ვაჟა ფშაველა - ფიქრები

ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა - „ზოგი რამ ფიქრებიდან“.

აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცენი და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა ჯურის აზრი, სოციალურია თუ სარწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან - „წერილები მეგობართან“.

აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცენი და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა ჯურის აზრი, სოციალურია თუ სარწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან - „წერილები მეგობართან“.

არა მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმითი, რომ რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს, მიმდინარეობს იმ ჟამით ჟამამდე დაუდგრომლად, მისი შეჩერება, დაგუბება, ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს - „ენა“.

ბუნება გვაძლევს საზომს სიკარგისა და უვარგისობისა და ჩვენ კაცთ ეს არ გვესმის, თუნდაც რომ გვესმოდეს, მაინც ყურადღებით არ ვეპყრობით ამ ბუნების კანონს, მის განაჩენს - „ყოველდღიური ფიქრები“.

ბუნება გვაძლევს საზომს სიკარგისა და უვარგისობისა და ჩვენ კაცთ ეს არ გვესმის, თუნდაც რომ გვესმოდეს, მაინც ყურადღებით არ ეპყრობით ამ ბუნების კანონს, მის განაჩენს - „ყოველდღიური ფიქრები“.

განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიკური პოლიტიკური მდგომარეობა, თავისი სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე - „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“.

გარეშე ბუნებისა და ადამიანთა ცხოვრებისა არ არის პოეზია. ვისაც კარგად ესმის ბუნება და ცხოვრება, თუნდა ლექსებს, დრამებს, რომანებს არ სწერდეს, მაინც პოეტია - „სად არის პოეზია“.

გამომჟღავნება თავის შეცდომისა და ცოდვებისა, იგივე გმირობაა - „დიდ-მარხვა“.

გენიოსს არ შეუძლია იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად, მესამედად, ან მეოთხედად, არამედ ჰგრძნობს მთლად, ერთობლივ: არ შეუძლიან აგრეთვე იგრძნოს დაბალი, მცირე ღირსების საკითხები, რომლებიც დაახლოებულნი არ არიან კაცობრიობის ცხოვრების ღერძთან - „ნიჭიერი მწერალი“.

გენიოსთა ნაწარმოები ეროვნულ ნიადაგზე და ხშირად ეთნოგრაფიულზეა აღმოცენებული, მაშასადამე - კერძო თვისებისა, ზოგადი საკაცობრიო ხდება და ერთნაირად საყვარელია ყველა ადამიანისათვის, რომელ ეროვნებასაც უნდა ეკუთვნოდეს იგი - „ნიჭიერი მწერალი“.

გენიოსი სდუღს, იხარშება ამ წუთისოფლის გაჩაღებულ ქურაში და ამავე დროს ეს წუთისოფელიც სდუღს და ნახევრად მოხარშულიცაა იმის გულში - „ნიჭიერი მწერალი“.

დიაღ, მოგონება საშინელებაა, მომაკვდინებელია, როგორც სიბერე და იგი იწვევს ერის სიბერეს, სხვაფრივ ერის სიბერე და სიკვდილი შეუძლებელია მანამდე, სანამ მზე ანათებს დღით და ღამით მთვარე - „ზოგი რამ ფიქრებიდან“.

დროც... უთავბოლო ზღვაა. თუ კაცობრიობის გრძნობამ, გონებამ, აზრმა არაფერი ჩააგდო შიგ, მის შემწეობით არაფერი აკეთა, ზურგზე არაფერი აჰკიდა, არაფერს მოგვიტანს და უშნო, ულაზათო სანახავიცაა მაშინ - „წერილები მეგობარს“.

ერს დააბერებს მხოლოდ მონება, ისეთი ცხოვრების პირობები, როცა მას საკუთარი ნების, ძალ-ღონის გამოჩენის საშულება მოესპობა - „ზოგი რამ ფიქრებიდან“.

ვისაც ჰსურს გაიგოს, მწერალია, თუ არა, ჯერ თავის სულსა და გულს დააცქერდეს: აქვს მართლა სული და გული?.. არ უდევს ყველას სული და გული, თუმცა ყველა ცოცხალის ადამიანი ჰსუნთქავს და ფეხზე დაიარება. მწერლობის გარეშე მცხოვრებელი კაცი უსულგულობით განამღაც იოლად გამოვა, შეიძლება დიდ ბედნიერებათაც ჰრაცხავს თავის თავს, მაგრამ ვაი თქვენს მტერს, თუ ეს უბედურება მწერალს დაადტყდა თავზე და მაინც კიდევ მწერლობას არ იშლის! აბა მაშინ დატრიალდება უკუღმა ჯარა, აბა მაშინ „დაავადდებიან ყურნი მსმენელთა“ – „ფიქრები“.

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტიცაა. ის, როგორცყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტიცაა - „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“.

თავისუფლება ცოცხლებისთვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისათვის. იგი გამოიხატება ადამიანის ნდობა-მისწრაფებაში: თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულიერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა. უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი - „რა არის თავისუფლება“.

კაცს რომ ფიქრი არ ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. სამართლით რომ ვსთქვათ, ენა უფრო ცოდვიანია ფიქრზე: ფიქრს რა ცოდვა აქვს, მანამ საქმედ არ გადაიქცევა? არაფერი. შემწყვდეული ერთს ძვლის კოლოფში, ფიქრი ფიქრობს თავისთვის, ჩუმად. კაცის ფიქრი, რასაკვირველია, კოწიწობს, რაღაც კოშკებს აშენებს, მემრე ისევ არღვევს, მაგრამ არც ასაშენებელი მასალის ჩქამი-ჩქუმი ისმინა შესვენების დროს და არც დარღვევის ჩხრიალ-გრიალი - „ფიქრიანი“.

კერძო კაცი და საზოგადოება ერთხელ რა მსჯელობას დაჩვეულა იმას მისდევს, თუნდა უხეირო, უვარგისი იყოს ეს მსჯელობა; მისდევს იქამდის, ვიდრე სხვაგვარს მსჯელობას არ შეეჩვევა... – „წერილები მეგობართან“.

მაშ რისთვის მომაბა ღმერთმა ტანზე თავი, თუ კი არაფერს ვიფიქრებ? რისთვის ჩამიდო ღმერთმა ენა პირში, თუკი არაფერს ვიტყვი ქვეყნის უმადურობაზედ, ჩემს თავსა, ჩემს ნაცნობებსა და ჩემს ბედ-იღბალზედ? - „გაბრიელის დღიური“.

მწერალს, უპირველესად ყოვლისა, საკუთარი „ენა“ უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეთესად რომ ვთქვათ, - მწერლის სულია; ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი „მე“ - „ნიჭიერი მწერალი“.

პოეზიას, საზოგადოდ, და უფრო კი, ხალხურს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს: გამოხატვა დასურათება თანამედროვე ცხოვრებისა, - აწმყოს ჭირ-ვარამისა და ლხინ-გახარებისა - „ძველი და ახალი ფშაველების პოეზია“.

რეგვენი, უმეცარი ადამიანი მსაჯულობაში მუდამ თამამია, გაბედული - „ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა“.

როგორც ჯარს ღონეს აძლევს ის გარემოება, როცა თითოეულს მეომარს ესმის რისთვისაც იბრძვის, როცა თითოეული ჯარისკაცი შეგნებულია, თავაზიანი, ისე ცხოვრება ერისა უკეთესად წავა მაშინ, როცა ბრმად კი არ მისდევს მოწინავე წოდებას ერი, არამედ ესმის რისთვისაც მისდევს და სადაც მიდის, რისთვისაც ჰხარჯავს ძალღონესა და ხშირად სიხლსაცა ჰღვრის. ყოჩაღის, შეგნებულსი ჯარისკაცისაგან შემდგარის მხედრობისათვის მაგრერიგად საჭირო არც კია ბელადი; ყველა იმათგანი ბელადია; მოკლულის ადგილას სხვა დგება ბელადად. ამისთანა მხედრობა ან გაწყდება და ან გაიმარჯვებს - „წერილები მეგობართან“.

საქმე თავის ქვეყნის რგებაა; თუ თავის ქვეყანას არგებ, მაშინ კაცობრიობისთვისაც სასარგებლო იქნები, თუ არა და, სულ ტყუილია, ვინც კაცობრიობის ერთგულია, ის მუდამ ერთგულია თავის ქვეყნისა, - იგი მუდამ სცდილობს თავის ქვეყანაც იმ განათლების ზომაზე დააყენოს, რა ზომაზედაც სხვა განათლებული ქვეყნებია, რომ სხვებთან იმის ქვეყანასაც შეეძლოს ისარგებლოს იმ მადლითა, რასაც ბუნება აძლევს - „წერილები მეგობართან“.

საცაა სწავლა, ქალაქიც იქ არის, თვით უდაბნოც სწავლის ძალით უნივერსიტეტად გარდაიქმნება - „ფიქრები.

სიბერე ერთ ბისტად არა ღირს. უშნო, ულაზათო, სრულებით არ უხდება სიცოცხლეს - „ზოგი რამ ფიქრებიდან“.

სიბერე განა მარტო ფიზიკური უძლურებაა?.. არა, იგი ამავე დროს ზნეობრივი დაბეჩავებაც არი.

სიბრიყვესთან ახლო ნათესაობა აქვს ერის სხვა მოვლენას, საზოგადოებრივს, რასაკვირველია, რომელსაც წოდებრივი სიჯიუტე ჰქვიან: როგორც პირველია მტერი წინსვლისა, ცხოვრების გაუკეთესებისა, ისე ეს მეორე. ორივეს ჭირივით ეჯავრება პროგრესი და სიმართლე - „წერილები მეგობართან“.

სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა - „ხოლერამ მიშველა“.

სწავლითა და შთაგონებით საზოგადოებაც ისე ვითარდება, როგორც თითეული ჩვენთაგანი გაზრდასთან ერთად ვითარდება გონებით. საზოგადოებაც ისევე იზრდება, როგორც ცალკე ადამიანი; როგორც ბავშვი გაზრდასთან ერთად იძენს მეტ გამოცდილებას, მეტ ცოდნას, აგრეთვე საზოგადოება. საზოგადოება იმავე კანონს ემორჩილება, რასაც ცალკე ადამიანი, საზოგადოებაც შეიძლება გადააჩვიოს კაცმა ერთხელ დაჩემებულ აზროვნებულს ჩვეულებას და სხვას მიაჩვიოს, აღზარდოს, სხვა აზრი, სხვა ფიქრი ჩაუნერგოს, სხვა გონების ჩვეულება გაუჩინოს - „წერილები მეგობარს“.

უცოდინრობა დიდი ცოდვაა, მიუტევებელი ცოდვა - „თიანეთური ფელეტონი“.

ჩვენში ძალიან სათაკილოდ და ვითომ ნიჭის დამამცირებლად მიაჩნიათ მწერალზე სხვის გავლენა, მე კი ეს წესიერ, საღ, ნორმალურ და აუციელებელ მოვლენად მიცნია იმ კანონის ძალით, რომელსაც ჰქვიან კანონი თანდათანობისა - „pro domo sua”.

ხშირად გრძნობა სტირის და ამავე დროს აზრი იცინის და გრძნობა - კი მუდამ აზრის ტირილზე თითონაც ატირდება ხოლმე. ხშირად გრძნობას სწყინს აზრის ნააზრევი, მაგრამ რა იქნება, აზრი თავისას არ დაიშლის - „წერილები მეგობარს“.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში