პეტრე მამრაზე - ავანტიურა 08.08.08
საგულისხმოა, რომ დასავლურ პრესაში აფხაზეთის კონფლიქტს ხშირად Dacha War-ს, ანუ „აგარაკების ომს“ უწოდებდნენ.
აჭარაში განლაგებული რუსეთის ჯარების სარდალმა, რუსული ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის ფონზე მდგარმა გენერალმა ბორისოვმა გულახდილი ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს: „ვინ ვართ ჩვენ, ГРВЗ? თქვენ მეტყვით - ГРВЗ ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფია? ჩვენი კი, რუსი სამხედროები ГРВЗ ვშიფრავთ, როგორც ყველასაგან მივიწყებულ რუსეთის ჯარების დაჯგუფებას. არც ჯამაგირს, არც ტანსაცმელს, არც მატერიალურ უზრუნველყოფას, არც ჩემ ფეხებს, არაფერს არ გვიგზავნის რუსეთი. ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ვითარებაში ჩვენზე ზრუნავს, ასლან იბრაგიმის ძე აბაშიძეა. ის გვიხდის ჯამაგირს, გვაცმევს და ფეხსაცმელსაც გვაძლევს; ამას წინათ ახალ-ახალი ბინები დაგვირიგა. ამიტომ ჩვენ, ყველანი, საქართველოში მყოფი რუსი სამხედროები, არჩევნებზე მხარს ვუჭერთ ასლან იბრაგიმის ძეს. ჩვენ გვინდა, რომ ის გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ის მაშინვე ხელს მოაწერს ხელშეკრულებას, რომ რუსეთის ბაზები სამარადჟამოდ დარჩეს საქართველოში“.
დილით შევარდნაძეს რუსეთის პრეზიდენტმა ელცინმა დაურეკა. ამ საუბრის შემდეგ პირველად ვნახე შევარდნაძე - ადამიანი, რომელიც ყველაფერს მშვიდად ხვდებოდა და იუმორის გრძნობასაც არასოდეს კარგავდა, რომელმაც წარბიც არ შეიხარა 1995 წლის 29 აგვისტოს მისი მანქანის აფეთქებისა და ჩვენი, ყველასი, ვინც იმ მანქანაში ვისხედით, სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ - დიდად შეწუხებული და დათრგუნვილიც კი. დაწვრილებით მომიყვა ელცინთან საუბრის შინაარსს. ელცინს, რომელიც ენას ძლივს ატრიალებდა, კატეგორიული ტონით უთქვამს, რომ ჩეჩნეთში ოპერაციის ბოლომდე მისაყვანად რუსეთმა პლაცდარმად უნდა გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია, აეროპორტები და ა.შ. რომ რუსეთის სამხედრო ნაწილები, საბრძოლო ტექნიკა და სამხედრო თვითმფრინავები უნდა განლაგდნენ საქართველოში და აქედან განახორციელონ საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები ჩეჩნეთის მიმართულებით; საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევაში გაანადგურონ ჩეჩენი ბოევიკები. შევარდნაძე უხსნიდა, რომ ეს შეუძლებელი და გამორიცხულია, ეს გამოიწვევს საერთაშორისო კრიზისსა და დიდ კავკასიურ ომს, რაც რუსეთისთვისაც ძალიან საზიანო იქნება; რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ითანამშრომლოს ყველა საკითხში რუსეთთან. „მე მგონი ვერც კი გაიგო რას ვეუბნებოდი, ისეთ დღში იყო, - მითხრა შევარდნაძემ. - ერთი კი ცხადია, - განაგრძო მან, - ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. ჩვენი სახელმწიფო ამ წლების განმავლობაში ასეთი დიდი საფრთხის ქვეშ, როგორც ახლაა, არასოდეს მდგარა. სენაკში მაინც წავალ და რამდენიმე საათში ჩამოვალ. რომ გადავდო, ცუდად გამოიყენებენ. შენ კი ახლავე შეხვდი ამერიკის ელჩს, უამბე ყველაფერი და გადაეცი, რომ მოქმედება დღესვე არის საჭირო, ხვალ შეიძლება გვიანი იყოს“.
რუსეთის ვიცე-პრემიერს, პირდაპირ და გულახდილ ადამიანს, რომელიც ამ საუბრისას რუსულ მხარეს წარმოადგენდა, არ ჰქონდა და, ცხადია, არც შეიძლებოდა ჰქონოდა რეალური კონტრარგუმენტები. საუბრის ბოლოს მან კიდევაც აღიარა, რომ რუსული მხარე „ჩაფლავდა“ (რუსეთის ვიცე-პრემიერმა ბევრად უფრო უხეში სიტყვა გამოიყენა), როგორც სამშვიდობო მისიის, ისე კონფლიქტების მოგვარებისათვის ხელის შეწყობის განხორციელებაში; იქვე დაამატა, რომ ამის საჯაროდ განცხადება რუსეთისთვის უაღრესად მტკივნეული იქნებოდა და რუსეთის მხრიდან ეს მწვავე რეაქციას გამოიწვევდა.
2006 წლის 17 ივლისს, სააკაშვილის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ სულ რამდენიმე დღეში, საქართველოს პარლამენტმა 144 ხმით ერთხმად მიიღო დადგენილება საქართველოს ქონფლიქტის ზონებში - აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მყოფი რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე. „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქმედებები აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ერთ-ერთ მთავარ ბარიერს წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის“, - ნათქვამი იყო პარლამენტის დადგენილებაში. იქვე რუსეთი დაადანაშაულეს „საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიის პერმანენტულ მცდელობაში“.
გაეროში გამოსვლიდან 5 დღის შემდეგ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის მეცამეტე წლისთავზე სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნა ზემო კოდორის ხეობაში, სოფელ ჩხალთაში, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ახალაშენებული შენობა (სოხუმში ამ დღეს აფხაზი სეპარატისტები ქართველების სოხუმიდან განდევნის მორიგ წლისთავს საზეიმოდ აღნიშნავდნენ). „ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ მშვიდობით. ეს არის ზემო აფხაზეთი... რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს და ეს არის აფხაზეთის ტერიტორიის მესამედზე მეტი. ამ ტერიტორიაზე ხორციელდება საქართველოს სუვერენიტეტი, მოქმედებს საქართველოს სასაზღვრო ძალები, პოლიცია, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, ტარდება არჩევნები... მოკლედ, სუფევს ისეთი დემოკრატია, როგორიც მრავალეროვან ქართულ სახელმწიფოში. აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ, აფხაზეთში მალე დავბრუნდებით“, - აი ერთი ნაწყვეტი კოდორში სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან.
2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ რამდენიმე კვირა იყო გასული, რომ ზედიზედ ააფეთქეს მაღალი ძაბვის ანძები და ყოველი აფეთქების შემდეგ თბილისი ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა. ელექტროგადამცემებს ძირითადად ქართლში, ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებდნენ. რევოლუციის შემდეგ მოსულმა ახალგაზრდა ხელისუფლებამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც გამოვლინდა დივერსანტების მცირერიცხოვანი ჯგუფი. ალყაშემორტყმული დივერსანტები არ დანებდნენ ჩვენს სამართალდამცველებს, გახსნეს ცეცხლი, თუმცა საპასუხო სროლის შედეგად ყველა დივერსანტი განადგურდა. მათ შორის რუსეთის მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ, ერთი მათგანი კი ჩრდილო-კავკასიის ერთ-ერთი რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირის ახლო ნათესავი იყო. მასმედიაში ამაზე საერთოდ არ გაჟონილა ინფორმაცია!
„მეფის შვილები არიან ისინი - ნაღდი, ნამდვილი, ღვიძლი შვილები არიან, მეფე კი მამაა მათი. ჩვენში განა მხოლოდ სიტყვაა, მხოლოდ ბგერა, მხოლოდ სახელწოდებაა ის, რომ მეფე მამაა ხალხისათვის? ვინც ასე ფიქრობს, მას რუსეთის არაფერი გაეგება! არა, აქ იდეაა, ღრმა და ყოვლად ორიგინალური, აქ ორგანიზმია, ცოცხალი და მძლავრი, ხალხის ორგანიზმი, შერწყმული თავის მეფესთან ერთ მთლიანობაში. ეს იდეა კი ძალაა... ჩვენთან ეს იდეა საკუთარ თავში იმდენად დიდ ძალას შეიცავს, რომ, ცხადია, გავლენას იქონიებს მთელ ჩვენს შემდგომ ისტორიაზე“, - წერდა გენიალური რუსი მწერალი ფიოდორ დოსტოევსკი.
რუსეთში ყველას ესმოდა, რომ შედარებით თავისუფლების ხანა მალე შეიცვლებოდა ჩეკისტური რეაქციით. ძალზე პოპულარული იყო ამ წრეში პუშკინის ცნობილი სტროფის - „Товариш верь” შემდეგი პაროდია: „Товаришь верь, придет она, так называемая гласность, Россия вспрянет ото сна и вот тогда госбезопасность припомнит ваши имена”.
„რუსეთის ტრაგედია ის არის, რომ პუტინს და მის გარემოცვას ბევრად უფრო სძულთ დასავლეთი, ვიდრე უყვართ რუსეთი. ამიტომ არის, რომ ყოველდღიურად ღალატობენ რუსეთს საბჭოთა კავშირის ცხედართან“, - ასე შეაფასა წლების წინათ რუსეთის პოლიტიკური ელიტის ახალი კურსი ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ.
„გერმანიის კანცლერი ეუბნება კოლეგებს, რომ MAP-ის მიღების შემთხვევაში სააკაშვილი უსათუოდ დაიწყებს სამხედრო მოქმედებას აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში და შემდეგ ეცდება, მთელი დასავლეთი ჩაითრიოს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში, რაც ჩვენთვის დაუშვებელია“, - ეს ფრაზა ბუქარესტის სამიტამდე ორიოდე დღით ადრე უცხოური ტელევიზიით მოვისმინე.
გაზეთ Financial Times-ი წერდა, რომ გერმანიამაც ნათლად გამორიცხა ბუქარესტის სამიტზე ამ ორი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობა. იქვე, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სიტყვებზე დაყრდნობით აღინიშნებოდა, რომ ალიანსმა ასევე უნდა განიხილოს რუსეთის „კანონიერი წუხილი თავისი უსაფრთხოების თაობაზე“ ალიანსის აღმოსავლეთით შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით.
1920 წლის დეკემბერში (საქართველოში წითელი არმიის შემოჭრისა და საქართველოს გასაბჭოებამდე სულ ორი თვით ადრე) ერთი ლიგა ბჭობდა საქართველოს ლიგაში გაწევრებაზე. მაშინ საფრანგეთის წარმომადგენელმა ვივიანიმ ასე დაასაბუთა საფრანგეთის უარყოფითი პოზიცია: „ლიგის ხელშეკრულებაში არის ერთი მუხლი, რომელზედაც ბევრს ლაპარაკობენ და რომელსაც მე-10 მუხლი ეწოდება. ეს მუხლი გვავალდებულებს მხარი დავუჭიროთ ჩვენს თანაწევრს, რომელიც საფრთხესი ჩავარდება - თანახმად მე-10 მუხლის ფორმულისა, - მაშინვე, როგორც კი ამას გავიგებთ და რადგან ყველაზე უვარგისი პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყო ხალხის გონებაში სიცრუისა და მოტყუების განმტკიცებას, რომ ხალხი დაარწმუნო, თითქოს მას დაეხმარებიან მაშინ, როდესაც მას ვერ დაეხმარებიან - ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ არ შეუძლია თავისი დახმარება მიაწვდინოს ევროპის განაპირას, იგი ისე მისცემს ხმას, როგორც მისცა საფრანგეთმა და როგორც მე მივცემ ახლა, ე.ი. კომისიის პროექტის თანახმად, ეს სახელმწიფოები დაშვებულ იქნან მხოლოდ ტექნიკურ ორგანიზაციებში“.
ბრძოლის (აგვისტო, 2008წ.) დაწყებისთანავე მოიშალა ეფექტიანი მეთაურობა და მართვა. კავშირგაბმულობა და დაზვერვა არაეფექტიანი აღმოჩნდა. რადიოები წესიერად არ მუშაობდა და მეთაურებს ხშირად უხდებოდათ ერთმანეთთან დაკავშირება მობილურებით ან სულაც პირადად (ანუ უყვიროდნენ ერთმანეთს). გარდა ამისა, როგორც ასმუსი აღნიშნავს სამართლიანად, ჩვენი სამხედროები „ზარალდებოდნენ სამხედრო ხელმძღვანელობის ჯაჭვში პოლიტიკოსების გამუდმებული ჩარევის გამო“. ქართველი მებრძოლებისა და ჩვენი და უცხოელი ექსპერტებისაგანვიცი, რომ ეს ჩარევა სრულიად მარაზმატულ დონეს აღწევდა და უდიდეს ზარალს აყენებდა მებრძოლებს. საერთო აზრით, პოლიტიკური ფიგურებიდან ყველაზე მეტს გიგი უგულავა „კამანდირობდა“ (რომელიც ჩქარობდა, რომ პრეზიდენტის ბრძანება დროულად შეესრულებინა და ცხინვალში გამარჯვების აღლუმი მოეწყო).
ორშაბათს, 11 აგვისტოს სააკაშვილი გორში ჩავიდა. იქ დატრიალებული ამბების ამსახველი კადრები, სათანადო კომენტარებით, იმ დღესვე მსოფლიოს ყველა წამყვანმა ტელეკომპანიამ აჩვენა. მანქანიდან გადმოსული, ჯავშნიან ჟილეტში გამოწყობილი სააკაშვილი უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა, მაგრამ უცებ ცას ახედა, ყველაფერს რამდენიმე კამერა იღებდა - ზოგიერტის გადაღებულში კარგად ისმოდა დაცვის ოფიცრების შეძახილები: „ფეხი დაუდე, მაგის დედა...“, „ზევიდან დააფარეთ“ და ა.შ. დავით ბაქრაძის მიერ პრეზიდენტის ქართველი ხალხისადმი მოწოდების გახმოვანებიდან - „ორგანიზებულობისაკენ, სიმტკიცისა და წინააღმდეგობის გაწევისკენ ყველგან, სადაც ეს აუცილებელი იქნება მტრის შეიარაღებული ძალეიბს შემოსვლის შემდეგ“ - დაახლოებით 24 საათი იყო გასული.
რუსული „სუ-25“-ის ჩამოგდებული თვითმფრინავის გადარჩენილი მფრინავის, პოლკოვნიკ იგორ ზინოვის საბუთებში აღმოჩნდა ფურცელი ასეთი ლექსით: „Пока у русского солдата Есть спички, пули, самогон, Сосите хрен, солдаты НАТО, Дрожи от страха, Пентагон...”
2008 წლის ნოემბერში ელისეს სასახლეში გამართული ცერემონიის დროს სარკოზიმ თქვა, რომ მოსკოვში მისი ჩასვლის წინადღეს დაურეკა ბუშმა და ურჩია, არ წასულიყო: „ნუ წახვალ იქ, მათ (რუსებს) თბილისის აღება უნდათ, თბილისამდე 40 კმ უკლიათ. ნუ წახვალ, უბრალოდ დაგმე ეს ყველაფერი“, - ასე გაიხსენა სარკოზიმ ბუშის ნათქვამი (თეთრმა სახლმა მაშინვე უარყო ეს ინფორმაცია). თავის მხრივ მედვედევმაც გაიხსენა იმ დღეებში შემდგარი თავისი სატელეფონო საუბარი ბუშთან: „ბოლოს, როცა ტელეფონით ვესაუბრე (ეს ჩვენი სამხედრო ოპერაციის აქტიური ფაზის დროს იყო) ვუთხარი, რომ „ამ ვითარებაში შენ იმავეს გააკეთებდი, ოღონდ შესაძლებელია, უფრო ხისტად“. ბუში არ შემეკამათა. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაზე პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო, რომელიც საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეს აფასებს და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს, დაახლოებით ერთნაირად იმოქმედებდა.
„Владимир Владимирович, ето правда, что вы собирались повесить Саакашвили за одно место? - ჰკითხა პუტინს რუსეთის ერთმა მოქალაქემ სატელევიზიო გადაცემის მსველობისას. Почему за одно? - კითხვითვე უპასუხა პუტინმა.
უცხოელი მეგობრები, ვისაც სააკაშვილი მაშინ ესაუბრა ტელეფონით, მოგვიანებით მიყვებოდნენ, რომ ის უმძიმეს ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვერ წყვეტდა, მოეწერა თუ არა ხელი იმ შეთანხმებაზე (საქართველოს ერთი მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტმა მოგვიანებით უამბო ჩემს ნაცნობ დასავლელ დიპლომატებს, რომ აგვისტოს კონფლიქტის კრიტიკურ მომენტში სააკაშვილმა დაურეკა მას და ისტერიკულად სთხოვა, ჯარი გამოეგზავნა რუსებთან საბრძოლველად. „მანამდეც ვიცოდი, რომ ძალიან ემოციურია მიშა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, ამდენად ემოციური და არაადეკვატური თუ იყო“, - თქვა იმ სახელმწიფოს მეთაურმა.
რუსეთის მიერ საქართველოს „იძულებას მშვიდობისთვის“ და ოკუპაციას, მსხვერპლთან და ბევრი ადამიანის გაუბედურებასთან ერთად თავისი განუმეორებელი კოლორიტიც სდევდა თან. ტელევიზია აჩვენებდა, როგორ იპარებოდნენ სიმინდის ყანებში საოკუპაციო ჯარების დამშეული ჯარისკაცები და უმად ჭამდნენ სიმინდს. ერთ ოჯახში მისულმა რუსმა ჯარისკაცმა საჭმელი სთხოვა ოჯახის პატრონს: ძალიან მშიაო. მისცეს, რაც შეეძლოთ. მეორე დღეს 3-4 თანემებრძოლი მიიყვანა იმ ოჯახში და შესთავაზა - ყანაში გვამუშავეთ ან სხვა რამე საქმე დაგვავალეთ, ფული არ გვინდა - საჭმლისთვის ვიმუშავებთო. მართლაც მორიგდნენ და მთელი ის პერიოდი, სანამ საოკუპაციო ჯარი არ აიყარა იმ ადგილიდან, პატიოსნად იშრომეს მოჯამაგირეებად იმ ოკუპანტებმა და „თავისი ოფლით მოიპოვეს პური თვისი“. მასმედიით შუქდებოდა, როგორ გააჩერა ფოთში შესული საოკუპაციო ჯარის ქვეგანაყოფის მეთაურმა თავისი მანქანა სკოლის შენობასთან, როგორ გადმოხტა მანქანიდან და კოცნიდა იმ სკოლის კარს (ფოთელი ყოფილა და იმ სკოლაში უსწავლია თავის დროზე). როგორც მერე ამბობდნენ, ამის გამო „პაგონები აუხევიათ“ იმ მეთაურისათვის (ეს ინფორმაცია არ გადამიმოწმებია). მსგავსი ისტორია ბევრია.
როგორც ეს ყველგან და ყოველთვის ხდება ხოლმე სამხედრო კონფლიქტების დროს, პირველივე დღეებიდან ერთმანეთის საწიინაღმდეგო და, ხშირ შემთხვევაში, სრულიად მცდარი ინფორმაცია ვრცელდებოდა დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობის შესახებ. საბოლოო ციფრი კი ასეთია: ოფიციალური მონაცემებიტ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში სულ დაიღუპა 850 ადამიანი, 2400-დან - 3000-მდე კი დაიჭრა. ქართული მხარის მონაცემებით დაიღუპა 160 ქართველი სამხედრო, 10 უგზო-უკვლოდ დაიკარგა და 973 დაიჭრა. დაიღუპა აგრეთვე 11 ქართველი პოლიციელი, 3 უგზო-უკვლოდ დაიკარგა და 227 დაიჭრა. მშვიდობიან მოსახლეობაში 228 ადამიანი დაიღუპა და 547 დაიჭრა. რუსეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით საქართველოს ძალოვანებმა დაახლოებიტ 3000 კაცი დაკარგეს.
70 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი გულნარა იოსებიძე და მიხეილ მელითაური დაბომბვის შემდეგაც სოფელ ტყვიავში რჩებოდნენ. „არ ვიყავით მომხრე სოფლის დატოვებისა, ხელგაწვდილ სიცოცხლეს აქ სიკვდილი გვერჩივნა“, - გვითხრა ქალბატონმა გულნარამ. 12 აგვისტოს მისი მაზლიც, შაქრო მელითაურიც, სოფელში დაბრუნდა და მათთან იყო სტუმრად. „დაახლოებით 5 საათისთვის მომესმა ბრახუნი, კარი არ გავაღეთ და გვესროლეს ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი. საშინელი ხმა ჰქონდა. კარი გაიღო და შემოცვივდნენ ორნი, სამოქალაქო ტანსაცმელში, ოსურად ლაპარაკობდნენ. დავინახე, რომ ვიღაცას სცემდნენ, ქართველებს ასე გინდათო. სამზარეულოდან რომ გამოვედი, დავინახე, ჩემი ქმარი და მაზლი მაგიდის ქვეშ იყვნენ შეყუჟული. მეგონა იმალებოდნენ და თურმე დაუხოცავთ. მიყუდებულები იყვნენ ერთმანეთზე და სისხლი სდიოდათ, სახეები შესიებული ჰქონდათ. შემდეგ გარაჟიდან გამოიყვანეს 06. წაიყვანეს. ხელის ტრაქტორიც თან გაიყოლეს. მიცვალებულებს ვუვლიდი, რომ კატა არ მოსულიყო და არ შეეჭამა. ერთი ვედრო სპირტი და არაყი მედგა, ზეწარს ვასველებდი და ვადებდი, რომ მწერი არ დასეოდა.
„რუსეთთან მსო-სთან დაკავშირებით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, საქართველომ დე ფაქტო ცნო თავისი სავაჭრო ურთიერთობები აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც ექსპორტ-იმპორტული ოპერაციები და არა შიდა ვაჭრობა“, - ასე შეაფასა ეს ხელშეკრულება მედვედკოვმა. „წარმოიდგინეთ, რომ აშშ-მა აიღოს ვალდებულება მიაწოდოს ინფორმაცია ალიასკასა და კოლუმბიის ოლქს (ანუ ვაშინგტონს) შორის ვაჭრობის შესახებ. უფრო მეტიც, ახლა საქართველო ვალდებულია გახსნას საბაჟო პუნქტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან საქართველოს მხრიდან. ეს კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში დამოუკიდებელი სტატუსის ფაქტობრივი აღიარებაა“ - დასძინა კმაყოფილმა მედვედკოვმა თავის გახმაურებულ ინტერვიუში.
გამომცმელობა პალიტრა L, 2012წ.