ორჰან ფამუქი - დოსტოევსკის საზარელი ეშმაკნი და ძმები კარამაზოვები

დოსტოევსკის საზარელი ეშმაკნი 

„ეშმაკნი“, ჩემი აზრით, ყველა დროსი უდიდესი პოლიტიკური რომანია. პირველად ოცი წლის ასაკში წავიკითხე. იმის აღსაწერად, თუ რა გავლენა იქონია მან ჩემზე, ერთადაერთი რამ შემიძლია ვთქვა: თავზარი დამეცა, შევშინდი, შევძრწუნდი და ბოლომდე ვირწმუნე მისი. ასეთი ღრმა გავლენა სხვა რომანს ჩემზე არ მოუხდენია; არც ერთი სხვა ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ადამიანის სულის შესახებ ამდენი რამ არ შემიტყვია.

ძალაუფლებისადმი წყურვილი; პატიების უნარი; სხვებისა და საკუთრი თავის მოტყუების უნარი; სიყვარული და სიძულვილი რწმენისადმი; რწმენის აუცილებლობა; ლტოლვა სიწმინდისა და ბიწიერებისაკენ. ყველაზე მეტად იმან შემძრა სულით ხორცამდე, რომ დოსტოევსკის თვალსაზრისით ყველა ეს თვისება - სიცრუისა და სიკვდილის ჩათვლით - თანაარსებობს და მტკიცედ აქვს ფეხი გადგმული პოლიტიკაში. ვეთაყვანებოდი დოსტოევსკის გენიას; იმას, რომ ერთ რომანში ეს ყოველისმომცველი სიბრძნე ჩაატია. სწორედ ეს არის ლიტერატურის უმთავრესი ღირსება: დიდი რომანები ახალი სამყაროს კარს გვიხსნიან და იქ მათ გმირებთან თაანრსებობის საშუალებას გვაძლევენ; გვჯერა ამ სამყაროების არსებობისა და მათი გმირების რეალურობისა. მგზნებარედ ვირწმუნე დოსტოევსკის წინასწარმეტყველური ხმა, დავიჯერე მისი გმირების რეალურობა და გავიგე, რატომ აქვთ მათ აღსარების თქმის საოცარი სურვილი.

უფრო რთული ასახსნელია, რატომ გამიჩინა ამ რომანმა ასეთი შიში გულში. განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია თვითმკვლელობის მტანჯველმა სცენამ (სანთელი ქრება, გვერდით ოთახში ვიღაც იმალება და სიბნელიდან შეჰყურებს განვითარებულ მოვლენებს) და შიშით ნაკარნახევი მკვლელობის შემზარავმა სურათმა. ალბათ, შემძრა იმ სისწრაფემ, რომლითაც რომანის გმირები გრანდიოზული იდეების მქონე ადამიანებიდან პატარა არსებებად გარდაიქმნებიან და თავიანთი პროვინციული ცხოვრებით აგრძელებენ ცხოვრებას, შემაკრთო გამბედაობამ, რომელსაც დოსტოევსკი თავის გმირებში კი არა, თავის თავში ხედავდა. ამ რომანის კითხვისას ყველაზე ჩვეულებრივი ცხოვრების ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი გმირებს დიადი იდეებიდან გამომდინარე გვეჩვენება. სწორედ ამ კავშირებს შევყავართ საშიშ, პარანოიდულ სამყაროში, რომელშიც ყველა აზრი და უდიდესი იდეალი ერთმანეთშია გადახლართული. ეს წიგნი სავსეა საიდუმლო ორგანიზაციებით, დაჯგუფებებით, რევოლუციონერებითა და დამსმენებით. ეს შიშის მომგვრელი სამყარო, რომელშიც ყველა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ერთგვარი შირმაა და კარი, რომლის მიღმაც ჭეშმარიტება იმალება; ამ სამყაროს მიღმა სხვა სამყარო არსებობს, რომელშიც ადამიანის თავისუფლებისა და ღმერთის არსებობის ეჭვქვეშ დაყენებაც კი შეიძლება. ამ რომანის, „ეშმაკნის“, გმირი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს იმისათვის, რომ ამ ორივე დიადი აზრის - ადამიანის თავისუფლებისა და ღმერთის არსებობის ჭეშმარიტება დაამტკიცოს. ალბათ, არ მოიძებნება მკითხველი, რომელიც ამ შთამბეჭდავი სცენის დავიწყებას შეძლებს. ასევე ძნელად თუ მოიძებნება მწერალი, რომელიც ასეთივე ოსტატობით შეძლებს რწმენის, აბსტრაქტული იდეების, ფილოსოფიური წინააღმდეგობების პერსონიფიცირებასა და დრამატიზებას.

დოსტოევსკიმ რომანზე „ეშმაკნი“ მუშაობა 1869 წელს, ორმოცდარვა წლის ასაკში დაიწყო. „იდიოტის“ წერა ახალი დამთავრებული ჰქონდა და რომანიც უკვე გამოქვეყნებული იყო. ამ დროისათვის მას „მარადი ქმარიც“ დაწერილი ჰქონდა. ევროპაში ცხოვრობდა (ფლორენციასა და დრეზდენში), სადაც ორი წლით ადრე მევალეებს გამოექცა და შედარებით მშვიდ გარემოში მუშაობდა. აპირებდა რომანის დაწერას რწმენისა და ურწმუნოების შესახებ; რომანისათვის უნდა დაერქმია „ათეიზმი, დიდი ცოდვილის ცხოვრება“. გული ღვარძლით ჰქონდა სავსე ისეთი ნიჰილისტების მიმართ, რომელთაც ნახევრად ანარქისები, ნახევრად ლიბერალები შეიძლება ვუწოდოთ. იგი პოლიტიკურ რომანს წერდა და ამასხარავებდა მათ სიძულვილს რუსული ტრადიციების მიმართ, აბუჩად იგდებდა მათ სიყვარულს ყველაფერ დასავლურისადმი და მათ მცირემორწმუნოებას. ცოტა ხანში მწერალს ამ რომანისადმი ინტერესი გაუნელდა, მაგრამ სხვა შემთხვევამ (როგორც ეს გადასახლებაში ხდება ხოლმე) შთაგონება მისცა. ერთი პოლიტიკური მკვლელობის შესახებ ჯერ რომელიღაც რუსულ გაზეთში წაიკითხა, მოგვიანებით კი თავისი ცოლის მეგობრისგანაც მოისმინა მის შესახებ. იმ წელს უნივერსიტეტის ერთი სტუდენტი, გვარად ივანოვი, ოთხმა მეგობარმა მოკლა, რადგან ეჭვობდნენ, რომ იგი პოლიციასთან თანამშრომლობდა. ამ რევოლუციურ დაჯგუფებას, რომლის წებრებიც ერთმანეთს ხოცავდნენ, ხელმძღვანელობდა ჭკვიანი, გაიძვერა, ვერაგი ნეჩაევი. ნაწარმოებში „ეშმაკნი“ ნეჩაევს ვერხოვენსკი განასახიერებს. რომანშიც, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, მან და მისმა მეგობრებმა (ტოლჩენკომ, ვირგინსკინ, შიგალოვმა და ლაშინმა) დასმენაში ეჭვმიტანილი შატოვი პარკში მოკლეს და გვამი ტბაში გადააგდეს.

ამ მკვლელობამ დოსტოევსკის რუსი ნიჰილისტებისა და მედასავლეთეების რევოლუციური და უტიპიური იდეები და მათ მიღმა მიმალული ძალაუფლების წყურვილი დაანახა - მეუღლეებზე, მეგობრებზე, გარემოცვასა და მთელ სამყაროზე ბატონობის დაუოკებელი სურვილი. ახალგაზრდობაში, როდესაც მემარცხენეთა იდეებს ვიზიარებდი, „ეშმაკნის“ წაკითხვისას მომეჩვენა, რომ ეს რომანი ასი წლის წინანდელ რუსეთზე კი არა, თურქეთზე იყო დაწერილი; თურქეთზე, რომელიც ქედს უხრიდა ძალადობაზე დაფუძნებულ რადიკალიზმს. მომეჩვენა, რომ დოსტოევსკი პირადად მე მეჩურჩულებოდა ყურში, მასწავლიდა სულის საიდუმლო ენას, რადიკალთა საზოგადოებისაკენ მექაჩებოდა, რომლებიც, ერთი მხრივ, სამყაროს შეცვლის სურვილით იყვნენ შეპყრობილი, მეორე მხრივ კი საიდუმლო ორგანიზაციებში იყვნენ ჩაკეტილი და ნეტარებას განიცდიდნენ, რამეთუ მათ რევოლუციის სახელით სხვათა მოტყუება შეეძლოთ; ისინი ძრახავდნენ და ამცირებდნენ ყველას, ვინც მათ ენაზე არ ლაპარაკობდა ან მათ აზრებს არ იზიარებდა. მახსოვს, როგორ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: რატომ არავინ ლაპარაკობდა შთაგონების შესახებ ამ წიგნში? ეს წიგნი ჩვენს თანამედროვეობაზე უამრავ რამეს გვეუბნება, თუმცა მემარცხენეთა წრეებში მას უგულებელყოფდნენ და ალბათ ამიტომაც იყო, რომ მისი კითხვისას მეჩვენებოდა, თითქოს წიგნი ყურში რაღაც საიდუმლოს მეჩურჩულებოდა.

ჩემს შიშებს სხვა, პირადული მიზეზებიც ჰქონდა. ამ დროს - ანუ ნეჩაევის მიერ მოწყობილი მკვლელობიდან და „ეშმაკნის“ გამოქვეყნებიდან ასი წლის შემდეგ - თურქეთში მსგავსი დანაშაული რობერტის კოლეჯში მოხვდა. რევოლუციური დაჯგუფების წევრები, რომელთა შორისაც ჩემი კლასელებიც ერივნენ, ერთ-ერთი წევრის გამცემობასა და მოღალატეობაში დარწმუნდნენ (დაარწმუნა ერთმა ჭკვიანმა და გაიძვერა „გმირმა“, რომელიც მოგვიანებით სადღაც აორთქლდა); ერთ ღამეს მას კეტით თავი გაუპეს და გვამი ჩემოდანში ჩატენეს, მაგრამ შორს ვერ წავიდნენ, მაშინ დააკავეს, როდესაც ბოსფორზე ნიჩბებიანი ნავით გადადიოდნენ. ამ დროს ერთი აზრი ამოძრავებდათ და ამ აზრის გამო ჩაიდინეს ეს მკვლელობაც: „ყველაზე საშიში მტერი ჩვენი ახლობელია, ის, რომელიც ჩვენ რიგებს პირველი ტოვებს“ - მე ეს დოსტოევსკის სწორედ ამ რომანში მქონდა წაკითხული და ახლა ვგრძნობდი, რომ ეს ასე იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ერთ ჩემს მეგობარს, ამ დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს, ვკითხე, წაკითხული ჰქონდა თუ არა „ეშმაკნი“, რომლის სიუჟეტიც თავად სრულიად უნებურად გაიმეორეს, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, რომანები მას საერთოდ არ აინტერესებდა.

რომანში აღწერილი ძალადობისა და მისით მოგვრილი შიშის მიუხედავად, „ეშმაკნი“ მწერლის ყველაზე საოცარი, ყველაზე სატირული რომანია. დოსტოევსკი სრულქმნილი სატირიკოსია, განსაკუთრებით მასობრივი სცენების აღწერისას. კარმაზინოვის სახეში მან ტურგენევის მწვავე კარიკატურა შექმნა, რომელთანაც ცხოვრებაში მეგობრობაც აკავშირებდა და სიძულვილიც. დოსტოევსკის არ უყვარდა მდიდარი მემამულე ტურგენევი, რომელიც ნიჰილისტებსა და მედასავლეთეებს თანაუგრძნობდა და (დოსტოევსკის აზრით) რუსულ კულტურას ზემოდან დასცქეროდა. დოსტოევსკიმ „ეშმაკნით“ გარკვეულწილად „მამებსა და შვილებთან“ გამართა ერთგვარი პოლემიკა.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის ძლიერ აღიზიანებდნენ მედასავლეთენი და მემარცხენე ლიბერალები, იგი ხუთი თითივით იცნობდა მათ და ამის გამო დროდადრო მათზე სიყვარულითაც კი ლაპარაკობდა. სტეპან ტროფიმოვიჩის აღსასრულს და მის შეხვედრას რუს გლეხობასთან, რომელზეც იგი აგრერიგად ოცნებობდა, ისე გულითადად აღწერს, რომ მკითხველი, რომელსაც მთელი რომანის განმავლობაში აღიზიანებდა ამ კაცის პრეტენზიულობა, მისით აღტაცებაში მოდის. შესაძლებელია, ამ სცენით დოსტოევსკი ემშვიდობებოდა მედასავლეთე ინტელექტუალს, რევოლუციონერსა და მაქსიმალისტს, მის მისწრაფებებს, შეცდომებსა და პრეტენზიებს.

„ეშმაკნი“ ყოველთვის მიმაჩნდა და დღემდე მიმაჩნია წიგნად, რომელიც ფარდას ხდის რადიკალური ინტელიგენციის (რომელიც ცენტრიდან შორს, ევროპის კიდეზე ცხოვრობს, ევროპელობაზე ოცნებობს და ეჭვი შეაქვს ღმერთის არსებობაში) იმ სამარცხვინო საიდუმლოს, რომლის დაფარვასაც ისინი თავად მუდამ ცდილობდნენ.


ძმები კარამაზოვები

კარგად მახსოვს, „ძმები კარამაზოვები“ პირველად თვრამეტი წლის ასაკში წავიკითხე. ბოსფორის პირას მდებარე სახლში მარტო ვიყავი. ჩემთვის ეს დოსტოევსკის პირველი ნაწარმოები იყო. მამას ბიბლიოთეკაში, ცნობილი მთარგმნელის, კონსტანს გარნეტის ინგლისურ ენაზე შესრულებულ თარგმანთან ერთად, 1940-იანი წლების თურქული თარგმანიც ინახებოდა. ამ წიგნის სათაური რუსეთის უცნაურობას - მის განსხვავებულობას და ძლიერებას - მაგონებდა და კარგა ხნის განმავლობაში თავისკენ მიხმობდა.

ყველა უდიდესი რომანის მსგავსად, „ძმებმა კარამაზოვებმაც“ თავდაპირველადვე ორი სრულიად განსხვავებული განცდა გამიჩინა: ვიგრძენი, რომ ამ ქვეყანაზე მარტო არ ვიყავი, მაგრამ, ამავე დროს, უმწეოდ და ყველასაგან მოწყვეტილადაც ვიგრძენი თავი. როდესაც ამ რომანის ხილულ სამყაროში გადავეშვებოდი ხოლმე, ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი, რადგან (როგორც ეს საერთოდ უდიდეს რომანებში ხდება) მასში ჩადებული აზრები თავადაც მომსვლია თავში; მისი სცენები თითქოს თავად გადამხდენია, ყველაფერზე თითქოს თავად მიფიქრია; ამ წიგნის ფანტასმაგორია თითქოს ჩემს მოგონებებში არსებობდა. მაგრამ ამ წიგნმა სხვა, მანამდე ჩემთვის ფარული რამაც გამიმჟღავნა; ისეთი რამ მითხრა, რაზეც ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს. სწორედ ამ დროს ვგრძნობდი თავს ეულად. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ეს წიგნი ჩმამდე არავის წაეკითხა. მეგონა, დოსტოევსკი იდუმალ რაღაცეებს ჩამჩურჩულებდა ცხოვრებისა და ადამიანობის შესახებ, ისეთ რამეს მეუბნებოდა, რაც არავინ იცოდა და მხოლოდ ჩემთვის იყო გამიზნული - ამ რომანმა ისე დამატყვევა, რომ როდესაც მშობლებთან ერთად ვახშამს მივუჯდებოდი ხოლმე, ან ტექნიკური უნივერსიტეტის (სადაც არქიტექტურას ვეუფლებოდი) კორიდორებში პოლიტიკაზე ვსაუბრობდი, უცბად ვგრძნობდი, რომ ვცახცახებდი; წიგნი მეძახდა და ვხვდებოდი, რომ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა: წიგნის ფართო და ძლიერ სამყაროსთან შედარებით ჩემი საკუთარი პრობლემები უმნიშვნელო იყო. ლამის მეთქვა, ისეთ წიგნს ვკითხულობ, რომელმაც მთლიანად შემძრა და ჩემს ცხოვრებასაც სხვა კალაპოტით წაიყვანს-მეთქი. ბორხესისა არ იყოს, „დოსტოევსკის პირველად აღმოჩენა პირველი სიყვარულის პოვნას, ან ზღვის პირველ დანახვას ჰგავს - იგი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტია“. დოსტოევსკის პირველი წაკითხვა უმანკოების დაკარგვას ჰგავს.

რა საიდუმლო ჩამჩურჩულა დოსტოევსკიმ „ძმები კარამაზოვებითა“ და თავისი სხვა უდიდესი რომანებით? იმის თქმა ხომ არ უნდოდა, რომ ყოველთვის ღმერთისა და რწმენის ძიებაში უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს არ ძალუძს, ბოლომდე რამე იწამოს? ჩვენში ხომ არ არის ჩასახლებული ეშმაკი, რომელიც ჩვენს ყველა ღრმა რწმენას ებრძვის? ხომ არ ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ბედნიერება არც ვნებაშია, არც სიყვარულში და არც გენიალურ აზრებში; ის სრულიად სხვაგან - თავმდაბლობასა და მორჩილებაშია.

ან იმას ხომ არ მეუბნებოდა, რომ ადამიანები განუწყვეტლივ მერყეობენ ორ პულუსს - იმედსა და უიმედობას, სიყვარულსა და სიძულვილს, წარმოსახვითსა და რეალურს, მიზანდასახულობასა და ყოყმანს - შორს? უნდა მერწმუნა თუ არა, რომ ადამიანები, კარამაზოვების მამის მსგავსად, ტირილისასაც კი არ არიან გულწრფელნი? ტირილის დროსაც კი თამაშობენ? თუ დოსტოევსკიმ აგრერიგად შემაძრწუნა, შემაძრწუნა იმის გამო, რომ თავისი სიბრძნისა და სიმართლის გადმოსაცემად არა აბსტრაქტული, არამედ სრულიად რეალური პერსონაჟები შექმნა. „ძმები კარამაზოვების“ კითხვისას უნებლიედ ერთი უკიდურესობიდან მეორეში და ნუთუ ფორმულა - ყველაფერი ან არაფერი - თავად დოსტოევსკისა და მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთის ინტელექტუალების სულიერ მდგომარეობას გამოხატავს; ანუ იმ დროის, როდესაც ქვეყანაში სოციალური კრიზისი სუფევდა. მისი გმირების სულიერ კრიზისს საკუთარ სულში ვგრძნობდი და განვიცდიდი. დოსტოევსკის წაკითხვა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, გასაოცარ აღმოჩენებს ნიშნავს. „ძმები კარამაზოვების“ (მისი სხვა რომანების მსგავსად) სიუჟეტი საგულდაგულოდ არის დაგეგმილი, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, მაინც ვხედავთ, რომ რომანში განვითარებული მოვლენები მუდმივად ცვალებად, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სამყაროში ხდება.

ზოგიერთი მწერლისათვის სამყარო სრულქმნილი, დასრულებული რამ არის. ფლობერისა და ნაბოკოვის მსგავს რომანისტებს ნაკლებად აინტერესებთ სამყაროს მმართველი, ფუნდამენტალური წესები და სტრუქტურები; მათთვის მთავარი მისი ფერების, მასში არსებული სიმეტრიის, შუქჩრდილების, შენიღბული ირონიის გადმოცემაა. მათ ნაკლებად აინტერესებთ ცხოვრების კანონები და სამყარო თავისი სტრუქტურითა და ტექსტურით. ფლობერისა და ნაბოკოვის კითხვისას ადამიანს სიამოვნებს ავტორების მიერ გადმოცემული ყოველი დეტალი, ყურადღება, რომელსაც ისინი მათ უთმობენ და მათი თხრობის დახელოვნებული მანერა.

ნეტა იმის თქმა შემეძლოს, რომ მწერალთა მეორე კატეგორიაც არსებობს, რომლის რიგებშიც დოსტოევსკიც დგას. მაგრამ ამას ვერ ვიტყვი; ვერც იმას ვიტყვი, რომ დოსტოევსკი ამ კატეგორიის ყველაზე ბრწყინვალე და საინტერესო წარმომადგენელია: იგი ამ კატეგორიის ერთადერთი წარმომადგენელია. დოსტოევსკის მსგავსი მწერლებისათვის სამყარო მუდმივ მოძრაობაში, ჩამოყალიბების პროცესში მყოფი რამ არის; იგი დაუსრულებელია; მას რაღაც აკლია. იგი ჩვენს საკუთარ სამყაროს ჰგავს, რომელიც მუდმივად ვითარდება და რომლის სიღრმეებშიც გამუდმებით რაღაცას ვეძებთ. ვეძებთ, რათა სამყაროს მმართველი კანონები შევიცნოთ, ვეძებთ კუნჭულს, სადაც ჩვენი საკუთარი წარმოდგენებით ვიცხოვრებთ, სადაც თავად დავადგენთ, რა არის სწორი და რა - არასწორი. ვგრძნობთ, რომ ჩვენც იმ სამყაროს ნაწილი ვართ, რომლის შეცნობასაც ეს წიგნი ცდილობს. მაგრამ ამავე დროს იმასაც ვგრძნობთ, რომ ჩვენც ამ ნახევრად დასრულებული სამყაროს ნაწილი ვართ. რომანთან ჭიდილისას არა მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სამყაროში გამეფებულ შიშსა და გაურკვევლობას, არამედ მასზე პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ; ამ წიგნთან ჭიდილი საკუთარი თავის შეცნობისათვის ბრძოლას ჰგავს. ამიტომაც არის, რომ დოსტოევსკის კითხვისას გვაშინებს ის, რასაც საკუთარი თავის შესახებ ვიგებთ: ცალსახად დადგენილი წესები არ არსებობს.

ახალგაზრდობაში ადამიანები დაჟინებით ცდილობენ იპოვონ პასუხები ისეთ შეკითხვებზე, როგორებიცაა: რას ნიშნავს რაღაცის რწმენა? საით მივყავართ ღმერთის ან რელიგიის რწმენას? რას უნდა ვემსახურებოდეთ ცხოვრების ბოლომდე? როგორ მოვიყვანოთ ჰარმონიაში ეს მეტაფიზიკური საკითხები საზოგადოებრივ და ყოველდღიურ ცხოვრებაში? - ეს კითხვები დოსოევსკისაც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა. „ძმებ კარამაზოვებში“ კი იგი ამ საკითხებს უწინდელზე სიღრმისეულად და ყველა რაკურსში იკვლევს. „ძმები კარამაზოვები“ ფუნდამენტალური ნაშრომია, რომელიც ადამიანმა სიყმაწვილეშივე უნდა წაიკითხოს. იგი იმ აგონიას, შიშსა და დაფარულ სურვილებს ასახავს, რომლებიც ყველაზე მეტად ახალგაზრდობის წლებში გვეძლება ხოლმე - ამ ნაწარმოების კითხვისას ახალგაზრდა მკითხველი ერთგვარ შოკს განიცდის. ფროიდი დოსტოევსკისადმი მიძღვნილ თავის ცნობილ ნარკვევებში, რომელშიც „ძმები კარამაზოვების“ სიდიადესა და მნიშვნელობაზე საუბრობს, პარალელებს ავლებს სოფოკლეს (ოიდიპოსს), შექსპირის (ჰამლეტს) და დოსტოევსკის შორის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა ამ ნაწარმოებს ძალასა და სიდიადეს მამის მკვლელობის თემა ანიჭებს.

ეს ნაწარმოები თავის ხიბლს არასდროს კარგავს. მისი წაკითხვა ზრდასრულ ასაკშიც, მაშინ, როდესაც ჩვენი გონება მომწიფებული და ჩამოყალიბებულია, სასიამოვნოა. მეორედ წაკითხვისას მივხვდი, რა უბადრუკად ეჩვენება დოსტოევსკის ადგილობრივი კულტურა და ტრადიციები მისი თანამედროვე ეპოქის ღირებულებებთან - მეწარმეობასთან, გავლენასთან, ომთან, სკეპტიციზმისა და ამბოხების უფლებასთან - შედარებით. აქ უფრო უხვად და სიღრმისეულადაა წარმოდგენილი „იდიოტში“ წამოჭრილი მრავალი საკითხი: დოსტოევსკი ივან კარამაზოვის პირით გვამცნობს, რომ განათლებულები თავმდაბლობისა და მუდმივი დანაშაულის გრძნობისათვის არიან განწირულები, ხოლო ბრიყვები კი პირდაპირები და შეუვალები არიან. მეორედ წაკითხვისას მივხვდი, რომ მამა კარამაზოვი ისე არ მძაგდა, როგორც ამას დოსტოევსკი ისურვებდა: მისი უხეში მანერები, გულგრილობა შვილებისადმი, სიამოვნებისადმი სწრაფვა და ტყუილებისადმი მიდრეკილება მხოლოდ ღიმილს მგვრიდა - იგი ცხოვრებისგან გარიყულად და, ამავდროულად, მასთან მჭიდროდ დაკავშირებულად მეჩვენებოდა. უდიდეს მწერალთა უმრავლესობა იმის საპირისპიროზე წერს, რისიც თავად სჯერა და სწამს, ან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკუთარ ფასეულობებს, რის გამოც გვეჩვენება, რომ ისინი მათ წინააღმდეგ გამოდიან. როდესაც „ძმებ კარამაზოვებში“ დოსტოევსკი გმირებს შორის არსებულ კონფლიქტსა და მათ დიდ ტკივილს აღწერს, იგი უდიდეს გამოცდას უწყობს საკუთარ მრწამსს. უნებურად გიჩნდება შიში დოსტოევსკის უნარის წინაშე, შექმნას ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ხასიათები და პერსონაჟები და მკითხველის გონებაში ისინი ყველა დეტალისა და ფერის გათვალისწინებით გააცოცხლოს, მათი ნაუბარი კი დამაჯარებელი გახადოს. სხვა მწერლები - მაგალითად, დიკენსი - ძალიან შთამბეჭდავ პერსონაჟებს ქმნიან, რომლებიც არასდროს გვავიწყდება, მაგრამ ისინი მხოლოდ მათი უცნაური და საინტერესო თვისებებით გვამახსოვრდება. დოსტოევსკის სამყაროში კი მისი გმირების ტანჯული სული გვიპყრობს და გვაჯადოებს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ძმები კარამაზოვები სულიერადაც ძმები არიან. ამიტომაც მკითხველი ცდილობს, მათ შორის ამოირჩიოს ერთი, მერე ამ ერთში საკუთარი თავი ამოიცნოს, ილაპარაკოს მასზე, ეკამათოს მას - ამასობაში კი ხვდება, რომ თუნდაც ერთ კარამაზოვთან კამათი თავად ცხოვრებასთან კამათს ნიშნავს.

ახალგაზრდობაში საკუთარ თავს ყველაზე მეტად ალიოშასთან ვაიგივებდი, რადგან მესმოდა მისი გულის სისპეტაკე, მისი სურვილი, ყველა ადამიანში მხოლოდ კარგი დაენახა, სურვილი, ყველსათვის გაეგო. მაგრამ ჩემმა ერთმა ნაწილმა იცოდა, რომ „იდიოტის“ გმირის, თავად მიშკინის მსგავსად, ასეთი სისპეტაკის მიღწევა დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ამგვარად მივხვდი, რომ თეორიტიკოსი, წიგნებზე მიჯაჭვული მაქსიმალისტი ივანი სულიერად ჩემთან სხვებზე ახლოს იდგა. ყველა გაჯავრებულ, ღარიბ, არაევროპულ ქვეყანაში მცხოვრებ, წიგნებში ჩაფლულ ახალგაზრდას ივანისეული დაუნდობელი ცივსისხლიანობა ახასიათებს. ივანში ჩანს პოლიტიკურ შეთქმულთა აჩრდილებიც, რომლებიც დოსტოევსკიმ თავის რომანში „ეშმაკნი“ გააშიშვლა და რომლებიც ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ რუსეთს ჩაუდგნენ სათავეში. ეს ის ხალხი იყო, ვინც დიადი იდეალების მისაღწევად ნებისმიერი უკიდურესი საქციელისთვის, ყველაზე დიდი სისასტიკისთვისაც კი მზად იყო. მაგრამ იგი მაინც კარამაზოვია; ერთ-ერთი ძმაა, ყველანაირი მრისხანების, ვნებისა და ექსცესების მიუხედავად, იგი სიყვარულით გულდაკოდილი კაცია და თანაგრძნობა სჭირდება. უფროსი ძმა, დიმიტრი, ყველაზე მომწიფებულ და ჩემგან შორს მდგომ გმირად მიმაჩნდა. მასზე აზრი არც ახლა შემცვლია. იგი მიწიერი პიროვნებაა და ამ მხრივ ძალიან ჰგავს თავის მამას; მამა-შვილს შორის ქალის გულისათვის გაჩენილი შუღლი მას ყველაზე რეალურ გმირად აქცევს, რის გამოც მისი დავიწყებაც ყველაზე ადვილია. მას შემდეგ, რაც ვხვდებით, რაოდენ ჰგავს იგი თავის მამას, მისი პრობლემები ყველაზე ნაკლებ გვაღელვებს - ამ პრობლემებს ჩვენი სულის სიღრმეში ვერც ვხედავთ. ყველაზე მეტ შიშს მათი ნახევარძმა (უკანონო), ხელზე მომსახურე ბიჭი - სმერდიაკოვი აღმიძრავს. იგი გვახსენებს, რომ შესაძლებელია, ჩვენს მამებსაც ჰქონდეთ სხვა, ჩვენთვის უცნობი ცხოვრება; იგი იმ შიშსაც განასახიერებს, რომელიც მდიდრებს ღარიბების მიმართ აქვთ; ეჩვენებათ, რომ ღარიბები უთვალთვალებენ, სჯიან და კიცხავენ. დაუნდობელი და ზუსტი ლოგიკა, რომელსაც სმერდიაკოვი მკვლელობის შემდეგ ამჟღავნებს, გვიჩვენებს, რომ მეორეხარისხოვანმა გმირმა, საკუთარი მახვილგონიერებისა და ინტუიციის წყალობით, შეიძლება, მოვლენების განვითარებაში უმთავრესი როლი შეასრულოს.

„ძმები კარამაზოვების“, ერთი პროვინციული ოჯახის დრამატული ისტორიის, წერისას დოსტოევსკი ისეთი პოლიტიკური და კულტურული დილემების წინაშე აღმოჩნდა, რომლებიც მთელი ცხოვრება თან სდევდა მას. მაშინ, როდესაც ამ წიგნს წერდა, იგი რუსეთის უდიდესი რომანისტი იყო (ტოლსტოისთან ერთად), თუმცა ეს ფაქტი საზოგადოებამ მხოლოდ მისი სიცოცხლის მიწურულსღა აღიარა. ამ რომანის დაწერამდე დოსტოევსკი გამოსცემდა ჟურნალს, სახელწოდებით „მწერლის დღიური“. სწორედ ამ ჟურნალში აქვეყნებდა იგი თავის აზრებს, კრიტიკულ წერილებსა და მხატვრულ სკეტჩებს პოლიტიკის, კულტურის, ფილოსოფიისა და რელიგიის შესახებ. მეუღლის დახმარებით, მან თავისი ბოლო წიგნები გამოაქვეყნა და ეს ჟურნალიც გამოუშვა, რომელიც მთელ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ლიტერატურულ-ინტელექტუალური გამოცემა იყო და საკმაო შემოსავალიც მოჰქონდა. დოსტოევსკი ახალგაზრდობაში მემარცხენე, მედასავლეთე ლიბერალი იყო, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლებში პანსლავიზმის მომხრე და დამცველი გახდა; იქამდეც მივიდა, რომ მეფეს იცავდა, რომელმაც 1861 წელს, ყმების გათავისუფლებით, დოსტოევსკის ახალგაზრდობისდროინდელი ოცნება აუხდინა (და რომელმაც 1849 წელს დოსტოევსკი შეიწყალა, მაშინ, როდესაც პოლიტიკური საქმიანობის გამო სიკვდილით დასჯას უპირებდნენ). დოსტოევსკი ძლიერ ამაყობდა იმ უმნიშვნელო ურთიერთობით, რაც სამეფო ოჯახთან ჰქონდა. როგორც კი რუსეთისა და ოტომანთა იმპერიას შორის პანსლავური ომის დაწყების შესახებ შეიტყო (1877-78 წლებში), დოსტოევსკიმ ტაძარს მიაშურა და თავისი ხალხისათვის მხურვალედ ილოცა (თურქეთში ჩვეულებადაც კი იქცა „ძმები კარამაზოვების“ თარგმანში სხვადასხვა დროს იმ სიტყვების ამოღება ან გადაკეთება, რომლებსაც იგი ომის ქარ-ცეცხლის დროს თურქების წინააღმდეგ წარმოთქვამს). ორმოცდაათი წლის ასაკში, როდესაც დოსტოევსკი უამრავი მკითხველისა და თაყვანისმცემლის წერილებს იღებდა, როდესაც მას უკვე მტრებიც კი პატივს სცემდნენ, იგი თავს დაღლილად და მოხუცად გრძნობდა, „ძმები კარამაზოვების“ გამოსვლიდან ერთი წლის თავზე კი გარდაიცვალა. წლების შემდეგ მისი მეუღლე იგონებდა, როგორ ადიოდა დოსტოევსკი ოთხ სართულს რეგულარულ ლიტერატურულ კრებებზე დასასწრებად, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი გარჯა ძალზე ღლიდა, არაქათს აცლიდა და სუნთქვაც უჭირდა. ამ ყველაფერს კი უზომო პატივმოყვარეობის გამო აკეთებდა; ძალიან სიამოვნებდა, როდესაც ოთახში მისი შევლისთანავე ყველა ჩუმდებოდა. დაავადებული ღვიძლისა და მისგან გამოწვეული სიყვითლის მიუხედავად, დოსტოევსკი გათენებამდე წერდა, განუწყვეტლივ სვამდა ჩაის და ეწეოდა.

დოსტოევსკის მთელი კარიერა ლიტერატურული საოცრებებითაა აღსავსე; გაუარესებული ჯანმრთელობის მქონე მწერალს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი რომანის დაწერამ, ბოლო, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. ალბათ, არ არსებობს სხვა რომანი, რომელიც ასე დეტალურად აღწერს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას - ოჯახურ დავებს, ფულად პრობლემებს - და, ამავე დროს, მწერლის გენიალურ იდეებს; ალბათ, არც ერთი სხვა რომანი ასე არ იპყრობს ადამიანსი გონებას. ამ რომანს ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, და სიმფონიურ მუსიკასთან ერთად, იგი დასავლური ცივილიზაციის უდიდეს ნიმუშად ითვლება. განა ბედის ირონია არ არის, რომ დოსტოევსკის, ამ უდიდესი რომანის ავტორს, ისევე სძულდა დასავლეთი და ევროპა, როგორც დღევანდელ პროვინციელ ისლამისტებს?

ორჰან ფამუქი - „სხვა ფერები“
გამომცემლობა „დიოგენე“, 2014წ.
მთრგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში