გიორგი ყარყარაშვილი - ეს ჩვენი სამშობლო იწვის
ცხინვალზე შეტების დავალება შსს-მ იკისრა. აქედანაც ჩანს, რომ ცხინვალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ იყო სამხედროების აზრი.
შეიძლება ითქვას, რომ რუსული სამშვიდობო ბატალიონის პირადი შემადგენლობის თითქმის ნახევარს შეადგენდა სპეციალურ მომზადებას გავლილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ჩეჩნეთში ბოევიკების წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციებში იყენებდნენ.
კონფლიქტის გამწვავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 5-6 აგვისტოს, ცხინვალში ჩრდილო კავკასიიდან დამატებით მოხალისე კაზაკთა დაახლოებით 150 კაციანი რაზმი შემოვიდა.
საფუძველი არ არის, ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ ქართული სოფლები ნული, ავნევი, ასევე სამშვიდობო პოსტები სარაბუკში ნამდვილად იბომბებოდა, მაგრამ ნათელია ის, რომ ცეცხლის ინტენსივობის ზრდის პირობებში რატომღაც არავინ ფიქრობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე.
უპასუხისმგებლოდ უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამოკიდებულება, რომ მათ გააჩნდათ ინფორმაცია რუსული აგრესიის შესახებ და ამის მიუხედავად, არ მოხდა ქართველი მოსახლეობის ევაკუაცია.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გორში ყოფნისას გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად, არ შეკრიბა უშიშროების საბჭო და არ დაელოდა მის გადაწყვეტილებას. მან ჯიუტად გაიმეორა წინამორბედის მიერ 1992 წელს დაშვებული შეცდომები. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მიიღო რისხვითა და ბრაზით. სამწუხაროდ, ომისა და მშვიდობის საკითხებს საღი გონება და პასუხისმგებლობის გრძნობა კი არ წყვეტდა, არამედ სიფიცხე და გახევება. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოში არ აღმოჩნდა არც ერთი ინსტიტუტი, არც პარლამენტი, არც მთავრობა, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა ასეთ გადაწყვეტილებას. არც ერთ მინისტრს, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანს გამბედაობა და ვაჟკაცობა არ ეყო პრეზიდენტს წინ აღდგომოდა. ქვეყნისათვის ასეთ საპასუხისმგებლო დროს არ სრულდებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ქმედებათა თანმიმდევრობა, არ ჩატარებულა უშიშროების საბჭოს სხდომა.
7 აგვისტოს, საღმოს 19 საათზე კონფლიქტის ზონაში თავად გავემგზავრე, ვიმყოფებოდი ნიქოზში, ერედვში, ერგნეთში, თამარაშენის შემოვლით გზასთან, სადაც სამხედროებს და ადგილობრივ მოსახლეობას გავესაუბრე. მაინტერესებდა, რუსეთის 58-ე არმიის შესაძლო შემოჭრასა და კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით რა ინფორმაცია ჰქონდათ ერედვში მყოფ ოფიცრებს, ნიქოზის მოსახლეობას და დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ყველას ჰქონდა ერთი და იგივე პასუხი, რომელიც ცხინვალიდან გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ამ ინფორმაციით, პუტინს კოკოითისთვის შემოუტვლია, 400 კაცი მაინც უნდა დაიღუპოს, რათა რუსეთის არმიას საქართველოში შემოჭრის საბაბი ჰქონდესო.
პრეზიდენტმა საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა: „მე ვუბრძანე საარტილერიო ცეცხლის გახსნა ცხინვალზე“. პრეზიდენტის ეს ბრძანება საბედისწერო აღმოჩნდა, ვინაიდან ცხინვალში კვლავ რჩებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი (თუმცა, მოსახლეობის უმეტესობა გაყვანილი იყო).
საწყისი წუთებიდანვე ჩანს, რომ სამხედრო ნაწილებს სავარაუდო მოწინაარმდეგედ ოსური შეიარაღებული ფორმირებები განესაზღვრათ და მათ ქმედებებს აღნიშნული სოფლების დაკავებისას არაფერი საერთო არ ჰქონდა აგრესიის მოგერიებასთან. ქართული მხარე ორჭოსანის და წინაგარას დაკავებაზე აკეთებდა განცხადებებს, მაშინ როცა აღნიშნული სოფლები იგოეთი-გორის ტრასის გზის პირიდან მე-12 კმ-ზე მდებარეობს, ხოლო რაც შეეხება დმენისს და ზნაურს, ჩვენი ინფორმაციით, იგი საერთოდ დაკავებული არ ყოფილა მაშინ, როცა ამის შესახებ ხელისუფლების მხრიდან განცხადებები კეთდებოდა. განცვიფრებას იწვევს, რა ჰქონდა საერთო აგრესიის მოგერიებასთან იგოეთი-გორის ტრასასთან ახლომდებარე სოფლების დაკავებას და რატომ მიიჩნევდა ამას წარმატებად ქართული მხარე!
8 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 03:00 საათზე განთავსდა სეპარატისტთა იმ სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის არმიის კოლონები როკის გვირაბიდან გამოდიან და ჯავისკენ მოემართებიან. ე.ი. ამ დროისთვის უკვე დადასტურებული ინფორმაცია გააჩნდა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი ნამდვილად ერეოდა სამხედრო კონფლიქტში და არამც და არამც არ დაუშვებდა საქართველოს პოლიტიკური მიზნების რეალიზაციას. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ომის სავარაუდო ხასიათის გამოსაცნობად წესით გონება უნდა გახსნოდა და სამხედრო ნაწილებისთვის მომავალი სამოქმედო გეგმა დაესახა სწორედ აგრესიის შესაკავებლად, მაგრამ ჩანს, საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას ოღწოსანის, წინაგარას და ზნაურის რაიონის სოფლების დაკავებით გამოწვეულმა სიხარულმა გონება დაუხშო... ცხინვალზე შეტევის დაგეგმვა არაფრით პასუხობდა აგრესიის შეკავების ამოცანას.
ცნობილია, რომ პირადი შემადგენლობა გაფრთხილებული იყო, რუსებთან კონფლიქტში არ შესულიყვნენ. მათ მკაცრად მიეთითათ, რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ ცეცხლი არ გაეხსნათ.
ვერაფრით დავიჯერებ, რომ ასეთი შეცდომა საბრძოლო ოპერაციის დაგეგმარებისას იმ სამხედრო ხელმძღვანელებმა დაუშვეს, რომელთაც სამხედრო განათლება აშშ-ის საუკეთესო სამხედრო სასწავლებლებში აქვთ მიღებული. ვინ შეარჩია მთავარი დარტყმის ერთდაერთ მიმართულებად მარშრუტი, რომლის მიხედვითაც ქართულ დაჯგუფებას ორ რუსულ სამხედრო ბაზას შორის უნდა გაევლო? ვინ მოუვიდა ასეთი აზრი თავში, როდესაც ამოცანა აგრესიის შეკავება იყო?!
06:00 საათისთვის საწყის პოზიციაზე არ ჩანს არც ერთი დაჯგუფება მდინარე ლიახვის აღმოსავლეთით, არგვიცი-ფრისი-ოფრისის მიმართულებაზე. ე.ი. უმთავრეს მიმართულებაზე, რომელიც სტრატეგიულად ყველაზე ახლოსაა დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობასთან, არც ერთი დაჯგუფება არ შეუყვანიათ, რაც განცვიფრებას იწვევს. ეს თუნდაც ერედვის ან დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის დასაცავად აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ვერსიის სრულ უსაფუძვლობას, თითქოს დიდი ლიახვის ხეობის ან ერედვის მოსახლეობის დასაცავად დაიგეგმა ცხინვალზე შეტევა.
მოგვიანებით, ისიც ცნობილი გახდა, რომ 7-დან 8 აგვისტოს ჩათვლით, ცხინვალის სამხრეთით მდებარე რუსული სამშვიდობო ბალატიონის ლეიტენანტი ვინმე გალავანოვი საბრძოლო დავალებას ასრულებდა ნიქოზიდან მომდგარი ქართული დაჯგუფების საცეცხლე მიზნების გამოსავლენად და აწარმოებდა საარტილერიო ცეცხლის კორექტირებას. ამ დავალების შესრულებისათვის გალავანოვი სიკვდილის შემდეგ „რუსეთის გმირის“წოდებაზე წარადგინეს.
ჩვენ ვწერთ,რომ ქართულმა შენაერთებმა შეტევა განავითარეს ცხინვალზე, მაგრამ სინამდვილეში ეს არა შეტევა, არამედ ქალაქში ქაოსური შესვლა იყო.
ისააკისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთასთან, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს მესამე ოპერატიული სამმართველოს კუთვნილი ე.წ. „კობრა“ ააფეთქეს, 6 სამხედრო მოსამსახურემ თავი სტალინის ქუჩის #60-ში მცხოვრებ ოსი ეროვნების ოჯახს შეაფარა. ისინი საღამოს 15:00-დან 19:00 სააამდე რადიოსადგურით ითხოდნენ შველას, ალყიდან გამოყვანას. ხოლო ხელმძღვანელობამ ქვედანაყოფის მთაურს დახმარების გაწევისთვის შესაბამისი ბრძანება არ მისცა. ...18:00 საათისთვის კვლავ ითხოვდა შველას სტალინის ქუჩის 60 ნომერში ალყაში მოქცეული შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მე-3 ოპერატიული სამმართველოს 6 სამხედრო მოსამსახურე... მოგვიანებით (18:00-დან 19:00 საათამდე) მათთან კავშირი შეწყდა, ისინი დღესდღეობით უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
რა თქმა უნდა, საინფორმაციო საშუალებებით ქართული შენაერთების მიერ ცხინვალის დატოვების შესახებ ინფორმაცია არ გადაცემულა. ხელისუფლება 2 დღის განმავლობაში, უტიფრად ატყუებდა საკუთარ მოსახლეობას, რომ ცხინვალს კვლავ ქართული ჯარები აკონტროლებდნენ.
იმ დროს, როდესაც სრული სადაზვერვო სურათი სახეზე გახლდათ და როკის გვირაბიდან მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონები მოემართებოდა, სურვილი არავის გასჩენია, ხეობისკენ საინჟინრო ათეული ან ოცეული გადაესროლათ, რათა კეხვიდან თამარაშენამდე (მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის სვლის ტემპების შესაკავებლად) საინჟინრო წინაღობითი ზღუდეები შექმნილიყო.
ბედი ანაბარად მიტოვებული დიდი ლიახვისხეობის მცხოვრებლებს წვერიახოზე განთავსებული რუსეთის სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შემავალი ჩეჩნური ასეულსი მებრძოლები გამოსვლაში ეხმარეობდნენ და აფრთხილებდნენ, რომ იქაურობას დროზე გასცლოდნენ, რადგანაც ჩრდილო კავკასიიდან მოხალისეთა ჯგუფები მოემართებოდნენ (თვითმხილველთა ინფორმაცია). ... 9 აგვისტოს 14:00 საათიდან თავის იჩენს ინციდენტები, წვერიახოზე განთავებული ჩეჩენთა საყრდენი პოზიციიდან იხსნება ცეცხლი მშვიდობიანი მოსახლეობის ავტომანქანების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ 06:00-დან 20:00 საათამდე შსს-ს სპეცრაზმები 5-ჯერ შეიყვანეს და გამოიყვანეს ცხინვალიდან. მოგვიანებით, 8 აგვისტოს, ღამით შსს-ს ნაწილები სრულიად იყვნენ გაყვანილები ქალაქ გორში და მას შემდეგ, პრაქტიკულად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა აღარ მიუღიათ. გორშივე იყო გადმოსროლილი ონიდან გამოყვანილი სოდ-ის სპეცრაზმი.
კავშირგაბმულობის არქონის გამო სრულიად დაკარგული იყო მართვა და ურთიერთკავშირი. 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს მისდიოდათ ინფორმაცია, თითქოსდა 42-ე ბატალიონში მხოლოდ 30 სამხედრო მოსამსახურე დარჩა ცოცხალი. 42-ე ბატალიონს ანალოგიური ინფორმაცია ჰქონდა 43-ე ბატალიონზე. თბილისშიც გავრცელდა ჭორი მე-4 ბრიგადის თითქმის სრულიად განადგურების შესახებ.
მოწინააღმდეგემ გორიდან გასვლის შემდეგ ქალაქის საარტილერიო ბაზის კედლებზე გაკეთებული სამარცხვინო წარწერა დაგვიტოვა: „ამხანაგო ქართველებო, ისწავლეთ სამხედრო საქმე, მოვალთ და შეგამოწმებთ“...
გია ყარყარაშვილი, 2009 წ.