კოტე მარჯანიშვილი - უქრისტიანესი თეატრი

(სალომეას დადგმის გამო)

„ჩვენ დავისვენებთ, ბიძია ვანია... ჩვენ დავინახავთ ზეცას შემკობილს ალმასებით... ჩვენ მოვისმენთ ანგელოსთა ქოროს - (სონია - „ბიძია ვანია“ - ჩეხოვისა)... „მე ვაკოცე შენს ბაგეს, იოქანან“ („სალომეა“ - ოსკარ უაილდი)

აკრძალეს სალომეა! აუკრძალეს ვ.თ. კომისარჟევსკაიას განეხორციელებინა ეს უწმნდესი ხატი, ეს უწმინდესი ქალთა შორის. თქვენ ეს გაღელვებთ, თქვენ პროტესტს აცხადებთ, თქვენ გიკვირთ, - მე კი არას შემთხვევაში არა.

ნუთუ თქვენ აქამდის ვერ გაიგეთ, რომ ჩვენი თეატრი, თეატრი ჩვენი თანამედროვეობისა არის - უქრისტიანესი თეატრი.

ეკლესიის მამები ტყუილად უგზავნიან ანათემას მსახიობებს; მიხვდით, რომ ისინი არიან ყველაზე მორჩილი კრავნი სამწყსოსი, ყველაზე კეთილ მორწმუნენი. თქვენ არ გჯერათ. მაშ ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ფაქტი. მე მყავდა ერთი მეგობარი - ხუცესი, ყველაზე ჩვეულებრივი ხუცესთა შორის. ზომაზე იყო მირონიანი, ზომაზე სვამდა, ზომაზე ქადაგებდა, ზომაზე იგინებოდა... მხოლოდ ერთი ცოდვილი გატაცება ახასიათებდა ამ ხუცესს - მას უზომოდ უყვარდა თეატრი. და აი მოვიდა იგი მოსკოვში, მომნახა მე, და მეოთხე თუ მეხუთე ჭიქის შემდეგ გამომიტყდა, რომ იგი მოკლებულია ძალას წინ აღუდგეს ერთს ცდუნებას: წავიდეს მხატვრულ თეატრში. გადავაცვი ამ ხუცესს პიჯაკი და წავიყვანე „ბიძია ვანია“-ზე. „კარგია“ - მითხრა მან სპექტაკლის შემდეგ, „მართლაც რა საჭიროა აქ ამდენი ბრძნობა. აქ ყველას მიეზღოს ის, რაც ეძლევა; ხოლო დანარჩენი მიეზღოს ყველას ზეცაში“.

და უეცრად სალომეას უარი უთხრეს მიეღო დედამიწაზე ის, რაც მას არასდროს არ მიეცემა უქრისტიანეს ზეცაზე! ცხადია!

თქვენ ფიქრობთ რომ მე ვაჭარბებ, ვამუქებ ფერებს! არასდროს. გადაათვალიერეთ მთელი ჩვენი რეპერტუარი... რა არის ეს თუ არა უქრისტიანესი თავის დამცირება ინტელიგენციისა ზეცაზე მიზღვის მოლოდინში?

დამშვიდდით მამებო! ნუ სწყევლით თანამედროვე თეატრს, არამედ აკურთხებს იგი. ის ემსახურება იმავე საქმეს - თავმდაბლობას ან სიმშვიდეს დედამიწაზე.

ყოველ შემთხვევაში „მხატვრულ თეატრის“ წინაშე თქვენ ვალდებული ხართ, როგორც მისი რეპერტუარისთვის, ისე იმ პატენტისათვის, რომელსაც იგი იძლევა სამოთხეზე.

განდევნეთ ცოდვილიანი, ძირს კომისარჟევსკაია და მისი ძიებანი, აიმაღლეთ ხმა დიაკონის კილოთი: „კათაკმეველნო განვედით“. ეს სამართლიანია; მე ეს არ მაკვირვებს; მაგრამ დანარჩენები აკურთხეთ; ისინი ისეთივე ხუცესები არიან, მასწავლებელნი სიმშვიდის - მოყვარეობისა და მოთმინების.

ასე იყო ეს ოდესღაც: ასე მომიხდა მე დამეწერა სალომეას შესახებ მისი დადგმის წინ, და მაშინ ცენზურამ ამიკრძალა დამებეჭდა ეს.

ხოლო ახლა?

იგივე სალომეა,და მისვლა მეორე მხრით. „რაფინიური დაწყვილებული ესთეტობა... ბურჟუაზიული პიესა, პიესა ბურჟუაზიულ კვარტალის გემოვნებაზე!“

Sic!

გაიწმინდეთ ხედვა. ავტორის გახამებული საყელო და მისი რაფინიური თმის ვარცხნილობა ნუ გახდება თქვენთვის საბურველი, რომელცი დაგიშლით პოეტის შემოქმედების დანახვას. ამ გზით ჩვენ მივალთ იქამდის, რომ ყოველთვის დავარცხნილს და ელეგანტად ჩაცმულს სკრიაბინს ჩვენ გავგზავნით იმავე... ბურჟუაზიულ კვარტალში!

დიახ!

სკრიაბინის მისაღებად საჭიროა გამახვილებული სმენა; სალომეას მისაღებად საჭიროა განვითარებული ტვინი და გახსნილი გული. მაგრამ... ამ ჟამად ჩვენ არ გვეშინია სალომეას დადგმის; მე მსურს ვუთხრა ორი სიტყვა ჩემს ახალგაზრდა მეგობარს ახმეტელს.

თქვენ უკვე აკრძალული ხართ! სალომეა ჯერ არ დადგმულა, და თქვენ კი უკვე აკრძალვის ქვეშ იმყოფებით. აკრძალული ხართ არა მთავრობის მიერ, როგორც კომისარჟევსკაია, არამედ ხელოვნების ეპიხოდოვების მიერ, რომელნიც სალომეაში ვერ ხედავენ ვერც ახალ არქიტექტონიკას, ვერც იმ ღრმა ტრაგიულ პროტესტს ადამიანის სულისა, რომელმაც მოისურვა ბედნიერება ქვეყანაზე, და არ მოინდომა ცდა ზეცამდე.

არაფერია. დადგება დრო, და ის ხელები რომელნიც დღეს მზად არიან ჩაგქოლონ ქვით, დარცხვენილად დაეშვებიან. ეს ის დღეა, როცა ისინი გაივლიან რა ყველა საფეხურს ხელოვნების პირვანდელი ფორმებისა, მივლენ მას ანკარა პირველწყარომდე!

ჩაუფიქრდით. რამდენად შეუფერებელია დამოკიდებულება თანამედროე სინამდვილისა ხელოვნებასთან. თქვენ რომ დაუსვათ საკითხი თანამედროვეობის საკმაოდ განვითარებულ პირებს, თუ რომელ თეატრს სთვლიან ისინი საუკეთესოდ, ისინი თქვენ გულწრფელად გიპასუხებენ: მოსკოვის მხატვრულს, ე.ი. თეატრს უნებისყოფობისა და სიმშვიდისა, ე.ი. ყველაზე უქრისტიანეს თეატრს.

ხოლო ჩვენ, თქვენთან ერთად გავწყვიტოთ კავშირი მასთან, და ვეძიოთ თეატრი ვაჟური, თეატრი დამამტკიცებელი ცხოვრებისა ქვეყანაზე.

გაზ. „რუბიკონი“, 1923, #4 11 თებერვალი

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში