უილიამ ფოლკნერი - სიტყვა ახალგაზრდა მწერლებს

(წაკითხულია 1958 წლის 24 აპრილს ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან)

ორი წლის წინ პრეზიდენტმა აიზენჰაუერმა ჩაიფიქრა გეგმა, რომელიც ძირითადად სწორ იდეაზე იყო დაფუძნებული. იგი ფიქრობდა, მსოფლიოს მდგომარეობა, კაცობრიობის საყოველთაო დილემა დღეს უბრალოდ იმიტომაა ისეთი, როგორიც არის, რომ ცალკეულ პიროვნებებს, კაცებსა თუ ქალებს, განსხვავებული ეროვნებისა, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეთ და განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფთ, არ შეუძლიათ იმსჯელონ იმ პრობლემებსა და დილემებზე, რომელთა წინაშეც დგანან, მაგრამ მაინც უნდა შეეცადონ, ასე მოიქცნენ მათი მოწინააღმდეგე და მოჩვენებითად შეურიგებელ მთავრობებს შორის არსებული ფორმალური ორგანიზაციების მეოხებითო.

ესე იგი, გარკვეულ პიროვნებებს, ცხოვრების ყველა სფეროში, უნდა მიეცეთ საშუალება ესაუბრონ თავიანთ კოლეგებს სხვა ქვეყნებიდან მთელს დედამიწის ზურგზე - მუშა მუშას, მეცნიერი მეცნიერს, ყველა, ექიმები, ვექილები, ვაჭრები, ბანკირები, ხელოვანნი უნდა ესაუბრონ უცხოელ კოლეგებს.

თავისთავად იდეა დასაწუნი არ არის. რა თქმა უნდა, ყველა ხელოვანი, მხატვარი, მუსიკოსი, მოქანდაკე, არქიტექტორი, მწერალი - გაიაზრებს, რადგან ცდა იმისა, რომ ადამიანი ადამიანს შეეთვისოს, იმისდა მიუხედავად, თუ რა ეროვნების, რა ფერის ან რა სოციალური წარმოშობისაა, სწორედ ის გახლავთ, რასაც ყოველი ხელოვანი საკუთარ სიცოცხლეს უძღვნის და, სანამ პირში სული უდგას, არ უღალატებს.

დასაძრახი, ჩემი აზრით, პრეზიდენტის მოსაზრების ამგვარი სიტყვიერი წყობაა: მუშა მუშას, ხელოვანი ხელოვანს, ბანკირი ბანკირს, მსხველი მეწარმე მსხვილ მეწარმეს. დასაძრახად იმ ბოროტებას ვთვლი, თვით ჩვენს კულტურას რომ ახასიათებს; იმ მანკიერ თვისებას, რომელიც ნიშანდობლივია (ირწმუნებიან, აუცილებელიცო, თუმცა მე არ მჯერა) ყველა ქვეყნის კულტურისათვის, რომელთაც ისტორიის ამ ხანაში გაძლება და გადარჩენა შეუძლიათ. ეს მისტიკური რწმენაა, თითქმის რელიგია, რომ თითქოს პიროვნებას აღარ შეეძლოს პიროვნებასთან საუბარი, რადგან პიროვნება საერთოდ აღარ არსებობს. რწმენა იმისა, რომ კაცს ვერ წააწყდები, აუღელვებლად რომ ელაპარაკებოდეს ვინმეს ისეთ უბრალო თემაზე, როგორიცაა ვიღაცის პატიოსნება, პასუხისმგებლობის გრძნობა, სუსტის მფარველობა, თანაგრძნობისა და შებრალების უნარი, რადგან ასეთი, - პიროვნებისათვის ნიშანდობლივი, - რამ, როგორიცაა პატიოსნება, შებრალება, პასუხისმგებლობა და თანაგრძნობა, აღარ არსებობს და ადამიანს იმის იმედიღა რჩება, იქნება ორგანიზაციულ ჯგუფებში ვიარსებო მაინცო, იქ, სადაც უარყოფს და ჩაიხშობს თავის ინდივიდუალობას, ახირებულ ფრაქციებად დაყოფილი ჯგუფები სულ საბრძოლველად რომ იქნებიან შემართულნი საპირისპირო ახირებულ ფრაქციებად ორგანიზებული ჯგუფების წინააღმდეგ, ორივე ჯგუფი ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავეს რომ გულისხმობს ორაზროვნად, აბსტრაქტულად. „ხალხთა დემოკრატია“, „უმცირესობის უფლებები“, „სამართლის თანასწორობა“, „სოციალური კეთილდღეობა“ - ეს სინონიმები უსირცხვილოდ ამართლებენ უპასუხისმგებლობას, ადამიანებს კი არ იწვევენ, აიძულებენ მონაწილეობა მიიღონ მასში.

ასე რომ, ამ შემთხვევაში, - პრეზიდენტის „ხალხთა ურთიერთობის კომიტეტს“ ვგულისხმობ, - ხელოვანს, რომელიც მთელს სიცოცხლეს იმის ცდაში ატარებს, რომ ერთმანეთს შეუთვისოს ხალხები, პრობლემები და ვნებანი ადამიანის გულისა და როგორმე იხსნას ან გააძლებინოს ადამიანს, თავისი ქვეყნის პრეზიდენტმა წაუყენა მოთხოვნა, რომ ის მითი განემტკიცებინა, რის უარყოფასაც მთელი სიცოცხლე ესწრაფის ხელოვანი: ამ მითის თანახმად, პიროვნება არარაობაა და წონასა და მნიშვნელობას მაშინ შეიძენს, როცა უსახელოდ ჩაიკარგება რომელიმე ჯგუფში და თავის პიროვნებას მას შესწირავს.

უაღრესად სამწუხარო იქნებოდა ხელოვანს მხოლოდ ამ შემთხვევაში, - ქვეყნის მიერ მისი ცხოვრების მიზნის ფორმალურ აღიარებას ვგულისხმობ, - რომ უხდებოდეს მთელი არსებით ჩაეფლოს იქ, რასაც ორგანიზების საყოველთაო სურვილი შეიძლება ვუწოდოთ, ანუ საყოველთაო წადილი, მოვაცილოთ კაცს ადამიანურობა თუნდაც იმ ზომამდე, რომ გავათავისუფლოთ იგი არა მარტო ზნეობრივი პასუხისმგებლობისაგან, არამედ ფიზიკური ტკივილისა და მოკვდავობისაგან, მისი გათქვეფით რომელიმე, - მნიშვნელობა არა აქვს რომელი, რადგან იგი მაინც უნდა ჩაიკარგოს რომელიმეში, - ეროვნულ ეკონომიურ ჯგუფში პროფესიის, სამსახურის, საქმიანობის ან შემოსავლის, ან თუ სხვა აღარაფერია, ფინანსური მდგომარეობის მიხედვით. დღესდღეობით მისი ტრაგედია ისაა, რომ იგი წინ უნდა აღუდგეს ამ შემოტევას, გაიღოს მცირე, მაგრამ (თუ ხელოვანია) ძრიფასი პიროვნული ძალა ამ საყოველთაო მისწრაფების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც თრგუნავს მის ინდივიდუალურობას, რათა ხელოვანი გახდეს. აი, ეს გახლავთ ბოლოს და ბოლოს ის აზრი, რომლის შემოთავაზებასაც ვაპირებ, რაც მე მგონი, ერთადერთი დილემაა,რომელიც ამჟამად ყველა ახალგაზრდა მწერალს ეხება.

ვფიქრობ, არც ერთი მწერალი, სანამ აღგზნებულია და უკიდურესი სისწრაფით შრომობს, რათა მოასწროს და თქვას, რისი თქმაც უაღრესად აუცილებლად მიაჩნია, არ კითხულობს ახალგაზრდა მწერალთა ნაწარმოებებს, ალბათ იმავე მიზეზის გამო, რაც სპრინტერებსა თუ შორ მანძილზე მორბენალთ ახასიათებთ: იგი არასდროს ინტერესდება იმით, თუ ვინ არის მის უკან ან ახლოს, არამედ ის აღელვებს, ვინც წინაა. რაც არ უნდა ითქვას, მე ასე დამემართა, ისე ჩაიარა ოცდახუთმა წელმა, წარმოდგენა არ მქონია, როგორი იყო თანამედროვე ლიტერატურა.

ასე რომ, როცა ცოტა ხნის წინათ ახლანდელი მწერლების კითხვა დავიწყე, მე არა მარტო უცოდინარი გახლდით, არამედ, გარკვეული თვალსაზრისით, გულუბრყვილო და დამწყებიც კი, რასაც შესაძლოა უმანკო წარმოდგენა უწოდოთ. მაინც პირველივე მოთხრობიდან ის შთაბეჭდილება შემექმნა, რასაც ასე დაბეჯითებით ვიმეორებდი მანამდე; ასე რომ, განზოგადების საშუალება მომეცა. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა მწერალს, დღეს თანამედროვე სახელმწიფო, - რომლის დახატვასაც ვცდილობდი, - აიძულებს იმოქმედოს კაცობრიობის ერთგვარ სიცარიელეში. ახალგაზრდა მწერალა გმიერები არ მოქმედებენ, არ ცხოვრობენ, არ სუნთქავენ და არ იბრძვიან იმ ტანჯვასა და დუღილში უბრალო ადამიანურობისა, როგორც ჩვენს წინამორბედთა გმირები, იმათი, ვინც ჩვენი მოძღვარები იყვნენ, ვისგანაც ხელობა შევითვისეთ: დიკენსისა, ფილდინგისა, თეკერეისა, კონრადისა, ტვენისა, სმოლეტისა, ჰათორნისა, მელვილისა, ჯეიმზისა; შესაძლოა სახელთა მთელი წყება ჩამოითვალოს მათი, ვისი გამოძერწილი ხასიათებიც კი არ ემიჯნებოდნენ, არამედ მრავლდებოდნენ კიდეც უბრალო ადამიანური ყოფის იმ ტანჯვასა და დუღილში; ვისი არსებობაც, ასეთი კაცებისა და ქალების, გასაგები და მისაწვდომი მაშინაც კი, როცა შეგზარავდნენ, მაშინაც კი, როცა გკლავდნენ, გძარცვავდნენ ან გღალატობდნენ, მაინც რომ ჰქონდათ ვნება, იმედი და შიში და იძულებით დაჯგუფებებს ჯერ რომ არ შეერყვნათ, იყო დასტური დაუოკებელი და განუქარვებელი იმედისა - ტანჯვასა და ორომტრიალში, რომელსა არა მარტო უშიშრადა და თამამად ეგებებიან, არამედ სიამოვნებითაც, დაცულნი ყველაფრისაგან, რადგან ყველაზე უარესი, რაც მათ შეიძლება შეემთხვეთ, თავის გატეხვაა ან მუხლისა და იდაყვის გადატყავება, მაგრამ ეს მხოლოდ კიდევ ერთი თავი, იდაყვი და მუხლი იქნება, რომელიც ტყდება ან ტყავდება - ტანჯვასა და ორომტრიალში კაცობრიობისა, რომელმაც აღიარა, ირწმუნა და მოქმედებდა არა ანგელოზების, არამედ ზნეობრივი პრინციპებით; ჭეშმარიტება იქ კი არ იყო, სადაც ხედავდი, არამედ ეს იყო გამოუთქმელი არსი ან თვისება, რომელიც ტვინს შეგირყევდა თუ არ აღიარებდი ან ბოლოს და ბოლოს პატივს არ სცემდი.

მაშინ, როცა დღეს ახალგაზრდა მწერალთა გმირებმა უნდა იმოქმედონ არა ინდივიდუალურად, არამედ იზოლირებულად, კი არ უნდა მიჰყვნენ ამოუწურავ ტკივილსა და იმედს ადამიანური გულისა, ნაკლებად ხელშესახები ჭეშმარიტებისა და ზნეობრივი პრინციპების სამყაროში, არამედ მოვლენების სიცარიელეში უნდა იარსებონ, რაც მწერალს არც ამოურჩევია, ვერც გასწვდება და ვერც გაექცევა, როგორც ბუზი ვერ გაფრინდება პირქვედამხობილი ჭიქიდან.

ნება მომეცით, გავიმეორე: ახალი თაობის ყველა ნაწარმოები არ წამიკითხავს; ჯერ იმდენი დრო ვერ გამოვძებნე. ამიტომ მხოლოდ იმათზე ვისაუბრებ, ვისაც ვიცნობ. ახლა ის მახსენდება, რომელიც საუკეთესოდ მიმაჩნია: სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, ალბათ იმიტომ, რომ სრულყოფილად გამოხატავს იმას, რის თქმასაც ვცდილობდი: ყმაწვილი, რომელმაც იცის, რომ მალე კაცი უნდა გახდეს, ბევრზე გონიერია, უმრავლესობაზე მგრძნობიარე; ვისაც (თვითონ კი არ მიიჩნევს ასე, რადგან არც კი იცის, რომ ასეთია), რადგან ღმერთმა დაუსაზღვრა ეს ადგილი, უყვარს ადამიანი და ოცნებობს, კაცობრიობის ნაწილი გახდეს, ვისაც შეეძლო შეთვისებოდა ადამიანებს და დამარცხდა. ჩემთვის მისი ტრაგედია ის კი არ არის, რაც ალბათ თვითონ ეგონა, თითქოს საკმაოდ მტკიცე ბუნების არ იყო, ან გაბედული, ან იმის ღირსი რომ ადამიანებს თავისიანად მიეღოთ. მისი ტრაგედია ისაა, რომ როცა ცდილობს ადამიანებთან მისვლას, ადამიანურ სამყაროს ვერსად პოულობს, მხოლოდ ზუზუნი ესმის, დაუოკებელი და შეუწყვეტელი ზუზუნი პირქვედამხობილი ჭიქის მინის კედლებიდან, სანამ თვითონაც არ ნებდება და თავის თავში არ იკეტება, თავის გამუდმებულ ზუზუნში, სანამ არ ნადგურდება. ზოგს მაშინვე ჰეკ ფინი გაახსენდება, მეორე ყმაწვილი, ვინც იცის, რომ მალე, ერთ მშვენიერ დღეს კაცი უნდა გახდეს. მაგრამ ჰეკისათვის ერთადერთი დაბრკოლება მისი ტანმორჩილობაა, ამ ტკივილსაც დრო განკურნავს; მალე იგი იმ კაცებივით დიდი იქნება, რომელთაც უნდა დაემსგავსოს; და ყმაწვილობისასაც მთელი მოწიფული სამყარო იმას თუ დაუშავებდა, რომ ცხვირიდან სისხლი ედინებინა; კაცობრიობა, ადამიანური, სამყარო შეითვისებდა და ითვისებდა კიდეც; ერთადერთი, რაც სჭირდებოდა, გაზრდა იყო.

ვფიქრობ, ესაა ახალგაზრდა მწერლის დილემა. ეს არა მარტო მისი, არამედ ყველა ჩვენთაგანის პრობლემაცაა, ვიხსნათ კაცობრიობა, რათა ისევე არ დაკარგოს სული, როგორც ტახებს, ულაყებსა და ბუღებს კოდავენ; გადავარჩინოთ პიროვნება არარაობად ქცევისაგან, სანამ გვიან არ არის და ადამიანურობა არ გაჰქრობია, კაცი რომ ჰქვია. და ვინ შეძლებს პიროვნების ადამიანურობის უკეთ ახსნას, თუ არა მწერალი, პოეტი, ხელოვანი, ან ვის შეაშფოთებს მისი დაკარგვა უფრო მეტად, ვიდრე იმას, ვისი სიცოცხლის საყრდენიც კაცთმოყვარეობაა.

ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში