავისთვის გაიფიქრა: უშველებელი მოსასხამების მიუხედავად რა თავისუფლად სხედან მერხზე, სადაც მე და ჩემი ქმარი ძლივს ვეტევითო. ქალმა პალტოს ბოლოები აიკეცა. არა, ის არ იყო ზონზროხა, მასზე უფრო მაღალსა და ხორცსავსეს იტყოდით. ხორციელი და სასურველი (ამას მამაკაცების მზერიდანაც გრძნობდა) მისი დიდი სხეული, რომელიც ჟანინის აზრით სითბოს და სიმშვიდეს ასხივებდა, საოცრად ეწინააღმდეგებოდა მისსავე ბავშვურ სახეს და ნათელ, ცოცხალ თვალებს.

არა, ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ჟანინს ეგონა, როდესაც მარსელმა მოისურვა, მეუღლე მოგზაურობაში თან წაეყვანა, ქალი უარზე დადგა. მარსელი დიდი ხანი იყო, რაც ამ მოგზაურობაზე ფიქრობდა. უფრო სწორად, ომის დამთავრებისთანავე ჩაიფიქრა, როდესაც საქმე კვლავ ააწყო. ომამდე, ქსოვილების პატარა მაღაზია, რომელიც მან იურიდიული ფაკულტეტის მინებების შემდეგ მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიიღო, საკმაოდ უმართავდათ ხელს. ზღვის სანაპიროზე ახალგაზრდობის წლებში ბედნიერად რომ იგრძნო თავი, ბევრი არაფერია საჭირო, მაგრამ მარსელი ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის წინაარმდეგი იყო და ცოლის პლაჟზე ტარებაც ადრიანად შეწყვიტა. მათი პატარა მანქანა მხოლოდ საკვირაო გასეირნებისას თუ დატოვებდა ქალაქს. დანარჩენი დრო კი მარსელს ერჩივნა, ამ ნახევრად ევროპულ, ნახევრად აზიურ კვარტლის თაღების ჩრდილში მიკუნჭულ, ფერად-ფერადი ქსოვილებით გამოტენილ მაღაზიაში გაეტარებინა, რომლის მეორე სართულზე,ც არაბული შპალერით და ბარბესის ავეჯით გაწყობილი სამი ოთახი ეკავათ. ნახევრად დარაბებმიხურულ, ჩაბნელებულ ოთახებში მრავალი წელი გაატარეს ერთად. შვილი არ ჰყავდათ. თანდათან ყველაფერი დავიწყებას მიეცა: ზაფხული, პლაჟი, სეირნობა, ცაც კი... მარსელს, როგორც ჩანდა, საკუთარი საქმეების გარდა არაფერი აინტერესებდა, ჟანინს მიაჩნდა, რომ მან აღმოაჩინა ქმრის ჭეშმარიტი გატაცების საგანი - ფული. ეს საოცრად არ მოსწონდა ქალს, თუმცა თავადაც არ იცოდა, რატომ. ბოლოს და ბოლოს ისიც ხომ სარგებლობდა ამ ფულით? მარსელი არ იყო ძუნწი, პირიქით, უფრო ხელგაშლილი ეთქმოდა, განსაკუთრებით ცოლის მიმართ. "ერთიც ვნახოთ და რაიმე შემემთხვეს, - ამბობდა ის, - შენ უზრუნველყოფილი ხომ უნდა დაგტოვო". ეს არ იყო ურიგო აზრი, შავი დღისთვის მართლაც უნდა გქონდეს კაცს ორიოდე გროში გადანახული. მაგრამ ამ აუცილებელი საჭიროებების გარდა ხომ არის კიდევ რაღაც სხვა... მაშინ რა ქნას ჟანინმა?.. ქალს ეს ფიქრები დროდადრო გაუელვებდა ხოლმე თავში. მანამდე კი ეხმარებოდა ქმარს საკანცელარიო დავთრების მოწესრიგებაში, ზოგჯერ მაღაზიაშიც ცვლიდა მას. ყველაზე ძნელი ასატანი იყო ზაფხული, როდესაც პაპანაქება მოწყენილობის ტკბილ შეგრძნებებს კლავდა.

მოულოდნელად, შუაგულ ზაფხულში ომი დაიწყო. მარსელი ფრონტზე გაიწვიეს, მაგრამ სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად სცნეს და გამოაბრუნეს. გაძნელდა ქსოვილების შოვნა, გაიყინა საქმე, დაცარიელდა გავარვარებული ქუჩები. ახლა რომ მართლა რამე მომხდარიყო, ჟანინი აღარ იქნებოდა უზრუნველყოფილი. ამიტომაც ბაზარში ქსოვილების პირველი პარტიის გამოჩენისთანავე მარსელმა გადაწყვიტა შუამავლის როლი ეკისრა, შემოეარა მთიანი ზეგანისა და სამხრეთის სოფლები და იქაური არაბი ვაჭრებისთვის თავად მიეყიდა საქონელი. მოგზაურობაში მან ცოლის წაყვანაც ისურვა. ჟანინმა იცოდა, ცუდი გზების გამო მგზავრობა ძნელი იქნებოდა. სუნთქვაც უჭირდა, ერჩივნა სახლში დალოდებოდა მეუღლეს, მაგრამ მარსელი გაჯიუტდა და ვინაიდან მასთან კამათი დიდ ძალას მოითხოვდა, ქალიც იძულებული შეიქნა დაჰყოლოდა ქმრის ნება-სურვილს. ახლა ისინი უკვე იქ იყვნენ და ჟანინი თვალნათლივ ხედავდა, რომ მის მიერ წარმოდგენილი სურათი სრულიად განსხვავდებოდა სინამდვილისაგან. ქალს აშინებდა სიცხე, ბუზები, ანისის არყის სუნით გაჟღენთილი ჭუჭყიანი სასტუმროები და ვერც კი წარმოედგინა, თუ მათ ნაცვლად, სიცივე, გამჭოლი ქარი და მორენებით მოფენილი, თითქმის ყინულოვანი ზეგანი დახვდებოდა. გამგზავრებამდე პალმებსა და რბილ ქვიშაზე ოცნებობდა, ახლა კი საკუთარი თვალით ხედავდა, რომ უდაბნო სულ სხვა რამ ყოფილა. ირგვლივ მხოლოდ ქვები ეყარა, ცასაც კი ცივი, ღრჭიალა ქვისებრი მტვერი გადაჰკვროდა, ხოლო მიწაზე პალმების ნაცვლად ქვებს შორის ამოსული გამხმარი სარეველები თუ მოჩანდნენ.

მოულოდნელად ავტობუსი გაჩერდა. მძღოლმა რაღაც წაიბურდღუნა იმ ენაზე, ჟანინს მთელი ცხოვრება რომ ესმოდა, მაგრამ მისი არაფერი გაეგებოდა. "რა მოხდა?" - იკითხა მარსელმა, როდესაც მძღოლმა ამჯერად ფრანგულად გაიმეორა, ქვისამ კარბურატორში შეაღწიაო, მარსელმა კიდევ ერთხელ დასწყევლა ეს მხარე. მძღოლმა გადაიხარხარა და ანუგეშა მარსელი. კარბურატორს მალე გავწმენდ და გზას გავუდგებითო. კარი გაიღო; ავტობუსში ცივი ქარი შემოიჭრა და მგზავრებს სახეში ქვიშა შეაყარა. არაბებმა ცხვირი ჩარგეს მოსასხამში და მოკუნტულები შეძლებისდაგვარად მოხერხებულად მოეწყვნენ, "დახურეთ კარი!" - იღრიალა მარსელმა. მძღოლი ღიმილით წამოვიდა კაბინისკენ, აუჩქარებლად ამოიღო რამდენიმე საჭირო ხელსაწყო და ისე რომ კარის დაკეტვა არც უფიქრია, ავტობუსის წინ, სადღაც ბურუსში გაუჩინარდა. მარსელმა ამოიხვნეშა: "მერწმუნე, ძრავა სიცოცხლეში თვალითაც არ უნახავს". "მოეშვი", - თქვა ქალმა. მოულოდნელად ჟანინმა მიწაყრილზე, ავტობუსის შორიახლოს, მოსასხამებში გახვეული რამდენიმე უმოძრაო ფიგურა დალანდა და შეცბა. კაპიუშონსა და პირბადის მიღმა მათ მხოლოდ თვალები მოუჩანდათ. ღმერთმა უწყის საიდან მოსულნი უხმოდ აკვირდეობდნენ მგზავრებს. "მწყემსები არიან", - თქვა მარსელმა.

ავტობუსში სამარისებურ სიჩუმეს დაესადგურებინა. თავჩაქინდრული მგზავრები, ეტყობა, უკიდეგანო ზეგანზე თავისუფლად მონავარდე ქარის წუილს უგდებდნენ ყურს, როდესაც ჟანინმა შეამჩნია, რომ მანქანაში მსხდომთ ბარგი თითქმის არ ჰქონდათ, გაოცდა, რკინიგზის სადგურის ბოლო გაჩერებაზე მძღოლმა მათი ჩემოდანი და რამდენიმე ფუთა ავტობუსის სახურავზე შემოდო. თვით მანქანაში კი, გვერდითა ბადეებზე, მხოლოდ ნუჟრებიანი ჯოხები და ბრტყელი კალათები ელაგა, როგორც ჩანს, სამხრეთელებს თავისუფლად მგზავრობა ერჩივნათ.

მძღოლი ჩვეული სიხალისით დაბრუნდა, პირბადიდან - დანარჩენებივით რომ აეფარებინა სახეზე - გაბრწყინებული თვალები მოუჩანდა. "მივდივართ", - გამოაცხადა მან და კარგი მიხურა. ქარი ჩაწყნარდა და მინებს შემოყრილი ქვიშის წკაპუნი გარკვევით მოისმა. ძრავამ ერთი ჩაახველა და ჩაქრა, მაგრამ მძღოლმა იმდენი უჩხაკუნა სტარტერს, ისე აჭერდა ფეხს აქსელერატორს, რომ როგორც იქნა, ძრავა კვლავ აღრიალდა. ავტობუსი სლოკინ-სლოკინით გაუდგა ზას. ჩამოკონკილი მწყემსებიდან რომელიღაცამ ხელი ასწია. მალე ისინიც სადაც უკან მოიტოვეს ნისლში გაუჩიანრებული. გზა გაუარესდა და მანქანამაც ხტუნვა-ხტუნვით იწყო სვლა. არაბები ერთთავად ირწეოდნენ. ჟანინი ის იყო ჩაძინებას აპირებდა, რომ მისკენ გამოწვდილ, კაშუთი (აკაციის ან პალმის წვენისაგან დამზადებული მარმელადი) სავსე პატარა ყვითელ ქილას მოჰკრა თვალი. მას ჯარისკაცი - "ტურა" უღიმოდა. ჟანინი შეყოყმანდა, შემდეგ ერთი-ორი ნაჭერი აიღო და მადლობა გადაუხადა. "ტურამ" ქილა ჯიბისაკენ წაიღო და სახიდან ღიმილითაც გაუქრა. ახლა ის უკვე წინ, გზას გასცქეროდა. ჟანინი მარსელს მიუბრუნდა, მაგრამ მხოლოდ მის ფართო კეფას მოჰკრა თვალი. იგი ფანჯრიდან აკვირდებოდა ნისლს, რომელიც ფხვიერი მიწაყირილდან ზემოთ მიიწევდა და თანდათან უფრო ხშირი ხდებოდა.

რამდენიმე საათის მგზავრობამ ხალხი მოქანცა და მანქანაშიც სიცოცხლე ჩაკვდა, მაგრამ უცებ გარედან ყვირილი მოისმა; მოსასხამებში გახვეული ბავშვები ჩიკორებივით ტრიალებდნენ, დახტოდნენ და ტაშისკვრით მისდევდნენ ავტობუსს, რომელიც დაბალ სახლებიან გრძელ ქუჩას მიუყვებოდა; მანქანა ოაზისში შევიდა, ქარი არ ცხრებოდა, მაგრამ კედლები მაინც აკავებდნენ ქვიშის კორიანტელს და აღარც ისე ბნელოდა. მიუხედავად ამისა ცა მაინც მოქუფრულიყო. ამ ახმაურებულ ბრბოში, ავტობუსი ღრჭიალით გაჩერდა თიხის თაღებიან, ფანჯრებჭუყიანი სასტუმროს წინ, სადაც მოყაყანე ბრბოს მოეყარა თავი. ჟანინი ჩამოსვლისთანავე შებარბაცდა. სახლების სახურავებს ზემოთ ყვითელ ჰაეროვან მინარეთს მოჰკრა თვალი. მარცხნივ ოაზისის პალმები მოჩანდა. გულმა მათკენ გაუწია. მალე შუადღე ჩამოჰკრავდა, მაგრამ სიცივე მაინც იგრძნობოდა. ქალს გააჟრჟოლა, მეუღლეს მოხედა, მაგრამ მისკენ მომავლაი ჯარისკაცი შერჩა ხელში. ქალს ეგონა გამიღიმებს ან სულაც დამშვიდობების ნიშნად ხელს დამიქნევსო, მაგრამ ჯარისკაცმა ისე ჩაუარა და გაუჩინარდა, რომ ზედაც არ შეუხედავს მისთვის. მარსელი ავტობუსის სახურავზე შემოდგმული ქსოვილების ნიმუშებით სავსე ჩემოდანს - უზარმაზარ შავ ყუთს იღებდა. მისი ჩამოთრევა ადვილი საქმე არ იყო. ბარგის გადმოტვირთვა მძღოლს ევალებოდა, ის უკვე ამძვრალიყო სახურავზე და მანქანის ირგვლივ თავმოყრილ მოსასხამებიანებს ელაქლაქებოდა. გაძვალტყავებული სახეებით და ხორხისმიერი ბგერებით გარშემორტყმულმა ჟანინმა  ძლიერი დაღლილობა იგრძნო. "მე წავალ!" - გასძახა ქმარს, რომელიც ამ დროს მძღოლის ყურადღების მიპყრობას ცდილობდა.

სასტუმროში შესულ ჟანინს სასტუმროს მეპატრონე - გამხდარი და სიტყვაძუნწი ფრანგი გამოეგება. იგი ქალს შუშაბანდს ზემოთ (რომელიც ეზოს გადაჰყურებდა), პირველი სართულისაკენ გაუძღვა და მიაცილა ოთახამდე, სადაც მხოლოდ რკინის საწოლი, ემალის საღებავით შეღებილი სკამი და უფარდებო საკიდი დაედგათ. ოთახის ერთ კუთხეში ჭილობის თეჯირს მიღმა ქვიშის თხელი ფენით დაფარული პირსაბანი თასი იდგა. როდესაც სასტუმროს პატრონმა კარი გაიხურა, ქალმა კირით შეთეთრებული შიშველი კედლებიდან წამოსული სიცივე იგრძნო. მან არ იცოდა სად დაედო ხელჩანთა, თვითონ სად მოკალათებულიყო. სულ ერთია დაწვებოდა, თუ ფეხზე იდგებოდა, მაინც გაითოშებოდა. საკუთარ სიმარტოვეს, ძვალ-რბილში გამჯდარ სიცივეს და გულზე ლოდივით დაწოლილ სევდას აყოლილი ჟანინი, ხელჩანთაჩაბღუჯული და გულზე ლოდივით დაწოლილ სევდას აყოლილი ჟანინი, ხელჩანთაჩაბღუჯული იდგა ოთახში, მისჩერებოდა თითქმის ჭერთან გამოჭრილ სათოფურისხელა ფანჯარას და უაზროდ ელოდა რაღაცას. მას არც ქუჩიდან შემოსული ხმაური ესმოდა და არც მარსელის მჭექარე ხმა უშლიდა ფიქრს, სამაგიეროდ გარკვევით აღიქვამდა "სათოფურიდან" სასტუმროს ნომერში გადმოღვრილ მდინარის დინების მსგავს ჩხრიალს, რომელსაც ქარი პალმების ტოტებში ბადებდა. შემდეგ ქარი თანდათან გაძლიერდა და "წყლის" ეს მსუბუქი ჩუხჩუხი აბობოქრებულ ზვირთთა ღრიალში გადაიზარდა. კედლებს მიღმა ქალს, გრიგალში მატყლისავით დახვეულ პალმების ზღვა წარმოუდგა. არა, აქაურობა სულ სხვნაირად ჰქონდა წარმოდგენილი, მაგრამ ეს უხილავი ტალღები მაინც მალამოსავით ესალბუნებოდნენ მის დაღლილ თვალებს. ქალი წელში მოხრილი, ხელებჩამოყრილი იდგა ოთახში, მის დამძიმებულ ფეხებს ნელ-ნელა სიცივე ეუფლებოდა. ეზმანებოდა აშოლტილი, აშრიალებული პალმები და ის ახალგაზრდა გოგონა, ოდესღაც თავად რომ იყო.

ცოტა რომ მოწესრიგდნენ, ცოლ-ქმარი სასასდილო ოთახში ჩავიდა. აქლემებითა და პალმებით მოხატული კედლები ვარდისფერსა და იისფერში იბინდებოდნენ. თაღისებურ ფანჯრებში ძუნწად ატანდა დღის სინათლე. მარსელმა სასტუმროს მეპატრონეს აქაურ ვაჭრებზე ჩამოუგდო საუბარი. შემდეგ მათ გიმნასტურაზე სამხედრო ორდენდაბნეული მოხუცი არაბი მოემსახურათ. შეფიქრიანებულიმარსელი პურს ძიძგნიდა. ცოლს წყლის დალევა დაუშალა: „აუდუღარია, ღვინო დალიე“. ჟანინი ღვინოს ვერ იტანდა, ამიტომაც არ სვამდა. მენიუში ღორის ხორციც ჰქონდათ. „ყურანი ღორის ხორცს კრძალავს, მაგრამ ყურანმა არ იცოდა, რომ კარგად მოხარშული ღორის ხორცი არ ვნებს ადამიანს. აი, ჩვენ კი ვიცით ღორის ხორცის ყადრი. რაზე ფიქრობ?“ ჟანინი არაფერზე არ ფიქრობდა, შეიძლება ფიქრობდა კიდეც იმ გამარჯვებაზე, მზარეულებმა ყურანთან ბრძოლაში რომ მოიპოვეს, მაგრამ უნდა ეჩქარა. ეორე დღეს, უთენია გაემგზავრებოდნენ კიდევ უფრო შორს სამხრეთისკენ, მანამდე კი ყველა აქაური, მეტ-ნაკლებად ცნობილი ვაჭრების ნახვა უნდა მოესწროთ. მარსელმა არაბს ყავის მოტანა დაავალა. არაბმა უსიტყვოდ და უხალისოდ დაუქნია თავი და მოკლე-მოკლე ნაბიჯით გავიდა. „აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია“, - ჩაიცინა მარსელმა. როგორც იქნა, ყავა მოიტანეს. სასწრაფოდ დალიეს და ცივ, მტვრიან ქუჩაში გავიდნენ. მარსელმა ჩემოდნის წასაღებად ახალგაზრდა არაბს უხმო და ანაზღაურების თაობაზე დიდხანს, პრინციპულად ედავა. ეს პრინციპი, რომლის მოწმეც ერთხელ კიდევ გახდა ჟანინი, ემყარებოდა ერთობ რთულ, გაუგებარ განმარტებას - არაბები შრომის საფასურად ყოველთვის ორმაგს თხოულობენ, რათა საბოლოოდ მეოთხედი მაინც მიიღონ. თუმცა ღორის ხორცი კარგი შემწვარი იყო და ღვინოც სულ ერთი ყლუპი მოსვა, ქალი მაინც ცუდად გრძნობდა თავს. მას სურდა უფრო ელეგანტური გამოჩენილიყო, მაგრამ თბილი პალტო და შალის ტანსაცმელი არ აძლევდნენ ამის საშუალებას. იგი უხმოდ მიჰყვებოდა ჩემოდნიან მამაკაცებს.

ისინი მიუყვებოდნენ პატარა ბაღს, სადაც მტვრიანი ხეები იდგა, გზად შემხვედრი მოსასხამაკეცილი არაბები ისე უქცევდნენ მათ მხარეს, თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ. თუმცა ძონძები ეცვათ, სახეზე მაინც ეხატათ სიმაყე, რაც ძალიან აკლდა ჟანინის თანაქალაქელ არაბებს. ჟანინი მიყვებოდა ჩემოდანს, რომელიც გზას უკაფავდა ბრბოში. ჟანგისფერი მიწაყრილი რომ გადაიარეს, აღმოჩნდნენ პატარა მოედანზე, სადაც იგივე მტვრიანი ხეები იდგა, სიღრმეში კი ყველაზე უფრო გაშლილ ადგილზე თაღები და ფარდულები აღემართათ. ისინი იქვე ჭურვის ფორმის, პატარა ცისფერკიბიანი სახლის წინ შეჩერდნენ. შენობაში ერთადერთი ოთახი იყო. ოთახში შუქი მხოლოდ შესასვლელი კარიდან აღწევდა. პრიალა ხის დახლს უკან ჭაღარაულვაშიანი მოხუცი არაბი იდგა და ჩაიდნიდან ფერად-ფერად სამ პატარა ჭიქაში ჩაის ასხამდა. სანამ ჩაბნელებულ მაღაზიებში რაიმეს დანახვას მოახერხებდნენ, ცოლ-ქმარს კარებშივე ახლადდაყენებული პიტნიანი ჩაის სურნელი ეცათ. მარსელმა გირლიანდებივით ასხმულ თუნუქის ჩაიდნებს, ფინჯნებსა და ლამბაქებს, ღია ბარათების ტურნიკეტების გროვას გაჭირვებით აუქცია გვერდი და პირდაპირ დახლთან აღმოჩნდა. ჟანინმა, სინათლისთვის გზა რომ არ გადაეღობა, ოდნავ გვერდით ჩაიწია და შესასვლელში გაჩერდა. ამ დროს მან მოხუცი ვაჭრის უკან ფარდულის ბოლოში პირამდე გატიკნილ ტომრებზე შემომსხარ ორ არაბს მოჰკრა თვალი. ისინი ღიმილით შემოსცქეროდნენ ცოლ-ქმარს. კედელზე სხვადასხვა ფერის ხალიჩები და მოქარგული თავშლები ეკიდა. იტაკი ტომრებით და სურნელოვანი მარცვლებით სავსე ყუთებით იყო დაფარული. დახლზე სპილენძის პრიალა თეფშებიან სასწორსა და ძველ არშინთან, ცისფერ ქაღალდში გახვეული შაქრის თავები ჩაემწკრივებინათ, ერთ-ერთი მათგანი წვერში იყო მოფშვნილი. როდესაც მოხუცმა ვაჭარმა ჩაიდანი დახლზე დადგა და მოსულებს მიესალმა, ჩაის სურნელება გაქრა და მის ნაცვლად შალისა და სანელებლების სურნელი მისწვდა ცოლ-ქმრის ყნოსვას.

მარსელი, როგორც საქმიანი საუბრის დროს სჩვეოდა, სწრაფად და ხმადაბლა ლაპარაკობდა. შემდეგ მან არშინი და სასწორი გვერდზე გადადო, ჩემოდნიდან ქსოვილები და თავშლები ამოალაგა და მოხუც ვაჭარს წინ გადაუშალა. მარსელი ღელავდა, ხმას უწევდა, უმიზეზოდ იცინოდა, იმ ქალსა ჰგავდა, თავის მოწონება რომ სურს, მაგრამ წარმატების იმედი თავადვე რომ არა აქვს. ახლა ის ხელებს ფართოდ შლიდა და ყიდვა-გაყიდვის სცენას განასახიერებდა. მოხუცმა თავი გააქნია, ფინჯნებიანი ლანგარი უკან მდგომ ორ არაბს გადააწოდა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა, რომლებმაც, ეტყობა, მარსელს უკანასკნელი იმედი გადაუწურეს. მარსელმა აიღო თავის ქსოვილები, ჩაალაგა ჩემოდანში და სრულიად მშრალი შუბლი ხელით მოიწმინდა. შემდეგ მეკურტნეს უხმო და ორივე თაღებისაკენ გაემართნენ. პირველსავე ფარდულში, მიუხედავად იმისა, რომ იქაც ისეთივე ღირსეულად თავდაჭერილი არაბი ვაჭარი დახვდათ, ცოლ-ქმარს ბედმა შედარებით გაუღიმა.

„ამათ თავი ღმერთები ჰგონიათ,ვაჭრობით კი მაინც ვაჭრობენ. რას იზამ, ძნელია ცხოვრება“, - თქვა ჟანინმა.

ჟანინს პასუხი არ გაუცია. ქარი თითქმის ჩადგა. ცა ალაგ-ალაგ მოწმენდილიყო, გეგონებოდათ ღრუბლებში ლურჯი ჭები ამოუჭრიათო, იქიდან ცივი და ნათელი შუქი იღვრებოდა. ცოლ-ქმარმა გადაჭრა მოედანი და მიწურ კედლებში ჩაჭედილ ვიწრო ქუჩებს გაუყვნენ. კედლებიდან დეკემბრის დამჭკნარი ვარდები და აქა-იქ შემორჩენილი, გამხმარი, ჭიანი ბროწეულები იმზირებოდნენ. მთელ კვარტალში დამწვარი ხის ქერქის, ქვისა და მტვრის, ცხვრისა და ყავის სუნი ტრიალებდა. ფარდულები ერთმანეთისგან შორი-შორს, პირდაპირ კედლებში გაეჭრათ. ჟანინი გრძნობდა ფეხები აღარ ემორჩილებოდა. მისი ქმარი კი პირიქით თანდათან დამშვიდდა, რაღაც-რაღაცეების გაყიდვა უკვე მოახერხა... ცოლს „პატარას“ ეძახდა, უხაროდა, რომ მგზავრობამ ფუჭად არ ჩაიარა.

„რა თქმა უნდა, უშუალოდ მათთან მოლაპარაკება სჯობს“, - ამბობდა ჟანინი.

ქალაქის ცენტრში ისინი სხვა ქუჩით დაბრუნდნენ. მოსაღამოვდა და ცაც თითქმის მოიწმინდა. მოედანზე შეჩერდნენ, მარსელი ხელებს იფშვნეტდა და ჩემოდანს ალერსიანად დასცქეროდა. „შეხედე“, - თქვა ჟანინმა. მოედნის მეორე მხარეს ღია ცისფერ მოსასხამში, მსუბუქ ყვითელ ჩექმებსა და ხელთათმანებში გამოწყობილი მაღალი, ხმელი, ბრგე არაბი გამოჩნდა, გარუჯული, არწივისცხვირიანი სახე ამაყად აეწია. მხოლოდ ჩალმასავით შეხვეული ფესი გამოარჩევდა მას კოლონიური ადმინისტრაციის იმ ფრანგი ოფიცრებისაგან, ზოგჯერ აღფრთოვანებაში რომ მოჰყავდათ ჟანინი. კაცი აუჩქარებლად იძრობდა ხელთათმანებს, თანაბარი ნაბიჯით მოდიოდა მათკენ, მაგრამ ცქერით კი სადღაც მათ მიღმა იცქირებოდა.

- "ერიჰა! - მარსელმა მხრები აიჩეჩა, - ამას თავი მართლა გენერალი ჰგონია".

აქაურებს მედიდურება ნამდვილად არ აკლდათ, მაგრამ ეს კაცი აშკარად აღემატება ყველას. ცარიელ მოედანზე იგი პირდაპირ ჩემოდნისკენ მიაბიჯებდა და აინუნშიც არ აგდებდა არც მას და არც მის წინ მდგარ ცოლ-ქმარს. კაცი სწრაფად უახლოვდებოდათ და როცა არაბი თითქმის თავზე წამოადგათ, მარსელმა ხელი ჩაავლო ჩემოდანს და თავისკენ მისწია. უცნობი, თითქოს არც არაფერი მომხდარაო, იმავე თანაბარი ნაბიჯებით გაეშურა მიწაყრილისკენ. ჟანინმა ქმარს გახედა, მარსელს სახეზე სასოწარკვეთილება აღბეჭდვოდა...

"მაგათ ჰგონიათ, უკვე ყველაფრის უფლება აქვთ", - თქვა მან.

ჟანინმა არაფერი უპასუხა. ზიზღი მოგვარა არაბის სულელურმა ქედმაღლობამ და თავი უეცრად უბედურად იგრძნო. სახლში დაბრუნება მოუნდა, თავის პატარა ბინა მოენატრა. სასტუმროს გაყინულ ნომერში დაბრუნებაზე ფიქრი ზარავდა. სასტუმროს პატრონის რჩევა გაახსენდა და სთხოვა მარსელს ასულიყვნენ ფორტის ტერასაზე, საიდანაც უდაბნო მოჩანდა, თან დაუმატა, ბარგის დატოვება სასტუმროში შეგვიძლიაო. მაგრამ დაღლილი მარსელი სადილამდე გამოძინებას ამჯობინებდა.

"გთხოვ",  - თქვა ჟანინმა.

მარსელმა შეხედა მეუღლეს და მოლბა:

"კეთილი, ძვირფასო".

ქალი ქმარს სასტუმროს წინ, ქუჩაში ელოდებოდა. თეთრებში გახვეული ბრბო, რომელთა შორის არც ერთი ქალი არ ერია, უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა. ჟანინს ამდენ მამაკაცი ერტად არასოდეს ენახა. ისინი კი თითქოს ვერც ამჩნევდნენ მას. ერთი-ორმა არაბმა ზანტად მიაბრუნა მისკენ გარუჯული სახე, მაგრამ დანახვით, თითქოს ვერცა ხედავდნენ. ჟანინისათვის ეს სახეები ტყუპისცალივით ჰგავდნენ ერთმანეთს და ისეთივე ამაყი, ეშმაკური იერი დაჰკრავდათ, როგორიც იმ ხელთათმანიან არაბს და ფრანგ ჯარისკაცს ავტობუსში. არაბები მდუმარედ, მსუბუქად მიდი-მოდიოდნენ ფეხებდასიებული უცხოელი ქალის გვერდით, უყურებდნენ და თითქოს ვერც კი ხედავდნენ მას. ჟანინს უღონობა და გამგზავრების სურვილი იპყრობდა. "რატომ ჩამოვედი?" მაგრამ ამ დროს მარსელიც გამოჩნდა.

საღამოს ხუთი საათი იქნებოდა, ფორტის კიბეს რომ აუყვნენ. ქარი ჩადგა. მოწმენდილ ცას ახლა უკვე მტრედისფერი დაჰკრავდა. სიცივე, რომელიც თანდათან უფრო სუსხიანი ხდებოდა, ცოლ-ქმარს ლოყებს უწვავდა. კიბის შუაგულში კედელს მიყრდნობილმა მოხუცმა არაბმა თითქოს წინასწარვე იცოდა, უარს რომ ეტყოდნენ, ფეხი არ მოუცვლია, ისე შესთავაზა მეგზურობა. მიუხედავად რამდენიმე მიწატკეპნილი მოედნისა, კიბე გრძელი და ციცაბო იყო. რაც უფრო ზემოთ ადიოდნენ, მათ წინა გადაშლილი სივრცე ფართოვდებოდა და ისინიც თანდათან იკარგებოდნენ იმ ცივსა და მშრალ ნათელში, სადაც ოაზისის ხმაური მკაფიოდ აღწევდა. ამ კრისტალურ სივრცეში ნაბიჯების ხმა ხმოვან ბგერებად იშლებოდა და მისგან წარმოშობილი ტალღა, თითქოს ანანავებდა გაცისკროვნებულ ჰაერს, რომლის რხევა სიმაღლის მატებასთან ერთად უფრო შესამჩნევი ხდებოდა. როდესაც ტერასას მიაღწიეს, მათ წინ გადაიშალა ტყე, ხოლო მის მიღმა - ჰორიზონტი. ჟანინს მოეჩვენა, თითქოს მთელი ცა მოეცვა ერთ მოკლე და გამყინავ ბგერას და მისი ექო ნელ-ნელა ავსებდა არემარეს. შემდეგ ხმა მიწყდა და ჟანინი მარტო აღმოჩნდა უკიდეგანო სივრცის წინაშე. არაფერი უშლიდა ხელს თვალით მისწვდენოდა მთელს სივრცეს აღმოსავლეთიდან დასავლეთით. ქვემოთ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მზეზე გამოტანილი წითელი წიწაკები და არაბული ქალაქის თეთრი და ცისფერი ტერასები. სულიერი იქ არავინ ჩანდა, მაგრამ შიდა ეზოებიდან მოხალული ყავის სურნელებასთან ერთად მხიარული ხმები და რაღაც გაურკვეველი ბაკუნი აღწევდა. ოდნავ მოშორებით თიხის კედლებით არათანაბარ კვადრატებად, დაყოფილ პალმების ტევრს აშრიალებდა ნელი სიო, რომელცი ტერასამდე ვერ აღწევდა. უფრო შორს თითქმის ჰორიზონტთან მოჟანგისფრო-ნაცრისფერ ქვათა უსიცოცხლო საუფლო იწყებოდა. მხოლოდ ოაზისის შორიახლოს, მდინარესთან პალმების ტევრის აღმოსავლეთიდან რომ უვლიდა, განიერი, შავი კარვები მოჩანდა. კარვების ირგვლივ უმოძრაო აქლემები წერტილებივით აჩნდა ნაცრისფერ მიწას და უცნობი დამწერლობის ანბანს ჩამოჰგავდნენ. უდაბნო მდუმარებაში ჩაფლულიყო.

მთელი სხეული მოაჯირს გადაყრდნობილი ჟანინი უხმოდ იდგა და თვალს ვერ აცილებდა მის წინ გადაშლილ სიცარიელეს. მარსელი ცმუკავდა, სციოდა და ჩასვლა უნდოდა. ნეტავ რა არის აქ სანახავი? მაგრამ ქალი თვალს ვერ სწყვეტდა ჰორიზონტს. მოულოდნელად მას მოეჩვენა, რომ ქვემოთ, შორს სამხრეთით, იქ სადაც ცის და დედამიწის შერწყმა სწორ, მკვეთრ ხაზს წარმოქმნის, ელოდა რაღაც ისეთი მთელი ცხოვრება რომ აკლდა და რომლის არსებობაზეც დღემდე არც კი დაფიქრებულა.

საღამო ახლოვდებოდა, მზის სინათლემ ელვარება დაჰკარგა და საწყლად ბჟუტავდა. და მაშინ ქალმა, სრულიად შემთხვევით რომ აღმოჩნდა ამ ადგილებში, იგრძნო თუ რა ნელ-ნელა ეხსნებოდა გულში წლობით შეკვანძული ჩვევების და დარდის ხლართი, ჟანინი შეჰყურებდა მომთაბარეთა სადგომებს, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებდა, კარვებიდან არავინ არ გამოდიოდა, მაგრამ იგი მაინც ფიქრობდა იმ ხალხზე, რომლის არსებობაზეც დღემდე არაფერი იცოდა. ქვეყნიერებას მოწყვეტილი ეს ერთი მუჭა უსახლკარო ადამიანები დაბანაკებულიყვნენ ჟანინის თვალწინ გადაჭიმულ უკიდეგანო მიწაზე, რომელიც წარმოადგენდა უმნიშვნელო ნაწილს იმ თვალუწვდენელი სივრცისას, ათასეული კილომეტრების დაშორებით სადღაც დროიდან ამ დამსკდარ მწირ მიწაზე უსასრულოდ დაეხეტებოდნენ თავისუფალი ადამიანები - უცნაური სამეფოს არაფრის მქონე გამგებლები. ჟანინმა არ იცოდა, ამგვარი ფიქრი რად ავსებდა ტკბილი, ღრმა სევდით და უხუჭავდა თვალებს, მაგრამ იმას კი გრძნობდა, რომ ის ერთხელ მაინც იყო მეუფე ამ ოდითგანვე მისთვის განკუთვნილი მხარისა და ეს მოხდა მაშინ, როცა არაბული ქალაქიდან ამოსული ხმები მიწყნარდა და უძრავ ზეცას გამყინავი ნათელი გადაეფარა. ჟანინს მოეჩვენა, რომ დრო შეჩერდა და ამიერიდან არც არავინ დაბერდებოდა და არც არავინ მოკვდებოდა, რომ სიცოცხლე შეწყდა მთელ დედამიწაზე და მხოლოდ მის გულში ვიღაც დარდისა და აღტაცებისაგან ტიროდა.

მაგრამ მალე ნათელი და ცივი მზე ისევ ამოძრავდა და მაშინ როდესაც აღმოსავლეთიდან წამოსული ნაცრისფერი ჭავლი მზად იყო შთაენთქა ეს უსაზღვრო სივრცე, ვარდისფრად აკიაფებულ დასავლეთში გადაიწურა. სადღაც შორს ძაღლის ყეფამ ჰაერი გაჰკვეთა, მაღლა აიწრა და უფრო გამყინავად გაისმა. ქალმა მხოლოდ ახლა შეამჩნია სიცივისგან კბილები რომ უკაწკაწებდა.

"ხომ არ გაგიჟდი, - თქვა მარსელმა,  - სული ამოგვხდება, წავედით". - და ხელი ცოლს უხერხულად ჩაავლო.

ჟანინი მოსცილდა მოაჯირს და მორჩილად გაჰყვა ქმარს. კიბეზე მდგარი მოხუცი არაბი უძრავად გაჰყურებდა ქალაქისკენ მიმავალ წყვილს. ჟანინი ვერავის ვერ ამჩნევდა. უსაზღვრო და უეცარი დაღლილობით წელში მოხრილი, ძლივს მიათრევდა ტანს, რომლის სიმძიმე ამჟამად აუტანლად ეჩვენებოდა.

აღტყინებამ გაუარა. საკუთარი სხეული მეტისმეტად დიდი, თეთრი და მოუხეშავი მოეჩვენა იმ სამყაროსთვის, ახლახანს რომ იხი.ა აქ მხოლოდ ბავშვს, ახალგაზრდა ქალიშვილს, კაფანდარა მამაკაცს და მოქნილ ტურას შეეძლოთ უხმაუროდ სიარული. მას კი რა ესაქმებოდა აქ? დაეძინა? სიკვდილს დალოდებოდა?

ჟანინმა მართლაც რომ ძლივს მიაღწია რესტორნამდე. მისი ქმარი ხმას აღარ იღებდა, ხანდახან თუ დააღვევდა სიჩუმეს, ისიც იმიტომ, რომ დაღლილობა დაეჩივლა. ქალი გრძნობდა, რომ ავად ხდებოდა და უღონოდ ეწინააღმდეგებოდა გაციებას. როგორც იქნა, მიაღწია საწოლამდე, მარსელიც დაწვა და ისე ჩააქრო შუქი, ცოლისთვის არაფერი უკითხავს. ოთახში ყინავდა. გათოშილ ჟანინს სიცხე უწევდა, სუნთქვა უჭირდა, მჩქეფარე სისხლი ვეღარ უთბობდა სხეულს და თანდათან რაღაც გაურკვეველი შიში ეუფლებოდა. ლოგინში წრიალებდა. ძველი რკინის საწოლს მისი სიმძიმის ქვეშ ჭრიალი გაჰქონდა. არა, ქალს არ სურდა ავად გამხდარიყო. მარსელს უკვე ეძინა, მანაც უნდა დაიძინოს. ქალაქის ყრუ ხმაური "სათოფურიდან" შემოდიოდა ოთახში. მავრიტანული კაფეებიდან მოისმოდა ძველი გრამაფონების ხმა. ზანტად მოსიარულე ხალხის ზუზუნთან ერთად ჟანინის ყურამდე აღწევდა სადღაც ადრე გაგონილი მელოდიები. უნდა დაიძინოს. მაგრამ თვალდახუჭულს მცოხნავი აქლემები წარმოუდგა და შავი კარვების თვლასაც მოჰყვა გუნებაში. მარტოობის გრძნობამ შეიპყრო. ნეტა რისთვის ჩამოვიდა აქ? ისე ჩაეძინა ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

ჟანინს მალე გამოეღვიძა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. ღამის მდუმარებას მხოლოდ ქალაქის განაპირას ძაღლების ხრინწიანი ყეფა არღვევდა. ქალს გააჟრჟოლა, გადაბრუნდა და როდესაც მეუღლის მკვრივი მხარი იგრძნო, ნახევრად მძინარი მიეკრა მას. ჟანინი თითქოს ზემოდან დაცურავდა, ჩაძირვით კი ვერ იძირებოდა ძილის მორევში, შეუცნობელი სიხარბით ებღაუჭებოდა ქმრის მხარს, როგორც ყველაზე უფრო საიმედო საყრდენს. რაღაცას ლაპარაკობდა, მაგრამ ბაგეებს ერთი ბგერაც კი არ დასცდენიათ, ლაპარაკობდა, მაგრამ თვითონაც ვერ გარკვეულიყო, რას ამბობდა. მხოლდო ქმრის სხეულის სითბოს გრძნობდა. და ასე იყო მთელი ოცი წლის მანძილზე; მარსელის სხეული ათბობდა ყოველთვის, ავადმყოფობის დროსაც, მოგზაურობაშიც... არადა, რა უნდა ეკეთებინა სახლში მარტოს? ბავშვებიც არ ჰყავდათ. იქნებ სწორედ ეს აკლდა? ქალმა ეს არ იცოდა. იგი უბრალოდ დაყვებოდა მარსელს და კმაყოფილდებოდა იმით, რომ ვიღაცას მაინც სჭირდებოდა. ეს იყო და ეს. ამ საჭიროების აღიარება გახლდათ ის ერთადერთი სიხარული, რომელსაც მარსელი მისთვის იმეტებდა. არა, ჟანინი ნამდვილად არ უყვარდა მარსელს. სიყვარული, თუნდაც ღვარძლიანი, არ შეიძლება ასეთი პირქუში იყოს. თუმცა, როგორია კი საერთოდ სიყვარული? მათ ერთმანეთი უყვარდათ ღამით, სიბნელეში, როდესაც მხოლოდ ხელების ფათურით გრძნობდნენ ერთმანეთს. მაგრამ, არსებობს კი სიყვარული ღამის გარეშე, დღისითაც რომ ძალუძს კივილი? ქალმა ეს არ იცოდა. სამაგიეროდ დარწმუნებული იყო, რომ მარსელს სჭირდებოდა და ეს იყო მისთვის ყველაზე მთავარი. ამით ცხოვრობდა დღეცა და ღამეც, განსაკუთრებით ღამით, ყოველ ღამით, როდესაც კაცს უჟანინოდ არც სიბერე და არც სიკვდილი არ სურდა. ის ჯიუტი გამომეტყველბა, მარსელს რომ ჰქონდა ხოლმე ასეთ წუთებში და ქალს არაერთხელ სხვა მამაკაცებზეც შეუმჩნევია, წარმოადგენდა ამ შერეკილების საერთო სახეს, იქამდე რომ არიან გონიერი კაცის ნიღაბს ამოფარებულნი, სანამ გაშმაგება არ დაეუფლებათ და ქასლის სხეულს არ ეკვეთებიან; ოღონდ თავიანთ სულის შემაშფოთებელ მარტოობასა და წყვდიადს დაემალონ ქალის მკლავებში და სულაც არ დაგიდევენ ვნებასა და სურვილს.

მარსელი ოდნავ შეირხა, ეტყობა სურდა ქალის სხეულს მოშორებოდა. არა, მას არ უყვარდა ჟანინი, უბრალოდ, მისი დაკარგვისა ეშინოდა. წესით ისინი დიდი ხნის წინ უნდა დაშორებოდნენ ერთმანეთს და სიცოცხლის ბოლომდე ცალ-ცალკე ეძინათ, მაგრამ შეუძლია კი ვინმეს მთელი სიცოცხლე მარტო იწვეს? ალბათ მხოლოდ ზოგიერთებს, ისეთებს ვინც მოწოდებამ თუ უბედურებამ სხვებისაგან გარიყა და ყოველ ღამე საწოლში სიკვდილთან ერთად წვებიან. ამას კი ვერასდროს ვერ შესძლებდა მარსელი - ეს სუსტი და უსუსური ბავშვი, სწორედ რომ მისი ბავშვი, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა ჟანინი და რომელმაც სწორედ ამ წამს ამოიხვნეშა. ჟანინი უფრო მიეკრა ქმარს. მკერდზე ხელი დაადო და გუნებაში იმ საალერსო სახელით მიმართა, წინათ რომ ეძახდა სიყვარულობანას დროს და ზოგჯერ ახლაც რომ დასცდებოდა, ოღონდ დაუფიქრებლად და უალერსოდ.

ჟანინი მთელი გულით უხმობდა მეუღლეს, ბოლოს და ბოლოს მასაც ხომ სჭირდებოდა მარსელი, მისი ძალა, მისი ახირებანი. მასაც ხომ ეშინოდა სიკვდილის. "ამ შიშის გადალახვა რომ შემეძლოს, ბედნიერი ვიქნები"... იმ წუთშივე რაღაც ენით უთქმელი სევდა შემოაწვა და მარსელს მოსცილდა. არა, ჟანინი ვერაფრის გადალახვასაც ვერ შესძლებდა, ის არ იყო ბედნიერი და მოკვდებოდა ისე, ვერასდროს შესძლებდა შიშისაგან თავის დაღწევას. ქალს გული უწუხდა, იხუთებოდა და მთელი არსებით ცდილობდა მოეშორებინა ის უზარმაზარი ტვირთი, მთელი ოცი წლის განმავლობაში რომ აწვა მხრებზე და მხოლოდ ახლაღა მიხვდა მის არსებობას, ქალს სურდა თავისუფლება, უსათუო თავისუფლება, დე, თვითონ მარსელმა და სხვებმაც ვერასოდეს გაიგონ თავისუფლების გემო. ჟანინი თითქმის გამოფხიზლდა, ლოგინზე წამოჯდა და მოლოდინით მიუგდო ყური ძახილს, რომელიც მისი აზრით, სადაცაა უნდა გაეგონა. მაგრამ მდუმარე წყვდიადს მხოლოდ ოაზისიდან მომავალი ძაღლების დაუღალავი, ხრინწიანი ყეფა არღვევდა. სუსტმა ქარმა დაბერა და პალმების ხეივანში მისი ნავარდი ჟანინს წყლის ჩუხჩუხად ჩაესმა. ქარი ქროდა სამხრეთიდან, იმ ადგილებიდან, სადაც უძრავი ცის ქვეშ ღამე და უდაბნო ერთმანეთს შენივთებოდნენ, სადაც სიცოცხლე გაჩერებულიყო, არც არავინ ბერდებოდა და არც არავინ კვდებოდა. შემდეგ ქარის ბუტბუტი გაქრა, თითქოს ნაკადული დაშრაო და ქალს ახლა აღარც კი სჯეროდა, მართლა მოესმა თუ არა საერთოდ რამე იმ უტყვი ძახილის გარდა, რომლის ჩაჩუმებაც და ხმის მომატებაც მხოლოდ მის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული და რომლის მნიშვნელბას ვერასდროს ვერ ჩასწვდებოდა, თუ დაუყოვნებლივ არ გამოეპასუხებოდა. დიახ, დაუყოვნებლივ, ეს კი ნამდვილად იცოდა ჟანინმა.

უხმოდ წამოდგა, საწოლთან შეჩერდა და ქმრის სუნთქვას დაძაბულმა მიუგდო ყური. მარსელს ეძინა. თბილი ლოგინიდან გამოსულ ქალს შეაჟრჟოლა.

თაღისებური ფანჯრებიდან შემოწეული ლამპიონების სუსტ შუქზე ხელის ფათურით იპოვა ტანსაცმელი, აუჩქარებლად იცვამდა. კართან ფეხსაცმლით ხელში მიიპარა. სიბნელეში ცოთა ხნით შეყოვნდა და მერე კარის უხმოდ გაღება სცადა. საკეტმა გაიტკაცუნა, ჟანინი შედგა, გული მძლავრად უცემდა. მიაყურადა, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ჟანინი დამშვიდდა და კდიევ ერთხელ გადაატრიალა საკეტი. როგორც იქნა, გააღო. დერეფანში გავიდა და ისევ ფრთხილად გამოიხურა კარი. მცირედი ლოდინის შემდეგ კარზე ლოყამიდებული მარსელის სუნთქვა შემოესმა. შემობრუნდა და როგორც კი ღამის ცივი ჰაერი სახეში ეცა, გასასვლელისკენ გაიქცა. სასტუმროს კარი დაკეტილი იყო. სანამ ჟანინი რაზას უკირკიტებდა, კიბის ზემოთ ნამძინარევი ღამის დარაჯი გამოჩნდა და ქალს არაბულად გამოელაპარაკა. "ახლავე დავბრუნდები", - უთხრა ჟანინმა და გარეთ გავარდა.

სახლებსა და პალმებს ზემოთ შავი ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო. ჟანინი ვიწრო, ამჟამად უკაცრიელ, ფორტისკენ მიმავალ ქუჩაზე მირბოდა. ყინვის აღარ ეშინოდა მზის წინააღმდეგობისა და მთლიანად ჩაეგდო ხელში ღამე; გაყინული ჰაერი ქალს ფილტვებს უწვავდა, მაგრამ ის მაინც გარბოდა და თითქმის ბრმად მიიკვლევდა გზას უკუნეთში, ზემოთ, ქუჩის ბოლოში, რაღაც მოელვარე წერტილები აკიაფდნენ და ზიგზაგით დაეშვნენ მისკენ. ჟანინს მსუბუქი შარიშურივით რაღაც შემოესმა და გაჩერდა. მოკაშკაშე წერტილები უახლოვდებოდნენ და უფრო და უფრო იზრდებოდნენ. ჟანინმა ფართო მოსასხამებსა და ამ მოსასხამებსი გაელვებულ ველოსიპედის თვლებს მოჰკრა თვალი. მოსასხამებმა სულ ახლოს ჩაუქროლეს, ცოტაც და დაეჯახებოდნენ, ქალის ზურგს უკან სამი წითელი ნაპერწკალი აციმციმდა და მეყსეულად შთაინთქა ბნელში. ჟანინმა სირბილით განაგრზო გზა ფორტისკენ, ცივმა ჰაერმა ისევ აუწვა ფილტვები, იძულებული შეიქნა კიბის შუაგულში შეჩერებულიყო. მაგრამ მალე რაღაც უხილავმა ძალამ ტერასისკენ უბიძგა და მუცლით მოაჯირს მიახეთქა. ქალს სული ეხუთებოდა, თვალები აუჭრელდა. სირბილმა ვერ გაათბო და მთელი ტანით კანკალებდა. მაგრამ ცივი ჰაერი, ნაწყვეტ-ნაწყვეტ რომ ყლაპავდა, შეუმჩნევლად ბადებდა სუსტ სითბოს, რომელცი ნელ-ნელა ძალავდა ცახცახს. ბოლოს მის თვალწინ ღამის სივრცე გადაიშალა.

აღარც ნიავი უბერავდა და აღარც ჩქამი ისმოდა საიდანმე, ქალის ირგვლივ გამეფებულ მყუდროებას და სიმარტოვეს მხოლოდ ყინვისგან დამსკდარი, ქვიშად ქცეული ქვების ყრუ ტკაცანი არღვევდა. და მაინც ქალს მოეჩვენა, რომ უხილავმა ქარბორბალამ მის ზემოთ ცის თაღი შეატრიალა. ღამის წიაღში უსასრულოდ იბადებოდნენ ათსობით მოკაშკაშე, ყინულის ნატეხებივით ვარსკვლავები, რომლებიც ციდან დაბლა ეშვებოდნენ და ჰორიზონტისკენ მისრიალებდნენ. ჟანინი თვალს ვერ სწყვეტდა მოკაშკაშე შუქთა უსასრულო ციალს და მათ მოძრაობას ადევნებული უფრო ღრმად ეფლობოდა საკუთარ არსებაში, სადაც ახლა სურვილი და სიცივე ერთმანეთს შებმოდნენ. ერთმანეთის მიყოლებით სცვიოდნენ ვარსკვლავები, უდაბნოს ქვებში იკარგებოდნენ და ჟანინიც უფრო და უფრო იძირებოდა ღამის წყვდიადში. ჟანინი სუნთქავდა და ავიწყდებოდა სიცივე, ყოფის სიმძიმე, ბობოქარი თუ მდორე ცხოვრება, სიცოცხლისა და სიკვდილის მომქანცავი შიში, ამდენი ხნის მანძილზე რომ გაურბოდა. და აი, ეს უსასრულო სრბოლა როგორც იქნა დამთავრდა... ახლა ქალს ეჩვენებოდა, რომ ხელმეორედ იბადებოდა და მის გამთბარ სხეულს ახალი სასიცოცხლო ძალები ავსებდნენ. მუცლით მოაჯირს მიბჯენილი მისჩერებოდა ამოძრავებულ ცას და აფორიაქებული გულის დაწყნარებას ელოდა. თანავარსკვლავედების უკანასკნელმა მნათობებმაც დატოვეს ცის კაბადონი და უდაბნოს ჰორიზონტში ჩაიფერფლნენ. მოძრაობა შეწყდა და მაშინვე, სიბნელიდან წამოსულმა გაურკვეველმა სითხემ, აუტანელი სინაზით იწყო ჟანინის ავსება. უწყვეტ ნაკადად, მისი არსების სიღრმიდან ზემოთ გადაინაცვლა და მგმინავი ბაგეებიდან გადმოიღვარა. იმავე წამს ცივ მიწაზე გაშხლართული ჟანინის თავზე მთელი ცა გადაიშალა.

როდესაც ჟანინი კვლავ დიდი სიფრთხილით შევიდა სასტუმროს ნომერში, მარსელს არ გაღვიძებია. მაგრამ დაწვა თუ არა ქალი, მან რაღაც ჩაიბურდღუნა და ლოგინზე ჩამოჯდა. რაღაც ჩაილაპარაკა, ჟანინმა ვერ გაიგო. მარსელი წამოდგა და სინათლე აანთო. ქალს შუქი სახეზე სილასავით გადაეწნა. კაცი ბარბაცით გაემართა პირსაბანისკენ. იქ მინერალური წყალი იპოვა და დიდხანს პირდაპირ ბოთლიდან სვამდა. ცალი მუხლით საწოლს დაყრდნობილი, ის იყო საბანში შეძრომას აპირებდა, რომ მეუღლეს გახედა და შეცბა. ქალი ცრემლებს ვერ იკავებდა და გულამომჯდარი ტიროდა.

"არაფერია, ძვირფასო, - თქვა ჟანინმა, - არაფერი".

ფრანგულიდან თარგმნა - კახა იმნაიშვილმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში