მოცურავე წისქვილები | დათო ქარდავა

„მეწისქვილე - ახოვანი, მუდამ კეთილად მოღიმარი კაცი. შავ, პატარა ულვაშს აიგრეხდა, წისქვილს გახედავდა და ამაყად იტყოდა ხოლმე: ჩემი დედოფალი მღერის! მართლაც წისქვილი „მღეროდა“: ჭრიალებდა, ტლაშუნობდა, ბუბუნებდა და ამ ხმაურში მკაფიოდ მოისმოდა სარეკელას ზომიერი რაკუნი...“, - არჩილ სულაკაური, „წყალდიდობა“

„მოკაშკაშე მთვარე. მდინარე ტირიფებით დაბურული, მასზე გადაგდებული ხიდი. წისქვილი ისლის სახურავით. დერეფანში ზის მეწისქვილე და ფეხს იბანს. ჰაერი გაჩერებულია. ყველას რაღაცა იმედი აქვს“, - ნიკო ლორთქიფანიძე, „წისქვილი“

„მტკვრის გაღმა ერთიმეორეზე მიყოლებული, ჯაჭვით დაბმული წისქვილები ძველი გემებივით იდგნენ“, - არჩილ სულაკაური, „ბიჭი და ძაღლი“

„მე თითონ ჩემის თვალით ვნახე წისქვილი. შენი მტერი ჩავარდეს იმ ყოფაში, რა ყოფაშიაც წისქვილია. მკვდარსა ჰგავს საბრალო: დოლაბები შეჩერებულან, ბორბალი გაშტერებულა, სარეკელა თავდაკიდებული ცრემლსა ჰღვრის, ხვიმურს პირი დაუღია მშიერ გლახასავით, თითქოს იხვეწება – მაჭამეთ პური, მოწყალება მოიღეთო“, - ვაჟა-ფშაველა, „წისქვილი“

***

ტივის გარდა, მტკვარში „ბინადრობდა“ კიდევ ერთი საოცა­რი „არსება“ მცურავი წისქვილის სახით.

სანამ მტკვრის ენერგია ელექტროდენის გამომუშავებას დაიწყებდა, მდინარის მძლავრი დინება საუკუნეების განმავლობაში, ტურბინათა ნაცვლად, წისქვილის ქვებს აბრუნებდა.

ასე იყო მრავალი ასეული წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ შორეულ 977-978 წლებში არაბი გეოგრაფი და მოგზაური, იბნ-ჰაუქალი, ავტორი თხზულებისა „გზათა და სამეფოთა წიგნი“, წერდა:

„ქალაქი მდინარე მტკვარზეა გაშენებული. წისქვილები ტფილისში (ისე, როგორც მოსულში და რაკაში ტიგრსა და ევფრატზე) ნავებზე არის გამართული“.

მტკვარზე გამართული წისქვილის ქვედა ნაწილი მართლაც არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ორნავიანი ბორნისაგან: ერთმანეთს დაშორებული ნავები იმაგრებდნენ უზარმაზარფრთებიანი ბორბლის ღერძს. ბორბალს, ცხადია, მტკვრის მძლავრი დინება ატრიალებდა, ხოლო იმისათვის, რომ დინებას არ გაეტაცა, წისქვილი ნაპირზე ჯაჭვით იყო დამაგრებული ისე, როგორც ეს არჩილ სულაკაურს აქვს აღწე­რილი „ჩუღურეთულ მოთხრობებში“:

„ჩვენი ეზოს კიდიდან მტკვარში შეჭრილი იყო აგურის სქელი კედელი. ამ კედელზე რკინის მსხვილი ჯაჭვით ება წისქვილი“.

წისქვილის ქვას, როგორც უკვე ვთქვით, უზარმაზარფრთებიანი ვერტიკალური ბორბალი ატრიალებდა. სწორედ ეს ბორბალი ამსგავსებდა მტკვრის მოცურავე წისქვილს მე-19 საუკუნეში გავრცელებულ ორთქლმავალ გემებს. შემთხვევითი არ იყო, რომ ცნობილ ქართველ დრამატურგს (ავტორს პიესებისა „ხანუმა“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ავქსენტი ცაგარელს, სწორედ ტფილისური წისქვილები გაახსენდა, როცა ფოთის ნავსადგურში პირველად იხილა ორთქლმავალი:

„ეს ბორბლიანი გემი იყო. ქალაქში წისქვილებს დიდი ბორბლები რომ აქვს, ორი იმისთანა ბორბალი ჰქონდა „ბაბუშკას“ აქეთ-იქით შუა გულზედ. ამ ბორბლებს მანქანა ამოძრავებდა და პატარა გემი სწრაფად გარბოდა ზღვაში“ (ავქსენტი ცაგარელი, „მოგონებანი (მუდმივი ქართულ დრამატიულ სცენის დაარსებიდან)“.

როგორც ჩანს, ამგვარი ვერტიკალურბორბლებიანი წისქვილები მე-19 საუკუნის საქართველოში მხოლოდ თბილისში გვხვდებოდა. გერმანელმა მეცნიერ-მოგზაურმა აუგუსტ ჰაქსტჰაუზენმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ დაწე­რილ თხზულებაში („საქართველოს შესახებ“) გაოცება ვერ დამალა, როცა სიღნაღში ერთ-ერთ ვიწრო, რომანტიკულ კლდო­ვან ხეობაში „უცნაურად“ მოწყობილი წისქვილები ნახა:

„ამ ხეობაში არის 20-მდე წისქვილი, რომელთა ქვები იმის მაგივრად, როგორც ყველგანაა, რომ ვერტიკალურად მდგომი ატრიალოს წყალმა (ზედა ან ქვედა მხარეზე ცემით), განლაგებულია ჰორიზონტალურად. რა იყო ასეთი გაუმართლებელი კონსტრუქციის მიზეზი, ვერ გავიგე. ტფილისში ვნახე წისქვილები ჩვეულებრივი კონსტრუქციის – დამდგარი ბორბლებით“.

წისქვილების გასწვრივ, მტკვრის ნაპირზე ხშირად იდგა თივისა და ნაკელის სუნი. აქვე ტრიალებდნენ ბორჩალოელი თათრები, რომლებსაც აქლემები დაეჩოქებინათ და ხორბლით გატენილ საცალოებს ხსნიდნენ. ზეზეურად თვლემდნენ კეხიანი ვირები, ხოლო უღლიდან გამოშვებული ხარები ზარმაცად იცოხნებოდნენ. იქვე ტრიალებდნენ ღონიერი მტვირთავები, რომლებსაც ხუთფუთიანი ტომრები ნაპირიდან წისქვილში ვიწრო ბონდით გადაჰქონდათ. სულ ბოლოს საფქვავი შეჰქონდათ მზისგან გამოფიტულ ნაცრისფერ ფიცრულში, რომელიც ნაპირისკენ მოქცეულ ნავზე იდგა. ფიცრულს გარშემო ბანი ჰქონდა, ხის მოაჯირით შემოვლებული. ბანი წისქვილის მეორე ნავზე გადადიოდა. მარჯვედ ირჯებოდა მეწისქვილეც, რომლის შრომა ასევე კარგად აქვს აღწერილი არჩილ სულაკაურს „წყალდიდობაში“:

„...სწრაფად მოხსნა ტომარას პირი და ხორბალი ხვიმირაში ჩაუშვა. მუხრუჭთან მივიდა, მარცხნივ მოაბრუნა. წისქვილის ბორბალმა ჭრიალი გაიღო, წყალი ატლაშუნდა, ვეებერთელა ქვა დატრიალდა და საპირედან ფქვილმა ალატში დაიწყო თოვა. ...სტეფანე ყურს უგდებდა სარეკელას რაკუნს, როგორც ექიმი ავადმყოფის გულისცემას, ისე ამოწმებდა წისქვილის ხმაურს, მერე გაიღიმა და გარეთ გარეთ გამოვიდა. ერთხანს კიდევ მიაყურა, წისქვილი მძლავრად ბუბუნებდა. „ჩემი წისქვილი მღერის“, – თქვა შვებით“.

სიმღერა, უფრო სწორად საქორწილო ლხინის ხმა გამოდის ვაჟა-ფშაველას წისქვილიდანაც: „დაიწყო ბორბალმა დორბლების, ქაფის აქეთ-იქით სროლა, წისქვილის ქვებიც დატოკდენ, სარეკელაც მოჰყვა რაკრაკს, თამაშობდა, ბუქნაში ამოდიოდა კოხტად, მოხდენილად, სწორედ ქორწილია წისქვილში: დაფი, ბუკი და ნაღარაც არის, ნეფე-დედოფალიც – ნეფე-დედოფალი წისქვილის ქვებია, ერთმანეთს რომ ეფშვნიტ-ექლიშებიან. მოვიდა საფქვავი: პური, სიმინდი, ფეტვი და სხვა და სხვა…“ (ვაჟა-ფშაველა, „წისქვილი“).

თუმცა, წისქვილი მხოლოდ საფქვავით ზურგდამძიმებულ თბილისელებს როდი იზიდავდა. იმავე არჩილ სულაკაურის თქმით, წისქვილზე გადასვლა უყვარდათ ჩუღურეთელ ბავ­შვებს, რომლებიც ფიცრულს უკან ხის მერხზე სხდებოდნენ ხოლ­მე და ოცნებობდნენ. თავს მეზღვაურებად წარმოიდგენდნენ და ბებერი, მოჭრიალე წისქვილიც ხშირად დაატარებდა ზღაპრულ ქვეყნებში...

„ოდესღაც ორ ხიდს შორის ოცამდე ასეთი წისქვილი ყოფილა ჩამწკრივებული“, წერს არჩილ სულაკაური, „მაგრამ მე ამდენი არ მახსოვს. ჩემ დროს ხუთიოდე წისქვილიღა ფარფატებდა ნაპირის გასწვრივ“.

მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახე­ვარში, საბჭოთა ხელისუფლებამ ეს წისქვილებიც აიღო. 1951 წლის 21 იანვარს გამოსული გაზეთი „კომუნისტი“ სტატიაში „ბედნიერი ცხოვრება ჰყვავის ძველს კუკიასა და ჩუღურეთში“ წერდა:

„ბევრი რამ შეიცვალა. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ იმდროინდელ უბანს ახლა მრავალი სიახლე ამშვენებს. აღარ არის მტკვრის სანაპიროზე საფრთხობელასებრ აღმართული დიდბორბლიანი წისქვილები. მათ ნაცვლად სანაპიროს საყრდენი კედელი აქვს მტკვარს გავლებული და მალე ბარათაშვილისა და მარქსის რეკონსტრუირებულ ხიდებს შუა ულამაზესი სანაპირო მაგისტრალი გადაიჭიმება.“

არადა, მტკვრის სანაპიროს რეკონსტრუქციის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, საქართველოს ცკ-ის მაშინდელი პირველი მდივანი, კანდიდ ჩარკვიანი ამტკიცებდა, რომ მტკვრის წისქვილების აღებას არავითარი კავშირი არ ჰქონდა სანაპიროებისა და ახალი ხიდების მშენებლობასთან.

„ეს გაცილებით ადრე მოხდა. 20-იანი წლების ბოლოს თბილისში საექსპლოატაციოდ გადაეცა ფქვილის მძლავრი ქარხანა – წისქვილკომბინატი. მტკვრის წისქვილებს საფქვავი გამოელიათ. ვინღა შეინახავდა ამ წვრილ დანადგარებს, რომლებზეც მარცვლის დაფქვა რამდენჯერმე უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე ფქვილის ქარხანაში? ეკონომიკის კანონები ყველაზე ძლიერი კანონებია. დრომოჭმული ტექნიკით შეიარაღებული საწარმოები მათი მსხვერპლნი ხდებიან, უქმი საწარმოს შენახვა მაშინ აზრადაც არავის მოუვიდოდა. ცუდი კი არ იქნებოდა, რამდენიმე წისქვილი სამუზეუმო ექსპონატად დარჩენილიყო, მაგრამ უნდა ვაპატიოთ რესპუბლიკისა და ქალაქის მაშინდელ მესვეურებს – ინდუსტრიალიზაციის მძიმე ამოცანებს შეჭიდებულებს, მათ ღია ცისქვეშ მუზეუმების გამართვისათვის არ ეცალათ“ (კ. ჩარკვიანი, „განცდილი და ნააზრევი“).

თუმცა, სწორედ მტკვრის სანაპიროს რეკონსტრუქციამ და სანაპირო ჯებირების ამოყვანამ გახადა შეუძლებელი მტკვარზე მოცურავე წისქვილების გამართვა. წისქვილებისა, რომლებიც 1785 წლის თბილისის გეგმაზე დატანილი აქვს პიშჩევიჩს.

წისქვილები გამართული ყოფილა ორთაჭალჰესის ადგილზე (თამამშევის წისქვილი), აბანოებთან, რიყეზე, გარეთუბანში. მე-19-20 საუკუნის თბილისში ასეთ წისქვილებს ნახავდით რიყეზე, ჩუღურეთსა და ვანქის უბანში. ისტორიკოს თეიმურაზ ბერიძის თქმით, გასაკვირი არაა, რომ იქვე, მუხრანის (ბარათაშვილის) ხიდთან იყო ქუჩები – წისქვილის შესახვევი და წისქვილის დაღმართი, რომელიც მტკვართან ჩადიოდა... თუმცა ასე იყო წლების წინ, როცა მოცურავე წისქვილს ერთადერთ საფრთხეს ადიდებული მტკვარი უქმნიდა, როგორც ეს არჩილ სულაკაურის ერთი მოთხრობის ფინალშია:

„წისქვილი ებრძოდა ტალღებს. წყალმა ბონდი მოარღვია და წაიღო. ახლა წისქვილს აწვებოდა მთელი ძალით. ტალღა ტალღაზე ეხეთქებოდა. ბანის მოაჯირი გადააწვინა და ისიც გაიტაცა. სახურავზე ვირთხები აბობღებულიყვნენ და შეშინებული დაძრწოდნენ.... მდინარეს წისქვილი მოჰქონდა, წისქვილი მოირწეოდა ურჩხულივით. ვეება ფრთების ფარფატით ახლოვდებოდა, წყალში მძიმედ ჩამჯდარი უფრო და უფრო ახლოვდებოდა“.

მტკვრის წაღებულ წისქვილს კიდევ მოუხერხებდა კაცი რამეს. თუ ვერ აღადგენდა, ახალს მაინც გამართავდა, მაგრამ რა შეუძლია ადამიანს, თუკი ძველი ქალაქის ადგილზე მბრუნავი თანამგზავრი დროის ულმობელმა დინებამ გაიტაცა?!


წყარო: დათო ქარდავა - „მტკვარი და მისი ორი ნაპირი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში