ტიციან ტაბიძე - მოჯამაგირე და ბოჰემა
ბ. გზელის წიგნი: „როდენის საუბრები ხელოვნებაზე“ ბოლოვდება თავით, თუ რა მნიშვნელობა აქვს მხატვარს ცხოვრებაში. ავტორი წიგნის ბ. გზელი და ოგიუსტ როდენი თავისი მოწაფეებით, უკვე ცნობილ მოქანდაკეებით ბურდელით და დესპიოთი მიდიან სავახშმოთ რესტორანში.
ბურდელი ლაპარაკობს თავის ახლად გამოფენილ ქანდაკ „პანზე“, რომელსაც მისცა სახე თავის დიდებული მასწავლებლის ო. როდენის და ბოდიშს იხდის, რომ მასწავლებელს ქანდაკში რქები დაადგა თავზე.
მაგრამ როდენი იღიმება და უხსნის: რომ მიქელანჯელოს მოსესაც რქები ადგას თავზე, ეს ნიშანია ძლიერების, ყველაფრის ცოდნის და ამით მხოლოდ ამაყობა თუ შეუძლია მასწავლებელს... ამხანაგურ ვახშამზე ღვინომ გახსნა გული და ბურდელი ეძლევა სევდიან ფიქრს მხატვრის უსარგებლობაზე და იქამდისაც კი მიდის, რომ ამბობს:
- მამაჩემი ქვისმთლელი იყო. მის შრომაში იყო აზრი, იმას მოჰქონდა სარგებლობა, მაშინ, როცა მე სულ ზედმეტი ვარ, ან ვის რად უნდა ჩემი ქანდაკება.
ეს თითქოს სიგნალი იყო, რომ მაესტროს დაეწყო საუბარი მხატვრის დანიშნულებაზე. ეს საუბარი ძალიან საინტერესოა. აქ რამდენიმე უბრალო სიტყვით გამოთქმულია უძირო სიღრმე მხატვრის ცხოვრების აზრის. ასე ინტიმურ, უბრალო სიტყვებით გამოთმა აზრის მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც მართლა ყველაფრის ცოდნის რქები ადგას თავზე. მე მაინტერესებს პირველი ნაწილი ამ საუბრისა.
- მხატვრები თითქმის ერთად ერთი ხალხია, რომელთაც უყვართ თავის პროფესია, ამბობს როდენი. მთავარი ნაკლი ჩვენ თანამედროვეთა - ეს არი უქონლობა თავის პროფესიის სიყვარულის. ისინი ასრულებენ თავიანთ სამუშაოს სიძულვილით, ძლივს-ძლივობით და ასე ზევიდან ქვევით, საზოგადო კიბის ყველა საფეხურზე... ჩვენ პოლიტიკურ მოღვაწეებს ასულდგმულებს მხოლოდ მატერიული ნაყოფი თავიანთ მდგომარეობის... ფაბრიკანტები ივიწყებენ თავიანთ ფირმას პატიოსნებას და აყალიბებენ პროდუქტებს. მუშები, იქნებიან დიდისა და თუ მცირე უფლების მქონენი, ყოველთვის მტრულად არიან განწყობილნი დამქირავებელთან და უგულოთ მუშაობენ. ყველასათვის, თითქოს გამოუკლებლიბ, შრომა მწარე აუცილებლობაა, დაწყევლილი ხარკი, მაშინ როდესაც ჩვენთვის ამაში არის აზრი მთელი ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ბედნიერება...
და მართლაც, ძნელია მუშაობა მარადისობისთვის, მაგრამ ძალიან მომტაცია ეს სიძნელეც. მხატვარი იწვის, მაგრამ ცეცხლი უფრო აფიცხებს სულს. ყოველი დაბრკოლება გზაზე ითელება და ყოველივე ამ აქტის შესრულების შემდეგ სულში იძრება ერდგვარი ამპარტავნება. იქ არი საიდუმლო მხატვრის პროფესიისადმი სიყვარულის... მაგრამ ყველგან როდია მხატვრობა პროფესია... ჩვენში ერთდროს ეს ასე იყო, მაგრამ შემდეგ მოისპო.
ნ. ნიკოლაძე უპასუხებს „ჩემ პოლიტიკაში“ - ეს იმიტომ, რომ მე მოჯამაგირე ვიყავი და არ მინდოდა მწერლობის შეურაცყოფაო.
პატარა კაცუნების პატარა სულებმა ამ დიდი კაცის დიდ, დაჭრილი სულის საშინელ კივილზე გაიცნეს. არგუმენტი ურეზონოდ მიიჩნიეს.
მაგრამ ამაში არის დაწყევლა, ამაში არის მთელი სიველურე ჩვენი საზოგადოების; კარგია, შენ არ შეგიძლია მწერლის რჩენა, მაგრამ ნუ შეურაცჰყოფ იმით მაინც, რომ შენ გამო კვდება მწერალი.
დიახ, ჩვენ გვყავდენ და გვყვავან დიდი მოჯამაგირეები. და ისე ვექცეოდით მათ და ვექცევით ეხლაც, როგორც გაუთლელი აღა - მოჯამაგირეს.
შესაძლებელია, ილიამ იმიტომ შექმნა იდეალური სახე პოეტი-მოჯამაგირის გიორგის „ოთარაანთ ქვრვიში“, რომ მისთვის არ იყო შორეული იმის ბედი. თივის დასაცმელ ანძაზე ჩამოცმული გიორგი განა არ გაგონებთ წიწამურის გზას?
ნ. ნიკოლაძემ პირველად დაარქვა ამ მოვლენას მოჯამაგირეობა. მოჯამაგირეები არიან: ბელეტრისტი დავით კლდიაშვილი, პოეტი კოტე მაყაშვილი.
მაგრამ ეს დიდები, რმელნიც გეცემიან თვალში. და რამდენია პატარეები, რამდენნი არიან!..
ბ.
ვისაც არ უნდა მოჯამაგირეობა, ან ვისი სულიც დიდია და სპეტაკი და არ შეუძლია ჩაიდინოს დიდი დანაშაული, გაყიდოს თავის მამული, დაიწყოს წერა და მსახიობობა სხვა ხალხის ენაზე, რომელიც უფრო აფასებს შრომას, აქაო და ხელოვნება საკაცობრიო არისო, ან და ჩემი სამშობლო ჩემი გულიაო, - ამნაირ კაცის წინ დგება დაწყევლილი გზა ბოჰემის.
ბოჰეა ინტერნაციონალი ტიპია, ის ყველა ხალხში არის, მაგრამ იმას მაინც გარჩევა უნდა. ერთის მხრივ, მხატვრის სახელი გადაბმულია ბოჰემასთან.
რამდენიც უნდა ჰქონდეს სიმდიდრე, მისი სული მაინც უკმაყოფილოა, რადგან სურვილი ყოველთვის მეტი აქვს, ვინმე სინამდვილეს შეეფერება; მხატვარი უცნაურია, იმაზე შესდგა აზრი არა ამქვეყნიურობის, მუდამ ძიების, მუდამ ტანჯვის. ამაში თითქო გამართლებაა მისი ცხოვრების. ის იმღერის, როგორც ფრინველი, არ დაზდევს მშიერია, თუ სწყურია. მაგრამ ყოველთვის როდი ეყოფა რომანტიკა, ხანდისხან ისე უხეშია სინამდვილე, რომ შეუძლებელია მასში პროზა არ ალაპარაკდეს.
ბოჰემის ცხოვრებით ჩვენში ცხოვრობდა აკაკი. ვის არ ახსოვს, რომ მისი ლექსი: „არაბი ფაშა“ ერთ მანეთად მიყიდა „დროების“ რედაქციას. რედაქციაში მანეთის მეტი სულ არ იყო, მაგრამ აკაკიმ თავის სიმშილს სხვისი სიმშილი არჩია ალბად იმიტომ, რომ დიდი ხანი იყო მშიერი.
მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე იგონებს: ერთხელ პარიზში ფრანგულ რედაქციაში შესულან ქართველები, არჩილ ჯორჯაძესთან ერთად. რედაქტორს რომ მათ თხოვნისთვის მეტი ყურადღება მიექცია, არჩილი გაუცვნიათ, როგორც პრინცი ჯორჯაძე.
არჩილს საშინლად მოსვლია გული. რად გინდოდათ ჩემი თავადების დასახელება, ჩემი გახუნებული პიდჟაკის რად არ შეგრცხვათო.
არჩილში შეურაცხყოფილი ქართველი აიმღვრა.
მაგრამ ეს თითქო ყვავილებია!..
მოიგონეთ ცხოვრება ფრანგი პოეტის ადანის. ვ. ადან ხან ისე ღარიბულად ცხოვრობდა, რომ ოთახში მაგიდა არ ქონდა და იატაკი უწევდა მის მაგივრობას, ქაღალდიც შემოელეოდა და პაპიროზის ნაგლეჯებზე სწერდა უკვდავ ლექსებს. ოთახში იდგა დანგრეული როიალი, მაგრამ გრაფი რომ დაიწყებდა ვაგნერის „პარსიფალის“ დაკვრას, ვინ გაბედავდა ეთქვა, რომ ეს ოთახი სიდიადით ჩამოუვარდებოდა ლუვრს? - შენიშნავს ბიოგრაფი მაქს ვილომინი. ოსკარ უალდს ძალიან მოსწონდა ფრანგი პოეტი პოლ ვერლენი. ერთხელ მის სანახავად წავიდა. ეს იმ დროს მოხდა, როცა უაილდი პარიზის საუკეთესო სალონების მომჯადოებელი სტუმარი იყო. როცა უაილდი მოვიდა სახლთან, სადაც ვერლენი სცხოვრობდა, ისეთი უსუფთაობა და სიღარიბე ნახა, რომ უკან გამოქიცა: არ შემიძლია შიგ შესვლაო... შემდეგ ისე მოხდა, რომ უაილდი თვითონ აგირავებდა თავის ჩაყენებულ ოქროს კბილებს, კაფეში შესასვლელად. მოგვითხრობენ, როცა ბალზაკი სწერდა თავის წარმტაც რომანებს, ოთახში ჩაკეტილი ყავდათ კრედიტორებს. დაკეტილი კარების უკან იდგნენ ეს სიკვდილის ანგელოზები და უცდიდნენ ხელთნაწერის გათავებას, რომ ფულად ექციათ.
რომელი მწერლის კარები იყო, რომ არ გაისმოდა „ვაგნერისებური“ ზარის რეკვა მევალეების...
რამდენს ჩამოთვლი, რამდენი არიან დაწყევლილები?..
- ვერლენი, რემბო, ვილიე ადამიანი, მამია გურიელი - მშვენიერებისთვის წამებული მოციქულებია.
აკაკი წერეთელი როდი იყო ბოჰემური სულ!.. სანამდი სიღარიბეში ჩავარდებოდა, ის თავად როსტომ წერეთლის შვილი იყო და ჰქონდა დიდი საგვარეულ მამული; როცა რუსეთში გაემგზავრა მშობლებმა ოდესით გაგზავნეს, რომ თავად ვორონცოვის ცოლისთვის ვიზიტი მიეცა, ამას გარდა, მოსამსახურეებიც მიყვებოდნენ. თავადი მამია გურიელი ბალახვანში მოკვდა სარდაფში, მაგრამ მამია მფლობელი თავადი იყო. ერთ დროს თავად ვორონცოვის სალონში ხიბლავდა ყველას და როდესაც პირველად დაბრუნდა სახლში აფიცერი, მამაც თავადი იყო დიდი სამხედრო ჩინის. სანამდი ბოჰემად გახდებოდნენ, ამ ქართველებმა მიიღეს კულტურა.
ასე იყვნენ ზევით დასახელებული უცხო ერთა მწერლებიც.
ჩვენში არიან დაბადებით ბოჰემიელებიც. მათში არ არის ბევრი რომანტიკა. პაპიროსის ნამწვავებზე ისინიც დასწერენ ლექსებს. მათ ოთახში არ ექნებათ მაგიდა, მაგრამ დანგრეული როიალი რომ იყოს, ისინი მაინც ვერ დაუკრავენ „პარსიფალს“, დაუკრავენ კი არა, სხვამ რომ დაუკრას, იმასაც ვერ გაიგებენ და ხელში რჩებათ ოთახი, რომელიც თუ ფრანგ პოეტს შეეძლო ლუვრზე უმშვენიერესად გაეხადა, ქართველ ბოჰემისთვის საკანია... დიდი სიამოვნებით დააგირავებდა ქართველი ბოჰემიელი ოქროს კბილებს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყველა კბილები რომ ჩაემტვრეს, ვერ ჩაიყენებს, უკბილოდ უნდა იაროს და რა ჯანდაბას დააგირავებს.
[...]
- თქვენ წარმოგიდგენიათ ბაირონი ბანკის კანტორაში?..
რასაკვირველია არა!..
მაგრამ ილია ჭავჭავაძემ თავის დროის, ნების, ნიჭის ნახევარი ამ გარეშე საქმეს მოახმარა. ის მარჯვენა, რომელიც სწერდა „აჩრდილს“ და „კაკო ყაჩაღის“ ცეცხლიან სტრიქონებს, მთელი დრეები ფურცლავდა ბეჯითად კანტორის წიგნებს. მთელი საათები ელაპარაკებოდა ბანკის ოპოზიციას სიტყვებს, რომელნიც მისთვის შორეული იყვნენ, არავითარი კავშირი არ ქონიათ მის სულთან. და როცა მაინც ვერ იგებდენ და ჭირვეულობდენ ჩოხიანი თავადები და მოხუცი ჯვარმენდლიანი გენერლები და ყვიროდნენ: „შენ ძალას ატან კრებასო“. ილია უპასუხებდა: „თუ ძალას ვატან, ეს ის ძალაა, რომელსაც ჭკუა ატანს უმეცრებასო...“ და ასე ათამაშებდა ილია გიშერს ბრბოს წინ...
ვინ იცის, იქნებ ის მოდგმათა გამწითლებელი სირცხვილიც ილიას სიკვდილისა არ გვენახა, ეს ასე რომ არ ყოფილიყო. ჩვენი საზოგადოება მიეჩვია ამნაირ მდგომარეობას საგნებისას. თითქო ეს ასეც უნდა ყოფილიყო, თითქო ნორმული იყო ის, რომ საუკეთესო ადამიანები არა თავის პროფესიას კიდებდნენ ხელს.
აკაკი წერეთელს ვერ აპატიეს, რომ ის უსაქმო დაიარებოდა (უსაქმო, რასაკვირველია, ძალიან ვიწრო აზრით). დორბლს ყრიდენ პირიდან, როცა აკაკი თავს ფუტკარს ადარებდა და უზრუნველ პეპელას, როცა ამბობდა ცას წმიდა სანთელს ვუმზადებ, პატარა საქმეებისთვის არ მცალიანო. რამდენი თქმულა ამაზე, რამდენი დაწერილა, რამდენის წვირიან ჩექმას გაუსეირნებია პოეტის სპეტაკ სულზე... მაგრამ აკაკი მაინც არ მიდრიკა; ვერც დაცინვამ, ვერც გაჭირვებამ ვერ გატეხა ამაყი სული, მაგრამ ეს იმიტომ რომ აკაკი - აკაკი იყო, გაუტეხელ, მტკიცე ნების.
ნიკო ნიკოლაძეს უსაყვედურეს, რატომ დაანებე მწერლობას თავი და საქმიანობაში ჩაძვერიო. კულტურაა, უიმისოდ არც დიდი ნაწარმოების შექმნა შეიძლება. შოთა რუსთაველი გულში ატარებდა ჰარმონიას, მაგრამ იმან ალგებრაც იცოდა, იმან იცოდა ბერძნული ფილოსოფია, არაბული მეცნიერება და რამდენიმე კიდევ სხვა. იმიტომ არა, რომ საუკუნეები ვერ აყვითლებენ ცეცხლსი ფურცლებს: აკაკი და ილია უაღრესად კულტუროსანნი იყვენ: მათ ჰქონდათ მემკვიდრეობითი კულტურა როგორც თავადებს, და, ამის გარდა, ისინი მისდევდენ საუკუნეს. დღეს, როდესაც შეიქმნა ერთგვარი მუზეუმის სული (Музеиная душа) ამ ჰაეროპლანების დროში, როცა იქმნება სკოლა მეცნიერულ პოეზიის (ფრანგი პოეტის რენე გილის), რომელიც ყოველ შემთხვევაში მომასწავებელია ახალ ერის დაწყებისა, - დღეს ვერ დაგაკმაყოფილებს ბუკოლიკა. ვაჟა-ფშაველა, მართალია, ბუკოლიკას პოეტი იყო, მაგრამ ის იყო გენია და, მერე, არც ისე ყოფილა ჩამორჩენილი, როგორც ზოგს ჰგონია. მოიგონეთ, რომ ვაჟას ესმოდა ამერიკელი ფანტასტი ედგარ პო და სთარგმნა მისი პოემა: „ყორანი“. ამის გარდა, ის აღზრდილი იყო კლასიკურ მწერლობის ტრადიციებზე. მან სთარგმნა ვ. შილერის „ორლიანელი ქალწული“.
დღეს მოდის ჩვენ მწერლობაში არმია. არმია, რომელმაც პოეტის ერთი ცნობილი თქმა ასე გადააკეთა: შეიძლება წერა-კითხვა არ იცოდე, მაგრამ პოეტობა აუცილებელიაო.
ეს ცუდი ნიშანია!..
და დადის ეს ბოჰემა სოფლიდან სოფლად, როგორც კომედიანტების ხროვა, იწყობა დილა-საღამოები, იკითხებიან ეს ლექსები სადაც გინდა, „და ხანდახან პანაშვიდებზეაც“. და ვინ გინდათ, რომ ამ საღამოებზე პოეტობას არ იჩემებდეს... ამას შეუძლია გარყვნას ერის სული.
ამ ბოჰემიელებში მაინც ურევიან დიდი სულის პატრონებიც. იმათ უფრო მეტი ნიჭი აქვთ სიმღერის, ვინემ არსებობისთვის ბრძოლის მხოლოდ მათი გზა, გზაა დაწყევლილი ბოჰემისა. ჩვენ სხვისთვის დაგვითმია როლი, რომ ქართველ საზოგადოებას შეაგონოს უზრუნველ-ყოფა ქართულ აზრის მომუშავეთა, ეს უნაყოფო შრომა იქნება.
მხოლოდ ჩვენ ვითხოვთ: როცა უცხოეთში თვალს მოავლებთ მწერალ-ბიბლიოთეკათ, მეცნერებს და პოლიტიკურ მოღვაწეთ და იტყვით: „ჩვენში რა ჯანდაბა ხდებაო“, იფიქრეთ, რომ ჩვენ გვყვანან მოჯამაგირე მწერლები, რომელნიც შავ სამუშაოს ალევენ დღეებს, რომ ჩვენი მწერლები სამი დღით წინ ფიქრობენ ხვალინდელ სადილზე. ჩვენმა სტუდენტებმა უნივერსიტეტი კანტორაზე შესცვალეს, რადგან დარწმუნდნენ, რომ სახარების მინდვრის ზამბახები, რომელნიც ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობენ, მოჭორილი ამბავია.
და ასე ამბობენ მოჯამაგირეები, ბოჰემები, კანტორის მოსამსახურეები: - თუ არას მოგვცემ, ნუ გცემ მაინც; ჩვენ გვგონია, ამის უფლება გვაქვს, რომ მოვითხოვოთო!..
გაზეთი „საქართველო“, 1915წელი, #137