პაოლო იაშვილი - პოეტი საქართველოში

(ფრაგმენტები)

თუ საქართველოს პოეტების ქვეყანა ერქვა, რამდენი იყო ნამდვილი პოეტი?.. მთელი უკანასკნელი ლიტერატურა ამოიწურა, სიტყვებში „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს და ისევ გაიღვიძებს“. ბევრი ქართული ლექსი ან პოეტი მიაღწევს მეოცე საუკუნის ნახევრამდის? ბარათაშვილის „მერანი“ უკვე დაიღალა ორმოცდაათი წლის ჭენებით, ახლა ის ბებერი, ტყავგამხმარი და ფერდებჩაცვენილი ჭაკი ცხენია, და ვიღას გააკვირვებს? მისი უნაგირი ჩიმჩმა დახრა, და მხედარიც ხერხემალმოღუნული, უკანსკნელ დასვენებას ელოდება.

„ქართვლის დედას“ ძუძუები დაუშრა, ისინი ჰკიდიან გალურჯებულ გულის ტყავზე, როგორც ორი რკინის ლაფათქა, და ბავშვებს ეშინიათ მათი მოფერებაც კი. საიდუმლო ბარათს ჩვენი საუკუნე აღარ უპასუხებს და აღმართ-აღმართ სიარული ისე ნელი იყო, რომ მწვერვალამდის ვერ მიაღწია, მეოთხედ გზაზე სიბერე დაეწია პატიოსან მოგზაურს და ტკბილად დაიძინა მამადავითზე. მამადავითი პატარა მთაა შედარებით გიმალაებთან. ძლიერი იყო ჯიშიანი ხარის ღრიალი თერგის ხევებში, გრიგოლ ორბელიანის აბღავლება ჯერ კიდევ აზანზარებს ყურებს... ჩვენ საუკუნეს შერჩება ბახტრიონს დევი, გველისმჭამელი ვაჟა ფშველა, დაუბერებელი მოახლე ლაშარის გორის და დიდხანს დააფეთებს თავისი ბელური აბჯარის ხმაურობით. პოეზიის წვრილფეხა წუკალებს.

ქართველმა ხალხმა არ იცის არც ღრმა სიყვარული, არც ღრმა სიძულვილი. პირველიც და მეორეც მასში თეატრალურია, ეს ინტელექტის სისუსტის ბრალია; უფრო კი ანალიზის უქონლობის.

ამიტომ ჩვენში პრობლემა მეტად იშვიათია საზოგადო, პოლიტიკური და უფრო კი ესთეტიურ სფეროში. რელიგია კი ჩვენ საუკუნეებში არასდროს არ ყოფილა საგნად ღრმა გამოკვლევისა. ფილოსოფიაზე ხომ სულმეტია ლაპარაკი. ყველაზე ძვირფასი და აუცილებელი საკითხი პატარა ერისთვის - ეროვნული თავისუფლების პრინციპები, ჩვენში განვითარდნენ... სხვა პატარა ერების პოლიტიკურ და ნაციონალურ პლატფორმების მიბაძვით... მე ვამბობ, რომ ჩვენში არ იყო მედგარი ეროვნული სტიქია, ამიტომ არ იყო არც ერთი სერიოზული აჯანყება თუ არ მივიღებთ მხედველობაში თეთრხელა თავადების შეთქმულებას, ყოველად უნიადაგოს, უმასსოდ, სუსტს და წუთიერს...

ჩვენში არ არის არც ღრმა სიძულვილი, არც ღრმა სიყვარული, აქედან ანალიტური აზრის უქონლობა. მაშასადამე აშკარაა დებულება, რომ საქართველოში კრიტიკა არ არსებობს, დიდი ადგილი აქვს დათმობილი ხათრს.

ყველა ეს ფუქსავატობა საშინელი თავზარით დაატყდა ქართულ ლიტერატურას, მიიყვანა იგი უკანასკნელ დამბალმდე, და კიდევ ბევრი დროა საჭირო, რომ გაიკურნოს საუკუნის სენი, უდარდელობა და სიყალბე.

ქართველ პოეტისთვის სამაყოდ რჩება ის ფაქტი, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენში არსებობდა რუსთაველის კულტი... მაგრამ ეს კულტიც, სამწუხაროდ მაშინ გადაგვარდა, როდესაც პოეზიას ყველაზე უფრო ეჭრიებოდა პრესტიჟი და სიმაღლე.

სასიხარულოა, რომ ილია ჭავჭავაძე სიკვდილამდის დევის ფეხებზე იდგა, მაგრამ განა პოეზიის სისხლით იყო სავსე ეს ფეხები? ილიას უშველა დიდმა ჭკუამ და გრანდიოზულმა ნებამ.

თითქოს აკაკი უყვარდა უსაზღვროდ ქართველ ხალხს. მისი იუბილე დიონისეს დღესასწაულს ჰგავდა და მისი გასვენება ვიქტორია დედოფალის გასვენებას, მაგრამ მოიგონეთ მისი ცხოვრება... აკაკისავით ვერავინ მოიგებს ქართველ კაცის გულს, მაგრამ ნახეთ რა ფასი აქვს ამ გულის მოგებას.

მაგრამ ყველაზე გულშემზარავი ბედი იყო ვაჟა-ფშაველასი. ვაჟა ფშაველაზე ძლიერი პოეტური სტიქია არ ახსოვს საქართველოს. ვაჟამ პირველმა მისცა იმედი ქართულ სიტყვას. მას ჰქონდა ღმერთების ენა და ჰომეროსის ნოყიერება. მაგრამ არწივად წოდებული საქართველოში დადიოდა როგორც „ჩხიკვი ზაქარა“ თვალმოხეული, ყველის სუნით გაჟღენთილი, დაკონკილ ჩოხით, ფრჩხილებში მწია გამოგლესილი, ნარმის საცვლებში, დასული სოფლის მეწვრილმანის ვაჭრობამდის, მიუღებელი, უგვირგვინო. ის ჭლექით დააკვდა საავადმყოფოს ლოგინს, ისე ვით უბინაო და ქუჩის მათხოვარი.

ვერავინ შეება ქართული სიტყვის უღელს ისე, რომ გადაგვეცილებინა იგი სამშობლოს საზღვრებს, და მიეთრია რომელიმე ევროპის ქალაქის მოედნამდე.

ყველა მისავენეს მეფურ დიდებით ძმათა სასაფლაომდის, დაამშვენეს საფლავები ფერადი ყვავილებით და მუხის ჯვრებით, და ახლა მწარე ბალახა და მოლოქა გადაეფარა მათ საფლავებს. მოხუცი ეკლესიის დარაჯი ჰპატრონობს მათ და მოწყენის დროს მარგლავს დავიწყებულ სალავებს. პარიზში კი თითქმის ყოველ დღე ფრანგი მოქალაქე შევა უწმინდეს პანთეონში და ქუდმოხდილი ამოიოხრებს დიდებულ საფლავების წინ.

გაზ. „ბახტრიონი“, 1922წ. 1 ივლისი, #1

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში