ჯეიმს ჯოისი - ენების შესწავლა

ეს ესეი ჯოისმა ალბათ 1899 წელს დაწერა, უნივერსიტეტის კოლეჯის მოსამზადებელ კურსზე სწავლისას.

სენ მარია ნოველას ეკლესიაში არსებობს მემის დახატული შვიდი გამოსახულება, რომელსაც შვიდი მიწიერი მეცნიერება ეწოდებათ. მარჯვნიდან მარცხნივ თუ წავიკითხავთ პირველია „ასოთა ხელოვნება“ და მეშვიდე - „არითმეტიკა“. პირველს უფრო ხშირად გრამატიკას უწოდებენ, რადგან „ასოთა“ განხრას ყველაზე მეტად გრამატიკა უკავშირდება. გამოსახულებათა ამგვარი განლაგებით, მხატვარს სურდა ეჩვენებინა გარდამავალი პროგრესი მეცნიერებიდან მეცნიერებისაკენ, გრამატიკიდან რიტორიკამდე, რიტორიკიდან მუსიკამდე და ასე შემდეგ არითმეტიკამდე. საგანთა არცევისას იგი ორ რამეს ვარაუდობს, უწინარეს ყოვლისა, მხატვარი ფიქრობს, რომ გრამატიკა უმნიშვნელოვანის მეცნიერებაა, და რომ ეს არის მეცნიერება,რომელიც უპირველესი და ყველაზე ბუნებრივია ადამიანისათვის, და აგრეთვე იმას, რომ არითმეტიკა არის უკანასკნელი, არა კულმინაცია დანარჩენი ექვსისა, არამედ უფრო საბოლოო, ადამიანური ცხოვრების რიცხობრივი გამოხატულება.

მეორე, ან იქნებ პირველი ის გახლავთ, რომ მხატვარი გრამატიკას, ანუ ასოებს, მეცნიერებად გაიაზრებს. მისი პირველი თვალსაზრისი სხვა რომ არაფერი, გვერდიგვერდ აყენებს გრამატიკასა და არითმეტიკას, როგორც პირველ და უკანასკნელ საგანს ადამიანის ცოდნაში. მეორე თვალსაზრისი, როგორც აღვნიშნეთ, გრამატიკას მეცნიერებად აქცევს. ეს ორივე თვალსაზრისი, ცხადია, არითმეტიკის მრავალ სახელგანთქმულ მიმდევართა აზრის საპირისპიროა, მიმდევართა, ვინც ასოებს მეცნიერებად არ თვლიან, და მიაჩნიათ, ან თავი ისე მოაქვთ, თითქოს მიაჩნდეთ, რომ გრამატიკა უაღრესად განსხვავდება არითმეტიკისაგან. ლიტერატურისა მხოლოდ საფუძველია მეცნიერული, ესე იგი, გრამატიკა და ხასიათები, მაგრამ ასეთი მიდგომა არითმეტიკოსთა შეხედულებით უაზრობაა.

ვფიქრობთ, ისინი დაგვეთანხმებიან, რომ მთავარია ადამიანმა, ვისაც სურს ბუნებრივი ურთიერთობა ჰქონდეს თანამოძმესთან, იცოდეს, თუ როგორ ილაპარაკოს. ჩვენი მხრივ დავუმატებთ, რომ ინტელექტუალური ადამიანის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს მათემატიკა ასრულებს. ეს არის საგანი, რომელიც ყველაზე უკეთ ანვითარებს ადამიანის გონებრივ სისხარტესა და სიზუსტის უნარს, რაც გამოზომილი და მწყობრი მეთოდის გამოძებნის ძალას სძენს. ეს კი ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალური კარიერისათვის ამარაგებს. ამას რომ ვამბობთ, ჩვენ, შეთავსებიტ ესეისტი, არასდროს ვყოფილვართ ამ საგნის არითმეტიკის, მგზნებარე თაყვანისმცემელი, უფრო საშინაო დავალებისადმი ზიზღის, ვიდრე მისი საფუძვლიანი სიძულვილის გამო. აქ ჩვენ საუკუნის უდიდესი მოაზროვნენი გვეხმარებიან, თუმცა მეთიუ არნოლდს, როგორც სხვა საკითხებზე, ამ საკითხზეც საკუთარი მხოლოდ მცირე შეხედულება აქვს. (ეს ფრაზა გადახაზა ჯოისის მასწავლებელმა)

ამგვარად, მაშინ, როცა უფრო გამომსახველი დარგის მომხრეები მთელი სისრულით აღიარებენ მათემატიკური განათლების პირველხარისხოვან მნიშვნელობას, სამწუხაროდ უამრავი მიმდევარი უფრო ზუსტი საგნისა, ერთმანეთში რომ რიგდებიან, კუდაბზიკობენ, ჩვენი საგანი უფრო მტკიცეა და თეორემებიც ურყევი აქვსო, და ენების შესწავლას ისე უყურებენ, როგორც მათზე დაბლა მდგომ, პრიმიტიულ, ჰაიჰარად შეკოწიწებულ, შემთხვევით მოძღვრებას, ლინგვისტებს უფლება უნდა მიეცათ არ შეურიგდნენ ამგვარ დამოკიდებულებას და უეჭველია, თავს კარგად დაიცავენ.

მათემატიკას ბრძენკაცთა თვალში ის ამაღლებს, რომ მათემატიკა კვალიფიციურ გზას მიჰყვება, და რომ ის არის მეცნიერება, ფაქტების ცოდნა, საპირისპიროდ ლიტერატურისა, რაც მოვლენათა დახვეწილი მხარეა, წარმოსახვითი და გამოგონილი. ეს კი მტკიცე ზღვარს ავლებს ამ ორს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკა და რიცხვთა მეცნიერება იმ ბუნებრივი მშვენიერების ნაწილს შეადგენს, რაც სამარადისოა, და გამოიხატება - ლამის უხმაუროდ - როგორც მათემატიკური სიმეტრიის, ისევე ლიტერატურული ხიბლის მეშვეობით; ასევე ლიტერატურაც, თავის მხრივ, ეხმაურება მათემატიკას სიზუსტითა და კვალიფიციურობით, უფრო მეტიც, ჩვენ ვერაფრის დიდებით ვერ ვიფიქრებთ, რომ ამგვარმა წინაპირობამ შეუმოწმებლად ჩაიაროს, მაგრამ ვიდრე ენისა და ლიტერატურის ინტერესების დაცვას დავიწყებდეთ, გვსურს, ყველამ გაიგოს - რასაც ვაცხადებთ - რომ გონებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოძღვრება მათემატიკაა, და მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურას ვიცავთ, არასოდეს განვიზრახავთ ის ამ მხრივ მათემატიკას დავამჯობინოთ.

უაზრობაა, რომ ენების შესწავლაზე ხელი უნდა ავიღოთ, რადგან ის წარმოსახვითია და კავშირი არა აქვს ფაქტებთან, არც იდეათა ზუსტ მიმართებასთან. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ენების შესწავლა უნდა დაიწყოს თავიდან და გაგრძელდეს ნელა და გულდასმით, მტკიცე საფუძველზე საჭიროა ენის გრამატიკის, ორთოგრაფიისა და ეტიმოლოგიის ცოდნა. ისინი არითმეტიკულ ცხრილებს წააგავს, განსაზღვრულია და ზსტი. ზოგი ამას კი აღიარებს, მაგრამ იქვე აცხადებს, რადგან ენას სხვა ძლიერი არგუმენტები აღარ გააჩნია, ამიტომ ენის უფრო მაღალი სფეროები: სინტაქსი, სტილისტიკა და ისტორია, შეთხზული და წარმოსახვითიაო. უნდა ითქვას, რომ ენების შესწავლა მათემატიკურ ფუნდამენტზეა დაფუძნებული და ამგვარი საფუძვლის გამო სტილისტიკისა და სინტაქსის შესწავლისას ყოველთვის გვჭირდება სიფრთხილე, სიფრთხილე, რასაც სიზსტის მარცვალი ასაზრდოებს. ასე რომ, ეს ფერები უწესრიგოდ დახვავებული ლამაზ-ლამაზი იდეები კი არ არის, არამედ ზუსტი კანონებით მოწესრიგებული და მიმართული, ის არის სწორად გადმოცემის მეთოდები ხან ფაქტებისა და ხანაც იდეებისა. და როცა იდეათა გადმოცემა სცდილდება პრიმიტიულობას, რაც საკმარისია „ზედაპირული, მდაბალი“ აზრებისათვის, და მშვენიერების ყოვლისმომცველ გავლენას თან მოაქვს პათეტიკური ფრაზები, მაღალფარდოვანი სიტყვები, ან ლანძღვის ნაკადი, თავისი ტროპებით, მრავალფეროვნებით, მხატვრული სახეებით, მაშინაც კი, თუნდაც უდიდესი ემოციის წამებში, ენა ინარჩუნებს ბუნებრივ სიმეტრიას.

მეორე თუნდაც დავეთანხმოთ, რასაც სრულიად არ ვაპირებთ, მიუღებელ აზრს, იმიტომ რომ მათემატიკოსები ამბობენ ასე, მაინც ვერ მოვითმენთ, რომ პოეზია და წარმოსახვა, თუნდაც არც ძალზე ღრმა და ინტელექტუალური, უკუვაგდოთ და მათი სახსენებელიც გავაქროთ! განა ჩვენს ბიბლიოთეკებში ადგილი მხოლოდ მეცნიერთა ნაშრომებს უნდა დავუთმოთ? მხოლოდ ბეკონმა და ნიუტონმა უნდა დაიკავონ თაროები? და შექსპირისა და მილტონისათვის ადგილი აღარ უნდა დარჩეს? თეოლოგია მეცნიერებაა, და კათოლიკური იქნება თუ ანგლიკანური, რაც არ უნდა ღრმა და საფუძვლიანად შესწავლილი იყოს, განა სდევნის პოეზიას თავისი მოძღვრებიდან, განა ვინმე განდევნის თავისი ეკლესიის ერთგულ შემწეს და სხვა კი „ქრისტიანულ წელიწადს“ აკრძალავს? ენის მაღალი რანგის სფეროები, სტილისტიკა, სინტაქსი, პოეზია, ორატორობა, რიტორიკა კვლავ და კვლავ ჭეშმარიტების მიმდევარნი და დამცველები არიან, რა გზითაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ამგვარად, რიტორიკის თვალსაზრისით, სანტა მარიას ტაძარში ჭეშმარიტება სარკეში არეკლილი წარმოგვიდგება. მცდარია არისტოტელესა და მისი მიმდევრების აზრი, უვარგის საგანზე კარგად იორატორებს კაციო. ბოლოს და ბოლოს, თუკი დაიჟინებენ, მეცნიერებამ მეტი ცივილიზაცია მოუტანა მსოფლიოსო, ეს თვალსაზრისი უნდა დავაოკოთ. მეცნიერებას შეუძლია წინ წასწიოს ცხოვრება, მაგრამ უზნეობაც მისი მოტანილია. დააკვირდით დოქტორ ბენჯულიას. (უგულო ვივისექციონისტი, ცენტრალური პერსონაჟი უილიამ კოლონზის (1824-1849) რომანისა „გული და მეცნიერება“). განა ვივისექციის უდიდესმა მეცნიერებამ ადამიანად აქცია იგი? იხილეთ „გული და მეცნიერება“! დიახ, ძალზე დიდ საშიშროებას გვიქმნის უგულო მეცნიერება, მართლაც დიდ საშიშროებას, რასაც მხოლოდ უადამიანობისაკენ მივყავართ. დაე ჩვენ ნუ შეგვემთხვევა, ის, რაც დოქტორ ბენჯულიას შეემთხვა, თავზარდაცემული და გატეხილი, გრძნობისაგან დაცლილი რომ იდგა თავისი ლაბორატორიის კართან და დამახინჯებული ცხოველები თავზარდაცემულნი ფეხებში უძვრებოდნენ და ბნელში ქრებოდნენ. (ეს ეპიზოდი აღწერილია კოლონზის რომანის 62-ე თავში). ნუ იფიქრებთ, რომ მეცნიერება ადამიანური იქნება თუ ღვთაებრივი, დიდ, არსებიტ გარდაქმნებს მოუტანს კაცობრიობას სიკეთისკენ. თუკი მეცნიერება ადამიანის მისწრაფებებს თავის მისწრაფებებისათვის გამოიყენებს, ადამიანის სიკეთის ნაცვლად თავის თავს დაეხმარება. ყველგან აცდება უპირველესს, იმას, რომ ადამიანი ცოცხალი არსებაა, და ისე მოექცევა ადამიანს, როგორც უკანასკნელ მსახიობს, ვინც ყველაზე უფერულ როლს თამაშობს მსოფლიო დრამაში; ანდა, თუკი მეცნიერება კიდევ უფრო განვითარდება, და ღვთაებრივი გნებისადმი იქნება მიმართული (როგორც მოხერხებულ ხელსაწყოს გამოაქვს მტკიცე, რაციონალური დასკვნები), ოდესმე განამტკიცებს ადამიანში ნდობასა და თაყვანისცემას.

ამგვარად, რადგან თავიდან მოვიშორეთ ეს აუტანელი მათემატიკოსები, რაღაც უნდა ითქვას ენების შესწავლის თაობაზე და, ძირითადად იმაზე, ჩვენ როგორ ვისწავლოთ. პირველი ის გახლავთ, რომ სიტყვათა ისტორიაში ბევრი რამ არის ისეთი, რაც მიუთითებს ადამიანთა ისტორიაზე და დღევანდელი მეტყველება რომ შევადაროთ გარდასული წლების მეტყველებას, ნათელი სურათი წარმოგვიდგება, თუ რა მნიშვნელობა აქვს გარეგან ზეგავლენას ნებისმერი ერის სიტყვათა მარაგზე. ზოგჯერ სიტყვები მეტისმეტად იცვლიან მნიშვნელობას, როგორც სიტყვა villain შეიცვალა დღესდღეობით გამქრალ ტრადიციათა გამო; ხან კი გამარჯვებულ მტერს თან მოაქვს ენის დამახინჯება, ან კიდევ სრულიად უკუაგდებს ორიგინალურ ენას, ცალკეული, ძვირფასი ფრაზების გარდა სევდისა და უკმაყოფილების სპონტანურობით რომ გამოირჩევა. მეორე, ცოდნა დაწმენდს და უფრო ნათელს გახდის ჩვენს მეტყველებას და, ამგვარად, სტილსა და კომპოზიციას გამოგვისწორებს. მესამე, სახელები რომელთაც ვხვდებით ჩვენს ენაზე არსებულ ლიტერატურაში, გადმოგვეცემა, როგორც წმინდა სახელები, არა იმიტომ, რომ ქარაფშუტულად მივიღეთ, არამედ რაა წინდაწინვე პატივისცემით განვიმსჭვალო მათდამი. ისინი გზას გვიჩვენებენ ენის გზაჯვარედინზე, იცავენ ენას გადგვარებისგან, სწორად მიმართავენ მას მთავარ გზაზე, აფართოებენ და აუმჯობესებენ წინ მიმავალს, მაგრამ ყოველთვის მთავარ გზაზე რჩებიან, თუმცა ბევრი გვერდითი განშტოება ამ გზისა ყოველმხრივ მიემართება და ადვილი გასასვლელიც ჩანს. ამიტომ ეს სახელები, როგორც ინგლისური ენის ოსტატთა სახელები, არის საფუძველი მიბაძვისა და რჩევისა, და მნიშვნელოვანია, რადგან თვით ისინიც ენას ღრმად შესწავლის მერე იყენებენ, ამის გამო კი სერიოზულ ყურადღებას იმსახურებენ. მეოთხე და ყველაზე დიდმნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ენების გულდასმით შესწავლა, რასაც ეს ადამიანები ცდილობენ, ალბათ ერთადერთი გზაა, შეიძინო მტკიცე მძლავრი და ღირსეული ცოდნა, რაც თვით ენაშია ჩამარხული, და შემდეგ კი ჩაწვდე, იმდენად რამდენადაც შენი ბუნება ნებას მოგცემს, დიად მწერალთა გრძნობებს, შეაღწიო მათ სულსა და გულში, მიიღო უფლება მათ ინტიმურ ფიქრთა ნაკრძალში შესვლისა. მათი ენობრივი სტილის შესწავლა იმითაც არის სასარგებლო, რომ მარტო ჩვენი საკითხავისა და საფიქრალის სფეროს კი არ გავიფართოვებთ, არამედ ჩვენს სიტყვათა მარაგსაც გავზრდით და შეუმჩნეველი მონაწილე გავხდებით მათი ძალისა თუ დახვეწილობისა. რა ხშირია შემთხვევა, რომ კაცი როცა აღელდება, ენა ღალატობს და იგი უაზროდ ბურტყუნებს, ერთსა და იმავეს იმეორებს, რათა ფრაზებს მეტი ძალა და მნიშვნელობა მიანიჭოს. დააკვირდით, რამხელა სიძნელე ეღობება მრავალს, როცა ძალზე ჩვეულებრივი აზრების სწორი ინგლისურით გადმოცემა სურთ. მარტო ამ შეცდომების გამოსწორების გამოც კი ჩვენი ენის შესწავლის საჭიროება თვითონვე შეგვახსენებდა თავს. ხოლო რამდენს გვძენს, როცა არა მარტო დეფექტებისაგან გვანთავისუფლებს, არამედ ასეთი გასაოცარი ცვლილებები შემოაქვს ჩვენს მეტყველებაში უბრალოდ კარგი დიქციის მეშვეობით და ასეთ მშვენიერებას გვიზიარებს. ამის შესახებ აქ აღარ გავაგრძელებთ მსჯელობას, მხოლოდ გაკვრით აღვნიშნავთ, რასაც ჩვენი მანამდელი უცოდინარობა თუ უმეცრება გვიკრძალავდა.

რათა არ მოგვეჩვენოს, რომ ჩვენს მშობლიურ ენაზე მსჯელობისას დიდხანს დავყოვნდით, მოდი კლასიკური ენებიც განვიხილოთ. ლათინურის - რადგან ავტორი მორჩილად აღიარებს თავის უმეცრებას ბერძნულ ენაში - ყურადღებიანი და კარგად გამოზომილი შესწავლა ძალზე სასარგებლო უნდა იყოს. რადგანაც ეს შესწავლა გვაცნობს ენას, რომელსაც მეტად დიდი წილი უდევს ინგლისურ ენაში, და, ამგვარად, გვასწავლის ეტიმოლოგიას მრავალი სიტყვისა, რომელთაც შემდგომ მეტი სისწორით ვხმარობთ და რომელთა ჭეშმარიტ მნიშვნელობასაც ვწვდებით. გარდა ამისა, ლათინური აღიარებული ენაა სწავლულთათვის და ფილოსოფოსთათვის და განათლებულ ადამიანთა იარაღს წარმოადგენს, ადამიანთა, ვისი წიგნები და ფიქრებიც მხოლოდ თარგმანის მეშვეობით არის გასაგები. გარდა ამისა, საკვირველია, რომ ლათინური შექსპირივით ყველას მეტყველებაში არსებობს, ისე, რომ არც კი იციან, ან ვერც კი ხვდებიან. ციტატებს იყენებს ყველა, ისინიც კი, ვინც ლათინურად არ არიან განსწავლულნი, და მათი მოქნილობის გამო იოლად ვსწავლობთ ამ ციტატებს. გარდა ამისა, ლათინური საეკლესიო რიტუალებისათვის საჭირო ენაა. უფრო მეტიც, ლათინური შემსწავლელთ ინტელექტუალურადაც დიდად ხვეწს. რადგან ლათინურ ენაში მოიპოვება ისეთი სხარტი გამოთქმები, რომლებიც ძლიერია, ვიდრე ჩვენს ენაში არსებული მსგავსი გამოთქმები, მაგალითად, რომელიმე ლათინური ფრაზა ან სიტყვა ისე რთულია თავისი მნიშვნელობით, იმდენ სიტყვას ეხმაურება და მაინც თავისი ზუსტი მნიშვნელობაც აქვს, რომ ვერც ერთი ინგლისური სიტყვა ზუსტად ვერ გადმოსცემს. ამიტომაც არის ვერგილიუსის ლათინური ისეთი იდიომატური, რომ თარგმნას შეუძლებელს ხდის. აშკარაა, რომ ამგვარი ენის შესატყვის ინგლისურზე ფრთხილი გადმოღება, სხვა თუ არაფერი, დიდ შრომასა და გარჯასთან არის დაკავშირებული. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ლათინური განსწავლულთა რჩეული ენაა, მისი საუკეთესო მხარე მაინც ის გახლავთ, რომ ეს არის ენა ლუკრეციუსისა, ვერგილიუსისა, ჰორაციუსისა, ციცერონისა, პინიუსისა და ტაციტუსისა, ყველა ესენი დიდი სახელებია, ვინც ათასობით წელი გაუძლეს თავდასხმას და თავიანთი მაღალი ადგილები შეინარჩუნეს - თვით ეს ფაქტიც კმარა, რომ კითხვისას მათ უპირატესობა მივანიჭოთ. ისინი კიდევ საგულისხმონი არიან იმით, რომ დიადი რესპუბლიკის მწერლები არიან, უდიდესი და უბრწყინვალესი რესპუბლიკისა, რაც კი მსოფლიოს ოდესმე უხილავს, რესპუბლიკისა, რომელიც ხუთასი წლის მანძილზე იყო სახლი თავისი დროის ყველა დიდი პიროვნებისა, რამაც მისი სახელი გიბრალტარიდან არაბეთამდე გაიტანა, უცხო და მტრულ ბრიტანეთამდე, ყველგან ძლევამოსილი იყო მისი სახელი, მისი არმიის ავანგარდი ყველგან იმარჯვებდა... (აქ ხელნაწერი წყდება)

თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში